globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 9th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): უკვე სტრასბურგში: „რუსთავი-2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადამწყვეტი სიტყვა ქართულ მედიაში

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეს მიუბრუნდა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველომ და უკრაინამ ევროინტეგრაციის ვიზირება მოახდინეს // თბილისი და კიევი შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებისათვის ემზადებიან

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-echr-extends-ruling-over-tv-rustavi-2/3755403.html

უკვე სტრასბურგში: „რუსთავი-2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

ზაზა წულაძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილებასთან დაკავშირებულმა სასამართლო დავამ, როგორც ჩანს, დიდი ხნით გადაინაცვლა უკვე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ევროსასამართლომ სამ მარტს, დროებით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 -ზე საკუთრების უფლება 2 მარტს, ტელევიზიის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

7 მარტს, სტრასბურგში განაჩენის აღსრულების დროებით შეჩერება უკვე „შემდგომ პროცედურამდე“ გაახანგრძლივეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას იმ დრომდე, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე – „რუსთავი-2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვას არ დაასრულებს. შესაბამისად, ამ დრომდე, ტელეკომპანიას ისევ ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილების დანიშნული მენეჯმენტი გაუძღვება და ქიბარ ხალვაში „რუსთავი-2“-ში მმართველობის განხორციელებას ვერ შეძლებს.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის აზრით, საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზონანსულ საქმეს ევროსასამართლო განიხილავს: „პრინციპში ყველასთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. დაველოდოთ ევროსასამართლოს საბოლოო დასკვნებს, რომელიც ნათელს მოჰფენს, იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვდგავართ და რომელიც მუდმივად იყო კამათის საგანი“.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი-2“-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. ქიბარ ხალვაში არ მალავს, რომ 2004 წელს, „რუსთავი-2“ მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თხოვნით იყიდა და ტელებიზნესი არ აინტერესებდა.

2004 წლის ზაფხულში ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი-2“-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. სრულიად უცნობ პაატა კარსანიძეს „რუსთავი-2“-ის საკონტროლო პაკეტი იმიტომ ჩაუვარდა ხელში, რომ ხელისუფლების ზეწოლით თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით მას გადაუფორმეს. ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, მიხეილ სააკაშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად „რუსთავი-2“-იც ჩამოართვეს.

2016-17 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დავით დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა, თუმცა, სულ უფრო მძაფრი ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დავით დვალმა განაცხადა, რომ იგი „რუსთავი-2“-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს. „რუსთავი-2“-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტური კოლექტივი თვლიან, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა.

საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო. აშკარაა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის მთვარობისთვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა. ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა ქიბარ ხალვაშიც: როგორც მისი ადვოკატი პაატა სალია ამბობს, სტრასბურგის გადაწყვეტილება „აღსრულების დროებით შეჩერების“ თაობაზე უპრეცედენტოა და ისინიც იძულებულნი არიან, მოთმინებით დაელოდონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს:

„უნდა დაველოდოთ საქმის არსებით განხილვას, საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული და წესით, ის შედარებით მოკლე ვადებში უნდა განიხილონ სტრასბურგში. ევროსასამართლომ უნდა იმსჯელოს, დაირღვა თუ არა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები. სავარაუდოდ, ჩვენი მოწინააღდეგე მხარე კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე იდავებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. იმ შემთხვევაში, თუ კი, საბოლოო ჯამში, მათი სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს იქნება დავის ხელახლა განხილვის საფუძველი საქართველოში. როგორც ცნობილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ავტომატურად ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ აუქმებს, თუმცა, შესაძლებელია საუბარი იყოს გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციაზე და ა.შ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების დალოდება გვმართებს“, – აცხადებს პაატა სალია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება საქართველოსთვის სავალდებულოა: 1999 წელს ჩვენი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრი გახდა და პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. კონვენციის 46-ე მუხლი ამბობს, რომ „მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან”.

