globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 8th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მოლოდინი საქართველოში: ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დონალდ ტრამპი თუ ჰილარი კლინტონი: ვის აძლევენ ხმას ქართველი-ამერიკელები ნიუ-იორკში

«The New York Times» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში გამეფებული კორუფციის გამო, გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს

«The Wall Street Journal» (აშშ): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად, უკრაინის გუბერნატორის პოსტიდან მიდის

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

«RFE/RL – რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა» (აშშ): მიხეილ სააკაშვილის სიმართლე და მადლიერება

«КП в Украине» (უკრაინა): „მე ჯერ ასე ცინიკურად არავის მოვუტყუებივარ“ // რატომ წავიდა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან და როგორია მისი სამომავლო მისია უკრაინაში?

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/usa-presidential-election-and-expectation-in-georgia/3584317.html

მოლოდინი საქართველოში: ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი?

ზაზა წულაძე

8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატები 45-ე პრეზიდენტს აირჩევს. დემოკრატი ჰილარი კლინტონი თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი? ამერიკელი ხალხის არჩევანს, მთელი მსოფლიოს მსგავსად, დიდი ინტერესით ელოდებიან საქართველოშიც.

ჩვენს ქვეყანაში ორივე კანდიდატი ნამყოფია: ჰილარი კლინტონი, სახელმწიფო მდივნის რანგში, ოფიციალური ვიზიტით ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში – პირველად 2010 წლის ივლისში, თბილისში და მეორედ, 2012 წლის ივნისში, ბათუმში. ჰილარი კლინტონი, რა თქმა უნდა გაცილებით უკეთ იცნობს როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ისე საგარეო პრობლემატიკას. ასევე იცის საუკეთესო ქართული ღვინის – საკოლექციო „გურული ჩხავერის“ გემო, რომელიც მას დაგემოვნებული აქვს. ჰილარი კლინტონს, „საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო“, მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი.

„საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის“ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით არის დაჯილდოვებული დონალდ ტრამპი. იგი თბილისს და ბათუმს 2012 წლის აპრილში, საკუთარი თვითმფრინავით სტუმრობდა. შავი ზღვის სანაპიროზე მონაწილეობა მიიღო 47-სართულიანი „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში, რომელიც შემდეგ აღარ აშენდა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა ამერიკაში, ამბობს, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ დარჩება უცვლელი:

„ჩვენ ბუნებრივია ყურადღებით ვადევნებთ ამ არჩევნებს თვალყურს, ვინაიდან აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რაიმე, მიუხედავად იმისა თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინაიდან ჩვენ ისტორიულად, მყარი, ჩამოყალიბებული და ძალიან ინტენსიური პარტნიორობა გვაკავშირებს აშშ-სთან. ეს ურთიერთობა ორმხრივია, ჩვენი მხრიდანაც ასეთი დამოკიდებულებაა და იქედანაც. უნდა გავიხსენოთ, რომ აშშ-მ ინტენსიური პარტნიორობა საქართველოსთან, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ეს ურთიერთობა გაგრძელდა და არ შეცლილა, იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ბილ კლინტონი თუ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი“.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის ბარაქ ობამას (2009-2016) „გადატვირთვის პოლიტიკამ“ რუსეთთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გარკვეულწილად, მეორე რიგში გადაიყვანა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილის სიმპათიები 8 ნოემბრის არჩევნებში ისევ დემოკრატიული პარტიის კანდიდატისკენ იხრება. ანალიტიკოსთა აზრით, ეს განპირობებულია, რესპუბლიკელთა კანდიდატის არაპროგნოზირებადი და იზოლაციონისტური რიტორიკით. პირველ რიგში დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი განცხადებებით NATO-ზე, ბალტიისპირეთზე, ოკუპირებულ ყირიმზე, უკრაინაზე, ემიგრაციაზე, რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინზე.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე განმარტავს, თუ რატომ არის სარისკო დონალდ ტრამპის არჩევა:

