globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 7th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Day.az» (აზერბაიჯანი): ქართული ოცნება, აზერბაიჯანის გარეშე, შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს

«Эхо» (აზერბაიჯანი): ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სწრაფად ვითარდება“

«Deutsche Welle» (გერმანია): როგორია გერმანული დღის წესრიგი ნატოს ვარშავის სამიტისათვის? // საქართველოს მიღების საკითხი განხილული არ იქნება

———————-

«Day.az» (აზერბაიჯანი), 7 ნოემბერი, 2015 წელი

http://news.day.az/politics/714433.html

ქართული ოცნება, აზერბაიჯანის გარეშე, შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს

ემინ ალიევი, მთ.რედაქტორის მოადგილე

ბოლო დროს საქართველო ენერგეტიკის სფეროში რეგიონული ახალი ამბების ცენტრად გადაიქცა. არა, ნავთობის ან გაზის დიდი საბადო არავის აღმოუჩენია, მაგრამ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება რატომღაც ძალიან ცდილობს რაღაც არცთუისე ნათელი მიზნების მიღწევას: ჯერ რუსულ „გაზპრომ“-თან იწყებს საიდუმლო მოლაპარაკებას, მერე კი, როცა ამას ყველა გაიგებს, იწყებს თავის მართლებას და აქეთ გვემდურება – „ბუნებრივი გაზით მომარაგების დივერსიფიკაცია მინდა და ჩემი ქვეყნის ტრანზიტულ როლს როგორც მინდა ისე გამოვიყენებო“. ყველაზე მეტად, ბუნებრივია, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აქტიურობდა, რომელმაც ასე განმარტა „გაზპრომ“-თან მოლაპარაკების დაწყება: „ჩვენ მეტი გაზი გვინდა, აზერბაიჯანს კი თურმე თავისი გაზი თვითონვე არ ყოფნის. აბა რა გვექნა? ჰოდა, იძულებული გავხდით რუსულ კომპანიასთან დაგვეწყო კონტაქტებიო“. ამ გაურკვევლობის მოსაგვარებლად საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაემგზავრა, რომელსაც თბილისის აეროპორტში კახა კალაძე დახვდა.

საკმარისია შევხედოთ ოფიციალური ქრონიკის ახალ ამბებს, რომ დავრწმუნდეთ: თბილისში აზერბაიჯანის ლიდერის მოლაპარაკება მართლაც სერიოზული იყო, მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციასაც.

გასული თვიდან დაწყებული, ქართული მასმედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ამბები ქართველ „მეოცნებეთა“ მთავრობის მიერ გადადგმული არაერგვაროვანი ნაბიჯების სესახებ. ზემოთ ნახსენები შეხვედრები „გაზპრომ“-თან იმას მოწმობს, რომ ქართველებმა რაღაც ახლებური ტრანზიტული თამაშები წამოიწყეს – ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა აქტიურად ამუშავებდა რუსეთიდან და ირანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღების გეგმებს. ჰოდა, კახა კალაძემ და მისმა კოლეგებმა თავიანთი გეგმების განხორციელების მიზნით ძალიან კარგი „შეფუთვა“ მოიფიქრეს:  პირველი – „დივერსიფიკაცია“ (რადგან იციან, რომ ეს თემა ევროპაში აქტუალურია, ქართველებმაც დაიწყეს ლაპარაკი, რომ გაზით მომარაგების სხვადასხვა წყარო გვსურსო და რუსეთს მიადგნენ); მეორე – „ტრანზიტი“ (რადგან საქართველო სომხეთისათვის  მიწოდებული რუსული ტრანზიტული გაზის გარკვეულ რაოდენობას იღებს, დაიწყეს ლაპარაკი მისი მოცულობის გაფართოებაზე).

