globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 8th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Stratfor» (აშშ): საქართველო, სავარაუდოდ, თავის პოზიციებს გადახედავს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა „დერეფნებში შედის“ // მოსკოვმა და თბილისმა 2011 წლის შეთანხმების რეანიმირება გადაწყვიტეს

«Каспiй» (აზერბაიჯანი): წონიანი არგუმენტები? // საქართველოს მეთაურმა გადაწყვიტა საჯაროდ წარმოეჩინა თავისი პოზიცია რიგი საკითხების მიმართ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სოლიდარობა მუშებს: რუსთავის „აზოტის“ კრიზისის ფორმულა

—————–

«Stratfor» (აშშ), 07 თებერვალი, 2017 წელი

https://www.stratfor.com/analysis/georgia-re-assesses-its-position

საქართველო, სავარაუდოდ, თავის პოზიციებს გადახედავს

(შემოკლებით)

მიმდინარე წელი რუსეთისთვის, როგორც ჩანს, წარმატებული იქნება. ეკონომიკა რეცესიიდან გამოსვლის ზღვარზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ფინანსური პრობლემა ჯერ მოგვარებული არ არის. გარდა ამისა, ევროკავშირში მომხდარი ძლიერი რყევა და აშშ-ის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლამ გარკვეული იმედი გააჩინა – სამი წლის წინათ გამოცხადებული სანქციები მთლიანად თუ არ მოიხსნება, იქნებ შემცირდეს მაინც. ეს ცვლილებები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის – უკრაინის, მოლდოვისა და განსაკუთრებით საქართველოსათვის საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირებას მოითხოვს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან და ნატოსთან საკმაოდ ბუნდოვანია და თბილისი არც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაში არაა მაინცდამაინც დარწმუნებული, საქართველო შეეცდება ახლებურად გაიაზროს მოსკოვთან დამოკიდებულება.

(…)

ჯერ კიდევ „ბრექსითის“ რეფერენდუმამდე და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე საქართველომ, რადგან ევროპასთან მისი ინტეგრირების პროცესი შენელდა,  რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გზების ძიება დაიწყო. მოსკოვსა და თბილისს შორის გაცხოველდა სავაჭრო კონტაქტები, ორივე ქვეყნის მთავრობა ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება.

საქართველოს ენერგეტიკაში ამას წინათ მომხდარი მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის გავლენა საქართველოზე მატულობს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს თბილისმა და მოსკოვმა ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული გაზის სომხეთისთვის მიწოდების საშუალებას იძლევა,. ადრინდელი შეთანხმების თანახმად, ტრანზიტის საფასურის სანაცვლოდ, საქართველო მილსადენში გატარებული გაზის 10 პროცენტს იღებდა, ნატურის სახით, ახალი შეთანხმებით კი მოსკოვი თბილისს იმ გაზის 10%-ის საფასურს უკვე ფულით გადაუხდის (კონტრაქტის ძირითადი ნაწილი კონფიდენციალურია  და საქართველოს მთავრობა მის განსაჯაროებაზე უარს აცხადებს).

თბილისისთვის ნაღდი ფულით გადახდა მოსკოვს საშუალებას აძლევს უფრო მეტი გაზი მიაწოდოს სომხეთს. მოარული ხმების თანახმად, რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ საქართველოს ნავთობ-გაზის კორპორაციას, რომელიც გაზსადენის ოპერატორია, [აქციების] 25%-ის გამოსყიდვა შესთავაზა. თუ კორპორაციის ნაწილი გაიყიდება, ამ შემთხვევაში რუსეთის წილი საქართველოს ენერგეტიკაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, სადაც მოსკოვს აქტივები 2006 წლიდან აქვს.

რამდენადაც ოფიციალური თბილისი მოსკოვთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს, ქართველი პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთთან – ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრირების შესაძლებლობაც უნდა გაფართოვდეს. 24 იანვრიდან კანონმდებლებმა დისკუსია დაიწყეს, ჩაიწეროს თუ არა ახალ კონსტიტუციაში დებულება, რომლითაც საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი – ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაფიქსირდება. ამომრჩევლები ამ საკითხთან დაკავშირებით გაყოფილნი არიან. ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, რომ ევროპასთან ინტეგრირებას ქართველების 53% მხარს უჭერს (10%-იანი კლება გასულ წელთან შედარებით). 31% კი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს (თითქმის 10%იანი ზრდა გასულ წელთან შედარებით).

