globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 8th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება: გრძელვადიანი ხედვა თუ პროცესის პერსონიფიკაცია?

«Голос Армении» (სომხეთი): ინტერვიუ გიორგი თუმასიანთან: როგორ იქნა არჩეული იგი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში

«Вести» (უკრაინა): პარტიების „მზის ჩასვენება“: როგორ იკარგება პოზიციები // „რეფორმატორულმა“ პარტიებმა შერწყმა შეწყვიტეს და სპონსორები აღარ ჰყავთ: ფიასკოს მიზეზები // მიხეილ სააკაშვილის პარტიის პერსპექტივა

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/constitutional-changes-in-georgia/3932617.html

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება: გრძელვადიანი ხედვა თუ პროცესის პერსონიფიკაცია?

ია მეურმიშვილი

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასავლეთში ექსპერტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარებს, ზოგი კი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივა ყოფილი მთავრობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტრიალების ერთგვარი მცდელობაა.

ექსპერტები, რომლებსაც “ამერიკის ხმა” ესაუბრა, რამდენიმე საკითხზე თანხმდებიან. ერთია ის, რომ დიდია მსგავსება წინა ხელისუფლების დროს კონსტიტუციის შეცვლასა და მიმდინარე პროცესებს შორის. მეორე საკითხი კი ისაა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია ქვეყნის ფუნდამენტია, მისი შემუშავების პროცესში ყველა პოლიტიკური ხმა უნდა იყოს ჩართული და ეს როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციური პარტიების მოვალეობაა.

“მიჩნდება შეგრძნება, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლითაც მმართველი პარტია მომავალში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ეს მე მაწუხებს.“ ასე შეაფასა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილელებზე მუშაობის პროცესი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და ლიტვის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიენემ.

ლიტველმა დეპუტატმა, რომელიც საქართველოს ნატოში სწრაფი გაწევრიანების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნის სუვერენული უფლებაა. თუმცა, მისი აზრით, ქვეყანას კონსტიტუციის შეცვლაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე სჭირდება ყურადღების გამახვილება. „ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანებს არსებული კონსტიტუციის ქვეშ ცხოვრების გრძელი გამოცდილება არ აქვთ, არ მგონია კონსტიტუციის შეცვლამ მოსახლეობის ცხოვრება შეცვალოს. პირველ რიგში, მათ საჭირო რეფორმები უნდა გაატარონ“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ამჟამად, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინსტიტუტის მკვლევარმა ტომას მელიამ კონსტიტუციასთან დაკავშირებული მიმდინარე დავა, გარკვეულწილად, ყოფილ მთავრობას და “ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირა. „ყოველი მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში განსხვავებულ საკონსტიტუციო ჩარჩოებში იმართება და გასაკვირი არ არის, რომ “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ხედვის შეცვლას ცდილობს“, – თქვა ტომას მელიამ, თუმცა იმავდროულად მიაჩნია, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობისას უმრავლესობა გრძელვადიან შედეგებზე უნდა დაფიქრდეს და კონსტიტუციის შეცვლის პროცესში ქვეყნის და არა ინდივიდუალური პირების ინტერესები გაითვალისწინოს. „პირველ რიგში, მათ უნდა წარმოიდგინონ როგორი უნდა იყოს ეს ინსტიტუტები 10-20 წლის შემდეგ, როცა ის ადამიანები, რომლებსაც დღეს წამყვანი პოზიციები უკავიათ პოლიტიკაში აღარ იქნებიან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ძალთა ბალანსი ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ტომას მელიამ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

ყოფილ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა ჯერ არ აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანაში ძალთა ბალანსი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ამის გამო, მას მიაჩნია, რომ დღეს “გადაწყვეტილებების პერსონიფიცირება ხდება“. არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, ტომას მელიას აზრით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ვენეციის კომისიასთან კონსულტაციებს ის დადებითად აფასებს, თუმცა მიაჩნია, რომ პროცესის არსებული მეთოდებით წარმართვა საზოგადოების პოლარიზებას იწვევს. „როგორც ამერიკაში ისე საქართველოში, პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მტრები არ არიან. ისინი ალტერნატიულ აზრს წარმოადგენენ და ამის გამო არჩევნებში ერთმანეთთან შეჯიბრი ან ქვეყნის მართვა სიკვდილ-სიცოცხლის თემად არ უნდა იქცეს“, – თქვა მან.

