globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 8th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«BBC Украiна» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილის გუნდი უკრაინაში: წარმატებები და ჩავარდნები

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინტერვიუ მოლდოვას ვიცე-პრემიერთან: „მიხეილ სააკაშვილმა უმჯობესია ოდესის ოლქს მიხედოს და მოლდოვას თავი დაანებოს“

«Фокус» (უკრაინა): ინტერვიუ რობერტ სტურუასთან: „ხელისუფლებაში ხშირად დიქტატორები, ქურდები და არამზადები მოდიან, თანაც დემოკრატიული გზით“

————————

«BBC Украiна» (დიდი ბრიტანეთი), 8 ივლისი, 2015 წელი

http://www.bbc.com/ukrainian/ukraine_in_russian/2015/07/150707_ru_s_georgean_team_ukraine

მიხეილ სააკაშვილის გუნდი უკრაინაში: წარმატებები და ჩავარდნები

ვიტალი ჩერვონენკო, «BBC»-ს უკრაინული სამსახური

(შემოკლებით)

ივლისის დასაწყისში უკრაინელი ჩინოვნიკების „ქართულმა გუნდმა“ საინფორმაციო სივრცე „დაიპყრო“ – ჟურნალისტები წერენ მიხეილ სააკაშვილის წარმატებებზე ოდესაში, ეკა ზღულაძის „ახალ პოლიციაზე“ და დავით საყვარელიძის მიერ განხორციელებულ დაჭერებზე გენერალურ პროკურატურაში.

ვინ უჭერს მხარს „ქართულ გუნდს“? როგორ უყურებენ მათ ხელისუფლებაში? აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინიტრობის შანსი? დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია «BBC»-ის უკრაინული სამსახური ამ საკითხებზე ექსპერტებს ესაუბრა.

ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა, 2015 წლის 4 ივლისს კი მან კიევის ქუჩებში ახალი პოლიცია გამოიყვანა. ეკა ზღულაძე გასულ შაბათ-კვირას მედია-ვარსკვლავად იქცა, ამიერიდან მის სახელთანაა დაკავშირებული უკრაინის პოლიციის რეფორმა.

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა 2015 წლის თებერვალში მიიღო. ბოლო დრომდე მის საქმიანობაზე მოსახლეობამ მაინცდამაინც არაფერი მნიშვნელოვანი არ იცოდა… და უცებ, 5 ივლისს, კვირას, დავით საყვარელიძის გუნდის პროკურორებმა თავიანთი კოლეგები დააპატიმრეს, ჩხრეკისას უამრავი ფული და ძვირფასეულობა აღმოაჩინეს, უკანონო გზებით მოპოვებული. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დავით საყვარელიძეს მხარი დაუჭირა.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის ხელმძღვანელი 2015 წლის 31 მაისს გახდა. ერთ თვეში იგი უკვე ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა: ყველგან მისი სახეა – ბაზარში, „მარშრუტკაში“, ოდესელებთან, ველოსიპედზე, ავიასამსახურის სხდომაზე… მიხეილ სააკაშვილი იცინის, სეირნობს, ჩხუბობს, ვიღაცეებთან ფოტოსურათებს იღებს და ვიღაცეებს კორუფციაში ადანაშაულებს… მან უკვე დაიწყო რაიონების ხელმძღვანელების კონკურსი, ოლქის მილიციის უფროსად ქართველი მიიწვია და მოსახლეობას საბაჟოებზე წესრიგის დამყარებას შეპირდა. აშშ-ის ელჩმა ჯეფრი პაიეტმა კი ოდესელებთან შეხვედრაზე განაცხადა,  რომ ვაშინგტონი მზადაა ოდესის საოლქო ადმინისტრაციას, გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ხელფასი გადაუხადოს. ამერიკელმა დიპლომატმა ოდესას „კორუფციასთან ბრძოლის ფრონტი“ უწოდა.

ამასთან, უიღბლოდ დასრულდა ალექსანდრე კვიტაშვილის საქმიანობა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე. პარლამენტის საპრეზიდენტო პარტიის ფრაქციამ იგი რეფორმების კრახში დაადანაშაულა. ალექსანდრე კვიტაშვილს თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა. „ქართული გუნდის“ კიდევ ერთი უიღბლო მაგალითი – იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძეც გადადგა თანამდებობიდამ, თუმცა სულ მალე მისი სამსახური საერთოდ გააუქმეს.

