globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 7th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» აზერბაიჯანი): პროვოკაციული სცენარი // აფგან მუხთარლის საქმე როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაჩაღების საბაბი

«Day» (აზერბაიჯანი): „დამნაშავე ჩინოვნიკები უნდა დაისაჯნონ. აზერბაიჯანმა პატიება უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას“ // შიში, სიცრუე და სიძულვილი, ანუ როგორ იქცა ცნობილი მწერალი ჩინგიზ ჰუსეინოვი ოპოზიციის მხარდამჭერად

«Armenia» (სომხეთი): ბაქომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დააყენა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებამ ქართული ოპოზიცია გამოაცოცხლა // აფგან მუხთარლის საქმემ შეიძლება თბილისში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): „ქართველმა ჟურნალისტებმა კოლეგისადმი მხარდაჭერის მიზნით თავზე ტომრები ჩამოიცვეს“

—————–

«Каспiй» აზერბაიჯანი), 07 ივნისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=61958#.WTcEvoq1vs0

პროვოკაციული სცენარი

აფგან მუხთარლის საქმე როგორც ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაჩაღების საბაბი

„საქართველოში მორიგი „ვარდების რევოლუცია-2“ მზადდება, რომლის მიზეზი კორუფცია კი არ იქნება, როგორც 2003 წელს, არამედ ახალი ერთაშორისი კონფლიქტი. ეს მეთოდი კარგადაა აპრობირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამჯერად უკვე კონფლიქტი ჩაფიქრებულია ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ის, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა ქვემო ქართლში და აჭარაში, მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით, მომავალი კონფლიქტის უვერტიურად უნდა ჩაითვალოს“, – აღნიშნულია სტატიის დასაწყისში (ავტორი – არნო ხიდირბეგაშვილი, „საქინფორმის“ მთ.რედაქტორი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია თვალსაზრისი საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, კერძოდ, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის აფგან მუხთარლის პიროვნებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ავტორმა სტატია სპეციალურად გაზეთ «Каспiй»-სთვის დაწერა და მომხდარ ფაქტებზე პირად თვალსაზრისს გამოხატავს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, აფგან მუხთარლი არანაირი ჟურნალისტი არ არის, იგი სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი ქალის ჰადიჯა ისმაილოვას პირადი მცველის მოვალეობას ასრულებდა. აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა კი ყოფილი ჟურნალისტია, აზერბაიჯანული პარტია „მუსავატის“ პრეს-ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც ერთ დროს საქართველოში ცხოვრებისა და სწავლის უფლება მიიღო როგორც „ჯიპას“ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა, რომლის რექტორი იმ დროს გიორგი მარგველაშვილი იყო, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი. სწორედ იქ გაიცნეს მომავალმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთი…

ავტორი, პრინციპში, ეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიებს მომხდარი ფაქტის თაობაზე და კრიტიკულად აფასებს ლეილა მუსტაფაევას განცხადებას, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე „შოუს მოწყობად“ მიიჩნია!

„საქართველომ, თუ ის მართლაც აზერბაიჯანის მეგობარი და მოძმე ქვეყანაა, არ უნდა დაუშვას თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი დივერსანტების მოქმედება ოფიციალური ბაქოს წინააღმდეგ. საქართველოს მართლაც უნდა დაეპატიმრებინა აფგან მუხთარლი და მისი ბანდა, რომლის წევრებსაც თავი თბილისში აქვთ შეფარებული. უფრო ზუსტად, უნდა დაეპატიმრებინა იმ დღესვე, როცა მათ პირველად დადგეს ფეხი ქართულ მიწაზე, ხელებზე ხუნდები უნდა დაედო აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის გადაეცა. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანი სწორედ ასე მოიქცეოდა, მის ტერიტორიაზე რომ ბინა დაედო უკრაინაში კარგად ცნობილ ნაციონალ-რევოლუციონერების ჯგუფს, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით და საერთოდ, საქართველოს ყველა ჯურის მტერს. აზერბაიჯანი ერთი დღითაც კი არ დაუშვებდა თავის მიწაზე იმ ადამიანების საქმიანობას, რომელთა მიზანი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ძირის გამოთხრა იქნებოდა.