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში შეშფოთდნენ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანზიტის დროს ბენეფაციარი სომხეთია და არც იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება აზერბაიჯანისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მთავარი ისაა, თუ როგორი არგუმენტები აქვს საქართველოს და როგორი მეთოდებით ცდილობს მიზნის მიღწევას. საბოლოო ჯამში კი, როგორ იცვლება ორი მეზობლის ურთიერთობის ხასიათი…

„დივერსიფიკაცია“

როგორც კი ქართულ-რუსული მოლაპარაკების ფაქტი პრესაში გაიჟონა, კახა კალაძემ იმავწუთს „დივერსიფიკაცია“ გაიხსენა, როგორც ვთქვით, ევროპაში პოპულარული ტერმინი. საერთოდ, ევროპის გაზიით უზრუნველყოფის დივერსიფიცირებაში თავისი წვლილი შექავთ აზერბაიჯანსაც და საქართველოსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში თბილისი ნაბიჯი ცოტა უცნაურია – მოსალაპარაკებლად მიდის იმ რუსულ „გაზპრომ“-თან, რომელსაც თვითონ ევროპა გაურბის და  რომელსაც თბილისი და ბაქო ეხმარება მოსკოვისაგან თავის დასაღწევად!

ვინმე გაიხსენებს ერთ ფაქტს მაინც, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა გაზით მომარაგების ფაქტორი და საქართველოზე რაიმე ზეწოლა განახორციელა? განა ვინმე უარყოფს იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანი აძლევდა (და აძლევს) საქართველოს შეღავათებს გაზის ფულის გადახდის საკითხში? ქართული მხარის არგუმენტები შეიძლება ხუმრობად ჩათვლილიყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ არგუმენტებით სერიოზული ადამიანები ლაპარაკობენ. ახლა კი გადავიდეთ მეორე სახით „შეფუთვაზე“…

„ტრანზიტი“

საქართველოს ეკონომიკას მსოფლიო კრიზისმა ძალიან დაარტყა. ამას დიდად შეუწყო ხელი ეკონომიკური ბლოკის მინისტრთა ძალისხმევამ, რომლებმაც, საკუთარი მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დააბრალეს და მისი კრიტიკა დაიწყეს – ოპოზიციიდან არის და აბა, მაშ ვისი ბრალი იქნებაო. მინისტრებმა ლარის კურსზე კონტროლი დაკარგეს და ტარიფები გაზარდეს, თუმცა რამდენიმე წლის წინ მოსახლეობის წინაშე ხმამაღლა გაიძახოდნენ – ტარიფებს ორჯერ დავაკლებთო. რასაკვირველია, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია სასიამოვნო მართლაც არ არის: ქვეყანას უცხოური ვალუტის მიღების სტაბილური წყარო არ აქვს, არ გააჩნია ენერგორესურსები… რა უნდა ქნას ასეთ დროს? აი, ამ შემთხვევაში წინა პლანზე გამოდის უდიდესი სატრანზიტო შესაძლებლობებით სარგებლობა.

რასაკვირველია, საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია ძირითადად აზერბაიჯანის დახმარებით რეალიზდება: რომელი ერთი ჩამოვთვალოთ – ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, გაზსადენი „ბაქო-თბილისი-ერზერუმი“, სარკინიგზო მაგისტრალი „ბაქო-თბილისი-ყარსი“… დავუკვირდეთ – ყველა სახმელეთო სატრანზიტო გზები აზერბაიჯანში იწყება, ანუ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებაში აზერბაიჯანის ფაქტორი ძირითადია.

თუმცა რად გინდა, ამ პროექტების მომგებიანობაში„ქართულ ოცნებას“ მაინც ეჭვი შეაქვს, განსაკუთრებით კი „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მიმართ: ხომ გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინათ „მეოცნებეებმა“ ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი – სატრანზიტო ტვირთების მოცულობა იმდენი არ იქნება, რომ ეს რკინიგზა დაიტვირთოსო, ახლა კი პირიქითაა – მის მომგებიანობაში დარწმუნდნენ და ჩინეთზე აქტიურად გადაერთვნენ…

სხვათა შორის, ნიშანდობლივია: როგორც კი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თბილისში ჩავიდა, ქართველების ტონი და თეზისები შეიცვალა. ჩვენმა ლიდერმა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და მეზობელს აჩვენა, რომ აზერბაიჯანი ის ქვეყანა არაა, რომლის ინტერესები შეიძლება ფეხებზე დაიკიდო ან წაეთამაშო. ილჰამ ალიევის განცხადება, რომ აზერბაიჯანს გაზი იმდენი აქვს, რომ საქართველოს და სხვა პარტნიორებს ასი წელი ეყოფათო – ეს სიგნალია,  მესიჯი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ შორდება. აზერბაიჯანმა დიდი ხნის წინ მოიპოვა იმ პარტნიორის იმიჯი, რომლის მთავარი ღირსება სანდოობა და საიმედობაა.

