«The Wall Street Journal» (აშშ): ჩერნოგორიის მიღება – დილემა ნატოსათვის: ალიანსი ცდილობს რუსეთი არც გაანაწყენოს და არც ვეტოს უფლება არ მისცეს // ჩერნოგორიისა და საქართველოს ნატოში მიღების ურთიერთკავშირი
«Tadoy’s Zaman» (თურქეთი): პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები: დემოკრატია თუ ოლიგარქია? // თურქეთი საქართველოს მხარს უჭერს, საქართველო კი აჭარის ავტონომიის გაუქმებას ცდილობს
«Lragir» (სომხეთი): რატომ „დაბლოკეს“ ქართველებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი?
————————
«The Wall Street Journal» (აშშ), 7 ივლისი, 2015 წელი
http://www.wsj.com/articles/nato-faces-dilemma-as-it-weighs-montenegros-bid-to-join-1436202037
ჩერნოგორიის მიღება – დილემა ნატოსათვის: ალიანსი ცდილობს რუსეთი არც გაანაწყენოს და არც ვეტოს უფლება არ მისცეს
ჩერნოგორიისა და საქართველოს ნატოში მიღების საკითხთა ურთიერთკავშირი
სტატიაში საუბარია ნატოს შემადგენლობაში ახალი წევრების მიღების პრობლემაზე, კერძოდ – ჩერნოგორიის შესახებ: რამდენად შესაძლებელია ბალკანეთის ამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით? რას იტყვის რუსეთი? (ავტორი – ნაფტალი ბევდევიდი).
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
„ნატოს უკანასკნელი გაფართოება 2009 წელს მოხდა, როცა წევრებად ორი ბალკანური სახელმწიფო – ალბანეთი და ხორვატია მიიღეს, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვლა, მათ შორის ის, რომ რუსეთმა „კუნთების თამაში“ კვლავ დაიწყო“ – უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლეთი აგრესიულად იქცევა და ნატოსა და ევროკავშირს აღმოსავლეთის მიმართულებით აფართოებს. კრემლი მკვეთრ უკმაყოფილობას გამოხატავს, რაც ნატოს დილემის წინ აყენებს: თუ წლის ბოლომდე ბრიუსელი ჩერნოგორიას ალიანსის წევრად მიიწვევს, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთის ექსპანსიის გამო რუსეთის უკმაყოფილება გაძლიერდება; თუ არ მიიწვევს, გამოდის, რომ რუსეთს უფლება აქვს ვეტო დაადოს ნატოში ახალი წევრების მიღებაზე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს მიმდინარე წლის ბოლომდე ნატოს წევრად ჩერნოგორიის მიღებას – ასეთმა განცხადებამ ნატოს უელსის სამიტზეც გაიჟღერა. ამასთან, ზოგიერთი ნატოელი დიპლომატი კონფიდენციალურად ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ახორციელებს ყოფილი იუგოსლავიის ექს-წევრი რესპუბლიკა დემოკრატიულ რეფორმებს, ისინი იხსენებენ ქვეყანაში არსებულ კორუფციას და კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევებს და ეჭვს გამოთქვამენ, იმსახურებს თუ არა ჩერნოგორია ალიანსის წევრად მიღებას. ამის სესახებ ნატოს გენმდივამაც აღნიშნა გასულ თვეში, როცა ჩერნოგორიას სამართლებრივი სისტემის განმტკიცებისაკენ მოუწოდა, თუმცა ინეს სტოლტენბერგმა იქვე დარწმუნებით განაცხადა, რომ ჩერნოგორიამ მკაფიოდ დაამტკიცა ჩვენი საერთო ფასეულობებისადმი ერთგულებაო“.
ნატოში გაწევრიანებისაკემ მიისწრაფვის კიდევ სამი კანდიდატი ქვეყანა – მაკედონია, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, თუმცა თითოეულს თავისი პრობლემები აქვს: საქართველოს ტერიტორია ნაწილებრივ რუსეთის მიერაა ოკუპირებული (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი), ბოსნია-ჰერცეგოვინაში მწვავე ეთნიკური დაპირისპირება მიმდინარეობს, მაკედონიის ნატოში მიღებას კი ხელს ალიანსის წევრი – საბერძნეთი უშლის.
რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო ნერვიულობენ ნატოს არაწევრი ქვეყნებიც – ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც ალიანსს მფარველობა სთხოვეს, მასში გაწევრიანების გარეშე. სტოკჰოლმი და ჰელსინკი აცხადებენ, რომ რუსულმა წყალქვეშა ნავებმა და თვითმფრინავებმა მათი საზღვრების დაარღვიეს. მართალია, ფინეთის ახალმა მთავრობამ ნატოს წევრობის სურვილი განაცხადა, მაგრამ, აშკარაა, რომ ფინეთს და შვედეთს ნატოსთან მჭიდრო კავშირები უფრო მეტად სურთ, ვიდრე ორგანიზაციის სრულუფლებიანი სუბიექტობა, ანუ პირდაპირი წევრობა.
უფრო რთულადაა საქმე საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც ნატოში სწრაფი მიღების სურვილს ამჟღავნებს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ჩერნოგორიასაგან განსხვავებით, საქართველო რუსეთს ესაზღვრება და გასაგებია, რომ მოსკოვს მწვავე რეაქცია აქვს ნატოში თბილისის პოტენციურ წევრობაზე.
როგორც ლონდონის ანალიტიკური ცენტრის „ევროპელი ლიდერების ქსელის“ დირექტორი ლუკაშ კულეშა ამბობს, „ჩერნოგორიის სურვილს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მისი მიღების საკითხის განხილვისას მთავარი მაინც საქართველოს საკითხია“ [ანუ ვამბობთ ჩერნოგორიას, ვგულისხმობთ საქართველოს - ს.კ.].
ჩერნოგორია ძალიან ცდილობს, რომ დასავლეთს თავისი ერთგულება დაუმტკიცოს. ეს გამოიხატება მის მხარდაჭერაში რუსეთისადმი სანქციების გამოცხადების მიმართ, „ისლამურის სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებისადმი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ოფიციალურ პოდგორიცას ევროკავშირში გაწევრიანებაც სურს.
ჩერნოგორიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ლუკშიჩი ამ დღეებში ბრიუსელში ჩრდილოატალანტიკური ალიანსის საბჭოს – ნატოს მთავარი ორგანოს წევრებს უნდა შეხვდეს. რუსეთის მისია ჯერ-ჯერობით ჩერნოგორიასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. როგორც იგორ ლუკშიჩი ამბობს, მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება რუსეთთან ურთიერთობაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
«Today’s Zaman» (თურქეთი), 7 ივლისი, 2015 წელი
http://www.todayszaman.com/columnists_former-soviet-republics-democracy-or-oligarchy_392979.html
პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები: დემოკრატია თუ ოლიგარქია?
თურქეთი საქართველოს მხარს უჭერს, საქართველო კი აჭარის ავტონომიის გაუქმებას ცდილობს
ჰასან კანბოლათი
ტრადიციულად, დიპლომატთა მთავარი მიზანი ისაა, რომ მათი მშობლიური ქვეყნის ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც ისინი მუშაობენ, მტკიცე და მეგობრული იყოს. ბუნებრივია, ყველა ქვეყნის საელჩოს სურს, რომ იმ სახელმწიფოს მასმედიამ, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობაა აკრედიტებული, მისი ქვეყნის შესახებ პოზიტიური მასალები გამოქვეყნოს და კეთილგანწყობილი სტატიები დაიწეროს. რასაკვირველია, გამორიცხული არაა, რომ კრიტიკული პუბლიკაციებიც გაჩნდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას: თუ რომელიმე სახელმწიფოში ტოტალიტარული რეჟიმი არსებობს, მაშინ ამ ქვეყნისადმი მიმართულ კრიტიკულ სტატიებს საელჩოსაგან უმწვავესი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს.
რაც შეეხება დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებს, ისინი კრიტიკულ პუბლიკაციებს ნორმალურად უყურებენ: მათი აზრით, თუ კრიტიკული და ანალიტიკური მასალები ქვეყნდება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში მათი ქვეყნისადმი ინტერესი არსებობს. სწორედ ამიტომ დემოკრატიული ქვეყნების საელჩოები მასპინძელი ქვეყნების ანალიტიკოსებთან ხშირად თანამშრომლობენ.
ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების საელჩოები იმ ქვეყნების საელჩოებს მიეკუთვნებიან, რომლებიც კრიტიკისათვის ყველაზე მეტად არიან დახურულნი. ისინი კრიტიკას თავიანთ ქვეყანაზე თავდასხმად აღიქვამენ, შეთქმულების თეორიას ეძებენ. ისინი მზად არიან მხოლოდ კარგი, სპეციალურად დაწერილი დადებითი სტატიები „მიიღონ“. პოსტსაბჭოთა ქვეყნების საელჩოები ვერ იტანენ თავიანთი სახელმწიფოთა ლიდერების – პრეზიდენტებისა თუ პრემიერებისადმი მიმართულ კრიტიკას, მათ მხოლოდ ქება-დიდების მოსმენა სურთ. საელჩოების მიერ მოწყობილი შეხვედრების მიზანია ისეთი შთაბეჭდილება მოახდინონ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ყველაფერი კარგადა და მშვენივრადაა. შესაბამისად, ისინი ამ შეხვედრებზე ისეთ პირებს იწვევენ, რომლებიც, მათი შეხედულებით, დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი კარგად იციან. თურქ ბიზნესმენებს ბევრჯერ უღალატიათ დემოკრატიული პრინციპებისადმი და უძღვნიათ ქება-დიდება მსოფლიოში ცნობილ სისხლიანი დიქტატორებისადმი იმ მიზნით, რომ ამა თუ იმ ტირანულ ქვეყანაში ორიოდე სასტუმროს მშენებლობის უფლება მიეღოთ. თურქი პოლიტიკოსები ძირითადად ორმხრივი ურთიერთობების მხოლოდ დადებითად წარმოჩენით არიან დაკავებულნი. ყოველ უცხოურ საელჩოს სიამოვნებს ისეთ პოლიტოლოგთან (ჟურნალისტთან) შეხვედრა, რომელიც მათთან ურთიერთობას შეაქებს. სამწუხაროდ, სიმართლეზე არავინ ზრუნავს, სიმართლის მოსმენა არავის სურს.
აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები (ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი) და ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირში უკვე გაწევრიანდნენ, გარკვეულ უხეშ პოლიტიკას ამჟღავნებენ იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ევროკავშირის წევრები. მაგალითად, თურქეთი თავის დროზე დაეხმარა მათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრად მიღებაში, მაგრამ ანკარას მათგან მსგავსი დახმარება არ უგრძვნია, როცა საქმე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. იგივე პროცესები მიდის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მხრიდანაც, რომლებთაც დასავლეთთან გაერთიანება სურთ: მაგალითად, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრირებას მიუხედავად იმისა, რომ თბილისი თურქეთისათვის არასასურველ, შემაშფოთებელ ნაბიჯებს დგამს აჭარის მიმართ და ამ რეგიონის ავტონომიის გაუქმებას ცდილობს. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს მუსულმანური მოსახლეობის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დამუხრუჭების მცდელობაზეც. თურქეთი არაფერს ამბობს, მაგრამ საქართველოს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობას, ვიდრე თურქეთთან.
უკრაინაც დასავლეთისაკენ მიისწრაფვის, ხელისუფლება თავბრუდახვეულია. კიევი თავის დასავლურ ინტეგრაციას ანტირუსული პოლიტიკის გამოვლენად მიიჩნევს. არადა, თუ უკრაინას მართლაც დასავლურ ფასეულობებთან ზიარება სურს, უპირველესად ხელისუფლება ოლიგარქებისაგან და რადიკალებისაგან უნდა გაწმინდოს. ამას წინათ უკრაინის საელჩომ ჩემი სტატია გააკრიტიკა. მინდა დავარწმუნო უკრაინელი დიპლომატები: უკრაინაზე სიმართლეს იმიტომ ვწერ, რომ უკრაინა მიყვარს, სხვა ინტერესი არ მაქვს და სარგებლის მიღებას არ ველოდები.
«Lragir» (სომხეთი), 7 ივლისი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/economy/view/43118
რატომ „დაბლოკეს“ ქართველებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი?
სტატია ეხება საქართველოს სამხედრო გზაზე შექმნილ მდგომარეობას: სომხეთი შეშფოთებულია საქართვლოს მიერ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე (სგპ) დაწესებული რეჟიმის გამო, რომლის თანახმად, მეწყერების ჩამოწოლის საფრთხის გამო ქართული სგპ მხოლოდ დღის საათებში მუშაობს, რუსული კი სადღეღამისოდ. ეს იწვევს მრავალკილომეტრიან სატრანსპორტო „საცობს“, ზარალდებიან სომეხი ბიზნესმენები…
აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არაფერ შუაში არ არის, უფრო მეტას საქმე ეხება გეოპოლიტიკურ მეწყრებს და სხვა სტიქიურ მოვლენებს. რუსეთმა ძალით შეაგდო სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და ამით საიმედოდ გადაკეტა ჩვენი ქვეყნის საექსპორტო და საიმპორტო შესაძლებლობები დასავლეთის მიმართულებით, სომხეთს მხოლოდ ირანისა და საქართველოს მიმართულება დარჩა. საქართველოს კი რუსეთთან საკმაოდ მწვავე დაძაბული ურთიერთობა აქვს. გასაკვირი არ არის, რომ საქართველო არცთუ ისე ძალიანაა დაინტერესებული სომხეთ-რუსეთის სავაჭრო კავშირების განვითარებით. ალბათ, ამიტომც ხდება ხშირად საქართველოს სამხედრო გზაგზე „მეწყერები“.
რატომ წავიდა სომხეთის ფინანსტა მინისტრი გაგიკ ხაჩატრიანი მოსკოვში? განა იგი იმას იმედოვნებს, რომ კრემლი საქართველოზე გავლენას მოახდენს და საკონტროლო-გამშვები პუნქტი სადღეღამისოდ იმუშავებს? ეს არ გამოვა, რადგან საქართველოს ხელისუფლებას, სომხეთისაგან განსხვავებით, საზოგადოება აკონტროლებს და არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მთავრობა კრემლს დაემორჩილოს. რატომ არ წავიდა მინისტრი თბილისში ამ პრობლემის მოსაგვარებლად? იმიტომ ხომ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება არასაკმარისად პატივისცემით არ ეპყრობა სომხეთის ხელისუფლებას? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენი პარლამენტის სპიკერი გალუსტ სააკიანი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს შეხვდა?