«Radio Liberty – Радио Свобода» (აშშ): ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან: „ახლა მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებას ბევრ სფეროში ძალიან ზედმეტი მოუვიდა, ავტორიტარული ტენდენციებიც ნამდვილად ჰქონდა, იყო შეცდომებიც“
«Известия» (რუსეთი): რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა პრეზიდენტს თურქეთთან 1921 წლის 16 მარტს დადებული მეგობრობის ხელშეკრულების დენონსირება სთხოვეს
«Комсомольская правда» (რუსეთი): საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება: ქვეყნის მოქალაქეებს ერთსქესიანთა ქორწინებისადმი ნეგატიური პოზიცია აქვთ
«Шустер live» (უკრაინა): ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი თანამემამულე, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობაში დაადანაშაულა
———————-
«Radio Liberty – Радио Свобода» (აშშ), 7 თებერვალი, 2016 წელი
http://www.svoboda.org/content/article/27532571.html
ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან: „ახლა მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებას ბევრ სფეროში ძალიან ზედმეტი მოუვიდა, ავტორიტარული ტენდენციებიც ნამდვილად ჰქონდა, იყო შეცდომებიც“
ინტერვიუში პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა, რომელიც აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტში დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრს ხელმძღვანელობს, ეხება თავის ცნობილ თეზისს – „ისტორიის დასასრულს“, თანამედროვე რუსეთის იდეოლოგიურ რეალობას, ისლამურ ფუნდამენტალიზმს, გლობალურ ეკონომიკურ უთანასწორობას და საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებების პირობებში.
გთავაზობთ ამონარიდს:
- კიდევ ერთხელ ყოფილ საბჭოთა კავშირის შესახებ. თქვენ თვითონ გაქვთ დაწერილი, რომ რეფორმების პროცესს ხშირად თან დემოკრატიული პროცესები არ ახლავს. ხელისუფლებაში მოსული ძალები პირველ რიგში ხშირად საკუთარ უფლებამოსილებას იფართოვებენ და ავტორიტარულ მახასიათებლებსაც იძენენ. საქართველომ, მაგალითად, სულ რამდენიმე წლის წინათ საკუთარ ტყავზე გამოსცადა ის რეალობა, როცა რეფორმისტულად განწყობილი მთავრობა ჯერ წესრიგს ამყარებდა, შემდეგ კი რეფორმებს ატარებდა. ანუ რამდენადაც რეფორმების გატარება ძლიერ აღმასრულებელ ხელისუფლების არსებობას მოითხოვს, მთავრობის გაძლიერების პროცესში დემოკრატიის საკითხები უკანა პლანზე გადავიდა. არადა, ლიბერალური დემოკრატია სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ ხელისუფლების გავლენა-ძლიერება რაც შეიძლება შეამციროს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობითა და კონტროლისა და საპირწონეთა ბალანსით. როგორ უნდა გავაერთიანოთ მოდერნიზება და დემოკრატიზაცია?
- მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაიმე თანმიმდევრობა ჩანს. ევროპაში, მაგალითად, ისეთი ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სახელმწიფოებრივი მართვის სისტემა მანამდე ჩამოყალიბდა, ვიდრე იქ დემოკრატია განვითარდებოდა. რაღაც თვალსაზრისით, ეს კარგი თანმიმდევრული განვითარება იყო, რადგან თანამედროვე სახელმწიფოს (მე თანამედროვეში ვგულისხმობ ისეთს, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, მაგრამ მაღალმწარმოებელ სახელმწიფოს) ჩამოყალიბება, როცა თითოეულ მოქალაქეს ხმის უფლება აქვს და არჩევნებში რეგულარულად მონაწილეობს, ძალიან რთულია. მაგრამ ეს შესაძლებელია და ამას საქართველოს მაგალითიც ადასტურებს. ჩემი აზრით, საქართველომ საკუთარი თავის მოდერნიზება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოახდინა, როცა უკვე დემოკრატიული ქვეყანა იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოდერნიზება მე-19 საუკუნის ბოლოს გაიარა, როცა უკვე ის დემოკრატიული სახელმწიფო იყო.
