globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 7th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Welt» (გერმანია): 1918 წელს კავკასიაში შეიძლება გერმანიასა და თურქეთს შორის ომი დაწყებულიყო

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): მსოფლიო ჩემპიონატი არაღიარებული ქვეყნებისათვის // საფეხბურთო ტურნირში აფხაზეთმა გაიმარჯვა

———————–

«Die Welt» (გერმანია), 06 ივნისი, 2016 წელი

http://www.welt.de/geschichte/article155939737/1918-drohte-ein-deutsch-tuerkischer-Krieg-im-Kaukasus.html

1918 წელს კავკასიაში შეიძლება გერმანიასა და თურქეთს შორის ომი დაწყებულიყო

სტატიაში, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) მიერ თურქეთში (ოსმალეთის იმპერიაში) 1915 წელს მომხდარი სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარების ფონზე გამოქვეყნდა, გადმოცემულია ასი წლის წინათ, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობის დროს განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენები, კერძოდ,  გაანალიზებულია გერმანიისა და თურქეთის მოკავშირეობა ანტანტის წინააღმდეგ, გერმანიისა და თურქეთის პოლიტიკა კავკასიის რეგიონში. პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ბერლინ-კონსტანტინეპოლის სამხედრო ღერძის მყიფე ხასიათზე – მართალია, თურქეთი და გერმანია მოკავშირეები  იყვნენ, მაგრამ მათ შორის გარკვეული უთანხმოება და დაპირისპირებაც არსებობდა, კერძოდ, იგივე კავკასიის რეგიონში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური პროცესების გამო (ავტორი – ბერტოლდ ზეევალდი).

მას შემდეგ, რაც გერმანიის ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარი სომხების გენოციდის ფაქტი ოფიციალურად აღიარა, თურქეთის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიების სათაურებში ისტორიული რემინესცენციები გამოიკვეთა: „ჩვენმა სამხედრო მოძმემ და მხარდამჭერმა ზურგში მახვილი ჩაგვცა“, – ნათქვამია თურქეთის სამთავრობო წრეებთან ახლოს მდგომ გაზეთ „საბაჰ“-ში დაბეჭდილ მასალაში, რომლის თანახმად, ორი ქვეყნის საერთო ბედი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებში გამოიჭედა, თავის დასასრულს უახლოვდება.

მართლაც ასე მტკიცედ იყვნენ ერთმანეთთან შეკრულნი გერმანიისა და ოსმალეთის იმპერიები ერთმანეთთან 1914-1918 წლებში? რასაკვირველია, მრავალი ფაქტი მოწმობს, რომ მათ შორის დაახლოება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა გერმანია შეეცადა ოსმალეთზე ჯერ ინგლისისა და საფრანგეთის გავლენა შეესუსტებინა, შემდეგ კი რუსეთის ექსპანსია ბალკანეთში. 1890-იან წლებში ოსმალეთის არმიაში ბევრი გერმანელი სამხედრო სპეციალისტი მსახურობდა იქაური არმიის გაწრთვნის მიზნით. გერმანული კაპიტალი საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი ოსმალეთის ეკონომიკაში, მაგალითად, რკინიგზების მშენებლობაში. მე-20 საუკუნეში გერმანიისა და ოსმალეთის კიდევ უფრო დაახლოება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განვითარებულმა სამხედრო -პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა. უკვე გამოიკვეთა სახელმწიფოების ორი ღერძი – ანტანტა (რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და ოთხთა კავშირი (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი, ბულგარეთი).

რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, სახკომსაბჭოს ვლადიმირ ულიანოვის ცნობილი დეკრეტის საფუძველზე ( „მშვიდობის შესახებ“) რუსეთსა და ოთხთა კავშირის სახელმწიფოებს შორის, 1918 წლის მარტში, ბრესტ-ლიტოვსკში სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, რომლის თანახმად, გერმანიის ჯარები უკრაინასა და ყირიმში შევიდნენ, ხოლო ოსმალეთის ჯარებმა კავკასიისაკენ წინსვლა დაიწყეს.

