«Радио Голос Америки» (აშშ): საქართველოს პერსპექტივა: „უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს“
«Der Standard» (ავსტრია): მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თანდათანობით გავლენას ახდენს // საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია
«Каспiй» (აზერბაიჯანი): კონტინენტები ერთდებიან: ათ დღეში ჩინეთიდან ევროპაში, კავკასიის გავლით
«The Wall Street Journal» (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში კორუფციას ებრძვის: რუსეთზე შურისმაძიებელი უკრაინის მთავარი ნავსადგურის – ოდესის გუბერნატორია
——————-
«Радио Голос Америки» (აშშ), 8 აგვისტო, 2015 წელი
http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-russia-war-annyversary/2906548.html
საქართველოს პერსპექტივა: „უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს“
ვადიმ ალენიჩევი, ანდრეი დეგტიარევი – ვაშინგტონიდან
დასავლელ ანალიტიკოსებში გავრცელებული აზრის თანახმად, 2008 წლის ომში რუსულ ჯარში რომ გარკვეული დეზორგანიზაცია არ ყოფილიყო, საქართველოსთვის რუსეთთან ომის შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქართველოში 2008 წელს რომ ისეთი რუსული ჯარი შესულიყო, როგორიც ყირიმში შევიდა 2014 წელს, საქართველოს დედაქალაქი თბილისი დღეს ოკუპირებული იქნებოდა.
დღევანდელი მოვლენების ფონზე კი უფრო მნიშვნელოვანია არა ომის შედეგები, არამედ მასში მონაწილე მხარეთა საერთაშორისო პერსპექტივა, მათ შორის, რასაკვირველია, საქართველოს მომავალიც.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში საქართველოს კონფლიქტებს „გაყინულ“ კონფლიქტებად მიიჩნევენ, რუსეთმა მოახერხა და სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალა: ხუთდღიანი ომის შედეგად მოსკოვმა გააფართოვა ადრე კონტროლირებული ტერიტორიები და გააძლიერა თავისი სამხედრო ბაზები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში. გარდა ამისა, საერთაშორისო დამკვირვებლებს საქართველოსათვის წართმეულ რეგიონებში ყოფნა აუკრძალა.
„თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, [ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტები] ნამდვილად „გაყინული კონფლიქტებია“ და რუსეთი დაინტერესებულია ისინი ასეთად დარჩნენ, დნესტრიპირეთის კონფლიქტის მსგავსად“, – ამბობს სტივენ შაბო, ჰერმ,ან მარშალის ფონდთან არსებული ტრანსატლანტიკური აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, – ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მათზე პასუხისმგებლობას არ იღებს, საქართველო „დაკიდებულ მდგომარეობაშია“, დასავლეთმა კი, თავის მხრივ, არ იცის რა მოუხერხოს ასეთ ვითარებას.. ამასობაში პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მისი ინტერესების სფეროა და რომ ნატომ და ევროკავშირმა [კავკასიის] რეგიონიდან თავი შორს უნდა დაიჭირონ“.
უკრაინას რომ თვილისის მიერ ცადენილი შეცდომები არ გაემეორებინა (მხედველობაშია საქართველო-რუსეთის ომის დროს და მის შემდეგ პერიოდში ჩადენილი შეცდომები), დასავლეთმა კიევის ხელისუფლებას მოუწოდა თავი შეეკავებინა და ყირიმში რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირება არ დაეწყო. თუმცა პოლიტოლოგთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სწორედ დასავლეთის თავშეკავებულმა პოზიციამ მიიყვანა უკრაინა დონბასის კონფლიქტის დაწყებამდე.
და მაინც, დასავლელი ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინისა და საქართველოს პრობლემები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: უკრაინისთვის მთავარი მიზანი და ინტერესი ისაა, დარჩება თუ არა ის ტერიტორიულად მთლიანი და შევა თუ არა ევროკავშირში, საქართველოსთვის კი არასწორად შერჩეული საგარეოპოლიტიკური კურსი თვით სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხს უკავშირდება. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი ლიდერებისთვის ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსი სტივენ ბლანკი თვლის, რომ საქართველოსთვის კარგი იქნებოდა ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ტყუილად ლოდინი არ ღირს: „რუსეთი საქართველოს მცდელობებს უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს, რასაც შეიძლება მოსკოვის ხელახალი შეჭრა მოჰყვეს. ამიტომაც მე არ ვფიქრობ, რომ ნატო თავის ახალ წევრად საქართველოს მიღებაზე დათანხმდება. ალიანსი დღეს დაინტერესებული არ არის გაფართოებით, რადგან მას ისედაც უამრავი საკითხი აქვს მოსაგვარებელი თავისი უკვე არსებული წევრების მიმართ. გულახდილად გეტყვით: უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს“.
