globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 8th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: მედია შუშის ზარხუფში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ევროკომისარი უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია ლტოლვილების ბანაკების აშენების იდეას არ უკავშირდება

«Tehran Times» (ირანი): ინტერვიუ სომეხ ექსპერტთან: ირანული გაზის ტრანზიტი და აშშ-ნატოს ინტერესები სამხრეთ კავკასიაში // დასავლეთი და საქართველოს პერსპექტივა

—————-

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/media-situation-in-georgia/3754016.html

საქართველო: მედია შუშის ზარხუფში

ნინო დალაქიშვილი

მედია-დამოუკიდებლობისა და მედია-პლურალიზმის შეზღუდვის თაობაზე განგაშის სიგნალები ქართულ რეალობაში ყოველდღიურად ისმის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან. სიტუაციის კულმინაცია ამ ეტაპზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელიც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან თავის ასაცილებლად გამოიცა და შემდეგ გაგრძელდა. თუმცა მედიის წინაშე არსებული გამოწვევების საილუსტრაციოდ ეს განგაშის ერთადერთი მარკერი არ გახლავთ.

ექსპერტებსა და მკვლევარებს მედიაგარემოს გაუარესებაზე საუბრისას სამი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი მოჰყავთ: პირველი გახლავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რებრენდინგის პროექტი, მეორე – „რუსთავი-2“–ის საქმე და მესამე – რამდენიმე მანამდე დამოუკიდებელი ტელევიზიის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევისა და სარედაქციო პოლიტიკის გაერთიანების ფაქტი. „ჰუმან რაითს ვოჩ“-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიათავისუფლება რისკის ქვეშაა და ამის შესაძლო მიზეზი ხელისუფლებაა.

„ამერიკის ხმა“ გიორგი გოგიას, „ჰუმან რაითს ვოჩ“-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს ესაუბრა:

„გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი გახლავთ. მედიისა და მედიაკონტენტის მრავალფეროვნება აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ხელისუფლებას გააჩნია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია რადიო და ტელემედიაზე. ეს ჩემი ინტერპრეტაცია არ გეგონოთ, ესაა სტანდარტები, რასაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აწესებს. „რუსთავი-2“-ის საქმეზე თუ ვისაუბრებთ, მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებული საქალაქო სასამართლოდან და დასრულებული უზენაესით, რჩებოდა უამრავი კითხვის ნიშანი, რომელზეც, სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ სცემდა ადექვატურ პასუხს. აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ზეწოლას სასამართლოს სისტემაზე, რაც კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე მედიის თავისუფლების შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მან ასევე მოაყოლა გადაწყვეტილება, რითაც ფაქტობრივად ერეოდა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში. ეს, ალბათ შემთხვევითი არაა და მიუთითებს იმ მოტივებზე, რაც თავიდანვე არსებობდა“, – ამბობს გიორგი გოგია, რომელიც ჩვენთან არა მხოლოდ ცალკეული მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს, არამედ პრობლემას ერთიან კონტექსტში წარმოაჩენს:

„საქართველოში „რუსთავი-2“–ის საქმე არის ერთი ელემენტი უფრო დიდი მედია-სურათისა, რომელიც ასევე შემაშფოთებელია „ჰუმან რაითს ვოჩისთვის“. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში. არსებობს ფაქტი, რომ რამდენიმე სერიოზული ტელეგადაცემა დაიხურა იმ კონტექსტით, როდესაც მისი წამყვანი აცხადებდა, რომ ეს მოხდა ხელისუფლების ზეგავლენით. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამი ადრე კრიტიკული ტელევიზიის გაერთიანება მოხდა ერთ კონცერნში, რომელიც გავლენას ახდენს ამ არხების სარედაქციო პოლიტიკაზე. მთლიანობაში ეს გახლავთ ისეთი სურათი, როცა „ჰუმან რაითს ვოჩ“-ს მიაჩნია, რომ მედია-პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დგას“.

რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, 7 მარტს ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სამეურვეო საბჭოსექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. შეთანხმება შედგა იმაზე, რის განხორციელების სურვილსაც ახალი მენეჯმენტი მოსვლისთანავე გამოთქვამდა, ანუ 102 გადაცემიდან მხოლოდ ერთი დარჩება ეთერში: მიმდინარე წლის 17 ივლისამდე ამჟამად არსებული ფორმატი იმუშავებს, მორიგი სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე კი „მოამბე“ არხის ერთადერთი გადაცემა იქნება.

„ამერიკის ხმა“ სამეურვეო საბჭოს მეშვიდე წევრს სულხან სალაძეს ესაუბრა:

„მე არ ვიზიარებდი დებულებაში შეტანილ იმ ცვლილებებს, რაც წარმოდგენილი იყო სამეურვეო საბჭოზე მენეჯმენტის მხრიდან, ვინაიდან ეს ცვლილებები დიდწილად არ განსხვავდებოდა იმ ცვლილებებისგან, რაც მანამდე, ექვს თებერვალს იყო წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოში. დებულებაში ცვლილებები პრინციპში იგივეა, რასაც ადრე ითხოვდა მენეჯმენტი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუკი ადრე მენეჯმენტი ამბობდა, რომ 102–დან 101 გადაცემა უნდა დაეხურა, დღეს ამბობს, რომ ამას 17 ივლისამდე არ გააკეთებს. სამეურვეო საბჭომ დღეს დაუჭირა დებულებაში ცვლილებებს მხარი ისე, რომ ის ძალაში შევა 2017 წლის 17 ივლისს. მაშინ რა საჭირო იყო ცვლილება 4 თვით ადრე? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. ის, რასაც აპირებს მენეჯმენტი, დებულებასთან კავშირში არაა, ამის გარეშეც შეეძლოთ კონკურსების ჩატარება. გამიჩნდა ეჭვი, რომ მათ წინასწარ მიიღეს გარანტია დებულებაში ცვლილების სახით, 17 ივნისიდან ისინი დაიწყებენ პროცესს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს შრომითი უფლებების საკითხთან: განთავისუფლებები, ჩამოქვეითებები, დაწინაურება, გადაყვანა თანამშრომლების და სხვა“.

სულხან სალაძე ჩვენთან საუბრისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკითხს ცალკე არ განიხილავს, იგი მას ერთიან კონტექსტში ხედავს, რაც მედიადამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობაზე მიუთითებს:

„რეალურად დროში ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს. დაწყებული იმით, რომ „იმედმა“ გასულ წელს შეიძინა „მაესტრო“ (ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე გასულ წელს გახდა ცნობილი) და ის, რომ GDS ოფიციალურად გაიფორმა – ამას რეესტრის ჩანაწერებიც მოწმობს. გასული წლის ნოემბერში „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მოულოდნელად გადადგა დირექტორი და უკვე 6 იანვარს სამეურვეო საბჭომ ახალი დირექტორი აირჩია. მე არ ვთვლი, რომ ქართულ მედიაში შემთხვევით ხდება რამე და მით უმეტეს, სატელევიზიო მედიაში. მე მგონია, რომ ეს პროცესები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა ეგზითპოლის თემა, როცა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის თანხმობით, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო იმ ეგზითპოლში, რომელიც ტარდებოდა „იმედის“, GDS-ის და „მაესტროს“ სახელით. ეს იყო ისეთი მონაწილეობა, რომლის საჭიროებაც არ არსებობდა და პრინციპში, დაადასტურა კიდეც შედეგებმა. ეს ეგზითპოლი ემსახურებოდა „რუსთავი-2“–ის მიერ შეკვეთილი ეგზითპოლის საპირწონე შედეგების მიღებას. არცერთი ეგზითპოლი, რომელიც შეუკვეთეს კერძო ტელევიზიებმა და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, მათ შორის „რუსთავი-2“–მაც, ახლოსაც არ იყო ცესკოს შედეგებთან. ასე რომ, ეს პროცესი მედიაში უფრო ადრე დაიწყო და მე მგონია, რომ გაგრძელდება მომავალშიც“.

