globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 7th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართული ოპოზიცია ახალ რევოლუციას ელოდება // მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მთავრობის დაუყონებლივი გადადგომა მოითხოვეს

«Незавсимая газета» (რუსეთი): ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა მზადდება? // ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, რომ „წავიდეს“, მაგრამ გაუგებარია, საიდან და საით

«Radio Deutsche Welle» (გერმანია): ქართველმა და რუმინელმა დამნაშავეებმა გერმანელი პოლიციელები გააოცეს: რით აიხსნება „ქართული ფენომენი“?

————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 7 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2826520

ქართული ოპოზიცია ახალ რევოლუციას ელოდება

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მთავრობის დაუყონებლივი გადადგომა მოითხოვეს

თბილისში, ბიძინა ივანიშვილის „მინის სასახლესთან“, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგი ჩატარდა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა პირველად გააჟღერეს მოთხოვნა მთავრობის გადადომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

„ნაციონალთა“ ხმაურიან ღონისძიებაში დაახლოებით 1000 მხარდამჭერი მონაწილეობდა. „მინის სასახლესთან“ (ასე უწოდებენ ქართველი მილიარდერის ფუტურისტული სტილით აგებულ რეზიდენციას) მათ ასობით პოლიციელი ელოდე-ბოდათ, რომლებმაც მომიტინგეებს ტყვიაგაუმტარ ჭიშკართან მისასვლელი გზა გადაუღობეს. „თუ საჭირო გახდება, მას ჩვენ არც გამოვუშვებთ და არც შევუშვებთ“, – ასე დაპირდა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც, სხვების მსგავსად, ხელში პარტიული დროშა და „რუსთავი-2“-ის ლოგოტიპიანი პლაკატი ეჭირა.

როგორც „კომერსანტის“ კორესპონდენტს „ნაციონალთა“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, „ჩვენს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ფორმალურადაა, ყველაფერს ეს რუსი ოლიგარქი წყვეტს“. ასე განმარტა მან ის მიზეზი, თუ რატომ გადაწყდა მიტინგის ჩატარება ბიზნესმენისა და მეცენატის სახლთან, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს დაკავებული. „ჩვენ ორი მთავარი მიზანი გვაქვს: სიტყვის თავისუფლები დაცვა და უკანონოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება“, – განაცხადა უფლებადამცველმა ნინია კაკაბაძემ. საერთოდ კი, მიტინგის გამართვის კონკრეტული საბაბი გახდა ქალაქ ქუთაისის სასამართლოს მიერ  „ნაციონალი“ აქტივისტების მიმართ გამოტანილი განაჩენი (სამთვიანი პატიმრობა), რომლებიც სამ ოქტომბერს პარლამენტის წინ ჩატარებულ აქციაში მონაწილეობდნენ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ინტერესების მხარდასჭერად. პროკურატურის მტკიცებით, მათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მიმოხილულია მიტინგის მონაწილეთა თვალსაზრისები: გივი თარგამაძის პოზიცია („ჩვენ ვართ შერჩევითი მართლმსაჯულების მომსწრე, როცა დეპუტატის პიჯაკის დახევის გამო ახალგაზრდებს აპატიმრებენ“), დავით დარჩიაშვილის განცხადება („ქვეყანა უფსკრულისაკენ -ბიძინა ივანიშვილის დიქტატურისაკენ მიექანება, რომელიც მხოლოდ რუსების ხიშტების დახმარებით ინარჩუნებს მდგომარეობას“); გოკა გაბაშვილის გაფრთხილება („ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა საქართველოს პროდასავლურ კურსიდან გადაახვევინებს“); სერგო რატიანის მოწოდება „ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალისადმი“, რომ „ერთობლივად ვაიძულოთ გადადგომა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და მივაღწიოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას“.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები „ნაციონალების“ მოწოდებას სკეპტიკურად შეხვდნენ: „ჩვენ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

ხელისუფლებას „მინის სასახლესთან“ გამართული აქციის მიმართ მაინცდამაინც მკაცრი რეაგირება არ მოუხდენია – მართალია, მომიტინგეებმა კანონი დაარღვიეს, მაგრამ პოლიციელებს არავინ არ დაუკავებიათ. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ეს არ მოხდება, რადგან მორიგ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. ამასთან, როგორც ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, თუ „ნაციონალებს „ვადამდელი არჩევნების“ ნაცვლად „ვადამდელი დესტაბილიზაცია“ აქვთ დაგეგმილი, მაშინ ორგანიზატორები ძალიან მალე ციხეში აღმოჩნდებიან, თანაპარტიელების გვერდით“.

