«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი): ქართულ-სომხური სკანდალი: „არაფორმალური შეხვედრა“ სომხურად
«Эксперт» (რუსეთი): საქართველო-სომხეთის კონფლიქტში ვიღაც-ვიღაცეები რუსეთის ჩართვას ცდილობენ
«Росбалт» (რუსეთი): ქართულ-სომხური სკანდალი: სიმშვიდე კავკასიას მხოლოდ ესიზმრება
«Новости-Армения» (სომხეთი): არჩევნები მთიან ყარაბაღში და ქართულ-სომხური დიპლომატიური სკანდალი
«Panorama//Первый Армянский информационный» (სომხეთი): ქართულ-სომხური სკანდალი: „ფოტოსურათზე მე არ ვარ, ასეთი ტანსაცმელი არ მაქვს, თანამდებობიდან არ მივდივარ“
«Новая газета» (რუსეთი): „საქართველოში „განხორციელებული „რეფორმები“ და „სასწაულები“ ავტორიტარიზმის გამოვლენა იყო“
«San Francisco Chronicle» (აშშ): ქვეყანა, სადაც სტალინის აღორძინების პროცესი გრძელდება
———————-
«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 8 მაისი, 2015 წელი
http://www.azerizv.az/news/a-18843.html
ქართულ-სომხური სკანდალი: „არაფორმალური შეხვედრა“ სომხურად
ნატიგ ნაზიმოღლუ
(ამონარიდი)
საქართველო კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში „მეგობრული და ძმური ურთიერთობა“ სომხეთთან: ერევანმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სრული უპატივცემლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშკარაა, რომ სომხეთი მზადაა ყველა შანსი გამოიყენოს მეზობელი ქრისტიანული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული თავისი პრეტენზიების რეალიზებისათვის.
ფაქტები მოწმობენ, რომ ერევანმა ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მოლაპარაკება გამართა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთ ლიდერთან და ამით საკუთარი თავი ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც მუდმივ ზეწოლის ქვეშაა სომხურენოვან ჯავახეთში არსებული სეპარატისტული განწყობების გამო, საეჭვოა დათანხმდეს იმ ზომებს, რომლებსაც სომხეთი ელოდება იზოლაციის ნაწილობრივ გარღვევის მიზნით. ერევანს ამის იმედი უკვე პრაქტიკულად აღარ უნდა ჰქონდეს.
«Эксперт» (რუსეთი), 8 მაისი, 2015 წელი
http://expert.ru/2015/05/7/zachem-vstrechalis/
საქართველო-სომხეთის კონფლიქტში ვიღაც-ვიღაცეები რუსეთის ჩართვას ცდილობენ
გევორქ მირზაიანი
(შემოკლებით)
თბილისსა და ერევანს შორის წარმოქმნილ დიპლომატიურ სკანდალში (სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერების გალუსტ სააკიანისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის გამო) ვიღაც-ვიღაცანი უკვე რუსეთის ჩართვას ცდილობენ.
(…)
მომხდარი დიპლომატიური კონფუზი მხოლოდ კონფუზად დარჩებოდა, სხვადასხვა ძალებს მისი გლობალურ დონეზე პროეცირების მცდელობა რომ არ დაეწყოთ. მაგალითად, სომხეთის ანტირუსულმა ძალებმა დაწერეს, რომ ეს ისტორია მთლიანად მოსკოვის ინსპირირებულიაო, „კრემლის ხელმა“ გააკეთაო ეს ყველაფერი, მოსკოვმა გაავრცელა სამხრეთ ოსეტის მასმედიაში ინფორმაცია სპიკერების შეხვედრის შესახებ და ამით სომხურ-ქართული მეგობრობის გაწყვეტა უნდაო. გასაგებია, რომ ამ ბრალდებებს არანაირი რეალური საფუძველი არ აქვთ. საქმე მარტო იმაში კი არაა, რომ ეს ყველაფერი მასმედიის გაბერილია და არც იმაში, რომ, რომ თითქოსდა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა არ იცის ვის, სად და როდის უნდა შეხვდეს. მთავარი ისაა, რომ დღეს რუსეთს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გამწვავება სრულიად არ აწყობს.