„რუსთავი-2“–ის საქმის თაობაზე ევროსასამართლომ ახალი გადაწყვეტილება გუშინ, 7 მარტს, გვიან საღამოს მიიღო, რითაც შენარჩუნებულია არსებული მდგომარეობა: სტრასბურგი ტელეკომპანიის საქმეს წარმოებაში იტოვებს, არ იცვლება არც მენეჯმენტი და არც სარედაქციო გემოვნება. საქმის – „რუსთავი-2“ საქართველოს წინააღმდეგ“ – წარმოების შედეგები ცნობილი გახდება… უცნობ მომავალში.

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/eu-on-syria-refugee-camps/3753710.html

ევროკომისარი უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაცია ლტოლვილების ბანაკების აშენების იდეას არ უკავშირდება

ნანა საჯაია

ევროკავშირის კომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი უარყოფს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკების აშენების მოთხოვნას.

„ამერიკის ხმის“ კითხვას ევროკომისრის ოფისმა წერილობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ლტოლვილთა ბანაკების აშენება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების ნაწილი არ ყოფილა. მისი თქმით, საქართველომ უვიზო მიმოსვლა დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის შედეგად მიიღო: „ვიზა-ლიბერალიზაცია ეფუძნება 2013 წელს საქართველოს მთავრობისთვის გადაცემულ სამოქმედო გეგმას. ეს გეგმა რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მიღებამდე უნდა შეასრულოს, ამ კრიტერიუმებს შორისაა კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმა. ევროპის კომისია საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზა-ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების შემდეგ აკვირდებოდა და ეს პროცესი 2015 წლის დეკემბერში დასრულდა, მაშინ, როცა საქართველომ ეს მოთხოვნები შეასრულა“.

ევროკომისრის ოფისი გამრიცხავს ვიზა-ლიბერალიზაციაზე სხვა ფაქტორების გავლენას: „მხოლოდ და მხოლოდ სამოქმედო გეგმის და მისი კრიტერიუმების შესრულება გახდა იმის საფუძველი, რომ ევროპის კომისიამ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭა“, – ნათქვამია წერილში.

ევროკომისარს მიგრაციის საკითხებში „ამერიკის ხმა“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც რუსულ და ქართულ მედიასაშუალებებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ მის ტერიტორიაზე სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკები უნდა ააშენოს. ბანაკების საქართველოში აშენების იდეა კი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრა სებასტიან კურცმა გერმანულ გაზეთ „ბილდ“-თან გააჟღერა. როგორც მოგვიანებით საქართველოში ავსტრიის ელჩმა გამოცემა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში განმარტა, მინისტრმა საქართველო „იდეის დონეზე ახსენა“. ევროპის კავშირიც და საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ბანაკების გაშენება მოლაპარაკების ნაწილი არ ყოფილა და არც ერთ ფორმალურ შეხვედრაზე არ განხილულა.

«Tehran Times» (ირანი), 07 მარტი, 2017 წელი

http://www.tehrantimes.com/news/411720/Armenian-expert-Iran-can-t-be-ignored-in-coalition-against-Daesh

ინტერვიუ სომეხ ექსპერტთან: ირანული გაზის ტრანზიტი და აშშ-ნატოს ინტერესები სამხრეთ კავკასიაში // დასავლეთი და საქართველოს პერსპექტივა

თეირანის ინგლისურენოვან გაზეთ «Tehran Times»-ში 7 მარტს გამოქვეყნდა სომეხი პოლიტოლოგის, ერევნის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონული კვლევების ცენტრის თანამშრომლის ჯონი მელიქიანის ინტერვიუ, რომელშიც იგი, გაზეთის კორესპონდენტ ვაჰიდ პურტეჯრიშთან საუბრისას, ეხება ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკას (სირიის საკითხს), სომხეთ-ირანის ურთიერთობასა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტს. ამ კონტექსტში ჯონი მელიქიანი საქართველოს როლზეც ლაპარაკობს. მასალის ორიგინალური სათაური ასეთია: „სომეხი ექსპერტი: „დაიშ“-ის წინააღმდეგ მიმართული კოალიციის იგნორირება ირანის მხრიდან წარმოუდგენელია“

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებული სახით:

კითხვა: ირანის ნავთობის მრეწველობის სამინისტრომ ამას წინათ განაცხადა, რომ შესაძლებელია საქართველოსაკენ ირანული გაზის გადატუმბვა აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე არსებული მილსადენების მეშვეობით. უფრო ადრე, შვიდ თებერვალს რუსულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ ხელი მოაწერა რუსეთ-თურქეთის შეთანხმებას გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებლობის თაობაზე, რუსული გაზის სამხრეთ ევრპის სახელმწიფოებისათვის მიწოდების მიზნით. თქვენი აზრით, არის თუ არა „თურქული ნაკადი“ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ირანული გაზის ექსპორტის კონკურენტი, საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით?

