globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 9th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დეიმონ უილსონთან: „მგონი, დროა, [რუსეთის მიმართ] შეტევაზე გადავიდეთ“ // „გასარკვევია, რას ნიშნავს დონალდ ტრაპის სურვილი და როგორ აისახება ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბები: ახალი წელი ძველი პრობლემებით // „დღეს ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ქვეყნის მართვა არ შეუძლია“

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა // თავისუფლება» (აშშ): გიგი უგულავას პოლიტიკური გეგმები (ფაქტი და კომენტარი)

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა // თავისუფლება» (აშშ): ტურიზმის შთამბეჭდავი მოსავალი

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/int-with-damon-wilson-sen-mccain-to-georgia/3668390.html

ინტერვიუ დეიმონ უილსონთან: „მგონი, დროა, [რუსეთის მიმართ] შეტევაზე გადავიდეთ“ // „გასარკვევია, რას ნიშნავს დონალდ ტრაპის სურვილი და როგორ აისახება ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე

ანა კალანდაძე

„ამერიკის ხმა“ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონს ესაუბრა, რომელმაც ამერიკელი სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემა კლობუჩარის საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და ამერიკა-საქართველოს შორის სამომავლო-სავარაუდო ურთიერთობები შეაფასა:

ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებდით სამი სენატორის ორპარტიულ დელეგაციას საქართველოში, მათ ვიზიტს ასევე უკრაინაში, და რა გზავნილი მიიღეს ამ ვიზიტით მოსკოვსა და ვაშინგტონში?

დეიმონ უილსონი: სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემა კლობუჩარის საქართველოში სტუმრობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტს წინასწარ განზრახული ამოცანები ჰქონდა. სენატორები შეეცადნენ, დაეგზავნათ მკაფიო შეტყობინებები. მათ იმოგზაურეს ბალტიისპირეთში, შემდეგ უკრაინასა და საქართველოში, რათა მოკავშირეები და პარტნიორები (და სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა, რომ იგი საქართველოში მოკავშირეს ხედავს)  ამ ქვეყნების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაში დაერწმუნებინათ. ამავე დროს, სენატორების გზავნილები ვაშინგტონისა და მოსკოვისთვისაც იყო განკუთვნილი. მოსკოვის გასაგონად ითქვა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ისმის ხელისუფლების გადაბარების ფონზე, ან პირადად არჩეული პრეზიდენტისაგან, აშშ-ის კონგრესი და სენატი გააგრძელებენ მოკავშირეთა ძლიერ მხარდაჭერას, ეჭვითა და შეშფოთებით შეხედავენ რუსეთის ქმედებებს და იმოქმედებენ უფლებამოსილების ფარგლებში, რათა აშშ წინ აღუდგეს ვლადიმირ პუტინის ავანტიურიზმს და მხარი დაუჭიროს სანქციებს. ვაშინგტონისათვის განკუთვნილი გზავნილი იყო ის, რომ სენატს ჩამოყალიბებული მოსაზრებები აქვს რუსეთის შესახებ, რომ ამ მოსაზრებებს ვერავინ წაუყრუებს და ყველა იმოქმედებს შესაბამისად. ვფიქრობ, გაურკვევლობაში, რაც ტრანზიციას ახლავს, სენატორ ჯონ მაკკეინს, სენატორ ლინდსი გრემსა და სენატორ ემა კლობუჩარს სურდათ, ორპარტიული სიცხადე შეეტანათ იმ საკითხში, რომ ჩვენ ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, გვსურს, უკეთ ავუხსნათ საკითხი ამერიკელ ხალხს და ამავე დროს, მხარში დავუდგეთ ამერიკის მოკავშირეებსა და პარტნიორებს რეგიონში.

ამერიკის ხმა: შეძლებენ თუ არა აღნიშნული სენატორები აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას საკუთარი პოზიციების დასაცავად და რეგიონის ქვეყნების გვერდში დგომას?

დეიმონ უილსონი: ვფიქრობ, ჯერ ისევ გაურკვეველია, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ. პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრი სამუშაოა გასაწევი. სენატი და სენატორები ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი ცხადია, რომ აქვთ სტრატეგია და აპირებენ სენატის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, უფლებამოსილების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ადმინისტრაციას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც რუსეთს აშშ-ის ინტერესების მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს, შეზღუდავს ადმინისტრაციის ნაბიჯებს, რომელიც მან შესაძლოა მოსკოვთან მიმართებაში გადადგას და მკაფიოდ იტყვის, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოელ მოკავშირეებსა და ბალტიის ქვეყნებთან ხელშეუვალია და რომ აშშ-ის სენატი მხარს უჭერს საქართველოს, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამერიკის ხმა: რისი თქმა მოახერხეს მათ ოფიციალური თბილისისთვის და რა იყო აქ ყველაზე საყურადღებო?

