globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 7th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მაიკლ კარპენტერის ვიზიტი თბილისში: აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება

«Radio Voice of America – Радіо Голос Америки» (აშშ): ინტერვიუ ამერიკელ კონგრესმენთან: „უკრაინამ ყირიმი დონბასზე უნდა გაცვალოს… რუსეთი უკრაინიდან და საქართველოდან უნდა გავიდეს“

«Deutsche Welle» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ექს-გუბერნატორის პერსპექტივა უკრაინაში და საქართველოში

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/3624732.html

მაიკლ კარპენტერის ვიზიტი თბილისში: აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება

ზაზა წულაძე

საქართველოში დღეს მაიკლ კარპენტერის ოფიციალური ვიზიტი შედგა, იგი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილეა, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში.

მაიკლ კარპენტერი ნოემბერში უკვე იმყოფებოდა კავკასიის რეგიონში, მაშინ იგი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შეხვდა. ამჟამინდელი ვიზიტისას კი კარპენტერმა საქართველოს პრემიერთან და პრეზიდენტთან, ამერიკა-საქართველოს მომავალი სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი, ბრიგადის გენერალი ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი. ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, რომელიც ასევე მონაწილეობდა დიალოგში, კერძოდ, აღნიშნა:

„სენატის რეზოლუციაში, რომელიც თავდაცვის დანახარჯებს განსაზღვრავს, ნახსენებია საქართველო და ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა თუ როგორი ღრმაა მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის მიმართ. ვფიქრობ, შეერთებული შტატების შემდეგი ადმინისტრაციაც ამ კურსის თანაბრად მხარდამჭერი იქნება. თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე გენერალ ჯეიმს მატისის კანდიდატურის დასახელება საკმაოდ იმედისმომცემია. მას ესმის ნატო, აქ არსებული სიტუაცია და რაც მთავარია თავისი საქმე“.

აშშ-ს მომავალი წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დაამტკიცა კონგრესის ქვედა პალატამ, უკვე არსებობს ჩანაწერი, რომ 2017 წელს, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, საქართველო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს:

„საქართველო ამერიკის ღირებული მეგობარია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებისკენ წინსვლა. კონგრესი ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. კონგრესი მხარს უჭერს საქართველოსა და ამერიკის შორის მუდმივ თანამშრომლობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ხალხი და სუვერენიტეტი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მაიკლ კარპენტერის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს, რომელსაც დამატებით უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ, ხაზი გაესვა შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს, როგორც განსაკუთრებული პარტნიორის როლს.

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, „ბატონი მაიკლ კარპენტერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების, ასევე კონკრეტული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის თვალსაზრისით. ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული შეიარაღებული ძალების მშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა: უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს, ახდენს პრიორიტეტების და რესურსების დაგეგმვის სინქრონიზაციას და მტკიცე თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიზნებია საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, თავდაცვის ეფექტური და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება, შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, პროფესიონალი და ეფექტური სამხედრო მმართველობის უზრუნველყოფა.

«Radio Voice of America – Радіо Голос Америки» (აშშ), 06 დეკემბერი, 2016 წელი

http://ukrainian.voanews.com/a/danken-ganter-ssha-rosiya-ukraina-blyzkyi-skhid/3624036.html

ინტერვიუ ამერიკელ კონგრესმენთან: „უკრაინამ ყირიმი დონბასზე უნდა გაცვალოს… რუსეთი უკრაინიდან და საქართველოდან უნდა გავიდეს“

შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინის მხარეზე იომოს, თუმცა იმის შესაძლებლობა  აქვს, რომ იარაღი მისცეს და კიევს დონბასის კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს, – განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა დუნკან ჰანტერმა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის კორესპონდენტ ტატიანა ვოროჟკოსათვის მიცემულ ინტერვიუში, – მაგრამ ამის ერთ-ერთი წინაპირობა ისაა, რომ კიევმა ყირიმზე უარი უნდა თქვას.