რატომ არ აწყობს? აი, რატომაც:
პირველი – საქართველო სომხეთის, ანუ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი მოკავშირის მომარაგების ძირითად არხად ითვლება და ყოველი შეფერხება ამ მოკავშირეს ასუსტებს; მეორე – ქართულ-სომხურ კონფლიქტი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. როგორც ამ რამდენიმე წლის წინათ ინტერვიუში ერთ-ერთმა სომეხმა პოლიტოლოგმა განაცხადა, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების გარანტი ის არის, რომ ორივე მხარეს ერთმანეთისათვის ეგზისტენციალური პრობლემების შექმნა შეუძლია: საქართველოს შესაძლებლობა აქვს სომხეთს ტრანზიტი გადაუკეტოს, სომხეთს კი შეუძლია საქართველოში სეპარატიზმის კერა შექმნას (ჯავახეთში).
თბილისში ვიღაც-ვიღაცეებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს მართლაც რუსეთის ხრიკებია, რომ მოსკოვს საქართველოს დაშლა აწყობსო, მაგრამ ეს ასე არ არის. მოსკოვი საქართველოს დრევანდელ ხელისუფლებასთან დიალოგს აგრძელებს და მას სულაც არ უნდა სიტუაციის „დატროლვა“. გარდა ამისა, საქართველოს დაშლა-დეზინტეგრაცია რუსულ ჩრდილოეთ კავკასიაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
რუსი პოლიტოლოგები ერევნის პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ: თითქოსდა სომხეთს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გამწვავება სურს გენოციდთან დაკავშირებით და იმავდროულად რუსეთს მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის საკითხში. მაგრამ ასეთი სედარება არაკორექტულია: სომხეთის უსაფრთხოება პირდაპირაა დამოკიდებული საქართველოს კეთილგანწყობაზე და ამ საკითხის სასწორზე დადება რუსეთ-თურქეთის ან სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხთა გვერდით ერევნისთვის უკიდურესად არამომგებიანი იქნებოდა. სომხეთს ამგვარ მსხვერპლს ვერავინ მოსთხოვს, კონტრპროდუქტიული იქნება.
«Росбалт» (რუსეთ), 8 მაისი, 2015 წელი
http://www.rosbalt.ru/exussr/2015/05/07/1396024.html
ქართულ-სომხური სკანდალი: სიმშვიდე კავკასიას მხოლოდ ესიზმრება
რუსული საინფორმაციო სააგენტო «Росбалт»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ანდრეი ნიკოლაევი) განხილულ-გაანალიზებულია სომხეთ-საქართველოს შორის მომხდარი სკანდალი. მასში, კერძოდ, ნათქვამია:
„მოკლედ, გამოიკვეთა ასეთი სურათი: ერთი მხრივ, საქართველო ყველა მეზობელს ფეხზე ჰკიდია – რუსეთს, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა; აზერბაიჯანს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი სტუმრად მიიღო და საქართველოს თხოვნა ყურად არ იღო; სომხეთს, რომლისთვისაც თბილისთან ნორმალური ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, საქართველოსთვის მთავარია, რომ რუსეთმა მას ხელი არ ახლოს, აზერბაიჯანმა ენერგეტიკული თანამშრომლობა გააგრძელოს, მისთვის მისაღები პირობების საფუძველზე. რაც შეეხება სომხეთს, ის საქართველოს ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ იძულებულია მას ანგარიში გაუწიოს, რადგან სამხრეთ კავკასიაში სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის ერთადერთი სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. ეს ბაზა კი საქართველოს მიერ „პოტენციურ საფრთხედაა“ აღქმული.
