«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ჯონ კერის პირველი ვიზიტი ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკა-საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
«The Associated Press» (აშშ): ჯონ კერის ვიზიტი: აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში
«Независимая газета» (რუსეთი): „ყველაფერი «ok» იქნება“ – ასე უთხრა ჯონ კერიმ ქართველებს // ვაშინგტონი მხარს უჭერს თბილისი ევროატლანტიკურ სწრაფვას
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 ივლისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-us-secretary-of-state-visits-tbilisi/3406209.html
ჯონ კერის პირველი ვიზიტი ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე
ზაზა წულაძე
„მე არ დავარქმევდი ამას შეფერხებას, აღნიშნულს მე დავახასიათებდი როგორც განგრძობად პროცესს“ – ასე უპასუხა გუშინ, 6 ივლისს თბილისში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შეკითხვას, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისგან, როცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყანა ისევ ვერ მიიღებს MAP-ს, ანუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.
ჯონ კერიმ ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ნატოს – ბუქარესტის, ჩიკაგოსა და კარდიფის სამიტებზე ღიად უჭერდა მხარს საქართველოს გაწევრიანებას, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი პარტნიორი საქართველოს პროგრესს გლობალური გამოწვევების ჭრილში განიხილავს:
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრიანება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია… ყველას კარგად ესმის, რომ ძალზედ სერიოზული პროცესები მიდის უკრაინაში, სირიაში. მთელ რიგ სხვა რეგიონებში გვაქვს სერიოზული გამოწვევები და ზოგიერთი პარტნიორი ალიანსში, საქართველოს პროგრესს სწორედ ამ პროცესებს უკავშირებს. ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. ამერიკის წვლილი უკვე 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცა თავდაცვაა“
ჯონ კერის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის რანგში, საქართველოში, დღეს, 12 საათსა და 52 წუთზე, დაიწყო, როცა „ბოინგ“ C-32 იგივე „ბორტი №2“, 18 წუთის დაგვიანებით დაეშვა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. ეს ჯონ კერის რიგით მეორე ჩამოსვლაა, პირველად მან 2008 წლის დეკემბერში, როგორც მასაჩუსეტსის სენატორმა მოინახულა, აგვისტოს ომის შემდგომი თბილისი.
მთავრობის ადმინისტრაციაში ჯონ კერის პირველმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. პრემიერისა და სახელმწიფო მდივნის პირისპირ შეხვედრისას განხილვის მთავარი თემები: საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ნატოს ვარშავის სამიტი და გლობალური უსაფრთხოების პრობლემები იყო.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ ხელი მოაწერეს ორ მემორანდუმს: საქართველოსა და ამერიკას შორის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. გუშინვე გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი სხდომა, რომლის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა ქართველი და ამერიკელი ჟურნლისტების თითო კითხვას უპასუხეს.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია: „ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს აძლევს უკვე ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი შეიარაღება“.
ჯონ კერიმ თავის გამოსვლაში „ლაკმუსის ტესტი“ უწოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო გარემო და მედია ზეწოლისა და დაშინებისგან თავისუფალი იქნება.
სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჯონ კერის დღევანდელი ვიზიტი, MAP-ის და ვიზალიბერალიზაციის პროცესების მორიგი გადადების, ასევე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მზარდი პრორუსული განწყობებისა და ევროსკეპტიციზმის გაძლიერების ფონზე, მაინც მნიშვნელოვანი მესიჯი და მხარდაჭერაა არჩევნების წინ, საქართველოს პროდასავლური ძალებისთვის: „ამ ნიჰილისტურმა განწყობებმა რაც მოჰყვა MAP-ზე მორიგ უარს და ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადაწევას, ევროკავშირის ბიუროკრატიის გამო, ვფიქრობ, არჩევნებზე გზა უნდა გაუხსნას პრორუსულად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ კრიტიკულ მომენტში – ქართული საზოგადოება იხელმძღვანელებს პრინციპით, რომ დასავლეთი და ამერიკა სჯობს, ვიდრე რუსეთი და არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს“.
ჯონ კერი გუშინვე პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილს ეწვია, ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. დღეს, 7 ივლისს კი ამერიკის სახელმწიფო მდივანი პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს გიგა ბოკერიასა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდება.
სახელმწიფო მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. კერი თბილისიდან კიევში გაფრინდება, სადაც უკრაინის პოლიტიკურ ელიტას შეხვდება. კიევიდან კი უკვე ვარშავაში, ნატოს სამიტზე ჩადის. გავლენიანი გამოცემის „ფაინენშელ თაიმსის“ შეფასებით, ვარშავა დღეს დასავლური ალიანსის ერთობის კრიტიკულ, გამოსაცდელ ადგილად იქცა, სადაც რუსული აგრესიის შემაკავებელი რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
———–
შენიშვნა: ჯონ კერის თბილისური ვიზიტი გაშუქებულია აგრეთვე „ამერიკის ხმის“ ინგლისურ და რუსულენოვანი სამსახურების მიერაც.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 ივლისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/us-state-department-georgia/3406658.html
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ამერიკა-საქართველოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მონდომებულია გააღრმავოს ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგებში, რათა გავაძლიეროთ საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ და საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“ – ესაა ამონარიდი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმიდან, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობას მოიცავს. მემორანდუმს ხელი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს.
ამავე მემორანდუმში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისადმი ამერიკის მხარდაჭერა: „შეერთებული შტატები მყარად დგას საქართველოს გვერდით სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს როგორც სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს რეგიონში და აგრძელებს მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებელი არჩევანის მხარდაჭერას საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკა აფასებს საქართველოს მიერ 2008 წელს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაცვას და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას მისი მოქალაქეები შეუერთდნენ ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებას“.
„შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და აფასებს ქართველი ძალების მონაწილეობას ავღანეთის და მსოფლიოს სხვა ოპერაციებში. აშშ ღრმად აფასებს საქართველოს გამორჩეულ კონტრიბუციას გლობალური მშვიდობის მიღწევის და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხში“ – ვკითხულობთ მემორანდუმში.
ნატოს ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში ჩავიდა, სადაც პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომა გამართა.
2009 წელს შექმნილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მიზანია ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა და ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ხალხთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.
ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად სახელმწიფო მდივანმა დღეს რამდენიმე ინიციატივაზე ისაუბრა.
თავდაცვა და უსაფრთხოება: სახელმწიფო მდივანმა და პრემიერმა კვირიკაშვილმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა: ჯონ კერიმ 5-წლიანი 15 მილიონიანი ეკონომიკის სიმტკიცის პროგრამაზე ისაუბრა, რომელსაც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფონდი განახორციელებს და რომლის მიზანიც საქართველოს რეგიონებში ბიზნეს უნარების განვითარებაა. პროგრამის მთავარი სამიზნეები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული და კონფლიქტის ზონების მოსაზღვრე რეგიონები იქნება.
დემოკრატია და მმართველობა: საქართველოში შრომის კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად შეერთებული შტატები 1 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.
ხალხთაშორისი კავშირები: სახელმწიფო მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები და საქართველო დააფინანსებენ ფულბრაიტის პროგრამას და გაორმაგდება ქართველი სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ამერიკაში ისწავლიან. 2016 წელს ფულბრაიტის პროგრამით შეერთებულ შტატებში სასწავლებლად 3 ქართველი სტუდენტი გაემგზავრება.
«The Associated Press» (აშშ), 07 ივლისი, 2016 წელი
http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_united_states_kerry?site=ap§ion=home&template=default
ჯონ კერის ვიზიტი: აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების სფეროში
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტი ვრცლად გაშუქდა ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ მიერაც, რომელმაც ვრცელი მასალა გამოაქვეყნა (ავტორი – მეთიუ ლი).