დეიმონ უილსონი: ვფიქრობ, სენატორების გზავნილები მრავალმხრივი იყო. პირველ რიგში, გზავნილი, რომ შეერთებულ შტატებში ხელისუფლების გადაბარების მიუხედავად, გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფოსა და მისი დემოკრატიის მხარდაჭერა; რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს და განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. და რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად ადგილნაცვალ პირთა მონახულება ნიშნავდა, რომ ეს საკითხი არაა დავიწყებული, რომ არ ვაპირებთ პრობლემის უგულვებელყოფას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ გახსოვთ, რუსეთი ყოველთვის ცდილობს აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესით სარგებლობას და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებას იმ იმედით, რომ მას ეტყვიან, „რაც იყო, იყო, მოდით, რაიმე ახალი შევქმნათ“. ასეთია ვლადიმირ პუტინის სტრატეგია -დაიმტკიცოს ის, რაც მოიპოვა, მაგრამ სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატორი ლინდსი გრემი და სენატორი ემა კლუბუჩარი მას მკაფიოდ პასუხობენ – „მოითმინეთ, თქვენ დაუსჯელად ვერ გააგრძელებთ იმის კეთებას, რაც საქართველოში ჩაიდინეთ“.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკიცედ შეეცდება აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მისი ინტერესების დაცვას რუსეთთან დიალოგის თუ ოკუპაციონისტური ხელისუფლების ჰიბრიდული ზრახვების, მოქმედებების გასანეიტრალებლად?

დეიმონ უილსონი: ვფიქრობ, კარგი ამბავია ის, რომ დღეს ვაშინგტონში ბევრად უკეთ ესმით რუსეთის სტრატეგია, განსაკუთრებით, რეგიონში. უკეთ ესმით, როგორ იყენებს რუსეთი ინფორმაციას, როგორ წარმართავს პროპაგანდისტულ ომს, საინფორმაციო ომს, ჰიბრიდულ ომს. უკეთ ესმით, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ძალა, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში ვნახეთ. რუსეთთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, კითხვები აღარ არსებობს. ვაშინგტონის უმეტეს წრეებში და ცხადია, აშშ-ის კონგრესში, თანხმდებიან, რომ რუსეთმა ჩაიდინა მთელი რიგი აღმაშფოთებელი ქმედებები და რომ შეერთებული შტატები მას წინ უნდა აღუდგეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა უნდა ვნახოთ, როგორ ჩამოაყალიბებს ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას. სენატორები გამოხატავენ პოზიციას და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რა მიმართულებით წავა ახალი ადმინისტრაცია. არ დაგვავიწყდეს, ესაა არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც სურს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო ხარჯები და გააძლიეროს შეიარაღებული ძალები, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესები ოკეანის გაღმა. ვფიქრობ, გასარკვევია, რას ნიშნავს მისი სურვილი და როგორ აისახება ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებზე.

ამერიკის ხმა: სანქციებს ერთადერთ ზომად მიიჩნევთ ვლადიმირ პუტინის შესაკავებლად და როგორი იქნება ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა მომავალში, შეგიძლიათ განსაზღვროთ ახლა?