ვენეციის კომისიასთან თანამშრომლბაზე საუბრობს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და წარსულში ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერიც. ატლანტიკურ საბჭოში გამართული ღონისძიების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ვოლკერმა აღნიშნა, რომ “კომისიასთან კონსულტაციები კარგი იდეაა იმისთვის, რომ ცვლილებები ისე განხორციელდეს, რომ შეიქმნას ქვეყნისთვის ძლიერი ფუნდამენტური დოკუმენტი“.

ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტია, მასში ცვლილებების შეტანის პროცესში მმართველ ძალასთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც უნდა იყვნენ ჩართული. „ბოლოს, როცა საქართველოს კონსტიტუცია შეიცვალა და ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ მინისტრს გადაეცა, პროცესი ბოლომდე ინკლუზიური და გააზრებული არ იყო. დღესაც მსგავს მოვლენებს ვხედავთ. […] ეს პროცესი რაც შეიძლება წარმომადგენლობითი და გათვლილი უნდა იყოს. როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს ევალებათ ასეთ საკითხებზე ერთმანეთთან მუშაობა სცადონ“, – აღნიშნა მან.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა პროცესში ოპონენტების მოსაზრებაც დაფიქსირდეს, ოპოზიცია კომპრომისული პროექტის შესამუშავებლად მათთან არ თანამშრომლობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი დიალოგის გამართვის და კონსენსუსის მიღწევის მიზნით, მხარეებს შეხვედრისკენ მოუწოდებს.

«Голос Армении» (სომხეთი), 07 ივლისი, 2017 წელი

http://golosarmenii.am/article/55510/giorgij-tumasyan—predstavitel-molodezhi-gruzii-v-oon

ინტერვიუ გიორგი თუმასიანთან: როგორ იქნა არჩეული იგი საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად გაეროში

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამას წინათ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად პერსპექტიული ყმაწვილი, საქართველოს მოქალაქე გიორგი თუმასიანი იქნა არჩეული. გაზეთის კორესპონდენტთან ვიქტორია მაქსოევასთან ინტერვიუში იგი საუბრობს თავის ბიოგრაფიაზე, გაეროში წარმომადგენლად არჩევასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, მიზნებზე, საზოგადოების განწყობებზე და სხვა საკითხებზე.

როგორც ირკვევა, 22 წლის გიორგი თუმასიანმა, რომელიც საქართველოს თბილისისა და გერმანიის შპაიერის უნივერსიტეტების მაგისტრანტია, 21 კანდიდატს შორის  სამ ეტაპად ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსის თემაა „ახალგაზრდობის წინაშე მდგარი გამოწვევები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე: მსგავსება და განსხვავება“. პროგრამას ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს. ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ნიუ-იორკის ოფისში იგზავნება და იქ საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსით სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობს.

- როგორ იქნა აღქმული ქართველი კონკურენტების მიერ კონკურსში ეთნიკური სომხის გამარჯვება? მონაწილეობდნენ თუ არა კონკურსში აზერბაიჯანელებიც? საერთოდ, როგორია საზოგადოების რეაქცია თქვენს წარმატებაზე?

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში გამარჯვება ეთნიკურ პრინციპთან არანაირ კავშირში არაა. მასში საქართველოს ყველა ახალგაზრდა მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. რამდენადაც ვიცი, კონკურსში სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, თუმცა ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დადებიტად გამოეხმაურა ჩემს არჩევას: ატასობით ახალგაზრდამ მხარი დამიჭირა და მზადყოფნა გამოხატა ჩემთან თანამშრომლობის მხრივ. ჩემი არჩევა იმის დადასტურებაცაა, თუ როგორ წარმატებას მიაღწია საქართველომ დემოკრატიის განვითარებაში. შევეცდები, რომ აქტიურად წარვადგინო საქართველოს ახალგაზრდობა გაეროში. პრობლემები, რაზედაც მუშაობა მომიწევს,  ძალიან ბევრია: განათლების სფერო, უმუშევრობა, გენდერული თანასწორობა, კონფლიქტებითა და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები..

ინტერვიუში გიორგი თომასიანი საუბრობს აგრეთვე საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარ აქტუალურ პრობლემებზე, სამომავლო პერსპექტივაზე, ვიზალიბერალიზაციის პოზიტიურ როლზე საქართველოს ახალგაზრდობის ევროპასთან ინტეგრირების საქმეში და სხვა საკითხებზე.

