«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): პრეზიდენტი პარლამენტში
«Каспiй» (აზერბაიჯანი): ქართველი ხალხი ნატოსა და ევროკავშირის მომხრეა // ვიზალიბერალიზების დადებითი ეფექტი სრულიად რეალური და ხელშესახებია
«Голос Армении» (სომხეთი): შეღავათები იოლად დამყოლებისათვის // ქართველებს ევროპაში წასვლა უვიზოდ შეუძლიათ. სომხებმა რა დააშავეს?
«Эхо» (აზერბაიჯანი): ერევანში ისევ „აფხაზური იმედების“ რეანიმირებას ცდილობენ
«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი): „მემლექეთზე ფიქრებით“ // აბდულაჰ ჩელებიოღლუ (ჩელებაძე) – ქართული წარმოშობის თურქი პოეტი
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 აპრილი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/president-of-georgia–addresses-parliament/3801056.html
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
ნინო დალაქიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი 7 აპრილს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. მისი სიტყვა დაახლოებით ნახევარი საათს გაგრძელდა და ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემატურ თემებს შეეხო, როგორიცაა კონსტიტუცია, სოციალური მდგომარეობა და სიღარიბე, სამუშაო ადგილები და დასაქმების პოლიტიკა, ეკონომიკა და ახალი ინიციატივები ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროინტეგრაცია, ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობა, იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უშიშროების საბჭო და მის წინაშე არსებული გამოწვევები, შავი ზღვის როლის გაზრდა საერთო უსაფრთხოებაში, სასამართლო სისტემა და კრიზისული ვითარება მის ირგვლივ, მედია, პოლიტიკური პარტიები და განათლების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობა: „თანამშრომლობისა და პარტნიორობის, აქტიური პოლიტიკის წარმატების მაგალითია არაღიარების პოლიტიკა. ამ წარმატების საპასუხოდ რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან აქტიური ჩართულობით უნდა შევქმნათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადავდგათ შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ“.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. გამოსვლის შემდგომ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა შემდეგნაირად შეაფასა: „ეს იყო ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა, სადაც პრეზიდენტმა წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებების მხრივ, როგორიცაა სასამართლო, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორების აზრით, საქართველოში არის შესამჩნევი პროგრესი. მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“.
პრეზიდენტის სიტყვის შემდგომ პარლამენტში გამოსვლები 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა. გამომსვლელების ტექსტები მრავალფეროვანი მიდგომებით გამოირჩეოდა.
გიგა ბუკიამ, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, თავისი გამოსვლისას პრეზიდენტს გულწრფელობისა და სამართლიანობის ხარისხი დაუწუნა, მეტი ნეიტრალობა მოსთხოვა და სასამართლოს მიმართ დაპირისპირებაში დაადანაშაულა: „ხშირ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს საკითხებზე, იგი არ არის ნეიტრალური, არ არის სამართლიანი, არ არის არბიტრის როლში, როგორც ჩემმა კოლეგებმა ბრძანეს, არ არის მიუკერძოებელი. მან გადაუხვია იმ ბალანსიდან, რომელის დაცვაც მას ევალება, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, ვინაიდან, როგორც ჩანს, უფრო კომფორტულ მდგომარეობაში გძნობს თავს, როდესაც ხელისუფალი ხელისუფლებასთან არის ოპოზიციაში. არა მხოლოდ დღევანდელი გამოსვლიდან ვაფასებ მას ასე. ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი ოპოზიციაშია პარლამენტში უმრავლესობასთან, ოპოზიციაშია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და დღეს ძალიან საგანგაშო იყო, რომ საკონსტიტუციო ინსტიტუტს, სასამართლოს დაუპირისპირდა.ის განცხადება, რომ სასამართლოშია კრიზისი, უნისონშია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოთქმულ მოსაზრებებთან, რომ ჩამოიშალა სასამართლო, ეს არის პირდაპირ ძალიან საგანგაშო და სახიფათო განცხადება ხელისუფლების სიმყარის მიმართ“.
