globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 7th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ისტორია ყარაფილაში: სკოლა თუ ჰიჯაბი? // ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, „თუ სკოლა კრძალავს რელიგიური ხასიათის აქსესუარების ტარებას, ეს აკრძალვა უნდა ეხებოდეს ყველა რელიგიას. მაგალითად, ასევე უნდა იყოს აკრძალული ჯვრის ტარება“

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): რატომ უნდა ლიტვას „გრუზიას“ „საქართველო“-თი შეცვლა? // ვილნიუსი თბილისს სიხარულს ჰგვრის იმით, რომ საქართველოს რუსულ დასახელებას აღარ უწოდებს

«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი): ტურისტული მიმართულების ცვლილების შუქ-ჩრდილები: რატომ ატარებს რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე თავის შვებულებას საქართველოში?

——————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-bill-sweeny/4059816.html

ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა

ია მეურმიშვილი

ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის) პრეზიდენტთან:

- ბატონო ბილ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ყოველწლიური ჯო ბექსტერის ჯილდო წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს გადაეცით. რის საფუძველზე შეარჩიეთ თამარ ჟვანია ამ ჯილდოსთვის?

- ფონდი საქართველოს საარჩევნო კომისიასთან 1999 წლიდან თანამშრომლობს. ბოლო არჩევნებზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით გაუმჯობესება შევნიშნეთ. ეს ქართველი ამომრჩევლის საჭიროებისადმი გაზრდილ ყურადkღებასა და მომსახურებაში გამოიკვეთა. საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშნულებაც სწორედ ეს არის.

- კონკრეტულად რას ნიშნავს ეს, რაში გამოიხატა „გაუმჯობესება, რომელზეც თქვენ საუბრობთ?

- ჩვენ დავინახეთ მეტი ეფექტურობა ამომრჩევლის ვინაობის დადასტურებაში, რიგში მდგომი ადამიანების მომსახურებაში. ჩვენ დავინახეთ იმ მოქალაქეებისადმი ძალიან აქტიური ყურადღება, რომლებიც საარჩევნო პროცესში ისტორიულად ასე ჩართული არ ყოფილან. ეს განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და ეთნიკურ უმცირესობებს ეხება. ჩვენ ასევე დავინახეთ ქალების რაოდენობის შესამჩნევი ზრდა, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ, საარჩევნო უბნის თავმჯდომარეები იყვნენ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო პროცესის ადმინისტრაციის ლიდერები იყვნენ. ვიფიქრეთ, რომ ჩვენი მხრიდან საჯარო სამსახურში ასეთი დიდი მიღწევების აღიარება მნიშვნელოვანი იყო.

- საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი საქართველოსთან, როგორც თქვენ ახსენეთ, 1999 წლიდან საქმიანობს. ამ დროის განმავლობაში ფონდს არაერთ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდა, რომელთაგან ზოგი კარგად ჩატარებული არჩევნები იყო, ზოგიც არა. რას იტყოდით საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ევოლუციის თვალსაზრისით ამ წლების განმავლობაში?

- საქართველოში ცესკო-ს გაზრდილი პროფესიონალიზმით უაღრესად კმაყოფილი ვართ. ეს გამოიხატება იმაში, თუ როგორ აწარმოებენ ისინი საქმიანობას, მის გამჭვირვალობაში, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულების აღებაში, მოსახლეობის იმ ნაწილისადმი ყურადღების მიქცევაში, რომელიც მანამდე საარჩევნო პროცესში ჩართული არ იყო. ამით გადაწყვეტილებების მიღების საქმეში მოქალაქეების პროპორციული და სამართლიანი წარმომადგენლობის გარანტიის მიცემა ხდება.

ჩვენ არჩევნების შეფასებების სხვადასხვა საზომი გვაქვს იმის სანახავად, თუ რამდენად კარგად ჩატარდა არჩევნები, იყო თუ არა პროცესი გამჭვირვალე, ჩათვალეს თუ არა მოქალაქეებმა, ამომრჩევლებმა, ქვეყნის სრული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა არჩევნები სანდოდ და დამაჯერებლად. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ამ მაჩვენებლის აშკარა გაუმჯობესება აჩვენა და დღეს სწორედ ამ მიღწევას აღვნიშნავთ.

