«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: „საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან: „2008 წელმა აშშ-საქართველოს ურთიერთობები შეცვალა“
«Столетие» (რუსეთი): თბილისი ორ სკამზე ჯდომას ცდილობს? // საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებსაც ავითარებს და იმავდროულად დასავლეთის ანტირუსულ კამპანიაშიც მონაწილეობს
«El Pais» (ესპანეთი): მედეა შავი ზღვის ნაპირებს დაუბრუნდა // სოხუმში კოლხელი ასულის წყევლა ახდა
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 აგვისტო, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-matthew-bryza/3452539.html?nocache=1
ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: „საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა“
შენიშვნა: „ამერიკის ხმის“ რუსულმა სამსახურმა 5 აგვისტოს გამოქვეყნა კორესპონდენტ ნანა საჯაიას მიერ ჩაწერილი ამერიკელი დიპლომატისა და ანალიტიკოსის მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს მოკლე ვერსია, ახლა კი გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ქართულ ვერსიას.
„8 წელი აგვისტოს ომიდან. როგორ შეცვალა ხუთდღიანმა ომმა საქართველო და რა გავლენა იქონია მან რეგიონის პოლიტიკაზე? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ” მეთიუ ბრაიზას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილეს მიმართა.
- ხანმოკლე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა – ასე მოიხსენიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. რა შეცვალა ამ ომმა, როგორია მისი გრძელვადიანი შედეგები?
- გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომის შედეგები უარყოფითია, ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა და რომ რუსეთს პასუხის გება არ მოუწევდა. სწორედ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სათანადო პასუხის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში. ასეთია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი.
- ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთის სუსტმა რეაქციამ რუსეთი მაშინ წაახალისა, რამაც ერთგვარად უბიძგა უკრაინის ანექსიისკენ. ორი წლის წინ გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალში” თქვენ წერდით, რომ ამერიკამ საქართველოს მხარდაჭერა ვერ მოახერხა. ფიქრობთ, რომ ამან ხელი შეუწყო რუსეთის როგორც აგრესორის აღზევებას?
- ვფიქრობ დასავლეთის არასათანადო რეაქციასთან ერთად რუსეთის გაძლიერება აგვისტოს ომში საქართველოს სამხედრო პასუხმა გამოიწვია. დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ჯარმა სერიოზული ზარალი განიცადა, რამაც შემდგომში ვლადიმირ პუტინს რუსეთის სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და სისტემური რეფორმისკენ, ასევე საბრძოლო შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა.
- ომიდან 8 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ისევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსეთის სამხედრო დანაყოფები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან. რა პოლიტიკური გავლენა იქონია ომმა საქართველოზე, როგორც პოსტ-საბჭოთა ახალგაზრდა დემოკრატიაზე?
- თვალშისაცემია ომის შემდგომ საქართველოში ქვეყნის დასავლურ ბედზე ოპტიმიზმის კლება, ნატოსადმი მხარდაჭერა საქართველოში ისევ ძლიერია, შენელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, უფრო ხშირად გვხვდება საქართველოს გეოგრაფიის მიღება, იმის მიღება, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია – იმ რუსეთისა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებით სწორი სტრატეგია შეიმუშავა, რასაც თვითონ “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას” უწოდებენ, როცა რეინტეგრაციის პროცესს არ აჩქარებენ, არამედ ამ რეგიონების მოზიდვას კონსტრუქციულად ცდილობენ.
- აგვისტოს ომამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს [და უკრაინას] ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი უთხრა წევრობის სამოქმედო გეგმაზე, რასაც ბევრი ასევე პუტინის აგრესიისთვის ანთებულ მწვანე შუქს უწოდებს. როგორ იმოქმედა ამ ომმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვებზე?
- ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევრო-ატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს.
- 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ საქართველო მარტო დარჩა, 6 წლის შემდეგ რუსეთის აგრესიას ლეტალური იარაღის გარეშე უმკლავდებოდა უკრაინა. დასავლეთის ამ თავშეკავებას ბევრი რუსეთის “გავლენათა სფეროების” აღიარებად მიიჩნევს, თქვენც ასე ფიქრობთ?
- ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან “გადატვირთვის” პოლიტიკის წარმოება დაიწყო. მაშინ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობდნენ, რომ ამით რუსეთის გავლენების სფეროების აღიარება არ ხდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ობამას ადმინისტრაცია ამ სფეროებს აღიარებდა. სამხრეთ კავკასიის მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაში რუსეთს პირველი ადგილი ეჭირა.
- ამერიკაში უჩვეულო საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს. ბოლო დროს ამ კამპანიის ეპიცენტრში უკრაინის და რუსეთის საკითხები მოექცა, როგორ ხედავთ საქართველოს მომდევნო ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებში?
- სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიას მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, როცა საქართველოს რუსეთთან ურთოიერთობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს სამხრეთ კავკასიისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა, ჩვენ ამ თემაზე პირისპირ და ტელეფონითაც ხშირად გვისაუბრია.
დონალდ ტრამპმა წარმოუდგენელი, უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებები გააკეთა. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეერთებული შტატების ვალდებულება და ნატოს მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. დონალდ ტრამპმა აბსურდული განცხადებები გააკეთა ვლადიმირ პუტინით აღტაცებაზე, ამავდროულად არსებობს დადასტურებული ცნობები, რომ ტრამპის ბიზნესებში რუსეთიდან კაპიტალი შემოდიოდა. [აქვე ავღნიშნავ, რომ] რასაც დონალდ ტრამპზე და ჰილარი კლინტონზე ვამბობ, მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ გათვლებს, რადგან მე რესპუბლიკელებთან უფრო ვარ ასოცირებული, ვიდრე დემოკრატებთან, ჩემი ეს შეფასებები არაა გამოწვეული პარტიული ინტერესით.
- წარსული გამოცდილებით ამერიკელი რესპუბლიკელები რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი და კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან, ასევე ღიად უჭერენ მხარს რუსეთის მიერ ჩაგრულ ქვეყნებს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი კი, როგორც ჩანს, ამ შეხედულებებს არ იზიარებს. როგორ ხედავთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს არჩევნების შემდეგ?
- ვფიქრობ, ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთისადმი მისი პოლიტიკა “გადატვირთვისგან” განსხვავებული იქნება, ის მხარს დაუჭერს სანქციების შენარჩუნებას და შესაბამისად რუსეთ-საქართველოს თემა მისი ადმინისტრაციისთვის რელევანტური იქნება. თუ საქართველო ცალსახად ეცდება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო მყარ ინტეგრაციას, შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას და ნატოსთან ახლო-თანამშრომლობას გააგრძელებს, მას შეუძლია იყოს რელევანტური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში საქართველოს კარგი შეფასებები ჰქონდეს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მყარი რეფორმები როგორც ადრე ხდებოდა, ითანამშრომლოს ამერიკასთან უსაფრთხოების და კონტრ-ტერორიზმის სფეროებში, საქართველო ისევ შეიძლება რელევანტური იყოს.
- საქართველო მთელს რეგიონში იყო რეფორმების მოდელი, მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა ევროპული ტიპის, კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოდ, ეს იყო ამბავი, რომლითაც საქართველო საერთაშორისო არენაზე წარსდგებოდა. როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს, რა არის მისი მომდევნო ამბავი, მომდევნო ისტორია?
- საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ყველაზე საშიში იქნება საქართველომ ხელი ჩაიქნიოს იმ ისტორიაზე, იმ ამბავზე, რომელიც თქვენ ახლა აღწერეთ. საქართველო დასავლური ქვეყანაა, საქართველო არის ევროპა, შეხედეთ მის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას და კულტურას. იმედი მაქვს, ამ ისტორიის გაგრძელება არ იქნება ის, რომ საქართველო ამ ევროპულ ისტორიაზე, ევროპულ ამბავზე ხელს ჩაიქნევს. ვფიქრობ 10-15 წელიწადში საქართველოს ამბავი იქნება ის, რომ საქართველო ძლიერ შეარყია რუსეთის აგრესიამ, რომ დროებით დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ დროთა განმავლობაში “სტრატეგიული მოთმინების” პოლიტიკამ და დასავლეთში გამოფხიზლებამ საქართველოს ახალი შანსი მისცა, საქართველო ამ შანსს იყენებს და თავის კურსს უბრუნდება. დღეს წარმოუდგენელია იმის განჭვრეტა თუ როდის იქნება საქართველო ევროპის კავშირის ან ნატოს წევრი, მაგრამ მე არ მეეჭვება, რომ წევრობის მიუხედავად საქართველოს კავშირები ორივე ორგანზაციასთან იქნება უფრო მყარი
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 აგვისტო, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/donald-jensen-on-2008-russia-georgia-war/3451744.html
ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან: „2008 წელმა აშშ-საქართველოს ურთიერთობები შეცვალა“
ია მეურმიშვილი
„ამერიკის ხმა” ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის თანამშრომელს დონალდ ჯენსენს ესაუბრება:
- 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ 8 წელი გავიდა. როგორ იხსენებთ ამ ომს?
- ბანალურად ჟღერს ალბათ, მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს. განსაკუთრებით ორი ასპექტი: მახსოვს რამდენად ქაოტური იყო საბრძოლო ველი და როგორ ცდილობდა ორივე მხარე საკუთარი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, სინამდვილეში რეალური მესიჯის გარეშე. პრესის მიმოხილვაც ძალიან მიკერძოებული იყო. ყველა მხოლოდ ან ერთ ან მეორე მხარეზე საუბრობდა სიღრმისეული ანალიზის და კონტექსტის გარეშე. ომის შემდეგ გამოჩნდა ის, თუ რამდენად გულუბრყვილო დამოკიდებულება გვქონდა ამერიკაში მედვედევთად დაკავშირებით. ომი ბუშის ადმინისტრაციის დასასრულს და ობამას ადმინისტრაციის დასაწყისში მოხდა. ობამამ მაშინვე დაიწყო, ეგრეთწოდებული, გადატვირთვის პოლიტიკა, თითქოს არაფერი მომხდარა. არადა, ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
- თქვენი აზრით, ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა?
- უდავოდ! მიუხედავად იმისა, რომ ომი გაურკვეველი შედეგებით დასრულდა, კრემლის გადმოსახედიდან ეს უდიდესი გამარჯვება იყო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ომმა ფაქტობრივად გაყინა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა. ის ასევე დაეხმარა კრელმს ყოფილ საბჭთა სივრცში საკუთარი ძალის და გავლენის დემონსტრირება მოეხდინა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ნატომ და დასავლთმა ომზე ეფექტური რეაგირება არ მოახდინეს, ამით ალიანსის სანდოობა შეირყა. ამან რამდენიმე წელში უკრაინაში წარმოებულ ოპერაციას ჩაუყარა საფუძველი. საქართველო პირველი მოქმედება იყო, უკრაინა კი მეორე.
- დასავლეთმა ისწავლა რამე ამ გამოცდილებიდან?
- დასავლეთს პირველ რიგში ის უნდა ესწავლა, რომ მოკავშირემ – ამ შემთხვევაში საქართველომ – ზუსტად უნდა იცოდეს რას გააკეთებს და რას არა მისთვის ამერიკა. ჯერ ისევ მიმდინარეობს დებატები იმაზე თუ რა მოხდა მაშინ ვაშინგტონ-თბილისის ურთიერთობაში. მეორე გაკვეთილი კი ის უნდა იყოს, რომ ერთიანობას ძალიან დიდი ძალა აქვს. ალბათ, გახსოვთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საკმაოდ გაურკვეველი იყო, რომელიც დღემდე არ არის შესრულებული. ეს სწორედ ერთიანობის თემასთანაა კავშირში.
- 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს ეს ერთობა აჩვენა – გამოხატა ისეთი დამსჯელი მექანიზმების გამოყენებისთვის მზადყოფნა, როგორცაა სექტორული და პერსონალური სანქციები. 2008 წელს მსგავსი ნაბიჯები სერიოზულად არც კი განიხილებოდა. რას უკავშირებთ ორი ძალიან მსგავსი სიტუაციისადმი ასე რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას?