ლევან გოგიჩაიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ამბობს, რომ შარშანდელი პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებით ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტებს შავი დღე გაუთენა, რომელიც არასდროს დასრულდება: „მათ (ოპოზიციის – ნ.დ.) გამოსვლაში ძირითადი საკითხი ეხებოდა ერთ ადამიანს. ამ ადამიანის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანმა თქვენ პირველ ოქტომბერს გაგითენათ შავი დღე, რომელიც არ მთავრდება და არ დასრულდება არასდროს ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, თავის გუნდთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ამ ქვეყანაში შექმნა მომავალი, გააჩინა მომავლის პერსპექტივა და ასეც იქნება სულ“.
გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მმართველი გუნდი შინაარსისგანაა დაცლილი: „უკვე მეხუთე წელია აქ იცვლება სახეები, ვიღაცეები ძველები რჩებიან, მაგრამ ტექსტი ერთი და იგივე გვესმის ამ ტრიბუნიდან: საკუთარი თავის ქება, წასული ხელისუფლების ლანძღვა და მეტი არაფერი, ნულოვანი შინაარსი. არც რწმენა გაერთიანებთ ერთმანეთის, არც მომავლის ხედვა, არაფერი არ გაერთიანებთ საერთოდ, გარდა ხელისუფლებაში ყოფნისა. როგორ უნდა შევაჯამოთ თქვენი ხუთწლიანი მმართველობა? აქ უკვე ბევრჯერ ითქვა, მაგრამ მოკლედ ასეა: გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი სამთავრობო ვალები, რაც დაუტოვეთ შემდეგ თაობებს, გაზრდილი კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, გაზრდილი რუსეთის გავლენა ჩვენი ქვეყნის შიგნით, შემცირებული შემოსავალი ბევრი ოჯახისთვის, რეალურად, მსყიდველობითი უნარიანობით შემცირებული პენსისია, შემცირებული ეკონომიკური ზრდა, შემცირებული რწმენა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა მომავლისადმი – ესაა უმძიმესი განაჩენი, რომელიც თქვენ გამოუტანეთ ჩვენს ქვეყანას. როდესაც პირად საუბრებში აღიარებთ ხოლმე, რომ გვაქვს მძიმე მდგომარეობა, მეორე დღეს, როდესაც გთავაზობთ რაღაც ხედვას, კონკრეტულ ეკონომუკურ ხედვას, განხილვაც კი არ გინდათ. ახლა აქ რომ გამოხვალთ რიხიანი სიტყვით, ერთ–ერთმა მაინც გვითხარით, რამდენი მილიონით გემეტებათ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. ციფრი, რიცხვი გვითხარით“.
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 07 აპრილი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/presidenti-parlamentshi/28415959.html
პრეზიდენტი პარლამენტში
ნონა მჭედლიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, 7 აპრილს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. ანგარიშში მან ქვეყნის განვითარების ისეთ მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა: საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიღწევები და გამოწვევები, ეკონომიკა და სოციალური საკითხები, სასამართლო, ადამიანის უფლებები და სხვა. პრეზიდენტის გამოსვლას ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხსენების დასრულების შემდეგ ხანგრძლივი საპარლამენტო დებატები გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პოლიტიკური ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობაში ყოფნით გამოწვეული ძალაუფლების კონცენტრაციის ხაზგასმით დაიწყო და აღნიშნა, რომ არჩევნებიდან ხუთი თვის თავზე „ქართული ოცნება“ საკუთარ თავშია ჩაკეტილი, უარს ამბობს დიალოგზე და ვერც რეფორმების დინამიკით გამოირჩევა. შესაბამისად, პირველი რეკომენდაცია, რომლითაც გიორგი მარგველაშვილმა მმართველ პოლიტიკურ ძალას მიმართა, მოკავშირეების ძებნა, ინსტიტუციური თანამშრომლობა, დიალოგი და ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებისათვის ზრუნვაა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მოხსენებაში ხაზგასმით იყო გამოყოფილი მოქალაქეთა წინაშე არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, მწირი პენსიები, ლარის არასტაბილურობა, ინფლაცია და ასე შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბიზნესთან კონსულტაციები თავის ვალდებულებად უნდა აქციოს და ეკონომიკური რეფორმებიც მასთან თანამშრომლობით შეიმუშაოს. ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოგვარებას, თავის მხრივ, პრეზიდენტი ევროპული ინტეგრაციის პროცესთან ბმაში განიხილავს და ჩამოთვლის რა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, ამბობს, რომ ქვეყანა მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს:
„უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება და რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა. საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიაა. საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები“.
