globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 9th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Московский комсомолец» (რუსეთი): რუსეთმა შეიძლება საქართვლოსთან უვიზო რეჟიმი აღადგნოს // ექსპერტი: „რაში ჭირდებათ ქართველებს ჩვენი სოჭი, როცა მათ ბათუმი აქვთ?“

«РосБалт» (რუსეთი): უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის: ხომ არ იჩქარა მიხეილ სააკაშვილმა, „უკრაინელი“ რომ გახდა?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თურქეთი საქართველოსგან ფეთულა გულენის სკოლების გადაცემას ითხოვს

—————–

«Московский комсомолец» (რუსეთი), 09 თებერვალი, 2017 წელი

http://www.mk.ru/politics/2017/02/08/rossiya-mozhet-vosstanovit-bezvizovyy-rezhim-dlya-gruzii.html

რუსეთმა შეიძლება საქართვლოსთან უვიზო რეჟიმი აღადგნოს

ექსპერტი: „რაში ჭირდებათ ქართველებს ჩვენი სოჭი, როცა მათ ბათუმი აქვთ?“

დარია ტიუკოვა

(შემოკლებით)

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შესაძლებელია საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დაბრუნდესო. ჩვენს მკითხველებს სევახსენებთ, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ წასვლა სეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეები კი იძულებულნი არიან რუსეთში წამოსასვლელად რიგი აუცილებელი დოკუმენტები გააფორმონ, რაც საკმაოდ დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

მაგრამ, როგორც „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტს ექსპერტმა განუმარტა, უვიზო რეჟიმის პირობებშიც კი საქართველოდან რუსეთში ტურისტების რაოდენობის ზრდას არ უნდა ველოდოთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებს შორის თბილისი, ბათუმი და საქართველოს ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოუდგენელი პოპულარობითა და მოდურობით სარგებლობენ. ისევე როგორც გასულ ათწლეულებში ტურისტთა ჯგუფები ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას – „რომელია ვენაში საუკეთესო კაფეო“, დღეს უკვე ისინი საუბრობენ საუკეთესო ხინკალსა და აჭარულ ფხალზე ძველ თბილისში, ან სად შეიძლება იყიდო ნამდვილი ჩუჩხელა  და როგორ უნდა ისარგებლო გოგირდის აბანოებით… მაგრამ როცა მოსკოველს თბილისში წასვლა იმავწუთს შეუძლია, ვთქვათ, შაბათ-კვირას, როგორც კი მოისურვებს, უცებ იყიდის ავიაბილეთს თბილისში დროის გასატარებლად (ან ავტომანქანით ხანგრძლივად მოგზაურობას გადაწყვეტს), ქართველები ამ შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული უვიზო რეჟიმს დავუბრუნდეთო. როგორც ცნობილია, 1990-იან წლებში რუსეთს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების შემოღწევის საფრთხის გამო, 2000 წლიდან, მოსკოვის ინიციატივით, სავიზო რეჟიმი დაწესდა. მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების პასუხად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებს მაინც აქვთ საქართველოში უვიზოდ სიარულის შესაძლებლობა.

როგორც დსთ-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ჟარიხინი ამბობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ქართველებისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს, საქართველოდან ტურისტების მოზღვავებას მაინც არ უნდა ველოდოთ:

„რასაკვირველია, ვიზების გაუქმების შესაძლებლობა ნამდვილად არის. თავის დროზე საქართველომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. მოსკოვი ჯერ-ჯერობით უფრო კონსერვატიული პოზიციების ერთგულია – არავითარი უვიზო რეჟიმი, სანამ დიპურთიერთობა არ აღდგება. თავის მხრივ ქართველები აცხადებენ: „სანამ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების აქტს არ გააუქმებს, მანამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ მოხდებაო. შესაძლოა ღირს, რომ ჩვენც გავრისკოთ და ამ ავანტიურაზე (ვიზების გაუქმებაზე) წავიდეთ? რუსეთსა და საქართველოს შორის ხომ ურთიერთობის ისტორიული ტრადიციები აკავშირებთ… მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიზები გინდაც რომ გაუქმდეს, ქართველები მასობრივად ვერ შეძლებენ ისეთი „უიკ-ენდების“ გატარებას მოსკოვში, როგორსაც რუსები თბილისში აწყობენ. მიზეზი იმაში გამოიხატება, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეთა მატერიალური მდგომარეობა ერთმანეთისაგან პრინციპულად განსხვავდება, ანუ ქართველების უმრავლესობას მოგზაურობა ძვირი უჯდება. ასე რომ, ტურისტული ნაკადის გათანასწორებას არ უნდა ველოდოთ.ისინი სოჭშიც კი ვერ ჩამოვლენ, თუმცა რაში ჭირდებათ, სოჭი, როცა თავიანთი ბათუმი აქვთ? რაც შეეხება „ქართველების“ ბიზნესს, რომელიც დღეს მოსკოვში ვითარდება, ეს ბიზნესი რუსეთის მოქალაქეებისაა – წარმოშობით ქართველების, მაგრამ რუსეთის მოქალაქეების. ასე რომ, უვიზო რეჟიმის შემთხვევაში არც ეკონომიკური სარგებლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“.