- თქვენი აზრით, რა არის ჯერ კიდევ დასახვეწი საქართველოში საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებაში? რა გამოწვევები აქვს ამ მხრივ ცესკო-ს?

- ვფიქრობ ყველა საზოგადოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ის, თუ რამდენად ხელმისაწვდომს გახდი საარჩევნო ინფრასტრუქტურას ყველასთვის. ეს დიდ საჯარო ინვესტიციას მოითხოვს. საქართველოში ბევრი უბანი ეტლში მჯდომი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. საზოგადოებაში ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ეს დიდ გამოწვევად რჩება, რადგან მათ საკუთარ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა ურთულდებათ.

- საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ახალი კონსტიტუცია მიიღო. მისი ერთ-ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემაზე იქონიებს გავლენას. რას ფიქრობთ ამ ცვლილებებზე? თქვენი გადმოსახედიდან, ისინი ქვეყანაში უფრო გამჭვირვალე და უკეთესი არჩევნების ჩატარებას ხელს შეუწყობს?

- ერთი რამ, რასაც იშვიათად ახსენებენ არის ის, რომ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საარჩევნო კანონს თუ ცვლი, ეს არჩევნებამდე, სულ მცირე, ერთი წლით ადრე უნდა გააკეთო, რათა ყველა მონაწილეს, პარტიას, კანდიდატს ინფორმაციაზე თანაბარი წვდომა ჰქონდეს და საარჩევნო კამპანიის შესაბამისად დაგეგმვა შეძლოს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ცესკოს კანონის პროფესიონალურად აღსრულების საშუალება ექნება, რადგან მას დაგეგმვის, საარჩევნო უბნების თანამშრომლების სწავლების და ყველა შესაბამისი საქმის გაკეთების დრო ექნება. ჩემი გადმოსახედიდან ამას ვიტყვი, რომ თუ საქართველო კანონის შეცვლას გადაწყვეტს, კარგია ის, რომ ეს არჩევნებამდე, სულ მცირე, ერთი წლით ადრე ხდება.

- ზოგადად როგორ შეაფასებდით საქართველოში დემოკრატიის ხარისხს არჩევნების ადმინისტრირების მხრივ?

- საქართველოს მოქალაქეებს ყველა საფუძველი აქვთ იმისთვის, რომ გაუღრმავდეთ ნდობა იმ საჯარო მომსახურეების მიმართ, რომელსაც არჩევნები ჰქვია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესაძლებლობების და პროფესიონალიზმის ზრდა აჩვენა. ასევე ჩანს თავდადება მისიის მიმართ, რომ არჩევნებში ხმის მიცემა თითოეული მოქალაქისათვის იყოს შესაძლებელი, ყველა ხმა იქნას მოსმენილი და ყველა ხმა დაითვალოს. ეს ნამდვილად აღსანიშნავი მიღწევაა იმ რეგიონში, სადაც დემოკრატია გარკვეული გამოწვევის წინაშე იდგა. საქართველო ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია.

- თქვენ ხმების დათვლა ახსენეთ. ფონდი ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობს?

- ჩვენ ხმებს ფიზიკურად არ ვითვლით, თუმცა უზრუნველვყოფთ ტრეინინგებს იმ სისტემებზე, რომლებიც ხმების დათვლის დროს გამოიყენება. ასევე ვატარებთ ტრეინინგებს არჩევნებზე დაკვირვების პროცესის ასათვისებლად, რათა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, მედიამ და სხვა ლეგიტიმურმა დამკვირვებლებმა მიმდინარე პროცესზე დაკვირვება შეძლონ.

- როგორ აფასებთ იმას, თუ რამდენად კარგად ჩატარდა არჩევნები, როგორც ადმინისტრირების, ასევე დაკვირვების თვალსაზრისით?