გარდა ამისა, თავი რომ დავანებოთ საექსპერტო წრეებში პოპულარულ „შეთქმულების თეორიას“, რუსეთს მშვენივრად შეუძლია სიტუაციის დაძაბვა სამხრეთ საქართველოში, სადაც სომხუენოვანი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს. მათი ნაწილი ხომ „რუსეთის მიერ ინსპირირებულ სეპარატისტულ იდეებს“ იზიარებს. მართალია, ერევანი მათ მხარს არ უჭერს, მაგრამ ვინ იცის, რა მიმართულებით იქროლებს გეოპოლიტიკური ქარი… და თუ ის შეიცვლება, საქართველოს „მშვიდი ცხოვრება“ გარანტირებული აქვს.
«Новости-Армения» (სომხეთი), 8 მაისი, 2015 წელი
http://newsarmenia.ru/analytics/20150507/43211553.html
არჩევნები მთიან ყარაბაღში და ქართულ-სომხური დიპლომატიური სკანდალი
ჰაიკ ხალათიანი, ანალიტიკოსი
(შემოკლებით)
მთიან ყარაბაღში 3 მაისს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ყველაფერმა მეტ-ნაკლებად ნორრმალურად ჩაიარა, თუმცა მოვლენებში გარკვეული დისონანსი შეიტანა სტეფანაკერტის შეხვედრამ სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტების სპიკერებს შორის. ამ ფაქტმა ოფიციალური თბილისის მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვია. სომხეთისთვის საქართველოს კომუნიკაციური მნიშვნელობის გამო, ერევანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეზობელი დაეწყნარებინა.
რატომ გამოხატა საქართველომ ასე მწვავე რეაქცია?
როგორც ჩანს, თბილისის ნაბიჯები არა მხოლოდ საგარეოპოლიტიკური მიზეზებით იყო გამოწვეული (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელება), არამედ შიდაპოლიტიკურითაც: ქვეყანაში სამთავრობო კრიზისია, სულ მალე პარლამენტში ახალი მთავრობა ნდობის ვოტუმის მოსაპოვებლად წარსდგება, შესაბამისად, მოქმედ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში რეიტინგის აწევა სურს… მით უმეტეს, თბილისმა ამას წინათ აზერბაიჯანიდან საგრძნობი დარტყმა მიიღო – ბაქომ უარით უპასუხა საქართველოს მთავარი პროკურატურის თხოვნას დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და მისი ექსტრადირების თაობაზე.
ამით ბაქომ თბილისს თავისი ადგილი უჩვენა: „შენ მხოლოდ ჩვენი – აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემის – სატელიტი ხარო“. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ თბილისმა კვლავ მიხეილ სააკაშვილის კურსი გააგრძელა, რომელიც თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაახლოებას ითვალისწინებს. ამის შედეგად იზღუდება საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი მეზობელი თურქეთ-აზერბაიჯანის ანტისომხური პოლიტიკის მონაწილე ხდება. ასეთი პოლიტიკის გამოვლინებაა, მაგალითად, ის რომ საქართველოს პარლამენტი უარს აცხადებს გენოციდის აღიარებაზე (აღიარება შეიძლებოდა სიტყვა „გენოციდის“ გარეშეც მომხდარიყო, როგორც ბულგარეთმა გააკეთა). გარდა ამისა, ერევანში, გენოციდის 100 წლისთავის ღონისძიებებზე საქართველოს დელეგაცია მაღალი დონით არ იყო წარმოდგენილი. სხვათა შორის ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც კი უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ზარების რეკვის აქციაში, რომელიც სომეხი ხალხის მიერ გაწეული მსხვერპლის ხსოვნის საპატივსაცემოდ ტარდებოდა. არადა, ამ აქციას ძალიან ბევრი ქვეყნის კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული ქრისტიანული ეკლესიები მიუერთდა.
და ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ხალხების საუკუნეობრივი მეგობრობის ფონზე, თურქი და სხვა უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ისტორიულ კონტექსტში.
რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია ხელს არ უწყობს რეგიონის სტაბილურობას. სომხეთის ხელისუფლებას სულ უფრო უძნელდება იმის განცხადება, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში პრობლემები არ არის. გვსურს იმის იმედი გვქონდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააცნობიერებს თავისი ამჟამინდელი პოლიტიკის არასწორ კურსს, რომელიც მიმართულია ერთი მხრივ – თურქეთ-აზერბაიჯანის დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ – სომხეთის იზოლაციისაკენ ყველა რეგიონულ პროექტში. ასეთი მოქმედებით ხომ თვითონ თბილისი ზღუდავს თავისისვე საგარეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს და ანკარა-ბაქოს მორჩილი მარიონეტი ხდება.
«Panorama//Первый Армянский информационный» (სომხეთი), 8 მაისი, 2015 წელი
http://www.panorama.am/ru/politics/2015/05/07/galust-sahakyan/
ქართულ-სომხური სკანდალი: „ფოტოსურათზე მე არ ვარ, ასეთი ტანსაცმელი არ მაქვს, თანამდებობიდან არ მივდივარ“
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა გალუსტ სააკიანმა, გუშინ, როგორც იქნა, პირველი კომენტარი გააკეთა სომხურ მასმედიაში ატეხილი სკანდალის შესახებ.
როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს სტეფანაკერტში მყოფი გალუსტ სააკიანი შეხვდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს ანატოლი ბიბილოვს. ამ ფაქტმა სომხეთ-საქართველოს შორის გარკვეული დაძაბულობა შექმნა, ხოლო სომხურ მასმედიაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.
როგორც სომხური სააგენტო „პანორამა“ იუწყება, გალუსტ სააკიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ასე განაცხადა: „კაცი მოვიდა, სომეხთა გენოციდის შედეგად უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის აღასანიშნავად სამძიმარი მითხრა და წავიდა… მესმის ამ თემის პოლიტიზების მიზეზები და ეს ხმაური, რაც უზრობად მიმაჩნია“.
გალუსტ სააკიანმა გაიხსენა თავისი ვიზიტი საქართველოში, მეზობელი ქვეყნის ლიდწერებთან შეხვედრები, ისაუბრა თავის მიერ შეტანილ წვლილზე საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში და აღნიშნა, რომ მისი პირადი შეხედულება სტეფანაკერტში გამართულ შეხვედრაზე სავსებით ეთანხმება სომხეთის პოზიციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისათვის უკვე ცნობილია. სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველო სომხეთისაგან არანაირ „პასუხს არ ითხოვდა“. ასე რომ ყოფილიყო, მას თავისი ქართველი კოლეგა აუცილებლად დაურეკავდა. „უბრალოდ, ზოგიერთები შეეცადნენ ამ პრობლემის გაბერვას, სკანდალად გადაქცევას და ეს ყველაფერი პირადად ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული“. კერძოდ, პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ანატოლი ბიბილოვთან მისი შეხვედრა პოლიტიკური მიზნებისათვის იქნა გამოყენებული, როგორც სომხეთში, ისე საქართველოში, თუმცა ეს მცდელობები ფუჭი გამოდგა ერევანშიც და თბილისშიც.
გალუსტ სააკიანმა სისულელე უწოდა იმ ლაპარაკს, რომ თითქოსდა დიპლომატიური ნორმები არ იცის. მან ასევე განმარტა, რომ სომხეთს და სომხეთის პარლამენტს სამხრეთ ოსეთთან აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა არ აქვთ და ამიტომაც მას არ შეეძლო სამხრეთ პარლამენტის სპიკერთან ორმხრივი საკითხების განხილვა. „ამ მოვლენის გამო გაკეთდა შესაბამისი ახსნა-განმარტება, გაცხადდა, რომ შეხვედრას ოფიციალური ხასიათი არ ჰქონია, ბოდიში მოვიხადეთ არასწორი ინფორმაციისათვის“.
