globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 8th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): ბაქო და ანკარა ერევან-თბილისის კავშირების წინააღმდეგ

«Day» (აზერბაიჯანი): სომხეთს ეშინია, რომ აზერბაიჯანის გამო საქართველოსთან კავშირებს დაკარგავს // სერჟ სარგსიანის ბრიყვული პოლიტიკა

«Xalq qəzeti – სახალხო გაზეთი» (აზერბაიჯანი): ბაქო-თბილისი-ყარსი: არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტიც

—————-

«Lragir» (სომხეთი), 07 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57935

ბაქო და ანკარა ერევან-თბილისის კავშირების წინააღმდეგ

სტატიაში კომენტირებულია ბაქოში გამართული აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების – ელმარ მამედიაროვის, მევლიუთ ჩავუშოღლუსა და მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა და ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები (ავტორი – აკოფ ბადალიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

„ბრიფინგზე მევლიუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სამივე ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვა – აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებშიო.

თურქი მინისტრის განცხადებამ შეიძლება სომხეთში ანტიქართული განწყობა და რეაქცია გამოიწვიოს. როგორც ჩანს, მევლიუთ ჩავუშოღლუმ განცხადება სწორედ ამ მიზნით გააკეთა. აშკარაა, რომ საქართველოსთან აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ მიზანს სომხურ-ქართული ურთიერთობების ტორპედირება წარმოადგენს. ბაქოსა და ანკარის ძალისხმევა ამ მიმართულებით სულ უფრო აშკარა ხდება. ორივე ცდილობს საერთო მიზნის მისაღწევად საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეებთან კავშირი ჰქონდეთ. საბედნიეროდ, ასეთი წრეები ჯერ-ჯერობით მხოლოდ მარგინალურები და მცირერიცხოვანები არიან – ერთ-ერთმა ასეთმა ორგანიზაციამ ამას წინათ საპროტესტო აქციაც გამართა „სომხური ექსპანსიის“ წინააღმდეგ. პერიოდულად თამაშდება ხოლმე რუსული კოზირებიც, რომელთა მიხედვით, თითქოსდა სომხეთი სავარაუდო პლაცდარმს წარმოადგენს საქართველოზე რუსეთის ასევე სავარაუდო დარტყმისათვის. თურქეთ-აზერბაიჯანის ასეთი პოლიტიკისადმი, თავის მხრივ, ინტერესს ავლენს რუსეთიც, რომელიც სომხურ-ქართული ურთიერთობების სავარაუდო დაახლოებას გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. მაგრამ საქმე მხოლოდ სომხურ-ქართულ ურთიერთობებში კი არ არის, არამედ საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციაში, რომლის წყალობით თბილისი კავკასიაში ნატოსათვის მოსახერხებელი პლაცდარმი ხდება.

ნატო სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების სისტემაში ინსტიტუციონალურად უპირველესად საქართველოს დახმარებით მკვიდრდება. თურქეთი, რომელიც თვითონაა ნატოს წევრი, აგრეთვე აზერბაიჯანი და რუსეთი საქართველოს მცდელობას გამოწვევად აღიქვამენ. სომხეთისათვის კი პროდასავლურ საქართველოსთან ურთიერთობა მისი უსაფრთხოების დივერსიფიცირებისა და ტრანსფორმაციის შესაძლებლობას წარმოადგენს. რასაკვირველია, არცახის ომის შედეგად რეგიონში ახალი სტატუს-ქვო ჩამოყალიბდა, მაგრამ საქართველოში ნატოს ინსტიტუციონალური ყოფნა იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთი თავის უსაფრთხოებას უფრო მეტად მტკიცე მექანიზმებით უზრუნველყოფს. და რომ ეს არ იქნას დაშვებული, ბაქო და ანკარა სომხურ-ქართულ ურთიერთობას ურტყამენ.

სომხურ-ქართული ურთიერთობა უღრუბლო არასოდეს ყოფილა, პრობლემები ორივე მხარისათვის იყო და არის. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს პოლიტიკა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთისთვის ბევრ კითხვას იწვევს. ასევე საქარტველოსაც უჩნდება ეჭვები სომხეთის პოლიტიკის მიმართ.

მაგრამ იმავდროულად ისიც აშკარაა, რომ ერევანსა და თბილისს შორის მდუმარე ურთიერთგაგება და თანხმობა არსებობს იმაში, რომ სიტუატიურმა საკითხებმა სტრატეგიულ ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა მოახდინონ. და რა იგულისხმება სტრატეგიაში? ესაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება და ნატოს კიდევ უფრო მტკიცედ დამკვიდრება კავკასიაში.