- ჩვენ ვაწარმოებთ არჩევნების აუდიტს და ვატარებთ პროცედურების მთელ წყებას. ერთ-ერთი ასპექტი, რომლითაც ჩვენს ორგანიზაციას საერთაშორისო არენაზე იცნობენ, საარჩევნო დავების იურიდიული გზით გადაწყვეტაში დახმარების გაწევაა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/story-in-karajala/4059789.html

ისტორია ყარაფილაში: სკოლა თუ ჰიჯაბი?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, თუ სკოლა კრძალავს რელიგიური ხასიათის აქსესუარების ტარებას, ეს აკრძალვა უნდა ეხებოდეს ყველა რელიგიას. მაგალითად, ასევე უნდა იყოს აკრძალული ჯვრის ტარება“

ნინო დალაქიშვილი

ნიშნავს თუ არა მრწამსის თავისუფლების უფლების შეზღუდვას სკოლაში რელიგიური აქსესუარით მისვლის აკრძალვა? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა და ის შეიძლება განსხვავებული იყოს იმისდა მიხედვით, რომელ ქვეყანაში ან რომელ რეგიონში ხდება მოქმედება. მაგალითად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 2005 წელს გამოიცა და ცნობილია სახელით „ლეილა საჰინი თურქეთის წინააღმდეგ“, ნათქვამია, რომ ბურსას უნივერსიტეტმა თურქეთში, როდესაც სტუდენტებს თავსაბურავების ტარების უფლება შეუზღუდა, კანონი არ დაურღვევია მრწამსის თავისუფლების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში ორი მოსწავლე გოგონა, რომელიც სკოლაში რელიგიური თავსაბურავით მივიდა, უკან გააბრუნეს. სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა აცხადებს: „გვაქვს შინაგანაწესი, სადაც ერთ–ერთ პუნქტად წერია, რომ მოსწავლეს სკოლის შენობაში ეკრძალება კეპიანი ქუდით, ბენდენით, სათვალით, შარფით და სხვა სახის თავსახვევით გამოცხადება. მე ვფიქრობ, აქ არაფერია რელიგიური და არც დისკრიმინაციის ნიშანი არაა“.

მოსწავლის მამა, რომელიც მომხდარ ფაქტში რელიგიის თავისუფლების უფლების შეზღუდვა დაინახა, ამავდროულად ამბობს, რომ თუ სკოლა წესს არ შეცვლის, შვილს სკოლაში არ გაუშვებს: „დირექტორმა რომ დაინახა ჩემი გოგო ჰიჯაბში, უთხრა, რატომ ხარ ასეო, ვინ ჩაგაცმევინაო, აბა სხვა ვინაა სკოლაში ჰიჯაბითო. ბავშვი შეაშინეს. მე იმას ვიტყვი, რომ თუ ეს წესი არ იქნება მიღებული, ჩვენს შვილებს არ გავუშვებთ სკოლაში“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლის დორექტორის მოსაზრებას იზიარებს. დაირღვა თუ არა სკოლის მოსწავლეების რელიგიის თავისუფლების უფლება, ეს საკითხი შესწავლის საგანს წარმოადგენს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ვისაც მოსწავლის ოჯახმა რელიგიის თავისუფლების უფლების დაცვის მიზნით მიმართა, აცხადებენ, რომ მათ საკითხის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველს მიმართეს, რადგან მიიჩნევენ, რომ მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა დაფიქსირდა, რომელიც სახალხო დამცველის კომპეტენციას წარმოადგენს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ყარაჯალის სკოლის შინაგანაწესი გამოითხოვა, სადაც მართლაც მითითებულია სკოლის დირექტორის მიერ ჩამოთვლილი თავსაბურავების აკრძალვის თაობაზე. გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლის შინაგანაწესში არსებული აკრძალვა მხოლოდ მუსლიმურ თავსაბურავს არ უნდა შეხებოდა. „იმ შემთხვევაში, თუ სკოლა კრძალავს რელიგიური ხასიათის აქსესუარების ტარებას სკოლის შენობაში, ეს აკრძალვა უნდა ეხებოდეს ყველა რელიგიურ მიმდინარეობას. მაგალითად, ასევე უნდა იყოს აკრძალული ჯვრის, სამაჯური–ფკსვნილის, დავითის ვარსკვლავის და სხვათა ტარება, თუ ის გარეშე პირისთვის შესამჩნევი და თვალში მოსახვედრია. ამგვარი აკრძალვა თუ იქნებოდა გაწერილი შინაგანაწესში, ის დაარეგულირებდა ჰიჯაბის საკითხსაც და ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას აღარ ექნებოდა ადგილი“ – ასე განმარტავენ საკითხს საია-ში. „ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როდესაც ერთი რელიგიის სიმბოლოს შეტანა სკოლაში შესაძლებელი და მეორე რელიგიის სიმბოლოს შეტანა სკოლაში მოსწავლეს ეკრძალება, ესაა განსხვავებული მოპყრობა, რასაც არ გააჩნია არანაირი გამართლება“, – ამბობს გიორგი გოცირიძე.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლა თავის შინაგანაწესში აკრძალავდა ყველა რელიგიური აქსესუარის ტარებას, დისკრიმინაციის საკითხი აღარ განიხილებოდა, მაგრამ რაკი თავსაბურავის აკრძალვა მხოლოდ მუსლიმი მრევლის ინტერესს უგულებელყოფს, ამიტომ საქმე დისკრიმინაციის კვალიფიკაციის ქვეშ მოექცა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია აცხადებს: „ეს არ არის ჩვეულებრივი ტანისამოსი, ჩვეულებრივი თავსაბურავი, ეს არის ადამიანის რელიგიის გამოხატვა. ერთის მხრივ, არ შეიძლება ბავშვები ძალადობას ექვემდებარებოდნენ. ჩვენ ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ, ვინმე არ აიძულებდეთ მათ თავსაბურავის ტარებას, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ეს ნამდვილად ბავშვის არჩევანია და მისი გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მას“.