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა კომენტარი გაუკეთა ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის ამსახველ ფოტოსურათსაც და განაცხადა, რომ „მე ასეთი ტანსაცმელი არ მაქვსო“, ანუ ფოტოსურათი მისი არ არის. გალუსტ სააკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ხმები მისი თანამდებობიდან გადადგომაზე გადაჭარბებულია, მსგავსი რამ არ მომხდარა.
«Новая газета» (რუსეთი), 8 მაისი, 2015 წელი
http://novayagazeta.spb.ru/articles/9670/
„საქართველოში „განხორციელებული „რეფორმები“ და „სასწაულები“ ავტორიტარიზმის გამოვლენა იყო“
რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი ალექსეი მალახოვსკი მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სამართალმცოდნეობის პროფესორს ვლადიმირ ჩეტვერნინს ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
შეკითხვა: ბოლო დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიბერტარიანული იდეები (აგრესიულობა-ძალადობა-მუქარის უარყოფა) საკმაოდ აქტიურად გავცელდა. მაგალითად, საქართველოში, რეფორმების გატარების პროცესში მიხეილ სააკაშვილმა და კახა ბენდუქიძემ ახალგაზრდა ლიბერტარიანელები დაიხმარეს. ახლა მცირე განსხვავებით იგივე ხდება უკრაინაშიც. ელოდება თუ არა მსგავსი რამ რუსეთსაც?
ვლადიმირ ჩეტვერნინი: არა, ასეთი რამ რუსეთისთვის შეუძლებელია. უკრაინაშიც მსგავსი ფიგურები [ახალგაზრდა ლიბერტარიანელები] არ ჩანან. რაც შეეხება საქართველოს… ეს ქვეყანა იმის მაგალითია, რომ ლიბერტარიანობის რეალიზება მართლაც შეუძლებელია. მე, მაგალითად, არანაირად არ მჯეროდა იმ „რეფორმებისა“ და „სასწაულებისა“, რომელიც საქართველოში თითქოსდა მოხდა. ეს იყო ავტორიტარიზმის გამოვლენა, რეფორმების თავსმოხვევა. შესაბამისად, როგორც კი ქვეყანას თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მიეცა, მოსახლეობის უმრავლესობამ უარი განუცხადა ლიბერტარიანულ წესრიგს“.
«San Francisco Chronicle» (აშშ), 7 მაისი, 2015 წელი
ქვეყანა, სადაც იოსებ სტალინის აღორძინების პროცესი გრძელდება
ჯერ ეპშტეინი
(შემოკლებით)
გაზეთ «San Francisco Chronicle»-ში (აშშ) გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში, ქალაქ გორში არსებული იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების შთაბეჭდილებები, აგრეთვე ი.ბ.სტალინის პოპულარობისა და სიძულვილის მიზეზები.
„მსოფლიოს დიდი ნაწილისათვის იოსებ სტალინს იცნობენ როგორც დაუნდობელ დიქტატორს, ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელ პიროვნებას, პოლიტიკური წმენდების, მასშტაბური დაჭერა-დაპატიმრებების, ციმბირში გადასხლებების ინიციატორს… მაგრამ ეს ნაკლებად ეხება საქართველოს, 5-მილიონიან შავიზღვისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა და სადაც სრული სვლით მიმდინარეობს საბჭოთა ბელადის ხსოვნის აღდგენა. საქართველოს ქალაქ გორში მისი სახლ-მუზეუმი არსებობს, სადაც გამოფენილია 1929-1953 წლებში ბელადის ცხოვრების ამსახველი ექსპონატები: აქაა იოსებ სტალინის პოეტური ქმნილებების კრებული, მისი ტყავის ჩექმები, პორტრეტები და სიკვდილის შემდგომი ნიღაბი: „ზოგიერთებისათვის იოსებ სტალინის მმართველობის დრო კარგი იყო – ისინი დასაქმებულნი იყვნენ, სახლები და ხელფასები ჰქონდათ“, – ამბობს სახლ-მუზეუმის გიდი ნათია ჯოლბორდი. მართლაცდა, ბელადის დროს საბჭოთა კავშირი ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელმაც ფაშისტური გერმანია დაამარცხა და ნახევარი ევროპა „გააწითლა“. სწორედ ამიტომაც სტალინს მხარს უმეტესად ასაკოვანი ადამიანები უჭერენ“, – ამბობს ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი.
