«Эксперт» (რუსეთი): საქართველოს არავისთვის ზიანის მიყენება არ სურს
«Delfi» (ლიტვა): ვაჰაბიზმი, ქართული დაზვერვა თუ „გრუ“?
«Эксперт» (რუსეთი), 8 იანვარი, 2015 წელი
http://expert.ru/2015/01/7/gruziya-ne-hochet-navredit/?ny
საქართველოს არავისთვის ზიანის მიყენება არ სურს
გევორქ მირზაიანი
რუსეთის მოქმედებამ უკრაინის კრიზისში სერიოზული გავლენა მოახდინა მოსკოვის ურთიერთობებზე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან. რუსეთის დასავლელი ოპონენეტები ცდილობენ მოსკოვი აგრესორად წარმოაჩინონ და მის მეზობლებს ჩაუნერგონ აზრი, რომ თუ ისინი კრემლს არ დაემორჩილებიან, რუსეთი მათაც უკრაინის მსგავსად მოექცევა – ძალას გამოიყენებს. მედასავლეთეების მცდელობას ნაწილობრივ წარმატებულიც კი შეიძლება ვუწოდოთ, ამიტომ რუსულ დიპლომატიას მეტი გარჯა და ოფლისღვრა მოუწევს, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ლიდერები დაარწმუნონ – უკრაინა უნიკალური შემთხვევაა და არა პრეცედენტი. ასეა თუ ისე, საქმე არამარტო კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ეხება, არამედ რისკის ქვეშ დგება ვლადიმერ პუტინის ზენაციონალური პროექტის – ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამომავლო ბედი, მისი პერსპექტივა.
თბილისის მიმართ ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით საჭიროა. მართალია, საქართველო ევრაზიული ინტეგრაციის პროექტში არ შედის და ახლო მომავალში არც გაწევრიანდება, მაგრამ თვით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის კოლოსალურ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს: ამით დადასტურდება, რომ რუსეთს აქვს მოთმენის საკმარისი დონე და პატივს სცემს თავისი მეზობელი სახელმწიფოს ევროატლანტიკურ არჩევანს – თუ ეს სახელმწიფო უარს იტყვის ღია ანტირუსულ პოლიტიკის გატარებაზე და დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს (რასაც აკეთებს კიდეც საქართველო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ). ამ პროცესის ჩაშლა რაღაც ქართული ფობიებისა და მოსკოვის არასწორი ნაბიჯების გამო უკიდურესად არასასურველია.
თუ როგორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა 2015 წლისათვის, ამ საკითხზე „ექსპერტი“ თბილისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელს გიორგი კანაშვილს ესაუბრება:
- 2014 წლის დასაწყისიდან ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან ფაქტიურად შეჩერდა. რას უკავშირდება პროგრესის არარსებობა?
- ქართული მხარიდან არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც პროგრესს ხელს უშლის: პირველი – შედარებით დასუსტებულია კოალიცია „ქართული ოცნება“, ანუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ცდილობს. მისი რეიტინგის თანდათანობითი კლება აქვეითებს რუსეთთან დამოკიდებულების გაყუმჯობესებისაკენ რაიმე რადიკალური ქმედების განხორციელების შესაძლებლობას და ამ მიმართულებით „დიპლომატიური გარღვევა“ მეტ-ნაკლებად გამორიცხულია; მეორე – ქართველებს ძალიან აღელვებთ რუსეთ-აფხაზეთის ამას წინათ ხელმოწერილი შეთანხმება და ანალოგიური დოკუმენტი – სამხრეთ ოსეთთან, რომლის გაფორმება უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. საქართველოში ასეთი ქმედებები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებად მიიჩნევა, რაც ნეგატიურად მოქმედებს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატზეც; მესამე – ურთიერთობის ნორმალიზებაზე უარყოფით გავლენას ახდენს აგრეთვე საერთაშორისო კონტექსტიც: კიევ-მოსკოვის ურთიერთდამოკიდებულების დაძაბულობა დონბასში მიმდინარე მოვლენების გამო.
- როგორც უყურებენ საქართველოში უკრაინის მოვლენებს – როგორც სამოქალაქო ომს თუ როგორც რუსეთის სამხედრო შეჭრას?