აქვე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ აღნიშნა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართული პრობლემატიკის მეტად წარმოჩენისა და „ვაშინგტონის რადარებზე მისი აქტიურად დაფიქსირების“ აუცილებლობა. ამ მხრივ კი, გიორგი მარგველაშვილმა გამოყო რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით და გამოვიდა ინიციატივით, მეგობარი სახელმწიფოების ჩართულობით შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა. აქვე მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაერთიანების მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოების ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად – პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უნდა განახლდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. გიორგი მარგველაშვილმა ილაპარაკა ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობის მომავალზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში ჩართულობის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა მიმართა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, იყვნენ საქართველოს ხმა ნატოს მომავალ სამიტზე ბრიუსელში, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ იქნება.
რაც შეეხება შიდა დემოკრატიას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია, მაგრამ კრიზისის დაძლევის ინტერესებს არ ამჟღავნებს თავად მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას დუმილით ხვდება. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ სასამართლოს კრიზისის ზუსტი მიზეზების დასადგენად ქვეყანამ ავტორიტეტული ევროპელი ექსპერტების მისია მოიწვიოს. აქვე მან ხელისუფლებას მოუწოდა პრევენციის მიზნით მეტი გულისყურით მოეკიდოს და რეაგირება მოახდინოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, ხანდაზმულების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევის თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება პოლიტიკას, პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მან ახალი, ძლიერი პოლიტიკური აქტორების გამოჩენა ისურვა:
„მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ძლიერი, სანდო არჩევანი შესთავაზეთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც თავისი ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში დაასრულა განცხადებით, რომ გადაწყვიტა მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დაუჭროს მოქალაქეების სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს.
პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და, მიუხედავად იმისა, რომ მასში პრეზიდენტმა მთავრობის საქმიანობა პოზიტიურ კონტექსტშიც არაერთხელ ახსენა, უმრავლესობის დეპუტატების ცალსახა კრიტიკა დაიმსახურა. მცდარი, ცალმხრივი, ზედაპირული, არაობიექტური, რეალობას აცდენილი – ესაა იმ ეპითეტების ნაწილობრივი ჩამონათვალი, რომლითაც პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს მთავრობის წარმომადგენლებმა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა:
„არა ნეიტრალური და ობიექტური, არამედ როგორც მხარე, ისე წარმოჩნდა პრეზიდენტი, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას უწოდებ საკუთარ თავში ჩაკეტილს, დიალოგის არმოსურნეს და ვითარებას აფასებ, როგორც საფრთხის შემცველს, ეს მაფიქრებინებს, რომ, სამწუხაროდ, მისი აქცენტები იყო აცდენილი რეალობას“, – განცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ კი ქვეყანაში არსებული რეალობის დამახინჯებაში თავად პარლამენტის უმრავლესობა დაადანაშაულა: „ჩემო მეგობრებო, ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას. კიდევ ერთხელ – და არ დავიზარებ, რამდენჯერაც ამ ტრიბუნაზე ამოვალ, იმდენჯერ -შეგახსენებთ: არ ასახავს რეალობას ის სურათი, რომელიც არის ამ პარლამენტში, არ ასახავს არც სახელისუფლებო გუნდის ჭრილში და არც ოპოზიციის გუნდის ჭრილში. თქვენი რაოდენობა არ ასახავს იმ ადამიანების განწყობას, აბსოლუტურად აცდენილები ხართ და ძალიან თხელ ყინულზე დადიხართ. მოულოდნელად შეიძლება ეს ყინული ჩაგიტყდეთ“.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მძიმე მემკვიდრეობაზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნის განვითარების მთავარ დისკურსს აცდენილი იყო და, განვითარების ნაცვლად, დემოკრატიზაციაზე იყო ორიენტირებული: „კი, მართალია, დიდია სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში, მაგრამ განვითარების გარეშე ამ სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენ გვერგო ნეოლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგი, სადაც სახელმწიფოს აბსოლუტურად პასუხისმგებლობა ჰქონდა მოხსნილი როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ისე ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე, მათ განათლებაზე, მათ ჯანმრთელობაზე“.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა თავის გამოსვლაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით მთავრობის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება: „ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უმაღლეს დონეზე, უმაღლესი საერთაშორისო პოლიტიკის დონიდან ფაქტიურად მოხსნა. მე არ ვამბობ, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია თავისთავად გარანტიაა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება მყისიერად, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აქტუალიზაცია არის გარანტია იმისა, რომ როგორც კი მოვა ამის ისტორიული შესაძლებლობა, ჩვენი საკითხი, დევნილთა დაბრუნების საკითხი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი იქნება დასავლეთ-რუსეთის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი“.