დღეს, საქართველო-რუსეთის ომიდან შვიდი წლის შემდეგ, დასავლეთს კვლავ არ აქვს მკაფიო პოზიცია სამხრეთ კავკასიის მოვლენების განვითარების მიმართ. დასავლეთის სახელმწიფოებს კონფლიქტებში ჩარევა არ სურთ და ამით ხელს უწყობენ რეგიონში პერმანენტული პოლიტიკური ვაკუუმის შექმნას, ამ დროს კი მოსკოვი სიტუაციით სარგებლობს და თავისი გავლენის რეალიზებას განაგრძობს.
«Der Standard» (ავსტრია), 8 აგვისტო, 2015 წელი
მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე თანდათანობით გავლენას ახდენს
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია
სტატია ეხება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს - შიდა ქართლში მდებარე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მის დამოკიდებულებას რუსეთისადმი, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ საქართველო-რუსეთის ომს და სხვა საკითხებს (ავტორი – ანდრე ბალინი).
გთავაზობთ მოკლე შინაარსს:
პარასკევს ცხინვალში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, რომელიც შვიდი წლის წინათ საქართველოს არმიის შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
2008 წლის აგვისტოს მოვლენებს წინ უძღოდა მრავალკვირიანი დაძაბული სიტუაცია, ურთიერთპროვოკაციები, ბოლოს კი საქართველო სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცადა ამბოხებული ავტონომიური რესპუბლიკის დამორჩილებას, კვლავ გაკონტროლების მიზნით. ქართული არმიის თავდასხმა კრახით დასრულდა: ქართველებმა პირველ ეტაპზე წარმატება მოიპოვეს სამხრეთ ოსეთის მილიციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ეს წარმატება სწრაფად შეიცვალა გამანადგურებლი დამარცხებით, რომელიც ქართულ სამხედრო ნაწილებს მიაყენა ოსების დასახმარებლად მისულმა რუსეთის არმიამ.
რუსეთმა თბილისი ოსი მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულა, შემდეგ კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ავტ.რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რასაკვირველია, არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებად ვერ ჩაითვლებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღემდე, რუსეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანამ – ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარა. აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელი არსებობისათვის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნიათ, განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსეთს. გარდა ამისა,. ორივე წარმონაქმნი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთზე, თითქმის ყველა მოქალაქეს რუსული პასპორტი აქვს.
საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ, 2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ძლიერ დახმარება უწევს (პუბლიკაციაში ნაჩვენებია რუსეთის საბიუჯეტო თანხების ჩარიცხვის დინამიკა წლების მიხედვით), თუმცა ძალიან ხშირად ფულადი გადარიცხვები უკვალოდ იკარგება. ამიტომაც ხშირია კორუფციული სკანდალები.
თავის მხრივ კრემლმა გადაწყვიტა, რომ ამ ორი რესპუბლიკის მტკიცე ინტეგრირება მოახდინოს, რისთვისაც სოხუმთან და ცხინვალთან შესაბამისი ხელშეკრულებები გააფორმა (პუბლიკაციაში მოცემულია ამ შეთანხმებების ძირითადი პრინციპები).
ასეთ ფონზე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება შეუძლიათ (სტატიაში აღწერილია სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, კორუფციასთან მებრძოლ ალა ჯიოევასთან დაკავშირებული ინციდენტი, როცა 2011 წელს მოსახლეობამ იგი პრეზიდენტად კი აირჩია, მაგრამ ცხინვალში მოსკოვიდან ჩასულმა დელეგაციამ ხმის მიცემის შედეგები გააუქმა და განმეორებით არჩევნებში ელექტორატს თავს მოახვია თავისთვის სასურველი პიროვნება.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 8 აგვისტო, 2015 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=29728~
კონტინენტები ერთდებიან: ათ დღეში ჩინეთიდან ევროპაში, კავკასიის გავლით
„ბოლო წლების მთავარი მოვლენა უკვე მომხდარია: ამ კვირაში აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ჩინეთის რკინიგზების ხელმძღვანელთა ძალისხმევით პირველი ტესტური საკონტეინერო ეშელონი აზერბაიჯანის ნავსადგურ ალიათში შემოვიდა. მატარებელმა, რომელიც კაუსტიკური სოდით იყო დატვირთული, 6 დღეში თითქმის ხუთი ათასი კილომეტრი დაფარა და თავის საბოლოო სადგურამდე მშვიდობიანად მივიდა. ეს განსაცვიფრებელი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადრე სატვირთო მატარებლები შემოვლითი გზებით დადიოდნენ და ფოთისა ან ბენდერ-აბასის ნავსადგურებამდე მისვლას ერთ თვეს უნდებოდნენ“ “, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ულვი იაგუბოღლუ).
