«Newsweek» (აშშ), 8 აპრილი, 2015 წელი
http://www.newsweek.com/putin-throws-away-rulebook-320244
ვლადიმერ პუტინი წესებს არღვევს: ჰელსინკის აქტი და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი
ჯუდი დემპსი, კარნეგის ევროპული ცენტრის თანამშრომელი
(შემოკლებით)
სამხრეთ ოსეთიც აფხაზეთის გზას დაადგა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სამხრეთ კავკასიის სეპარატისტული რეგიონის (სადაო ტერიტორიის) – სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თბილოვმა 18 მარტს, მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
რუსეთმა მსგავს დოკუმენტს ხელი მოაწერა კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან – აფხაზეთთან, 2014 წლის ნოემბერში. ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთი გააკონტროლებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, საზღვრებსა და საბაჟოებს.
აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც საქართველოსაგან დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში გამოაცხადეს. მათი დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა, როცა მისი ჯარები საქართველოში შეიჭრნენ და ეს ორი რეგიონი დაიკავეს. დღეს რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფინანსურად ეხმარება და თითქმის სრულ კმაყოფაზე ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აღნიშნული თვითგამოცხადებული რესპუბლიკები იურიდიულად არ მიუერთებია, ისედაც ნათელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია.
იგივე სიტუაციაა უკრაინისთვისაც: ყირიმის რუსეთთან მიერთების წლისთავზე, კიევისათვის ამ რეგიონის დაბრუნების (იურისდიქციის აღდგენის) შანსები მიზერულია და თითქმის არ არსებობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველასათვის სავალდებულო და ყველას მიერ აღიარებული ჰელსინკის 1975 წლის პირველი აგვისტოს დასკვნითი აქტის (დეკლარაციის) დებულებები სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თაობაზე, უხეშად იქნა დარღვეული.
ამჟამად, როცა ჰელსინკის აქტის 40 წლისთავი ახლოვდება, რთული სათქმელია, როგორ ბედი ელოდება ამ ისტორიულ შეთანხმებას – გადარჩება თუ საბოლოოდ გაუქმდება.
ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის ვალდებულებები განსაზღვრა. დოკუმენტი სამი განყოფილებისაგან შედგება: უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა და ადამიანის უფლებები. ამ დოკუმენტის შედეგად, ჯერ მუშაობა დაიწყო მუდმივმოქმედმა კონფერენციამ, შემდეგ კი შეიქმნა იმ დროისათვის ახალი უნივერსალური საერთაშორისო გაერთიანება – ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო – OSCE).
ჰელსინკის აქტში მოცემულია დოკუმენტზე ხელმომწერ სახელმწიფოთა მოქმედების ათი პრინციპი:
სუვერენული თანასწორობა, სუვერენიტეტის პატივისცემა;
მუქარისა და ძალის გამოყენებისაგან თავშეკავება;
საზღვრების ხელშეუხებლობა და ურღვევობა;
სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა;
სახელმწიფოთაშორისო დავების (კონფლიქტების) მშვიდობიანი მოგვარება;
სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობა;
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა (აზრის გამოხატვის, სინდისის, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებათა ჩათვლით);
ხალხთა თანასწორობა და თვითგამორკვევა;
სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;
ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება (საერთაშორისო სამართლის მიხედვით).
აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ყირიმის მოვლენები გვაჩვენებს, რომ დასავლეთს ცივი ომის დროინდელი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესასრულებლად თითიც კი არ გაუნძრევია. დასავლეთს რომ სიმკაცრე გამოეჩინა, რუსეთი აფხაზურ, ოსურ და ყირიმულ შოუებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
მაგრამ განა დასავლეთი როდისმე მზად იყო ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების დასაცავად?
ზოგიერთები, ალბათ, იტყვიან, რომ დეკლარაცია გაფორმდა ცივი ომის პერიოდში და რომ ეს დოკუმენტი საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისაკენ იყო მიმართული, ამ აქტით დასავლეთმა საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროები განსაზღვრაო.