დებატებში მონაწილე დეპუტატების, მათ შორის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის გამოსვლისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს აღარ მოუსმენიათ. პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ მათ პრემიერ-მინისტრთან ერთად სხდომათა დარბაზი დატოვეს. დებატები კი, რომელიც მმართველმა ძალამ ძირითადად თავისი მიღწევების წარმოსაჩენად, ოპოზიციამ კი მთავრობის საქმიანობის კრიტიკისთვის გამოიყენა, პარლამენტში ექვს საათს გაგრძელდა.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 06 აპრილი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
ქართველი ხალხი ნატოსა და ევროკავშირის მომხრეა
ვიზალიბერალიზების დადებითი ეფექტი სრულიად რეალური და ხელშესახებია
სტატიაში მიმოხილულია საქართველოში მომხდარი მოვლენები – ლიბერალური სავიზო რეჟიმის ძალაში შესვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, სიტუაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიდა ქართლში, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები და ამ მოვლენების ურთიერთკავშირი (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა გატაცება-დაკავება გახშირდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოსკოვის ერთგვარი „შურისძიებით“ ხდება, რომელიც გაღიზიანებულია ქვეყნის წარმატებებით, მაგალითად, ვიზალიბერალიზებით. რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა გავლენას ახდენს ქართული საზოგადოების პოზიციაზე: აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში პროდასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა 53%-ია, პრორუსულისა კი მხოლოდ 12%.
პუბლიკაციის ავტორმა კომენტარისთვის მიმართა „ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს“ გელა ვასაძეს, რომლის აზრით, გამოკითხვის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ერთი კვირის წინათ ძალაში შესულმა ლიბერალურმა სავიზო რეჟიმმა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან:
„მიმაჩნია, რომ IRI-ს გამოკითხვის შედეგები სრულიად ბუნებრივია, – ხაზი გაუსვა გელა ვასაძემ «Каспiй»-ს კორესპონდენტთან საუბარში, – საქართველოს მოსახლეობამ პირველად იგრძნო საკუთარ თავზე პროდასავლური კურსის სიკეთე – იმ კურსისა, რომელსაც ქვეყანა 25 წლის მანძილზე ატარებს. ამ კურსმა საქართველო საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზრდამდე უნდა მიიყვანოს, უსაფრთხოების განმტკიცებამდე და ა.შ. ვიზალიბერალიზების დადებითი ეფექტი აბსტრაქტული კი არა, სრულიად რეალური და ხელშესახებია: იღებ ავიაბილეთს და პრაქტიკულად ევროპის ყველა სასურველ ქვეყანაში მიდიხარ. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქისათვის ეს არის ევროპის მხარდაჭერის რეალური დადასტურება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
«Голос Армении» (სომხეთი), 08 აპრილი, 2017 წელი
http://golosarmenii.am/article/51947/poblazhki-dlya-sgovorchivyx
შეღავათები იოლად დამჯერ-დამყოლებისათვის
საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში წასვლა უვიზოთ შეუძლიათ. სომხეთმა რა დააშავა?