აშშ-ში და და ევროპაში მიმდინარე ცვლილებები, სავარაუდოდ, საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც ეხება. აფხაზმა და რუსმა ჩინოვნიკებმა კვლავ დაიწყეს ქართველ კოლეგებთან კონტაქტები საზღვრისპირა ზონაში კონფლიქტების თვიდან აცილების მიზნით, ხოლო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაგეგმილია სავაჭრო პუნქტის გახსნა ახალგორის ახლოს, სადემარკაციო ხაზთან. სავარაუდოდ, ეს იმის ნიშანია, რომ თბილისს შეუძლია კვლავ გაანაახლოს ვაჭრობა ყოფილ ავტონომიურ ოლქთან. თავის მხრივ, საქართველომ შეარბილა კანონის [„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“] მოთხოვნები, რომლის თანახმად უცხოელები (ძირითადად, რუსები), რომლებიც თბილისის ნებართვის გარეშე პირველად ეწვევიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მხოლოდ ჯარიმას გადაიხდიან და მათ სასამართლო დევნა არ ემუქრებათ. გარდა ამისა, თბილისს დაგეგმილი აქვს დიპლომატიური არხებით მიმართოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს [თანამშრომლობის მიზნით]. თუ მხედველობაში მივიღებთ არაღიარებულ ტერიტორიებზე არსებულ კრიზისულ ეკონომიკურ ვითარებას და ინფრასტრუქტურის მძიმე მდგომარეობას, მაშინ სოხუმელი [და ცხინვალელი] ლიდერები, ალბათ, თბილისის ამგვარ ძალისხმევას მიესალმებიან, მოსკოვის მდუმარე მოწონების ფონზე.

გამორიცხული არაა, რომ საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარი  ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზეც იფიქროს, როგორც ეს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა 30 იანვარს. თბილისისთვის აუცილებელია რუსეთთან დასაკავშირებლად ღია არხები არსებობდეს, რათა თავიდან აიცილოს ტერიტორიის დამატებითი დანაკარგები.

იმ დროს, როცა აშშ-ში და ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებების ფონზე რუსეთის როლი იზრდება (ქართველებშიც და საერთოდ, რეგიონშიც), საქართველო შეეცდება მოქნილი საგარეო პოლიტიკა გაატაროს. ამასთან, თბილისი უახლოეს მომავალში თავის პროდასავლურ ორიენტაციას მაინც შეინარჩუნებს. ქვეყანა დასავლეთთან სტაბილურ პოლიტიკას გაატარებს და  ერთგული დარჩება იმ პარტნიორული შეთანხმებებისა, რომლებსაც ხელი მოეწერა ნატოსთან და ევროკავშირთან ბოლო წლებში. იმავდროულად, ევროკავშირში შექმნილი შიდაპოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გაურკვეველი პოლიტიკის გამო, თბილისს მცირე არჩევანი აქვს, ამიტომაც არ უნდა იჩქაროს და მოქმედების ყველა ვარიანტი უნდა შეიმუშაოს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 08 თებერვალი, 2017 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3212983

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დერეფნებში შედის

მოსკოვმა და თბილისმა 2011 წლის შეთანხმების რეანიმირება გადაწყვიტეს

გიორგი დვალი, ელენე ჩერნენკო, პავლე ტარასენკო

როგორც „კომერსანტისათვის“ გახდა ცნობილი, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის გუშინდელი სეხვედრა პრაღაში მნიშვნელოვანი ძვრით დასრულდა. მოლაპარაკების მონაწილეებმა გადაწყვიტეს „ახალი სიცოცხლე შთაბერონ“ შეთანხმებებს ‘სავაჭრო დერეფნების შესახებ. 2011 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი მხარეებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ და სატრანსპორტო კომუნიკაციები განავითარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით და იმავდრულად არ შეეხონ საქართველოს ყოფილი ავტონომიების სტატუსსის პრობლემას. როგორც გრიგორი კარასინმა განუცხადა „კომერსანტს“, საქმე გვაქვს  „სერიოზულ პროგრესტან პრაქტიკულ სფეროში“.

