«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველო რუსეთისაგან ფასის გადახდას ელოდება
«КоммерсантЪ-деньги» (რუსეთი): რისთვის სჭირდება უკრაინას ქართველი რეფორმატორები?
«Огонек» (რუსეთი): ქართული გაწვევა: რაში გამოუცხადეს ნდობა უკრაინელებმა ქართველებს?
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): მიხეილ სააკაშვილი როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი
«НТВ» (რუსეთი): აშშ-ის „გავლენის აგენტები“ – პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი
———————-
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 7 ივნისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2743453
საქართველო რუსეთისაგან ფასის გადახდას ელოდება
გაზეთი „კომერსანტი“ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებაზე, რომელიც მან ჩენოგორიაში (მონტე-ნეგროში) გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა: „რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს იმის გამო, რაც მან საქართველოში და უკრაინაში ჩაიდინა… რადგანაც მოსკოვი თავის მეზობელ ქვეყნებს დასავლური პოზიციის გამო სჯის, დასავლეთმაც მტკიცედ და პერმანენტულად უნდა გაუწიოს დახმარება კიევს და თბილისს“. რასაკვირველია, ამაში უპირველესად ნატოში გაწევრიანება იგულისხმება.
აღსანიშნავია, რომ თამარ ბერუჩაშვილის განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როცა რამდენიმე დღის შემდეგ პრაღაში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა უნდა დაიწყოს. თამარ ბერუჩაშვილს ადრეც რამდენჯერმე მიუნიშნებია, რომ ეს ფორმატი მთლიანობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული არ არისო, თავის მხრივ კი ზურაბ ბაშიძემ განაცხადა, რომ არის შესაძლებლობა „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ გაფართოებისა და მოლაპარაკებაზე შესაძლოა ეკონომიკური დარგის წარმომადგენლები ჩაერთვნონო, ვთქვათ, რუსი ექსპორტიორების მიერ საქართველოს რკინიგზის გამოყენების მიზნით.
ადგილობრივი ქართველი ექსპერტები მიუთითებენ აგრეთვე მინისტრის ხისტი განცხადების კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზზე: „თამარ ბერუჩაშვილმა დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თანამდებობა მაია ფანჯიკიძის სკანდალური გადადგომის შემდეგ დაიკავა, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტოლოგი ნიკა იმნაიშვილი, – რომელმაც თავისი წასვლა მთავრობაში პრორუსული ძალების გაძლიერებით ახსნა. სწორედ ამიტომ ბერუჩაშვილი ცდილობს უფრო რადიკალური იყოს რუსეთის მიმართ, ვიდრე მისიწინამორბედი“.
თუმცა, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და თბილისის დიპლომატიური აკადემიის ყოფილი რექტორი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, „სამწუხაროდ, ნატოს წევრი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების საკითხს უკვე სერიოზულად აღარ განიხილავენ და მათი პოზიციას ვერცერთი ქართველი ჩინოვნიკის განცხადება ვეღარ შეცვლის“.
«КоммерсантЪ-деньги» (რუსეთი), 8 ივნისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2729461
რისთვის სჭირდება უკრაინას ქართველი რეფორმატორები?
„რატომ მიილტვიან ქართველი ყოფილი ჩინოვნიკები სამუშაოდ უკრაინაში? მათი მთავარი არგუმენტი ასეთია: უკრაინა საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის ზეწოლას და გადარცება, მაშინ საქართველოც გადარჩება. არის კიდევ ერთი ფაქტორიც: ამჟამინდელ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები როგორც მინიმუმი, უსაქმოდ სხედან, მაქსიმუმი კი – სამართლებრივ დევნას განიცდიან. უკრაინა მათთვის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანაა, სადაც შეუძლიათ თავიანთი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გამოყენება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისინი ახალგაზრდები და ენერგიული ადამიანები არიან“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორია ვლადიმირ ფედორინი (მას წიგნიც აქვს დაწერილი კახა ბენდუქიძის შესახებ).
„მიხეილ სააკაშვილის გუნდისათვის უკრაინა დანაღმული მინდორს ჰგავს. როგორ უნდა გაიარო მასზე უვნებლად? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამას წინათ ეკა ზღულაზეს ვესაუბრე. მისი მიზანი თითქმის განუხორციელებელია: კარგი, ვთქვათ, ჩამოაყალიბე ახალი საპატრულო სამსახური, მაგრამ განა რამდენ ხანს იარსებებს, როცა მას არარეფორმირებული სტრუქტურები აქვს გარშემორტყმული? როცა არარეფორმირებული კორუმპირებული სასამართლო კვლავ არსებობს?