სრულყოფილი საჩივარი სტრასბურგში მოსარჩელემ, ანუ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების ძმები ყარამანიშვილების დაცვის მხარემ 31 მარტამდე უნდა წარადგინოს, მოპასუხე კი უკვე საქართველოს მთავრობა იქნება, ვინაიდან, მოსარჩელე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე აკეთებს აქცენტს. იურისტების ვარაუდით, დიდი ალბათობით, ქიბარ ხალვაში საქმეში მესამე მხარედ დაშვებული არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული, დღეს შეუძლებელია ზუსტი ვადების განსაზღვრა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე რამდენ ხანში გამაოცხადებს განაჩენს.

———–

რუსთავი-2-ის მფლობელთა ცვლილება (1994-2017 წლებში):

1994 – ეროსი კიწმარიშვილი – 33,3%, დავით დვალი 33,3%, ჯარჯი აქიმიძე – 33,3%;

2004 – ეროსი კიწმარიშვილი – 30%, დავით დვალი – 30 %, ჯარჯი აქიმიძე – 30%, ნიკა ტაბატაძე – 10%;

2004 – პაატა კარსანიძე – 60%, ეროსი კიწმარიშვილი – 30%, ნიკა ტაბატაძე – 10%;

2004 – ქიბარ ხალვაში – 100%;

2005 – ქიბარ ხალვაში – 78%, „ საქცემენტი“ (რობერტ ბეჟუაშვილი) – 22%;

2006 – ქიბარ ხალვაში – 78%, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 22%;

2006 – „ჯეოტრანსი“ – 78%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 22%;

2006 – „დელგადო რესურსი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) – 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 22%, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 23 %

2007 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კუნძულები) – 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 23%;

2008 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კინძულები) – 40%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 22%, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 8%, ირაკლი ჩიქოვანი –  30%;

2009 – „დექსონ ლიმიტედი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) – 70%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 30%;

2012 – ლევან ყარამანიშვილი – 90%, გოგი გეგეშიძე – 10%;

2012 – ლევან ყარამანიშვილი – 50%, დავით კეზერაშვილი – 40%, გოგი გეგეშიძე – 10%

2012 – ლევან ყარამანიშვილი 50 %, გიორგი ყარამანიშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %

2012 – ტელეკომპანია „საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანიშვილი – 22%, გიორგი ყარამანიშვილი – 18%, გოგი გეგეშიძე – 9%;

2014 – ტელეკომპანია „საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანიშვილი – 22%, გიორგი ყარამანიშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე – 9%;

2017 – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 60% გადაეცა ისევ ქიბარ ხალვაშს და 40% შპს „პანორამას“, რომლის 100%-იანი მეპატრონე ასევე ქიბარ ხალვაშია. ევროსასამართლომ სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-media/3755717.html

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადამწყვეტი სიტყვა ქართულ მედიაში

ნანა საჯაია

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც კი საქართველოს სამოქალაქო აქტივისტები მედიის თავისუფლების იმ სტანდარტებისთვის იბრძვიან, რომლებიც ევრო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნებს ახასიათებთ, რისკენაც ქვეყანა მიილტვის. მედიის დამცველებმა ამ კვირას ერთი გამარჯვება მაშინ მოიპოვეს, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თბილისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეასრულა. ამით სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული და, ამავდროულად, არსებული მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ყოფილი მფლობელისთვის – ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის პროცესი შეაჩერა.

ევროპამ საქართველო გადაარჩინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის ევროპას მადლობა გადაუხადა „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. „დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა,“ უთხრა ტელევიზიის თანამშრომლებს და გულშემატკივრებს გვარამიამ პირდაპირ ეთერში. „რუსთავი-2“-ის დამცველები შიშობდნენ, რომ ტელევიზიის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნება ქვეყანაში კრიტიკულ ხმას ჩაახშობდა.

„რუსთავი-2“-ის მფლობელობაზე სასამართლო დავა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დაიწყო, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ქვეყნის ერთადერთი მილიარდერის მიერ დაფუძნებულმა „კოალიცია ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. საქართველოს მთავრობა ცდილობდა „რუსთავი-2“-ის მფლობელობის დავა დაეხასიათებინა, როგორც „დავა ორ სუბიექტს“ შორის. ამის პარალელურად ქვეყანაში მძლავრდება დეზინფორმაციაზე დაყრდნობილი რუსული პროპაგანდა.