- თქვენ, ალბათ, იცნობთ ქართულ საზოგადოებას, რადგან საქართველოში ადრეც იყავით ჩამოსული. ისიც იცით, რომ ბევრი არ ეთანხმება თქვენს მოსაზრებას, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში მართვის დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდა. იყო მოდერნიზაციის პროცესები, იყო რეფორმებიც, მაგრამ წინა მთავრობას ბევრი მზარდ ავტორიტარიზმში სდებდა ბრალს…
- მზარდად ავტორიტატარული არ არის არადემოკრატიული სინონიმი. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ჩემი შთაბეჭდილებით, საქართველოში არსებობდა ზოგადი კონსენსუსი, რომ ძველი სისტემა ძირმომპალი, ღრმად კორუმპირებული იყო და მას ნამდვილად ჭირდებოდა შეცვლა. სამოქმედო მანდატს იმ მთავრობას სწორედ ეს კონსენსუსი ანიჭებდა. დიახ, ახლა მეც ვფიქრობ, რომ ბევრ სფეროში მათ ძალიან ზედმეტი მოუვიდათ, ავტორიტარული ტენდენციებიც ნამდვილად ჰქონდათ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ საერთოდ არ გააჩნდათ დემოკრატიული ლეგიტიმურობა
«Известия» (რუსეთი), 08 თებერვალი, 2016 წელი
http://izvestia.ru/news/603463
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა პრეზიდენტს თურქეთთან 1921 წლის 16 მარტს დადებული მეგობრობის ხელშეკრულების დენონსირება სთხოვეს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა, კომპარტიის წევრებმა ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ქემალისტურ თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს (რსფსრ) შორის მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს დადებული მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულების დენონსირების (გაუქმების) თხოვნაა გამოხატული, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ტატიანა ბაიკოვა).
წერილში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამჟამად თურქეთი რუსეთის მიმართ თანმიმდევრულად ატარებს აგრესიულ პოლიტიკას: „ვვარაუდობთ, რომ ამჟამად, როცა თურქეთის აგრესიული მოქმედება ფართოვდება, ჩვენ უნდა გადავხედოთ და იურიდიული შეფასება უნდა მივცეთ თურქეთთან დადებულ იმ ყველა ხელშეკრულებას, რომლებიც წამგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოკავშირეებისათვის. ანკარამ უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ შემოუბრუნდება მას უკან კონფლიქტის ესკლაცია“, – განაცხადა სერგეი ობუხოვმა „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბრისას.
რუს კომუნისტ დეპუტატებს მხარს უჭერენ კოლეგები პარტია „სამართლიანი რუსეთი“-დან („სპრავედლივაია როსია“). დეპუტატ ოლეგ პახოლკოვის თქმით, მოსკოვის ხელშეკრულება რუსეთის ინტერესების საზიანოდ იქნა ხელმოწერილი: „თურქებმა მოლაპარაკების დროს, ხელშეკრულების პროექტის განხილვისას, ძალიან მძიმე პირობები წამოგვიყენეს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის შექმნის პუნქტიც… თურქების მკაცრი აღზრდაა საჭირო, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამქვეყნად არაფერი მუდმივი არ არის, მათ შორის მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებაც. ამიტომაც ამ დოკუმენტის დენონსირების თხოვნა სრულიად ნორმალური მოვლენაა. ჩვენ ამ საკითხში მხარს სომხეთიც დაგვიჭერს. მოჰყვება თუ არა ჩვენ თხოვნას იურიდიული შედეგები, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ის, რომ ჩვენი ტერიტორიული პრეტენზიები სამართლიანია, ეს ცხადია. თურქებმა ეს უნდა გააცნობიერონ“, – ამბობს ოლეგ პახოლკოვი.
დეპუტატები წერილში აღნიშნავენ, რომ თურქეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის სახით, ჯერაც არ მოუხდია ბოდიში რუსული ბომბდამშენის „სუ-24“-ის ვერაგულად ჩამოგდების გამო: თურქეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელები განაგრძობენ თავიანთი წინაპრების ცუდ ტრადიციებს რუსეთის მიმართ, აგრძელებენ ეგოისტურ პოლიტიკას, რომელიც ორმაგ სტანდარტებს ემყარება. ამასთან დაკავშირებით, ვვარაუდობთ, რომ ზედმეტი არ იქნებოდა შეგვეხსენებინა თურქებისათვის, რომ მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს დადებული ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულება მარადიული არ არი“, – ნათქვამია წერილში.
სერგეი ობუხოვის თქმით, ამ ხელშეკრულების გადასინჯვის საკითხი პირველად არ დგება დღის წესრიგში. ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ, როცა ომისშემდგომი ახალი საზღვრების დადგენის პროცესი დაიწყო, საბჭოთა კავშირმა ქემალისტურ თურქეთს ახალი ხელშეკრულების დადება შესთავაზა, თუმცა, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, თავისი მოთხოვნა უკან წაიღო.
- ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან ორი – საქართველო და სომხეთი – მოსკოვის ხედლშეკრულების პირობებს არ აღიარებენ და მას უსამართლოდ მიიჩნევენ. უნდა ვიცოდეთ, რომ 1921 წელს ბოლშევიკების ბედი ჯერ კიდევ ბეწვზე ეკიდა: გრძელდებოდა უცხოური ინტერვენცია, სამოქალაქო ომი, ამიტომაც იმდროინდელ სიტუაციაში საბჭოთა რუსეთს არ შეეძლო ძალის პოზიციებით ესარგებლა და თურქეთისათვის თავს მოეხვია მისთვის წამგებიანი პირობები, – ამბობს კომუნისტი დეპუტატი „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში, – თავიდანვე იგულისხმებოდა, რომ შეთანხმებას დროებითი ხასიათი ექნებოდა და ამიტომაც 1945 წელს, საბჭოთა კავშირმა – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფომ – განაცხადა, რომ მისთვის მოსკოვის ხელშეკრულების პირობები წამგებიანი და დისკრიმინაციულია.
1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულების თანახმად, ყოფილი ყარსის ოლქი და ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ყოფილი ერევნის გუბერნიის სურმალინის მაზრა არარატის მთასთან ერთად, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში 1828-1878 წლებში შევიდნენ, თურქეთს გადაეცა.
სომხეთის რესპუბლიკა დღემდე არ აღიარებს ყარსის ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვის ხელშეკრულების პირობების აღსრულების მიზნით 1921 წლის 13 ოქტომბერს დაიდო, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ყარსის ხელშეკრულების დენონსაცია 2005 წელს მოახდინა.
საერთოდ, ამ ხელშეკრულებების დენონსირების საკითხზე პრესაში ლაპარაკი ჯერ კიდევ 1945 წელს დაიწყო, როცა საბჭოთა ისტორიკოსმა ალექსი ჯიველეგოვმა 1946 წელს გაზეთ „იზვესტიაში“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა მოსკოვის შეთანხმების უსამართლობის თაობაზე. ავტორი წერს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ისტორიულ საზღვრებში სომხების სანუკვარ ოცნებას წარმოადგენს.
ამასთან, ექსპერტების აზრით, მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაციას ყარსის ხელშეკრულების ავტომატური გაუქმება არ მოჰყვება. შესაბამისად,, იმ შემთხვევაშიც, თუ ორივე დოკუმენტი გაუქმდება, ეს არ გამოიწვევს თურქეთისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრების დაუყონებლივ შეცვლას.
„ზოგადად, ამა თუ იმ ტერიტორიის სტატუსი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და გადაწყვეტილებებითაა უზრუნველყოფილი. რადგან ამ ტერიტორიების მიმართ უკვე არსებობს [აშშ-ის] საარბიტრაჟო სასამართლოს [1920 წლის 22 ნოემბრის] გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, შემდგომ პერიოდში დადებული ყველა ხელშეკრულება, რომლებიც არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურად არ ჩაითვლებიან. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები სეპარატულ ხელშეკრულებებად ითვლებიან და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას კი ვერავინ ვერ გააუქმებს, ის საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, – ამბობს „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე კარინე გევორქიანი.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 7 თებერვალი, 2016 წელი
http://www.kp.ru/daily/26487.7/3359135/
საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება: ქვეყნის მოქალაქეებს ერთსქესიანთა ქორწინებისადმი ნეგატიური პოზიცია აქვთ
ალექსანდრე გრიშინი
საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს ესიზმრებოდა და რომლის მოახლოების დაჩქარებას ცდილობდა, ამჟამად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა ამაში კომუნისტები და მოსკოვიდან „მოფრენილი“ რომელიმე ბნელი ძალა კი არაა დამნაშავე, არამედ თვით რესპუბლიკის მოსახლეობის პოზიცია.