ტიგრან არუთინიანი
(შემოკლებით)
„საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად ლიბერალური სავიზო რეჟიმი მიიღეს. „სომხეთმა რა დააშავაო“, – ჰკითხავს თავის ჩინოვნიკებს გულუბრყვილო ევროპელი, რომლისთვისაც ძალიან რთულია ქართველებსა და სომხებს შორის განსხვავების პოვნა. განა ჩინოვნიკები მოახერხებენ მარტივად აუხსნან თავიანთ მოქალაქეებს, რომ ჩვენი დამთმობი მეზობლები – ქართველები უფრო პროევროპულად არიან განწყობილნი, ვიდრე [ჯიუტი] სომხები? ვთქვათ და რომელიმე ევროპელი ობივატელი, რიგითი მოქალაქე, გადაწყვეტს სიტუაციაში თვითონვე გაერკვეს, გამოემგზავრება საქართველოში და სომხეთში, ყველაფერს თავისი თვალით ნახავს და როცა პოლიტიკურ განსხვავებას ვერ იპოვეს, მერე სოციალური ქსელებით მთელ ევროპას მოსდებს ამბავს, თუ როგორ ატყუებენ მოქალაქეებს საკუთარი პოლიტიკოსები… მაგარი სკანდალი იქნება…
ახლა კი ისე გამოდის, რომ ევროკავშირი სომხებისთვის საჩვენებელ გაროზგვას აწყობს. ქართველებისთვის დადგენილი გაიოლებული სავიზო რეჟიმის ფონზე დასავლეთი სომეხი მოქალაქეებისაგან კვლავ დოკუმენტების და ცნობების გროვას ითხოვს, ყოველ წერტილ-მძიმეს ჩაკირკიტებს. ქართველებისთვის ამგვარი კოშმარი უკვე დასრულდა… განა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ნავსადგურები, სარკინიგზო მიმოსვლა გარე სამყაროსთან, საზღვრები ყველა მიმართულებით გახსნილი, ასე ძალიან განსხვავდება სომხეთის მცხოვრებისაგან, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, სარკინიგზო კავშირი გარესამყაროსთან? რომელიც თითქმის 30 წელია სახმელეთო ბლოკადაში იმყოფება, რომელიც მას ოთხი მეზობლიდან ორმა დაუწესა? ძალიან საწყენია, როცა ჩვენს თანამემამულეებს უყურებ, რომლებიც შეშფოთებული სახეებით დგანან დასავლეთის ქვეყნების საელჩოების კარებთან, „კაპიტალისტურ სამოთხეში“ მოსახვედრად… იქნებ გავახსენოთ დასავლური დემოკრატიის სახელმწიფოთა მთავრობებს მაღალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დონეზე, რომ სომხეთის მოქალაქეების თავისუფლება და ეროვნული ინტერესები არაფრით ჩამოუვარდება და არ განსხვავდება მეზობელი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისაგან… იქნებ დასავლეთი მიხვდეს, რომ არ ღირს ხელოვნურად შექმნას პოლიტიკურად ანგაჟირებული „წყალგამყოფი“ ორი კეთილმეზობელი ქვეყნისათვის…
«Эхо» (აზერბაიჯანი), 07 აპრილი, 2017 წელი
ერევანში ისევ „აფხაზური იმედების“ რეანიმირებას ცდილობენ
ნურანი
(შემოკლებით)
სომხეთში კვლავ „სარკინიგზო იმედების“ მორიგი „ჩქაფანი“ ისმის: თურმე აფხაზეთის პარლამენტის სომეხ დეპუტატ ლევონ გალუსტიანს უთქვამს – „რაზეა ლაპარაკი, ჩვენ, ანუ აფხაზეთის ხელისუფლება, რკინიგზის გახსნისათვის მზად ვართო. თანაც ეს განუცხადებია ტელეხიდის დროს, ხმამაღალი თემით და სახელწოდებით „სომხურ-აფხაზური ურთიერთობის პერსპექტივები“. ლევონ აკოფოვიჩს იქვე დაუზუსტებია: „აფხაზეთი მოლაპარაკების დროს სრულუფლებიანი სუბიექტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი და არა „რკინიგზის აფხაზური უბნით თუ მონაკვეთით“.