მედიის მდგომარეობაცუდად გამოიყურება

ჟურნალ „ეკონომისტის“ რედაქტორის ედვარდ ლუკასის შეფასებით, საქართველოს მედია მდგომარეობა „ცუდად გამოიყურება“: „ამერიკის ხმისთვის“ გამოგზავნილ წერილში ლუკასი წერს: „საკითხი სამართლებრივად, შესაძლოა, ჩახლართული იყოს, მაგრამ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს სამაუწყებლო მედიის პლურალიზმის შესანარჩუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ძალაუფლებისთვის იბრძვის“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ აბაზაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკომისიის წევრი ქვეყნისთვის სავალდებულოა და ამის დასტურად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი მოჰყავს.

სხვა მედია საშუალებები

„რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესების და საპროტესტო აქციების პარალელურად, „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალმა მენეჯმენტმა მაუწყებლის რეფორმა დააანონსა და ბოლო ინფორმაციით ამ წლის ივლისში 100-ზე მეტი ტელე და რადიო გადაცემა გაუქმდება. მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი „მედია ომბუდსმენის“ ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელმაც, მისი თქმით „უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედია გარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი-2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე – საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“.

პრემიერის ინიციატივას მედიამკვლევარები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ: ილიას სახელობის უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროფესორი ნინო დანელია მიიჩნევს, რომ მთავრობა საერთაშორისო დამკვირვებლების „მოხიბლვას“ ცდილობს, რომლებიც კრიტიკულად გამოეხმაურნენ „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. „ქართული მედიას მთავარ პრობლემებს თავად ხელისუფლება უქმნის, მთავრობის მიერ დანიშნული ომბუდსმენი ვერ შეძლებს იმ პრობლემების არიდებას, რასაც თვითონ მთავრობა ქმნის“, – ამბობს ნინო დანელია.

ფრიდომ ჰაუსის“ გაფრთხილება

2015 წელს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოს მთავრობას მოუწოდა „შეეწყვიტა ჩარევა“ მედიის საკითხებში. „საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა. “ფრიდომ ჰაუსის” და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა“, -ასე შეაფასა მაშინ საქართველოს მედია გარემო „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა რობერტ ჰერმანმა.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 08 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/strasburgi-vano-merabishvilis-sasamartlo/28358003.html

სტრასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმეს მიუბრუნდა

ნონა მჭედლიშვილი

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, საქართველოს მთავრობის საჩივარზე დაყრდნობით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ვანო მერაბიშვილის – საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო. საუბარია ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე, რომელშიც სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 2016 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა და მას დაზარალებულისთვის მორალური კომპენსაციის სახით, მთლიანობაში, 12 000 ევროს გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოს დიდმა პალატამ 8 მარტს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციებს მოუსმინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, 2016 წლის 14 ივნისს დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა დაირღვა მუხლები, რომლებიც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას (მე-18) და წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლებას სასამართლოს მიერ. იუსტიციის სამინისტრომ სადავოდ გახადა კონვენციის მე-18 მუხლთან გადაწყვეტილების შესაბამისობა, კერძოდ კი, დასკვნა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება გამოყენებულ იქნა ასევე იმისათვის, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონოდათ დამატებითი ბერკეტები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიების საქმეებში. სამინისტრომ მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამგვარი გადაწყვეტილების მიღებით სტრასბურგის სასამართლო წინააღმდეგობაში აღმოჩნდა თავისივე პრეცედენტულ სამართალთან.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს, როგორც გვქონდა მაშინ, როდესაც ვასაჩივრებდით, ისევე ახლა, როდესაც შუალედში, დასაშვებად ცნობიდან დღემდე, გვქონდა საშუალება, რომ წარგვედგინა ჩვენი დამატებითი არგუმენტები და მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვართ განწყობილნი, რომ ამ საქმეზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას ადგილი არ ექნება, როგორც ამას დიდი პალატა მიიჩნევს. თუმცა, რასაკვირველია, უნდა დაველოდოთ დიდი პალატის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ.