- ჩემი აზრით, 2008 წელს შეხედულებები იმაზე, თუ როგორ დაიწყო ომი იმდენად გაურკვეველი იყო, რომ დასავლეთში ბევრი ადამიანი მოერიდა რუსეთის ისე მკაცრად დადანაშაულებას, როგორც ეს უნდა მომხდარიყო. ის ცხადი იყო, რომ ცეცხლის გახსნის პროვოცირება რუსეთმა გააკეთა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ყველას არ სურდა. გარდა ამისა, დასავლეთი არც უკრაინის შემთვევაში იყო თავიდანვე გაერთიანებული. მხოლოდ სამოქალაქო თვითმფინავის ჩამოგდების შემდეგ მოხდა დასავლეთის ბოლომდე გაერთიანება.
- როგორც თქვენ ამბობთ, 2008 წლის ომმა რუსეთი წააქეზა, რაც ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ დასავლეთს ერთიანი პოლიტიკა არ ჰქონდა. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი გაერთიანდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ერთიანი მიდგომა მოსკოვის საგარეო პოლიტკაზე რაიმე გავლენას იქონიებს?
- ჩემი აზრით, რუსეთი თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე განიხილავს იქნება ეს პოლონეთი, ესტონეთი, საქართველო, საფრანგეთი, უნგრეთი… და თითოეულ ქვეყანაზე ფიქრობს, თუ რა მეთოდი გამოიყენოს მათ წინააღმეგ – სამხედრო, ეკონომიკური თუ პროპაგანდა. ზოგჯერ გარკვეულ ძალებს ფულსაც აძლევენ, მაგალითად საფრანგეთში ანტი-დემოკრატიულ ძალებს. ჩვენ საინფორმაციო ომი, ან ინფორმაცია, როგორც საბრძოლო ძალა რუსეთის პოლიტიკის ან საბრძოლო არსენალის ნაწილად უნდა განვიხილოთ.
- დასავლეთსაც აქვს მსგავსი მიდგომა – ვთქვათ, ეს კონკრეტული მეთოდი იმუშავებს საქართველოში, მაგრამ არა უკრაინაში?
- არ მგონია დასავლეთს ასეთი მკაფიო პოლიტიკა ჰქონდეს. ჩვენი პოლიტიკა უფრო რეაქციის გაკეთებაზეა ორიენტირებული და ნაკლებადაა გათვლილი. მაგალითად, ობამას ადმინისტრაციას არ სურს ევროპის საკითხებში ღრმად ჩარევა და ამბობს უკრაინის პრობლემა ევროპამ უნდა მოაგვაროსო. მას ასევე არ სურს საქართველოსა და ნატოს საკითხზე მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ ეს საშიში პოლიტიკა იქნება. საბოლოო ჯამში, კრემლის რეპუტაციამ, რომ მისი მოქმედებები არაპროგნოზირებადია, დასავლეთში ბევრი ლიდერი შეაშინა.
- თქვენი აზრით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები შეიცვალა 2008 წლის შემდეგ?
- უდავოდ! ჩემი აზრით, ამერიკა დღეს საქართველოსთან ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებასთან დაკავშირებით გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენს. ამ თემასთან მსუბუქი ფლირტიც კი არ გვაქვს. ამის გამო, საქართველო უკანა პლანზეა გადაწეული ობამას ადმინისტრაციის დროს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ საქართველოზე ძალიან ბევრს საუბრობ, ვაშინგტონისთვის შემაწუხებელი ფაქტორი ხდები. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ეს შეხედულება, ალბათ, შეიცვლება. მე საქართველოს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა მაწუხებს. მაგრამ მიმდინარე პერიოდში, შედარებით ჩუმად ყოფნამ და ზედმეტი ხმაურისგან თავის შეკავებამ, შეიძლება საქართველოსთვის კარგად იმუშაოს. თუმცა, ახალ ადმინისტრაციასთან ძალისხმევა უნდა განახლდეს.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ, რა უნდა გაკეთედეს?