დეიმონ უილსონი: სანქციები აშშ-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. კონგრესიდან გვესმის, რომ საკანონმდებლო ორგანო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მტკიცედ დაიცავს, სანამ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბატონმა პუტინმა ეს ვალდებულებები უახლოეს მომავალში შეასრულოს. მაგრამ ვფიქრობ, არასწორია იმის თქმა, რომ სანქციები რუსეთზე ზემოქმედების ერთადერთი, ან საუკეთესო იარაღია. სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ სტრატეგია, რომელიც მხოლოდ სანქციებს ეყრდნობა, უადგილოა. მოწმენი ვართ ჩვენ ინტერესებზე სრულმასშტაბიანი შეტევის ბევრ რეგიონსა და ბევრ საკითხში. ვფიქრობ, რუსეთის მიმართ ეფექტური სტრატეგია სანქციებით არ უნდა შემოიფარგლოს. სანქციები მეტისმეტად არასაკმარისია. როგორც სენატორმა ლინდსი გრემმა აღნიშნა, მგონი, დროა, შეტევაზე გადავიდეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის ქმედებებს მხოლოდ თავდაცვითი პოზიციიდან არ პასუხობდნენ. რუსეთს უნდა ვუპასუხოთ სანქციებით, რომელსაც მხარს ვუჭერ, და ამავე დროს ვიფიქროთ შეტევაზეც. შესაძლოა, ბატონი დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადობამ დააფიქროს მოსკოვი, თუ რა პასუხის გაცემა შეუძლია შეერთებულ შტატებს. ვხედავთ ამერიკის პასუხს რუსეთის კიბერთავდასხმებსა და ჩვენ არჩევნებში ჩარევაზე. შეერთებულ შტატებს პასუხის გაცემის არაერთი საშუალება გააჩნია – შეგვიძლია ვიყოთ დესტრუქციული ძალა და რეგიონში რუსეთის ინტერესები დავაზიანოთ. ამგვარად, სანქციები მნიშვნელოვანია და სენატი მას მხარს უჭერს, მაგრამ უფრო ეფექტურ სტრატეგიას უფრო მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 8 იანვარი, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20170106-gruziya-v-novyi-god-so-starymi-problemami

საქართველოს ამბები: ახალი წელი ძველი პრობლემებით // „დღეს ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ქვეყნის მართვა არ შეუძლია“

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) მიერ გასულ კვირას, 8 იანვარს ეთერში გადაცემული საქართველოს ამბების მიმოხილვა ძირითადად შემდეგ საკითხებს ეხებოდა: ქართული ვალუტის კურსის დაცემას, პრეზიდენტის არჩევის წესს (მოქალაქეების თუ პარლამენტის მიერ) და რუსეთის მხრიდან უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

ა) ქართული ლარის დევალვაცია

2017 წლის პირველი დღეებში ქართული ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით ორ პროცენტამდე გაიაფდა, ფასები იზრდება… მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული პროგრამა ჯერ არ ამუშავებულა და საერთოდ, ეკონომისტებს პროგრამის ეფექტურობაში ეჭვი შეაქვთ. ოპოზიციური ქართველი პოლიტიკოსები მთავრობას აფრთხილებენ: თუ ლარის კურსის დაცემა და ეკონომიკური სიტუაციის გაურესება კვლავაც გაგრძელდება, უკვე გაზაფხულზე  ხელისუფლება სოციალურ ნიადაგზე ანტისამთავრობო გამოსვლებს უნდა ელოდოს.

ლევან ბერძენიშვილი: „ჩვენთან იანვარი, თებერვალი და მარტიც „პოლიტიკური ძილის“ დროა, აქტიურობა კი აპრილიდან იწყება. შესაბამისად, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება გაზაფხულისთვის სერიოზულ პროცესებს გამოიწვევს. ქვეყნის ხელისუფლებას ოქტომბრის ჩატარებული არჩევნებით ძლიერი კარტ-ბლანში აქვს საზოგადოებისაგან, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მთავრობას იმავე საზოგადოებამ კარგი სილა სტკიცოს. არ გამოვრიცხავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ეროვნული ვალუტის კურსზე არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, სიტუაცია დღითიდღე უარესდება… მიღებული ზომები მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. დღეს საქართველოს ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელსაც ქვეყნის მართვა არ შეუძლია. მოხდა ისე, რომ ხალხმა პარლამენტში უცნობი პირები  აირჩია, საკუთარი ბედი ასეთ დეპუტატებს მიანდო და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს დაუჯერა. ამ კაცს კი ყველა საკითხის გადაჭრა არ შეუძლია. ამრიგად, 2017 წელი ძალიან მძიმე წელი იქნება“.