ამასთან, იოსებ სტალინის მმართველობის დროს ბევრი ქართველიც დაზარალდა: მან ხელი შეუწყო საქართველოზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმას, რითაც ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელიც 1918-1921 წლებში არსებობდა, ხოლო მომდევნო ათწლეულებში, საბჭოთა პერიოდში, თითქმის 80 ათასზე მეტი ქართველი იქნა დახვრეტილი (თბილისში არსებული ოკუპაციის მუზეუმის მასალების მიხედვით).
„ვლადიმირ პუტინი რუსეთში იოსებ სტალინის კულტის აღორძინებას ახდენს“, – ამბობს ირაკლი ფორჩხიძე, სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი, – მას სურს, რომ მოსახლეობამ ტირანებს პატივი სცეს, რომ მოსახლეობას ტირანებისა ესინოდეს“.
სხვათაშორის, შაბათს რუსეთში, სოფელ ხოროშევოში, მოსკოვიდან 120 კმ-ის მოშორებით, გორის მუზეუმის მსგავსი კიდევ ერთი მუზეუმი იხსნება, რომელიც გერმანიაზე (ადოლფ ჰიტლერზე) გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად იოსებ სტალინს უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ, მსოფლიო პოლიტიკოსად და ლიდერად წარმოადგენს.
გორის მუზეუმში კი ბოლო დროს კიდევ ერთი ექსპოზიცია გაიხსნა, რომელშიც იოსებ სტალინის მიერ ჩადენილი „ცოდვებია“ ასახული: ჩამოწერილია შრომით ბანაკებში გადასახლებული ქართველების გვარები, გამოფენილია იმ საბჭოთა ლიდერების სურათები, რომლებიც დიქტატორის ბრძანების თანახმად იქნებნ დახვრეტილნი… არის აგრეთვე 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამსახველი მასალებიც.
მუზეუმის დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ ავიდნენ იოსებ სტალინის რკინიგზის ვაგონში, რომლითაც იგი მეორე მსოფლიო ომის დროს დადიოდა, აგრეთვე მოინახულონ აგურითა და ხით აგებული ღარიბული ერთოთახიანი სახლი, სადაც იოსებ სტალინი 1879 წელს დაიბადა. მამამისი ხარაზი იყო, დედა კი მკერავი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი. დედამისს სურდა, რომ შვილი მღვდელი გამოსულიყო, ამიტომაც მიაბარა სასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილი რევოლუციურმა იდეებმა გაიტაცა. მოგვიანებით მას „სტალინი“ უწოდეს, რაც „ფოლადის ადამიანს“ ნიშნავს.
გორში იოსებ სტალინს ლოიალურად უყურებენ. ქალაქის მთავარ ქუჩას „სტალინის სახელი ჰქვია. მისი 20-მეტრიანი ქანდაკება წლების განმავლობაში მთავარ მოედანზე იდგა, 2010 წელს კი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხსნეს. მოგვიანებით, გორის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, ქანდაკება მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა დაიდგას.
სხვათაშორის, ის ქართველებიც კი, რომლებიც იოსებ სტალინის საქმიანობას გმობენ, გაკვირვებულნი არიან, თუ როგორ გახდა საეკლესიო გუნდის მგალობელი ბიჭი მსოფლიო ლიდერი: „მისთვის საქართველო პატარა ქვეყანა იყო“, – ამბობს ირაკლი ფორჩხიძე, - „მან თავისი ადგილი იმპერიაში იპოვა და მას მართავდა კიდეც“.