კავკასიაში იმ დროს, ანუ რუსეთის იმპერატორის ტახტიდან გადადგომის შემდეგ ქრისტიანულმა ქვეყნებმა – საქართველომ და სომხეთმა თავი დემოკრატიულ რესპუბლიკებად გამოაცხადეს. იმავდროულად საქართველოს სამხრეთით, ხანმოკლე დროის მანძილზე, კიდევ ერთი „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ გაჩნდა – „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკა“ („ყარსის რესპუბლიკა“), რომელიც ძირითადად მუსულმანებით იყო დასახლებული. ამ რესპუბლიკებს, ერთი მხრივ, იაჩნდათ, რომ მტრების ალყაში იყვნენ მოქცეულნი, მეორე მხრივ, მათ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩებოდნენ რუსეთის ჯარების (კავკასიის ფრონტის) ნარჩენები. კავკასია ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებდა წითელ და თეთრ რუსეთს შორის.

ასეთ სიტუაციაში საქართველომ გერმანიის იმპერიასთან სამოკავშირეო შეთანხმება გააფორმა, რომლის საფუძველზე ყირიმში განლაგებული ბავარიული და პრუსიული სამხედრო ნაწილები გემებით კავკასიაში იქნენ გადმოსროლილნი და უკვე აგვისტოს ბოლოსათვის საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურებში გამოჩნდნენ. გერმანიის ჯარებმა გავლენიან გენერალ ერიხ ლიუდენდორფისაგან საიდუმლო გეგმა მიიღეს, რომლის თანახმად, მათ, საქართველოს გავლით, კასპიის ნავთობის საბადოები უნდა გაეკონტროლებინათ და სპარსეთსა და ინდოეთზე შეტევისათვის უნდა მომზადებულიყვნენ. კავკასიაში თურქეთსაც თავისი ინტერესები ჰქონდა: ოსმალეთის არმია ცდილობდა ბაქოდან ბრიტანელები გაეძევებინა და რუსეთის კასპიის ნავთობი მიესაკუთრებინა.

გერმანული სამხედრო ექსპედიციის ანგარიშების თანახმად, გერმანელებმა უარყოფითად შეაფასეს თავიანთი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირის – ოსმალეთის მოქმედება სომხებისა და სხვა ქრისტიანი ხალხების მიმართ. 1915 წლისაგან განსხვავებით, 1918 წელს გერმანიასა და თურქეთს შორის დაპირისპირებამ იმძლავრა. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ორივეს სურდა ბაქოს ხელში ჩაგდება. ბერლინი იმედოვნებდა, რომ რუსული სამხედრო ნაწილების მეშვეობით არ დაუშვებდა თურქების გადაადგილებას ბაქოსაკენ, შემდეგ კი, იმავე რუსების დახმარებით, ბრიტანელებს კავკასიიდან გააძევებდა. უფრო მეტიც – საქართველოს სასაზღვრო რაიონებში გერმანელი ჯარისკაცები ქართველებთან ერთად უწევდნენ წინააღმდეგობას „თურქი ძმების“ წინსვლას ქვეყნის სიღრმეში.

გერმანიისა და თურქეთის ჯარებს შორის მასშტაბური შეტაკება არ მომხდარა მხოლოდ ერთი მიზეზითს გამო: 1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიაში ჰოჰენცოლერთა დინასტია დაემხო, პირველი მსოფლიო ომი თავის დასასრულს მიუახლოვდა, ოთხთა კავშირი დამარცხდა. ასე აღმოჩნდნენ თურქეთი და გერმანია ისევ ერთ ბედქვეშ – დამარცხებულთა რანგში. არადა, საქმე რომ ასე არ შემობრუნებულიყო, ორივე მზად იყვნენ ერთმანეთისათვის ზურგში მახვილის ჩასაცემად, – ნათქვამია გაზეთ „ველტ“-ში დაბეჭდილ სტატიაში.

————

წარწერა 1918 წლის ფოტოსურათზე: „თავისი ქართველი მოკავშირეების დასაცავად გერმანელი ჯარიკაცები თურქ აჯანყებულებსაც ებრძოდნენ“.

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 07 ივნისი, 2016 წელი

http://www.economist.com/news/europe/21700177-football-championship-unrecognised-regions-and-stateless-peoples-won-abkhazia-world

მსოფლიო ჩემპიონატი არაღიარებული ქვეყნებისათვის

საფეხბურთო ტურნირში აფხაზეთმა გაიმარჯვა

(მოკლე შინაარსი)

ბევრ ფეხბურთის გულშემატკივარს შეუძლია იოლად გაიხსენოს, თუ რომელმა სამხრეთამერიკულმა გუნდმა, ბრაზილიის გარდა, წარსულში რამდენჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მაგრამ განა ვინმე გაიხსენებს მომავალში კავკასიელი სეპარატისტების – აფხაზ ფეხბურთელთა გუნდისა და ჩაგოსელ დევნილების შთამომავალთა გუნდის შეხვედრას? ანდა ლაპლანდიელი და სომალილენდელი სპორტსმენების საფეხბურთო მატჩს სოხუმში?