«РосБалт» (რუსეთი), 08 თებერვალი, 2017 წელი

http://www.rosbalt.ru/world/2017/02/06/1589382.html

უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის:

ხომ არ იჩქარა მიხეილ სააკაშვილმა, „უკრაინელი“ რომ გახდა?

ანდრეი ნიკოლაევი

(შემოკლებით)

ქართველებს ნატვრა აუხდათ: ევროპარლამენტმა, როგორც იქნა, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია დაამტკიცა. მართალია, „შეჩერების მექანიზმთან“ ერთად, მაგრამ მაინც. ევროკავშირი საქართველოსაგან მადლობებს ღებულობს.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ უკრაინას გაასწრო: კიევი ჯერ მხოლოდ „უვიზო რეჟიმზე“ ოცნებობს, საქართველომ კი უკვე მიიღო. ხუმრობით თუ ვიტყვით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, იჩქარა, „უკრაინელი“ რომ გახდა…

დღეს ქართველი პოლიტიკოსები თანამემამულეებს განუმარტავენ, რომ უვიზო რეჟიმის დაწესება ევროპასთან დაახლოებისაკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს „მეტ კეთილდღეობას, მეტ დემოკრატიას, მეტ ენერგიას და ენთუზიაზმს ქვეყნის სწრაფი   განვითარებისათვის“. საქართველოს მთავრობას განსაკუთრებით უხარია, რომ უვიზო რეჟიმით  „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზი და ოსი ძმებიც ისარგებლებენ და ევროპულ სიკეთეს გაიზიარებენ“, თუმცა ქართველ ჩინოვნიკებს „ავიწყდებათ“ იმის თქმა, რომ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრებთ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ბიომეტრული პასპორტები უნდა ჰქონდეთ. ამგვარი პასპორტების მფლობელები კი ძალიან ცოტაა და ვისაც აქვს, ცდილობენ, რომ მაინცდამაინც თავი არ გამოიჩინონ.

სოხუმმა და ცხინვალმა „ქართულ სატყუარაზე“ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინეს: კერძოდ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მხოლოდ საქარტველოს ტერიტორიაზე ვრცელდება. „თბილისმა გადაწყვიტა აფხაზეთის მოსახლეობა სატყუარათი მოხიბლოს, მაგრამ მისი მცდელობა ჩასაფუშად არის განწირულიო“. თითქმის იგივე რეაგირება მოახდინა სამხრეთ ოსეთმაც.

ვიზალიბერალიზებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჩნდება: მართლაც მოუტანს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს რეალურ პოზიტივს? მართლაც მოახდენს დადებით გავლენას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან დაახლოებაზე? და ყველაზე მთავარი – რატომ აცხადებს რუსეთი უმაღლეს დონეზე იმას, რომ ერთი მხრივ, ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის დაბრკოლება არ არსებობსო და მეორე მხრივ, ვიზებს არ აუქმებს? ამით ხომ თვითონ მოსკოვი უბიძგებს ქართველებს ევროპისაკენ, რომ მათ „ერთმორწმუნე“ ქვეყნის ნაცვლად, მზერა დასავლეთს მიაპყრონ?

დავიწყოთ ბოლო კითხვიდან: რუსეთის ხელისუფლება ძალიან არის დაინტერესებული თავისი გავლენის გაძლიერებით სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში, რომელსაც მოსკოვი პროდასავლურ ქვეყნად მიიჩნევს. მაგრამ გავლენის გავრცელება ქართულ საზოგადოებაზე იმ მილისტარისტული მოქმედებით ნამდვილად ვერ მოხერხდება, რასაც რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახორციელებს. ასეთი ქმედების შედეგად პირიქით ხდება – ქართველებს რუსეთი ეჯავრებათ. ამასთან, მათთვის ძალიან მისაღებია რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, სატრანსპორტო მიმოსვლა. ყველაზე მეტად კი, კულტურული, მეგობრული და ნათესაური კავშირების გათვალისწინებით, საქართველოში არსებული ტოტალური უმუშევრობის გათვალისწინებით, ქართველებს ყველაზე უფრო მეტად სავიზო რეჟიმის გაუქმება სურთ. თუ სავიზო რეჟიმის გაუქმდება, მაშინ რუსულ კულტურას და სამეცნიერო მიღწევებს, საგმანათლებლო სისტემას მეტი ქარტველი ეზიარება.

მაგრამ მოსკოვი, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამო ქართველების დასჯა სურს, სავიზო რეჟიმს მაინც არ აუქმებს და ამით სამხრეთკავკასიური მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას ევროპისაკენ უბიძგებს. რასაკვირველია, გასაგებია, რომ ყველა ქართველი ვერ გაიქცევა რომისა და პარიზის სილამაზით დასატკბობად, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ  ვისაც ფული აქვს და ევროპაში მოგზაურობა სურს, ისინი ყოველთვის დადიოდნენ და მომავალშიც ივლიან. რიგითი და პირდაპირ ვთქვათ – ღარიბი ქართველებისთვის ევროპა უფრო სამუშაოს შესაძლებლობითაა მიმზიდველი, გინდაც ეს „შავი“ სამუშაო იყოს, დრეობითი ადა არალეგალური. აი, მათ რომ რუსეთში წასვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ისინი უმეტესად ევროპისკენ აღარ გაიხედავდნენ… ამ შემთხვევაში დიდ როლს ასრულებს კულტურული, ისტორიული, რელიგიური ფაქტორები, ენობრივი ბარიერის არარსებობა. ახლა ისე გამოდის, რომ ევროპამ რუსეთს აჯობა, რაც პოლიტიკურ წაგებასაც ნიშნავს. მომგებიანი კი ის იქნებოდა, რომ „შენგენის“ უვიზო რეჟიმის კვალდაკვალ ვიზებს რუსეთიც თუ გააუქმებდა… თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბოლოსდაბოლოს, რუსეთიც „გონს მოეგება“, „თავში ხელს შემოირტყავს“, მიხვდება, რომ ეს აუცილებელია და სიტუაციას ერთი ბრძანებით მოაგვარებს.

(…)

მოდით, ისევ შენგენის უვიზო რეჟიმს დავუბრუნდეთ და მის გავლენაზე ვისაუბროთ – რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოში. ისე, ობიექტურად თუ მივუდგებით საკითხს, „ვიზების გაუქმება“ – ეს ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი, რადგანაც საქმე ეხება ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნას განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ვიზალიბერალიზება ევროპაში წამსვლელს არც მუშაობის და არც ემიგრირების უფლებას არ აძლევს. მართალია, პირველ ხანებში გამორიცხული არაა, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის წასვლის ნაკადმა მოიმატოს, მაგრამ ეს ცოტა ხანს გაგრძელდება. ევროკავშირი ქართველებს მხოლოდ მორალურად დააკმაყოფილებს. ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვიზალიბერალიზების პროცესი ძალიან გაჭიანურდა და, შესაბამისად, ქართველთა უკმაყოფილება გაძლიერდა. ბუნებრივია, რომ ბრიუსელი, რუსეთთან გეოპოლიტიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს სრულ იმედგაცრუებას და „გულის გატეხვას“ არ დაუშვებდა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში არ ღებულობენ. ამ ფონზე უვიზო რეჟიმი ერთგვარი წახალისებაა: მართალია, შეზღუდვებით, მაგრამ მაინც კარგი – მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისათვის, დასვენებისა და ესთეტიკური სიამოვნებისათვის.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-closes-fethullah-gulen-affiliated-school-in-batumi/3714253.html

თურქეთი საქართველოსგან ფეთულა გულენის სკოლების გადაცემას ითხოვს

ზაზა წულაძე

ბათუმში, რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემდეგ, კიდევ უფრო ბუნდოვანია თურქი თეოლოგისა და მქადაგებლის ფეთულა გულენის მოძრაობა „ჰიზმეთის“, ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის მომავალი საქართველოში. ეს ქსელი ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთ უნივერსიტეტსა და ექვს საშუალო სკოლა-ლიცეუმს მოიცავს.

თურქეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ მის მიერ ტერორისტად შერაცხული გულენის ქსელის უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციას გეგმავს. ამ მიზნით თურქეთის პარლამენტმა შარშან „მაარიფის ფონდი“ (Maarif Foundation) დაარსა. ხისტი დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ სწორედ ამ სახელმწიფო ფონდის მმართველობაში გადავიდა გულენის ქსელის სკოლები აფრიკისა და აზიის რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის პაკისტანში, სომალიში, სუდანში, გვინეასა და გაბონში.

ახალი სამიზნე საქართველოა, კონკრეტულად კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი IBSU და დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რომლებიც თავის მხრივ კიდევ ექვსი სკოლის თანადამფუძნებლები არიან. ანკარის ზეწოლით, ამ სკოლებში ერთ დღეს თურქი დირექტორები საქართველოს მოქალაქეებით შეცვალეს.

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონალზე და რექტორ ილიას ჩილოღლუზე კი თურქეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული და ანკარა მათ გადაცემას ითხოვს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს. ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, თურქოლოგი ემზარ მაკარაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩაღლარის ქსელის თურქეთისთვის გადაცემა ან დახურვა საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულველყოფა იქნება: „ვფიქრობ, რომ სხვა სახელმწიფომ თავის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თვითონ უნდა შეაფასოს და ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო საკითხებში, მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა რომ პროცესი საკუთარ ეროვნულ ინტერესზე მოარგოს. თუ ეს ნაბიჯი (სკოლების გადაცემა) ჩვენი მხრიდან გადაიდგა და ეს სამომავლოდ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება.“

ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის გადარჩენას და საკუთარი ინტერესების დაცვას საქართველოში თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეთულა გულენიც ცდილობს.

„ამერიკის ხმამ“ გაარკვია, რომ 2017 წლის 3 და 6 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა ჯიჰან აქინმა, იუსუფ ალთაშმა, აიჰან არსლანმა და რესულ დიქმენმა წილების სიმბოლური გასხვისება-გაჩუქების გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად, დემირელის სკოლას სახელიც შეეცვლება და „ქართულ-ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენად“ გარდაიქმნება. ახალი მეპატრონე, ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია „მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისი“ უნდა გახდეს, რომელსაც მოლაპარაკებებში აშშ-ს მოქალაქე ზაფერ სუსლუ წარმოადგენდა.

მეორე დღეა ორივე გარიგება საქართველოს საჯარო რეესტრში „მონაცემების დაზუსტების მოტივით“ გაიჭედა. იუსტიციის სამინისტრო დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

გავლენიანი თურქული გაზეთის „საბაჰის“ ინფორმაციით კი, რომელსაც პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის სიძე მართავს, ეს გარიგება არ შედგება, რადგან ზაფერ სუსლუ, როგორც „გულენის ტერორისტული ქსელის“ წევრი, თურქეთის მიერ იძებნება. იგივე გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან არის „დადებითი სიგნალები“, რომ ფეთულა გულენის ყველა სკოლა „მაარიფის ფონდს“ ანუ თურქეთის ხელისუფლებას გადაეცეს.

ამ თემაზე „ამერიკის ხმა“ ცდილობდა კომენტარის მიღებას დემირელის სკოლა-ლიცეუმიდან, თუმცა დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა საუბარი არ ისურვა. ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე კი ამბობს, რომ შეტევა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელზე საქართველოში ანკარადან იმართება და ამას თურქეთში არც მალავენ: „მაქვს ეჭვი, რომ ეს შეტევა ჩვენს სკოლაზე შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. თურქეთის მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს ეს სკოლები და გადაუფორმოს თურქეთის სახელმწიფოს მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს, რომელსაც „მაარიფი“ ჰქვია“.

თურქეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრისა და დიდი მეჯლისის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ქართული წარმოშობის რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საბჭომ აკრედიტაცია 3 თებერვალს, „თურქულ სექტორთან დაკავშირებული დარღვევის“ გამო შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ 340 მოსწავლე იძულებულია, შუა სასწავლო პროცესში სხვა სკოლა ეძიოს.

2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა სწორედ შაჰინის სკოლაზე მიიტანა ღია იერიში და თქვა, რომ იქ „ტერორისტებს ზრდიან“. ამ განცხადებიდან 6 თვის თავზე შაჰინის სკოლა, რომელიც საქართველოს განათლების ბაზარზე 24 წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა, ბოლო დღეებს ითვლის. სამაგიეროდ, ბათუმში ამ დრომდე უპრობლემოდ ფუქციონირებს 2016 წლის 19 სექტემბერს გახსნილი თურქული სკოლა, რომელსაც არც მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის აკრედიტაცია გააჩნია. სწავლა იქ თურქულ ენაზე მიდის და სკოლაც სახელმწიფო უწყებას – თურქეთის განათლების სამინისტრის ექვემდებარება.

ფეთულა გულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი (დამფუძნებლები: ამხანაგობა „შიმშექი, ალთაში, აქინი“ – 40%, შპს „კონტროლი“ – 60%, აიჰან არსლანი – 50%, რესულ დიქმენი -50%);

სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისი (იაშარ შიმშექი – 20%, იუსუფ ალთაში -20%, ჯიჰან აქინი – 60%);

სკოლა-ლიცეუმი სხივი, თბილისი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – 100%);

ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – 100%);

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – 100%);

რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ბათუმი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – 100%);

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი (დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი – 100%);

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, მარნეული (შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი – 100%).

Comments are closed