«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აშინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმა?
«Lragir» (სომხეთი): სომხეთი „აბრეშუმის გზის“ ახალი პროექტიდან ამოვარდა
——————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 იანვარი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/election-reform-in-georgia/3136817.html
საქართველო: აშინებს თუ არა ხელისუფლებას რეფორმა?
ნინო დალაქიშვილი
საქართველოში საარჩევნო რეფორმაზე 2020 წლისთვის იფიქრებენ. ამაზე მეტყველებს ნაბიჯები, რაც 2016 წლის არჩევნების წინ გადაიდგა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რომლის აუცილებლობასაც ხედავდა როგორც პრეზიდენტი, ისე ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში (ზოგი ხელისუფლებაში მოსვლამდე, ზოგი კი ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ), ამჯერად ადგილი არ ექნება. ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება იმეორებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას, რომელმაც მმართველობის მთელი პერიოდის მანძილზე საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცლილებისკენ ნაბიჯი არ გადადგა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სასურველია საქართველოში იყოს სამხარეო-პროპორციული საარჩევნო სისტემა. ხელისუფლება ამგვარ რეფორმას, რომელმაც შესაძლოა შედეგად კოალიციური მთავრობა მოიტანოს, სარისკოდ მიიჩნევს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს კანონს ხელი მოაწერა და ეს ქმედება იმით განმარტა, რომ კანონი ასრულებს იმ ნორმებს, რისი გათვალისწინებაც საკონსიტუტიო სასამართლომ მოითხოვა. „პირველი: ეს ცვლილებები არანაირად არაა ის საარჩევნო რეფორმა, რომელზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. ეს ცვლილებები განპირობებულია იმ მოთხოვნებით, რომელიც საკონსიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით დაადგინა. შესაბამისად, ეს სრულიად ტექნიკური ტიპის ცვლილებებია.რადგან ჩვენ ყველას ერთად გვესმის და მიგვაჩნია, რომ საუკეთესო ვიცით, რა არის, რატომ არ დავადგინოთ ეს საუკეთესო დღეს, არამედ მოვითმინოთ კიდევ 4 წელიწადი, ბოლომდე გასაგები ჩემთვის ეს არაა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
კანონის არსებულ ვარიანტი ყოფილისგან იმით განსხვავდება, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიცვლება, რადგან მეტ-ნაკლებად დაახლოვდეს ამომრეველთა რაოდენობა ცალკეულ საარჩევნო ერთეულში. თუმცა ტერიტორიების დაყოფა საკმაოდ ხელოვნურად გამოიყურება და სავარაუდოდ, ბევრ ტექნიკურ პრობლემასაც გამოიწვევს არჩევნების წინ. კოალიცია ქართული ოცნების გარდა არსებული საარჩევნო კანონი არავის მოსწონს. ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს: „მე მოვისურვებდი პრეზიდენტს ჰქონოდა უფრო მეტად პრინციპული პოზიცია. მას სწორი შეფასებები აქვს, სწორი ანალიზი აქვს, თუმცა, ამავე დროს, არ აღმოაჩნდა ის პოლიტიკური ძალა და უნარი, რომ ვეტო დაედო იმ კანონისთვის, რომელიც არღვევს საარჩევნო უფლების ძირითად პრინციპებს.“