ევროკავშრის ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვაა დაწესებული რელიგიურ სამოსზე ბურქაზე, ზოგან კი ნიქაბზეც. ამ რამდენიმე დღის წინ მსგავსი აკრძალვა ავსტრიაშიც მიიღეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ბურქა სახის ინდენტიფიკაციას შეუძლებელს ხდის, ამიტომ მისი აკრძალვა მოხდა უსაფრთხოების აუცილებლობიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ყარაჯალელი მოსწავლეების საკითხს, რელიგიის თავისუფლების უფლებაზე საბრძოლველად მათმა ოჯახებმა სასამართლოში წასვლაზე უარი განაცხადეს. ამჯერად მხოლოდ სახალხო დამცველი იმსჯელებს არა მრწამსის თავისუფლების უფლების საკითხზე, არამედ იმის შესახებ, ადგილი აქვს თუ არა დისკრიმინაციას მათ მიმართ სკოლაში. მანამდე კი გოგონები სკოლის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან მშობლები უთავსაბურავოდ გადაადგილებას უკრძალავენ.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 06 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.nzz.ch/international/warum-litauen-georgien-umbenennen-will-ld.1319978

რატომ უნდა ლიტვას „გრუზიას“ „საქართველო“-თი შეცვლა

ვილნიუსი თბილისს სიხარულს ჰგვრის იმით, რომ საქართველოს რუსული დასახელებას აღარ უწოდებს

ანდორით ბოი

ისევე როგორც ბევრ სახელმწიფოს საქართველოსაც სახვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირი სახელწოდება აქვს. „საქართველო ანუ ქართველთა ქვეყანა“ – ასე ეძახის უძველესი ქართველი ხალხი თავის სამხრეთკავკასიურ სამშობლოს. სამხრეთელი და აღმოსავლელი მეზობლები მას „ვრასტანს“(სომხეთი) და „გურჯისტანს“ (თურქეთი, აზერბაიჯანი) უწოდებენ. ინგლისურენოვან სახელმწიფოებში საქართველო „ჯორჯიას“ სახელით არის ცნობილი (არ აურიოთ ამერიკული შტატის დასახელებაში!). რუსულად და სხვა სლავურ სახელმწიფოებში საქართველოს „გრუზია“ ჰქვია.