პოლიტტექნოლოგი ტარას ბერეზოვეცი ქართველი ჩინოვნიკების საქმიანობას აგრესიულ მარკეტინგად მიიჩნევს: „ჩვენ ახლა „ქართული გუნდის“ აგრესიული მარკეტინგის მოწმენი ვართ. მიხეილ სააკაშვილი თავისი გუნდის უნიკალურ ბრენდს ქმნის და ამით ყველას არწმუნებს, რომ ისინი ერთაერთნი და განუმეორებელნი არიან და რომლებიც კონკრეტულ საქმეებს აკეთებენ“, – ამბობს ტარას ბერეზოვეცი «BBC»-ის უკრაინული სამსახურის კორესპონდენტთან საუბრის დროს, – მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ნდობით სარგებლობს, რომელიც ყველა სადაო საკითხს საქართველოს ექს-პრეზიდენტის სასარგებლოდ წყვეტს. გარდა ამისა, ქართველ რეფორმატორთა გუნდი“ აშშ-ის სრული მხარდაჭერითაც სარგებლობს. „თუ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, უნდა ველოდოთ, რომ ქართველები სხვა თანამდებობებზეც კიდევ დაინიშნებიან“, – ამბობს ტარას ბერეზოვეცი.

პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი აღიარებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ეკა ზღულაძე და დავით საყვარელიძე „გმირებად“ გამოიყურებიან, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ქართველების გუნდას „ანტიგმირებიც“ ჰყავს – ზემოთ დასახელებული კვიტაშვილი და ებანოიძე. ვადიმ კარასევის თქმით, ამჟამად ხელისუფლებაში ქართულ და უკრაინულ გუნდებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ბევრს არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ქართველების გააქტიურება, დაზაბულობა ნელ-ნელა მატულობს. „ქართველთა აქტიური და მოფიქრებული სტრატეგია უკრაინულ გუნდს რისკებსა და ბარიერებს უქმნის და შესაძლოა, მათ ხელისუფლება ვერ შეინარჩუნონ. მით უმეტეს, რომ ქართველებს დასავლეთი მხარს უჭერს“, – ამბობს «BBC»-ის უკრაინული სამსახურთან საუბარში ვადიმ კარასევი. მისი თქმით, დასავლეთს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი განაახლებს უკრაინულ ელიტას, რომელიც „ნათლიმამობაშია“ ჩაძირული და რადიკალური გარდაქმნის თვისება დაკარგა. „დასავლელი პარტნიორები ქართულ გუნდს იმ ტორპედოდ მიიჩნევენ, რომლის მეშვეობით უკრაინის ხელისუფლების გაწმენდა შეიძლება“.

ტარას ბერეზოვეცის თქმით, ახალი პოლიციის დემონსტრირება და მაღალჩინოსანი პროკურორების დაპატიმრება შემთხვევითი არ არის, ეს ფაქტი „ქართული გუნდის“ ფიარ-სტრატეგიის ნაწილია. პოლიტტექნოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გენპროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს მხარს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უჭერს, დაპატიმრებულებს კი – გენპროკურორ ვიქტორ შოკინის მომხრეები. „ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ გენპროკურორ ვიქტორ შოკინს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, მის ადგილს კი ქართველი დავით საყვარელიძე დაიკავებს. „პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სურს, რომ გენპროკურორი დავით საყვარელიძე იყოს. ვიქტორ შოკინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სპეცოპერაციამ კი მოსახლეობას დავით საყვარელიძის ყოჩაღობა და გაბედულობა აჩვენა“.

ამასთან, ექსპერტებს არ მიაჩნიათ, რომ უახლოეს ხანში უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რეალური პრეტენდენტი საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გახდება. ეს მხოლოდ „სერიოზული სამთავრობო კრიზისის“ დროს თუ იქნება შესაძლებელი. „ქართული გუნდის“ წარმატებებით ელექტორალურ ბონუსს ჯერ-ჯერობით მხოლოდ პრეზიდენტის პარტია მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში. ქართველებს ამ ეტაპზე პარტიად ჩამოყალიბება არ სურთ და, შესაბამისად, პრეზიდენტის მხრიდან რაიმე ეჭვიანობა გამორიცხულია, იგი ჯერ-ჯერობით მათ მხარს უჭერს“, – ამბობს ტარას ბერეზოვეცი.