„დონალდ ტრამპი ბევრად უფრო სარისკო კანდიდატია ჩვენთვის, რუსეთთან მისი გაუთვიცნობიერებლობის გამო. არც საგარეო პოლიტიკური და არც ზოგადად, მმართველობითი გამოცდილება მას არ აქვს. ეს გაცილებით სარისკოა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთმა პირველად გადაკვეთა წითელი ხაზი. ის პირდაპირი ჩაერია სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში, ვგულისხმობ, რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ ჰაკერულ თავდასხმას აშშ-ის პოლიტიკურ პარტიებზე, საარჩევნო ორგანიზაციებსა და მედიაზე. რუსეთი პირდაპირ ცდილობს, რომ დემოკრატიული პროცესის მანიპულაცია მოახდინოს. ასევე, ნელნელა ნათელი ეფინება სხვა თემებსაც. მაგალითად, სკანდალური „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟის კავშირებს, უკვე აშკარაა, რომ „ვიკილიქსს აქვს გარკვეული რუსული კონტაქტები. ანუ, თანდათან აშკარა ხდება, რომ რუსეთი არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში, არამედ უკვე მსოფლიოს მასშტაბით მანიპულირებს დემოკრატიული ინსტიტუტებით და ეს, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.

ამერიკის შეერთებული შტატების არსებობის 240 წლიანი ისტორიის მანძილზე, 44 არჩეული პრეზიდენტიდან, მხოლოდ პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი (1789-1797) იყო უპარტიო. შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემის ორ ძირითად მოთამაშეს – რესპუბლიკურ პარტიას 18 პრეზიდენტი წარმოადგენდა, დემოკრატიულ პარტიას კი 16. ოთხ-ოთხი პრეზიდენტი ჰყავდათ ვიგების და დემოკრატიულ-რესპუბლიკურ პარტიებს. ერთი კი ფედერალისტურ პარტიას.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-americans-in-ny/3584846.html

დონალდ ტრამპი თუ ჰილარი კლინტონი: ვის აძლევენ ხმას ქართველი-ამერიკელები ნიუ-იორკში

თეა თუაშვილი

ქართველები შეერთებულ შტატებშიც პოლიტიკურად აქტიურები არიან. სამშობლოში და ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ერთნაირად მგრძნობიარედ რეაგირებენ და აზარტში შედიან. ზოგიერთი ქართველი იმიგრანტი ამერიკაში დაბადებულ და გაზრდილ, ძირძველ ამერიკელზე უფრო აქტიურიც არის. დავით გოგოლაშვილი ნიუ-იორკში თექვსმეტი წელია ცხოვრობს. ის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და რესპუბლიკელებს წინასაარჩევნოდ საარჩევნო ბუკლეტების დარიგებაშიც ეხმარებოდა. საარჩევნო შტაბში ის მელანია ტრამპს და სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ტრამპის მრჩეველს, გენერალ მაიკლ ფლინსაც შეხვდა. „მე იქ დიდი საქმე არ მაქვს, ბუკლეტებს ვარიგებდით. მაგრამ მისი მთელი გარემოცვა ვნახე. მაგალითად, გენერალი ფლინი და ყველა მრჩეველი, მეუღლე, დამხმარე ხალხი. ხელი არ ჩამომორთმევია, მაგრამ დავინახე. იქ დრო არ გაქვს რომ მიხვიდე ხელი ჩამოართვა. ჩვენ ყველა საკუთარი საქმით ვართ დაკავებული. დავალაგეთ ბუკლეტები, ავუტანეთ და დიდი მადლობა გვითხრა“, – ამბობს იგი.

თავად ემიგრანტს დონალდ ტრამპის განცხადებები არალეგალ იმიგრანტებთან დაკავშირებით, უხერხულობას არ უქმნის. „მხარს ვუჭერ, აბა რა! ეს ქვეყანა ქვეყანაა? შეხედეთ,  რას დაემსგავსა? რომ იტყვიან, „ღია კარის დღეა“ – ვისაც უნდა შემოდის, ვისაც უნდა გადის. მე რომ ჩამოვედი, 1993 წელი იყო. მე მივაღწიე ყველაფერს, რაც მინდოდა. ვინც შემოდის ქვეყანაში ოფიციალურად – კი, ბატონო, გასაგებია, მაგრამ არალეგალები? ამდენი მკვლელობა და გაუპატიურება ხდება, კრიმინალი გაზრდილია. ამიტომ უნდა დონალდ ტრამპს კონტროლის გამკაცრება. სწორია [მექსიკასთან] კედლის აშენება, კი ბატონო, ჩაკეტოს საზღვარი“, – ამბობს დავით გოგოლაშვილი.