პუბლიკაციაში გადმოცემული და განხილულია ყველა ის ფაქტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ეხება: „ესოშეითედ პრესის“ დიპლომატიური კორესპონდენტი მეთიუ ლი ვრცლად აღწერს როგორც მხარეთა შეხვედრა-მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და აშშ-საქართველოს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას, ასევე ჯ.კერისა და გ.კვირიკაშვილის განცხადებებს, ჟურნალისტებთან შეხვედრას. „როგორც„ესოშეითედ პრესის“ კორესპონდენტთან საუბარში აშშ-ის დელეგაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წევრმა კონფიდენციალურად განაცხადა (მან ანონიმად დარჩენა ისურვა), ჯონ კერის ვიზიტი თბილისსა და კიევში პირველ რიგში იმის სიგნალია, მოსკოვმა ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ როგორ აქტიურად უჭერს მხარს ვაშინგტონი საქართველოსა და უკრაინას“, – აღნიშნულია მასალაში.
«Независимая газета» (რუსეთი), 07 ივლისი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-07-07/6_gruzia.html
„ყველაფერი «ok» იქნება“ – ასე უთხრა ჯონ კერიმ ქართველებს
ვაშინგტონი მხარს უჭერს თბილისი ევროატლანტიკურ სწრაფვას
სტატიაში გადმოცემულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტის ამსახველი ფაქტები, საუბარია ამერიკული დიპლომატიური უწყების მეთაურის შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან (ავტორი – იური როქსი).
„ქართული მხარე ჯონ კერის ვიზიტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რაც, პრინციპში, გასაგებია – განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს უკვე დიდი ხანია მსოფლიოს მძიმეწონიანი პოლიტიკოსები არ სწვევიან“, – აღნიშნავს ავტორი და მიუთითებს, რომ მოლაპარაკებები ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებს, პროევროპულ ინტეგრაციას (ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვას, ბუქარესტის სამიტის რეზოლუციას), დემოკრატიის განვითარებას და ა.შ. „გვერდზე რომ გადავდოთ განცხადებების დიპლომატიური პათოსი და კომპლიმენტები, მაშინ თბილისის მფარველი ვაშინგტონის ემისრის ჯონ კერის დაპირებების არსი მოკლე «ok» იყო: ყველაფერი კარგად იქნება – ისე, როგორც ეს საქართველოს სურს… თუ თბილისი ოკეანის გაღმიდან და ევროპულ ცენტრებიდან მიცემულ რეკომენდაციებს შეასრულებსო. თავის მხრივ, საქართველოც ბეჯითად ცდილობს…“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე რუსი პოლიტიკოსის, სახელმწიფო სათათბიროს წევრის ილია კოსტუნოვის კომენტარიც, რომელიც თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩარჩოებში იმყოფებოდა: „არცერთ ქვეყანას არავინ ავიწროვებს დიალოგის გამართვის მხრივ, მაგრამ ჩვენ მაინც ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნეს მიღებული ანტირუსული გადაწყვეტილებები… ამასთან, რუსეთი დაინტერესებულია, რომ ყველა მეზობელი კონსტრუქციულად და მეგობრულად იყოს განწყობილი“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციასთან („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან) შეხვედრის დროს ჯონ კერის გაახსენეს „პოლიტიკური პატიმრები“, ანუ „ნაციონალთა“ ის ლიდერები, რომლებიც ციხეში სხედან ჩადენილი დანაშაულის გამო (თუმცა თანაპარტიელები მათ უდანაშაულოდ მიიჩნევენ). ისაუბრეს აგრეთვე ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შესახებაც.
პუბლიკაციის ავტორი გვერდს არ უვლის დიპლომატიურ ინციდენტსაც, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს უკავშირდება: „ჯონ კერის თბილისში ჩამოსვლა ჩამოასწრო საქართველოს ელჩმა, რომელიც სამშობლოში ახსნა-განმარტებისთვის გამოიძახეს. როგორც ირკვევა, არჩილ გეგეშიძეს არაკორექტული განცხადება გაუკეთებია პრესაში და უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები არიან და ეს პოლიტიკური ტოლერანტიზმისა და პლიურალიზმის მანიშნებელიაო. რა ბედი ეწევა ელჩს, ჯერ-ჯერობით არავინ იცის.
რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩევის კომენტარი თბილისში ჯონ კერის ვიზიტის თაობაზე. იგი განსაკუთრებით შეეხო აშშ-იის სახელმწიფო მდივნის განცხადებას საქართველოს პროდასავლური ინტეგრაციის შესახებ და აღნიშნა: „ჯონ კერის განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვა გადამწყვეტ ბიძგს ღებულობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ თბილისის განზრახვას ევროპაში სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს და თუ საკითხი კენჭისყრაზე დადგება, სანქციებისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ერთხმად მხარდაჭერა გამორიცხულია“. კონსტანტინ კოსაჩევის თქმით, საქართველოსა და უკრაინის პოტენციურ წევრობას ნატოში დასავლეთი სპეციალურად იყენებს რუსეთის გამაღიზიანებლად, „მაგრამ ალიანსში მათი გაწევრიანების მიზნით სერიოზული ნაბიჯის გადადგმას ნატოს წევრებიდან ბევრი ვერ გაბედავს“. გარდა ამისა, რუსი პოლიტიკოსის აზრით, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, აშკარაა, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ „გაცივდა“.
კონსტანტინ კოსაჩევი ასევე ფიქრობს, რომ თბილისში ხელმოწერილი აშშ-საქართველოს მემორანდუმის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული მოლოდინი გადაჭარბებულია: „კი, რა თქმა უნდა, აშშ-ის აქტიურობა რუსეთის საზღვრებთან ჩვენს შეშფოთებას იწვევს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამერიკელები გაუზრებლად იმოქმედებენ და ქართველებს, ან უკრაინელებს იმას აღუთქვამენ, რისი გაკეთება და შესრულება არ შეუძლიათ“.
რუსი სენატორის აზრით, აშშ-საქართველოს მემორანდუმი ვაშინგტონს, პრინციპში არაფერში არ ავალდებულებს: „თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები თავის თავზე აიღებს, ვთქვათ, საქართველოს მორიგი ავანტიურის უზრუნველყოფას – ისეთის, რომელიც 2008 წელს მოხდა, ან ღმერთმა ნუ ქნას, უკრაინის შეტევას ყირიმზე, ეს თბილისისა და კიევის გადაჭარბებული თავდაჯერებულობა იქნებოდა. ასეთი მემორანდუმებით ამერიკა თავის ერთგულ პარტნიორებს შთააგონებს, რომ ისინი, ჰა-ჰა, თითქმის ნატოში ან მის კარებთან არიან. იცით, ეს რას მოგვაგონებს? ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო ქორწინებას: ქალი თვლის, რომ იგი გათხოვილია და ქმარი ჰყავს, მამაკაცი კი მიიჩნევს, რომ ცოლი ჰყავს და მაინც თავისუფალია. ვაშინგტონი ამ შემთხვევაში კაცის პოზიციით გამოდის…“, – აღნიშნა კონსტანტინ კოსაჩევმა.
———–
ჯონ კერის საქართველოში ვიზიტი გაშუქდა აგრეთვე სხვა უცხოური საინფორმაციო საშუალებებშიც: ბრიტანულმა „როიტერმა“ გამოაქვეყნა სტატია ინგლისურ და რუსულენოვანი სათაურით „ჯონ კერი ყოფილ საბჭოთა საქართველოს აშშ-საგან სამხედრო დახმარებას პირდება და გმობს „რუსულ ოკუპაციას“ (ავტორები – ლესლი რაფტონი და მარგარიტა ანთიძე); „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა კი „საქართველომ და აშშ-მა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს“ (ავტორი – ნინა ახმეტელი) და ასე შემდეგ. წყაროები: www.bbc.com/russian/features-36732183; tp://ru.reuters.com/article/topnews/idrukcn0zm1wc?sp=true).