ქართველ რეფორმატორებს ეს კარგად ესმით, მაგრამ პრინციპი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ – „ომში ჩავებათ, შევუტიოთ და მერე ვნახავთ, რა გამოვაო“, არასწორია. ასეთი ტაქტიკა ზიანის მომტანია. ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, როგორც ჩანს, ბრძოლაში დამარცხდება. ჯამბულ ებანოიძე, რომელიც სარეგისტრაციო სამსახურის რეფორმისათვის მიიწვიეს, უკვე დამარცხდა ისე, რომ ბრძოლა ნორმალურად არც დაუწყია; ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს ყოფილი გენპროკურორი, ოდესის ოლქის პროკურორად უნდა დაენიშნათ, მაგრამ ბოლო მომენტში „გადაათამაშეს“.
რა იქნება შემდეგ? პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფსონს ქართველ მოკავშირეებზე სდებს. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ რადიკალური რეფორმები უნდა განხორციელდეს.
«Огонек» (რუსეთი), 8 ივნისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2739039
ქართული გაწვევა: რაში გამოუცხადეს ნდობა უკრაინელებმა ქართველებს?
პაველ შერემეტი
(შემოკლებით)
„გასაგებია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში კარი ქართველებისათვის იმიტომ კი არ იღება, რომ მათ ქართული წარმომავლობა აქვთ, არამედ უფრო იმიტომ, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები არიან. „ქართველები უკრაინაში თავს კომფორტულად გრძნობენ, ყოველთვის ასე იყო, – ამბობს საქართველოს საელჩოს ყოფილი პრეს-ატაშე ბაჩო ქორჩილავა, რომელიც უკრაინაში 15 წლის ჩამოვიდა და საცხოვრებლად იქვე დარჩა, – ცხადია, ქართული დიასპორა ინტერესთა მიხედვით კლანებადაა დაყოფილი. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილის გუნდს ყველასთან არ აქვს ურთიერთობა. ჩვენ კატეგიურად არ გვაქვს კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც რაიმე საეჭვო საქმეებშია არიან შემჩნეულნი“.
ქართული წარმომავლობის მქონე ჩინოვნიკებს უკრაინაში ერთი რამ აერთიანებთ: ისინი იძულებულნი გახდნენ სამშობლო 2012 წლის არჩევნების სემდეგ დაეტოვებინათ, როცა ხელისუფლებაში ახალი პარტია მოვიდა. ზოგიერთი ქართველი რეფორმატორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქართველოში თანამემამულეთა უკრაინული კარიერით გაღიზიანებულნი არიან. მაგალითად, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ისინი არაერთხელ გააკრიტიკა.
რაც შეეხება თვით ახალი სამშობლოს მოსახლეობას, ისინი ქართველებს პატივს სცემენ და მათი იმედი აქვთ: პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი თვლის, რომ ოდესა უახლოეს ხანში უკრაინის საზაფხულო დედაქალაქად იქცევა, თუ იქ მიხეილ სააკაშვილი წარმატებებს მიაღწევს. რა წარმატებებს? აი, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლაში, კონტრაბანდის აღკვეთაში… პირობითად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს ისეთი სიტუაცია ელოდება, რომელიც მრავალ ფილმშია აღწერილი – მოსყიდვის მცდელობა. კარგი იქნება, თუ იგი გაუძლებს“.
სტატიაში გადმოცემულია უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ქართველი ალექსანდრე კვიტაშვილის საქმიანობის პირველადი შედეგები: „ალექსანრე კვიტაშვილი მთავრობაში თავისი გუნდის გარეშე მივიდა. მას უკვე აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ამ მნიშვნელოვან დარგში რეფორმების გატარებას აყოვნებს, თუმცა თავის მხრივ მინისტრი თავს იმართლებს – ჯერ საკანონმდებლო საფუძველი შემიქმენით და მერე მე ვიციო. ამასთან იგი პერიოდულად საზოგადოებას სენსაციებს აწვდის: მაგალიტად, აპრილში სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტის უფრო გაათავისუფლა და „სანეპიდენნადზორის“ (სანიტარულ-ეპიდემიური ზედამხედველობის) გაუქმების წინადადებით გამოვიდა. „მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ექვსი თვის განმავლობაში ვერცერთი რეფორმა ვერ განახორციელა, ვერცერთი თავისი დაპირება ვერ შეასრულა, – ამბობს „ოგონიოკის“ ჟურნალისტთან საუბარში საქველმოქმედო ფონდ „უკრაინის პაციენტების“ ხელმძღვანელი დიმიტრი შერემბეი, – მას უკვე შეუძლია კოლექცია შექმნას თავისი შეუსრულებებლი დაპირებებით“.