თამარ ჯანგულაშვილი ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გავლის შემდეგ სახლში ფოსტით მიუვიდა მოსაწვევი. იგი დემოკრატების მხარდამჭერია: „დემოკრატების მხარდამჭერი ვარ და ხმას მივცემ დემოკრატების კანდიდატს. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული კომპრომატების ომით გამოირჩევა. ორივე კანდიდატის გარშემო სკანდალებმა გავლენა მათ საარჩევნო კამპანიაზე და რეიტინგზე რეალურად მოახდინა“, – ამბობს თამარ ჯანგულაშვილი.

ნათია გაგუას ჯერ მწვანე ბარათი აქვს და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე შეეძლება საკუთარი არჩევანის გაკეთება. თუმცა დღეს მისი სიმპატიები ჰილარი კლინტონისკენ იხრება: „ძალიან მაინტერესებს იმეილების ამბავი. მაინც ვერ გავიგე რა ხდება. მგონია, დაუმთავარებელი საგაა. არ ვიცით, ვისაც არ უნდა ჰკითხო, ზუსტი ინფორმაცია არავინ იცის, იყო თუ არა მართლა ჰილარი კლინტონი კორუფციულ გარიგებაში. ეს არავინ არ ვიცით. ასევე, დონალდ ტრამპის შემთხვევაში იყო ქალებთან დაკავშირებით. გამოვიდნენ და თქვეს, რომ სადრაც ბარში ყოფნისას დონალდ ტრამპმა ქალს მუხლზე ხელი დაადოო, თუმცა ეს ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო. ჩემთვის გადამწყვეტი ტრამპის თაობაზე აღმოჩნდა ის აუდიოჩანაწერები, რომელშიც იგი ქალებთან დაკავშირებით საუბრობს. აი, ამან მოახდინა მთლიანი შთაბეჭდილება ჩემზე და ამით დაესვა წერტილი“, – ამბობს ნათია გაგუა, – რაც სეეხება ჰილარი კლინტონს, მას მხარს ვუჭერ არა იმიტომ, რომ ის ქალია, არანაირი გენდერული თვალსაზრისი არ მაქვს. უბრალოდ, ვფიქრობ რომ ჭკვიანია ქალია და დიდი გამოცდილება აქვს“.

ვინ იქნება შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი, ეს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველებისთვის საინტერესოა საგარეო ურთიერთობების გამოც. ტრამპის მიერ პუტინის მიმართ და პირიქით გამოთქმული სიმპათიების მიუხედავად, მაინც ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო რევერანსები იყო. ნათელა გოგიბედაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში საპრეზიდენტო კანდიდატთა კრიზისია, მაგრამ ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება, საქართველოსთან მაინც მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს შეინარჩუნებს: „არაფერი არ შეიცვლება ჩვენთვის, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა. თუ ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთმანეთი გვეყვარება, ყველა გაგვიწევს ანგარიშს“.

———————-

«The New York Times» (აშშ), 08 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.nytimes.com/2016/11/08/world/europe/mikheil-saakashvili-resigns-ukraine.html?_r=0

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში გამეფებული კორუფციის გამო, გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს

„მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის მთავრობის სხვა წევრებისთვის სამაგალითოდ, საჯაროდ გამოაცხადა თავისი გადადგომა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კორუფციისადმი მხარდაჭერაში დაადანაშაულა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ივან ნეჩუპერენკო).