გასულ კვირას სწორედ ასეთი ტურნირი – „მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი“ ჩატარდა აფხაზეთში, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, რომელშიც ფიფა-საგან არაღიარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისა და მცირე ხალხების ნკარები გუნდები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო «CONIFA», ანუ არაღიარებული ხალხების „დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციების კონფედერაცია“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მოკლედაა გადმოცემული «CONIFA»-სშექმნის ისტორია, ჩამოთვლილია ამ ორგანიზაციის წევრები. აღნიშნულია, რომ ფიფასაგან არაღიარების მიუხედავად, «CONIFA» უკვე მსოფლიოს მეორე ჩემპიონატის ჩატარება შეძლო – პირველი შვედეთში, მეორე აფხაზეთში. ტურნირში ძირითადად მოყვარული ფეხბურთელები (რამდენიმე პროფესიონალის ჩათვლით მონაწილეობდნენ ნაკლებად ცნობილი მხარეებიდან (მაგალითად, რუმინული სეკეიდან, სადაც უნგრელები ცხოვრობენ), ანდა დიასპორებიდან (სომხური დიასპორის გუნდი).

საერთაშორისო თანამეგობრიობისაგან იზოოლაციაში მოქცეული სეპარატისტული აფხაზეთი, რომელიც საქართველოს 1990-იანი წლების დასაწყისში გამოეყო და რომელსაც 2008 წელს რუსეთმა მხარი ღიად დაუჭირა, დღეს ყველანაირ საერთაშორისო აღიარებაზე ოცნებობს. ზოგიერთებს იმედი აქვთ, რომ ფიფა, პალესტინისა და კოსოვოს მსგავსად, აფხაზეთსაც მიიღებს თავის შემადგენლობაში. იმ ფაქტმა, რომ კვირას, 5 ივნისს სოხუმში გამართულ ფინალურ მატჩში აფხაზეთის ნაკრებმა პენჯაბელთა ნაკრებს (პენჯაბი ინდოეთ-პაკისტანს შორისაა გაყოფილი) სძლია, შეიძლება აფხაზ ფეხბურთელებს ოცნების განხორციელებისადმი რწმენა განუმტკიცოს.

იყო თუ არა «CONIFA»-ს არჩევანი აფხაზეთში საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება? საქართველო ყოველთვის მწვავე რეაგირებას ახდენს სეპარატისტული რეგიონის [„სუვერენული“] სტატუსის დაკანონების მცდელობაზე. «CONIFA»-ს პრეზიდენტმა ანდრეს ბლინდმა განაცხადა, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ევროპის სახელმწიფოებს თხოვნით მიმართეს, რომ საკუთარი მოქალაქეებისათვის აფხაზეთში რუსეთის გავლით ჩასვლის სურვილი გადაეთქმევინებინათ. დღეს საქართველო აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. გუნდები აფხაზეთში მაინც რუსეთის ტერიტორიის გავლით ჩავიდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ თუ ისინი საქართველოს გავლით ჩასვლას დააპირებდნენ, ქართული ხელისუფლება მათ დააკავებდა და სოხუმში შესვლის უფლებას არ მისცემდა.

გუნდებს ტურნირში მონაწილეობისას პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდათ: მაგალითად, ჩაგოსელებმა ჩემპიონატი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ პროტესის გამოხატვის პლატფორმად გამოიყენეს, 1960-იან წლებში მათი ნათესავების გაძევების გამო ატოლ დიეგო-გარსიადან; რაც შეეხება სომალილენდელებს (სომალის სეპარატისტული რეგიონის ფეხბურთელებს), მათ ჰქონდათ იმის შანსი, რომ განეცხადებინათ – დროა შეიცვალოს სტერეოტიპები  მათ ისტორიულ სამშობლოზე, რომლის მოსახლეობის ბედს, ომის გამო,  ყურადღებას არავინ აქცევს.

Comments are closed