დიდი პალატის 17-კაციანი შემადგენლობის წინაშე 8 მარტს გამართულ ზეპირ მოსმენაზე მხარეებს თავიანთი არგუმენტების წარსადგენად 30-30 წუთი მიეცათ. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ მასალებს შორის აღმოჩნდა სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან 2013 წლის 14 დეკემბერს ვანო მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე წარმოებული გამოძიების შედეგებიც. როგორც ცნობილია, საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო 2017 წლის თებერვალში შეწყვიტა, გამოძიების დაწყებას კი საფუძვლად სწორედ სტრასბურგის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება დაედო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი კოლეგიის სხდომას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა ასევე ინფორმაცია იმ სხვა საქმეების შესახებ, რომლებშიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, სახელი ფიგურირებდა. ამ მასალებს შორის, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველ ოთარ კახიძის თანახმად, არ ყოფილა სახალხო დამცველის ჩვენება, რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან გაყვანის ფაქტს შეეხება: „რაც შეეხება სახალხო დამცველის ჩვენებას, მან თქვა, რომ შეხვდა მერაბიშვილს და მიიღო მისგან ინფორმაცია. სახალხო დამცველმა დაიცვა პატიმრის უფლებები, ანუ მისი ვალდებულება რაც იყო, ის გააკეთა. ეს არის წარდგენილი სასამართლოში და მოქმედებით იმოქმედებს წულუკიანის და ბესელიას განცხადებები სასამართლოზე, რომლებმაც გამოააშკარავეს მთავრობის არაჯანსაღი დაინტერესება ამ საქმის მიმართ“.

ოთარ კახიძე იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა სასამართლოს მიერ უკვე მიღებულ ვერდიქტს არ შეცვლის და, შესაბამისად, ძალაში შევა 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მასზე ზეწოლის საშუალებად გამოიყენებოდა და სახელმწიფო ვალდებულია კანონდარღვევისთვის მას ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს. თავის მხრივ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, თამარ აბაზაძე, ამჯერად მხოლოდ იმას ამბობს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და იგი გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება, თუმცა იქვე დასძენს, რომ დიდი პალატის მიერ საქართველოს მთავრობის საჩივრის წარმოებაში მიღება და პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის პროცედურის დაწყება იმის მაჩვენებელია, რომ ევროსასამართლო აღნიშნულ საქმეს პრეცედენტული სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

“ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აკმაყოფილებს დიდი პალატა მოთხოვნას გადასინჯვაზე, გახლავთ ის, რომ პალატამ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, ვიდრე მანამდე, სიტყვაზე, იყო ხოლმე მიღებული იმავე საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ. მეორე მიზეზი, რატომაც იღებს ხოლმე, არის ის, რომ თუნდაც მეთვრამეტე მუხლზე მწირია პრეცედენტული სამართალი და განსხვავებული მიდგომები იყო მანამდე და ამჯერად დიდმა პალატამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ერთიანი პრინციპები და ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს კონკრეტულ უფლებასთან მიმართებით. ანუ თუ დაინახა დიდმა პალატამ საჭიროება ერთგვაროვანი პრინციპების და მიდგომების ჩამოყალიბების, ესეც არის ერთ-ერთი მოტივი, რატომაც იღებს ხოლმე დიდი პალატა საქმეს გადასასინჯად“, ამბობს თამარ აბაზაძე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმავე წლის სექტემბერში გაასაჩივრა. საჩივარში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სამართალწარმოების ისტორიაში მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5.1. მუხლთან ერთობლიობაში, პირველად დადგინდა ისე, რომ თავად წინასწარი პატიმრობა სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. სამინისტრომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანისა და მასზე ზეწოლის აშკარა მტკიცებულება არ არსებობდა და ბრალდება მხოლოდ პატიმრის განცხადებებით იყო გამყარებული, რაც, სამინისტროს თანახმად, ასევე ეწინააღმდეგება სტრასბურგის პრეცედენტული სამართლის პრინციპებს. გავრცელებული ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დიდი პალატის ფორმატში გადაწყვეტილებას 2-3 თვის ვადაში მიიღებს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 09 მარტი, 2017 წელი

http://kommersant.ru/doc/3236724

საქართველომ და უკრაინამ ევროინტეგრაციის ვიზირება მოახდინეს

თბილისი და კიევი შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებისათვის ემზადებიან

