«Vesti.az» (აზერბაიჯანი): სკანდალი ქართველებსა და სომხებს შორის: „ვინ ვისზე უფრო უკეთესია, ვინ უფრო მეტი ქრისტიანია, ვისი ანბანი უფრო ძველია… მოკლედ, ისინი ვერასდროს მოილაპარაკებენ“
«РИА Новости» (რუსეთი): მოლდოვას ბედი და უბედობა: კორუფციისაგან ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი გადაარჩენს?
———————-
«Vesti.az» (აზერბაიჯანი), 9 მაისი, 2015 წელი
სკანდალი ქართველებსა და სომხებს შორის: „ვინ ვისზე უფრო უკეთესია, ვინ უფრო მეტი ქრისტიანია, ვისი ანბანი უფრო ძველია… მოკლედ, ისინი ვერასდროს მოილაპარაკებენ“
კენან გულუზადე
(შემოკლებით)
საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარი დიპლომატიური სკანდალი ნელ-ნელა ჩაყუჩდა, თუმცა არასასიამოვნო ლექი მაინც დარჩა, მით უმეტეს, რომ გალუსტ სააკიანისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა მიზეზი კი არა, არამედ საბაბი იყო, რომ ორივე მხარეს უკმაყოფილება გამოეხატა და „პირადი არაკეთილგანწყობის“ დემონსტრირება მოეხდინა. სომხეთსა და საქართველოს ბიბილოვის გარეშეც საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ ერთმანეთთან.
პირველი – ერევანი და თბილისი, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ბარიკადების სხვადასხვა მხარეზე აღმოჩნდნენ. სომხეთი რუსეთს მიეკედლა, საქართველო კი სულ დასავლეთისაკენ მიიწევდა. ეს არ არის გასაკვირი, რადგან რუსეთი სამხრეთკავკასიური კონფლიქტების დროს ერევნის მხარეზე და თბილისის მოწინააღმდეგე იყო. მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები არაიმდენად ორმხრივი კონფლიქტი იყო, არამედ მესამის მიერ მართვადი და წახალისებადი. და თუ მთიან ყარაბაღთან მიმართებით ჯერ კიდევ რჩება გაურკვევლობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია – რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ ორივე დამოუკიდებლად აღიარა და მას შემდეგ სოხუმი და ცხინვალი თავის კმაყოფაზე აიყვანა.
აბა, როგორი გრძნობები უნდა ჰქონდეს საქართველოს სომხეთის მიმართ, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული და რომლიდანაც რუსეთს საქართველოსთვის სამხრეთიდან დარტყმა შეეძლო? ვფიქრობ, პასუხი გასაგებია.
მეორე – მხედველობაში ყოველთვის უნდა გვქონდეს ის, რომ საქართველოში არსებობს სომხებით დასახლებული რეგიონი – ჯავახეთი. ქართველებმა, ნათელია, რომ მთიანი ყარაბაღის მაგალითზე შორს მიმავალი დასკვნები გააკეთეს: [სომხეთის საზღვართან მდებარე] ჯავახეთი ხომ მთიან ყარაბაღად შეიძლება იქცეს. სომხური სეპარატიზმი და სომეხთა ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსადმი არაერთჯერადი ხასიათისაა – სადაც მოახერხებენ, ტერიტორიას იქ მოგლეჯენ, მით უმეტეს ჯავახეთში. საერთოდ, ეს რეგიონი დაყოვნებული მოქმედების ნაღმია, რომელსაც ქართველები ხედავენ, მაგრამ მისი გაუვნებელყოფა არ შეუძლიათ.