სამწუხაროდ, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღიად მართავენ სხვადასხვა დასავლური არასამთავრობო „ენჯეოები“ და ინსტიტუტები, ხელისუფლებას კი პროპაგანდისტული ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს საქმიანობის აღკვეთაც კი არ შეუძლია – იმ ტელეარხისა, რომელიც მრავალი დანაშაულის ჩამდენ მიხეილ საკაშვილს ეკუთვნის და რომლის მეშვეობითაც 2003 წელს „ვარდების რევოლუცია მოხდა. „რუსთავი-2“-ს მიუძღვის ბრალი საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაში, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის უსაფუძვლო კრიტიკაში… (…)

დღეს ყოველ ჭეშმარიტ ქართველს უნდა რცხვენოდეს საკუთარ სამშობლოში მიმდინარე აქციებისა „ჟურნალისტ“ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით: სწორედ ახლახან აზერბაიჯანმა – ჩვენმა მოძმე ქვეყანამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ლტოლვილების დაბრუნების შესახებ, ცოტა ხნის წინათ კი აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა [საქართველოსადმი სოლიდარობის ნიშნად] უარი განაცხადეს იმ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რომელშიც აფხაზები და ცხინვალელი ოსები იყვნენ მიწვეულნი“, – აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

«Day» (აზერბაიჯანი), 06 ივნისი, 2017 წელი

http://news.day.az/politics/903423.html

„დამნაშავე ჩინოვნიკები უნდა დაისაჯნონ. აზერბაიჯანმა პატიება უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას“ // შიში, სიცრუე და სიძულვილი, ანუ როგორ იქცა ცნობილი მწერალი ჩინგიზ ჰუსეინოვი ოპოზიციის მხარდამჭერად

სტატიაში მკაცრადაა გაკრიტიკებული ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი, 88 წლის ჩინგიზ ჰუსეინოვი, რომელმაც გაბედა და ნეგატიურად შეაფასა ილჰამ ალიევის მთავრობის მიერ ოპოზიციონერ აფგან მუხთარლის დაკავება. თვით მწერალი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს (ავტორი – ორხან ჰუნი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ახალგაზრდა კაცს, ნებით თუ უნებლიედ, ზოგჯერ შეცდომები მოსდის, სისულელეებს სჩადის. მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ასაკით და გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანიc, ნაცნობებისა და უცნობებისათვის მოულოდნელად ისე აბსურდულად მოქმედებს, პირდაპირ გაგიკვირდება. თანაც გააფთრებულად ცდილობს დაიცვას სულელები, უცოდინრები, უსაქმურები და რაც უფრო უარესია, ისინი, ვინც რეალობას ქუჩური წესით აღიქვამს.

ჩვენი თანამემამულე ჩინგიზ ჰუსეინოვი ცნობილი მწერალი, კულტუროლოგი, ლიტერატურმცოდნე, მთარგმნელი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ის, რასაც იგი ამ ბოლო დღეებში აზერბაიჯანის ხელისუფლების შესახებ აცხადებს და ავრცელებს, სრულიად ალოგიკური და ანტიბუნებრივია.

საქართველოში ფსევდოოპოზიციონერ აფგან მუხთარლის დაკავებამ და მისმა გადაცემამ აზერბაიჯანისადმი ისე გაანაწყენა ჩინგიზ ჰუსეინოვი, რომ იგი თავის განცხადებებს მხოლოდ ახლობლების განცხადებებზე, ფეისბუქში გადმოცემულ ამბებზე და საერთოდ, ერთი „ბანაკის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინგიზ ჰუსეინოვის ვერსიით, აფგან მუხთარლის დაკავება „აბსოლუტური უკანონობაა“. ისე გამოდის, რომ ეს ასაკოვანი, მრავალპატივცემული ადამიანი დღე და ღამე სულ დემოკრატიაზე ფიქრობს. მისი მტკიცებით, ამ ყველაფერში დამნასავე აზერბაიჯანის ხელისუფლებაა, მთავრობამ უნდა აღიაროს საზარელი დანაშაულის ჩადენა, ხოლო ჩინოვნიკები ხალხის წინაშე მონანიებით უნდა გამოვიდნენ. ეს კიდევ არაფერი – ჩინგიზ ჰუსეინოვის აზრით, სახელმწიფომ აფგან მუხთარლის მორალური ზიანის მიყენების გამო, კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს (ალბათ, „სულიერი ჭრილობების მოსაშუშებლად“).