აი, კახა კალაძეს და მის ხელმძღვანელებს კი სტაბილური პოზიციები უნდა ჰქონდეთ. ისინი გასართობი სასამართლო პროცესებიდან შედარებით სერიოზულ საქმეებზე უნდა გადაერთნონ, უნდა დაფიქრდნენ და გაიხსენონ, რომ მათთვის აზერბაიჯანი მთავარი საექსპორტო ბაზარი და ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია… უნდა გაიხსენონ ქართულ ეკონომიკაში აზერბაიჯანული ინვესტიციების მნიშვნელობა, მხედველობაში უნდა ჰქონდეთ ის, თუ რა როლს ასრულებენ აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოს მოსახლეობის დასაქმებასა და ბიუჯეტის განმტკიცებაში. თბილისს უნდა ახსოვდეს, რომ აზერბაიჯანის გარეშე ქართული ოცნება, შესაძლოა, საპნის ბუშტივით სწრაფად გასკდეს.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 7 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=91829

ილამ ალიევი: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სწრაფად ვითარდება“

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფაქტები და მოვლენები, კერძოდ, მისი შეხვედრები საქართველოს ოფიციალურ პირებთან, აგრეთვე მისი ყოფნა, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში, სადაც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს (ავტორი – ბ.საფაროვი).

პრეზიდენტებმა დაათვალიერეს მარნეულის საგანმანათლებლო ცენტრი „ჩაის სახლი“, შეხვდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომელთა წინაშე აზერბაიჯანელმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურრთიერთობა სწრაფი ტემპებით ვითარდება. „დღეს საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე სახელმწიფოები არიან, ორივე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით არიან დაკავებულნი, რაც დიდი სარგებლობის მომტანია. საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს ბევრი ნიშნით ჰგავნან – ორივე მრავალეროვნული და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ორივეში ხალხი მშვიდობიანად და კეთილმეგობრულად ცხოვრობს. სწორედ ესაა ჩვენი ურთიერთობის დიდი წარმატება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა და საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე, მეტი წვლილი შეიტანონ საქართველოს აღმშენებლობაში. მან მოიწონა პროექტი, რომლის მიზანს ქართული ენის შესწავლა წარმოადგენს: „ამით თქვენ საქართველოს დიდ სარგებლობას მოუტანთ“. სტატიაში აღნიშნულია, რომ მარნეულში ილჰამ ალიევმა და გიორგი მარგველაშვილმა დაათვალიერეს აგრეთვე სამაცივრო-სასაწყობო მეურნეობაც.

ილჰამ ალიევის თბილისური ვიზიტის მნიშვნელობაზე პუბლიკაციაში კომენტარს აკეთებს პოლიტიკური მიმომხილველი მაქსიმ ცურკოვი, რომლის თქმით, ბაქო დიდ ყურადღებას აქცევს რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებას, კერძოდ, „სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის“ განხორციელებას და ამ მიზნით გიგანტური თანხა – 45 მილიარდ დოლარია დაბანდებული. „აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო ერთგულია ამ პროექტების რეალიზების თვალსაზრისით და რაიმე გადახვევა მოსალოდნელი არ იქნება. საქართველოში სწორედ აზერბაიჯანული ინვესტიციებია ყველაზე მსხვილმასტაბიანი და ეს ქართველებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. რა თქმა უნდა, ვიზიტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გაზით უზრუნველყოფა იყო. დღეს ევროპა რუსული გაზის ტყვეობისაგან თავის დარწევას ცდილობს და აზერბაიჯანს იმედით უმზერს, ამ დროს კი საქართველო ნებაყოფლობით „ჯდება რუსული გაზის ნევსზე“… ცხადია, საქართველოს უფლება აქვს, როგორც სურს, ისე მოიქცეს, თუმცა პერსპექტივაში სირთულეები უნდა ახსოვდეს. რაც შეეხება გაზის მარაგს, აზერბაიჯანს რომ რეზერვები აქვს, ამაში საქართველოს ეჭვი არ უნდა შეეპაროს“, – ამბობს პოლიტოლოგი.