ქართველებს ყველა ზემოთჩამოთვლილი დასახელება მოსწონთ, ერთის გარდა: „გრუზია“ თბილისელ პოლიტიკოსებს თვალში დირესავით აქვთ. ეს სახელწოდება ქართველებს ახსენებს, რუსეთი, მათი დიდი მეზობელი ჩრდილოეთში, 1801 წლიდან თითქმის 200 წლის განმავლობაში ხისტი ხელით მართავდა მათ პატარა ქვეყანას, ავიწროვებდა კულტურასა და ენას. ხოლო როცა 2008 წლის ზაფხულში რუსეთმა ხანმოკლე ომი განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის რუსული დასახელება საბოლოოდ არასასურველი გახდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2011 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო  პრეზიდენტი, გამოვიდა განცხადებით, რომ ყველა მეგობრულ ქვეყანას საქართველოსთვის რუსულ-სლავური „გრუზია“ კი არა, ქართული „საქართველო“ ეწოდებინათ. ბევრი წერილი გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნებში ამ თხოვნით, მაგრამ იმ ხანებში სახელის შეცვლაზე მხოლოდ სამხრეთი კორეა დათანხმდა. იაპონიამ უარი განაცხადა, ასევე ლატვიამ და ლიტვამ, რომლებსაც, მართალია, კრემლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მაინც. ჩეხეთმა ცნობად მიიღო ქართველების თხოვნა, მაგრამ არ განუხილავს. ამის შემდეგ სახელწოდების შეცვლის წინადადება თვითონ თბილისმაც დაივიწყა.

მაგრამ ახლა, ექვსი წლის შემდეგ, ლიტვამ მოულოდნელად თავისი პოზიცია შეცვალა. 2018 წლიდან მას განზრახული აქვს სამხრეთკავკასიური ქვეყნის დასახელებად Gruzija-ს ნაცვლად „საქართველო“ – «Sakartwelo» შემოიღოს. „ქართველებს სიტყვა „გრუზია“ არ უყვართ, – როგორც მასმედია იტყობინება, ასე უთქვამს ლიტვის პარლამენტის სპიკერს ვიქტორას პრანცკეტისს, – სახელის შეცვლა ქართველებისთვის ვილნიუსიდან მირთმეული კარგი საჩუქარი იქნებაო’. თუმცა, პირველ რიგში, ეს იქნება პანღური რუსეთისათვის.

———

შენიშვნა: სტატიის ავტორს შეცდომა აქვს დაშვებული: 2011 წელს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „გრუზიას“ „საქართველო“-თი შეცვლის წინადადება კი არ წამოაყენა, არამედ „ჯორჯია“-თი, ანუ ვინც „გრუზიას“ გვეძახდით, ახლა „ჯორჯია“ გვიწოდეთო (იხ.https://www.radiotavisupleba.ge/a/24252396.html).

«Радио КоммерсантЪ FM» (რუსეთი), 06 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.kommersant.ru/doc/3323877

ტურისტული მიმართულების ცვლილების შუქ-ჩრდილები: რატომ ატარებს რუსეთის სულ უფრო მეტი მოქალაქე თავის შვებულებას საქართველოში?

მონაკოს ნაცვლად – ბათუმი. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს კარგი პერსპექტივები აქვს რუსულ ტურისტულ ბაზარზე. ამ მიმართულების პოპულარობას ექსპერტები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: პირველი – ქართული კურორტებით მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ისარგებლო და მეორე – საქართველოში დასვენების რამდენიმე ვარიანტის შერჩევა შეიძლება. რუსებისათვის ყველაზე მოთხოვნადი თვეებია  ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ისინი საქართველოში საშუალოდ 7-9 დღის განმავლობაში რჩებიან.

მოდით. უფრო გულახდილად ვილაპარაკოთ: ღირს თუ არა შვებულების გატარება საქართველოში? რა პლუსები და მინუსები აქვს ქართულ კურორტებს?

„უნდა ვაღიაროთ: დღეს ქართული კურორტები მართალაც კარგი ალტერნატივაა ბევრი უცხოური მიმართულებისათვის“, – ამბობს ტურისტული ჰოლდინგის Jet Travel-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მასიმ პრისტავკო, – შეიძლება ვთქვათ, რომ რუსი ტურისტების ნაკადი საქართველოს მიმართულებით მატულობს. ეს ქვეყანა ბევრ მოსწონს და უყვარს: თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, არის სამთო-სათხილამურო ბაზები, ქართველები განთქმულნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობით, მშვენიერი სამზარეულო, არ იგრძნობა რუსებისადმი აგდებული დამოკიდებულება. საქართველოში ყოფნა სასიამოვნო და კომფორტულია. ჩვენს კლიენტებს მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებები რჩებათ“.