„ჩვენ, გრიგორი კარასინთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ მცირე ნაბიჯების მეთოდით ვისარგებლოთ“, – განუმარტა „კომერსანტს“ ზურაბ აბაშიძემ მოლაპარაკების შემდეგ. მისი თქმით, მხარეებმა გადაწყვიტეს განიხილონ ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტა პრაქტიკულად შესაძლებელია, „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გარეშე. მოსკოვისა და თბილისისაათვის „წითელი ხაზები“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს და მათ ტერიტორიაზე რუსული ჯარის ყოფნას ნიშნავს.

დატოვეს რა კონსულტაციების ჩარჩოებს მიღმა პოლიტიკური უთანხმოება, გუშინდელი მოლაპარაკების მონაწილეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში  მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლეს: „ჩვენ გადავწყვიტეთ 2011 წლის შეთანხმების ამოქმედება, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთიერთობის განვითარების საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა „კომერსანტთან“ საუბარში.

საქმე ეხება 2011 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილ „შეთანხმებას რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ“, რომელიც გაფორმდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრიანების მიზნით მიმდინარე რთული მოლაპარაკების ფონზე: აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მსო-ში გაწევრიანების ვეტო მოუხსნა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რუსეთიდან საქართველოსკენ სავაჭრო დერეფნები გაიხსნება, მხარეები კი  საერთაშორისო შუამავლებს მოიწვევენ, ტვირთების  ნაკადის გაკონტროლებისა და მარკირების მიზნით. ასეთი სისტემა მხარეებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ის უხერხული სიტუაცია, რომელიც საზღვარზე ტვირთების საბაჟო გაფორმებას თან ახლავს, იმავდროულად შესაძლებელი იქნება სამხრეთ ოსეთზე გამავალი ავტომაგისტრალით სარგებლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისათვის. როგორც ცნობილია, სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი საქართველოს სამხედრო გზა ხშირად იკეტება ხოლმე ცუდი კლიმატური პირობების გამო.

2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების შუამავალი შვეიცარიის ხელისუფლება იყო. ბერნი გამოვიდა წინადადებით, რომ საქართველოს საზღვრის აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე, ტვირთების გადატანის კონტროლის მიზნით, ელექტრონული სისტემა შექმნილიყო. ეს ვარიანტი შესაძლებლობას იძლეოდა, რომ მოსკოვს გვერდი აევლო ამ სატვირთო ოპერაციების ქართულ-რუსულ ვაჭრობად აღიარებისათვის, ანუ საქართველოს ნაწილებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფორმალური აღიარების გარეშე. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ შეთანხმების პირობები პრაქტიკულად არ განხორციელდა. ახლა კი მხარეებმა გადაწყვიტეს 2011 წლის შეთანხმებებს დაბრუნებოდნენ.

როგორც გრიგორი კარასინმა განმარტა „კომერსანტთან“ საუბარში, ამჟამად საკითხი სამი დერეფნის ამოქმედებას ეხება: ერთი იწყება სოჭთან ახლოს, გაივლის აფხაზეთს და მთავრდება ზუგდიდში. მეორე დერეფანი იწყება ჩრდილოსეთის სოფელ ნართან ახლოს, გაივლის სამხრეთ ოსეთს და მთავრდება გორში, მესამე დერეფანი კი „ყაზბეგი – ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან იწყება. საბაჟო პუნქტების ოპერატორის როლი, მოსკოვ-თბილისის შეთანხმებით, შვეიცარიის კომპანია SGS-ს დაეკისრება.