ამერიკელი კონგრესმენის აზრით, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას ისე წარმართავს, რომ უკრაინაში სიტუაცია არ გართულდება. მოლაპარაკებაში უკრაინელებიც მიიღებენ მონაწილეობას, რადგან სწორედ ისინი უნდა წავიდნენ რუსეთისადმი დათმობებზე. „მზად არის უუკრაინა, რომ რუსეთს ყირიმი დაუთმოს? უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ყირიმში ბევრი რუსი ცხოვრობს, ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც საკუთარ თავს რუსეთთან აიგივებენ… უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ რუსეთს ყირიმში ისეთი სამხედრო ბაზა აქვს, რომ მასზე არასოდეს უარს არ იტყვის. რა სურთ უკრაინელებს – ის, რომ ამერიკა ყირიმში შეიჭრას [და მათ ნაცვლად იომოს]? ეს შეუძლებელია. როგორი გამოსავალი შეიძლება არსებობდეს? თუ რუსები ყირიმს არ დატოვებენ, მაგრამ მზად იქნებიან გავიდნენ აღმოსავლეთ უკრაინიდან, განა ეს ცუდია?, – ამბობს დუნკან ჰანტერი ინტერვიუში.

რაც შეეხება დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ამ შემთხვევაში, ამერიკელი კანონმდებლის აზრით, ევროპაში აგრესიის შეწყვეტის სანაცვლოდ, ვაშინგტონს შეუძლია მოსკოვს სირია დაუთმოს: „თუ რუსეთი უკრაინიდან და საქართველოდან გავა, მაშინ ჩვენ მას უფლებას მივცემთ, სირიაში რაც უნდა ის აკეთოს… არ ვარ წინააღმდეგი, სირიაში პრეზიდენტად ისევ ბაშარ ასადი დარჩეს. გარდა ამისა, მოსკოვმა თავი უნდა დაანებოს ირანის მხარდაჭერას და ბალტიის ქვეყნების საზღვრებიდან ჯარი უკან უნდა დასწიოს“, – აცხადებს დუნკან ჰანტერი „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში.

«Deutsche Welle» (გერმანია), 06 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/a-36644922

http://www.dw.com/ru/a-36656858?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ექს-გუბერნატორის პერსპექტივა უკრაინაში და საქართველოში

უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის მხოლოდ ვერხოვნა რადის ვადამდელი არჩევნები. ასე განაცხადა მან გერმანული ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) პროგრამა „ნემცოვა. ინტერვიუს“ წამყვან ჟანა ნემცოვასთან ინტერვიუში.

„თუ ჩვენთან ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება და თუ კიდევ ორი წელი იქნება დღევანდელი ვერხოვნა რადა, მაშინ დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ ჩვენ ქაოსურ სიტუაციას მივიღებთ“, – ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, სტატუს-ქვოს შენარჩუნება უკვე შეუძლებელია, რადგან უკრაინის ეკონომიკა უკვე სტაგნაციის მდგომარეობაშია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი კიევს უარი უთხრა მორიგ ტრანშზე – კორუფციის წინააღმდეგ არაფერი კეთდებაო. მთავრობის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, უკრაინა 2013 წლის მდგომარეობას, რომელიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს იყო, მხოლოდ 15 წლის შემდეგ თუ მიაღწევს. „მე ვფიქრობ, რომ უკრაინის საზოგადოება ამდენ ხანს ვერ მოითმენს… რეგიონული სეპარატიზმის პირობებში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ასეთ ვითარებაში ოპტიმალური გამოსავალი შეიარაღებულ ექსცესებში კი არაა, არამედ ლეგიტიმურ მეთოდში. ვერხოვნა რადა ორჯერ დაითხოვეს ლეონიდ კუჩმასა და ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს და ამით არანაირი ტრაგედია არ მომხდარა. არჩევნები ყველა შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს წარმოადგენს“, – აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ბრძოლის მიზანს უკრაინის პოლიტიკური კლასის შეცვლა წარმოადგენს, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს: „მე ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ვიცნობ. იმ დროიდან მოყოლებული უკრაინა, ერთ სულ მოსახლეზე საერთო შიდა პროდუქტის მიხედვით, ევროპის ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნად იქცა. ყველაზე უჭკუო, უუნარო, არაეფექტური და კორუმპირებული უნდა იყო, რომ ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანო. ეს ხალხი ლუზერობის (უიღბლობის) ჩემპიონები არიან“, – ამბობს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი.