პეტრე მამრაძე: „დღეს საქართველოში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც კრიზისის ან დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. პარტიები ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიქსაქსნენ და დაიშალნენ. ამიტომ ეკონომიკურად სტაბილური სიტუაცია თუ იქნება, ქვეყანას  არანაირი კრიზისი არ ემუქრება. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და თუ ლარის კურსის ვარდნა კვლავ გაგრძელდება, თუ ხალხი გაღარიბდება, თუ გაიზრდება საგარეო ვალი და გაურესდება საგარეო ვაჭრობის სალდო, მაში ამ ქვეყაფერს მოსახლეობის უკმაყოფილობის გამოწვევა შეუძლია. ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, ანტისამთავრობო გამოსვლები გაზაფხულზეა მოსალოდნელიო. მართალია, მე მაინცდამაინც პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, მაგრამ ვხედავ, რომ მთავრობა  პრობლემებს ვერ უმკლავდება, ანტიკრიზისული პროგრამის ქმედითუნარიანობაში რაღაც ეჭვი მეპარება. იმიტომ, რომ მატერიალური წინამღვრები არ არსებობს: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამას არ ამტკიცებს და ფინანსურ დახმარებას არ გვაძლევს – იმიტომ, რომ ფონდი ჩვენი მთავრობას არ ენდობა. ფონდი არ არის დარწმუნებული, რომ შემდეგ ამ თანხას უკან დაიბრუნებს. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, როგორ შეუძლია მთავრობას საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) კატასტროფიული დისბალანსის შეჩერება.

იმ უღიმღამო პროგნოზების მიუხედავად, რომელიც ქართულ მასმედიაში ქვეყნდება, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი – მან თანამემამულეებს აღუთქვა, რომ 2017 წელი ყველანაირად უკეთესი იქნებაო. როგორც ჩანს, პრემიერს ინვესტიციების მოზიდვისა და „ქართული ოცნების“ არაფორმალური ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის იმედი აქვს, რომლის კაპიტალი, „ფორბსის“ მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტის ტოლფასია.

ბ) პრეზიდენტის არჩევის წესი

გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბება ამცნო, რომელსაც თვითონ უხელმძღვანელებს. კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის ძირითადი კანონის ღრმა ცვლილებების პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელთაგან ყველაზე პრინციპულად ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება (ანუ მთლიანად გადასვლა პარტიულსიებიან „პროპორციულ“ საარჩევნო სისტემაზე). ასევე უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის არჩევა საყოველთაო-სახალხო წესით (ანუ პრეზიდენტი არჩეული იქნება პარლამენტის მიერ).

არაა გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო რეფორმით „ქართული ოცნება“ რაღაც „ახალ დღის წესრიგს“ ქმნის. მმართველი პარტია, როგორც ჩანს, ცდილობს, რომ სხვა პარტიების ყურადღება მომწიფებული სოცპროტესტებიდან კონსტიტუციის ცვლილებაზე გადაიტანოს. თუმცა, როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონელე“-სათვის მიცემულ ინტერვიუში 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, მისთვის ცნობილი არაა, თუ როდის დაასრულებს კომისია თავის მუშაობას და საერთოდ, როგორ იქნება გამოხატული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი.

ვახტანგ ხმალაძე: „ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეისათვის საკონსტიტუციო კომისიამ მხოლოდ ერთი სხდომა ჩაატარა. ჯერ-ჯერობით, განსახილველი საკითხებიც კი არ არის განსაზღვრული… ვერ ვიტყვი, როგორ განვითარდება პროცესები სამომავლოდ. რაც შეეხება არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას, ისინი ერთმანეთს არ უკავშირდებიან. რასაკვირველია, მაჟორიტარული არჩევნები საბოლოო შედეგზე დიდ გავლენას ახდენს და ამიტომ მისი გაუქმება პრინციპული საკითხია. რაც შეეხება [ნეგატიურ განცხადებებს] პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქმე უფრო გვაქვს პოლიტიკურ სპეკულაციებთან („ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევენ“), ვიდრე რაღაც რეალურ, სისტემურ ცვლილებებთან. თვითონ განსაჯეთ: პრეზიდენტი პირდაპირ, მოსახლეობის მიერ იქნება არჩეული თუ პარლამენტის  წევრების მიერ, ეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სახეზეა მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი. თუმცა, სპეკულაციურობის მიუხედავად, ეს საკითხი, ალბათ, მწვავედ და ფართოდ იქნება განხილული“.

გ) საქართველო უვიზო რეჟიმის მოლოდინში

როგორც ქართული ოფიციოზის განცხადებებიდან ჩანს, ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი 2017 წელს უცვლელი დარჩება – თბილისს ძველებურად სურს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და ევროკავშირთან ინტეგრირება. თუმცა, პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის აზრით, საეჭვოა, რომ ნატომ საქართველოს „მაპ“-ი მისცეს.