მაგრამ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ბლოკში მხოლოდ ერთი ქართველია, ასე ვერ ვიტყვით სამართალდამცველ ბლოკზე, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე ქართველი მუშაობს. აქაც პრობლემებია: როგორც „ოგონიოკს“ უკრაინის შსს-ში ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ეკა ზღულაძეს (მინისტრის მოადგილეს) სერიოზულ საქმეებთან ახლოს არ უშვებენ, რომ მან ამხელა მონსტრში ადგილიდან დაძრას და გამოაცოცხლოს. ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ სამინისტროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, რომ მილიცია როგორც ადრე იფარავდა კრიმინალურ და კორუმპირებულ ბიზნესს, ახლაც იგივეს აკეთებს. მინისტრ არსენ ავაქოვის გადადგომას პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი უკვე ითხოვს და აცხადებს, რომ მან ვერნაირი რეფორმა ვერ გაატარა (თუ არ გაატარა). ამიტომაც მისი მოადგილე ეკა ზღულაძე ძალიან ფრთხილად მოქმედებს და ინტერვიუსათვის სიტყვა-გამონათქვამებს არჩევს – არა იმდენად იმიტომ, რომ რუსულ ენაზე საუბარი უჭირს (ამას თვითონაც აღიარებს), არამედ უფრო იმიტომ, რომ მისმა ნათქვამმა სისტემაში მოქმედი რომელიმე დაჯგუფება არ გააღიზიანოს. ჯერ-ჯერობით ეკა ზღულაძეს ერთი მთავარი საქმე აქვს მინდობილი – საპატრულო სამსახური რეფორმიერება. მას ამ ამოცანის რეალიზებაში საქართველოს პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე ეხმარება. ახალი პატრული ჯერ კიევში გამოჩნდება, შემდეგ კი მთელ უკრაინაში დაიწყებს მუშაობას. პროცესი საკმაო ფიარითა და ხმაურით მიმდინარეობს: კადრები შერჩეულია, კონკურსი ისე ჩატარდა, თითქოსდა შსს თეატრალური ინსტიტუტი იყოს. ქართველმა რეჟისორმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო ახალი უკრაინელი მილიციონერების შესახებ. სამხრეებიანი უკრაინელი კორუფციონერები ჯერ-ჯერობით ყველაფერ ამას შემწყნარებლურად ეკიდებიან, ქუჩის პატრული რეფორმა მათ ინტერესებს არაფრით არ ემუქრება. მაგრამ რა იქნება შემდეგ, თუ პეტრო პოროშენკო არსენ ავაქოვს მოხსნის და მის ნაცვლად მინისტრად ეკა ზღულაძეს დანიშნავს? ტყუილად კი არ აღნიშნა პრეზიდენტმა, რომ მას ზღულაძისნაირი მინისტრების ხილვა სურს…
რაც შეეხება გენერალურ პროკურატურას, სადაც მოადგილედ ასევე ქართველი დავით საყვარელიძე მუშაობს. იგი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას არ ხელმძღვანელობს, მას მხოლოდ რეფორმის გატარება აქვს დავალებული. ვერ ვიტყვით, რომ ამ მხრივ გენპროკურატურაში დიდი ცვლილებები მოხდა. დავით საყვარელიძემ კი მიიყვანა ახლგაზრდა პროკურორების გუნდი, მაგრამ ისინი ერთგვარ „გეტოში“ ჩაჰკეტეს – თქვენი საქმე მხოლოდ ფიარია და იმას მიხედეთო. „კონკრეტულ საქმეებზე მათ არ უშვებენ და ეუბნებიან, რომ დაკავდით ინფორმაციების შეგროვებით, კოსმეტიკური ცვლილებებით დაჯექით მისაღებში და ხალხს უყურეთ, სერიოზულ საკითხებში ნუ ეჩრებითო“, – ამბობს „ოგონიოკთან“ საუბარში ერთ-ერთი წყარო გენპროკურატურიდან. „არაფერია, რეფორმირება რთული პროცესია, ყველაფერს დრო ჭირდება… ქართველები კი ჩვენ ძალიან გვიყვარს, ვენდობით, ისინი საბაზისო ცვლილებებს ახდენენ – სტრუქტურა, გავლენის სფეროებს, შრომის მეთოდებს ცვლიან“, – ამბობს ცნობილი ჟურნალისტი და ამჟამად ვერხოვნა რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო.
(სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე უკრაინის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა, სადაც მინისტრის მოადგილეს გია გეწაძე მუშაობს. „მას სურდა, რომ სასჯელაღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელად ხატია დეკანოიძე დანიშნულიყო, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. ასევე არასიამოვნო ფაქტი მოხდა რეგისტრაციის სამსახურთან დაკავშირებითაც, რომლის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ თანამდებობა მიატოვა (ამბობენ, მინისტრს ხასიათით ვერ შეუთავსდაო). ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროშიც ერთ-ერთი ქართველი სპეციალისტი ცდილობდა მოხვედრას – გიზო უგლავა, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა თუ არ გაუშვეს. საბოლოო ჯამში გია გეწაძე იუსტიციის სამინისტროში ერადერთ ქართველად დარჩა).
„ქართველ სპეციალისტებს უკრაინელები პატივს სცემენ, უყვართ, ენდობიან, ისინი სასურველი სტუმრები არიან ტელეგადაცემებში, „ისინი კავალერისტები არიან, რომლებიც უტევენ და თუ თავიდან არაფერი გამოსდით, უკან იხევენ და ისევ უტევენ“, – ამბობს ბაჩო ქორჩილავა „ოგონიოკის“ კორესპონდენტთან საუბარში.
ამასთან, აშკარაა, რომ ქართველი სპეციალისტების როლი უკრაინის პოლიტიკაში გადაჭარბებულად არ უნდა შეფასდეს. მმართველი ელიტა მათ საკუთარ მამულში არ უშვებს. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, თუ ვინ აფინანსებს უკრაინელი ქართველების საქმიანობას და როგორ ცხოვრობენ ისინი ძალიან დაბალ ხელფასებზე. ენთუზიაზმზე დიდხანს ვერ იმუშავებ, თუმცა ისიც გასაგებია, რომ ისინი სამშობლოში დაპატიმრების შიშით ვერ ბრუნდებიან. მარტალია, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები ცდილობენ მტკიცედ იდგნენ, მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, რომ ისინი 300 სპარტელს ჰგავნან, რომლებიც უცხო მიწაზე უცხოელთა ბედნიერებისთვის იბრძვიან.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 7 ივნისი, 2015 წელი
http://ru.rfi.fr/ukraina/20150606-mikhail-saakashvili-stal-ukrainskim-politikom/
მიხეილ სააკაშვილი როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი
„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ მიერ გუშინ, 7 ივნისს, ეთერში გადაცემულ სიუჟეტში საქართველოს შესახებ, რომლის ავტორი თბილისელი კორესპონდენტი გიორგი ლებანიძეა, მთავარი აქცენტი გაკეთდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ოდესის ოლქის გუბერნატორად. „საქართველოში კვირის მთავარ მოვლენად იქცა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ თავისი შტატგარეშე მრჩევლის მიხეილ სააკაშვილის სენსაციური დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე, რაც ყველასათვის მოულოდნელი იყო უკრაინაშიც და საქართველოშიც“, – აღნიშნულია რადიოსიუჟეტში.
სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეობას, უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ფასადაც არ დატოვებდა, ახლა კი მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რაც თავისთავად საქართველოს მოქალაქეობაზეც უარს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ამისათვის გარკვეული იურიდიული პროცედურების განხორციელებაა საჭირო, მაგრამა აშკარაა, ექს-პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას უნდა გამოემშვიდობოს.
რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში?
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა.
პირველი – საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო აქტიურად ითხოვდა მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებას სამშობლოში. მართალია, კიევი თბილისს უარს ეუბნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ამასწინანდელმა ვიზიტმა უკრაინაში მოვლენების განვითარება დააჩქარა – ამბობენ, მან მკაცრად დასვა საკითხი უკრაინის ხელისუფლების წინაშეო. შესაბამისად, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა ამჯობინა, თანაც ოდესის გუბერნატორობის პერსპექტივით;
მეორე - განხეთქილება პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, რომლის ხელმძღვანელიც თვითონაა. მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ ყველა თანაპარტიელი არაა მზად მის დაბრუნებას ელოდოს, ხოლო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება ბუნდოვანია. ოდესის ოლქის გუბერნატორობა კი უკრაინაში მისთვის გავლენის ბერკეტია სამომავლო წინსვლისათვის;
მესამე – ყოფილი პრეზიდენტი მოქმედებს ლათინური ანდაზის მიხედვით: „სჯობს პირველი კაცი ვიყო პროვინციაში, ვიდრე მეორე – რომში“. მართლაც, სრული ხელისუფლება უკრაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, სტრატეგიულ ოლქში მიხეილ სააკაშვილს საშუალებას მისცემს თავისი ენერგიის რეალიზება მოახდინოს. იგი რომ კიევში ვიცე-პრემიერობაზე დათანხმებულიყო, მინისტრთა კაბინეტში ჩაიკარგებოდა, ოდესის გუბერნატორობა კი პრესტიჟული თანამდებობაა. თუ მიხეილ სააკაშვილი იქ წარმატებით განახორციელებს რეფორმებს და კორუფციას ამოძირკვავს, იგი უკრაინისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება.
«НТВ» (რუსეთი), 6 ივნისი, 2015 წელი
http://www.ntv.ru/novosti/1420637/
http://www.ntv.ru/peredacha/rus_sensations/m19400/o338317/
აშშ-ის „გავლენის აგენტები“ – პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი
რუსული ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს ეთერით შაბათს, 6 ივნისს, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ გიორგაძე გამოვიდა და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საიდუმლო ოპერაციაზე ისაუბრა – თუ როგორ მოქმედებენ და როგორ ეწევიან მოსკოვის მიმართ ძირგამომთხრელ საქმიანობას „გავლენის აგენტები“ პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი.
იგორ გიორგაძის სახელი თბილისში ზოგიერთებს შიშს ჰგვრით. საქართველომ თავის დროზე მასზე საერტაშორისო ძებნა გამოაცხადა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქართველი მეგობრების კომპანია, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არაფერს დაუშურებდა იმისთვის, რომ იგორ გიორგაძე სამუდამოდ გაჩუმებულიყო.
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი თვლის, რომ უკრაინაში, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოში, ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც „ამერიკული ოცნებით“ არიან განმსჭვალულნი. მისი აზრით, პეტრო პოროშენკოსაც და მიხეილ სააკაშვილსაც ერთი პატრონი ჰყავთ. ვაშინგტონში კარგად იციან, თუ როგორ ისარგებლონ ამ ადამიანების სისუსტეებით, რომ კონტროლქვეშ ჰყავდეთ. მაგალითად, აგენტს ფსევდონიმით „მიშიკო“ ნარკორიკებისკენ მიუწევდა გული.
„მიხეილ სააკაშვილის მთელი ქცევა, დაწყებული 2003 წლიდან 2012 -ის ჩათვლით, თვალშისაცემი იყო: სულ დაბოლილი დადიოდა, არაადექვატურად იცინოდა… ეს მისი შინაგანი თვისებების გამოვლენა იყო, როგორც ჩამოყალიბდა… მას ორგიები მოსწონდა, იგი პირდაპირ გაცოფებულად მიიწევდა… მუდამ ტაბლეტებზე იჯდა, კოკაინზე. შეეკითხეთ საქართველოს მოსახლეობას, [არის ვიდეოკადრებიც]“.
ამერიკელ „კოლეგებს“ დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერად ისეთი ადამიანი სურდათ, რომელიც მარიონეტი და ხელით მართული იქნებოდა. მათ მიხეილ სააკაშვილი იპოვეს. „ვარდების რევოლუცია“ სწრაფად გადაიქცა „როზგების (წნელებით დასჯის) რევოლუციად“. უკრაინული „ღირსების რევოლუცია“ სულ მალე ქვეყანას მრავალ-მილიარდიანი ვალებით, ნგრევით, ომით და ჩამოშორებული ყირიმ-დონბასით შეუბრუნდა. ბუნებრივია, რომ ის პოლიტიკოსი, რომლემაც იდაყვები დაიკბინა და ჰალსტუხი ღეჭა, უკვე „ფრთამოტეხილი და კოჭლი იხვია“ და უნდა ჩამოწერილიყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ისევ მწყობრშია. საქართველოში ომწაგებული კაცი ახლა უკრაინელებს ასწავლის ომში გამარჯვებას! იგორ გიორგაძე დარწმუნებულია: ისტორია მეორდება – საქართველოში ხომ ტრაგედია მოხდა, უკრაინაში კი უფრო უარესი მოხდება.
„ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენტან, საქართველოში უკვე გავლილი გვაქვს. იგივე ტერმინოლოგია, იგივე ეპითეტები, იგივე სიძულვილი რუსეთისადმი, იგივე მცდელობები რუსული ენის შეზღუდვის მიზნით. იგივე უარი სახელმწიფოს ფედერაციულ მოწყობაზე… ეს ჩვენთან უკვე იყო“, – ამბობს იგორ გიორგაძე.