პასუხი: ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომ ყოველი ქვეყანა თავისი ეროვნული ინტერესების გატარებასა და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას ცდილობს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ირანია და არც რუსეთი. (…) ირანს, დასავლეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის კვალობაზე, რასაკვირველია, თეორიულად ბუნებრივი გაზის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობა აქვს. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ირანი გაზს აწვდის თურქეთს, მას შეუძლია აგრეთვე ცისფერი საწვავი მიაწოდოს სომხეთს და საქართველოს, მაგრამ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით. მოკლევადიან პერსპექტივაში კი ირანს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ევროპაში საკუთარი გაზი გაიტანოს. ჯერ-ჯერობით, ჩვენი მონაცემებით, ირანს გაზის მოპოვების ტემპების გაზრდის საშუალება არ აქვს – იმდენი გაზისა, რომელსაც ევროპის ბაზარზე გაიტანს. გარდა ამისა, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულ გაზთან შედარებით, ირანული გაზი საკმაოდ ძვირია. დადებით მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ირანმა უკვე გამოაცხადა 2017-2020 წლებში გაზის მოპოვება დღევანდელი 240 მილიარდი კუბმეტრიდან 340 მილიარდამდე გაზარდოს. აი, ასეთ პირობებში თეირანს გაზის ფართო ექსპორტის შესაძლებლობა ექნება.

რაც შეეხება საქართველოს გაზის ბაზარს, მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს გაზით უზრუნველყოფაში მონოპოლია აზერბაიჯანს აქვს და, როგორც ჩანს, ახლო მომავალშიც ასე იქნება, მით უმეტეს გაზის საბადო „შაჰ-დენიზ-2“-ის ამოქმედების კვალობაზე, რომელიც 2019 წლისათვის საქართველოს მოთხოვნას უფრო მეტად დააკმაყოფილებს. რაც შეეხება სომხეთს და თურქეთს, ეს ორი ქვეყანა, რუსული გაზის მოწოდების მიუხედავად, ირანული გაზის მომხმარებელი მომავალშიც იქნება. ამასთან, სომხეთს იმედი აქვს, რომ ირანიდან დღევანდელზე უფრო მეტ გაზს მიიღებს 140-კმ-იანი მილსადენის მეშვეობით. სანაცვლოდ, ერევანი ირანს ელექტროენერგიას მიაწვდის სამი ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით (ორი მწყობრშია, მესამე კი შენდება).

კითხვა: როგორც ცნობილია, 2008 წლის კრიზისის შემდეგ საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის [ინტეგრირების] ტემპი შენელდა, ახლა კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უკვე ვეღარ გააგრძელებს ფულის ხარჯვას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სასარგებლოდ, რომლებიც ალიანსის წევრები არიან [მაგრამ საწევრო თანხას ვერ იხდიან]. როგორ წარმოგიდგენიათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალი ასეთი სიტუაციის ფონზე?

პასუხი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება შოკში ჩავარდა. თბილისი სკეპტიკურად იყო განწყობილი და ეგონა, რომ სამხრეთ კავკასიისადმი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ინტერესი შესუსტებოდა. თუმცა მიუნჰენის კონფერენციაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კონტაქტების შედეგად, განსაკუთრებით კი ბრიუსელში ნატოს საბჭოს სხდომის დროს გაირკვა, რომ სიტუაცია ამ საკითხში გლობალურად არ შეიცვლება, ანუ შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს საქართველოსადმი დახმარებას ევროატლანტიკური ინტეგრირების გრძელვადიან გზაზე.

Comments are closed