თორნიკე შარაშენიძე: „ბევრი რამ დამოკიდებული იქნება რუსეთის პოზიციაზე, რომელიც არ იცვლება. თანაც, როცა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ყურადღება რუსეთ-ჩინეთისკენ იქნება მიპყრობილი, ამ დროს საქართველოს ნატოში მიღებაზე ვინღა იზრუნებს? რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ უვიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივას: ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადების საფუძველზე უვიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობა რეალურია… მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, მე სერიოზულად ველოდები, რომ მოსკოვი უვიზო რეჟიმს მართლაც დააწესებს. საქმე იმაშია, რომ რუსეთს არ სურს ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ „აი, ხედავთ, ევროკავშირმა ვიზები გააუქმა, რუსეთი კი არ აუქმებსო“. ანუ მოსკოვი და ევროკავშირი ერთმანეთის მიმართ წინსწრებით იმოქმედებენ. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზი და დაკვირვების შედეგია“.

ექსპერტისაგან განსხვავებით, რუსეთთან ამჟამად არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობას პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ფრთხილად აფასებს:

ზურაბ ბაშიძე: „ეს რუსეთის მხარის პრეროგატივაა. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით ამგვარ გადაწყვეტილებას. ქართულმა მხარემ რუსეთის მოქალქეებისათვის სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა. ამ ფაქტმა რუსი ტურისტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. თუ მოსკოვი მართლაც დააწესებს უვიზო რეჟიმს, ძალიან კარგი იქნება – რუსეთში ხომ ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს… პარალელურად ჩვენ ევროკავშირის მხრიდანაც ველოდებით უვიზო რეჟიმს და იმედი გვაქვს, ეს უახლოეს მომავალში მოხდება“.

მართლაცდა, ევროკავშირის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზა-ლიბერალიზებამდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯიღა რჩებაო. ალბათ, უახლოეს ხანში ვნახავთ, იქცევა თუ არა უვიზო რეჟიმის შემოღება ახალი 2017 წლის პირველ მნიშვნელოვან მოვლენად, დაასწრებს თუ არა დროში ესოდენ სასურველი ვიზა-ლიბერალიზაცია ესოდენ არასასურველ სოციალურ პროტესტებს.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა // რადიო თავისუფლება» (აშშ), 8 იანვარი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/gigi-ugulavas-politikuri-gegmebi/28218963.html

გიგი უგულავას პოლიტიკური გეგმები (ფაქტი და კომენტარი)

ნინო ხარაძე

საპატიმროდან გათავისუფლებული თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში შობის აღსანიშნად მოსულმა. გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 იანვარს დატოვა, ამოეწურა რა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე მისჯილი სასჯელი.

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების დატოვების შემდეგაც განაცხადა და ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად 7 იანვარსაც გაიმეორა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, მისი მიზანი კი სტაგნაციაში მყოფი ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა, ხელისუფლების დემოკრატიული, მშვიდობიანი გზით შეცვლა და, ამასთან, თავის პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, არსებული განხეთქილების მოსაგვარებლად ძალისხმევის მიმართვა იქნება. გიგი უგულავას თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასაც აპირებს:

„მე ვიყავი იძულებით სამეცნიერო მივლინებაში და ახლა, რადგან დავბრუნდი, ახლა, ბუნებრივია, ვაპირებ [პოლიტიკაში დაბრუნებას]. მიზანი ცალსახაა. საქართველო სტაგნაციაშია. ჩვენი მოვალეობაა სამართლიანი მშვიდობიანი გზით ჩამოვაშოროთ არაფორმალური მმართველი ხელისუფლებას და ქვეყნის განვითარება გავაგრძელოთ“.

გიგი უგულავას საპატიმროდან გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ 20 იანვარს დაგეგმილ პარტიულ ყრილობას უსწრებს. ყრილობა, თავისთავად, სადავოა და პარტიული დაპირისპირების ფონზეა დანიშნული. გიგი უგულავამ პარტიაში მიმდინარე პროცესს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს ურთიერთობების ნორმალიზებაში თავისი წვლილის შესატანად:

„აუცილებლად შევხვდები ყველას – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიშას – და თუ არის ნახევარი პროცენტი შანსი მაინც, იმიტომ რომ, ჩვენ როგორც ვხედავთ, ძალიან ღრმად არის პროცესები წასული და, თუ არის ნახევარი პროცენტი შანსი მაინც, რომ ჩვენ ეს კრიზისი გავიაროთ ისე, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ, მაშინ ერთი-ორი დღე იქნება მაცალოთ. თუ შესაძლებელი იქნება, რომ ეს კრიზისი გავიაროთ, მე ძალისხმევას არ დავაკლებ“.

ამ კომენტარის შემდეგ გიგი უგულავა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც იმყოფებოდა. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მის გათავისუფლებას საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, „საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზეო“. ამავე წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, ბიძინა ივანიშვილს უნდა მოსთხოვონ, რომ მომეცეს საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალება, რათა 20 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად მისულ ხალხს შევხვდეო.

გიგი უგულავას გათავისუფლებას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა:

„გიგი უგულავას გათავისუფლება და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნება არ არის მხოლოდ პირადი სიხარულის საკითხი. მნიშვნელოვანი მოვლენაა, ძალიან დიდი მოვლენა. გიგი უგულავას თავისუფლება ამ ხელისუფლების დამარცხებაში და შემდგომ საქართველოს გამოწვევების გამკლავებაში არის ძალიან დიდი მოვლენა“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, საპატიმროდან გამოშვება შეიძლება გახდეს თეორიული შანსი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობის შესანარჩუნებლად და ამაზე მიანიშნებს მისი სიტყვებიც. ამასთან, კორნელი კაკაჩია მის გათავისუფლებაში ხელისუფლების გარკვეულ გავლენასაც ხედავს და საერთაშორისო ზეწოლის შედეგსაც: „ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს იყო არა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაც სცენარებში ჩაერიონ იგივე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, რამდენადაც უფრო ზეწოლა იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან – მათ შორის, შეერთებული შტატების მხრიდან – და ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ეს, არ მგონია, პირდაპირ კავშირში იყოს ხელისუფლებასთან, რომ მას ჰქონდეს სურვილი გაუხანგრძლივოს „ნაციონალურ მოძრაობას“ არსებობა, არ მგონია, ამ სცენარში შედიოდეს და თუ დასაშლელად არის მიმართული, თუ ასეთ რამეს დავუშვებთ კიდეც, გიგი უგულავას გარეშეც ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია. ამდენად, ამ პროცესში ხელისუფლების დაინტერესების მოტივს მე პირადად ვერ ვხედავ“.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში, სადაც ბევრი პოლიტიკური პროცესი გაუმჭვირვალედ და კულუარულად მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული გიგი უგულავას გათავისუფლება გარკვეული პოლიტიკური გარიგების შედეგიც იყოს, ვინაიდან, მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც სასამართლოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხელისუფლებას არ გაუჭირდებოდა სასამართლოს ინსტრუმენტით მისთვის ბრალის დამძიმება, უგულავას საპატიმროში ყოფნის გახანგრძლივების სურვილის შემთხვევაში: „თუ ამას წმინდა პოლიტიკური კუთხით შევხედავთ, უგულავა ციხიდან გამოვიდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური დივიდენდებით, მას უკვე აქვს ლიდერობის ამბიციაც, მას საზოგადოების ის ნაწილიც კი თანაუგრძნობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი არ არის, იმიტომ რომ უგულავა უფრო ღირსეულად გამოიყურება, რომ ის არ გაიქცა საქართველოდან ისე, როგორც სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები. მიიღო სასჯელი, იჯდა ციხეში, იტანჯა, იწვალა და და ახლა გამოვიდა გამარჯვებული. ეს, რა თქმა უნდა, მის პოლიტიკურ წონას ზრდის და, დიდი ალბათობით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოხერხდება და, ალბათ, დიდი ალბათობით, ასეც იქნება, შესაძლოა, უგულავა მოგვევლინოს იმ ახალი პოლიტიკური ფრთის ორგანიზაციის ლიდერად, რომელიც გამოიკვეთება სწორედ ამ „ნაცმოძრაობის“ დისიდენტური ჯგუფიდან“.

ხელისუფლება გიგი უგულავას გათავისუფლებას დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან აკავშირებს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კი მას უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიიჩნევს.

«RFE//RLრადიო თავისუფალი ევროპა // რადიო თავისუფლება» (აშშ), 8 იანვარი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/ekonomikuri-mimokhilva-turizmi/28218741.html

ტურიზმის შთამბეჭდავი მოსავალი

კახა მჭედლიძე

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა საქართველოს ტურისტული სფეროს გასული წლის საბოლოო შედეგები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა, ვიზიტორთა რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა უშუალოდ იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაყვეს. გაზრდილია 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.