რადიო „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელს ლევან ნატროშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო რეალურ ცვლილებას კანონისთვის ვერ მოიტანდა, რადგან იგი დაძლეული იქნებოდა პარლამენტის მიერ, თუმცა, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო რეფორმის გატარება იმ დროში, რაც არჩევნებამდეა დარჩენილი შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ პოლიტიკური ნება ამ შემთხვევაში, დეფიციტს წარმოადგენს. „მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, ფაქტობრივად, მორგებულია ხელისუფლებაზე. პოლიტიკური პარტიები ოპოზიციაში საკმაოდ სუსტები არიან იმისთვის, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტი წარმოადგინონ რეგიონებში. ამ მხრივ, სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის უპირატესობა აქვს ხოლმე. გარდა ამისა, მაჟორიტარული დეპუტატობის კანიდატების უმრავლესობა, საკმაოდ დიდი ჯგუფი, როგორც წესი, ბიზნესმენები, მდიდარი ადამიანები არიან, ვისაც დიდი გავლენა აქვს რეგიონში და როგორც ვხედავთ, ხელიდან ხელში გადადიან: ერთი ხელისუფლებიდან მეორეში და 4-5 მოწვევის პარლამენტის წევრებად წარმოგვიდგებიან, როგორც წესი. ხელისუფლება ხედავს მისთვის ძალაუფლების დაკარგვის რისკს საარჩევნო რეფორმაში. როდესაც იცის, რომ უფრო მეტი ხმის მიღება შეუძლია არსებული საარჩევნო სისტემის მიხედვით არჩევნებზე, ვიდრე იმ სისტემით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომაც ხელისუფლებას არ აქვს კანონის რეფორმირების მოტივაცია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება იყოს უფრო მეტად აქტიური,“- ამბობს ლევან ნატროშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც წინასაარჩევნო დროის ათვლა უკვე დაწყებულია, კანონის რეფორმა არასტაბილურობის ეფექტს იქონიებდა.
«Lragir» (სომხეთი), 9 იანვარი, 2016 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/economy/view/46217
სომხეთი „აბრეშუმის გზის“ ახალი პროექტიდან ამოვარდა
სტატიაში გადმოცემულია სომხეთის პერსპექტივები „აბრეშუმის გზის“ პროექტთთან დაკავშირებით: აქვს თუ არა ამ ქვეყანას შესაძლებლობა შეუერთდეს აღნიშნულ პროექტს ირანის მეშვეობით (ავორი – ვაგე გუკასიანი)..
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე სომხეთის სსრ-ის ტერიტორია დიდ როლს ასრულებდა ირანთან ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით – მოქმედებდა რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანის სსრ-ის ნახჭევნის ავტონომიის ტერიტორიას კვეთდა და საბჭოთა ჯულფის სარკინიგზო სადგურს ირანის ჯულფასთან აკავშირებდა. სამწუხაროდ, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო ამ რკინიგზამ თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა. 90-იანი წლების შუახანებში სომხეთი შეეცადა ირანთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის მშენებლობის პროექტის შემუსავებას, მაგრამ 1997 წელს მუშაობა ამ მიმართულებით შეწყდა, რადგან ექსპერტების აზრით, პროექტი მომგებიანი არ იქნებოდა.
2000-იანი წლების შუახანებში სომხეთ-ირანის რინიგზის მშენებლობის იდეა კვლავ „გამოცოცხლდა“ და აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტის (ბაქო-თბილისი-ყარსი) რეალიზებას დაემთხვა, თუმცა კვლავ მიყუჩდა: ექსპერტები ხაზს უსვამდნენ, რომ პროექტს მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტი გააჩნდა და ეკონომიკურად წამგებიან მშენებლობაში დიდი თანხების ჩადება „ფულის წყალს გატანებას“ ნიშნავდა.
2008 წლის ოქტომბერში, სომხეთის პრეზიდენტად სერჟ სარგსიანის არჩევის შემდეგ, რკინიგზის საკითხზე მსჯელობა კვლავ დაიწყეს. ტრანსპორტის მინისტრი აცხადებდა, სომხეთ-ირანის სამომავლო რკინიგზა (კაფანი-მეგრი-მერენდი, 445 კმ.) ეკონომიკურად მომგებიანი იქნებაო, პროექტის შემუშავებაში რუსეთიც ჩაერთო. იყო აზრი, რომ მოსკოვი ამ რკინიზის მშენებლობით დაინტერესებულია და მის დაფინანსებას სწორედ რუსეთი განახორციელებდა. მხედველობაშია მისაღები, რომ 2008 წლიდან კომპანია „სომხეთის რკინიგზები“ კონცესიით (მართვის უფლებით) კომპანია „რუსეთის რკინიგზებს“ გადაეცა.