- ყირიმთან მიმართებით ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია, აქ ორი აზრი არ არის. რაც შეეხება დონბასის მოვლენებს, საქართველოში დომინირებს თვალსაზრისი, რომ იქ არიან როგორც რუსეთის არმიის ნაწილები, ასევე მოხალისეები, მათი დახმარებით სეპარატისტები ამ რეგიონის ტერიტორიისადმი კონტროლს ინარჩუნებენ. ასეთი აზრი ჩვენთან მაშინ განმტკიცდა, როცა გასული წლის აგვისტოში უკრაინის არმია დონბასელმა სეპარატისტებმა ალყაში მოაქციეს და შემდეგ შეტევაზეც გადავიდნენ. ამ პოზიციის მიმდევრებს თავიანთი აზრი კიდევ უფრო განუმტკიცდათ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებების შემდეგ. რაც შეეხება კონფლიქტის შიდა მიზეზებს, ჩვენთან მიიჩნევენ, რომ დონბასელებს ჰქონდათ სამართლიანი უკმაყოფილება, მაგრამ მხოლოდ ამას ამბოხების გამოწვევა არ შეეძლო, [სეპარატიზმი რუსეთის ჩარევით გაძლიერდა].
- როგორ ფიქრობენ ქართველები – შეიძლება თუ არა უკრაინული სცენარი საქართველოშიც განმეორდეს? იზიარებთ თუ არა თქვენ ბალტიისპირა რესპუბლიკების შიშს, რომ რუსეთის ჯარები მეზობელ სახელმწიფოებშიც შეიჭრებიან?
- უკრაინული სცენარის განმეორებას საქართველოში გამორიცხავენ ისინიც კი, რომლებიც ძალიან ფრთხილად და ეჭვით ეკიდებიან რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. რაიმე სამხედრო კონფლიქტის განმეორებაზე საუბარი არ არის. ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იურიდიული ანექსია.
- როგორია საქართველოს პოზიცია იმ ფაქტის მიმართ, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკები უკრაინის მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებიან?
- ამბივალენტურად. „ქართული ოცნება“ ამ ფაქტს კიევის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. ალექსანდრე კვიტაშვილის მინისტრად დანიშვნაზე საქართველოში დამოკიდებულება არააგრესიულია, მაგრამ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებაა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „რუხი კარდინალის“ ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნის მიმართ. ზოგიერთებს კი მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დანიშვნა ხელს სეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების განმტკიცებას. რაც შეეხება ოფიციალურ დონეს, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას ღია პოლიტიკურ მხარდაჭერას არ უცხადებს. დახმარება მხოლოდ ჯუმანიტარული სფეროთი შემოიფარგლება. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ოპონენეტები მოითხოვენ, რომ თბილისმა მორალური მხარდაჭერა მაინც გააქტიუროს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამგვარ მოთხოვნას ეტანხმება: რიგით ქართველებში უკრაინისადმი მხარდაჭერის დონე მაღალია. უფრო მეტიც – რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისეთა სამხედრო ქვედანაყოფებში იბრძვის დონბასელი სეპარატისტების წინააღმდეგ.
- რასთანაა დაკავშირებული საქართველოს ხელისუფლების ასეთი პასიური პოზიცია? უკრაინა ხომ დაეხმარა საქართველოს 2008 წლის ომის დროს სამხედრო ტექნიკით?
- არა, ოსეთის მოვლენების [2008 წლის აგვისტოს ომის] დროს უკრაინა საქართველოს სამხედრო ტექნიკით არ დახმარებია. საქართველომ იარაღი უკრაინაში ომის წინ შეიძინა. დრევანდელი ჩვენი მთავრობა ცდილობს, რომ უკრაინას მხარდაჭერა ზედმეტად არ გამოავლინოს და ამით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პროცესს ზიანი არ მიაყენოს.