2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათას 825 საერთაშორისო მოგზაური (ვიზიტორი) ეწვია, რაც თითქმის ნახევარი მილიონით (449 731) მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. 2016 წელს ასევე თითქმის ნახევარი მილიონით (432 802) გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ერთი დღე-ღამით ან მეტი დროით სტუმრობდნენ. ასეთ ვიზიტორებს ტურისტებს უწოდებენ და მათი რიცხვი შარშან 2 მილიონ 714 ათას 773-ს შეადგენდა. 4 იანვარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტურიზმის სფეროს ახალ რეკორდზე ილაპარაკა:

„რეკორდი მოიხსნა როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე იმ შემოსავლების მხრივ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა და ამ შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა… შემომსვლელთა ნაკადი მატულობს როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, სადაც ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს ვაწარმოებთ, ასევე იმ ახალი ბაზრებიდან, რომლებიც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ. მათ შორის არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი და ირანი, რომელიც ხელახლა შემოუერთდა ჩვენს ქვეყანას, ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გასული წლის მანძილზე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7.6 პროცენტით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს, საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობის მიხედვით, ლიდერობდა 5 ქვეყანა: პირველი ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც ვიზიტორების ზრდამ 9 %-ზე ოდნავ მეტი შეადგინა; მეორე ადგილზეა სომხეთი, თითქმის 2-პროცენტიანი ზრდით; მესამეა თურქეთი, საიდანაც, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების ნაკადმა თითქმის 10 პროცენტით იკლო; მეოთხე პოზიციაზეა რუსეთი – ამ ქვეყნიდან ტურისტების ნაკადმა 1 წლის მანძილზე 12 პროცენტით მოიმატა – და მეხუთეა უკრაინა, საიდანაც საქართველოს სტუმრების რიცხვი თითქმის 22 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ერთ მილიონს. პოზიტიური ტენდენციით გამოირჩევა ევროკავშირის მიმართულებაც. საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წლის მანძილზე ლიდერობდნენ ლატვია +24 %, ლიტვა +16 %, ჩეხეთი + 15%, ბულგარეთი +12 % და გერმანია +11 %.

ამგვარ მზარდ სტატისტიკას, რომელსაც შემოსავლების მატებასთან ერთად ეკონომიკის ზრდაც მოჰყვება, მიესალმება ტურიზმის ბევრი სპეციალისტი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არსებულ ტემპს არასაკმარისად მიიჩნევს. ტურისტული კომპანია „გუდაური ჰელისკინგის“ დამფუძნებლისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტის, ვატო ასათაშვილის, აზრით, ტურიზმის სფეროში საჭიროა სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა:

„ვინაიდან განვითარებადი ქვეყანა ვართ, მინიმუმ გვჭირდება ორნიშნულიანი მაჩვენებელი, რათა, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში მაინც მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ტურიზმის განვითარების დონეს. ანუ ერთნიშნულიანი მაჩვენებლებით ჩვენ კონკურენტუნარიანი ქვეყანა რეგიონშიც კი ვერ გავხდებით, არათუ აღმოსავლეთ ევროპაში ანდა, მთლიანად, ევროპის დონეზე“.

ვატო ასათაშვილის მიერ ნახსენები ზრდის ტემპი საქართველოში 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით აღინიშნა, მაგრამ 2013 წლის შემდეგ პერიოდში ტურიზმის მიმართ არსებულმა დამოკიდებულებამ ზრდის ტემპი მკვეთრად შეამცირა. მოგვიანებით მთავრობის დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ ზრდამ ჯერჯერობით მაინც ვერ გადააბიჯა ერთნიშნა მაჩვენებელს. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ ორნიშნა ზრდის ტემპი არსებული ავიარეისების პირობებში შეუძლებელი იქნება. მისი განცხადებით, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლამდე განსაზღვრულია ყოველწლიური 7- პროცენტიანი ზრდა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებაში აღნიშნულ ტურიზმის ეკონომიკურ სარგებელს ეკონომიკის ექსპერტებიც მიესალმებიან, მაგრამ ბევრი მათგანი აღნიშნავს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის დაბალ ხარისხს, ასევე ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ნაკლებ მზაობას მაქსიმალური მოგება მიიღონ ტურიზმის განვითარებით.

Comments are closed