გადიოდა წლები… 2015 წლის ივნისში რუსეთმა წერტილი დაუსვა სომხეთ-ირანის სარკინიგზო პროექტში სავარუდო მონაწილეობას. როგორც „რუსეთის რკინიგზების“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, პროექტის რეალიზება ანუ მშენებლობა წამგებიანი იქნება და პერსპექტივაშიც მხარეებს არანაირ მოგებას არ მოუტანსო. ამის სანაცვლოდ რუსეთმა ყურადღება მიაქცია აზერბაიჯან-ირანის დამაკავშირებელ სარკინიგზო პროექტს (ასტარა-ყაზვინი-რეშთი), რომლის დიდი ნაწილი უკვე აშენებულია. შესაბამისად, სომხეთ-ირანის რკინიგზის პროექტის რეიტინგი კვლავ დაეცა.
და ამ დროს სომხეთს სხვა გაზა არ ჰქონდა – მზერა ჩინეთს მიაპყრო: გაკეთდა არაოფიციალური განცხადებები, რომ პეკინი ირან-სომხეთის სარკინიგზო პროექტს დააფინასებდა, ახალი „აბრეშუმის გზის“ გლობალური პროექტის ჩარჩოებში, რომლის რეალიზებისათვის 40 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი. შეიძლება ითქვას, რომ რეალური პერსპექტივა გაჩნდა: 2015 წლის სექტემბერში სომხეთის სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა, სადაც „აბრეშუმის გზაში“ სომხეთის შესაძლო მონაწილეობის საკითხები განიხილეს. სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა „აბრეშუმის გზისთვის“ ირანისა და სომხეთის ტერიტორიიას გამოყენება, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით სარგებლობა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სიანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში და სიტყვითაც გამოვიდა, მაგრამ…
ამ ვიზიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ „ახალი აბრეშუმის გზით“ ჩინეთიდან ევროპაში მიმავალმა პირველმა მატარებელმა ყახაზეთი გაიარა, კასპიის ზღვა გადაკვეთა, აზერბაიჯანში გაიხრიგინა და თბილისში ჩავიდა, შემდეგ კი საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებით – ტვირთები ევროპისაკენ გაიგზავნა.
რასაკვირველია, ეს ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტული მარშრუტია და ხსენებული მატარებლის მოძრაობის მიზანსაც არსებული ინფრასტრუქტურის, ტვირთების რეალური თვითღირებულების გათვლებისა და მოძრაობის ვადების შემოწმებას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ მარშრუტი გარკვეულწილად შეიცვალოს – რაღაცა გამოაკლდება, რაღაცა მიემატება. შესაძლებელია, რომ საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურებიდან ჩინეთის ტვირთების ევროპისაკენ ბორნებით გადატანა თურქეთის გავლით კი არა, უკრაინის ტრანზიტით მოხდეს. დასაშვებია სხვა ცვლილებებიც…
მაგრამ ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ სომხეთ-ირანის რკინიგზის მშენებლობის პროექტი ახალ „აბრეშუმის გზაში“ ვერ მოხვდება. შექმნილ რეალობაში ჩინეთი დაინტერესებული არაა რამდენიმე ასეული კილომეტრის სიგრძის მქონე რკინიგზა მთებზე და ღრეებზე, ხრამებზე და მდინარეებზე ააგოს, რომლის ღირებულება დაახლოებით სამიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე იქნება.
მართალია, სომხეთის ხელისუფლება იმედს არ კარგავს, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის გვერდამქცევი „ახალი აბრეშუმის გზის“ ირან-სომხეთის მიმართულება უპერსპექტივოა – ჩინეთი ამდენი თანხის გამოყოფას არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ იმის მოწმენი, რომ სომხეთი ყველა რეგიონული პროექტიდან ამოვარდნილია…