პუბლიკაციაში ციტირებულია პეტრო პოროშენკოს მიერ გუბერნატორის თანამდებობაზე 2015 წლის მაისში დანიშნული მიხეილ სააკაშვილის განცხადება – „პრეზიდენტი პირადად მხარს უჭერს და მფარველობს ორ მაფიოზურ კლანს. ოდესას კი მხოლოდ მაშინ ეშველება, როცა კიევი გათავისუფლდება კორუფციონერებისაგან. სწორედ დედაქალაქში მფარველობენ ორგანიზებულ დამნაშავეობას და უკანონობასო“. თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ მოკლედ აღნიშნა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს გუბერნატორის თანამდებობიდან მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის  გადაწყვეტილების შემდეგ გაათავისუფლებს.

ოდესაში მიხეილ სააკაშვილი და მისი რეფორმატორთა გუნდი ცდილობდა კორუფციისა და მექრთამეობის აღმოფხვრას, ცდილობდა საბაჟოს საქმიანობა და სახელმწიფოს მომსახურება გამჭვირვალე გაეხადა, მაგრამ, როგორც თვითონ გუბერნატორი აცხადებს, მას მიზნის მიღწევაში კიევში მოკალათებული ჩინოვნიკები ხელს უშლიან.

მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის პრეზიდენტის შეურიგებელი მოწინააღმდეგე, ერთ-ერთი იმ უცხოელი პოლიტიკოსებისა და სპეციალისტთაგანია, რომელბიც უკრაინაში მიიწვიეს 2014 წლის პროდასავლური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ფართო მოდერნიზების მიზნით. მაგრამ რადგანაც ისინი უკრაინის საზოგადოებაში გარდაქმნების მიმართ შექმნილ ღრმა სკეპტიციზმის მოწმენი გახდნენ, ბევრ მიწვეულს იმედი გაუცრუვდა და თანამდებობები დატოვეს, – ნათქვამია სტატიაში და ჩამოთვლილია ის მინისტრები და ჩინოვნიკები, რომლებიც გადადგნენ.

კორუფციის აღმოფხვრა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის პრესტიჟისათვის, რადგანაც ამით დადასტურდებოდა პროდასავლური მთავრობის ქმედითუნარიანობა და მისი განსხვავება ვლადიმირ პუტინის რუსეთისაგან.

საქართველო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ოქტომბრის თვეში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა პარტიამ „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ მტკივნეული დამარცხება განიცადა, რითაც ხაზი გადაესვა ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივას. საქართველოში მიხეილ სააკაშვილს ბრალს სდებენ მრავალ დანაშაულში, თუმცა იგი უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულიაო.

ოდესის პორტის ფონზე გამართული პრეს-კონფერენციის დროს მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ იგი უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობას გააგრძელებს. მისმა ერთ-ერთმა მოკავშირემ, უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ ამას წინათ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, რომლის „იდეოლოგად“ მიხეილ სააკაშვილი მოიაზრება.

«The Wall Street Journal» (აშშ), 08 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/former-georgian-president-saakashvili-resigns-as-ukrainian-governor-1478521359

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად, უკრაინის გუბერნატორის პოსტიდან მიდის

სტატიაში გადმოცემულია უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ექს- პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამართული პრეს-კონფერენცია, რომლის დროსაც მან მან თანამდებობიდან გადადგომა გამოაცხადა და ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშეკო კორუფციის მფარველობაში დაადანაშაულა (ავტორი – ლაურა მილსი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა, „რომელსაც თავის მშობლიურ საქართველოში ანტიკორუფციულ მოღვაწედ და იმავდროულად რუსეთთან 2008 წლის კატატროფული ომის [შემოქმედად] იცნობენ“, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მისმა მცდელობამ უკრაინაში ვერ გაამართლა – ქვეყანაში, რომელსაც რუსეთთან კონფლიქტი აქვს.