ეს ისეთი შემთხვევაა, რომ კომენტარი აუცილებელია. გავიხსენოთ, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“, რომლის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს ლევონ გალუსტიანი, მარიონეტული რეჟიმია და სხვა არაფერი, რუსეთის მიერ შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე. სომეხი დეპუტატის განცხადება კი, თუ მას გასაგებ ენაზე გადავთარგმნით, იმას ნიშნავს, რომ მოსკოვის სოხუმელი მარიონეტები ცდილობენ „ერევნის ტრანზიტი“ გამოიყენონ თავიანთი ე.წ. „დამოუკიდებლობის“ ხაზგასასმელად.
მოახერხებენ თუ არა ისინი ასეთ შემთხვევაში თბილისთან მოლაპარაკებას? კითხვა საკმაოდ რიტორიკულია. პრინციპში, ეს თემა უფრო სომხეთისათვის არის საინტერესო, ვიდრე საქართველოსთვის. აფხაზი სეპარატისტების გამო (რომლებსაც, სხვათა შორის, სომხეთის მოკავშირე რუსეთი მფარველობს!) ერევნისთვის რუსეთისაკენ მიმავალი რკინიგზა ჩაკეტილია, თბილისისთვის კი ღია, ბაქოს გავლით. ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზა, რომლითაც რუსეთი და სომხეთი ერთმანეთს უკავშირდებიან, საქართველოს ტერიტორიაზე, ზემო ლარსზე გადის. მკითხველმა კარგად იცის, რომ ეს გზა, კლიმატის გამო, ხშირად არ მოქმედებს.
სომხეთი, შესაბამისად, ალტერნატივას ეძებს, ეს საკითხი ამასწინანდელი ვიზიტის დროს თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან ჯერ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის შეხვედრებზე განიხილეს. მოკლედ, სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული რკინიგზის გახსნით, მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. რეალურად კი რჩება შავი ზღვის პორტები, რომელთა მეშვეობითაც სომხეთი ევროპაში მადანს და სხვა კონცენტრატებს აგზავნის. ერევნის ადგილზე სხვა სახელმწიფო, ლოგიკის მიხედვით, ამ საზღვაო ტრანზიტს და თბილისის მიერ მიცემულ პოლიტიკურ გარანტიებს თვალისჩინივით გაუფრთხილდებოდა, სომხეთი კი რას აკეთებს? რას ნიშნავს ზემოთ აღნიშნული ტელეხიდის გამართვა ასეთი პროვოკაციული სახელწოდებით და მასში ლევონ გალუსტიანის მიწვევა?
მოკლედ, ერევანი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს ეთამაშება, თანაც ეს პირველი არ არის ბოლო ხანებში. გავიხსენოთ, რომ ამას წინათ იქ ე.წ. „პარლამენტის არჩევნები“ ჩატარდა, რომლის სემდეგ ერევნის მასმედიამ საზოგადოებას დიდი სიხარულით ამცნო: „აფხაზეთის პარლამენტის არცევნებში სომხური თემის სამი წარმომადგენელმა – ლევონ გალუსტიანმა, აშოტ მინოსიანმა და ლევონ დაშიანმა გაიმარჯვაო. აი, იმ დროს ლევონ აკოფოვიჩმა განაცხადა, რომ არჩევნებში დამკვირვებლად მთიანი ყარაბაღის დელეგაციაც მონაწილეობდა და საერთოდ, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მტკიცე კავშირებია დამყარებულიო“. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ აფხაზეთის პარლამენტის სომეხი დეპუტატები გაააღრმავებენ კავშირებს ისტორიულ სამშობლოსთან და აქტიურად ითანამშრომლებენ სომხეთის დიასპორის სამინისტროსთან.
სომხეთში, რა თქმა უნდა, აგდებულად ექცევიან საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღიარებულ საზღვრებს და პატივს არ სცემენ, მაგრამ ვთქვათ და აზერბაიჯანთან და თურქეთან დახურულ საზღვრებს საქართველოსთან საზღვარიც რომ დაემატოს, რა მოხდება? მოხდება ის, რომ სომხეთისთვის ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. განა ერევანში ვერ ხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან. ალბათ, ხვდებიან. სხვა საქმეა, რომ სომხებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ერევნის მოლაპარაკება თბილისთან ზემო ლარსის „აფხაზურ ალტერნატივაზე“, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩაიშალა, მაგრამ ამის აღიარება სომხეთის ხელისუფლებას ძალიანაც არ სურს, განსაკუთრებით ორიოდე დღის წინ გამართული არჩევნების შემდეგ, როცა დაპირებებს გამოფხიზლება კი არა, ნამდვილი უიმედობა მოჰყვება. (…)
სომხეთმა დროულად უნდა დაამუხრუჭოს თავისი თამაშები სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მათთან დაახლოების საკითხი ერევანში წყდება და არა მოსკოვში“.