თუმცაღა ვადიმ კარასევი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წარმატებები პეტრო პოროშენკოს პარტიისათვის ადგილობრივ არჩევნებში მაინცდამაინც სერიოზული დახმარება ვერ იქნება.

სოციოლოგ ირინა ბეკეშკინას თქმით, 2014 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 45%-მა ქვეყნის ხელისუფლების სტრუქტურებში უცხოელი (ქართველი) ჩინოვნიკების დანიშვნა მოიწონა, 32%-მა კი „ვარიაგების“ მიწვევა ნეგატიურად შეაფასა. როგორც ირინა ბეკეშკინა ამბობს, დღეს უცხოელთა (ჩათვალე: „ქართული გუნდის“)  მიმართ უკრაინელთა სიმპათია მომატებულია. „ამჟამად უკრაინელები იმედგაცრუებულნი არიან მთავრობის მოქმედებით, უცხოელების მიმართ კი პოზიტიური განწყობის დონე იზრდება: „იქნებ მათ მაინც მოახერხონ კორუფციული სისტემის დანგრევაო“.

———-

გუშინ, 7 ივლისს, უკრაინის მასმედიის მიერ  გავრცელებული ცნობის თანახმად, ოდესაში მექრთამეობის გამო დაჭერილი ორი მილიციელი, საქალაქო სასამართლომ, გირაოს გადახდის მიზნით, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ისინი ოლქის მილიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის ინიციატივით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა აღშფოთება გამოხატა სასამართლოს მიერ „მექრთამე“ მილიციელთა გათავისუფლების გამო და სოციალურ ქსელში ჩაწერა, რომ „182 ათასი გრივნის გადახდა – ეს სასაცილო თანხაა“.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 8 ივლისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2762950

ინტერვიუ მოლდოვას ვიცე-პრემიერთან: „მიხეილ სააკაშვილმა უმჯობესია ოდესის ოლქს მიხედოს და მოლდოვას თავი დაანებოს“

მოლდოვას ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ ოსიპოვი ქვეყნის მთავრობაში დნესტრისპირეთის მიმართულებას კურირებს. რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვისადმი მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პრემიერი ვიქტორ ოსიპოვი კონფლიქტის მოგვარების პრობლემებს ეხება და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილს განცხადებებს ნეგატიურად აფასებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ვთქვათ დნესტრისპირეთის პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკება განახლდა. ტირასპოლის პოზიცია გასაგებია – ცივილიზებული „განქორწინება“ კიშინიოვთან. კიშინიოვის პოზიციაც ცნობილია  – საჭიროა გაერთიანება ერთ სახელმწიფოში. როგორ და რაზე უნდა მოილაპარაკოთ?

- მოლაპარაკების ფორმატი „5+2“ სწორედ ის ფორმატია, სადაც დნესტრისპირეთის წარმომადგენელს თანაბარი უფლებები აქვს (ამ ფორმატით მოლდოვა და დნრესტრისპირეთი მომლაპარაკებელი მხარეებია; ეუთო, უკრაინა და რუსეთი – შუამავლები; ევროკავშირი და აშშ – დამკვირვებლები), მაას შეუძლია მოვიდეს და თავისი პოზიცია გამოხატოს.  თვითიზოლაცია თვითონ დნესტრისპირეთისთვისაა წამგებიანი. თუ ისინი ასე ფიქრობენ, ეს მათი პრობლემაა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ტირასპოლი თავის გადაწყვეტილებას შეცვლის და მოლაპარაკება განახლდება. ფორმატი „5+2“ მკაფიოდ ასახავს პროცესს, რომლის მთავარი მიზანი მოლდოვას რეინტეგრაციაა, სხვა გამოსავალი არ არსებობს…

- ის, რაც ტირასპოლს უნდა, გასაგებია, მაგრამ რა სურს კიშინიოვს?