„აფგან მუხთარლი ოჯახს უნდა დაუბრუნდეს. დამნაშავე ჩინოვნიკები უნდა დაისაჯნონ. აზერბაიჯანმა პატიება უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას“, – აი, ასე წერს ჩინგიზ ჰუსეინოვი. ეჰ, რას ვიზამთ… სცდება პატივცემული, ხანდაზმული მწერალი. მან ყველაფერი არ იცის აფგან მუხთარლის შესახებ… (…) იგი საკუთარ თავსაც ზიანს აყენებს – ეჭვქვეშ დგება პატივცემული მწერლის მორალური პოსტულატები…

განა არ იცის ჩინგიზ ჰუსეინოვმა, რომ ვინ არიან თბილისში თავშეფარებულები? იქ მოქმედებს ანტიაზერბაიჯანული რადიკალური იატაკქვეშეთი, რომელიც დეკლასირებული ელემენტებისაგან, მარგინალებისაგან შედგება, რომლებიც „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაზე ოცნებობენ აზერბაიჯანშიც…

როგორი უნდა იყოს მწერალ ჩინგიზ ჰუსეინოვის მორალური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც გონდაკარგულ ადამიანებს იცავს? იგი აღშფოთებული პათოსით ითხოვს იმ ადამიანის გამართლებას, რომელიც ჟურნალისტი კი არ არის, არამედ რადიკალურ, ანტიაზერბაიჯანულად განწყობილი იატაკქვეშეთის სალაროდან ფულის ჩვეულებრივი გადამტანი, ბაქოში დარჩენილი პოლიტიკური გვამებისათვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის ხალხმა, საზოგადოებამ გარიყა. ისინი ძმათამკვლელ ომზე, გადატრიალებებზე და ქაოსზე ოცნებობენ.

აზერბაიჯანელმა ხალხმა, ჩინგიზ ჰუსეინოვისაგან განსხვავებით, მშვენივრად იცის, ვინ არიან ისინი, რომლებიც საკუთარ ქვეყანას „ნათელ რევოლუციურ მომავალს“ უმზადებენ. ისინი  უცხოურ ფულზე არიან დახარბებულნი, ისინი თოჯინები არიან ცრუ-დემოკრატების ხელში…

«Armenia» (სომხეთი), 07 ივნისი, 2017 წელი

http://armedia.am/arm/news/48670/baqun-harvatsi-tak-e-drel-vrastani-mijazgayin-hexinakutyuny.html

ბაქომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დააყენა

„საქართველო საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისა და მისი ბაქოსადმი გადაცემის საქმემ საერთაშორისო შეფერილობა მიიღო“, – ნათქვამია სომხური ანალიტიკური გამოცემის «Armenia»-ს მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში (ავტორი – ნარეკ მინასიანი).

„მართალია, აფგან მუხთარლის დაკავება-გატაცების თაობაზე ერთობ წინააღმდეგობრივი ინფორმაციები არსებობს, ეს საქმე მაინც განსაკუთრებულად უნდა ჩაითვალოს რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი – აშკარაა, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა რეგიონულ დონეზე გადავიდა. ჩნდება ლოგიკური კითხვა: პირველი შემთხვევაა თუ არა მსგავსი გატაცება? არაა გამორიცხული, რომ ადრეც ხდებოდა იმ ადამიანების დაკავება-გატაცებები, რომლებითაც ბაქო იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს ყველაფერი ჩუმად კეთდებოდა. მეორე – ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა, რის გამოც თბილისი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, თუ დამტკიცდება, საქართველოს ხელისუფლების ორგანოები მართაც მონაწილეობდნენ აფგან მუხთარლის გატაცებაში და აზერბაიჯანისადმი გადაცემაში, მაშინ ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დემოკრატიულ იმიჯს ურტყამს. ასეთი სცენარის შემთხვევაში გამოდის, რომ თბილისმა ისეთი „დახმარება გაუწია“ აზერბაიჯანს, რომლის შედეგად ილჰამ ალიევის რეჟიმისაგან დევნილ ჟურნალისტს ძალიან ცუდი ბედი ელოდება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად ითვლება და მისი დადასტურებით საქართველო რეგიონში „დემოკრატიის კუნძულის“ იმიჯს კარგავს.

თუ დამტკიცდება, რომ ქართული სახელმწიფო ორგანოები აფგან მუხთარლის საქმეში არ მონაწილეობდნენ, ეს მაინც არაა „შემამსუბუქეველი ფაქტორი“, რადგან ამ შემთხვევაში ჩრდილი ადგება უკვე საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს: გამოდის, რომ რომელიღაც მესამე ქვეყანა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე სპეცოპერაციას ატარებს და საქმის კურსში არ აყენებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას! გახდება კი საქართველო ტურისტული ცენტრი, როცა მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ადამიანებს იტაცებენ?

