«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): წინასაარჩევნო მოლოდინები კონფლიქტის ზონიდან
«The New York Times» (აშშ): საქართველოში დაპირისპირებაა, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა 200 პარტია ერთხმად გამოდის
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/preelection-in-gori/3541255.html
წინასაარჩევნო მოლოდინები კონფლიქტის ზონიდან
ნინო დალაქიშვილი
რამდენიმე საათში წინასაარჩევნო კამპანია დასრულდება. უკვე ყველაფერი ნათქვამი, დაბრალებული, გამოქვეყნებული და დაწერილია, ყველა პარტიას, ბლოკსა და კანდიდატს გაჟღერებული აქვს საკუთარი მესიჯი და შეძლებისდაგვარად მიტანილი ამომრჩევლამდე, რომელთა შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვინც არჩევნებზე მისვლას და სამოქალაქო ვალის მოხდას ფიქრობს, მაგრამ ფავორიტი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ჯერაც ვერ შეურჩევია. ეგრეთ წოდებული შუაშისტი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმდენია, პარტიები და ბლოკები ერთმანეთთან კონკურეციაზე უფრო მეტად აქცენტს ასეთი კატეგორიის გულის მოსაგებად აკეთებენ. თუმცა არც ისე მშვიდობიანადაა საქმე, რომ პარტიებს ერთმანეთის კანდიდატების ფოტოების გადასაფარად, ზემოდან სხვა პოსტერები არ გადაეკრათ. ადგილი ჰქონდა ჩხუბს, სროლას, დაჭრას, აფეთქებას, მაგრამ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორები ამბობენ, წინასაარჩევნო ვითარება, მთლიანობაში ნორმალურია.
წელს პრიორიტეტები შეცვლილია: ქვეყანაში ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სოციალურად მძიმე ფონია, კონფლიქტების მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კი მეოთე–მეხუთე პოზიციას ჯერდება. წინასაარჩევნო კამპანიაც შესაბამისადაა გადაწყობილი. ამერიკის ხმა შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებს ესაუბრა, რათა გაერკვია, ვინ მოიგო მათი გული, რამდენად დაინახეს მათ საკუთარი მომავალი განვითარების გზები სხვადასხვა პარტიისა თუ კანდიდატის პროგრამაში.
ნუგზარ მარიამიძე სოფელ ფლავის მაცხოვრებელია და 2008 წლის შემდეგ გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღშია შეკედლებული, რადგან მისი სახლი ომის დროს დაინგრა და ამ დრომდე რეაბილიტაციის გარეშეა დარჩენილი. ის ხმის მიცემას მაინც აპირებს და ამისთვის ხვალ ფლავში წავა. ჩვენთან საუბრისას ნუგზარ მარიამიძე ამბობს: “მოდიან და გვპირდებიან, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო, სხვადასხვა პოლიტიკოსები, მთის ზონაში შეგიყვანთო. ახლა არ ვართ მთის ზონაში ჯერ. არადა საზღვრის პირასაა ჩვენი სოფელი რუსული პოსტები და შტაბებია ჩვენს ზემოთ. საინტერესო ის იყო, რომ ამბობდნენ პენსიებს მოგიმატებთო, სარწყავი წყლის ფულებს დაგიკლებთო, მაგრამ ჯერ არაფერი შედეგი არაა. მე სადაც ბაღი მაქვს და ჩემნაირი კიდევ ბევრია, ვერ ვრწყავთ. უფრო სწორად, ხან ვახერხებთ მორწყვას და ხან ვერა, რადგან გვეშინია, ოსების საზღვართანაა. ბურჯანაძის პარტიიდან იყვნენ, ისინი გვპირდებოდნენ შეგარიგებთ ოსებთანო. რავიცი, რა მოლოდინი მაქვს ვერ გეტყვით, არ ვიცი რა იქნება“.
მაგული ოქროპირიძეს ხუთი შვილი ჰყავს და ერგნეთში ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს: „დიახ, არჩევნებზე ხალხი აპირებს წასვლას, მაგრამ იმიტომ რომ მათი ხმები არ დაიკარგოს, თორემ სხვა მხრივ საარჩევნო განწყობა არაა. აი, რომ ემზადებოდნენ და დიდი მოლოდინი ჰქონდეთ, ასე არაა. რადგან არაფრის იმედი არა აქვთ. არ ვიცი ასე რატომაა. წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ აგიტაციისთვის და თარხან–მოურავი, ინაშვილი დადიოდა. ყველა იმას ამბობს, ჩვენ არაფერი გვეშველება მაინცო – ეს აზრი მუსირებს“.