- ჩემი აზრით, თუ არჩევნებში კლინტონი გაიმარჯვებს, კარგი იქნება საქართველო-ნატოს საკითხის ხელახლა და აქტიურად წამოჭრა. ვფიქრობ, ვაშინგტონში საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება.
- და თუ ტრამპმა გაიმარჯვა?
- დანალდ ტრამპთან დაკავშირებით ვფიქრობ შეწუხებულები უნდა ვიყოთ – და მე ამას როგორც რესპუბლიკელი ისე ვამბობ. დონალდ ტრამპი ყველანაირად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს საკითხები არ აინტერესებს. ის ბიზნესმენია და იცის გარიგებებში შესვლა. მე ვფიქრობ ის ვლადიმირ პუტინსაც გაურიგდება რაღაც გზით. ეს დიდი პრობლემაა და ამის გამო რუსეთის სამეზობლოში მოვლენებს ფრთხილად უნდა დააკვირდნენ.
«Столетие» (რუსეთი), 3-8 აგვისტო, 2016 წელი
http://www.stoletie.ru/fakty_i_kommentarii/tbilisi_khochet_usidet_na_dvuh_stuljah_741.htm
თბილისი ორ სკამზე ჯდომას ცდილობს?
საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებსაც ავითარებს და იმავდროულად დასავლეთის ანტირუსულ კამპანიაშიც მონაწილეობს
რუსული გამოცემა „სტოლეტიეს“ („ასწლეულის“) კორესპონდენტი პოლიტოლოგ ოლეგ ლეონიდოვს ესაუბრება.
„უკრაინამ, საქართველომ, ჩერნოგორიამ, ალბანეთმა, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ მხარი დაუჭირეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ყირიმის გამო მიღებული ანტირუსული სანქციები 2017 წლის ივლისამდე გაგრძელდა. ამ ფაქტმა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინისა და საერთოდ ევროკავშირის მოწონება დაიმსახურა. უკრაინის მიმართ ყველაფერი გასაგებია, თუმცა არ სხვა ქვეყნების მოქმედების გაგებაც არაა ძნელი, რადგან ისინი ან ევროკავშირის შემადგენლობაში შედიან, ან ნატოს წევრები არიან, ან ამ ორგანიზაციებში მიღების კანდიდატებად ითვლებიან…
საქართველო სწორედ კანდიდატთა რიცხვში მოიაზრება. იმავდროულად თბილისი რუსეთთან ვაჭრობის განვითარებას ესწრაფვის, მას რუსული გაზის მიწოდების გაზრდა სურს, უნდა პოლიტიკური დიალოგის დაწყება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე. მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველომ, როცა დსთ-და გადიოდა, ითხოვა, რომ ის რიგი ეკონომიკური (ენერგეტიკულ-სატრანსპორტო) შეთანხმებების სუბიექტად დარჩენილიყო, რაც მოხდა კიდეც. რასაკვირველია, რუსეთის დახმარებითა და თანხმობით.
ცხადია, [რიგი მიზეზების გამო] დღეს ჩვენს კავკასიელ მეზობლებს უფრო მეტის მიღება სურთ. თუმცა, მოდით, გავარკვიოთ, რა სიტუაციაა ამჟამად ამ სფეროში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის პირველ ნახევარში რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობამ 156,3 მილიონი დოლარს მიაღწია, რაც გასული 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-იან ზრდას ნიშნავს. თანაც რუსეთის ექსპორტი საქართველოში გაიზარდა 3,4%-ით, ხოლო საქართველოდან იმპორტი… 45,4%-ით. რუსეთის საგარეო ვაჭრობაში საქართველომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 74-ე ადგილი დაიკავა.
სხვათა შორის, ქართული პროდუქცია ძირითადად მხოლოდ რუსეთში იყიდება, სხვა ქვეყნები მაინცდამაინც დიდ დაინტერესებას არ იჩენენ. 2013 წლიდან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 40% (განსაკუთრებით ღვინო და მინერალური წყალი) მხოლოდ რუსეთში საღდება. ავიღოთ ქართული ყველი „სულგუნი“, რომელსაც, როგორც ახლახან გაირკვა, საქართველო რუსეთს გრძელვადიან საფუძველზე მიაწოდებს (…). საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისათვის დიდი მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ ათასობით ქართველი რუსეთში მუშაობს, ფულს კი სამშობლოში გზავნის.
ყველაფერი ეს იმის მაჩვენებელია, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან (უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საქართველოს რუსეთთან) სერიოზული ეკონომიკური კავშირები აქვთ.
თითქოსდა ეს ტენდენცია იმას უნდა ნიშნავდეს, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შენარჩუნებით უნდა იყოს დაინტერესებული. მით უფრო საკვირველია, რომ თბილისი უარს აცხადებს და ბლოკავს სომხეთ-რუსეთის სამგზავრო-სატვირთო სატრანზიტო შეთანხმების (იგულისხმება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით) გაფორმების იდეას. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ორ სკამზე ჯდომა სურს.
ცნობილია, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის. მართალია, ამ ეტაპზე გაწევრიანება არ ხერხდება, მაგრამ ინტეგრირების პროცესის გარღმავება სახეზეა. იგივეს ვხედავთ ევროკავშირის მიმართაც. თბილისს მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციის პალელურად, ანტირუსული პოლიტიკის გატარებაც აუცილებელია. სხვაგვარად არ გამოვა, რადგან ბრიუსელი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილებად აღიარებს.
სხვათა შორის, თბილისს ჯერაც არ დავიწყებია, რომ 1944-55 წლებში საქართველოს შემადგენლობაში თითქმის მთელი ყარაჩაი-ჩერქეზეთი შედიოდა, ანდა ის ფაქტი, რომ 1951 წლამდე ამიერკავკასიის რკინიგზის ნაწილი იყო გაგრა-სოჭი-ტუაფსის რკინიგზაც, რომელიც თბილისიდან კონტროლდებოდა. უფრო ადრე, 1918 წლის ივლისიდან 1919 წლის თებერვლამდე, საქართველოს დაკავებული ჰქონდა სოჭის ოლქიც (კრასნაია პოლიანასა და ბზიფის ჩათვლით). ქართველი პოლიტიკოსები ხშირად იხსენებენ ამ ფაქტებს…
ალბათ, იმაში, რომ საქართველომ ყირიმს სანქციები გამოუცხადა, ძველი, საბჭოური ტურისტული კონკურენციაც იგულისხმება: ადრე ყირიმში თითქმის ორჯერ მეტი საბჭოთა ტურისტი ჩადიოდა დასასვნებლად, ვიდრე საქართველოში, ხოლო უცხოელი ტურისტების რაოდენობა თითქმის ერთნახევარჯერ მეტი იყო. რასაკვირველია, ანტიყირიმული სანქციები ნახევარკუნძულზე ტურისტების რაოდენობის შემცირებას იწვევს. მაგრამ საკითხვაია, განა ის უცხოელები, რომლებიც ახლა ყირიმში უნდა მიდიოდნენ დასასვენებლად, იალტის ნაცვლად ბათუმში წავლენ? და საერთოდ, რამდენად ნორმალურია საქართველოს მოქმედება: ერთი მხრივ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოებისაკენ ლტოლვა და მეორე მხრივ – იმავე რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციებისადმი მხარდაჭერა?
აშკარაა, რომ საქართველოს რუსეთის საპასუხო ნაბიჯებისა არ ეშინია. არადა, თბილისი თავისი ნაბიჯების შედეგებს უნდა ჩაუფიქრდეს. ვთქვათ და რუსეთი ისევ გადაწყვეტს ქართული პროდუქციის ბოიკოტს, ან ქართველი მიგრანტებისადმი რეჟიმს გაამკაცრებს, როგორი იქნება შედეგი? თუ ასეთი რამ მოხდება, ბევრი ქართველი ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ერთიანი შიდა პროდუქტის დანაკარგები თითქმის 50%-ს მიაღწევს.
და რაც მთავარია, საქართველო რისკის წინაშე დგება, რომ რუსეთთან ისედაც რთული დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად და დიდი ხნის ვადით გაართულოს. სამწუხაროა, თუ ასეთი მოქმედება თბილისის გრძელვადიან ინტერესებში შედის“.
«El Pais» (ესპანეთი), 4-7 აგვისტო, 2016 წელი
http://cultura.elpais.com/cultura/2016/08/04/actualidad/1470329417_039795.html
მედეა შავი ზღვის ნაპირებს დაუბრუნდა
სოხუმში კოლხელი ასულის წყევლა ახდა
სტატიაში აღწერილია სოხუმში ჩატარებული მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც უკვე თითქმის 15 წლის ტრადიცია აქვს და რომლის ორგანიზატორია საოპერო მომღერალი, სოპრანო ხიბლა გარმზავა – იგი მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე გამოდის. „ამჯერად ფესტივალში მონაწილეობდა მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის კოლექტივიც, რომელმაც 2,5 ათასი წლის წინანდელ უძველეს ბერძნულ კოლონია დიოსკურიაში (სოხუმში) იტალიელი ლუიჯი ქერუბინის ოპერა „მედეა“ წარმოადგინა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – პილარ ბონეტი).
ფესტივალს „ხიბლა გარზმავა გიწვევთ“ კლასიკური, ჯაზური და ბლიუზის რეპერტუარი აქვს, რაც მელომანებისათვის ნამდვილი საჩუქარია. მუსიკალურ ღონისძიებას ერთგვარი პოლიტიკური მიზანიც აქვს: მისი მეშვეობით აფხაზეთი პოლიტიკური იზოლაციას არღვევს. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, როცა აფხაზეთი საქართველოს ჩამოშორდა, კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მდებარე ეს მშვენიერი და ნაყოფიერი მხარე სისხლიან ომში (1992-93 წლები) ჩაიძირა, რომლის კვალი ჯერ კიდევ ჩანს შენობათა ნანგრევების სახით. 2008 წელს აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი სუვერენიტეტი პირველმა აღიარა რუსეთმა, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამასთან, გაეროს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა აფხაზეთს ფორმალურად საქართველოს ნაწილად მიიჩნევს“, – აღნიშნავს ავტორი და მკითხველისთვის პოლიტიკური სიტუაციის მოკლე გაცნობის შემდეგ კვლავ ფესტივალის რეპერტუარს უბრუბდება.
„მუსიკალურმა ღონისძიებამ, რომლის დროს შეკრებილი თანხა საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება, მიმდინარე წელს მოულოდნელი სახე მიიღო – გადაწყდა, რომ ფესტივალი ღია ცის ქვეშ, უძველესი ციხე-სიმაგრის ადგილზე ჩატარებულიყო, რომელიც მრავალი ცივილიზაციის მომსწრეა. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ რომაელებმა დაიწყეს, შემდეგ ბიზანტიელებმა გააგრძელეს. აქ ხშირი სტუმრები იყვნენ გენუელი ვაჭრები, მოგვიანებით თურქები, რუსები… საბჭოთა პერიოდში ციხე-სიმაგრის ნარჩენების ნაწილი ზღვისპირა პრომენადისთვის (სასეირნო ადგილისთვის) გამოიყენეს, 1980-იანი წლების დასაწყისში აქ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რომელსაც ხელი სამოქალაქო ომმა შეუშალა. ბოლო ხანებამდე ეს ადგილი ნაგავსაყრელად იყო ქცეული. გასულ წელს აფხაზეთის კულტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრის მოადგილის ბათალ კობახიას აქტიური ძალისხმევით გადაწყდა, რომ ციხე-სიმაგრის შიგნით ტერიტორია კეთილმოწყობილიყო და ფესტივალი იქ ჩატარებულიყო. ამით დასტურდება, რომ სახელმწიფო არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისათვის ზრუნავს.