ასეთი მიდგომები იყო პოლონეთში 1980 წელს მომხდარი მღელვარების მიმართაც, როცა მუშათა პროფკავშირულმა გაერთიანება „სოლიდარობასა“ და მმართველ კომპარტიას შორის დაპირისპირება დაიწყო. მოსკოვის დახმარებით მღელვარება ცახშობილ იქნა. დასავლეთის სახელმწიფოებს ხმა არ ამოუღიათ, ვაითუ არასტაბილურობა გაღრმავდეს და საბჭოთა კავშირმა 1945 წლის იალტის კონფერენციით დადგენილი საზღვრები დაარღვიოსო.
დასავლეთი მზად იყო ნატოს მეშვეობით თავისი გავლენის სფეროების დაეცვა, მაგრამ არანაირად არ იყო მზად გავლენის გასაფართოებლად.
საინტერესოა, რომ ჰელსინკის დასკვნითი აქტის დებულებები, პრინციპში, არ დარღვეულა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, როცა ორი გერმანია – გდრ და გფრ გაერთიანდა, 1989-1990 წლებში. ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის აშშ-ის, გერმანიის და საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერებს: ისინი გრძნობდნენ საკითხის მნიშვნელობას [და ფრთხილად მოქმედებდნენ].
მაგრამ შემდეგ დაიწყო იუგოსლავიის დაშლის პროცესი, იშლებოდა საბჭოთა კავშირიც… მოვლენები, ერთი შეხედვით, თითქოს არასწორად განვითარდა – ბალტიის ქვეყნების ბედიც ბეწვზე ეკიდა. თუმცა იმ მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ ევროპის ეს ნაწილი უკვე ნატოსა და ევროკავშირშია ინტეგრირებული.
რუსეთის პოზიციის მიხედვით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ჰელსინკის აქტი გავლენის სფეროების საკითხში მრავალჯერ დაირღვა. ყველა შემთხვევაში, კომუნიზმის კრახმა დასავლეთის გავლენის სფერო მშვიდობიანად მართლაც გააფართოვა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ამასთან, დასავლეთის მზარდი გავლენა, განსაკუთრებით უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ვლადიმირ პუტინის გამოწვევას ნიშნავს. ყირიმის ანექსიამ დაადასტურა, რომ რუსეთი ახლომდებარე ტერიტორიებს (შემოგარენს) თავისად ან თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევს. მოკლედ, რუსეთი და დასავლეთი დღეს ერთმანეთთან კონკურენციაში იმყოფებიან.
ნდობის დაკარგვამ ჰელსინკის დასკვნითი აქტი საფუძვლიანად შეარყია. პირველად „ცივის ომის“ დასრულების შემდეგ, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად იცვლება.
კონკურენცია უნდობლობის პირობებში ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით ევროპის იმ ქვეყნებისათვის, რომლის მოქალაქეები პატივს სცემენ დემოკრატიას და ევროპული ფასეულობებს. ამავე დროს ისინი მოსკოვის დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რომელიც მათ ხელს უშლის სასურველი კურსის არჩევაში.
„გავლენის სფეროებით“ მანიპულირება არასტაბილურობის გამომწვევი რეცეპტია, რომელსაც უკრაინის კრიზისი ადასტურებს, მაგრამ ჰელსინკის აქტმა ისიც აჩვენა, რომ „გავლენის სფეროები“ მუდმივი არ არის.
«BBC Украiна» (დიდი ბრიტანეთი), 7 აპრილი, 2015 წელი
http://www.bbc.co.uk/ukrainian/
საქართველო: ხედვა მაიდნიდან
„ბოლო წლებში უკრაინაში საქართველოს შესახებ ასეთი შთაბეჭდილება ჩამოყალიბდა: „საქართველო? ო, ეს ის ქვეყანაა, სადაც რეფორმებმა გაიმარჯვა”. უკრაინის მთავრობაში ქართველ „ლეგიონერებზე” დღეს ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ”, – აღნიშნულია ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისი”-ს უკრაინული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. პუბლიკაციაში, რომლის ავტორია ვიაჩესლავ შრამოვიჩი, გადმოცემულია საქართველოს მოქალაქეებისა და საერთოდ, ქართველი საზოგადოების განწყობა, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების პოზიციები და ა.შ.
ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ქართული სინამდვილის შემდეგ ასპექტებზე:
ა) ფაქტი: ქართული აქცია „პრო” და „კონტრ“-ით
საკმაოდ ფართოდაა გაშუქებული ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ თბილისში ამასწინათ გამართული ანტისამთავრობო აქცია: აღნიშნულია, რომ საპროტესტო მიტინგის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, ხოლო აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ექს-პრეზიდენტს შავი პიარი აუგორეს – მიხეილ სააკაშვილი ხან აჩეჩილი თმებით იყო გამოსახული, ხან მიწაზე გდია მცველებით გარშემორტყმული (2008 წლის აგვისტოს ომის დროს), ხან კიდევ მისი ფოტო გლდანის საპყრობილეში მომხდარი წამების ამსახველ სკრინშოტებთან ერთადაა გამოფენილი. „აქციის შემდეგ საკმაო ხანია გასული, მაგრამ აშკარაა, ქალაქის ხელისუფლება ამ პლაკატების აღებას არ ჩქარობს”, – წერს ჟურნალისტი და ასევე ვრცლად აღწერს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან (სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან) შეკრებილი პროტესტანტების განწყობას:
„ახალგაზრდები ბევრია, მათ „წითელი ლენტები” უჭირავთ, მთავრობის პოლიტიკასთან უთანხმოების აღსანიშნავად. პოლიციელებიც ბევრია, მაგრამ მუზარადების გარეშე, რაც მათ კიევის მაიდნისაგან განასხვავებს, თუმცა იმავე მაიდანს გვაგონებს პოლიციის ავტობუსები და შენობის შესასვლელთან მდგარი ქართველ ძალოვანთა რაზმები. აქციის მონაწილეებს შორის წვრილი მოვაჭრე დადის და მათ სასმელ-საჭმელს სთავაზობს – ეს ქართული პროტესტების კოლორიტია. დადის კიდევ რამდენიმე ადამიანი მშენებელთა მოხატულ ჩაფხუტებში – მოგვიანებით ცნობილი ხდება, რომ ეს კიეველთა საჩუქარია. „მე დარწმუნებული ვარ, რომ მაიდანი მალე თბილისშიც იქნება, – ამბობს „ბიბისი”-ს კორესპონდენტთან საუბარში „ნაციონალი” აქტივისტი თამარ ქუთათელაძე, – საქართველო მიხეილ სააკაშვილს ელოდება. საქართველოს იგი სჭირდება”. ნახევარი საათის შემდეგ პრემიერის რეზიდენციასთან მდებარე მოედანი ცარიელდება. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი იტყვის, რომ „დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის განვითარების ხელისშეშლა უნდოდათო”. მისი თქმით, აქციაზე ხალხი ორგანიზატორებმა ფულით მიიყვანეს”.
ბ) კომენტარი: ხედვა კიევური მაიდნიდან
უკრაინელი ანტონ ზაიაცი კიევის მაიდანში აქტიურად მონაწილეობდა, 2014 წლის გაზაფხულზე კი საქართველოში გამოემზავრა. დღეს იგი ერთ-ერთ ბარში მენეჯერად მუშაობს. „ბევრმა აქ პრეზიდენტის სახელი და გვარი არც კი იცის. მხოლოდ ორი გვარი ფიგურირებს – ივანიშვილი და სააკაშვილი, რომლებთაც ძლიერი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე”, – ამბობს იგი.
ბიძინა ივანიშვილი – ბიზნესმენი და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრეა. მის მიერ ჩამოყალიბებულმა კოალიციამ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იგი პრემიერ-მინისტრი გახდა, მოგვიანებით კი გადადგა და ბიზნესს დაუბრუნდა. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის საფუძველზე 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს. მას დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ სპონსორად და ლიდერად მიიჩნევენ. „ბევრმა ქართველმა არც იცის, რის მიღება სურთ პოლიტიკისაგან… ამბობენ, სააკაშვილი დასაჭერიაო, მაგრამ როცა ეკითხები, მოსწონს თუ არა მას დღევანდელი მთავრობა, გპასუხობენ, რომ არა”, – ამბობს ანტონ ზაიაცი და დასძენს: „ქართველები ტრადიციულად იმედოვნებენ, ოდესმე იქნებ ვინმე პატიოსანი პრეზიდენტი გამოჩნდესო, მაგრამ საკითხავია, არის თუ არა დღეს ასეთი კანდიდატი”.