მესამე – ერევანი თბილისზე იმიტომაცაა დაბოღმილი, რომ ქართველები აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე არ თანხმდებიან, სომხეთს კი ბლოკადიდან გამოსვლა სურს… დიახ, საქართველო სომხეთისათვის მთავარი სატრანზიტო ქვეყანაა, მაგრამ რუსეთისაკენ პირდაპირ მიმავალი „სიცოცხლის გზა“ ჩაკეტილია. სომხები ფიქრობენ, რომ ქართველები რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენას იმიტომ არ თანხმდებიან, რომ ვაითუ აზერბაიჯანს ეწყინოსო და სულაც არ იღებენ მხედველობაში იმას, რომ ქართველებს აფხაზებთან თავიანთი კონფლიქტი და თავიანთი ინტერესები აქვთ.
შეიძლება კიდევ რამდენიმე ფაქტორი ჩამოვთვალოთ, რომლის გამოც საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან მშვიდად ცხოვრება არ შეუძლიათ. მთავარი მიზეზი მაინც „პირადი არაკეთილგანწყობაა“. ძნელია ქართველებს დააბრალო, რომ მათ რომელიმე ერისადმი ძალიან დიდი სიმპათიები აქვთ. ვთხოვ ჩემს თბილისელ მეგობრებს არ ეწყინოთ [რასაც ახლა ვიტყვი]: ქართველებს თავიანთი თავი რაღაც განსაკუთრებულ ერად წარმოუდგენიათ, რომელსაც ვერცერთი ვერ შეედრება, მინიმუმ – კავკასიაში. სომხურ ნაციონალიზმზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. აი, სწორედ ასეთი ფონი – ვინ უფრო უკეთესია, ვინ უფრო უძველესია, ვინ უფრო მეტი ქრისტიანია, პირველმა ვინ გადაიწერა პირ-ჯვარი, ვისი ანბანი უფრო ძველია… და ასე შემდეგ, ასეთი მიდგომები ერთმანეთის მიმართ ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს. სომხები და ქართველები თითქმის მთელი ისტორიის, მთელი ცხოვრების მანძილზე ერთმანეთს ღირსებებით ზომავენ. ისინი ყოველთვის იპოვიან იმის საბაბს, რომ თავიანთ „საუკეთესობას“ ხაზი გაუსვან.
ისე მოხდა, რომ უახლეს დროში ქართველები უფრო ახლოს აზერბაიჯანელებთან არიან, ვიდრე სომხებთან. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც დისკომფორტი შეაქვს თბილის-ერევნის ურთიერთობებში და სანამ პრობლემების ეს მთელი თაიგული იქნება, მანამ სააკიანები ბიბილოვებთან შეხვედრებს კვლავ გააგრძელებენ, ქართველი გიგიაძეები აღშფოთდებიან, აბრამიანები კი ისეთ სახეს მიიღებენ, რომ არაფერი ისეთი მომხდარა, გულუზადეები კი შეხედავენ ამ ყველაფერს და იტყვიან, რომ „ისინი ვერასდროს ვერ მოილაპარაკებენ“.
«РИА Новости» (რუსეთი), 9 მაისი, 2015 წელი
http://ria.ru/radio_brief/20150508/1063419928.html
მოლდოვას ბედი და უბედობა: კორუფციისაგან ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი გადაარჩენს?
მიხეილ შეინკმანი
(შემოკლებით)
მოლდოვა უკრაინის მაგალითს იმეორებს – მიხეილ სააკაშვილი „აიკიდა“. მართალია, ეს აფრიკული „ებოლას“ ავადმყოფობა ან სხვა ისეთი დაავადება არ არის, რასაც გარკვეული ქცევით „აიკიდებენ“ ხოლმე, მაგრამ მაინც ინფექციაა. ეს სენი ქვეყანაში პრემიერ-მინისტრმა კირილ გაბურიჩმა შეიტანა: ჩავიდა კიევში, [შეხვდა მიხეილ სააკაშვილს] და დაავადდა. ახლა ამ ინფექციას თავის რესპუბლიკაში ავრცელებს…
მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში ყოველ ორ კვირაში ეწვევა ხოლმე და კიშინიოვს თითო რეკომენდაციას გამოუცხობს კორუფციასთან საბრძოლველად. გავა ცოტა დრო და მექრთამეობაც აღმოიფხვრება. ჩვენაო, ამბობს კირილ გაბურიჩი, ევროპულ კურსში სწორედ კორუფცია გვიშლის ხელსო. ჰოდა, ახლა თბილისიდან გაქცეული ექს-პრეზიდენტი დაეხმარებათ. „ბატონ მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ფართო და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. ამ გუნდის წევრები საერთაშორისო ექსპერტები არიან“, – განაცხადა კირილ გაბურიჩმა. საინტერესოა, როგორი უფლებამოსილება ექნება მიხეილ სააკაშვილს? ჯერ-ჯერობით ეს უცნობია, თუმცა ის უკვე ცნობილია, რომ იგი წესრიგს ჯერ პოლიციაში დაამყარებს, შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრსა და „მოუსყიდველი ადამიანების კომისიაში“ (ასეთი კომისიაც ჰქონიათ მოლდოველებს!).