რუსი დიპლომატის თქმით, შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტის ბოლოს  მოსკოვსა და თბილისს ეწვევიან, მოუგვარებელ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. უპოირველეს ყოვლისა, მხარეებმა უნდა განსაზღვრონ საბაჟო პუნქტების მდებარეობა (2011 წლის შეთანხმებაში მოცემულია პუნქტების კოორდინატები, ადგილმდებრეობის დასახელების გარეშე. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსისადმი ნეიტრალური მიდგომა ყოფილიყო). ხოლო როცა პუნქტების მდებარეობის საკითხი გაირკვევა, მოსკოვი და თბილისი ხელს მოაწერენ შეთანხმებას SGS-სთან: „ჩვენ ამისთვის მზად ვართ, – განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში „კომერსანტთან“ საუბრისას, – ეს პრაქტიკულ სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესია. ახლა ძალისხმევას მოვახმართ, რომ ეს ყველაფერი ამოქმედდეს“. მისი თქმით, პრაღის მოლაპარაკებაზე განიხილეს აგრეთვე ზემო ლარსის მისადგომი გზების მოდერნიზების საკითხი, რათა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მეტმა ავტოტრანსპორტმა გაიაროს. კონსულტაციებში ორივე მხარის ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ჩვენ მზად ვართ გარკვეულ ხარჯებზეც წავიდეთ გზის მოდერნიზების მიზნით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა , რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზებაში არამარტო საქართველო და რუსეთია დაინტერესებული, არამედ სომხეთიც: „როგორც კი ჩვენ შეთანხმების დანარჩენ საკითხს გადავწყვეტთ, მის მთლიან რეალიზებას დავიწყებთ. დარცა ყველაზე ბოლო და იმავდროულად ყველაზე რთული საკითხი [პუნქტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა], – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 08 თებერვალი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

წონიანი არგუმენტები?

საქართველოს მეთაურმა გადაწყვიტა საჯაროდ წარმოეჩინა თავისი პოზიცია რიგი საკითხების მიმართ

„ამ დღეებში საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა ჩვენი მეზობელი ქვეყნის – საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გამოსვლისას საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შეეხო“, – ნათქვამია აზერბაიჯანის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია პრეზიდენტის გამოსვლის ძირითადი თემები, მათ შორის, გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება ქვეყნის კონსტიტუციის რეფორმისადმი: მისი აზრით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური თამაშია, რისი მოწმეც საზოგადოება არაერთხელ გამხდარა; კონსტიტუციაში  იმ ცვლილების შეტანა, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების ხასიათს ეხება (საყოველთაო-სახალხო არჩევნების ნაცვლად პარლამენტის მიერ), მიუღებელია.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფერენდუმისადმი ცხინვალის რეგიონისათვის სახელწოდების შეცვლის მიზნით – არის მოსაზრება, რომ „სამხრეთ ოსეთს“ „ალანია“ ეწოდოს. გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ ხელი შეუშალონ სეპარატისტებსა და მათ მფარველებს განზრახვის შესრულებაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა და სუვერენიტეტი ხელშეუხებელია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სატელევიზიო გამოსვლის დასასრულს გიორგი მარგველაშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიც შეაფასა და მზადყოფნა გამოთქვა თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. „რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა და ის „სტრატეგიული თმენის“ რეჟიმში რჩება. არსებობს პრობლემები, რომლებიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მიერ დადებული ხელშეკრულებებით გამოიხატება. ამას ჩვენ ყველა ფორმატის საერთაშორისო შეხვედრებზე ვაცხადებთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

——–

საერთოდ, საინტერესოა, რა იყო პრეზიდენტის გამოსვლა – სპონტანური ინტერვიუ თუ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გადაწყვიტა საჯაროდ გამოეხატა საკუთარი პოზიცია?

როგორც გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტთან გაკეთებულ კომენტარში ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლა ძირითადად  იძულებით რიტორიკას წარმოადგენს, გარკვეულ სიტუაციებში მან რაღაც უნდა თქვას: „რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ თემებს, ჩემი აზრით, საქართველოში დღეს არსებული სახელისუფლო უფლებამოსილების გადანაწილების პირობებში, როცა პრეზიდენტს ფუნქციები შეზღუდული აქვს, საყოველთაო-სახალხო არჩევნები უაზრობაა. რა აზრი აქვს ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს, თუ მას არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია? გერმანიასა და იტალიაში პრეზიდენტს პარლამენტები ირჩევენ. რატომ არ შეიძლება იგივე იყოს ჩვენთანაც? რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უკავშირდება – ის ხომ კონსტიტუციის მუხლების შეცვლით არ შეიცვლება, მით უმეტეს, ისეთი პრეზიდენტის არჩევის სისტემით, რომელიც არაფერს წყვეტს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებაც ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე უბრალო რიტორიკას წარმოადგენს. გასაგებია, რომ პრეზიდენტმა ასე უნდა ილაპარაკოს. სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმიც გასაგებია… გაპროტესტებას აზრი არ აქვს, მაგრამ ესეც საპრეზიდენტო რიტუალის ნაწილია“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-dismissed-from-rustavi-azot-enterprise-hold-protest-rallies/3709585.html

სოლიდარობა მუშებს: რუსთავისაზოტისკრიზისის ფორმულა

ზაზა წულაძე

თბილისსა და რუსთავში არ წყდება საპროტესტო აქციები, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმო „აზოტიდან“ 330 ადამიანის გათავისუფლების გამო. დღეს, ხალხმრავალი მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართა.