- ჩვენ გვაქვს პრობლემის მოგვარების საერთო კონტური – დნესტრისპირეთის ფართო ავტონომია მოლდოვას შემადგენლობაში. როგორ მოხდება ეს, რა მეთოდებით, როგორი იქნება დეტალები – ეს ყველაფერი მოლაპარაკების დროს უნდა გაირკვეს. გარედან რაიმე გადაწყვეტილების თავსმოხვევა წარუმატებელი იქნება.

- ამას წინათ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაგაუზიის (მოლდოვას საზღვრებში  არსებული ავტონომიური რაიონსი) ხელმზღვანელი ირინა ვლახი პრორუსული და კრემლის კონტროლს დაქვემდებარებული პიროვნება არისო. ამასთან, ირინა ვლახი მოლდოვას მთავრობის წევრია. გამოდის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და იმავდროულად უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მოლდოვას საგარეო პოლიტიკას არასასიამოვნო კომენტარს უკეთებს…

- მიხეილ სააკაშვილმა უმჯობესია ოდესის ოლქს მიხედოს, რომელიც მას ჩააბარეს. ჩვენი სურვილია, რომ იგი ოდესის ოლქის დონეზე გაერკვეს სახელმწიფოს მმართველობაში და არა სხვის საშინაოპოლიტიკურ სიტუაციაში, გნებავთ, მეზობელი ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს. ასეთი მოქმედება მდგომარეობას არ აუმჯობესებს… და საერთოდ, თავი დაგვანებოს, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, [გაგაუზია და დნესტრისპირეთი] მისი საქმე არ არის. სხვათა შორის, ჩვენ ეს უკვე შევნიშნეთ და ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვეთათბირეთ. საბოლოოდ კი ჩავთვალეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის იმ დონის ხელმძღვანელი, რომლის მიმართაც მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაგირება უნდა მოახდინოს.

«Фокус» (უკრაინა), 7 ივლისი, 2015 წელი

http://focus.ua/society/327963/

ინტერვიუ რობერტ სტურუასთან: „ხელისუფლებაში ხშირად დიქტატორები, ქურდები და არამზადები მოდიან, თანაც დემოკრატიული გზით“

უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველკვირეულ ჟურნალ „ფოკუსის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ ქართველ რეჟისორთან, თბილისის რუსთაველის სახელობის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთან, რომელიც ამჟამად მოსკოვის თეატრ «Et Cetera»-ში მიწვეული რეჟისორიცაა (ესაუბრება ჟურნალისტი მიხეილ კრუგელი). აქვე ვიტყვით, რომ ინტერვიუს საჟურნალო ვერსია დაბეჭდილია „ფოკუსის“ ამა წლის მე-14 ნომერში.

გთავაზობთ ამონარიდს:

„რობერტ სტურუა ქართული კოსმოსის ისეთივე ნაწილია, როგორიცაა სიმღერა „სულიკო“, როგორიცაა ვახტანგ გორგასლის ძეგლი მტკვრის ზემოთ, მეტეხთან, როგორიცაა ჯვრის მონასტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების დიდოსტატი რეზო გაბრიაძე.

თავის თეატრში რობერტ სტურუა ტიპიური ყარაბას-ბარაბასია („ბურატინოს თავგადასავლის“ ერთ-ერთი ნეგატიური მთავარი გმირი). იგი ხშირად სიამოვნებით ამბობს, რომ მსახიობები მას მეტსახელად „ადოლფ ბესარიონის ძე ბერიას“ ეძახიან. საერთოდ, რობერტ სტურუას ძალიან ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი. თუმცა… „ჩემი ინტერვიუებიდან ზოგიერთი მომენტი არ უნდა დაიჯეროთ, მე ზოგჯერ რაღაცეებს ვიგონებ ხოლმე, საუბრის დროს რომ არ მოიწყინოთ. ჩემს მეუღლეს ამის გამო „ვძულვარ“ და მუდმივად მთხოვს, რომ მსგავსი გათამაშებები შევწყვიტო“, – ამბობს ხუმრობით რობერტ სტურუა.