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდიც გაახსენა, ესაუბრა იმდროინდელ ვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივაზე:

ჟანა ნემცოვა: თქვენ სრულიად დამსახურებულად გაქვთ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯი მას შემდეგ, რაც ორჯერ იყავით საქართველოს პრეზიდენტი. მართალია, [არასამთავრობო ორგანიზაციები] „ფრიდომ ჰაუსი“ და „ტრანსფერენსი ინტერნეიშენალი“ აცხადებენ, რომ საქართველომ რეალურად აიწია რეიტინგში, მოხერხდა კორუფციის აღმოფხვრა საშუალო და დაბალ დონეზე, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ თქვენი პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს ელიტარული კორუფცია ძალიან გაიზარდა. ამაზე რას იტყვით?

მიხეილ სააკაშვილი: ეს სრული სისულელეა. ელიტარული კორუფცია ვერავინ აღმოაჩინა. ეს იგივეა, რომ ბნელ ოთახში შავი კატა ეძებო. მეც ძალიან მინდოდა ამ ელიტარული კორუფციის პოვნა და თუ მე თუ ამ ელიტარული კორუფციის ნაწილი ვიყავი, მაშინ სად არის ამის დამადასტურებელი შედეგი? ეს სრული უაზრობაა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 10 საუკეთესო საერთაშორისო მკვლევარი დაიქირავა იმ მიზნით, რომ რაღაც მაინც ეპოვა, ენახა, თუ რა მქონდა მოპარული, მაგრამ ვერაფერი იპოვნეს. ისინი ეძებდნენ დიდხანს და ყველგან. ჩვენი მმართველობის რეალური შედეგი კი ისაა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი  11-ჯერ გავზარდეთ. ასევე 3-ჯერ გავზარდეთ ეკონომიკის მოცულობაც. მართალია, უცხოეთიდან კრედიტებს ვღებულობდით, მაგრამ ეს ფული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოვახმარეთ. საქართველო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ლიდერად იქცა… საერთოდ კი, ელიტარული კორუფციის კონცეფცია სრული აბდაუბდაა, რადგან თუ არის ელიტარული კორუფცია, მაშინ ის ყველგან არსებობს. წარმოუდგენელია, რომ ხელმძღვანელი ქრთამს იღებდეს და სხვებს აკონტროლებდეს, რომ მათ ქრთამი არ აიღონ (…)

ჟანა ნემცოვა: მე რამდენიმე თეორიული ხასიათის კითხვას დაგისვამთ… რა მოხდება, თუ თქვენ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოგართმევენ?

მიხეილ სააკაშვილი: არაფერი, ალბათ, უკეთეს შემთხვევაში რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებდი, თუმცა ეს ძალიან აბსურდული სიტუაცია იქნებოდა.

ჟანა ნემცოვა: ვთქვათ და საქართველოში თქვენზე აღძრული სისხლის სამართლის ყველა საქმე დახურეს. ჩახვალთ საქართველოში?

მიხეილ სააკაშვილი: კიდევ ერთხელ ვამბობ – მე უკრაინულ პოლიტიკაში სერიოზულად ვარ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბრძოლის ველიდან გარბის.

ჟანა ნემცოვა: დონალდ ტრამპმა რომ შემოგთავაზოს სამუშაო?

მიხეილ სააკაშვილი: დონალდ ტრამპი, როცა ბიზნესმენი იყო, ამბობდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად უნდა გამოვიყენოთ შეერთებულ შტატებშიო, თუმცა ვფიქრობ, რომ ხუმრობდა. მან რომელიღაც ინტერვიუში თქვა, კარგია ერთსა და იმავე ბიზნესში რომ ვართ, რადგან  გამაკოტრებდა – როცა სააკაშვილი რაიმეს დაიწყებს, გაჩერება აღარ უნდა და ამ მხრივ ჩემზე უარესიაო. ცხადია, ეს ხუმრობა იყო. ახლა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტია, მაშინდელი ხედვები კი ბიზნესმენის ხედვებს წარმოადგენდა.

ჟანა ნემცოვა: მე თქვენს ბოლო ქონებრივ დეკლარაციას გადავხედე, რომელიც 2016 წლის 10 ნოემბერსაა შევსებული. სატრანსპორტო საშუალებებში მხოლოდ ველოსიპედი გაქვთ დაფიქსირებული…

მიხეილ სააკაშვილი: როცა კიევში გადმოვედი, ავტომანქანა „შკოდა სუპერბი“ ვიყიდე, ძალიან მაგარი მანქანაა. ოდესაში კი სასამსახურო მანქანა მქონდა – ძველი „ფოლკსვაგენ ტუარეგი“.

Comments are closed