სოლიდარობის მოძრაობაში უმუშევრად დარჩენილი რუსთაველი მუშების გარდა, ჩართული არიან პროფკავშირები, სტუდენტური მოძრაობები და არასამთავრობო სექტორი. პროტესტს თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან, რომელმაც რუსთავის აქციის დროს ძალას აშკარად გადაამეტა.

„აზოტმა“, ერთმა-ერთმა ყველაზე დიდმა კერძო დამსაქმებელმა ქვეყანაში, თანამშრომლების მასიური შემცირება 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. იურისტების შეფასებით, ეს პროცესი შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით წარიმართა – „აზოტის“ მხრიდან არ მოხდა დასაქმებულების წინასწარ გაფრთხილება და კომპენსაციის გაცემა, 350-მა მუშა მოსამსახურემ მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ უმუშევრად დარჩა, როცა ქარხანაში შესასვლელი სპეციალური საშვი გაუქმებული დახვდათ. მათ შორის არის ამირან დიაკონიძე, იგი „აზოტში“ 16 წლის მანძილზე მუშაობდა: “ხალხად არ ჩაგვთვალეს და ისე გამოგვყარეს, როგორც ძაღლები, წადით სახლშიო. რა გავაკეთო? მარტო მე ვმუშაობ ოჯახში. ვმუშაობდი, უფრო სწორად და ახლა აღარ ვმუშაობ. დამრჩა სარჩენი ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი. ეს ამათ არ ესმით, ამათ ტვინამდე ვერ დავიდა, რომ ასე ცხოველივით ხალხს არ უნდა მოეპყრო“.

რუსთავის „აზოტმა“, რომლის ძირითადი საექსპორტო საქონელი აზოტოვანი სასუქებია, ბოლო წლების მანძილზე, მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე. ამის მიზეზად საქართველოში ბუნებრივ აირზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა სახელდება, რომელსაც აზოტოვანი სასუქის თვითღირებულებაში – 65% უკავია. თუ 2011 წელს, „აზოტმა“ ექსპორტზე 144 მილიონი დოლარის სასუქი გაიტანა, 2016 წელს – ეს ციფრი 65 მილიონამდე შემცირდა. შარშან, მარტში, გაზის მომწოდებენ აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ გართულებული ურთიერთობის გამო, „აზოტმა“ საწარმოო პროცესი მცირე ხნით საერთოდ გააჩერა. იმავე პერიოდში, Standard & Poor’s-მა „აზოტის“ საკრედიტო რეიტინგი გაიწვია. „სოკარის“ გარდა, „აზოტს“ აქვს ათეულობით მილიონი ლარის დავალიანება სხვა კრედიტორებთან: ფოთის პორტთან, „ენერგო-პრო“-სთან, „საქართველოს რკინიგზასთან“ და გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან.

2011 წლიდან „აზოტს“ ბიზნესმენი რომან ფიფია ლუქსემბურგში რეგისტრირებული „აგროქიმ ეს-ეი“-ს მეშვეობით მართავდა. 2016 წლის ივლისში სწორედ რომან ფიფიას კომპანიას გამოუყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 155 მილიონი დოლარი. ამ კრედიტით „აზოტის“ სრული საწარმოო მოდერნიზება, გაზის მონეტიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე აზოტოვანი სასუქის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის უნდა აშენებულიყო.

EBRD-სა და რომან ფიფიას შორის ხელმოწერას მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო და ბრძანა, რომ ამ შეთანხმების შედეგად რუსთავში სრულიად ახალი შესაძლებლობები და 500 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდებოდა. მან ასევე დადებითად შეაფასა, პროექტში საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ბანკის“ ჩართულობა. იმ დროს, „აზოტის“ ძირითადი საწარმო საშუალებები და აქტივები სწორედ „საქართველოს ბანკის“ გირაოს ქვეშ იყო მოქცეული.