ბუნებრივია, ეს ყველაფერი არანაირად არაა სასიამოვნო არც ქართულ სამართალდამცველ ორგანოებისთვის და არც ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრული ურთიერთობისათვის.

უკვე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აფგან მუხთარლის საქმემ საქართველო უკვე დააზარალა, რაზედაც მეტრველებს როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოხატული შეშფოთება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რადგანაც ჟურნალისტის საქმე გრძელდება, უნდა ველოდოთ, რომ გამოძიების შედეგები კიდევ ერთი დარტყმა იქნება, საქართველოს იმიჯისა და რეპუტაციის წინააღმდეგ მიმართული.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 07 ივნისი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3319151

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებამ ქართული ოპოზიცია გამოაცოცხლა

აფგან მუხთარლის საქმემ შეიძლება თბილისში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ოპოზიციაში იმყოფება, ქვეყნის ხელისუფლებას ხისტი ულტიმატუმი წაუყენა: ან ძალოვანი ბლოკის მინისტრები გადადგებიან, ან მთელი მთავრობა. ამ მოთხოვნების მიზეზი გახდა თბილისში მომხდარი ამბავი – აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და პოლიტემიგრანტის გატაცება და მისი ბაქოში გადაყვანა. საზოგადოების ნაწილი ეჭვობს, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული სპეცსამსახურები. ოპოზიციის აზრით, ისინი ერთად მოქმედებდნენ. ეს ულტიმატუმი „ნაციონალების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რუსუამ გააჟღერა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – გიორგი დვალი, კირილ კრივოშეევი და რუსლან სულეიმანოვი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბოლო დღეების საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მოვლენასთან – ბაქოელი ოპოზიციონერის თბილისში დაკავებასთან დაკავშირებული ფაქტები, განცხადებები, თვალსაზრისები, კომენტარები როგორც ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების (პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის), ასევე ოპოზიციის მხრიდან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, „მომხდარ ინციდენტში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა გამორიცხულიაო“, მაგრამ ოპოზიციას მისი არ სჯერა: ნიკა რურუა ხელისუფლება გააფრთხილა: თუ პრემიერი თანამდებობებიდან შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს არ გადააყენებს, მაშინ „ნაციონალები“ მოსახლეობასთან ერთად მთავრობის მთელ შემადგენლობას გადადგომას აიძულებსო. „ყოველივე ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალები“ მასობრივი პროტესტის გამომხატველ აქციას ამზადებენ“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ანალიტიკოსი დავით ავალიშვილი.

„ოპოზიციას ყველა საფუძველი აქვს მთავრობას პასუხი მოსთხოვოს“, განუცხადა „კომერსანტს“ აფგან მუხთარლის ნაცნობმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰადიჯა ისმაილოვამ. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის: „აფგან მუხთარლის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე გიუზელ ბაირმალი, ვითომდა 12 ათასი დოლარისათვის. აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიზანია შექმნან იმის ილუზია, რომ თითქოსდა ოპოზიცია საზღვარგარეთიდან ფინანსდება“, – განაცხადა ჰაჯიდა ისმაილოვამ.

ქართულ ოპოზიციას ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედიც აქვს: აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მომხდარი ფაქტის კომენტირებისას არა მარტო „შეშფოთება“ გამოხატა, არამედ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ გამოძიების პროცესსაც აკვირდება. აფგან მუხთარლისადმი სოლიდარობას იჩენს საქართველოს ჟურნალისტური საზოგადოებაც, რომელმაც არაერთი საპროტესტო აქცია მოაწყო კოლეგის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია სტატიაში.

———-

ერთ-ერთ ასეთი საპროტესტო აქციის შესახებაა საუბარი დღეს, 7 ივნისს, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში სათაურით „ქართველმა ჟურნალისტებმა კოლეგისადმი მხარდაჭერის მიზნით თავზე ტომრები ჩამოიცვეს“, რომელშიც გადმოცემულია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ფაქტი: ჟურნალისტებმა მდუმარე პროტესტი გამოხატეს – თავზე შავი პაკეტები ჩამოიცვეს ხელში პლაკატებით „გაათავისუფლეთ აფგან მუხთარლი!“, „ეს არ შეგრჩებათ“.

წყარო: http://www.bbc.com/russian/media-40181183

Comments are closed