„უკვე სექტემბერში დაგეგმილია მეორე საკონტეინერო მატარებლის გაშვება ფართო მარშრუტით: ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი. მართალია, ჯერ-ჯერობით ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები ფრთხილობენ და ეჭვს გამოთქვამენ „პირველი მერცხლის“ მიმართ, მაგრამ აშკარაა, რომ აქ საქმე გვაქვს რეგიონთაშორისო კავშირების გაუმჯობესებასთან, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი კომუნიკაციების როლის გაფართოებასთან. ეს მოგვცემს ახალი სატრანსპორტო მარშრუტით მომგებიანი სარგებლობის საშუალებას, უპირატესობას კონკურენციაში, ხელს შეუწყობს ჩინეთთან კავშირების ინტენსიფიცირებას, „ტრასეკას“ სატრასპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას (ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვებით)… ეს ისეთი პროექტია, რომელიც ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარტნიორობას განამტკიცებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, ირანს, სომხეთსაც კი… რასაკვირველია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის ჯარები მათ მიერვე ოკუპირებული მთიან ყარაბაღს დატოვებენ.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებით და მისი ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართვით ყველა დაინტერესებული მხარე დიდ მოგებას მიიღებს. თუ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანი მსოფლიოს ცენტრია, ჩვენ არ შევცდებით: საუკუნეების წინათ „აბრეშუმის დიდი გზა“, რომელიც სწორედ სამხრეთ კავკასიაზე გადიოდა, ევროპას და დანარჩენ სამყაროს აღმოსავლური პროდუქციით ამარაგებდა. თუ ამას გავითვალისწინებთ, საკონტეინერო მატარებლის მოსვლა შეიძლება ათვლის წერტილი გახდეს „აბრეშუმის დიდი გზის“ განახლებაში“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
«The Wall Street Journal» (აშშ), 8 აგვისტო, 2015 წელი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში კორუფციას ებრძვის: რუსეთზე შურისმაძიებელი უკრაინის მთავარი ნავსადგურის – ოდესის გუბერნატორია
სტატიაში გადმოცემულია უკრაინის ოდესის ოლქის ქართველი გუბერნატორის საქმიანობის ამსახველი ფაქტები, პარალელურად მოხსენიებულია აგრეთვე საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროინდელი პერიოდიც (ავტორი – ლორა მილსი).
გთავაზობთ მოკლე შინაარსს:
უკრაინის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ კომინტერნოვსკოეს მოსახლეობისათვის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა საკვირველი იყო: ოლქის ხელმძღვანელი ოფიციალური ავტომანქანით კი არ ჩასულა ოდესიდან, არამედ ხალხით გაჭედილი ჩვეულებრივი მიკროავტობუსით, მან თვითონ გადაიხადა მგზავრობის ფულიც…. ასეთი რამ მსოფლიოს ყველა კუთხეში უცნაურად მოგეჩვენებათ, მით უმეტეს, რომ იგი სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტიცაა. 2004 წლიდან 2013 წლამდე მიხეილ სააკაშვილი შავისზღვისპირა პატარა ქვეყნის – საქართველოს მეთაური იყო. თავის სამშობლოში განცდილი დამარცხების შემდეგ მან პოლიტიკური კარიერა უკრაინაში გააგრძელა: ისარგებლა პოსტსაბჭოთა რეფორმატორის რეპუტაციით და განაცხადა, რომ ოდესის ოლქში კორუფციას აღმოფხვრიდა.
„იმ უფლებამოსილებით, რომელიც გუბერნატორს აქვს, იგი სიტუაციას ვერ შეცვლის“, – ამბობს ვიქტორ ბერესტენკო, ოდესის ოლქის პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც საბაჟო რეფორმის განხორციელების აქტიური მხარდამჭერია, – „მას ფინანსური და საბაჟო სამსახურის უფროსების დანიშვნის უფლებაც კი არ გააჩნია, რომ არაფერი ვთქვათ პროკურორებზე“.
ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველი ეჭვს გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის მიმართ: არის თუ არა იგი ოდესის გუბერნატორის თანამდებობისათვის შესაფერისი პიროვნება? აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში მან თავისი ქვეყანა 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთთან ომში დამამცირებელი დამარცხებამდე მიიყვანა. გარდა ამისა, ასევე სადავოა მისი დანიშვნა იმ ოლქის ხელმძღვანელად, სადაც მოსახლეობის უმეტესობა რუსულენოვანია. და ბოლოს, თავის სამშობლოში, საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თაობაზე, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული.
მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამშობლოში დაბრუნდება, მაგრამ ამასთან იგი არ ასახელებს უკრაინაში ყოფნის ვადებს და ამბობს, რომ მცარია ის სეხედულება, რომ თითქოსდა იგი კიევის ხელისუფლებისათვის [გარედან თავსმოხვეულ] ზედმეტ ტვირთს წარმოადგენს: „მე ვიცი, რომ რუსეთის პროვოკაციებს უნდა მოვერიდო. მე ვიცი კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ რსუსული ტანკების წინააღმდეგ ბრძოლა ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის და არასდროს არ იქნება“.