„მოსახლეობა ამ მოწოდებას მხარს არ დაუჭერს, რადგან პარლამენტის არჩევამდე მხოლოდ ერი წელიღა დარჩა, – ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საიბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, – ასე რომ, საეჭვოა მიხეილ სააკაშვილმა და მის გუნდმა სიტუაციის შესაცვლელად მხარდამჭერთა კრიტიკული რაოდენობა მოაგროვოს“.

«Незавсимая газета» (რუსეთი), 7 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-10-07/7_gruzia.html

ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა მზადდება?

ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, რომ „წავიდეს“, მაგრამ გაუგებარია, საიდან და საით

„მაშინ როცა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ მიტინგზე მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისათვის მშვიდი მუშაობა და „უკანონოდ“ დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა, საქართველოს უშიშროების უწყების ყოფილი ხელმძღვანელმა ტელეარხ „იმედის“ ეთერით ირაკლი ბათიაშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა – „ნაციონალები“ მის წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებენ, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“ (ავტორი – იური როქსი).

„მე ეს ინფორმაცია საიმედო წყაროსაგან მივიღე, რომელთანაც ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როცა ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურას ვხელმძღვანელობდი“, – აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა, – საზღვარგარეთ წასული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სერიოზულად ემზადებიან ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისათვის, დაგეგმილია ტერორისტული აქტის მოწყობა“. მისი თქმით, საქართველოში ამ მიზნით სპეცჯგუფი უკვე ჩამოსულია. როგორ ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, ივანიშვილის ლიკვიდირება დესტაბილიზებას გამოიწვევს, რაც ასე ძალიან სურთ „ნაციონალებს“ მთავრობის დასამხობად.

გასაგებია, რომ რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიისათვის ბიძინა ივანიშვილი რეალურ ბარიერს და ხელშემშლელ ფიგურას წარმოადგენს, მაგრამ რატომ ჰქონდათ აქციის მონაწილეებს ლოზუნგი წარწერით – „წადი“? სად უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი? მას ხომ არავითარი თანამდებობა არ აქვს დაკავებული? რასაკვირველია, იგი მართლაც ახდენს გავლენას ხელისუფლებაზე, რომელიც თავის დროზე თვითონვე შექმნა. ამბობენ, რომ არცერთი საკითხი მისი თანხმობისა და მასთან კონსულტაციის გარეშე არ წყდებაო, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მხოლოდ „ამბობენ“. თვითონ ივანიშვილი არ უარყოფს, რომ მთავრობის წევრებთან კონტაქტები აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მისი ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც შეზღუდულია… თუმცა, ვინ იცის…

დავუბრუნდეთ „ნაციონალების“ მიტინგის პერიპეტიებს, რომელზეც ჩანდა ლოზუნგები მოწოდებით „წადი“, „არა – შერჩევით მართლმსაჯულებას“ და ასე შემდეგ. სიტყვით გამოვიდნენ გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, აკაკი მინაშვილი… ამ უკანასკნელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს „რუსთავი-2“-ის საკითხთან მიმართებთ მკაფიო პოზიციის გამოხატვისაკენ მოუწოდა: „თქვენ საქართველოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი ბრძანდებით და ამიტომ ვალდებული ხართ სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოთ“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას სიტყვის თავისუფლების დაცვის საკითხში, როგორც ჩანს, სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ – ისინიც, კი, რომლებიც ცოტა ხნის წინათ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდნენ და „ნაციონალებს“ ოპოზიციაში ედგნენ. მაგალითად, თავისუფალი დემოკრატები“, რომლებმაც „ახალ მემარჯვენეებთან“ ერთად მხარი დაუჭირეს „ნაციონალთა“ მიმართვას უცხოეთის სახელმწიფოების ელჩებისადმი. მიმართვაში გამოთქმულია თხოვნა, რომ უცხოელმა დიპლომატებმა თავიანთი დადებითი პოზიცია  გამოხატონ თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის შენარჩუნებაში, რომლის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა დიდ ზეწოლას ახდენს“. ჯერ-ჯერობით ხელისუფლებას და თვით ბიძინა ივანიშვილს მომხდარზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენია.