საქართველოში ექვსდღიანი ტური თვითმფრინავით დაახლოებით 500-600 დოლარი ღირს, რაც, თუ თურქეთში დასვენების ღირებულებას შევადარებთ, უფრო ძვირი გამოდის, მაგრამ მოთხოვნების რაოდენობა არ მცირდება. რატომ, რა მიზეზით?

ტურიზმის დარგის მიმომხილველი პეტრ ვორონკოვი რადიო «Коммерсантъ FM»-თან საუბრისას საქართველო პოპულარობის მიზეზებს განმარტავს. იგი დარწმუნებულია, რომ ბევრი ტურისტი საქართველოში ადგილობრივი სამზარეულოს სიყვარულით მიეშურება – იქაური გემრიელი ხორცის კერძებისა და ღვინის შემყურე გულგრილი ვერ დარჩები. „თვით ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ ისეთი გემრიელი ხორცის კერძები, როგორიც საქართველოშია, მას სხვაგან არსად მიურთმევია. ცხადია, მას მხედველობაში ჰქონდა მწვადი, რომელსაც ქართველები ვაზის წალამზე წვავენ და უგემრიელესი გამოდის… კიდევ რამდენიმე კერძია, რომლებიც ჩვენს თანამემამულეებს ძალიან მოსწონთ. მაგალითად ისეთი, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ „მატრიოშკას“: ერთმანეთში ფენა-ფენადაა ჩალაგებული ხბოს, ცხვრისა და ინდაურის ხორცები, ამატებენ სანელებლებს, წამოაგებენ შამფურზე და რამდენიმე საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე წვავენ. ისეთი არომატი აქვს, რომ ჰაერის ჭამაც კი მოგინდება. გარდა ამისა, მსოფლიოში ცნობილია ქართული ხაჭაპური, რომელზეც ლექსის და პოემის დაწერაც კი შეიძლება“, – ამბობს პეტრ ვოროკოვი.

ტუროპერატორთა მონაცემებით, ბათუმის სასტუმროების აპარტამენტებში ცხოვრება ამ სეზონში დღე-ღამეში 80 დოლარი ღირდა. რადგანაც მიმდინარე წელს საქართველოს მიმართულება ძალიან მოთხოვნადია, სასტუმროებმად ფასი გაზარდეს.

ამასთან, ზოგიერთი ტურისტი რეკომენდაციას იძლევა, რომ სანამ საქართველოს პლაჟებზე დასასვნებლად წასვლას გადაწყვეტთ, მანამ კარგად უნდა დაფიქრდეთ: „იქაურ ზღვას სუფთას ვერ უწოდებ, მომსახურებაც ნაკლებად ხარისხიანია, რაც თქვენს გუნება-განწყობაზე ნეგატიურად აისახება და შევებულებას ჩაგიშხამებთ“, – ამბობს პეტრ კოსენკო, ტურისტული რადიოპროგრამის წამყვანი, – „ოჯახი ბათუმში წავიყვანე დასასვენებლად, სადაც სასტუმროში დავბინავდით. მომსახურება „სამიანზე“ შემიძლია შევაფასო. ზღვაც საკმაოდ ჭუჭყიანი გამოდგა. როგორც ჩანს, კანალიზაციის გამწმენდი ობიექტები მწყობრიდან ხშირად გამოდის და მთელი ჭუჭყი ნაპირთან ახლოს, წყალში გროვდება. ამის შედეგად ჩემი გოგონა, რომელსაც ცურვა და ყვინთვა უყვარს, საშინელი ენტეროვირუსით დაავადდა. შვებულების ბოლო დღეები თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გავატარეთ. იქ ექიმებიც იმას ამბობდნენ, რომ შავი ზღვის ნაპირზე დასვენება საკმაო რისკთანაა დაკავშირებული“.

ამჟამად საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia ტარდება, რომელშიც მსოფლიოს 97 კომპანია მონაწილეობს.

Comments are closed