ხიბლა გარზმავამ სოხუმში ოპერა „მედეა“ ჩამოიტანა, რომლის პრემიერა მოსკოვში 2015 წელს გაიმართა და ფესტივალ „ოქროს ნიღაბის“ მთავარი პრიზი დაიმსახურა. უძველესი ციხე-სიმაგრის ფონზე გამართულ წარმოდგენას სპეციფიკური ხასიათი ჰქონდა: გათხრებისა და რესტავრაციის დროს აქ აღმოჩნდა მე-4 საუკუნის რომაელი ლეგიონერის ბაზილიკა, რომაული თერმები, რუსეთის იმპერიის დროინდელი ყაზარმა… სანამ ოპერის წარმოდგენა დაიწყებოდა, მაყურებლებმა და მსახიობებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მწერლის ფაზილ ისკანდერის ხსოვნას.
როგორც ცნობილია, ოპერა „მედეაში“, რომლის ჩასატარებლად სოხუმში მოსკოვიდან კონსტანტინ სტანისლავსკისა და ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის 300-მდე თანამშრომელი ჩამოვიდა, არგონავტები მონაწილეობენ, თუმცა სპეციფიკური ფორმით: იასონი და მისი თანამოაზრენი გამოწყობილნი იყვნენ სამხედრო ჩექმებში, გალიფესა და ქამრით შემოჭერილ „გიმნასტერკაში“, რაც ბოლშევიკ იოსებ სტალინსა და მის კავკასიელ ამხანაგებს მოგვაგონებდა 1930-იან წლებში.
მედეა (ხიბლა გარზმავა) ცდილობდა თავისი სილამაზით იაზონის დატყვევებას, მაგრამ როცა არ გამოუვიდა, ღმერთებს მისი დასჯა შესთხოვა. სწორედ იმ დროს წამოვიდა ციდან წვიმის პირველი წვეთები, რომლის შემდეგ პაპანაქება სიცხე გრანდიოზულმა ჭექა-ქუხილმა და კოკისპირულმა წვიმამ შეცვალა, თითქოსდა ღმერთებმა მართლაც შეისმინეს მედეას ვედრებაო. შეშინებული მაყურებელი აქეთ-იქით გარბოდა, ქალებმა გრძელი კაბები ტალახში ამოისვარეს, კავალრებს კი პიჯაკები გასაწური გაუხდათ, ლაქირებული ტუფლებიც ტლაპოში მიატოვეს. მაღალჩინოსან სტუმართა მდიდრული „მერსედესები“ და სხვა ავტომანქანები უკვე წყალში ცურავდა… თითქოსდა სტიქიამ კულტურაზე გაიმარჯვა, მაგრამ არა – გაირკვა, რომ წარმოდგენა სხვა ადგილზე, დახურულ შენობაში – აფხაზეთის ეროვნულ თეატრში გაგრძელდებოდა. სანამ მსახიობები და მაყურებლები თეატრში შეიკრიბებოდნენ, გრიგალმა თავისი საქმის გაკეთება მაინც მოასწრო: შენობას, რომლის კაპიტალური რესტავრაცია 2013 წელს ჩატარდა, სახურავი დაუზიანა და დარბაზში წყალი ჩამოვიდა. ამის მიუხედავად, მაყურებლებს შორის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც იყო. აშკარა ცანდა, რომ ოპერა გაგრძელდებოდა….
წარმოდგენამ გამაყრუებელი აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურა. მაყურებლები გარეთ გამოვიდნენ, იქ კი… ქუჩები გაცოფებულ მდინარეებად იყვნენ გადაქცეულნი, წყალს ხეები და ავტომობილები მოჰქონდა. დილით სოხუმში მოძრაობა შეუძლებელი იყო, ქალაქის ცენტრში მუხლამდე წყალი იდგა, მერიამ ქალაქი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
„კოლხელი მედეას წყევლა ახდა. ეს ფაქტი „ისტორიით გაჟღენთილმა“ აფხაზებმა იმის ნათელ დადასტურებად მიიჩნიეს, რომ ბერძენი ევრიპიდეს ტრაგედიის გმირი მართლაც მათი თანამემამულე იყო, ანუ იმ ტომიდან, რომელიც ადრე კოლხეთის სამეფოში შედიოდა“, – წერს პილარ ბონეტი.