- ქართველი მამაკაცები ორი ტიპის ადამიანები არიან: ტარიელები – ცხენზე ამხედრებული ვეფხისტყაოსნები და ბუბა-მიმინოები – ნაღვლიანი თვალებით მომზირალნი, ლარისა ივანოვნასადმი გაუზიარებელი სიყვარულით დადარდიანებული, უიღბლო პილოტები… თქვენ კი ვინ ხართ?

- ძნელი სათქმელია. მე თვითონ წარმოშობით ბოლშევიკური ოჯახიდან ვარ, იდეოლოგიურად ძალიან ორთოდოქსალური წრიდან. მამაჩემი მხატვარი უყო, პაპაჩემმა კი ერთ დროს იოსებ სტალინს მისცა რეკომენდაცია პარტიაში შესასვლელად… მოგვიანებით კი პაპაჩემი დახვრიტეს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ოჯახი იქნებოდა? ბავშვობაში საბჭოური ჰიტლერიუგენდის წევრი ვიყავი. მეექვსე კლასში რომ გადავედი, სტალინური პრემიის ლაურეატის, რეჟისორ ბაბევსკის ფილმი ვნახე და ვთქვი, რომ ძალიან მაგარი კინოა-მეთქი. მოგვიანებით მასთან ერთად ამერიკაში ვიყავი და მომეჩვენა, რომ სრული იდიოტი იყო. ჩემთვის ძნელია საკუთარი თავი ცხენზე ამხედრებული წარმოვიდგინო (ხელები დიდი გლობუსისხელმა მუცელს შემოხვია!). საერთოდ კი, მე ხშირად ვახდენ ქართველი მსახიობის სერგო ზაქარიაძის ციტირებას. იგი ამბობდა, რომ თეატრის ცხოვრება იმ ადამიანის მდგომარეობას ჰგავს, რომელიც ჩირგვებში ზის და თეთრ ცხენს ელოდება. მაგრამ მოასწრებს კი მასზე შეხტომას?

- რა არის თეატრისათვის უკეთესი – სტაბილური საზოგადოება მაძღარი მაყურებლით თუ დაუსრულებელი „ბარდაკი“?

- საქართველოს სიმშვიდე 1980-იანი წლების ბოლოდან აღარ უნახავს. რვა წლის განმავლობაში მე ხელფასს დოლარნახევრის ოდენობით ვღებულობდ, მსახიობები კი უფრო ნაკლებს. თეატრის შენობა არ თბებოდა, დენი არ გვქონდა, სპექტაკლებს საღამოს ხუთის ნახევარზე ვიწყებდით, რომ სახლებში ადრე მივსულიყავით. ერთ-ერთი სპექტაკლი ჯიბის ფარნების შუქზე ჩავატარეთ. საკვირველია, რომ იმ მძიმე წლებში ქართველებს თეატრში სიარული უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე დღეს.

- არის თუ არა რობერტ სტურუას ცხოვრებაში რელიგიის, უფლისადმი რწმენის ადგილი?

- ამას წინათ სპექტაკლის გარჩევაში მონაწილეობისათვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიწვევა გვინდოდა. მას დაურეკეს და პასუხად უთქვამს, რომ „ახლა დიდი მარხვაა, ჩემთვის თეატრში მოსვლა უხერხული იქნება. თუ რობერტ სტურუა თვითონ მოვა ჩემტან, სიამოვნებით ვისაუბრებო, მაგრამ ჯერ აღსარება ჩააბაროს და ეზიაროსო“. წავედი. მოვიდა მღვდელი და წიგნი მომცა, რომელშიც ცოდვებია აღწერილი – დაახლოებით ასი ცოდვა, რომელთა არსებობაც კი არ ვიცოდი. როცა წავიკითხე, მივხვდი, რომ თითქმის წმინდანი ვყოფილვარ. ერთადერთი ცოდვა, რომელიც ჩემთვის ვიპოვე, ისაა, რომ ზოგჯერ პორნოფილმებს ვუყურებ ხოლმე. ამას ხუმრობით ვამბობ…

სერიოზულად კი ვიტყვი, რომ როცა ქართველებას ერთმანეთის ჭკუაზე მოყვანა გვინდა, როცა ვინმე წესიერად არ იქცევა, მას ვეუბნებით: „დაფიქრდი, შენ ხომ ქრისტიანი ხარ!“. საქართველოში ეს არა მარტო რელიგიას ნიშნავს, არამედ ქცევის ერთგვარ კოდექსსაც.