რაც შეეხება ბიზნესის ქართულ წესებს, უკრაინელი მენეჯერი ასეთ დახასიათებას იძლევა: „ვთქვათ, ვურეკავ ადამიანს და ის მეუბნება, რომ დღეს საქონელს მომიტანს. ველოდები შუაღამემდე, ისევ ვრეკავ… ამბობს, მოვდივარ და მომაქვსო. კიდევ ერთი საათი გადის და ისევ ვრეკავ. პასუხად მობოდიშება და ხვალ მოგიტანო. აი, დროის ასეთი შეგრძნება აქვთ ქართველებს”, – ხუმრობს ანტონ ზაიაცი და იქვე სერიოზულად ამატებს: „თუმცა აქ ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივად და გამჭვირვალედ ხდება: მიდიხარ იუსტიციის სახლში და ყველაფერს სწრაფად აგვარებ”.
რაც შეეხება დასაქმებას: „საქართველოში სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ხელფასები დაბალია. საკმაოდ ბევრი უცხოელი ჩამოდის, რომლებიც ქართულ ფირმებში მუშაობენ, ან თავიანთ ბიზნესს იწყებენ, თუმცა თვით ქართველები ხანდახან ძალიან ზარმაცობენ. ისინი ნარდს თამაშობენ და ამ დროს ისიც უნდათ, რომ ვინმემ ფული მიუტანოს. ძალიან ხშირად მინახავს, რომ გაგანია სამუშაო დროს შრომისუნარიანი ადამიანები უქმად დგანან, დომინოს ან კარტის თამაშით არიან გართულნი და პრინციპში, დროს ტყუილად ატარებენ”. შეკითხვაზე, „გაურესდა თუ არა მისი თავალსაზრისი ქართველების მიმართ ერთი წლის განმავლობაში, ანტონ ზაიაცი ამბობს: „არანაირად. ყველას ვთავაზობ, აქ ჩამოვიდეს და ცოტა ხანი მაინც იცხოვროს. უბრალოდ, მე უკვე გავიგე, რა პლუსები და რა მინუსებია აქ იმ ადამიანისათვის, რომელიც ერთი კვირით ტურისტად კი არ ჩამოდის, არამედ საქართველოში ცხოვრება სურს”.
„ქართველების დამოკიდებულება უკრაინელებისადმი ფანტასტიკურია. აქ ყველას ვუყვარვართ იმიტომ, რომ საერთო მტერი გვყავს”, – ასკვნის ანტონ ზაიაცი.
გ) პოზიცია: ქართველები უკრაინაში
„ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”, – ამბობს გიორგი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასა და პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. გიორგი თბილისის ცენტრში მდებარე ჰოსტელის მფლობელია, იქვე, „მშვიდობის ხიდთან” ახლოს. იგი რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეა და რეზერვისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე დადის. გიორგი დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის საქმიანობას და დასძენს, რომ „ნაციონალებს” მართლაც აქვთ შანსი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მაგრამ ქვეყნის მეთაურად ვინმე ახალი უნდა იყოს.
გიორგის კოლეგა არტურ გასპარიანი კომენტარს უკეთებს უკრაინის ახალ ამბებს, კერძოდ, მთავრობის სხდომაზე ჩინოვნიკთა ღია ეთერში დაპატიმრების ფაქტს: „აი, ეს უკვე მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა, მას ასეთი ჟესტები უყვარს”. გიორგი და არტური მიესალმებიან უკრაინის ხელისუფლებაში ქართველების სამსახურს, მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს: „თქვენ ისინი მოგატყუებენ”. საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” „უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას ახდენს”.