გოჩა თაზიაშვილი ზარდიაანთკარის მაცხოვრებელია. მისი სახლი ომის დროს დაზიანდა, ამიტომ ოჯახთან ერთად ისიც, ნუგზარ მარიამიძის მსგავსად, დღემდე გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღსაა შეკედლებული ოჯახით: „არაფერი სახარბიელო არ ხდება, რა გითხრათ. არჩევნებზე ხალხი ალბათ მივა. მეც ვაპირებ ზარდიაანთკარში წასვლას და ალბათ, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას“.
ფატი ფარნიაშვილი სოფელ ფლავის მაცხოვრებელია, პროფესიით ფსიქოლოგია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამერიკის ხმასთან ის ამბობს: „ ერთადერთი ინციდენტი პლაკატების გაკვრისას მოხდა ჩვენს სოფელში, მაგრამ პატარა, უმნიშვნელო კონფლიქტი იყო. ოცნების პლაკატებს ფარავდნენ ოქრუაშვილის პლაკატებით. მაგრამ ამოიწურა ინციდენტი მაშინვე. სხვა რა გითხრათ, ყველა პარტიის სააგიტაციო მასალაა წარმოდგენილი სოფელში, რომ გაუყვეთ გზას, დაინახავთ ღობეებზე… ყველა პარტიის პროგრამას მე ვერ დავიკვეხნი, რომ ზეპირად მახსოვდეს, მაგრამ ჩვენი კატეგორიის ამომრჩევლისთვის, ანუ კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვის, ისევე როგორც დევნილებისთვის ყოველთვის რაღაც უწერიათ ხოლმე პროგრამაში, სადღაც ყოველთვის ვართ ხოლმე მოხსენიებულები, ეს გარდაუვალია, მაგრამ ამის განხორციელება და რაღაც ელემენტარულის გაკეთება, შესრულება, ხორცშესხმა არასდროს არ მომხდარა იქ, სადაც მე ვცხოვრობ.“
«The New York Times» (აშშ), 07 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.nytimes.com/2016/10/08/world/europe/georgia-nino-burdzhanadze.html
საქართველოში დაპირისპირებაა, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ყველა 200 პარტია ერთხმად გამოდის
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო ვითარება. აქცენტი გადატანილია არჩევნებში მონაწილე პარტიების საგარეოპოლიტიკურ კურსზე (ავტორი – ენდრიუ ჰიგინსი).
პუბლიკაციის დასაწყისში ავტორი ყურადღებას უთმობს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც გამოცდილი პოლიტიკოსია და მრავალ უცხოელ ლიდერს შეხვედრია, მათ შორის – მარგარეტ თეტჩერს, კოლინ პაუელს და ჯორჯ ბუშ-უმცროსს…
„ოპოზიციურმა ტრიუმვირატმა, რომლის ერთ-ერთი წევრი ნინო ბურჯანაძე იყო, 2003 წელს საქართველო „ვარდების რევოლუციამდე“ მიიყვანა, რომლის შედეგად ქვეყანამ რუსეთის ორბიტიდან ევროკავშირ-ნატოს ორბიტისაკენ დაიწყო მოძრაობა. დღეს ნინო ბურჯანაძეს, 52 წლის იურისტს, ყოფილი თანამოაზრეები აკრიტიკებენ და ამბობენ – მას [ნინო ბურჯანაძეს], სურს, რომ საქართველო კვლავ რუსული ჩექმის ქვეშ დარჩესო. თავის მხრივ ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს ბრალდება წინასწარგანზრახული და უსაფუძვლო ფალსიფიკაციაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მოსახლეობაში შიში ითესება და ის, ვინც ამას ამბობს, მოსკოვთან მტკივნეული ურთიერთობებით მანიპულირებს.
„მე რუსებს ყოველთვის ვეუბნები: საქართველოში ვერანაირი პრორუსული ძალა ხელისუფლებაში ვერ მოვა და თუ მოვა, მას ვერ შეინარჩუნებს. შეცდომა იქნებოდა იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის დროშებს აფრიალებს“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
საქართველოში დღეს 200-მდე პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული. ეს დემოკრატიის გამოვლენაა, მაგრამ იმავდროულად ისეთი დემოკრატიისა, რომელიც [საზოგადოების] პოზიციებს შორის ღრმა განხეთქილებას აფიქსირებს… მაგრამ ის თემა, რომელიც ოდესღაც ძალიან საჭირბოროტო პრობლემას ეხებოდა – საით უნდა გადაიხაროს საქართველო, დასავლეთისა თუ რუსეთისაკენ – დღეს ღიად არ განიხილება. ამჟამად, პარლამენტის არჩევნების წინა დღეებში, მასში მონაწილე პარტიები ამას აშკარად არ აცხადებენ.
მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ბოლო წლებში ხელისუფლებამ თითქოსდა პროდასავლური კურსისადმი მხარდაჭერა შეასუსტა (თუმცა სწორედ მიმდინარე წელს შევიდა ძალაში ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება), არცერთი პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკოსი ამომრჩეველს რუსეთისაკენ გადახრისთვის არ მოუწოდებს. მართალია, იყო ერთი პარტია, რომელიც მოსახლეობას რუსულ პენსიებს პირდებოდა და რუსული სამხედრო ბაზების არსებობას იცავდა, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას, კანონის საფუძველზე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაერთვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, რომელსაც ოპოზიცია დროდადრო რუსეთისადმი მხარდაჭერას აბრალებდა, ამას წინათ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი დასავლური კურსის მტკიცე მხარდამჭერია: „საქართველოს ერთადერთი გზა ევროპისაკენ მიდის, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს“. „ენდეაი“-ს გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართველების უმრავლესობას თავისი ქვეყნის პერსპექტივად მხოლოდ დასავლეთი მიაჩნია და არა რუსეთი. მართალია, მედასავლეთეების რაოდენობა იმდენი აღარ არის, რამდენიც, ვთქვათ, ორი წლის წინ იყო, მაგრამ ის მაინც ბევრად მეტია იმ 29%-ზე, რომელშიც რუსეთუმეები შედიან.
თვით პარტიოტთა ალიანსმაც კი, ახლადშექმნილმა პოპულისტურმა პარტიამ, რომელსაც ღიად სდებენ ბრალს რუსეთისაგან [ან მის სასარგებლოდ] ფულის მიღებაში, უკან დაიხია, ნატო-ევროკავშირს აღარ აკრიტიკებს და ანტირუსულ მოწოდებებს შეუერთდა: „რუსები ის ხალხი არაა, რომლებთაც საქართველოსთვის კარგის გაკეთება სურდათ ან სურთ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა, – მხოლოდ ნატოს შეუძლია ჩვენი ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა და ჭეშმარიტი დემოკრატიის განვითარება“.
თუმცა დემოკრატიის განმტკიცებაშიც ადამიანებს იმედი უცრუვდებათ. „კავკასიის ბარომეტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებტაც იმედი ჰქონდათ, რომ დემოკრატია გაღრმავდებოდა, 68%-დან (2012 წელს) 47%-მდე შემცირდა (2016 წელს).
მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც პოლიტიკაში ჩაბმის მიზნით მღერა შეწყვიტა, აცხადებს, რომ საზოგადოება იმედგაცრუებულია, ხალხი ხედავს, რომ „ამ ქვეყანაში ყველაფერს ფული მართავს“, განსაკუთრებით ყველაზე მდიდარი ადამიანის – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ფული. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერი გახდა, მოგვიანებით გადადგა, მაგრამ მაინც დადის ხმები, რომ ქვეყანას იგი მაინც თავისი ვილიდან მართავს, თბილისს რომ ზემოდან გადმოჰყურებს: „ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას თავისი სახლიდან მართავს. იგი ყველას თავის მარიონეტებად მიიჩნევს. ნორმალურ ქვეყანაში ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა ჩაბმულიყო“, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.
ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ ბევრი ფიქრობდა, რომ იგი პრორუსული კურსის გამტარებელი იქნებოდა, მაგრამ ბოლო ოთხმა წელმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის, პრორუსული ხმები არ ისმის. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი გოგსაძე ამბობს, მოსკოვისადმი ინტერესს და ლტოლვას რუსეთში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციაც ასუსტებს. ამჟამად მოსკოვი ცდილობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე ლაბირინთისებურად, [ფარულად] იმოქმედოს: „რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოს [ამგვარი მდგომარეობით] ნატოში არ მიიღებენ და ამიტომაც მოსკოვისათვის დღევანდელი სიტუაცია მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია“.
საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ხელისუფლება, მმართველი პოლიტიკური ელიტა ცდილობს რუსეთთან თავისი კეთილგანწყობა სხვადასხვა ფანდებითა თუ ხრიკებით შენიღბოს: „რა თქმა უნდა, ისინი მუდამ იმეორებენ, რომ პრორუსულები არ არიან, რომ საქართველოში რუსეთუმე არავინ არ უნდა იყოს“, – ამბობს გიგა ბოკერია, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ იგი იქვე განმარტავს, რომ ბევრი პოლიტიკოსი თავისი მოქმედებით რუსეთს ხელს უწყობს, როცა აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ილუზიაა და რომ დასავლური ღირებულებები საქართველოსთვის მიუღებელიაო (იგივე პოზიციაზე დგას მოსკოვიც).
ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოს „უბლოკო“ სტატუსი მიენიჭოს, რომლის თანახმად ქვეყანა არ უნდა გაწევრიანდეს არც დასავლურ და არც პრორუსულ უსაფრთხოების სტრუქტურებში: „საქართველო არც რუსებისა და არც ამერიკელთა მარიონეტი არ უნდა იყოს“. თუმცა იმ განცხადებამ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვლადიმირ პუტინსა და მის გარემოცვაზეა დამოკიდებულიო, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ აფხაზ და ოს სეპარატისტებს, ნინო ბურჯანაძეს არაპოპულარობა მოუტანა. შესაბამისად, საეჭვოა, რომ მისი პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ პარლამენტში ადგილებს მოიპოვებს. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ“, მისი პარტია რუსეთიდან არანაირ დაფინასებას არ იღებს, მაგრამ ოპონენტები მაინც ცდილობენ მას ჩრდილი მიაყენონ რუსეთთან კონტაქტების გამო. ამის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძე მაინც ერთგულია თავისი თვალსაზრისისა, რომლის მიხედვით, საქართველომ, რუსეთთან თანაარსებობის (თანაცხოვრების) მიზნით, მოსკოვთან რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
———–
7-8 ოქტომბრის უცხოურ პრესაში საქართველოს შესახებ კიდევ რამდენიმე სტატიაა გამოქვეყნებული:
„ვაშინგტონ პოსტი“ (აშშ) – „საქართველო პარლამენტს ირჩევს“ (ავტ. დასტინ ჯილბრითი) წყარო: www.washingtonpost.com/news/monkey-cage/wp/2016/10/06/georgia-is-voting-this- saturday-here-are-7-things-you-should-know); „სტანდარდი“ (ავსტრია) – „რუსეთს საქართველოსადმი დიდი ინტერესი აქვს“ (ავტ. გეზინე დორნბლუთი), წყარო: http://derstandard.at/2000045432479/Russland-hat-grosses-Interesse-an-Georgien; „ველტი“ (გერმანია) – „დაუნდობელი ბრძოლა ქართველ ტიტანთა შორის“ (ავტ.იულია სმირნოვა), წყარო: www.welt.de/politik/ausland/article158627723/Der-hasserfuellte-Kampf-der-georgischen-Titanen.html; „აირიშ თაიმსი“ (ირლანდია) – „ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იფიცება, რომ საქართველოში დაბრუნდება“ (ავტ.დენიელ მაკლაგლინი), წყარო: http://www.irishtimes.com/news/world/europe/violence-and-saakashvili-s-vow-to-return-cloud-georgian-elections-1.2821052.
გარდა ამისა, რეპორტაჟები გადასცა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს ინგლისურმა და რუსულენოვანმა სამსახურებმა (დიდი ბრიტანეთი), „დოიჩე ველემ“ და „დოიჩლანდფუნკმა“ (გერმანია), აგრეთვე რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა.