globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 8th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის პარტიაში განხეთქილებაა:

ექს-პრეზიდენტის თანამებრძოლები მისი ლიდერობისაგან დაიღალნენ

«Skrypin.ua» (უკრაინა): „მიხო – ქართული ანეკდოტების გმირი // მიხეილ სააკაშვილი: პეტრომ „ერთ ადგილზე გამგზავნა“, ჰოდა, მეც იქ „გავგზავნე“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ომი გრძელდება: ნადირობა ქართველ „კუდიანებზე“ რუსულად

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 08 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3164024

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში განხეთქილებაა: ექს-პრეზიდენტის თანამებრძოლები მისი ლიდერობისაგან დაიღალნენ

გიორგი დვალი

მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. უთანხმოებას იწვევს მიხეილ სააკაშვილის სამომავლო როლი პარტიაში და ქართულ პოლიტიკაში.

„კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, თუ ეს ორი ბანაკი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობამდე ერთმანეთთან ვერ შეთანხმდებიან, მაშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც სერიოზული პოლიტიკური ძალა, თავის არსებობას შეწყვეტს. პარლამენტის „ნაციონალ“ დეპუტატთა უმეტესობა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ თუ ყრილობა მათ პოზიციას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიის წევრობას შეწყვეტენ.

ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელიტაში სერიოზული უთანხმოებაა მისი დაამარსებლისა და უცვლელი ლიდერის – მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც „ნაციონალებმა“ გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს: მიხეილ სააკაშვილის პარტიამ 150-კაციან პარლამენტში მხოლოდ 27 ადგილის მოპოვება შეძლო და ეს მაშინ, როცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიღებული 115 სადეპუტატო მანდატით საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩამოაყალიბა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების რეაქცია მოწინააღმდეგეების ანუ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიმართ მყისიერი იყო: მედიაჰოლდინგ „ტაბულას“ რედაქტორმა და მთავარმა მენეჯერმა თამარ ჩორგოლეიშვილმა ღიად წაუყენა ბრალი ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს იმაში, რომ მან თავისი „ცრუ განცხადებებით“ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილების შესახებ „დააშინა ამომრჩევლები და ხელი შეუწყო მათ კონსოლიდირებას ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ“. „რატომ არ დაბრუნდა, თუ იგი ასეთი გაბედულია?“, – ირონიულად ამბობდა თამარ ჩორგოლეიშვილი. ნიშანდობლივია, რომ მისი მეუღლე გიგა ბოკერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლისაბჭოს წევრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია გახლავთ.

ასეთი ბრალდების წაყენების შემდეგ უთანხმოების დამალვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. შესაბამისად, ორ ბანაკად გაყოფილმა პარტიულმა ლიდერებმა სოციალურ ქსელებში დისკუსია ღიად დაიწყეს. გაირკვა, რომ ერთი ჯგუფი, რომელსაც გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, პარტიის თავმჯდომარედ არჩევისათვის მხარს უჭერს დავით ბაქრაძეს (პარლამენტის ექს-სპიკერს). აღსანიშანვია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური იყო 2013 წლის ნოემბრიდან, ანუ იმ დროიდან, როცა მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად საქართველოდან გაიქცა, შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მეორე ჯგუფი, აჭარის ავტონომიის ექს-პრემიერ-მინისტრის ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით, მოითხოვს, რომ ეს პოსტი კვლავ ვაკანტური დარჩეს, რათა მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან პარტიის მართვისათვის არაფორმალური შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს იმიტომ, რომ ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს ფორმალურად (იურიდიულად) არ აქვს უფლება პარტიული ლიდერის თანამდებობაზე იყოს, რადგანაც ქართული კანონმდებლობა უცხოელებს (ამ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს) უკრძალავს ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობას.

ამდენ დავიდარაბასა და შეხლა-შემოხლაში მეორე დაჯგუფებამ გაიმარჯვა: პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთი ხმის უპირატესობით (25 ხმა 24-ის წინააღმდეგ) გადაწყდა, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩეს. გარდა ამისა, საბჭოს წევრთა მეტი ნაწილი დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, რომლის თანახმად, 20 იანვარს „პარტიის გაფართოებული ყრილობა ჩატარდება, ანუ ყრილობას 2100 დელეგატის ნაცვლად (რასაც გიგა ბოკერიას დაჯგუფება ითხოვდა), 7000 დელეგატი დაესწრება.. „მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ დიდი ყრილობა ემოციურ მიტინგად გადაიქცევა და მას მხარს დაუჭერს“, – ასე ახსნა „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექსპერტმა მიხეილ გეწაძემ. თუმცაღა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავარ ოპოზიციურ პარტიას საბოლოოდ ორად გაყოფა ემუქრება: მისი ლიდერების ნაწილი და პარლამენტის „ნაციონალი“ დეპუტატები თავიანთ განცხადებებში მიანიშნებენ, რომ ისინი პარტიიდან გავლენ და იქ მხოლოდ „მიხეილ სააკაშვილის ფანატიკოსები დარჩებიან“, რომლებიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობენ და ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ექს-პრეზიდენტისადმი ერთგულებით პარტიის რეიტინგს აუარესებენ.

——–

გუშინ, შვიდ დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მედიარესურსის – «Skrypin.ua»-ს თოქ-შოუ „16+“-ის პირდაპირ ეთერში გამოვიდა. ჟურნალისტებთან – რომან სკრიპინთან და ოქსანა დენისოვასთან საუბრისას იგი შეეხო უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, თავის საქმიანობის შედეგებს ოდესის ოლქში, სადაც გუბერნატორად ყოფნის დროს „ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ბევრის გაკეთებაც ვერ მოასწრო, რადგან ხელს უშლიდნენ“. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა კიევში სწავლის წლები, ვრცლად ისაუბრა პეტრო პოროშენკოსთან ურთიერთობაზე: „იგი ჩემზე ერთი კურსით წინ სწავლობდა. გვყავდა საერთო მეგობრები, მაგალითად, გია ყარამანიშვილი… პეტრო მოლდავეთიდან იყო კიევში ჩამოსული და მას „მოლდაველს“ ვეძახდით. პეტრო სტუდენტობის დროსაც მდიდრულად ცხოვრობდა, მაგარი „ვოლგა“ ჰქონდა. მის კუთვნილ ვიდეოსალონში ფილმებს ვუყურებდით ხოლმე, მაგალითად, „ემანუელას“. დღეს კი იგი „ბარიგების“ პოლიტიკურ კლასს მიეკუთვნება, ასეთ ადამიანებს კი წარმატებული სახელმწიფოს აშენება არ შეუძლიათ. მე ვფიქრობდი, რომ პეტრო უკრაინას შეცვლიდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ბოლო დროს მას ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა… ასე მითხრა: „კი, მიშა, ყველაფერს ვეცდები, მაგრამ თუ შენ მუშაობით ძალიან დაიღალე, მითხარი და შემიძლია ელჩად გაგგზავნო ბენილუქსის ქვეყნებშიო (ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი)… და თუ ბენილუქსში არ გინდა, მაშინ სამხრეთ-დასავლეთა აზიაშიო (ალბათ, სინგაპურში). ანუ მან მე „ერთ ადგილზე გამგზავნა“. ჰოდა, რადგანაც მე „გამგზავნა“, პრეს-კონფერენცია მოვიწვიე და მეც „გავგზავნე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა «Skrypin.ua»-ს ეთერში.

ექს-პრეზიდენტმა ილაპარაკა საქართველოს მეთაურად ყოფნის პერიოდზე, გატარებულ რეფორმებზე, თავის ოჯახზე, ქართულ ანეკდოტებზე კახელი მიხოს შესახებ… ჟურნალისტებმა მას ინტრიგული კითხვებითაც მიმართეს ქალებთან დაკავშირებით, მაგალითად, იულია მარუშევსკაიასთან ურთიერთობაზე. ასევე ინტრიგა ჩანდა კითხვაშიც მაჯის საათის შესახებ: „აი, ეგ საათი, მაჯაზე რომ გიკეთიათ, რა ღირს?“. მიხოს პასუხი ასეთი იყო: „ეს სადღაც 500 ან 600 დოლარიანია. არ გაგიკვირდეთ, რადგან მე რომ ლექციებს ვკითხულობდი, საკმაოდ ბევრ ფულს მიხდიდნენ. მაგალითად, ფრაიბურგის უნივერსიტეტში 20 ათასი დოლარი მომცეს, ნიგერიაში კი – 75 ათასი დოლარი“. ექს-პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თავისი ოცნებებიც გაუზიარა – „წყნარი, უბრალო, მაგრამ კოხტა სახლი სადმე კიევთან ახლოს, ტყეში“.

წყაროები: https://skrypin.ua/; https://www.youtube.com/watch?v=YPgYPmpqTN4.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-the-spies-case/3626369.html

ომი გრძელდება: ნადირობა ქართველკუდიანებზერუსულად

ზაზა წულაძე

2008 წლის აპრილში, საქართველოში გაგზავნილი ერთი sms-ს შეტობინების გამო, 46 წლის ოქსანა სევასტიდი, რუსეთში 7 წლიან სასჯელს იხდის. მას ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ოქსანა არ არის ერთადერთი ვინც ამ ბრალდებით, რუსეთის ციხეშია გამოკეტილი.

სოჭში მცხოვრებმა ოქსანამ, რვა წლის წინ, აგვისტოს ომამდე, 4 თვით ადრე, მისი ქართველი ნაცნობისგან, თემურ ბუსკაძისგან sms-ი მიიღო. „ოქსანა, თქვენთან პლატფორმაზე, მართლა ტანკები დგანან?“ – ინტერესდებოდა ბუსკაძე. „ადრე იდგნენ, ახლა არ ვიცი“ – ასე უპასუხა სევასტიდიმ. ამ ამბიდან, 7 წლის შემდეგ, 2015 წლის იანვარში, ოქსანა სევასტიდი ФСБ-ში დაკითხვაზე დაიბარეს და „ქართულ სპეც-სამსახურებთან“ კავშირის გამო დააპატიმრეს. ბერძნული წარმოშობის ოქსანა სევასტიდის მდგომარეობა იმან დაამძიმა, რომ იგი სოხუმში გაიზარდა, რუსულ-ქართულ სკოლაში სწავლობდა და ამჟამად ქართველი მეუღლე ჰყავს.

