«European Council on Foreign Relations» (დიდი ბრიტანეთი): უკრაინის ჩრდილში: საქართველო-რუსეთის ომიდან შვიდი წლის შემდეგ
«Liberation» (საფრანგეთი): საქართველოში ვლადიმირ პუტინის შეჭრის შვიდი წლისთავისათვის
«Незавсисимая газета» (რუსეთი): მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე თბილისმა უარი თქვა: საქართველომ ვერ გაბედა რუსული ბაზრის მეორედ დაკარგვა
«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინვესტორები ქართული ქსელებიდან გადიან // ჩეხურ „ენერგო-პრო“-ს საქართველოს უდიდესი ელექტროკომპანიის გაყიდვა სურს
——————-
«European Council on Foreign Relations» (დიდი ბრიტანეთი), 7 აგვისტო, 2015 წელი
www.ecfr.eu/article/commentary_in_the_shadow_of_ukraine_seven_years_on_from_russian_3086
უკრაინის ჩრდილში: საქართველო-რუსეთის ომიდან შვიდი წლის შემდეგ
სტატიაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, განხილულია 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველოს-რუსეთის ომის მიზეზები, მიმდინარეობა და შედეგები (ავტორი – გუსტავ გრესელი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
საქართველო-რუსეთის ომს თავისი ისტორიულ-პოლიტიკური ფესვები აქვს: რუსეთისათვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთგვარი ინსტრუმენტი იყო საქართველოს პოლიტიკაზე გავლენის განსახორციელებლად, რათა თბილისის დასავლეთთან ინტეგრირება დაემუხრუჭებინა. რუსეთმა ქართველებს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზების გზა ვერ შესთავაზა, 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი დაემხო და ქვეყანაში პროდასავლური ძალა მოვიდა. მიხეილ სააკაშვილი შეეცადა ერთდროულად შეესრულებინა ორი ძირითადი მიზანი: აღედგინა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა (დაებრუნებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) და განეხორციელებინა საქართველოს ევროპიზაცია. თუმცა, როგორც მოვლენებმა აჩვენა, მან ორივე ფრონტზე შეცდომები დაუშვა.
საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიის მართვისა და სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზების მიზნით პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ჩამოაყალიბა. მიხეილ სააკაშვილს სურდა, რომ ოსებისათვის ეჩვენებინა, თუ როგორ წარმატებით ხორციელდება ეკონომიკური პროექტები თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე, ცხინვალი, რომელიც პოლიტიკურ-ეკონომიკურად რუსეთზე იყო დამოკიდებული და პრობლემებს განიცდიდა, მოისურვებდა და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდებოდა.
2008 წლის ზაფხულისათვის – მას შემდეგ, რაც ნატომ საქართველოს „მაპ“-ის მიცემაზე უარი განუცხადა – რუსეთს მეტი თავისუფლება მიეცა საქართველოზე ზეწოლისათვის. სიტუაცია რეგიონში გამწვავდა. დაიწყო ორმხრივი დაპირისპირება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ივლისის შუა რიცხვებში ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებულმა რუსეთის 58-ე არმიამ სამხედრო მანევრები დაიწყო, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, 7 აგვისტომდე გაგრძელდა. 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ სამხრეთ ოსეთისაკენ მოძრაობა დაიწყო. საქართველოს ხელისუფლება იმ მიზნით, რომ თავის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესია არ დაეშვა, სეპარატისტული რეგიონის გაკონტროლებას შეეცადა. ეს ფაქტი რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და განაცხადა, რომ ომი პირველმა საქართველომ დაიწყოო.
8 აგვისტოს საქართველომ შეტევა განავითარა, მაგრამ როკის გვირაბამდე (სამხრეთ ოსეთისათვის რუსეთთან დამაკავშირებელ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტამდე) ვერ მიაღწია. 9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ავიაციამ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში რეიდები განახორციელა და დაბომბვა დაიწყო. 10 აგვისტოს რუსულმა არმიამ ცხინვალთან ქართული არმიის პოზიციები გაანადგურა და გორი დაიკავა. რუსეთის ჯარები თბილისთან ახლოს განლაგდნენ. დასავლეთ საქართველოში რუსეთმა დაიკავა ფოთის პორტიც. დასავლეთის ჩარევით, კერძოდ კი საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ძალისხმევით, სამხედრო მოქმედება შეჩერდა და მხარეები ზავზე შეთანხმდნენ.
საქართველომ ომი წააგო, თუმცა რუსეთმა თავისი სამხედრო უპირატესობით ვერ ისარგებლა. მოსკოვს რომ ისე ემოქმედა, როგორც მოგვიანებით, 2014 წელს, ყირიმში გააკეთა, თბილისი მანამდე დანებდებოდა, სანამ დასავლეთი რაიმე რეაგირებას მოახდენდა. თუმცა, მოგვიანებით, რუსეთმა კონტროლირებული ტერიტორია გააფართოვა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები შექმნა. შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია საქართველოსთვის დიდ ბარიერად იქცა, რომელიც თბილისის მოქმედებას დღესაც ზღუდავს: რუსეთი საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს საზავო შეთანხმების მუხლებს და რეგიონში არ უშვებს ევროპულ სადამკვირვებლო მისიას. ქართველების გამოდევნის შემდეგ რუსეთი სამხრეთ ოსეთს მტკიცედ აკონტროლებს.
ევროპამ და დასავლეთმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგები ფაქტიურად არ გაუთვალისწინებიათ, ეს მათთვის გაკვეთილი არ ყოფილა. დასავლეთმა რუსეთთან „ბიზნეს-ურთიერთობა“ არჩია. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსულმა საინფორმაციო პოლიტიკამ, რომელმაც მოახერხა და დასავლური, განსაკუთრებით კი გერმანული საზოგადოების განწყობა თავის სასარგებლოდ შეცვალა. შესაბამისად, მოსკოვმა 2014 წელს თითქმის იგივე განახორციელა უკრაინის (ყირიმის) მიმართაც. ისევე როგორც საქართველოსთან მიმართებით, რუსეთი თავისებურ ინტერპრეტირებას ახდენს მინსკის მოლაპარაკების შედეგების მიმართაც და ადგილებზე უპირატესობას აღწევს.
უკრაინა, საქართველოსთან შედარებით, სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთისათვის რთული იქნება სამხედრო შეტევის განვითარება, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის არმია მნიშვნელოვნად გადაიარაღდა და გაძლიერდა. ამიტომაც საქართველოსთვის რუსეთთან დაპირისპირების გამწვავებას ფატალური შედეგების მოტანა შეუძლია. შესაბამისად, დასავლეთის მიდგომები საქართველოს მიმართ ფრთხილი გახდა – დასავლეთს არ აქვს ერთიანი, მკაფიო და თანმიმდევრული კონცეფცია ნატოსა და ევროკავშირთან თბილისის ინტეგრირების საკითხში. ასეთი თავშეკავებული პოლიტიკა მოსკოვის გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა უკრაინასთან და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებები გააფორმა, ევროპულ საგარეო პოლიტიკაში მაინც დარჩა ერთგვარი სიცარიელე, რითაც მოსკოვი მოხერხებულად სარგებლობს.
————
საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭო – ორგანიზაცია, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრობლემებზე მუშაობს. დაარსებულია 2007 წელს მარტი ახტისაარის, იოშკა ფიშერისა და სხვა პოლიტიკოსების მიერ. საბჭოს შტაბ-ბინა ლონდონშია, ფილიალები კი – ბერლინში, მადრიდში, პარიზში, რომში, სოფიასა და ვარშავაში.
«Liberation» (საფრანგეთი), 7 აგვისტო, 2015 წელი
საქართველოში ვლადიმირ პუტინის შეჭრის შვიდი წლისთავისათვის
ელენ დესპიკ-პოპოვიჩი
შაბათს, 8 აგვისტოს, შვიდი წელი სრულდება იმ დღიდან, როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ჩარევა განახორციელა. მართალია, რუსეთს სამხრეთ ოსეთი, ყირიმის მსგავსად, არ მიუერთებია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი არმია მაინც მეზობლის ტერიტორიაზე იმყოფება და იქიდან წასვლას, როგორც ჩანს, არ აპირებს.
შვიდი წლის წინ რუსეთმა, ავღანეთიდან და სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ, პირველად გაგზავნა თავისი რეგულარული არმია საზღვარგარეთ. თანაც ეს არმია უკვე ის მშიერი ახალწვეულებით დაკომპლექტებული კი აღარ იყო, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთის ომებში მონაწილეობდნენ, არამედ ეს იყო უკვე შედარებით კარგად გაწრთვნილი და შეიარაღებული არმია. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ვლადიმირ პუტინმა იმ დროისთვის, თავისი პრეზიდენტობის მერ ვე წელს რუსეთში ნამდვილი არმია ჩამოაყალიბა. რუსეთის ძალა ნავთობისა და გაზის რეზერვებზე იზრდებოდა, რომლის ექსპორტით მოსკოვი დიდი ფულს იღებდა.
რუსეთის არმიის შეტევიდან სულ რაღაც ხუთი დღის შემდეგ (რომელიც, როგორც ამბობენ, პასუხი იყო თბილისის მცდელობაზე – უკან დაებრუნებინა 1990-იან წლებში მისი კონტროლიდან გასული სამხრეთ ოსეთი), 58-ე არმიის ნაწილებმა საქართველო ფაქტიურად ორად გაჰყვეს და დედაქალაქს მიუახლოვდნენ. ასეთი უეცარ, ანაზდეულ ოპერაციაზე ევროპამ ოპრატიული რეაგირება ვერ მოახდინა. ევროპა უსუსური აღმოჩნდა პასუხი გაეცა იმ ადამიანისათვის, რომელიც ყოველთვის ერთი ნაბიჯით მასზე წინ მიდიოდა. გარდა ამისა, ევროპამ დაუჯერა კრემლის არგუმენტებს, რომელთა თანახმად, რუსული დათვის პროვოცირება თბილისმა, კერძოდ კი საქართველოს ენერგიულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიწვია, რომლის მიმართაც ევროპის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ თავშეკავებულად იყო განწყობილი – იგი ზედმეტად პროამერიკული, ნაციონალისტური და პოპულისტური პოლიტიკის გამტარებლად მიაჩნდათ. იყვნენ ისეთი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მოსკოვს უნდა ჰქონოდა „ახლო საზღვარგარეთში“ თავისი ინტერესების განხორციელების უფლება.
2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, თუ როგორ მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია. უფრო გვიან კი მან აღიარა, რომ ყირიმული მოვლენების მონაწილე „მწვანე ჯარისკაცები“ მისი სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები იყვნენ.
საფრანგეთში ბევრია იმაში დარწმუნებული, რომ 2008 წელს ნოკოლა სარკოზიმ დიპლომატიური გმირობა ჩაიდინა და ვლადიმირ პუტინს ზავი ხელიდან სწორედ იმ დროს „გამოჰგლიჯა“, როცა რუსეთის ჯარები საქართველოს დედაქალაქს უახლოვდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ხელმოწერილ საზავო შეთანხმებაში არაფერი არაა ნათქვამი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. სამხრეთ ოსეთიდან ქართველი მოსახლეობის გაქცევის ფონზე ისეთი შტაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ევროპა მზად იყო შერიგებოდა საზღვრების ცვლილებას და რუსეთი მადის დაკმაყოფილებას. ფაქტია, რომ ზავის დადებიდან ორი კვირის სემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით ჯვარი დაესვა ყოველგვარ მოლაპარაკებას ამ ტერიტორიების სტატუსზე. დემარკაციული ხაზი საზღვარად გადაიქცა, თანაც „მოძრავ“ საზღვრად, როგორც ეს ამას წინათ დადასტურდა: რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის ნიშნულები სტრატეგიულ ნავთობსადენთან ახლოს დადგეს.
რუსების ასეთი მოქმედება უპასუხოდ მანამდე დარჩება, სანამ საქართველოს საკმარისი სამხედრო რესურსები არ ექნება საკუთარი ტერიტორიაზე თავისი უფლებების აღსადგენად.
«Незавсисимая газета» (რუსეთი), 7 აგვისტო, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-08-07/2_gruzia.html
მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე თბილისმა უარი თქვა: საქართველომ ვერ გაბედა რუსული ბაზრის მეორედ დაკარგვა
სტატიაში გადმოცემულია სიტუაცია, რომელიც ეხება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციებისადმი საქართველოს დამოკიდებულებას: რატომ და რომელ ნაწილში შეუერთდა თავის დროზე საქართველო ევროკავშირის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს, რატომ მოხდა ამ საკითხის გააქტიურება ამჟამად და როგორია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ამ საკითხზე (ავტორი – იური როქსი).
„დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს საქართველო არ მიერთებია და არც აპირებს ამის გაკეთებას. ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს და ხაზი გაუსვა, რომ სიტუაციის განვითარებაზე პირად პასუხისმგებლობას ღებულობს.. ასეთია ქართული ხელისუფლების რეაქცია რუსეთის სავარაუდო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქართული იმპორტის ხელახალ შეზღუდვას ეხება“, – ნატქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სანქციებთან დაკავშირებული მოვლენები: ევროკავშირის პრეს-რელიზი, რომლის თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შეუერთდაო ანტირუსულ სანქციებს; საქართველოს ხელისუფლების განმარტება, რომ ეს სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს დაწესდა და მას საქართველო მხოლოდ ერთ ნაწილში მიუერთდა (ყირიმში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვაში) და რომ ამის გამო რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა საპასუხო ნაბიჯის მომზადება დაავალა შესაბამის სტრუქტურებს…
„მოსკოვის რეაქცია მომენტალური აღმოჩნდა: ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბრძანება ოპერატიულად შესრულდა. ორი დღის შემდეგ ჯერ „როსპოტრებნადზორ“-მა, შემდეგ კი „როსსელხოზნადზორ“-მა უკმაყოფილება გამოხატეს ქართული პროდუქციის „დაბალი“ ხარისხის გამო. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებში აღნიშნულია, რომ „საქართველო სისტემატურად არღვევს პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიას და ხარისხს, ქვეყნის სახელმწიფო ორგანოები კი ასეთ სიტუაციას ყურადღებას არ აქცევენ“.
ქართული მხარე უკიდურესად გაოცებული დარჩა: ოფიციოზი აცხადებს, რომ თავის დროზე, როცა ანტირუსული სანქციები დაწესდა, თბილისმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან ეკონომიკური დაპირისპირებისაგან თავს შეიკავებდა და ეს დასავლეთმა დადებითად მიიღო. თუმცა ოპოზიციას რა გააჩერებდა – სანამ საქართველოს ხელისუფლების მაღალ ესელონებში სიტუაციას არკვევდნენ, „ნაციონალებმა“ ბიძინა ივანიშვილი „მოსახლეობის შეგნებულ მოტყუებაში“ დაადანაშაულეს: „რუსეთთან ურთიერთობა ვითარდებაო, ვაჭრობა მატულობსო, ხალხმა ეს ყველაფერი დაიჯერა და ვენახები გააფართოვა, ფული დახარჯა, ახლა კი გამოდის, რომ რუსეთი ისევ უარს ამბობს ჩვენს პროდუქციაზე. გლეხების გაკოტრების საფრთხეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა გიგა ბიკერიამ. სიტუაციას ცოტა ნათელი მოეფინა პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ ბაშიძის განმარტების შემდეგ, რომლის თქმით, საქართველო ევროკავშირის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს მხოლოდ ყირიმის ნაწუილში შეუერთდა. სხვაგვარად არც გამოვიდოდა, რადგან ჩვენს მსგვასი სიტუაცია გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით – ჩვენც ხომ იგივეს ვითხოვთ, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა სოხუმელ და ცხინვალელ სეპარატისტებთან არ ივაჭრონ“.
პრემიერ-მინისტრმაც თავისი სიტყვა თქვა: „პირადად მე რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ამ პოზიციაზე ვარ. რასაკვირველია, ჩვენ რუსეთის მხარის შენიშვნებს შევისწავლით პროდუქციის ხარისხის თაობაზე, მაგრამ ამასთან ვაცხადებ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების მიმართ არ შეიცვლება: ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ ერთს – ყირიმული ნაწარმის აკრძალვას. ჩვენს მოქმედებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვღებულობ“. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის საჭიროა რუსეთთან უკვე მიღწეული ურთიერთობის შენარჩუნება და რომ სიტუაციას შიდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალები ამწვავებენ. „რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულების მთავარი პრობლემები აფხაზეთი და სამაჩაბლოა, დანარჩენ საკითხებში კი ჩვენ თანმიმდევრულები ვართ“.
ქართული მხარის შეფიქრიანება სრულიად გასაგებია: მიმდინარე წელს რუსეთის ბაზარზე თავისი პროდუქცია საქართველოს 45-მა საწარმომ გაიტანა. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი, მართალია, 35 ქვეყანაში წარმოებს, მაგრამ გასაღების მაინც უპირველეს ბაზრად რუსეთი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ რუბლის გაუფასურების გამო ვაჭრობის მოცულობა 59%-ითაა შემცირებული. მოკლედ, საქართველოს წინაშე საფრთხე დადგა, რომ ვაჭრობის დონე კიდევ უფრო დაიკლებს. რა იქნება შემდეგ? ვნახოთ. თბილისმა თავისი სიტყვა თქვა, ახლა ჯერი მოსკოვზეა.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 7 აგვისტო, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2783426
ინვესტორები ქართული ქსელებიდან გადიან
ჩეხურ „ენერგო-პრო“-ს საქართველოს უდიდესი ელექტროკომპანიის გაყიდვა სურს
სტატიაში საუბარია ჩეხური კომპანია „ენერგო-პროს“ შესახებ, რომელიც, სხვადასხვა წყაროების თანახმად, თავისი შვილობილი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განკარგვას გეგმავს და პოტენციურ მყიდველს ეძებს (ავტორი – გიორგი დვალი და ვლადიმირ ძაგუტო).
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოს ელექტროგამანაწილებელი ქსელის 75%-ს და რამდენიმე ელექტროსადგურს ფლობს. უცხოელი ინვესტორები უკმაყოფილონი არიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათი თხოვნა სრულად არ დააკმაყოფილა და ტარიფები მხოლოდ უმნიშვნელოდ გაზარდა. ამასთან, ქართველები შიშობენ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რუსული „ინტერ რაო“ იყიდის (რომელსაც „თელასი“ ეკუთვნის) და ამით ქვეყნის ენეროობიექტების უმრავლესობა მის ხელში აღმოჩნდება. თუმცა, როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, ჩეხური კომპანიის შვილობილი შეიძლება ადგილობრივმა ბიზნესმენებმა იყიდონ.
საერთოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გაყიდვის თაობაზე ინფორმაცია პირველმა რომან გიოცირიზემ (საქართველოს ეროვნული ნაბკის ექს-ხელმძღვანელმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა) გაავრცელა. მისი თქმით, „თუ მართლაც ასე მოხდება, ეს კატასტროფა იქნება, რადგან ჩვენი ენერგეტიკის 100% რუსეთის ხელში აღმოჩნდებაო“.
ქართველი ექსპერტები ეჭვობენ, რომ ჩეხურმა კომპანიამ საქართველოდან წასვლა უკვე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, ხოლო უკმაყოფილება ტარიფების უმნიშვნელო გაზრდის გამო მხოლოდ საბაბია: „როგორც ჩანს, ისინი ტარიფების მაქსიმალურად მომატებას მხოლოდ იმ მიზნით ითხოვდნენ, კომპანია პოტენციური მყიდველისათვის უფრო მიმზიდველად გადაექციათ“, – ამბობს პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი. სიტუაცია 2003 წლის ისტორიას მოგვაგონებს, როცა რუსი ენერგეტიკოსები ქართულ ბაზარზე შემოვიდნენ: სწორედ იმ დროს განაცხადა ამერიკულმა კომპანია „ეი-ეს“- მა (AES) პრობლემები შემექმნაო და თბილისის ელექტროგანამაწილებელი კომპანია „თელასი“ რუსულ ენერგეტიკულ გიგანტს, სააქციო საზოგადოება „ერთიან ენერგოსისტემას (РАО «ЕЭС России») 25 მილიონ დოლარად მიჰყიდა.