- როგორაა საქმე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის [აფხაზეთის მონაკვეთის] პროექტის მიმართ, საქართველოს გავლით? რამზან კადიროვმა ამ რკინიგზის ალტერნატივა შემოგვთავაზა – ახალი რკინიგზის მშენებლობა ჩეჩნეთის ტერიტორიის გავლით…
- ჯერ-ჯერობით, სანამ საერთაშორისო დაძაბულობა არ ჩაცხრება, [საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე] მოძრაობის აღდგენა რთული იქნება. რაც შეეხება ჩეჩნურ პროექტს, ამაზე საქართველოში სერიოზულად არავის არ სმენია. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ არ ყოფილა განხილვები, კონსულტაციები ექსპერტთა დონეზეც კი. შესაბამისად, ჩეჩენი ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებამ გაკვირვება გამოიწვია და მას სკეპტიკური შეფასებები მოჰყვა. რასაკვირველია, სატრანსპორტო არტერიების გაფართოება ზოგადად სასარგებლოა, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის საკმაოდ არასტაბილურ მდგომარეობას, ამ გზის მშენებლობის უსაფრთხოება (თუ ის საერთოდ დაიწყება) ეჭვქვეშ დგება. არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია რეგიონში კიდევ უფრო გაუარესდეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით, სადაც მრავალი ჩრდილოკავკასიელი იბრძვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც.
რკინიგზის ჩეჩნური ვარიანტის კიდევ ერთი უარყოფითი მახასიათებელია ჩეჩნეთის ლიდერის პიროვნული მოქმედება, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოდის ანტიქართული განცხადებებით.
- როგორი დამოკიდებულებაა საქართველოში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან მიმართებით? სიტუაციის გამწვავებამ შეიძლება რუსეთის სამხედრო ჩარევა გამოიწვიოს…
- როცა ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, ჩვენში ბევრმა ნერვიულობა დაიწყო, რადგან გასაგებია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი მთიან ყარაბაღთან შედარებით „ყვავილებად“ მოჩანს. ყარაბაღის კონფლიქტის „გაცოცხლება საქართველოსტვის და საერთოდ, კავკასიისათვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება, ეჭვქვეშ დადგება ტრანსკავკასიური და გეოსტრატეგიული ენერგომაგისტრალების (ნავთობ- და გაზსადენების) ნორმალური ფუნქციონირება… გარდა ამისა, არავინ იცის, რა მოხდება, თუ რუსეთი სომხეთის სამხედრო მხარდაჭერის გაფართოებას გადაწყვეტს: როგორ და რა გზებით განხორციელდება ეს მხარდაჭერა, თუ არა საქართველოს ტერიტორიის გავლით?! სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია ძლიერი ბერკეტები სომხეთზე და აზერბაიჯანზე გავლენის მოხდენისათვის, ჩვენი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისისთ ძალზე შეზღუდულია. შესაბამისად, საქართველოს ისღა დარჩენია, რომ იმედი ჰქონდეს – ორივე ჩვენი მეზობელი კეთილგონიერებას გამოიჩენს [და საქმეს ომამდე არ მიიყვანს].
«Delfi» (ლიტვა), 9 იანვარი, 2015 წელი
„ისლამური სახელმწიფოს“ საფუძველთან: „კაგებე“-ს, „ფეესბე“-ს თუ „გრუ“-ს კვალი?
ვაჰაბიზმი, ქართული დაზვერვა თუ „გრუ“?
ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გაერთიანებული ახალი ამბების პორტალმა, პოპულარულმა „დელფიმ“ (ცენტრალური ოფისი – ვილნიუსში), რომელიც მასალებს ლიტვურ, ლატვიურ, ესტონურ, პოლონურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე აქვეყნებს, 9 იანვარს რუბრიკით „რუსეთი პუტინის დროს“ გამოაქვეყნა აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის უფროსი ანალიტიკოსის მარიუს ლაურინავიჩიუსის ვრცელი გამოკვლევა სათაურით „ისლამური სახელმწიფოს“ საფუძველთან: „კაგებე“-ს, „ფეესბე“-ს თუ „გრუ“-ს კვალი?“. გამოკვლევაში გაანალიზებული რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო როლი „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში სირიის ტერიტორიაზე, აგრეთვე იქ მებრძოლი ჩეჩენი „ბოევიკების“ საეჭვო კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან. მასალის ერთ-ერთი ნაწილში განხილულია საქართველოდან წასული თარხან ბათირაშვილისა და მურად მარგოშვილის ბიოგრაფიის დეტალებიც.
გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით.
————
„ვაჰაბიზმი, ქართული დაზვერვა თუ „გრუ“?
აბუ-უმარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) და აბუ-ვალიდ ალ-შიშანი (მურად მარგოშვილი) – ეს ორი ჩეჩენი, რომლებიც საქართველოში მდებარე პანკისის ხეობაში არიან დაბადებულ-გაზრდილი, 2014 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე ძებნილ ტერორისტთა სიაში შეიტანა.
ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯოანა პარაშუკმა, რომელიც ბოლო დროს სირიაში მებრძოლი ჩეჩნების თემითაა დაინტერესებული, 2014 წლის დეკემბერში ერთ-ერთ თავის სტატიაში თითქოსდა განზრახ დაიწყო იმაზე მინიშნება, რომ მოარული ხმებისა და „შეთქმულების სასაცილო თეორიის“ თანახმად, „უმარ ალ-შიშანი ანუ თარხან ბათირაშვილი „კაგებეს“ აგენტიაო“. რამდენადაც უმარ ალ-შიშანი 28 წლისაა, ერთი სეხედვით მისი „კაგებეს“ აგენტობა მართლაც სასაცილოდ შეიძლება მოგვეჩვენოს: როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, „კაგებემ“ ტრანსფორმაცია განიცადა და რუსეთის სპეცსამსახურად გარდაიქმნა, თარხან ბათირაშვილი მაშინ მხოლოდ ხუთი წლისა თუ იქნებოდა. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი ხმები, როგორც ჯოანა პარაშუკი წერს, სირიაში მებრძოლ ჩეჩენთა შორისაც ვრცელდება. უფრო მეტიც – თვითონ ჟურნალისტი თვლის აუცილებლობად ამ ხმების გაჟღერებას და ამატებს, რომ უმარ ალ-შიშანს ვალიდ ალ-შიშანზე გავლენა აქვსო.
აბუ-უმარ ალ-შიშანის ბიოგრაფიული მონაცემები არ გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ იგი ნამდვილად საბჭოური „კაგებეს“ ან თანამედროვე რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია. ფართოდაა ცნობილი, რომ თარხან ბათირაშვილი, რომელიც პანკისის ხეობაშია დაბადებული და მას ყველა ნამდვილი სახელითა და გვარით იცნობდა, სწავლობდა, საქართველოს არმიაში მსახურობდა და 2008 წელს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა. ზოგიერთების თქმით, იგი შესაძლოა ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი ყოფილიყო, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ქართული არმიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მებრძოლი.
მაგრამ მოდით თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფიაში უფრო მეტი დაკვირვებით ჩავიხედოთ: ჟურნალისტებთან საუბრისას მამამისმა თეიმურაზ ბათირაშვილმა, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში ცხოვრობს, საინტერესო დეტალები გაიხსენა. თეიმურაზი მუსულმანი არ არის, იგი მართლმადიდებელი ადამიანია. მან ილაპარაკა არა მარტო იმაზე, თუ როგორ გაურკვეველ ვითარებაში დააკავეს მისი ვაჟი ვითომდა იარაღის უკანონოდ ტარების გამო, რისთვისაც იგი ქართულ საპყრობილეში აღმოჩნდა, არამედ იმაზეც, რომ მისი შვილი არასდროს არ ყოფილა არა მხოლოდ ვაჰაბიტი, არამედ საერთოდ ისლამური რელიგიის მიმდევარი. თეიმურაზის მტკიცებით, მისი ვაჟი სირიაში რელიგიური რწმენის გამო კი არ წავიდა, არამედ ფულის გამო.