გასულ კვირას ქართველი „ლგბტ“-ების უფლებების დამცველმა გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარცელი შეიტანა, რომლის მიხედვით, იგი რესპუბლიკაში ერთსქესიანი ქორწინენების დაკანონებას ითხოვს. გიორგი ტატიშვილის ქმედებას კომენტარი გაუკეტა საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შარაშენიძემ და აღნიშნა, რომ ამ განზრახვისაგან არაფერი გამოვა, რადგან ქართველ ხალხს ერთსქესიანთა ქორწინებისადმი ნეგატიური პოზიცია აქვს. „თუ მსგავს პრეცედენტს აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლება მაინც დაუშვებს, მაშინ ქართველი ხალხი, რომელსაც ამ საკითხში ერთიანი პოზიცია აქვს, ასეთ რამეს არასოდეს მხარს არ დაუჭერს“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ საზოგადოებაში ლესბოსელებთან და გეებთან დაკავშირებული თემების წამოწევა პროვოკაციაა და ეს ყველაფერი საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგაა მიმართული.
ამასთან, ეკლესიის მსახური რატომღაც არ ითვალისწინებს იმას, რომ „ლგბტ“-ური საზოგადოების წევრთა უფლებების დაცვა რამდენიმე ქართველი აქტივისტის ინიციატივა კი არ არის, არამედ ამას თვით ევროკავშირი ითხოვს: ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება ამ მეგობრულ ოჯახში გაწევრიანების საწინდარია.
ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ალბათ, საქმე ცუდად ექნება, როცა თავიანთ ტოლერანტულ მოსახლეობას გააგებინებენ, თუ ვის მიღებას აპირებენ. ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის 89% მხარს უჭერს ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებები აიკრძალება. ლესბოსელებისა და გეების ერთმანეთთან ქორწინების მომხრე მხოლოდ 6%-ია, 4%-ს კი საკუთარი პოზიცია ჯერაც ვერ გაურკვევია.
ასე რომ, სანამ გეებს და ლესბიანკებს საქართველოში დაქორწინება და გამრავლება არ შეუძლიათ, თბილისს ევროკავშირში ვერ ვნახავთ. რას ამოირჩევენ თვითონ ქართველები – ევროპასთან ერთად ყოფნას თუ ტრადიციებისადმი ერთგულებას, ეს თვითონ მათზეა დამოკიდებული.
«Шустер live» (უკრაინა), 6 თებერვალი, 2016 წელი
http://3s.tv/content/video_player.php?show_id=813&lang=ua&video=a7BOSlLfllg
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი თანამემამულე, ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობაში დაადანაშაულა
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა აქვს დაკავებული, 5 თებერვალს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის სავიკ შუსტერის თოქ-შოუში „შუსტერ ლაივ“-ში გამოსვლისას, უკრაინის მთავრობა – პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი და მისი კაბინეტის წევრი-მინისტრები ტრადიციულად გააკრიტიკა: მან აღნიშნა, თუ რატომ დატოვა მთავრობა ეკონომიკის მინისტრმა აივარას აბრამოვიჩუსმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს კიდევ არაფერი, გუშინ უფრო მნიშვნელოვანი (ნეგატიური გაგებით) ფაქტი მოხდაო – უკრაინის მთავრობას ოთხი „უძღები შვილი“ დაუბრუნდაო, ანუ იმ მინისტრებმა, რომლებმაც თავის დროზე გადადგომა გამოაცხადეს და დროებით ასრულებდნენ უფლებამოსილებას, თავიანთი განცხადებები უკან წაიღეს და მთავრობას სრული ფუნქციებით დაუბრუნდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებით მკაცრად ისაუბრა თავის „გადამდგარ“ თანამემამულეზე – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილზე, რომელსაც თავის დროზე თვითონ გაუწია რეკომენდაცია მინისტრად დანიშვნაზე… როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, „ჩემი მთავრობის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადება ცხრა თვის წინ აქვს დაწერილი, მაინც ყოველდღე დადის სამსახურში და ხელფასს ღებულობს. იგი თითქოსდა მინისტრია, მაგრამ მას სამინისტროში არავინ არაფრად არ აგდებს, მის პიროვნებას სერიოზულად არავინ აღიქვამს. სწორედ ამიტომაც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში ფართოდაა გავრცელებული ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების ლობირება…“.
ოდესის გუბერნატორის თქმით, ასეთმა უკონტროლობამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ უკრაინაში დღეს, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, მედიკამენტები ყველაზე უფრო ძვირადღირებულია. ამ უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის ბიუჯეტიდან საჭირო თანხის მხოლოდ 30%-ა გამოყოფილი და იმასაც იტაცებენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოდესაში არსებული საავადმყოფოს ყველა ხელმძღვანელს საკუთარი აფთიაქები აქვთ გახსნილი.