ექსპერტი ელჰან შაჰინოღლუ აცხადებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა სომხეთისადმი ბაქო-თბილისის სტრატეგიულ კავშირებს ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, მართალია, ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა, მაგრამ თბილისი ასეთი მოქმედებით ერევნისა და მოსკოვის კეთილგანწყობას მაინც ვერ მიაღწევს: „ერთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, მეორე კი საქართველოს სომხურენოვან მოსახლეობაში სეპარატისტული განწყობების გაღრმავებას ცდილობს. ამგვარი გადახრებით საქართველო საკუთარ თავს ავნებს და აზერბაიჯანის თვალში ნდობას დაკარგავს“.

—————

შენიშვნა: ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი ასახულია აგრეთვე ბაქოს გაზეთ „აზერბაიდჟანსკიე იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „კეთილი მეზობლობა“ (ავტორი – ელეონორა აბასყულიევა). პუბლიკაციაში ხაზგასმულია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის სტრატეგიული ხასიათი, განხილულია საქართველოს ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, პრეზიდენტების შეხვედრები ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობის წარმომადგენლებთან და ა.შ.

წყარო: http://www.azerizv.az/news/a-20324.html

«Deutsche Welle» (გერმანია), 6 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.dw.com/ru/какова-немецкая-повестка-дня-для-нато/a-18826225

როგორია გერმანული დღის წესრიგი ნატოს ვარშავის სამიტისათვის?

საქართველოს მიღების საკითხი განხილული არ იქნება

ნიკიტა ჟოლკვერი

(შემოკლებით)

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გერმანია, რამდენიმე მიზეზის გამო, საკვანძო როლს ასრულებს: ესაა გეოგრაფიული მდებარეობა ევროპის ცენტრში, სამხედრო შესაძლებლობები და ეკონომიკური ძლიერება, მისი წვლილი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაში და შუამავლობის ფუნქცია, რასაც გერმანია ნატოსა და რუსეთს შორის ასრულებს. აქედან გამომდინარე, ბერლინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ნატოს პოლიტიკას.

მომავალი წლის ზაფხულში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატოს მორიგი სამიტი უნდა გაიმართოს, რომელზეც ალიანსის პერსპექტიული გეგმები იქნება წარდგენილი. ალბათ, საინტერესოა, თუ რა პრიორიტეტები აქვს გერმანიას ამ მიმართულებით.

კონრად ადენაუერის ფონდის ბერლინის ოფისში გერმანიის ვარშავულ გეგმებზე ისაუბრეს ფედერალური კანცლერის ადმინისტრაციის საგარეოპოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანგელა მერკელის მრჩეველმა კრიტოფ ჰოისგენმა, ეკონომიკისა და პოლიტიკის ფონდის ანალიტიკოსმა კლაუდია მეიერმა, უსაფრთხოების ფედერალური აკადემიის დირექტორმა კარლ-ჰაინც კამპმა და სხვებმა.

როგორც კრისტოფ ჰოისგენმა აღნიშნა, ვარშავის სამიტზე ნატოს შემდგომი გაფართოების რეალიზება გაგრძელდება – „ეს ალიანსის ისტორიაში დიდი წარმატების გაგრძელებაა“. ნატოს მორიგ წევრად ჩერნოგორია დასახელდება – ამ მხრივ ალიანსის წევრებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

რაც შეეხება ნატოში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას,  ეს საკითხი სამიტზე საერთოდ არ იქნება განხილული, თუმცა, კრისტოფ ჰოისგენის თქმით, „ძალაში დარჩება ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება“. არადა, სწორედ ამ სამიტზე დაბლოკა ბერლინმა კიევისა და თბილისის მოლაპარაკებების დაწყება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაზე.

Comments are closed