«Day» (აზერბაიჯანი), 08 სექტემბერი, 2017 წელი

https://news.day.az/politics/929848.html

სომხეთს ეშინია, რომ აზერბაიჯანის გამო საქართველოსთან კავშირებს დაკარგავს

სერჟ სარგსიანის ბრიყვული პოლიტიკა

სტატიაში კომენტირებულია სომხეთის ნეგატიური პოზიცია ბაქოში გამართული აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიმართ (ავტორი – ზულფუგარ იბრაჰიმოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„როგორც ცნობილია, მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე მევლიუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სამივე ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვა – აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში.

ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ: ფაქტია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გაეროს გენასამბლეის სხდომაზე არაერთხელ განხილულა, რაც არ ითქმის მთიან ყარაბაღზე. გაეროში ყარაბაღის პრობლემა თითქოსდა არც არსებობს. ამგვარი სიტუაცია არა მარტო ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას, არამედ სომხეთს ცრუ გრძნობას აღუძრავს იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება მის მხარეზეა აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპირების საკითხში. ასეთი ფონი ოკუპანტ სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ ახალ- ახალი პროვოკაციებისაკენ უბიძგებს. ერევანს ჰგონია, რომ მისი მოქმედება დაუსჯელი დარჩება.

ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ბაქოში გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.  ბაქო და თბილისი მართლაც უნდა გამოვიდნენ ერთად ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებში. რასაკვირველია, აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს გაეროში რეზოლუციის ხმის მიცემისას, თუმცა ქართველი პარტნიორებიც უნდა გააქტიურდნენ ბაქოს მხარდასაჭერას, რადგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი პირველი კონფლიქტია პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში. სწორედ მისგან დაიწყო სხვადასხვა სეპარატისტული მოძრაობები. მთიანი ყაბაღი რეგიონში სეპარატიზმის მთავარი წყაროა: მას თუ დააშრობ, სხვებიც დაშრებიან.

მინისტრების სამიტმა და შეხვედრის დროს მიღებულმა სამოქმედო გეგმებმა სომხეთის გაღიზიანება გამოიწვია. ჩვენი მეზობლები, როგორც ყოველთვის, შეეცადნენ ყველაფერი ყირამალა წარმოედგინათ და ბაქოს სამიტში საკუთარი თავისთვის საფრთხე დაენახათ. რაღაც დონით ეს სინამდვილეს შეესაბამება: საფრთხე მათთვის იმაში გამოიხატება, რომ გაეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი მოქმედება წერტილს დაუსვამს სომხეთის მიერ პროპაგანდირებულ წარმოდგენებს, რომ სეპარატისტები თითქოსდა კარგებიც არიან და ცუდებიც.

სომხური მასმედია უკვე ცდილობს სეპარატიზმის თემა მიაჩუმათოს და ლაპარაკი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს – ბაქოს შეხვედრის შედეგების წინააღმდეგ საოცრად უგუნურ გამოხტომებს აკეთებს. აი, მაგალითად, რას წერენ სომხური «Lragir»-ის ანალიტიკოსები: „თურქი მინისტრის განცხადებამ შეიძლება სომხეთში ანტიქართული განწყობა და რეაქცია გამოიწვიოს. როგორც ჩანს, მევლიუთ ჩავუშოღლუმ განცხადება სწორედ ამ მიზნით გააკეთაო“ და შემდეგ უფრო შთამბეჭდავად ამატებენ: „აშკარაა, რომ საქართველოსთან აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის ერთ-ერთ მიზანს სომხურ-ქართული ურთიერთობების ტორპედირება წარმოადგენსო“

ვაჰ, ეს რა სისულელეს როშავენ ჩვენი მეზობლები?

საქართველო-აზერბაიჯანისა და საქარტველო-სომხეთის ურთიერთობები არასდროს არ ყოფილა ტოლფასიანი და მათი ერთმანეთთან შედარებაც კი არ შეიძლება. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ნამდვილი მეგობარია – ისეთი მეგობარი, რომელიც მას [გაჭირვების ჟამს] მხარში უდგას, რაც არაერთხელ დადასტურებულა ბოლო ათეული წლების განმავლობაში. ჩვენს ქვეყნებს ერთნაირი საერთო ინტერესები აქვთ როგორ პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. სამ სახელმწიფოს – აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს ერთმანეთთან მსხვილი რეგიონული პროექტები აკავშირებს. სრულიად თანმხვედრია ხედვები და ინტერესები ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებშიც. ყველასათვის ცნობილია, რომ სეპარატიზმი საქართველოსთვის  კატეგორიულად მიუღებელია, მისგან საქართველომ ძალიან დაზარალდა. ჰოდა, რა შუაშია აქ აზერბაიჯანი? სომხების მცდელობა თავის მხარეს გადაიბიროს ქართველები, მთიანი ყარაბაღის საკითხში, სულელური და უპერსპექტივოა. ბოდიში და სომხები თავს სრულ იდიოტებად წარმოაჩენენ, როცა „აზერბაიჯანის აგრესიაზე“ ლაპარაკობენ.

რაში გამოიხატება დღეს სომხურ-ქართული ურთიერთობა? მუდმივ პრობლემებსა და შეხლა-შემოხლებში. სომეხი ნაციონალისტები პრეტენზიებს აცხადებენ ქართველი ხალხის ისტორიაზე, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამ დროს ისინი ქართველებისაგან ლოიალობასა და გულღიაობას ელოდებიან?! ძალზე უცნაური დიპლომატიაა, ღმერთმანი.

კიდევ უფრო არასერიოზულობაა იმის ვარაუდი, რომ  ბაქოს, თბილისისა და ანკარის მსჯელობები თითქოსდა სომხეთისა და ნატოს ერთმანეთთან დაახლოების წინააღმდეგაა მიმართულიო. ასეთ თვალსაზრისში არავითარი ლოგიკა არ არის და ნათელია, რომ სომეხი ექსპერტები ამ „არგუმენტით“ უიმედო, გამოუვალი სიტუაციის გამო სარგებლობენ. სწორედ თვითონ სომხეთმა გვაჩვენა ამ დღეებში თავისი „სწრაფვა“ ალიანსში, როცა უარი განაცხადა ნატოს წრთვნებში მონაწილეობაზე, მოსკოვური წკიპურტის შემდეგ.

საქართველოსთან თანამშრომლობით სომხეთისათვის არანაირი „უსაფრთხოების დივერსიფიცირების“ არავითარი პერსპექტივა არ არსებობს. იმიტომ, რომ სომხეთი ამ საკითხში რუსეთზეა მიწებებული: უკვე გაერთიანებულია ჯარები, გაერთიანებულია ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაც… და ეს ყველაფერი ნატოს წინააღმდეგაა მიმართული, რეგიონში ალიანსის გავლენის აღსაკვეთად. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. სომხეთმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზროს, რომ მას წრთვნებში მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ „ყბადაღებული“ ბალანსის გამო იწვევენ, რომლის დაცვას დასავლეთი ცდილობს, სომხური ლობის ზეწოლით, თორემ არავითარი სხვა მიზეზი არ არსებობს,  ნატოს სომხეთი რომ აინტერესებდეს.

დასასრულს, ჩვენს მეზობლებს ვურჩევთ, ნუ დაიწყებენ ველოსიპედის გამოგონებას და ნუ ეძებენ შავ კატას ბნელ ოთახში, როცა წინასწარ იციან, რომ ის იქ არ არის“.

«Xalq qəzetiსახალხო გაზეთი» (აზერბაიჯანი), 08 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.xalqqazeti.com/az/news/economy/89769

ბაქო-თბილისი-ყარსი: არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტიც

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისათვის, სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდისა და საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების განმტკიცებისათვის (ავტორი – იტიფაქ მირზავალი).

პუბლიკაციაში ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა პოლიტიკური ლიდერების როლს ქვეყნისათვის საჭირო პროექტების განხორციელებაში. ამ მხრივ მასალაში ფართოდ არის ასახული აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დამსახურება სარკინიგზო პროექტის რეალიზების საქმეში.

სტატიაში საუბარია პროექტის ისტორიაზე: როგორ გაჩნდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის იდეა, როგორ მოიწონეს პროექტი საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა (2005 წლის 25 მაისს ბაქოში შეხვედრის დროს მიღებული დეკლარაციით), როგორ შეთანხმდა რკინიგზის პროექტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე (2007 წლის იანვარში) და როგორ დაიწყო მისი მშენებლობა. პროცესს პირადად აკონტროლებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

სტატიაში ავტორი ვრცლად წერს რკინიგზის სატრანზიტო პერსპექტივაზე – როგორც ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვაზე ევროპისაკენ („აბრეშუმისა დიდი გზის“ ახალი პროექტის ჩარჩოებში), ასევე „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო მიმართულების თვალსაზრისითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევრაზიული გლობალური მნიშვნელობის პროექტი ხდება.

Comments are closed