„სულ მალე თქვენთან რეფორმები განხორციელდება და ცხოვრება შეიცვლება”, – ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს არტური, როცა კიევში „გადამსხდარ ქართულ დესანტზე” საუბრობს.
«Lragir» (სომხეთი), 7 აპრილი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/41551
რატომ უნდა გაიაროს ირანულმა გაზმა სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე?
აიკაზნ გაგრიანი, „ლრაგირ”-ის მთავარი რედაქტორი
ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნება. ლოზანაში გაფორმებული შეთანხმების პერსპექტივას შეუძლია სრულიად შეცვალოს საერთაშორისო პოლიტიკის ტენდენციები და ძალთა განლაგება. ჰორიზონტზე უკვე ჩანს ახალი ბლოკების სილუეტები…
ვინ დაზარალდება და ვინ მოიგებს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ირანის დაბრუნებით? ალბათ, დაზარალდება რუსეთი, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საუდის არაბეთი და მისი თანამგზავრები. თუ ბაზარზე ირანის ნავთობი გამოჩნდება, ჩამოთვლილი ქვეყნები, რომლებმაც ისედაც უკვე ზიანი მიიღეს ენერგოშემცველებზე ფასების დაწევით, კიდევ უფრო ახალი და რთული პრობლემების წინაშე დგებიან, თურქეთმა კი შეიძლება რეგიონში თავისი მნიშვნელობა და გავლენა დაკარგოს.
სომხეთისათვის ირან-დასავლეთის შეთანხმების შეფასებები, ძირითადად, პოზიტიურია: ერევანი იღებს ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელთა მეშვეობით შეიძლება, ბევრი პრობლემა გადაიჭრას.
ამასთან, სომხეთში ბევრი სამართლიანად ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია, ეს შესაძლებლობები ერთი ხელის დაკვრით გააქროს. კერძოდ, მხედველობაშია სომხეთ-ირანის კავშირების დადებითი პერსპექტივა. როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხების გასაკვევად გამოიძახეს სასწრაფოდ მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი.
საქმე იმაშია, რომ ირანის „გახსნით” ყველაზე მეტად რუსეთი დაზარალდება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ტრადიციული პოზიციების დათმობით. რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია გამკაცრდება, თუ, რა თქმა უნდა, მოსკოვი თავის პოლიტიკას არ შეცვლის და ახალი ტენდენციების ადეკვატური არ იქნება.
და აი, რუსული პროპაგანდისტული მანქანა კვლავ ამუშავდა, სომხეთის მიმართ მორიგი მუქარის გასაჟღერებლად: მაგალითად, რუსეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი კონსტანტინ სიმონოვი გაზეთ „168 ჟამ”-თან საუბარში შეეცადა იმის „დასაბუთებას”, რომ სომხეთი ირანთან ურთიერთობის გაღრმავებით არანაირ სიკეთეს არ მიიღებს.
„შეხედეთ რუკას. რატომ უნდა გაიაროს ირანულმა გაზმა სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე? თუ ასეთი პროექტები გაჩნდება, მაშინ ირანისათვის უმჯობესი იქნება, ევროპაში ენერგოშემცველების ექსპორტისათვის საჭირო მილსადენი პირდაპირ თურქეთისაკენ გაიყვანოს. სასაცილოა, რა შუაშია აქ სომხეთი, როცა ირანი თურქეთს ესაზღვრება? ყველა მიხვდება, რომ ირანული გაზი სომხეთის გავლით ევროპაში ვერ გავა”.
აშკარაა, რომ მოსკოვი სომხურ-ირანული პროექტების დასაბრკოლებლად ემზადება. რუსეთი, „დახურავს” რა სომხეთს, თურქეთს მოელაპარაკება, რათა ანკარამაც დახუროს საქართველოზე გამავალი ძირითადი ენერგომაგისტრალი სომხეთისათვის. თურქეთიც, დაინახავს რა პოლიტიკური ვაჭრობის ფართო შესაძლებლობებს, თავის მოთხოვნებს წამოაყენებს და ალბათ, ეს მოთხოვნები სომხეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული.