globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 7th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): იმპულსი რეგიონულ პარტნიორობას // თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება დაგეგმეს

«Новое время» (აზერბაიჯანი): „სამმხრივი კავშირი“ სიცოცხლისუნარიანია? // ნატოსა და ევროკავშირის მიმართ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის პოზიციების სხვადასხვაობა ამა თუ იმ დონით ყოველთვის გამოჩნდება

«Российская газета» (რუსეთი): ბასური ფასეულობები // ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან: „მე ზარმაციც ვარ და იმავდროულად მოაზროვნეც“ // „მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“ // „ჩემი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხიდების აგებასაც ემსახურება“

«КП в Украине» (უკრაინა): უკანასკნელი გაფრთხილება მიხოს: იუსტიციის სამინისტრო ექსტრადიციაზე მიანიშნებს

—————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 07 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

იმპულსი რეგიონულ პარტნიორობას

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება დაგეგმეს

სტატიაში მიმოხილულია ბაქოში 6 სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგები, რომელშიც თურქეთის, აზერბიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები – მევლიუთ ჩავუშოღლუ, ელმარ მამედიაროვი და მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობდნენ (ავტორი – გოშარ ალიევი).

როგორც სტატიაში აღნიშნული, „ბაქოში სამი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს უკვე მეექვსედ შეხვდნენ. შეხვედრებს საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა, როცა ისინი თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში პირველად შეიკრიბნენ და დეკლარაცია მიიღეს ეკონომიკის, ენერგეტიკის ტრანსპორტისა და კულტურის დარგებში თანამშრომლობის შესახებ“. პუბლიკაციაში გადმოცემულია მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე გაჟღერებული განცხადებები.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა აღნიშნა, სამი ქვეყნის მინისტრებმა მოილაპარაკეს შეიმუშაონ მომავალი თანამშრომლობის „საგზაო რუკა“, ასევე მოამზადონ უმაღლესი დონის სამიტის ჩატარება. მინისტრმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის თაობაზეც და განაცხადა, რომ ამ სატრანსპორტო მაგისტრალის ექსპლოატაცია მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, რაც დიდ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს მასში მონაწილე ქვეყნებს. ელმარ მამედიაროვმა მოუწოდა ანკარას და თბილისს გააფართოვონ ძალისხმევა კონფლიქტების მოგვარების საკითხში: „სამივე ქვეყნის მიდგომა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპისადმი ერთნაირია. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთგულნი ვართ იმისა, რომ კონფლიქტები დიპლომატიური გზებით მოგვარდეს. კარგია, რომ ეს საკითხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში იხილება. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობაც ამ მიმართულებით უნდა გაღღმავდეს, საჭიროა მეტი ძალისხმევა სუამ-ის მხრიდანაც“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლიუთ ჩავუშოღლუმ ყურადღება დაუთმო სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. მან, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგის მსგავსად, ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თაობაზე და განაცხადა, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საბაჟო, ლოჯისტიკის და სხვა საკითხების მოგვარებას. მევლიუთ ჩავუშოღლუ დაეთანხმა ელმარ მამედიაროვის განცხადებას და თქვა, რომ თურქეთიც ასევე ერთგულია ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და რომ ყველაფერს გააკეთებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის, საერეთაშორისო შუამავლების როლის გაზრდის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა (ვიცე-პრემიერმა) მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ თბილისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ დონეზე: „რეგიონული პროექტების გეოგრაფია სულ უფრო მეტად ფართოვდება. შესაბამისად, მათ დიდი წვლილი შეაქვთ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაშიც“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის მტკიცე განზრახვას კონფლიქტების მოგვარების თაობაზე მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის ჩარჩოებში.

ბაქოს სამმხრივი შეხვედრისას მიღებული იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მინისტრები კვლავაც გააგრძელებენ ინტენსიურ დიალოგს რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალი სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 07 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w104498/…/#.WbC7SYqQzs0

„სამმხრივი კავშირი“ სიცოცხლისუნარიანია?

ნატო-ევროკავშირის მიმართ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის პოზიციების სხვადასხვაობა ამა თუ იმ დონით ყოველთვის გამოჩნდება

ა.შახვერდიევი

მსოფლიოში გაუარესებული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე რეგიონული კავშირების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს სწორი მიდგომა, რადგან თანამედროვე გამოწვევების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ერთად შედარებით იოლია და ეკონომიკური თანამშრომლობაც მომგებიანია. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ლიდერებიც მეტ-ნაკლებად ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ. დრომ გვაჩვენა, რომ „სამმხრივი ღერძი“, რომელშიც ეს ქვეყნები შედიან, სიცოცხლისუნარიანია და მას სამივე ქვეყნისათვის პოლიტიკურ-ეკონომიკური დივიდენდები მოაქვს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ბაქოში ექვს სექტემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრა უკვე მეექვსეა ტრაპიზონის (2012 წლის 8 ივნისი), ბათუმის (2013 წლის 28 მარტი), განჯის (2014 წლის 19 თებერვალი და 10 დეკემბერი) და ბოლოს – თბილისის (2016 წლის 19 თებერვალი) შეხვედრის შემდეგ. გუშინ კი, ბაქოში მინისტრებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს და 2017-2019 წლებში მუშაობის გეგმა დაამტკიცეს.