«Вести» (უკრაინა), 08 ივლისი, 2017 წელი

http://vesti-ukr.com/politika/246092-politicheskij-daunshiftinh

პარტიების „მზის ჩასვენება“: როგორ იკარგება პოზიციები

„რეფორმატორულმა“ პარტიებმა შერწყმა შეწყვიტეს და სპონსორები აღარ ჰყავთ: ფიასკოს მიზეზები // მიხეილ სააკაშვილის პარტიის პერსპექტივა

სტატიაში გაანალიზებულია უკრაინაში ვადამდელი არჩევნების ალბათობა, რომელიც გაზაფხულზე საკმაოდ მაღალი ჩანდა, დღეს კი იმდენად აქტუალური აღარაა. განსაკუთრებით ყურადღება აქვს დათმობილი მიხეილ სააკაშვილის პარტიის – „ახალი ძალების მოძრაობის“ („რუხ ნოვიხ სილ“) მდგომარეობას და მის სამომავლო ბედს (ავტორი – ანასტასია რიაბოკონი).

როგორც ცნობილია, იგეგმებოდა პარტნიორობა ლვოვის მერ ანდრეი სადოვოის პარტია „სამოპომოჩს“ და მიხეილ სააკაშვილის  „ახალი ძალების მოძრაობას“ შორის, მაგრამ ახლა ანდრეი სადოვოის საქმეები ცუდად წაუვიდა, თან მასზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტი, რომ გავრცელდა ხმები რუსული ფულით სარგებლობის შესახებ (ლვოვში ერთადერთი რუსული ბანკი არსებობს – „მოსკოვის ვითიბი ბანკი“). შეიძლება იტქვას, რომ ბოლო დროს განვითარებული სკანდალების კვალობაზე, ლვოვის მერმა სპონსორები დაკარგა.

რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს, მისი პოზიციებიც არასახარბიელოა. ამას წინათ იგი ტელეარხ „ზიკ“-ის თოქ-შოუს წამყვანი გახდა, თან მოკავშირეებს ეძებს. მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად, საჯარო პოლიტიკის ველზე დარჩეს, ის სულ უფრო ნაკლებად ჩანს ახალ ამბების ნაკადში. ბოლო სამი წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილმა დიდი ტრანსპორმაცია განიცადა – იმედების მომცემი პოლიტიკოსიდან აუტსაიდერამდე, რომელსაც საქართველოში ექსტრადიციით ემუქრებიან. თავდაპირველად მიხეილ საკაშვილის რეიტინგი 10%-ს აღწევდა. როგორც პოლიტტექნოლოგები ამბობენ, მაღალი ცნობადობა მის სპონსორებს მილიონები დაუჯდათ, მაგრამ რეიტინგის გამოწეყენება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ვერ მოახერხა: ახლა მისი რეიტინგი სადღაც 1,5%-ის ფარგლებში მერყეობს და მიხეილ სააკაშვილი უკვე ინვესტიციების მიზიდვისათვის საეჭვო ფიგურად იქცა.

„მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია ხელიდან გაშვებული შანსის ნათელი მაგალითია“, ამბობს პოლიტოლოგი ანდრეი ზოლოტარევი, – როცა მას ყველაზე კარგი მდგომარეობა ჰქონდა დიდი პოლიტიკაში შესასვლელად, ექს-პრეზიდენტი რეგიონული გუბერნატორი გახდა, შემდეგ კი იგი დიდხანს აჭიანურებდა პირად არჩევანს – დარჩენილიყო უკრაინაში თუ საქართველოში წასულიყო. მაგრამ რადგანაც სამშობლოში მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, გასაგები გახდა, რომ იქ მისი შანსები ძალიან დაბალი იყო. ამასობაში მიხოს შეხლა-შემოხლა მოუვიდა პრეზიდენტთან…“.

„დღეს მიხეილ სააკაშვილს ოპონენეტებთან ბრძოლაში შედარებით მცირე რესურსები აქვს: მას არ ჰყავს ძალოვანი ფრთა, არ ჰყავს სპონსორები, არ აქვს რეიტინგი, თუმცა, კაცმა რომ თქვას, იგი მაინც „დაყოვნებული მოქმედების ბომბად“ მაინც რჩება პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის: მიხომ ბევრი რამ იცის უკრაინის შიდა პოლიტიკის შესახებ, შეუძლია უცხოელი სპონსორების მიზიდვა და გავლენის მოხდენა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ბიუროზე [დირექტორის პირველი მოადგილის გიზო უგლავას მეშვეობით]. ეს ყველაფერი პეტროპოროსენკოს თავს შეაკავებინებს მკვეთრი მოძრაობისაგან“, – ამბობს პოლიტოლოიგი მიხეილ დავიდიუკი.

Comments are closed