- არის ერთი სპექტაკლი, რომელიც წინასწარმეტყველური ხასიათისაა და რომლიდანაც თქვენი პრობლემები დაიწყო ხელისუფლებასთან – „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვა და… პრეზიდენტი“…

- ის მსახიობი, რომელიც პრეზიდენტის როლს ასრულებდა, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ჰგავს – სპექტაკლის უცნაურ პერსონაჟს, სადისტური გადახრებით… როცა პიესა დავდგით, 2005 წელს, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პირველი ვადით იყო არჩეული. მაშინ ბევრს მისი ნამდვილად სჯეროდა და მოხიბლული იყვნენ. კპმპოზიტორი გია ყანჩელი, ჩემი ძველი მეგობარი და თანაავტორი, მეკითხებოდა, რატომ გაქვს ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტთან, რას ჩააცივდი მაგ კაცსაო. მე ვეუბნებოდი: არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვი-მეთქი. შეიძლება იმიტომ, რომ ისტერიკები მოსდის ხოლმე, შეიძლება იმიტომ, რომ ვამჩნევ, როცა სიყალბეს ლაპარაკობს და ფარისევლურად იქცევა… გასაგებია, რომ იმ „პოტიომკინის სოფლებში“, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა ააშენა, ჩემი თეატრი და დეკორაციები არ შედის, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპექტაკლი „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვა და… პრეზიდენტი“ პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაა მიმართული. მასში გატარებულია აზრი ხელისუფლების თანამდევ ვირუსზე, რომელითაც ყველა ავადდება, ვინც კი მწვერვალზე აღმოჩნდება. ვიღაც წინააღმდეგობას დიდხანს უწევს, ვიღაც სწრაფად ნებდება, მაგრამ ვაქცინა ამ ვირუსის წინაარმდეგ ჯერ კიდევ ვერ შექუმნიათ…

მე მგონია, რომ კაცობრიობა პრობლემის წინაშე აღმჩნდა: არავინ იცის, რა უნდა უქნას დემოკრატიას. თუ საზოგადოებაში რაღაც ნორმალურად არ მუშაობს, ხელისუფლებაში ხშირად ქურდები, დიქტატორები და არამზადები მოდიან, თანაც დემოკრატიული გზით. რაღაც ახალი უნდა მოვიგონოთ. ზოგჯერ ჩემს ძველ ჩანაწერებს რომ გადავხედავ ხოლმე, ძალიან მომწონს მერაბ მამარდაშვილის ნათქვამი. იგი ამბობდა: „ყველაზე საშინელი ისაა, თუ შენ იმ იმედით ცხოვრობ, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება“. მართლაც, რომ ვუყურებ, მჯერა, რომ არაფერი კარგად არ იქნება, ყველაფერი ძველებურად დარჩება. მე არ შემიძლია დავიჯერო, რომ სამყარო შეიცვლება და „ყველაფერი კარგად იქნება“. სამწუხაროდ.

- როგორც ჩანს, თქვენ „ქართული ეკონომიკური სასწაულის“ არ გჯერათ და ასევე ვერ დაიჯერებთ უკრაინის ნათელ მომავალს მიხეილ სააკაშვილთან ერთად…

- ქართველები საკმაოდ ხშირად უცხოებს კარგად ვატყუებთ ხოლმე და იმის ილუზიებს ვქმნით, რაც სინამდვილეში არ არის. ჩემი აზრით, უკრაინელები შეცდნენ, როცა ფსონი მიხეილ სააკაშვილზე დადეს და ჰგონიათ, რომ იგი თქვენს ქვეყანას დაეხმარება. ჩვენთვის, ქართველებისათვის, მისი ხელისუფლება კატასტროფული აღმოჩნდა. მისი პრეზიდენტობის წლებში საქართველოდან დამატებით ასი ატასობით ადამიანი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად და დღემდე იქიდან სამშობლოში ფულს აგზავნიან. საქართველო ეს მხოლოდ ბათუმის სასრუმროები და თბილისის ახალი შენობები არ არის. წამოდით საქართველოში, მიიხედ-მოიხედეთ, მოიარეთ სოფლები და ადამიანებს შეეკითხეთ, როგორ ცხოვრობენ. ერთადერთი, რაც მეტ-ნაკლებად წარმატებულია, ესაა პოლიციის რეფორმა, საპატრულო სამსახურის შექმნა.