ბუნებრივია, გეგმა სამმხრივ ფორმატში ურთიერთობის განმტკიცებისკენაა მიმართული. ჩვენს რეგიონში ვითარება თითქმის ყოველდღიურად იცვლება და ამიტომ გადაწყვეტილება, როგორც იტყვიან, სწრაფად და მოვლენების კვალდაკვალ უნდა იქნეს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს მსგავსი ტერიტორიული პრობლემები აქვთ, ერთმანეთისადმი მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე ზედმეტი არასოდეს არ იქნება.. სხვათა შორის, ეს ასეც ხდება და ბაქოში აღინიშნა კიდეც ორი მეზობლის ერთმანეთისადმი სოლიდარული მოქმედება.

მაგრამ „სამმხრივი კავშირის“ ყველა პლუსთან ერთად არ შეიძლება არაფერი არ ვთქვათ „მედლის მეორე მხარეზეც“, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან, მათ შორის – თურქეთის ურთიერთობასთან დასავლეთის სახელმწიფოებთან. საიდუმლო არაა, რომ ჩვენი მეზობელი საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ოცნებობს და თუ თბილისის ლტოლვას ობიექტურად შევაფასებთ, მას უკრაინაზე მეტი შანსები აქვს ნატოში მიღების საკითხში. ნატოელი გენერლები თბილისის ხშირი სტუმრები გახდნენ, ყოველწლიურად ტარდება ნატოს მანევრები, რაც, თავის მხრივ, მოსკოვის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს. ოფიციალური ბაქო, მართალია, ნატოს სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობს (მაგ. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“) და ალიანსს ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებაშიც დახმარებასაც უწევს, მაგრამ იმავდროულად აზერბაიჯანი, საქართველოსაგან განსხვავებით, ნატოში გაწვრიანებაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს.

თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ალიანსის სამხრეთის ფლანგზე, უფრო სწორედ – ამ ფლანგს ფარავდა. მაგრამ თურქეთისა და ნატოს დღევანდელი ურთიერთობა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ – თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა იდეალურისაგან ძალიან შორსაა. ანკარის მოლაპარაკებები ევროკავშირთან მასში გაწევრიანების შესახებ, რომელიც 2004 წლიდან მიმდინარეობს, როგორც იტყვიან, „ბეწვზე ჰკიდია“ და მათი შეწყვეტა ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ დღეებში სწორედ ეს განაცხადა – მოლაპარაკების შეწყვეტას ვაპირებთო… და თუ გერმანია რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტს, როგორც მას სურს, ისე იქნება, გასაგები მიზეზების გამო.

ანტითურქული ისტერია, რომელიც ევროპულ დედაქალაქებში მიმდინარეობს, არ შეიძლება არ აისახოს ნატო-თურქეთის ურთიერთობაზეც, რომელსაც „უღრუბლოს“ უკვე დიდი ხანია ვერ ვუწოდებთ. თურქეთში მდებარე ნატოს ბაზა „ინჯირლიყი“ ანკარასა და ბრიუსელს შორის განხეთქილების ვაშლად იქცა: ანკარა ბაზის მეთაურობას ბრალს სდებს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაში. ბუნებრივია, გერმანულ-თურქულმა დაპირისპირებამ თავისი ნეგატიური შედეგიც გამოიღო: გერმანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „ინჯირლიყის“ ბაზა დატოვეს. თურქეთსა და ნატოს შორის სიტუაცია ისეა გამწვავებული, რომ ანკარელი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გამოსვლას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ინტეგრირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოსა და ევროკავშირის მიმართ თურქეთ-საქართველო- აზერბაიჯანის პოზიციების სხვადასხვაობა ამა თუ იმ დონით ყოველთვის გამოჩნდება.

რაც შეეხება კონკრეტულად აზერბაიჯანს: რასაკვირველია, ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია არ გაითვალისწინოს რეგიონის ქვეყნებისა და განსაკუთრებით ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეების  ინტერესები. როგორც ჩანს, სამმხრივი ალიანსის შემდგომი პერსპექტივაც ამ კუთხით უნდა იყოს განხილული. ასეთი მიდგომა სასარგებლო იქნება როგორც ბაქოსათვის, ასევე თვით სამმხრივ კავშირისათვისაც.

