«Каспiй» (აზერბაიჯანი): პრაგმატიზმის ზეიმი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში
«Новое время» (სომხეთი): სერჟ სარგსიანი სომხეთ-საქართველოს საზღვარს ეწვია
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პოლიტიკური პლურალიზმი დეფიციტში
«RFI – Radio Frnace Internationale» (საფრანგეთი): როგორ გაახსენა თავი ეკონომიკურმა პრობლემებმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ
———————-
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 5-6 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=49412#.WB_mAeb_odU
პრაგმატიზმის ზეიმი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში
სტატიაში მიმოხილულია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა: თბილისისა და მოსკოვის პოზიციები, მათ შორის არსებული განსხვავებები, პრობლემები და მათი მოგვარების სავარაუდო გზები (ავტორი - მარიამ გულამოვა).
პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობის სრულმასშტაბიანი ნორმალიზება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს და არც მოხდება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საზიანოდ. იქვე ავტორი იმოწმებს აგრეთვე ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ნათქვამსაც – „ჩვენი ქვეყნის პრობლემებს ჩვენვე უნდა მოვუაროთ, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. ამისათვის კი აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება“.
და მაინც, მიუხედავად ორივე სახელმწიფოს პოზიციაში არსებული პოზიტიური განწყობის მიუხედავად, როგორც პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, „ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“.
ავტორი მკითხველს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების მიზეზებს აცნობს და ვრცლად გადმოსცემს 2008 წლის აგვისტოში მოკმხდარი ომის ამბებს, აგრეთვე ომისშემდგომ სიტუაციას – რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ფაქტს, რამაც, საბოლოო ჯამში, 2008 წლის სექტემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვია (თბილისის ინიციატივით). იმ დროიდან მოყოლებული ორივე მხარის ინტერესებს მოსკოვსა და თბილისში შვეიცარიის საელჩო ახორციელებს. სხვათა შორის, მიუხედავად პოლიტიკური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, რუსეთმა და საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ეკონომიკის, კულტურის, ჰუმანიტარულ სფეროში. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ რუსეთი საქართველოსთვის მეორე სავაჭრო პარტნიორად ითვლება.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ თბილისის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხასიათისაა და როგორც ჩანს, საქართველო ამგვარ კურსს მომავალშიც გააგრძელებს. სწორედ ეს განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პოზიცია იმედის მომცემია: თუ დადებითი შედეგები მეტი იქნება, მხარეები, ალბათ, უფრო გააღრმავებენ ურთიერთობას [და შესაძლოა პოლიტიკური საკითხების განხილვაც დაიწყონ].
„ამ კონტექსტში უნდა ითქვას ისიც, რომ ადგილობრივი ქართული პარტიების ნაწილი, განსაკუთრებით კი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად წინააღმდეგია საქართველო-რუსეთის პირდაპირი კონტაქტებისა და მიაჩნია, რომ თბილისს, დასავლეთის დახმარებით, მოსკოვზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია. თუმცა არიან პარტიები, რომელთა წარმომადგენლები კი ხელისუფლებას რუსეთთან უფრო აქტიური დიალოგისაკენ მოუწოდებენ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიის დასასრულს ავტორი ციტირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საქართველომ და რუსეთმა წარმატებებს კი მიაღწიეს, „თუმცა თბილისი დიპურთიერთობების აღსადგენად ჯერ მზად არ არის“. მასში გამოხატულია იმედი, რომ პერსპექტივაში „პრაგმატიზმი იზეიმებს“ და ეს საკითხიც მოგვარდება.
«Новое время» (სომხეთი), 05 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.nv.am/tema-dnya/54299-2016-11-05-05-12-00
სერჟ სარგსიანი სომხეთ-საქართველოს საზღვარს ეწვია
პუბლიკაცია ეხება საქართველო-სომხეთის ურთიერთობის ამჟამინდელ მდგომარეობას, კერძოდ, მასში ყურადღება ეთმობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის შეხვედრას ორი მეზობელი ქვეყნის საზღვარზე, სოფელ ბაგრატაშენთან „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (ავტორი – არმენ გრიგორიანი).
სტატიაში მიმოხილულია სომხეთის მთავრობის პროგრამა, რომელიც 2010 წლიდან დაიწყო და რომელიც რესპუბლიკის ჩრდილოეთი მიჯნის – საქართველოსთან არსებული საზღვრის მოდერნიზებას ითვალისწინებს. დაგეგმილია სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტის – „ბაგრატაშენის“, „ბავრის“ და „გოგავანის“ კეთილმოწყობა-მოდერნიზება, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით ხორციელდება.
საქართველოსა და სომხეთის ლიდერებმა დაათვალიერეს ახალი ხიდის მშენებლობის ადგილი მდინარე დებედაზე. ძველი ხიდი 1960-იან წლებშია აგებული და დღევანდელ გაზრდილ მოთხოვნებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს.
გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა ბაგრატაშენის საკონსტროლო-გამსვლელი პუნქტის საზეიმო გახსნისას ორი მეზობელი სახელმწიფოს მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს: სომხეთის პრეზიდენტმა ქართველ პრემიერს პარლამენტის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოხატა, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილის-ერევნის დამოკიდებულება კვლავ მეგობრული და ურთიერთსასარგებლო იქნება. მეზობლებმა ერთმანეთს თვალსაზრისი გაუზიარეს აქტუალურ საგარეოპოლიტიკურ საკითხებზეც.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/geo-pol-parties-disappear/3581108.html
პოლიტიკური პლურალიზმი დეფიციტში
ნინო დალაქიშვილი
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში რამდენიმე პარტია შეიქმნა და დაიშალა. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კი არსებულთაგან ყველაზე გამოცდილი პოლიტიკური პარტიებისთვის ისეთი კრიზისული პერიოდი დადგა, ზოგიერთი მათგანი სრულად, ზოგიერთი კი სანახევროდ განადგურდა. არანაკლებ საინტერესო სურათი გვაქვს პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახელდახელოდ შექმნილმა პარტიამ აიღო, პოლიტიკური გამოცდილების მქონე და ამჯერად ოპოზიციური პარტია, რომელმაც პარლამენტში შესვლა შეძლო კი ერთის მხრივ ჩამოყალიბების პროცესის ფაზაში გადავიდა, მეორეს მხრივ კი მარგინალიზაციის. პარლამენტში შესულ მესამე ძალას არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.
რა მიზეზია, რომ პოლიტიკური პლურალიზმი ჩვენს ქვეყანაში სრული კრიზისის ეტაპზე აღმოჩნდა და თან იმ დროს, როდესაც მმართველი გუნდი, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული „ქართული ოცნება“ ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკის რელსებზე გადაყვანას გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის ხმამ მოსაზრებები ჩაიწერა. სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები იქმნებიან ადამიანების გარშემო, პიროვნებების გარშემო, რაც უფრო მდიდარია ეს პიროვნება, მით უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია პარტია. მისი მტკიცებით, თუ თვალს გადავავლებთ პარტიების იდეოლოგიურ პლატფორმას, ან თუნდაც მათი მხარდამჭერების ლანდშაფტს, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ველი საკმაოდ ჭრელი და ამბივალენტურია. კაჭკაჭიშვილი ამბობს: “პოლიტიკური პარტიები ქრებიან იმიტომ, რომ მათ უქრებათ მხარდამჭერები, ხოლო მხარდამჭრები იმიტომ უქრებათ, რომ თავიდანვე, თავის დროზე არ ჰქონდათ მოხაზული ის სამიზნე ჯგუფები, ვისი ინტერესების მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ დაცვასაც ისინი განახორციელებდნენ. მათი აუდიტორიაც ძალიან ჭრელია, როგორც კი შეამჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შორის არის გარკვეული უთანხმოება, ან მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის სჭირდებათ ძალაუფლება, აუდიტორია კარგავს ამ პარტიების მიმართ ინტერესს.“
ეკლექტურ და ქაოტურ პოლიტიკურ გარემოში სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პერსპექტივას იაგო კაჭკაჭიშვილი შემდეგნაირად აფასებს:
„საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა კარგია მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოებისთვის, სადაც პოლიტიკური პარტიები საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესს გამოხატავენ და შემდგომ პარლამენტში ხდება ამ ინტერესთა ჯგუფების რეპრეზენტაცია. ჩვენთან, სადაც არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შემოხაზავს ინტერესთა ჯგუფს, უბრალოდ, ამორფული ჯგუფები არსებობენ, საპარლამენტო რესპუბლიკა, რასაკვირველია ვერ განხორციელდება ისე, როგორც უნდა განხორციელდეს. ეს დაემსგავსება პოლიტიკურ პარტიათა ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზს.“
ჩვენთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი ყურადღებას ამახვილების იმის შესახებ, რომ პარტიების არამდგრადობის ძირითადი მიზეზი სწორედ ისაა, რაც შემდგომში პარტიების დაშლას განაპირობებს. „თუ პოლიტიკური პარტია იქნმება საზოგადოების განსაზღვრული სამიზნე ჯგუფების ინტერესების საფუძველზე, რასაკვირველია, პოლიტიკური პარტია მაშინ იღებს რაღაც გარანტიას მისივე სიცოცხლისუნარიანობისთვის. პარტია უნდა შეიქმნას არა ლიდერშიფის ძალაუფლებისმოყვარეობის გამო, ან მათ მიერ გარკვეული რესურსების, პირველ რიგში ფინანსური რესურსების მობილიზების გამო, არამედ სწორედ საზოგადოებაში არსებული გარკვეული ჯგუფების ინტერესების გამოხატვის საფუძველზე. ჩვენთან პოლიტიკური პარტიების შექმნის ასეთი კლასიკური გზა არ მოქმედებს, ან ძალიან სუსტად მოქმედებს.“
ლაშა ტუღუში ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ამერიკის ხმასთან აცხადებს: „საზოგადოებაში მიდგომაა ასეთი, რომ ეძებენ ლიდერებს, პიროვნებებს და არა გუნდებს. ეს არაგუნდურობა სერიოზული პრობლემაა. ამას სჭირდება ტრადიციები და შრომა.გარდა ამისა ძალიან სერიოზული თემაა ფინანსები და თავისუფალი გადაწყვეტილებები ფულთან მიმართებით. ძალიან ცოტაა ბიზნესის წარმომადგენლი, რომელიც რისკავს და ფულს აძლევს პარტიებს იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კამპანიებში. მიუხედავად უამრავი პრობლემისა პოლიტიკურ პარტიებთან, მათ დაშლასთან, ჩამოყალიბებასთან და მდგრადობასთან მიმართებით, ჩემი პასუხია, რომ დიახ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საპარლამენტო მოდელზე გადასვაზე. საქართველოსთვის ეს ყველაზე ოპტიმალური მოდელია და ისაა, რაც სჭირდება: პლურალიზმი, დემოკრატიზაცია, მრავალი ხმის არსებობა, რომ ჩვენ უფრო დემოკრატიული სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ. სწორედ ასეთი მიდგომა მაფიქრებინებს, რომ სრულად საპარლამენტო მოდელი უფრო საჭიროა, ვიდრე რამე სხვა. მოვძებნოთ ვინმე ძლიერი ლიდერი, ჩამოვკიდოთ მას ყველაფერი და ველოდოთ, რომ ის აგვიწყობს ცხოვრებას – ეს კლიშეები კერ კიდევ ძლიერია საქართველოში და მგონი, მათგან უნდა განვთავისუფლდეთ.“
მმართველი გუნდი ქვეყნის მოწყობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის შესახებ ინიციატივების განხორციელებას იმგვარ ვითარებაში გეგმავს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური გუნდები, პოლიტიკური პლურალიზმი, მინიმუმამდეა შეზღუდული.
«RFI – Radio Frnace Internationale» (საფრანგეთი), 07 ნოემბერი, 2016 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20161104-ekonomika-zerkalo-gruzinskoi-politiki
როგორ გაახსენა თავი ეკონომიკურმა პრობლემებმა საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ
„ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა ადასტურებს, თუ როგორი გამოწვევა ელოდება მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“, პარლამენტის არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვების ფონზე“, – აღნიშნულია რადიომიმოხილვაში, რომლის მთავარ თემას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს (ავტორი – გიორგი ლებანიძე).
პუბლიკაციაში მიმოხილულია ლარის კურსის რყევის ამპლიტუდა, რომლის თანახმად, ქართული ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. „ეს პრობლემა ძალზე მტკივნეულია როგორც მთავრობისათვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვისაც რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი – რადგანაც ქართული ეკონომიკა ძირითადად იმპორტზეა ორიენტირებული, ეროვნული ვალუტის დევალვაცია ფასების ზრდას; მეორე – რადგანაც ბევრი ქართველი ვალებით ცხოვრობს – მათ ბანკებში იპოთეკური სესხები აქვთ აღებული დოლარებში, ისინი ძალიან ზარალდებიან პროცენტების გადახდის დროს: თუ დროულად ვერ შეასრულებენ ფინანსურ ვალდებულებას, ბინების გარეშე დარჩებიან. ისინი ხომ შემოსავლებს ლარით იღებენ, ბანკებს კი ვალი დოლარით უნდა გადაიხადონ…
თბილისში ლარისა და დოლარის კურსის აღმნიშვნელ ბანერებზე მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. ეს ფაქტი სერიოზულად ურტყამს მმართველი პარტიის პრესტიჟს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა. იბადება კითხვა: როგორ სეძლო „ქართულმა ოცნებამ“ „ტრიუმფალური გამარჯვება“ ლარის კატასტროფული კურსის ფონზე? პასუხი მარტივია: არჩევნებამდე ქვეყნის ცენტრალური ბანკი, მთავრობის თხოვნით, ყველაფერს აკეთებდა ეროვნული ვალუტის დევალვაციის შესაჩერებლად.
ოპოზიცია ჯერ კიდევ წინასაარცევნო პერიოდში ხაზს უსვამდა, რომ მთავრობა უუნაროა და ამის სადემონსტრაციოდ ლარის კურსის ვარდნაზე მიუთითებდა. და რადგანაც არცევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი თავის პოსტს შეინარჩუნებს, არავის არ აქვს ეჭვი, რომ მომხდარში სწორედ ის იქნება დადანაშაულებული. ოპოზიცია ამ ფაქტორს აქტიურად იყენებს და მოსახლეობას უკიჟინებს, რომ ნეგატიური სიტუაციის შექმნაში სწორედ „თქვენს მიერ არჩეული პარტია“ და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელიო“.
ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს მოსახლეობას ცაუნერგოს აზრის, რომ ყველაფერში დამნაშავენი არიან მსხვილი ბანკები, რომლებიც რიგით ადამიანებს „ძრაცვავენ“. ამ შემთხვევაშიც სამიზნედ ბიძინა ივანიშვილის ბანკი „ქართუ“ აქვთ მხედველობაში, რომლის დეპოზიტები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და თან ათჯერ კი არა, ასჯერ და მეტად… რასაკვირველია, აქ კლიენტების მხრიდან ბანკისადმი ნდობის ფაქტორიც არსებობს, მაგრამ უბრალო ობივატელს, რომელიც ფასების ზრდით არის გაწამებული, ამგვარი ნიუანსები არ აკმაყოფილებს, – აღნიშნულია რადიომიმოხილვაში.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე საქართველოს საბანკო სისტემაში მომხდარ ცვლილებებზე – „თი-ბი-სი“ ბანკის მიერ ფრანგული „სოსიეტე ჟენერალის“ ადგილობრივი „შვილობილის – ბანკ „რესპუბლიკის“ ყიდვაზე. „ალბათ, „სოსიეტე ჟენერალმა“ ნეგატიური პროცესები შენიშნა და ამიტომ მიატოვა ქართული სივრცე… მართალია, ყიდვის თანხა არ სახელდება, მაგრამ მისი მოცულობა საკმაოდ დიდია. სამთავრობო ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ეროვნულ ვალუტაზე სწორედ ამ მსხვილმა ტრანზაქციამ იმოქმედაო („თი-ბი-სი“-ს მიერ ‘რესპუბლიკის“ ყიდვამ), მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ ლარის დევალვაცია მტავრობის წინასაარჩევნო დაპირებებს უკავშირდება – პრემიების, სოციალური დახმარებების და სხვა ბონუსების გაცემას. სწორედ ამ დამატებითი ფულის „გადმოყრამ“ იმოქმედა ისედაც დაუძლურებული და ნაკლებადუზრუნველყოფილი ლარის კურსზე, მით უმეტეს, რომ შედარებით მცირე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) პირობებში საქართველოს 13 მილიარდი დოლარის საგარეო ვალი აქვს ზურგზე მოკიდებული…
როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, „ჩვენთან სისტემური პრობლემა არსებობს, რომელიც საგარეო ბარზებთანაა დაკავშირებული. ეს პრობლემა ჯერ კიდევ არჩევნებამდე გაჩნდა, მაგრამ მთავრობა ცდილობდა ლარის კურსი ხელოვნურად შეეჩერებინა. არჩევნების შემდეგ კი სიტუაცია ტავის ნებაზე მიუშვეს და ახლა ვხედავთ იმას, რაც ხდება. მთავარია, რომ ეს ყველაფერი პანიკაში არ გადაიზარდოს, რადგანაც თუ ლარისადმი ნდობა გაქრება, მაშინ „ზვავის ეფექტი“ იმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ ლარის კურსი დაბალანსდება“.
კრიზისის ფონზე გაისმის ხმები, რომ ქვეყნიდან უცხოური ვალურის გატანა უნდა შეიზღუდოს და ცენტრალურმა ბანკმა მსხვილი კერძო ბანკების ტრანზაქციების პირდაპირი რეგულირება უნდა დაიწყოსო, მაგრამ საეჭვოა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა ამ ნაბიჯზე წავიდეს. იგი თვითონ გამოცდილი ბანკირია და ესმის, რომ რამდენად მნისვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისათვის ლიბერალური საბანკო სისტემის არსებობა.
ზოგიერთები ხუმრობენ, რომ მალე საფინანსო წელი დასრულდება, გადასახადების გადახდის დრო მოვა, ლარზე მოთხოვნილება გაიზრდება და ეროვნული ვალუტის კურსი ისევ განმტკიცდებაო.
ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ყველა თანხმდება იმაში, რომ კალენდარული წლის დასასრული გრძელვადიან პერიოდში პრობლემებს ვერ მოაგვარებს: ეკონომიკაში არსებული ყველა სიძნელის საფუძველთ-საფუძველი ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში კატასტროფული უარყოფითი სალდო აქვს, სამარცხვინოდ დაბალ დონეზეა შრომის ნაყოფიერება სოფლის მეურნეობის დარგში და ქართული მრეწველობის პროდუქციას, რომელიც „ძლივ-ძლივობით სუნთქავს“, გასაღების ბაზარი ძალიან მცირე აქვს.