„მარტის პირველი კვირა საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ევროკავშირში ვიზალიბერალიზების გზაზე. საქართველოს უკვე, პრინციპში, წინ არავითარი ბარიერი აღარ ეღობება – ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა უკვე გამოაქვეყნა ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, რომლის თანახმად, 28 მარტიდან მათ უფლება ექნებათ ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნების საზღვარი გადალახონ, უკრაინის შესახებ კი ხმის მიცემა ევროკავშირის პროფილურ კომიტეტში დღეს უნდა მოხდეს. თბილისშიც და კიევშიც ზეიმობენ ბრიუსელთან დაახლოებას და ვალდებულობენ, რომ ევროკავშირში მათი ქვეყნებიდან ლტოლვილები არ იქნებიან… თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი ისევ სავიზო გახდება“, – ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორები არიან „კომერსანტის თბილისელი და კიეველი კორესპონდენტები – გიორგი დვალი  და იანინა სოკოლოვსკაია.

„რასაკვირველია, ჯერ-ჯერობით ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის აბსოლუტურად თავისუფალ შესვლაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ამ მიმართულებით ბრიუსელში მარტის დასაწყისში უკვე ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა:

პირველ რიგში ის, რომ ევროკავშირის საბჭომ მოიწონა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება („ვიზალიბერალიზაცია“) საქართველოს მოქალაქეებისათვის: გუშინ დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, რაც სავიზო რეჟიმის შერბილებისთვის იყო აუცილებელი, ქვეყნის მთავრობისთვის 2013 წელს წარდგენილი ვიზალიბერალიზების სამოქმედო გეგმის შესაბამისად“. ამრიგად, ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველო სრულიად შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა თანახმად, ბიომეტრული პასპორტების მქონე მოქალაქეები მოკლევადიანი ვიზების მიღებისაგან თავისუფლდებიან.

მეორე მომენტი ისაა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა მოიწონეს ადრე მიღწეული, მაგრამ არაფორმალური შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროკავშირს შორის უკრაინისთვის საქართველოს ანალოგიური რეჟიმის მიცემის თაობაზე. პროცედურების გათვალისწინებით, ალბათ, უკრაინის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზება ივნისითვის ამოქმედდება.

აშკარაა, რომ საქართველომ უკრაინას ამ საკითხში გაუსწრო. როგორც იუსტიციის სამინისტროში „კომერსანტს აცნობეს, თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებმა, 3,7 მილიონიდან  985 369-მა, ბიომეტრული პასპორტი უკვე მიიღო. მათგან, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში მწასვლას მოისურვებს (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა) მივლინებით, დასასვენებლად, გასართობად თუ სამოგზაუროდ, ან ახლობლების მოსანახულებლად 90 დღის ხანგრძლივობით, მათ ოფიციალური ნებართვა ევროკავშირში შესასვლელად აღარ ჭირდებათ. თუმცა ისინი იქ ყოველ ნახევარ წელიწადში სამ თვეზე მეტი ხნით არ დარჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი იქ ყოფნა მოკლევადიანად აღარრ ჩაითვლება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ვიზალიბერალიზება არ ითვალისწინებს სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობას.

როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, უწყების აპარატმა, სხვა სამინისტროების თანამშრომლებთან ერთად, „უკვე დაიწყო უპრეცედენტოდ ფართო კამპანია მოსახლეობისათვის უვიზო რეჟიმის არსის განმარტების მიზნით“. „ჩვენ ვრცლად ვუხსნით მოქალაქეებს, თუ რა დოკუმენტები უნდა იქონიონ თან ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლის მმსურველებმა“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მან დაამატა, რომ ამ დრეებში საქართველოს ტელეკომპანიების ეთერში აჩვენებნ ვიდეორგოლს, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეს საზღვრის გადალახვისას თან უნდა ჰქონდეს: ბიომეტრული პასპორტი, ცნობა შემოსავლების შესახებ (ან ნაღდი თანხა, ან საკრედიტო ბარათი), უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთი,  სასტუმროს ნომრის ჯავშანი და ტურისტული სამედიცინო დაზღვევა. (…)

იმ დროს, როცა საქართველო და უკრაინა ევროკავშირის მიერ მათ მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს ასრულებდნენ, ძირითად დაბრკოლებას თვით ბრიუსელი ქმნიდა: ევროკავშირის ზოგმა წევრმა-ქვეყანამ პრეტენზია განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზებით ვაითუ ლტოლვილთა ნაკადი გაძლიერდესო და წინადადება წამოაყენეს, ვიზალიბერალიზების შეზღუდვა-შეჩერების მიზნით რაღაც რეგლამენტი შემუშავებულიყო. ასე გაჩნდა შესაბამისი დოკუმენტი – ე.წ. „შეჩერების მექანიზმი“, რომელიც გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა. „შეჩერების მექანიზმის“ თანახმად, ევროკავშირის თითოეულ წევრ უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ადრინდელი სავიზო რეჟიმის დაბრუნება (ანუ საქართველოსა და უკრაინისათვის, ამ შემთხვევაში) – პირველ ეტაპზე ცხრა თვით.

თუმცა მოლდოვას გამოცდილება, რომელმაც ვიზალიბერალიზება 2014 წელს მიიღო, აჩვენებს, რომ ლტოლვილთა ნაკადის სავარაუდო გაზრდისადმი შიშები გადაჭარბებულია: ბიომეტრული პასპორტი ამჟამად მოლდოვას 1,7 მილიონ მოქალაქეს აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის გაზაფხულიდან 2016 წლის შემოდგომამდე უვიზო რეჟიმით ისარგებლა 855 ათასმა მოქალაქემ, არალეგალურად კი ევროკავშირში მხოლოდ 10 419 მოქალაქე დარჩა. გარდა მისა, ლტოლვილთა ნაკადის გაზრდას ხელს შეუშლის აგრეთვე საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირის მოთხოვნით მიღებული კანონები მოქალაქეთა „თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ“, რომელთა თანახმად, დისკრიმინაცია იკრძალება. არადა, სწორედ დისკრიმინაცია იყო მოტივი იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფრის მიღებას ითხოვდნენ. ამჯერად თავშესაფრის მიღება უფრო რთული ხდება.

როგორც ვიქტორ დოლიძემ „კომერსანტს“ უთხრა, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპაში უკანონო მიგრაციის რისკები შეამციროს. „მარტის თვეში  შესაბამისი სამინისტროები და ორგანიზაციები, მასმედიის საშუალებით, მოსახლეობისათვის ახსნა-განმარტებით პროპაგანდას გააძლიერებენ… ასეთ ძლიერ პროპაგანდას ევროპაში წასვლის მსურველ მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების ახსნა-განმარტებისათვის არცერთი ქვეყანა არ ახორციელებს“, – გვარწმუნებს ვიქტორ დოლიძე, – დაგეგმილია აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში პროპაგანდა… განზრახული მაქვს პირადად შევხვდე მოქალაქეებს, პროცესში ჩართულია არსამთავრობო ორგანიზაციებიც“.

———

რუსულ მასმედიაში გავრცელდა აგრეთვე ერთ-ერთი პოლიტოლოგის ევგენი ბახრევსკის კომენტარი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის თაობაზე, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო „ნაციონალნიე ნოვოსტის“ კორესპონდენტთან ალენა დერბინასთან საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთვის უაზრობაა და მოქალაქეებს არავითარ დადებით შედეგს არ მოუტანს:

„საქმე იმაშია, რომ ვიზალიბერალიზებით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. გარდა ამისა, სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართველები ფულს [სამშობლოში კი არა, არამედ] საზღვარგარეთ დახარჯავენ, მეტი არაფერი. სწავლის და მუშაობის უფლება მათ არ აქვთ, ანუ ქართველები ვიზალიბერალიზებით ვერ მიიღებენ იმ პლუსებს, რაც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ. ცნობილია, რომ საქართველოში მოსახლეობის  კეთილდღეობის დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა ვისაც ფული ჰქონდა, მას შენგენის ქვეყნებში წასასვლელი ვიზაც გააჩნდა. ქართველები ახლა ევროპაში უფრო სამუშაოსთვის წავლენ, მაგრამ იქ ამჟამად ძალიან ბევრი მიგრანტი და უმუშევარია… გამოდის, რომ ვიზალიბერალიზება მხოლოდ ეფემერული პლუსია და მეტი არაფერი“, – ამბობს პოლიტოლოგი ევგენი ბახრევსკი (წყარო: https://nation-news.ru/249677-otmena-vizovogo-rezhima-nichego-ne-dast-grazhdanam-gruzii-v-es).

Comments are closed