2016 წლის მარტში სოჭის სასამართლომ ოქსანა სევასტიდის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იგი ივანოვის ოლქის კოლონიაში იხდის სასჯელს. ოქსანას დედა სვეტლანა პანჩენკო ამბობს: „ოქსანამ 2006 წელს სავაჭროდ გადაკვეთა აფხაზეთისა და საქართველოს „საზღვარი“, ენგურზე, იქ ნახა თავისი ძველი ნაცნობი. ილაპარაკეს და დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ მან გამოუგზავნა sms-ი, ოქსანა დგანან თუ არა თქვენთან პლატფორმაზე ტანკებიო? ოქსანა იყო სახლში, სოჭში და უპასუხა, მგონი იდგნენ, დავინახე და მეტი არაფერი მიუწერია. არც კონტაქტი ჰქონიათ ამის მერე. 2015 წელს დაიჭირეს, სახლში ვერაფერი ნახეს, ამოიღეს ნოუთბუქი, მობილურები და წაიყვანეს ФСБ-ში“.

რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „კომანდა-29“-ს მონაცემებით, 2013-2016 წლებში, ანალოგიური ბრალდებით, “საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის გამო”, მხოლოდ კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ოცზე მეტი მოქალაქე გაასამართლეს, მათი უმრავლესობა ეთნიკური ქართველია.

იურისტების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეები შეთხზულია. გასამართლებულთა ვინაობის დასადგენად მათ თვეები დასჭირდათ, თუმცა ზუსტი ინფორმაციის მიღება, ამ დრომდე, ვერ მოახერხეს.

„კომანდა-29“-ის კვლევის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2008 წლის პერიოდში, საქართველოში გაგზავნილი sms-ების გამო, გაასამართლეს ინგა თუთისანიც, იგი არაოფიციალური ინფორმაციით, ვოლოგდის კოლონიაში იხდის სასჯელს. ასევე გასამართლებულნი არიან მარინა ჯანჯღავა და მანანა კაპანაძე, მათ 2014 წელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; სასჯელს იხდიან აგრეთვე  ეთნიკური ქართველები ლევან ლატარია, გ.პატარაია, გ.ხურცილავა და ეთნიკური სომეხი ა.კესიანი. მათი ზუსტი მონაცემების დადგენა „კომანდა 29“-მ ვერ მოახერხა.

2016 წლის იანვარში, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სოჭის აეროპორტის თანამშრომელს, 60 წლის პეტრე პარპულოვს. იგი საქართველოში ნათესავებთან, აგვისტოს ომის დასრულებიდან, 4 წლის შემდეგ, 2012 წელს იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, პეტრე პარპულოვი “სახელმწიფო საიდუმლოს გაცემის ბრალდებით” გასამართლდა.

2008 წელს, გაგზავნილი sms-ის გამო, 2014 წელს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სოჭის მკვიდრს, 47 წლის ეკატერინე ხარებავას. მან ციხეში, 2 წელი გაატარა, 2015 წელს, უფლებადაცვითმა ცენტრმა „მემორიალმა“ იგი პოლიტპატიმრად სცნო.

2016 წლის გაზაფხულზე, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების საფუძველზე ეკატერინე ხარებავა გათავისუფლდა. ამჟამად თბილისში ცხოვრობს, თუმცა პრესასთან კონტაქტს ერიდება.

ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში „ამერიკის ხმას“ დღეს უთხრა, რომ ბოლო წლებში 7 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა, თუმცა პროცესი წინ რთულად მიდის: „დაპატიმრებული შეიძლება ეთნიკური ქართველი იყოს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეა. ამ შემთხვევაში, გადმოცემის შანსი ნაკლებია. ეს ართულებს სიტუაციას. აქამდე ვინც იყვნენ ჩვენი მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონენი, იმათთან დაკავშირებით, ჩვენ უფრო სწრაფად წავედით წინ. ახლაც ვცდილობთ, რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები. ჩვენი მონაცემებით, 7-ზე ნაკლებია რუსეთის ციხეებში კიდე დარჩენილი. თუ საქართველოს მოქალაქის გადმოცემა სამართლებრივად არ არის რთული, რუსეთი თავის მოქალაქეს ვერ გადმოგვცემს და რა ვუყოთ ამას არ ვიცით“.

„კომანდა 29“-ში აცხადებენ, რომ 2010 წლიდან, საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ “ჯაშუშობის ბრალდებით”, ჯამში, რუსეთის 87 მოქალაქე იქნა გასამართლებული. უმრავლესობის საქმის დეტალები და პირადი მონაცემები ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ნიშანდობლივია, რომ რუსეთში ეთნიკური ქართველების საწინააღმდეგო „ჯაშუშომანიის“ ახალი ტალღა 2012-2013 წლებზე მოდის, როცა საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა და კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე აიღო კურსი.

Comments are closed