მიხეილ სააკაშვილის გადადგომა დაემთხვა უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მიერ ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას, რომელთა მიხედვით, ისინი დიდ სიმდიდრეს ფლობენ, დაწყებული ძვირადღირებული უძრავი ქონებით, დამთავრებული მილიონობით დოლარით საბანკო ანგარიშებზე. სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროსმანისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვალერია გონტარევას სიმდიდრეზე – „სხვათა შორის, გონტარევა რიგით უკრაინელებს გრივნისადმი ერთგულებისკენ მოუწოდებდა, თვითონ კი ბანკში საკუთარ ანგარიშზე ორ მილიონ დოლარამდე თანხა აქვს შეტანილი“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომისათვის „უკანასკნელი წვეთი“ სწორედ ჩინოვნიკების ქონების დეკლარაციები გახდა. ამასთან, როგორც ევროპელი ჩინოვნიკები აცხადებენ, მართალია, მიხეილ სააკაშვილის მიერ [უკრაინის პრეზიდენტის მიმართ] გამოთქმული კრიტიკა, გარკვეულწილად, კორუფციის მაღალი დონითაა გამოწვეული, მაგრამ, აშკარაა ისიც, რომ გუბერნატორობის პოსტიდან გადადგომას უფრო მეტად ქართველი ლიდერის ინდივიდუალურობა განაპირობებს, ვიდრე უკრაინის მართვაში არსებული პრობლემები. ევროპელმა ჩინოვნიკებმა ჩამოთვალეს უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, გენპროკურორის დამოუკიდებლობის გაძლიერება, იგივე ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება და სხვა ღონისძიებები. „ასე რომ, უკრაინაში ექვსი თვის წინ უფრო უარესი ვითარება იყო, ვიდრე დღესაა“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი, – „თუმცა ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ იმაზე, რომ პრობლემა ჯერ კიდევ ბევრია“.

ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართული მისი კრიტიკა უკრაინის ხელისუფლებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას მაინცდამაინც ზიანს ვერ მიაყენებს. „მიხეილ სააკაშვილი სენსაციების მოყვარული ტიპია“, – განაცხადა ევროპელმა ჩინოვნიკმა, – „იგი რთული პიროვნებაა და მისი მოქმედების გაკონტროლება ყველასათვის საკმაოდ ძნელი საქმეა“.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 8 ნოემბერი, 2016 წელი

https://www.ft.com/content/22b7c2ca-a4f7-11e6-8b69-02899e8bd9d1

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში 7 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც იგი წელიწად-ნახევრის წინ ოლქის გუბერნატორად დანიშნა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ყოფილ მეგობარს ბრალი კორუფციონერთა მფარველობაში დასდო: „მე ასე მწარედ და ცინიკურად ჯერ არავის არ მოვუტყუებივარ“ (ავტორი – რომან ოლეარჩიკი).

უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მიხეილ სააკაშვილის ბრალდებები  კიდევ უფრო მეტად ართულებს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში, სადაც ერთმანეთს ებრძვიან მმართველი კოალიციის წევრები, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფნა-არყოფნა ბეწვზე ჰკიდია, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ავტორი საქარტველოში მიხეილ სააკაშვილის „რეფორმისტული საქმიანობის“ ისტორიას გადმოსცემს და იქვე აღნიშნავს, თუ რატომ გამოიქცა იგი საქართველოდან: „2003 წელს საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ ’შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რეფორმები განახორციელა, რის შედეგად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გარდაიქმნა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი პარტია 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, მას კი პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, მიხეილ სააკაშვილმა, დაპატიმრების შიშით, სამშობლო სასწრაფოდ დატოვა“. დღეს ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე „პოლიტიკურად მოტივირებულიაო“.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მიწვევით ჩავიდა, რომელთანაც იგი კიევის უნივერსიტეტში 1990-იან წლებში ერთად სწავლობდა. ქართველი პოლიტიკოსი უკრაინის პრეზიდენტის თანამოაზრე იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში… მისი დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად განიხილებოდა აგრეთვე მნიშვნელოვან ფაქტორად ოლქის რუსულენოვანი მოსახლეობისადმი ნდობის მოპოვების მიზნით, რეფორმების ეფექტური გატარების შედეგად. მაგრამ რაც დრო გადიოდა, პრეზიდენტის მიმართ მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილება იზრდებოდა: რადგანაც ქართველი პოლიტიკოსი სასურველ შედეგებს ვერ აღწევდა, იგი სულ უფრო და უფრო ხშირად საყვედურობდა თავის პოლიტიკურ მფარველს და ბრალდებებს უყენებდა.