«Radio Deutsche Welle» (გერმანია), 7 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.dw.com/ru/преступники-из-грузии-и-румынии-озадачили-полицию-фрг/a-18764572

ქართველმა და რუმინელმა დამნაშავეებმა გერმანელი პოლიციელები გააოცეს: რით აიხსნება „ქართული ფენომენი“?

გერმანული რადიოსადგურის „დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) მიერ გუშინ საღამოს ეთერში გადაცემულ სიუჟეტში, რომელშიც დამნაშავეობის პრობლემა იყო გაშუქებული (ავტორი – ნიკიტა ჟოლკვერი), ყურადღება დაეთმო ამ საკითხის მრავალსპექტიან განხილვას და აღინიშნა, რომ დამნაშავეობა გერმანიაში საშიშ საერთაშორისო მასშტაბებს იღებს: ისეთ ბანალურ დანაშაულებშიც კი, როგორებიცაა სატელეფონო აფერისტობა, ავტომობილების გატაცება, მაღაზიების გაქურდვა და ბინების ძარცვა, მონაწილეობენ ის კრიმინალური სინდიკატები, რომელტა ცენტრები საზღვარგარეთ არსებობს, მათ შორის რუმინეთსა და საქართველოში. ამას მოწმობს 2014 წლის საპოლიციო სტატისტიკა, რომელიც ექვს ოქტომბერს ბერლინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გერმანიის სინაგან საქმეთა მინისტრმა თომას მეზერმა და სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ჰოლგერ მიუნხმა წარუდგინეს ჟურნალისტებს. მინისტრის თქმით, ორგანიზებულ დანაშაულში სულ უფრო მეტი უცხოელი მონაწილეობს, საკუთრივ გერმანელების წილი მხოლოდ 36%-ია. მინისტრმა აღნიშნა, რომ უცხოელებიდან გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს სჩადიან რუმინელები და ქართველები – მათი წილი დანაშაულის საერთო რაოდენობაში ბოლო დროს შესაბამისად 216% და 203%-ით გაიზარდა.

რუმინელთა წილი მეტ-ნაკლებად გასაგებია – ეს ქვეყანა, გერმანიასთან ერთად, ევროკავშირის წევრია, მაგრამ რატომ შორეული საქართველო? როგორც პრეს-კონფერენციაზე აღინიშნა, გერმანელი სამართალდამცველებისათვის ეს ფაქტი სიურპრიზად იქცა.  როგორც ჰელგარ მიუნხმა განუცხადა „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტს, გერმანელი სამართალდამცველები გასულ წელს დაახლოებით 300 დაკავებული ქართველის საქმეს იძიებდნენ. იგი კრიმინალური სტატისტიკის „ქართულ ფენომენს“ იმით ხსნის, რომ ბოლო წლებში ექვჯერ გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც გერმანიის ხელისუფლებს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის თხოვნით მიმართავს.

„რასაკვირველია, პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის შანსი ნულის ტოლია, – ამბობს ჰელგარ მიუნხი, – მაგრამ იმ რამდენიმე თვეს, რომელიც განცხადების განხილვისთვისაა საჭირო და რომლის განმავლობაში მოქალაქე გერმანიის ტერიტორიაზე იმყოფება, კრიმინალური ჯგუფები დანაშაულის ჩასადენად იყენებენ, კერძოდ, ძარცვავენ ბინებს, ქურდობენ მაღაზიებში და სხვა“.

დიდი მანძილის მიუხედავად, თავიანთ ნაქურდალს დამნაშავეები საკმაოდ ხშირად საავტომობილო-სარკინიგზო კონტეინერებით საზღვარგარეთ არსებულ გამანაწილებელ ცენტრებში გზავნიან გადამყიდველებისათვის. „შექმნილია დახვეწილი ლოჯისტიკა, რაც იმას ადასტურებს, რომ ამ დანაშაულებათა უკან ორგანიზებული კრიმინალური სტრუქტურები დგანან“, – ამბობს ჰელგარ მიუნხი.

რაც შეეხება ავტომანქანების შეკვეთილ გატაცებებს, ამ დანასაულებრივ ბიზნესში ლიტველებს ბადალი არ ჰყავთ: „ავტომანქანები ლიტვაში გადააქვთ, იქიდან კი აღმოსავლეთით, [რუსეთში], – განაცხადა თომას მეზერმა.

Comments are closed