მაგრამ ყველაზე საინტერესო დეტალი მის ნალაპარაკევში ისაა, რომ თარხან ბათირაშვილმა თავისი სამხედრო კარიერა საქართველოს არმიაში კი არა, არამედ… რუსლან გელაევის ტერორისტთა რაზმში, 14 წლის ასაკში. ეს ინფორმაცია სერიოზულ კვლევას საჭიროებს, რადგან, როგორც ცნობილია, შამილ ბასაევმა, რუსლან გელაევმა და სხვა ცნობილმა ჩეჩენმა ტერორისტებმა თავიანთი კარიერა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზთა მხარეზე ბრძოლის დროს დაიწყეს და „გრუს“ სპეციალისტების მიერ იყვნენ გაწრთვნილნი – ამ ფაქტს რუსეთში არასდროს არ უარყოფდნენ. შესაბამისად, მრავალი წლის განმავლობაში რუსლან გელაევს უკან რუსეთის „გრუს“ („გლავნოე რაზვედივატელნოე უპრავლენიე“) შლეიფი მიჰყვებოდა. ისიც ცნობილია, რომ იგი პანკისის ხეობაში მართლაც იმალებოდა, ასევე მართლაც მონაწილეობდა აფხაზეთში მომხდარ ინციდენტში, თუმცა ამჯერად არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეზე, ქართველებისადმი დახმარების სურვილით აფხაზეთის დაბრუნების საქმეში.
თუ რას წარმოადგენდა რუსლან გელაევის მონაწილეობით აფხაზეთში მომხდარი „ინციდენტი“ სინამდვილეში, ამას ყველაზე საუკეთესო ილუსტრირებაა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის ირაკლი ალასანიას ინტერვიუ, რომელიც 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო უშისროების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო სემდეგ, 2014 წლის ნოემბრამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო.
ირაკლი ალასანიამ ინტერვიუში, რომელიც ქართულ პრესაში 2009 წელს გამოქვეყნდა, ღიად განაცხადა, რომ რუსლან გელაევი და მისი რაზმი აფხაზეთის ინციდენტის დროს „გრუ“-ს ხელში საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ იარაღს წარმოადგენდაო“. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ დეტალს თარხან ბათირაშვილის სამხედრო კარიერის დაწყების მომენტში (პლუს ჩეჩენი ვაჰაბიტების საეჭვო კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან, ასლან ზაკაევის განცხადება რადიო „თავისუფლების“ ეთერში 2013 წლის 4 ივნისს სირიის ამბებში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობაზე და სხვა დეტალები), მაშინ ე.წ. „შეთქმულების თეორია“ სულ სხვაგვარად ჟღერს: ამ ჩეჩენ მებრძოლს, თარხან ბათირაშვილს, საკმაოდ საეჭვო კავშირები ჰქონია. ცხადია, არა „კაგებე“-სთან, არამედ „გრუ“-სთან და „ფეესბე“-სთან („ფედერალნაია სლუჟბა ბეზოპასნოსტი“). მოკლედ, ეს საკითხი სერიოზულად გამოსაკვლევი და განსახილველია.
კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს აბუ-ვალიდ ალ-შიშანის (მურად მარგოშვილის) ბიოგრაფია. როცა იგი ჯერ კიდევ თავისი ნამდვილი გვარ-სახელით ცხოვრობდა, რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერორიზმის გამო დააკავეს, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ გაამართლეს და გაათავისუფლეს. საინტერესო წასაკითხია რუსული გაზეთები, რომლებიც 2003 წელს მურად მარგოშვილის დაკავების დროს წერდნენ – „მას იმდენი ადამიანის სიკვდილი ედება ბრალად, რომ თავისუფლებას ვეღარ ეღირსებაო“. მაგრამ სასწაული მოხდა: მას ჯერ ორი წლით ციხე მიუსაჯეს, შემდეგ კი საქმე გადაისინჯა, განმეორებითი სასამართლო პროცესი გაიმართა და იგი… მოულოდნელად გაამართლეს!
უფრო მეტიც: სასამართლოს დარბაზში ძალიან უცნაური ისტორია მოხდა – თითქოსდა რუსეთის „ფეესბე“-ს თანამშრომლები მურად მარგოშვილის დაკავებას შეეცადნენ უკვე მოსამართლის გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანის შემდეგაც კი! მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. ბევრი რუსი ცნობილი მკვლევარი, რომლებიც ტერორიზმთან სპეცსამსახურების კავშირებს იძიებენ, ერთხმად ამტკიცებენ, რომ მსგავსი შემთხვევევბი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ასეთი სახით „გათავისუფლებული“ ტერორისტი უკვე რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი გახდა, თუ ის მანამდე არ იყო გადაბირებული.