მიხეილ სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რომ სამშობლოში – საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა, მაგრამ მოტყუვდა – „ნაციონალები“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში დამარცხდნენ. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე კი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა და განაცხადა, რომ იგი უკრაინაში რჩება და დედაქალაქში მოკალათებულ კორუფციონერთა მფარველების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს. „მე როცა აქ ჩამოვედი, მინდოდა ოდესაში, ბათუმის მსგავსად, განვითარების სწრაფი ტემპები დაწყებულიყო… თუმცა გავიხსენოთ, რით დაიწყო ბათუმის განვითარება – მას შემდეგ, რაც თბილისი გათავისუფლდა კორუფციონერებისაგან. შესაბამისად, ოდესა მხოლოდ მაშინ განვითარდება, როცა კიევში კორუფციონერები, ბანდიტები და უკანონობის დამცველები აღარ იქნებიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. გუბერნატორის გადადგომამ გააჩინა ეჭვები, რომ შესაძლოა უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ამას წინათ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა უკრაინის პროდასავლური მთავრობის საქმიანობით იმედგაცრუებულია. უკრაინელებს ყველაზე მეტად ცხოვრების დონის გაუარესება აწუხებთ. ამასთან, დასავლელი ექსპერტები და ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მთავრობამ საკმაოდ გააუმჯობესა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა, მათივე აღიარებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არასაკმარისად მიმდინარეობს.

«RFE/RL – რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა» (აშშ), 07 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/koba-liklikadze-blog-post/28101700.html

მიხეილ სააკაშვილის სიმართლე და მადლიერება

კობა ლიკლიკაძე

ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ 7 ნოემბერს დატოვა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. ზუსტად ცხრა წლის წინ, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენდანტის საათი შემოიღო − მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილებმა თბილისის ცენტრში სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მიტინგი და პირდაპირი ეთერიდან გათიშა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“. სააკაშვილს, რომელმაც უთუოდ იცის თარიღების მნიშვნელობა, სავარაუდოდ, სურს, თავისი, როგორც პროდასავლელი ლიდერის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, გადაფაროს ხმაურიანი გადადგომით, რომლის არსიც კორუფციისაგან უკრაინის გათავისუფლების ბრძოლა გახდება. თუმცა, მისი ეს ჩანაფიქრი მოსახლეობისათვის დამაჯერებელი რომ გახდეს, საჭიროა სკანდალი, საჭიროა მთავარი ოპონენტის გამოკვეთა და მისთვის ყველა ცოდვის დაბრალება.

ამ შემთხვევისათვის სააკაშვილის სამიზნე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, მიზანი კი − მისი სავარძლის დაკავება. ვინც საქართველოდან იცნობს სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და მის პიარტექნოლოგიურ ხელწერას, მისთვის არფერია გასაკვირი იმ სიტყვებში, ოდესის აწ უკვე ყოფილმა გუბერნატორმა პრეზიდენტ პოროშენკოს მისამართით რომ წარმოთქვა. „ოდესის ოლქში პრეზიდენტი პირადად უჭერს მხარს ორ კლანს. ეს არის ტრუხანოვის ბანდიტური, კრიმინალური, 90-იანი წლების მკვლელების კლანი და ურბანსკის კორუფციული კლანი. რეალურად, ოლქში მთელი ძალაუფლება მან ამ ორ კაცს და მათ მოკავშირეებს ჩააბარა“ − განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი სრულიად დაუფარავად ხდება. „ოდესის ოლქს ხელში უგდებენ არა მხოლოდ კორუმპირებულებს, არამედ უკრაინის მტრებს. მე არ ვაპირებ ამაზე გაჩუმებას“, − დასძინა სააკაშვილმა.

მაგრამ, ვიმეორებ, ამაში არაფერია მოულოდნელი იმისთვის, ვინც კარგად იცის სააკაშვილის განვლილი გზა და ზოგიერთი ჩემი უკრაინელი კოლეგასავით გულუბრყვილოდ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილი, როგორც საქართველოს ლიდერი, ერთია, ხოლო სააკაშვილი, როგორც ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი − სულ სხვა.