ჩემთვის სასაცილოა იმის მოსმენა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კორუფცია დაამარცხაო. კორუფცია ყველა ხალხისთვისაა დამახასიათებელი, საერთოდ, კაცობრიობისათვის. ისიც ცნობილია, რომ ვინც კორუფციის წინააღმდეგ გამოდის, ამას ძალიან ხშირად იმიტომ აკეთებს, რომ თვითონ არ ზის წილში. რასაკვირველია, ძალიან მინდა ვიფიქრო, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში ხელისუფლება დაკარგა, უკრაინაში სულ სხვაგვარ პიროვნებად იქცა, მაგრამ მე ეს არ მჯერა. მისი მორალური დეგრადაცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა პრეზიდენტობის მეორე ვადის დასასრულს. [ეს შეუქცევადი პროცესია], უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

- როგორ გრძნობთ თავს მოსკოვში? გასაგებია, რომ ერთი მხრივ, ამ ქალაქმა შეგიფარათ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრიდან გაძევების შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ, 2008 წელს რუსული ტანკები იდგნენ თბილისიდან ერთი საათის სავალზე,  ავტობანი მათი მუხლუხებით იყო მოთხრილი, რუსულმა ბომბდამშენებმა დაბომბეს აეროდრომი… რუსეთის მოქმედებით საქართველომ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც დაკარგა…

- იცით, მე ახლა მოსკოვში ერთ-ერთი სპექტაკლი უნდა დავდგა და ეს ჩემთვის წამებაა, არაფერი არ გამომდის. შეიძლება იმიტომ, რომ მე იქ არ შემიძლია ყველაფერი ვთქვა საქართველოზე, რასაც სახლში ვამბობ. მე რომ იქ ჩემი ბოლო სპექტაკლი „ასულნი“ დამედგა, თბილისში არ მაცოცხლებდნენ. ამ სპექტაკლში არის სცენა, როცა ერთ-ერთი გმირი ინგლისურად ამბობს – Fucking my people („ჩემი ხალხი მო…ან“). მე არ შემიძლია ასეთი რამ რუს მაყურებელს ვაჩვენო. მესმის, რომ ეს სისულელეა, მაგრამ ჩემში ვიღაც ისეთი მორალური ადამიანი ზის, რომელიც ამის გაკეთების უფლებას არ მაძლევს. ეს იმას მიშნავს, რომ საკუთარი სახლიდან ნაგავი გაგაქვს და სხვას აჩვენებ. არ მინდა რომ ჩემი ცუდი სხვამ ნახოს. ამიტომაც არ წამიღია მოსკოვში სპექტაკლი „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვა და… პრეზიდენტი“…

მოსკოველ მაყურებელს ვუყვარვარ და მაფასებს, რუსეთისთვის საქართველო უკვე განვლილი ეტაპია. თუმცა რუსებში მაინც ერთგვარი იმპერიული სული ზის. მე შემიძლია გავუგო იმ პოლიტიკოსს, რომელიც ამ პოზიციით გამოდის, მაგრამ ვერ გავუგებ მსახიობს, არტისტს, რომელიც დღეს ჩემს სპექტაკლში თამაშობს, ხვალ კი გამოვა და რაღაც პუტინისტურს და ანტიუკრაინულს იტყვის. მე მგონია, რომ ასეთ მსახიობს ან რაღაცის ეშინია, ან ამით რაღაც სარგებელს ღებულობს. მაგრამ როცა ვხედავ, რომ იგი ასეთ რამეს მართლაც გულწრფელად ამბობს, მაშინ უკვე ვიბნევი. მესმის და ვიცი, რომ ხელოვანი ადამიანისათვის ზნეობა და მორალი ძალიან დიდი ფასეულობებები არ არის, მაგრამ მაინც…

Comments are closed