———
სტატიის ავტორია ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ტოფიგა კასიმოვა, რომელიც „ნურანის“ ფსევდონიმით იბეჭდება.
«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი), 07 აპრილი, 2017 წელი
http://www.trt.net.tr/georgian/programebi/2017/03/27/memlek-et-ze-p-ik-rebit-7-2017-700227
„მემლექეთზე ფიქრებით“
აბდულაჰ ჩელებიოღლუ (ჩელებაძე) – ქართული წარმოშობის თურქი პოეტი
მარიამ გაფრინდაშვილი, საავტორო გადაცემა „მემლექეთზე ფიქრებით“
მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს თურქეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, როცა თურქეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გადასახლებული ქართველების შთამომავლებს გარკვეული სახელწოდებით იგივე „ჩვენებური ქართველებით“ მოვიხსენიებ, უხერხულობას ვგრძნობ და შთაბეჭდილება მექმნება, რომ მათ თითქოს სხვა ეთნიკური ჯგუფის სახით გამოვყოფ ხოლმე. თუმცა ალბათ თავის გასამართლებლად ის დამეხმარება, რომ მათ შესახებ დაწერილ სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი, ისინი ჩვენებურ ქართველებად არიან მოხსენიებულნი. და არა მარტო თურქეთის არამედ ირანის, ფერეიდანის ტერიტორიაზე მცხოვრები ე.წ. მუჰაჯირი ქართველებიც ამ სახელწოდების ქვეშ ერთიანდებიან .
დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემას რაც შეეხება, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თურქეთში, დუზჯეს რეგიონში მცხოვრები ქართველი წარმოშობის პოეტზე აბდულაჰ ჩელებიოღლუზე, რომელსაც მე პირადად ვიცნობ და მისი ლექსების ქართული ვარიაციებიც მომისმენია, როცა ის თავად კითხულობდა. სავარაუდოდ, რამდენიმე გადაცემას ისევ დუზჯეს ქართველების შესახებ მოვამზადებ. ინფორმაციით საქართველოდან მოწვეული დუზჯეს უნივრესიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის პროფესორი ქალბატონი ნანა კაჭარავა გვამარაგებს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
დუზჯეს რეგიონი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დუზჯედან თურქეთის ორი მნიშვნელოვანი დიდი ქალაქი სტამბოლი და ანკარა თითქმის ერთნაირი მანძილით არის დაშორებული. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დუზჯეს რეგიონში კოსმოპოლიტური დასახლებაა, ასევე დუზჯე, მუჰაჯირ კავკასიელთა ლოკალური დასახლების რეგიონია. აქ არის თავმოყრილი მუჰაჯირობის დროს გადმოსახლებული ქართველები, ლაზები, აფხაზები, ჩერქეზები, ოსები. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია – დღევანდელ დუზჯეში დაახლოებით 24 ენა ისმის. აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადასახლებული ქართველებიც მრავლად არიან. მარტო ის რად ღირს, რომ დუზჯეს უნივერსიტეტის ახლანდელი რექტორი ქართველი წარმოშობის გახლავთ და თანაც ქალბატონი, რაც შეიძლება ითქვას გენდერული თვალსაზრისით ამ რეგიონის მოსახლეობის მხრიდან ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია.
ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, მინდა გაგაცნოთ პოეტი აბდულაჰ ჩელებიოღლუ. დუზჯელი პოეტი აბდულაჰ ჩელებიოღლუ (ჩელებაძე) დაიბადა 1958 წლის 20 ოქტომბერს. იგი გახლავთ ჩელებაძეთა გვარის შთამომავალი, რომელთა წინაპრებს აჭარის ქედის რაიონის სოფ. წონიარიდან ოსმალეთში მოუხდათ გადასახლება. ეს იყო რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის შედეგად აგორებული, მუჰაჯირობის სახელით ცნობილი დიდი მიგრაცია. მუჰაჯირების პირველი ნაკადი, ძირითადად, გირესუნის ვილაეთში დასახლდა. ჩვენი პოეტიც გირესუნის ვილაეთის სოფ. ანბარალანში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მან აქვე, სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო საშუალო სკოლა დუზჯეს ვილაეთის გოლიაქას რაიონში დაამთავრა, სადაც ოჯახს მეორედ მოუხდა გადასახლება. უმაღლესი განათლების მისაღებად აბდულაჰ ჩელებიოღლუ ანკარის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, შემდეგ ბურსას პედაგოგიურ ინსტიტუტში გადავიდა, რომელიც 1980 წელს ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრა. მასწავლებლობასთან ერთად იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობებსაც ითავსებდა.
აბდულაჰ ჩელებიოღლუმ (ჩელებაძე) ლექსების წერა 1980 წლიდან დაიწყო. მის კალამს ეკუთვნის თავისუფალი სტილით დაწერილი მრავალი ლექსი. მან შემდგომში ლექსების წერა თურქული ხალხური ლექსის სახელით ცნობილი 11 მარცვლიანი საზომით (5+6) არჩია. მისი ლექსები, წერილები თუ ინტერვიუები წლების მანძილზე იბეჭდებოდა სხვადასხვა თურქულ გაზეთებსა და ჟურნალებში. ის თავისუფლად საუბრობს დუზჯეს ეთნიკური ქართველებისათვის დამახასიათებელი ქართულით.
მას ჰყავს მეუღლე ნერმინ ჩელებიოღლუ (ქუშჩუოღლუ) და ქალ-ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ მამისეული სახლი გირესუნშია, პოეტი ამჟამად ცხოვრობს დუზჯეში, სადაც მისი ნათესავების უმრავლესობა ცხოვრობს. იგი არის დუზჯეს პოეტთა და ხელოვანთა ასოციაციის დამაარსებელი და თავმჯდომარე.
აბდულაჰ ჩელებიოღლუს პოეზია, ძირითადად მუჰაჯირობის თემასა და მშობლიური მიწა-წყლის მონატრებას ეხება. მისი ლექსები თარგმნა ქალბატონმა ნანა კაჭარავამ. მის ერთ ლექსს, სახელწოდებით „ყრმობის ჩიტი“, ასეთი პატარა განმარტება ახლავს: (ვუძღვნი ჩემი ძვირფასი პაპის მეჰმეთ ჩელებიოღლუს ნათელ ხსოვნას, რომელსაც უყვარდა გამოთქმა: „ყრმობის ჩიტი მეწვია, ადგა და გაფრინდა.“ მარადიული სუფევა მის სულს…). გადაცემის დასასრულს მინდა მისი ერთი ლექსიდან ფრაგმენტი შემოგთავაზოთ, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენებური ქართველების წარსულ ყოფასა და დღევანდელ დამოკიდებულებას ნანატრი სამშობლოსადმი:
„შენ იცი, რაა მუჰაჯირობა? კლდის ჩამოშლაა, წყლის დენა აღმა, გაოგნებაა, დაღონებაა, მიტოვებაა ყველაფრის. მწუხარებაა, უსაზღვრო ნატვრა, ბებოს სითბოა, ძალა ბაბუის, დედაშვილობის გვერდის ვერ ავლა. // შენ იცი, რაა მუჰაჯირობა? გაციებული კერის ტირილი, უბედურების თავი და ბოლო, როცა იმედებს არა აქვს მოცლა. // როცა მარტო ხარ, ვით შემოქმედი, როცა მშობლიურს ნელ-ნელა კარგავ, ვეღარ იხსენებ ცეკვა-სიმღერას, წინაპრის, ენის ღვთაებრივ
ქარგას. // რა რიგ ძნელია, რა რიგ მწველია, ჰო, სიკვდილია მუჰაჯირობა!“.
მომავალ შეხვედრამდე, ძვირფასო რადიომსმენელებო.