«Российская газета» (რუსეთი), 07 სექტემბერი, 2017 წელი

https://rg.ru/2017/09/06/reg-szfo/pevec-paata-burchuladze-ia-lenivyj-ia-myslitel.html

ბასური ფასეულობები

ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან: მე ზარმაციც ვარ და იმავდროულად მოაზროვნეც“ // „მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“ // „ჩემი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხიდების აგებასაც ემსახურება“

ვრცელ ინტერვიუში მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი (ბასი) პაატა ბურჭულაძე საუბრობს თავის შემოქმედებით გეგმებზე რუსეთის მიხაილოვის თეატრის (ყოფილი მ.მუსორგსკის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის) დასში და იმ სპექტაკლებზე, რომლებშიც იგი მიიღებს მონაწილეობას. პაატა ბურჭულაძე განმარტავს იმასაც, თუ რატომ დათანხმდა რუსული თეატრის შეთავაზებას. იგი ეხება აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც… (ესაუბრება ჟურანალისტი მარია ბაბალოვა).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

——–

„თეატრის საოპერო ჯგუფის ხელმძღვანელობა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმა შემომთავაზა. მე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, მრავალჯერ ავწონ-დავწონე „ჰო“ და „არა, ბოლოს კი გავრისკე. შესაძლოა, ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ ვცხოვრობდი ერთ მუდმივ ადგილზე, თუმცა მე ბინები თბილისშიც მაქვს და ბერლინშიც. ახლა მთავარი ისაა, რომ მე ნამდვილად ვიქნები კარგ ვოკალურ ფორმაში, ხშირად გამოვალ სცენაზე. მე საოპერო ჯგუფის „მოთამაშე მწრთვნელი“ ვარ და არავიტარ შემთხვევაში „საქორწინო გენერალი“.

(…)

„ჯერ-ჯერობით ჩემი კონტრაქტი სამწლიანი იქნება. ვფიქრობ, ეს ნორმალური ვადაა იმისათვის, ღირს თუ არა შემდგომ თანამშრომლობის გაგრძელება“.

(…)

[ჩემს კარიერაში] ბევრი რამ გავაკეთე, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა… ხელი შემიშალა იმან, რომ მე ზარმაცი ვარ და იმავდროულად მოაზროვნე. განსაკუთრებით კარგად ვფქირობ მაშინ, როცა ტელევიზორს ვუყურებ. თვალწინ რაღაც კადრები კრთება, მე ჩემთვის ვფიქრობ, გეგმებს ვაწყობ“.

(…)

- არ გეშინიათ თქვენი ქართველი კოლეგების კრიტიკისა იმის გამო, რომ რუსულ თეატრთან თანამშრომლობთ?

- მე პირიქით მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ეს არის ყველა ჩვენთაგანისთვის საჭირო მცდელობა – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ხიდების აგების მიზნით. მე ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერრს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება ამ სიტუაციაში ჩართული მხარეების ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილების წყალობით. ამაში დარწმუნებული ვარ, კურთხევაც მაქვს მიღებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისაგან. იგი ძალიან მზრუნველი ადამიანია და მართლმადიდებელი ხალხების მეგობრობას უფრთხილდება. იგი ყველას მუდმივად მოუწოდებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

«КП в Украине» (უკრაინა), 06 სექტემბერი, 2017 წელი

http://kp.ua/politics/585510-poslednee-preduprezhdenye-dlia-mykho-mynuist-namekaet-na-ekstradytsyui

უკანასკნელი გაფრთხილება მიხოს: იუსტიციის სამინისტრო ექსტრადიციაზე მიანიშნებს

ვალერია ჩეპურკო

პოპულარულ საპნის ოპერაში „მძიმე გზა შინისაკენ“ ახალი სერია გამოჩნდა: უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა გამოაცხადა, რომ თბილისმა კიევისაგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოითხოვაო. უფრო მეტიც – თურმე უკვე დაწყებულია მზადება ამ პროცედურისათვის!

მხოლოდ ორი დღე

როცა უკრაინის ხელისუფლება და მიხო ერთმანეთში კარგად იყვნენ და „ერთი ჯამიდან ჭამდნენ“, უკრაინამ ორჯერ უთხრა უარი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე. როცა პოლიტიკური უთანხმოება სკანდალად გადაიქცა, ჰაერში მიხოს შესაძლო დაკავების სუნი დატრიალდა… ახლა კი საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაჭერის ვარაუდებმა აშკარა კონტურები შეიძინა – იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილიო. ამ მონაცემების შემოწმება უკვე მიმდინარეობს. როგორც ინტერპოლის უკრაინის ბიუროს ექს-ხელმძღვანელმა კირილ კულიკოვმა განმარტა, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა: „მოწმდება გარე ფაქტორები – ხომ არ ემუქრება ადამიანს წამება ან სიკვდილით დასჯა, სწორადაა თუ არა გაფორმებული ექსტრადიციის დოკუმენტები, რაიმე აშკარა ნიშნები ხომ არაა პოლიტიკური დევნის თაობაზე და ა.შ. ყველაფერს მხოლოდ ორი დღე დაჭირდება“.

„ვალდებულები ვართ გადავცეთ, გინდაც მიხო მარსიელი იყოს“

ალბათ, უკრაინის გენერალური პროკურატურა დროში ჩაეტევა და ყველა ფორმალობას 10 სექტემბრამდე მოაგვარებს, მით უმეტეს, რომ საქართველო შეეცადა და ჩვენს პროკურორებს საქმე მაქსიმალურად გაუიოლა. იქაურმა პროკურატურამ ჩვენსას გარანტია მისცა, რომ მიხოს ექსტრადირების მოთხოვნას მიზნად არ აქვს პოლიტიკური დევნა, რომ ექს-პრეზიდენტი არ იქნება პასუხგებაში მიცემული იმ ბრალდებით, რომელიც მოთხოვნაში არაა დაფიქსირებულია, რომ იგი არ იქნება გადაცემული მესამე ქვეყნისათვის და რომ მიხოს მიმართ დაცული იქნება ყველა დემოკრატიული პრინციპი.

ბევრმა იცის, რომ თავის დროზე ინტერპოლმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის ძებნის დაწყებაზე. თუმცა არის ერთი „მაგრამ“: უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს შეთანხმება ერთმანეთისათვის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. „მოგვწონს თუ არ მოგვწონს მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი ქვეყანა ვალდებულია ამ შეთანხმების პირობები შეასრულოს, მათ შორის ექტრადიციის თაობაზეც“, – ამბობს კირილ კულიკოვი. ექსპერტის თქმით, ის ფაქტი, რომ მიხოს უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, არავითარ როლს არ ასრულებს: „თუ ექსტრადირების მოთხოვნა უკვე არის და დოკუმენტების შემოწმებაც წარმატებით განხორციელდა, მიხეილ სააკაშვილი მარსიელიც რომ იყოს, როგორც კი იგი ათ სექტემბერს უკრაინის საზღვარს ფეხს დაადგამს, მაინც უნდა დააკავონ და საქართველოსათვის მისი გადაცემის პროცედურა დაიწყონ“.

ნეგატიური რეზონანსი

დავუშვათ, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. როგორ განვითარდება პროცესი? იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა მოათავსონ. სასამართლო ვალდებულია სამი დღის განმავლობაში გადაწყვიტოს – მიუსაჯოს ექს-პრეზიდენტს საექსტრადიციო პატიმრობა თუ გაათავისუფლოს. ეს ჩვეულებრივი წესია და კანონითაა გათვალისწინებული, როცა დაკავებული სხვა ქვეყანას უნდა გადაეცეს. თუ სასამართლო მას პატიმრობა მიუსჯის, მაშინ მიხოს საგამოძიები იზოლატორში („სიზო“-ში) ჩააჯენენ. მას ექნება უფლება გაასაჩივროს როგორც ექსტრადირება, ასევე პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანებულებაც.

ოჰოოო… შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ გააქტიურდებიან მიხოს თაყვანისმცემლები ციხის კედლებთან!!! უკრაინის პოლიტიკის ინსიტუტის დირექტორი კონსტანტინე ბონდარენკო არ გამორიცხავს ძალისმიერ შეტაკებებსაც: „მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხოს ბოლო „ჩინური გაფრთხილება“ მისცა: არ შემოხვიდე უკრაინაში! ცხადია, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსის სხვა ქვეყნისადმი გადაცემა საზოგადოებაში ყოველთვის ნეგატიურ რეზონანს იწვევს და სახელმწიფოს რეპუტაციას ზიანს აყენებს. ასე იყო 2006 წელს, როცა უკრაინამ 11 ოპოზიციონერი უზბეკი დააკავა და მათგან ათი ისლამ ქარიმოვის რეჟიმს გადასცა“, – ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შემოსვლის ასაკრძალავად რაიმე აშკარა საბაბი არ არსებობს.

„ჩვენთან მოქალაქეობის არმქონე პირებსაც კი თავისუფლად ცხოვრება შეუძლიათ, – ამბობს კონსტანტინე ბონდარენკო, – არ გამოვრიცხავ, რომ საქმე ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით გადაწყდეს: მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, მიიყვანენ საემიგრაციო სამსახურში და იქ რაღაც ცნობას მისცემენ“.

Comments are closed