ასეთი მოსაზრება იმთავითვე იქცა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის გაცემულ ერთგვარ ინდულგენციად და ჩემი უკრაინელი კოლეგები და პოლიტიკოსები (პრეზიდენტ პოროშენკოს ჩათვლით) ბოლო მომენტამდე მშვიდად უყურებდნენ, როგორ აგრესიულად ერეოდა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოს საშინაო საქმეებში, რამაც კულმინაციას მიაღწია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

უახლეს ისტორიაში ძნელია მოიძებნოს სხვა მაგალითი, როდესაც ერთი ქვეყნის რეგიონული ლიდერი მეორე ქვეყანაში, თანაც მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულ ქვეყანაში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოფილიყოს და ყველაფერი გაეკეთებინოს ამ „პარტნიორი“ და „მეგობარი“ სახელმწიფო ხელისუფლების იმიჯის შესალახად.

საქართველოს შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ეს არ გამოუვიდა. თავის სამშობლოში ის არა მხოლოდ დამარცხდა, არამედ მისმა მოწოდებებმა და ცრუ დაპირებებმა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში, გახლიჩა მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სწორედ ექს-პრეზიდენტის „წყალობით“ აღარ არის „ერთიანი“.

«КП в Украине» (უკრაინა), 08 ნოემბერი, 2016 წელი

http://kp.ua/politics/556683-pochemu-ushel-saakashvyly-y-kakaia-eho-dalneishaia-myssyia-v-ukrayne

„მე ჯერ ასე ცინიკურად არავის მოვუტყუებივარ“

რატომ წავიდა მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან და როგორია მისი სამომავლო მისია უკრაინაში?

„2016 წლის 7 ნოემბერი უკრაინაში ხმაურიანი „უცხოური“ გადადგომებით აღინიშნა: ჯერ იყო და თანამდებობიდან წასვლა გამოაცხადა ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა დავით ლორთქიფანიძემ, ერთი საათის შემდეგ კი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ – „ვტოვებ გუბერნატორის თანამდებობასო“ -  დაადასტურა, რომ მასაც ჩემოდანი უკვე გამზადებული აქვს. მიხეილ სააკაშვილმა მთელი ათი წუთი ილაპარაკა გადადგომის მიზეზებზე, უპირატესად კი პრეზიდენტ პეტრო პოროშეკოსა და მის გარემოცვას აკრიტიკებდა. მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ კიევიდან მას მუშაობის საშუალებას და გასაქანს არ აძლევენ და იმის ნაცვლად, რომ კორუფციონერებს ხელები გადაუგრიხონ, მასთან გარიგებებს დებენ, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ელენა გალაჯი).

პოლიტოლოგებმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გარდაუვლობის პირველი სიგნალი დაინახეს. „აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტიის განმტკიცება განიზრახა. იგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება“, – აღნიშნავს გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი ვადიმ კარასევი. მას ეთანხმება უკრაინის პოლიტიკის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი კონსტანტინ ბონდარენკო, რომლის აზრით, მიხეილ სააკაშვილმა წინმსწრები ნაბიჯი გადადგა: „რატომ და სად მიდის? პირველ რიგში იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო კორუფციის დამარცხება ოდესაში; მეორე – ოლქის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება; მესამე – მან ვერ მოაგვარა რეგიონული პრობლემები და ახლა აცხადებს, რომ სიტუაცია საერთო-სახელმწიფო დონეზე უნდა გავაუმჯობესოო, ანუ მას გული უფრო მეტად პოლიტიკოსობისაკენ მიუწევს, ვიდრე სამეურნეო საქმიანობისაკენ“.

პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი აქტიურ, მძლავრ საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, გააპიარებს თავის პარტია „ხვილია“-ს („ტალღა“),… მართალია, ჯერ მიხოს, კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრობა არ შეუძლია, მაგრამ თუ მისი პარტია ვერხოვნა რადაში შევა („დემოკრატიულ ალიანსთან“ კოალიციაში), მაშინ ის კონკურენციას გაუწევს იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინას“ და რადიკალებს…. მოკლედ, პარლამენტი პოპულიზმში დაყვინთავს“.

„მიხეილ სააკაშვილი პოპულისტია, მას სხვა ინსტრუმენტები არ გააჩნია, ამიტომაც მისი გადასვლა პოლიტიკაში პოპლისტებს შორის კონკურენციას გაამწვავებს“, – ამბობს კონსტანტინ ბონდარენკო.

აშკარაა, რომ გადადგომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავარი საზრუნავი უკრაინის პოლიტიკურ ველზე დამაგრებაა. სიტუაციის სირთულე იმაში გამოიხატება, რომ მიხოს თავის სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია, რადგან საქართველოში ექს-პრეზიდენტისდ წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. უახლოესი სამი წლის განმავლობაში კი ვერხოვნა რადაში მისთვის კარი დაკეტილია (უკრაინის კანონმდებლობით, პარლამენტის წევრი რომ გახდე, ხუთი წელი უკრაინაში უნდა ცხოვრობდე).

„მიხოსათვის აუცილებელი არაა რადას წევრობა. მისთვის საკმარისია რეიტინგული პარტიის ლიდერი იყოს – ისეთისა, რომელსაც პარლამენტში ფრაქცია ექნება“, – ამბობს ვადიმ კარასევი. იგი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის ამბიცია ისევ აქვს, მაგრამ მიაღწევს კი იგი პრემიერის სავარძლამდე?

„განა მზადაა მიხეილ სააკაშვილი, რომ ვერხოვნა რადას ანგარიში ჩააბაროს თავის საქმიანობაზე? ძალიან მეეჭვება. მას საერთოდ არანაირი ანგარიში არავისთვის არ ჩაუბარებია. მიხეილ სააკაშვილის ცნობიერებაში ჩვენი ქვეყანა ტრამპლინი იყო ქართულ დიდ პოლიტიკაში დასაბრუნებლად. იგი ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ იქ მისმა პარტიამ არჩევნები ჩააფლავა, ახლა კი მიხო უკრაინის პოლიტიკას უმიზნებს. ციც! ეგრე ვერ იქნება, როგორც მას სურს. ჩვენ გვინდა, რომ პრეზიდენტმა მანამდე არ მიიღოს მისი გადადგომა, სანამ იგი თავის საქმიანობაზე ანგარიშს არ ჩააბარებს’, – აცხადებს სახალხო დეპუტატი ოლეგ ლიაშკო და მიანიშნებს, რომ მიხომ პასუხი უნდა აგოს ოდესის ოლქში ჩავადნილი სიტუაციის გამო.

მაგრამ საეჭვოა, რომ მიხომ პასუხი აგოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონისაგან მანდატი მიიღო პეტრო პოროშენკოს მიმართ ოპოზიციაში გადასვლაზე. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტისადმი ნდობა შესუსტებულია და შესაძლოა მას უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტა მოჰყვეს“, – ფიქრობს დეპუატატი ვიტალი კუპრი.

ვინ იქნება „უკანასკნელი ქართველი“ („უაკანსკნელი მოჰიკანი“)? „შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას უკრაინის ხელისუფლებიდან სხვა ქართველების წასვლაც მოჰყვეს“, – ამბობს კონსტანტინე ბონდარენკო და ქვეყნის ეროვნული პოლიციის უფროს ხატია დეკანოიძეზე მიანიშნებს.

————-

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ დღევანდელ, 8 ნოემბრის უკრაინულ პრესაში სხვა მასალებიცაა გამოქვეყნებული, კერძოდ, გაზეთ „დენ“-ში სათაურით „მიხეილ სააკაშვილი მიდის: ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო“ (წყარო: https://day.kyiv.ua/ru/article/podrobnosti/saakashvili-idet-eto-byl-vopros-vremeni). რასაკვირველია, ეს ფაქტი რუსულ პრესაშიც აისახა: მაგალითად, სტატია „ნეზავისიმაია გაზეტაში“ სათაურით „მიხეილ სააკაშვილი წავიდა, მაგრამ განაცხადა, რომ დაბრუნდება“ (წყარო: http://www.ng.ru/cis/2016-11-08/1_6853_saakashvili.html), „კომერსანტში“ - „პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნდობა ვერ გაამართლა“ (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/3135953) და მრავალი სხვა გამოცემაში.

Comments are closed