იმ დღიდან სულ რაღაც ორ თვეში „აზოტში“ მოვლენები დრამატულად განვითარდა. EBRD-ის მიერ მრავალმილიონიანი კრედიტის გამოყოფას შეეწინააღმდეგა ლუქსემბურგის East-West United Bank-ი, რომლის მიმართ, რომან ფიფიამ 2014 წელს აღებული 100 მილიონი დოლარის მოცულობის მიზნობრივი კრედიტი ვერ დაფარა. 2016 წლის 1 სექტემბერს კი „საქართველოს ბანკმა“ „აზოტის“ დაგირავებულ ძირითად საშუალებებზე, სასწრაფო წესით იძულებითი აუქციონი გამოაცხადა და ამის შესახებ EBRD-სა და East-West United Bank-ს დაგვიანებით აცნობა. შედეგად, აუქციონის გამარჯვებული და რუსთავის „აზოტის“ ახალი მესაკუთრე სრულიად უცნობი „ეუ ინვესთმენთი“ გახდა. ეს კომპანია აუქციონამდე 20 დღით ადრე, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა ტოპ-მენეჯერმა ეფრემ ურუმაშვილმა დააფუძნა.

ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები სწორედ „საქართველოს ბანკის“ ოფისებთან მიმდინარეობს. მანიფესტანტები მუშების მასობრივ დათხოვნაში ბანკს ადანაშაულებენ და სამსახურში მათ დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ. თავად ეფრემ ურომაშვილი ამბობს, რომ EBRD-თან ხელშეკრულებაზე არაფერი იცის და თუ პროტესტი გაგრძელდა, „აზოტი“ შეიძლება, საერთოდ ვეღარ ამუშავდეს და უმუშევრად დარჩენილებმა კომპენსაცია ვერ მიიღონ: „EBRD-თან ჩვენ შეხება არ გვქონია. „აზოტის“ მართვა მთლიანად აიღო „ეუ ინვესთმენთმა“. გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკება „სოკართან“, მაგრამ იმ ფონზე, როცა ქარხანა გაჩერებულია, ეწყობა მიტინგები და პროვოკაციები, საკმაოდ გვიჭირს იგივე „სოკართან“ მოლაპარაკება გაზის გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე“.

საქართველოს ქიმიური გიგანტი „აზოტი“ აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი მშენებლობა საბჭოთა საქართველოში 1947 წელს დაიწყო, საწარმოს დაბადების დღედ კი მიჩნეულია 1956 წლის 27 თებერვალი, როცა ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით, რუსთავში პირველი ამიაკი მიიღეს.

დღეს კი, ქიმიური გიგანტის 61 წლის იუბილეს მოახლოების ფონზე, საერთოდ ბუნდოვანია როგორც „აზოტიდან“ განთავისუფლებული 330 თანამშრომლის, ისე საწარმოში დარჩენილი 2000-მდე მუშა-მოსამსახურისა და მთლიანად წარმოების შემდგომი ბედი.

რუსთავის „აზოტის“ კრიზისის ფორმულის ამოხსნას ამჟამად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი „აზოტის“ ახალ მეპატრონესთან, მუშებთან და პროფკავშირებთან მედიაციის ფარგლებში ცდილობს.

————–

საქართველოდან აზოტოვანი სასუქის (ამონიუმის ნიტრატის) ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები (2000-2016 წლებში):

2016 წელს – 65 644 000 აშშ დოლარი, 2015 წელს – 109 762 500, 2014 წელს – 137 607 000, 2013 წელს – 130 136 400, 2012 წელს – 136 543 700, 2011  წელს – 144 057 200, 2010 წელს – 84 155 200, 2009 წელს – 59 598 100, 2008 წელს – 98 459 600, 2007 წელს – 56 884 900, 2006 წელს – 46 622 600, 2005 წელს – 35 831 300, 2004 წელს – 28 637 600, 2003 წელს – 18 382 100, 2002 წელს – 11 973 800, 2001 წელს – 4 873 700,  2000 წელს – 16 191 300.

Comments are closed