მოლდოვა მიხეილ სააკაშვილისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინა არ არის. იქ ისეთი გაქანება არ ექნება, რომ სულს ესიამოვნოს, მაგრამ მუშაობის რაღაც ფრონტი მაინც იქნება. ისე, გამორიცხული არ არის, რომ კიევს ქართველი მრჩევლის თავიდან მოშორება უნდა. არა, იმიტომ კი არა, რომ მან თვისი მისია უკვე შეასრულა. უბრალოდ, თავის თავზე ზედმეტს იღებს – სამხედრო საქმეში გაგებაში არ არის, მაგრამ საომარი მოქმედებების ზონაში მიდის, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე კი არა, არამედ სადღაც შორს და იქიდან ტელეეკრანზე თავს იწონებს.
შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი არ ცრუობს, როცა ამბობს – მე საქართველოს გარეთაც საქართველოსთვის ვმუშაობო. იგი მართლაც მუშაობს და ცდილობს, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებთან ახლოს იყოს, მაგრამ რა შედეგია? გარდა ამისა, თუ იმ დაპირებებით ვიმსჯელებთ, რასაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელებს პირდებოდა, მომაკვდინებელი იარაღი თავზესაყრელი გექნებათო, მაშინ… ახლაც იგი თავისი გუნდით მოლდოვას თუ დაეხმარება, მთელ ანტიკორუფციულ ბიუჯეტს შეუჭამს.
საერთოდ, მოლდოვაში პროდასავლური ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაბალია – 10%-ზე ნაკლები. არაა გამორიცხული, რომ პრორუსული ძალები რევანშს აიღებენ. მოსახლეობა კორუფციაში სწორედ მედასავლეთეებს ადანაშაულებენ, ანტისამთავრობო აქციები კიშინიოვშუ უკვე იმართება. ჰოდა, მიხეილ სააკაშვილის მიწვევას, შესაძლოა, აქციების მიმართ ერთგვარი აცრის მნიშვნელობაც ჰქონდეს.
ჩვენ დავუკავშირდით კიშინიოვში მოძრაობა „ანტიმაფიის“ ხელმძღვანელს სერჯიუ მოკანუს:
- მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვაში იგივე უნდა გააკეთოს, რასაც თქვენ აკეთებთ. გჭირდებათ მისი კომპანიონობა?
- საქმე იმაშია, რომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება პანიკაში იმყოფება. მოლდოვას მოსახლეობამ უკვე ყველაფერი დაინახა და ამ მაფიოზური ხელისუფლების მოშორება სურს. რადგანაც სააკაშვილს მოლდოვაში დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა კორუფციასთან მებრძოლი ადამიანის რეპუტაცია, ახლა მისი გამოყენება სურთ, როგორც სიმბოლოსი, რომელმაც საქართველოში წარმატებას მიაღწია. მაგრამ ეს მხოლოდ სიყალბეა და მეტი არაფერი. აბა, განა მიხეილ სააკაშვილი იმის წინაარმდეგ წავა, ვინც იგი მიიწვია? მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლად ფილატი, რომელიც მოლდოვაში მთავარი კორუფციონერია, მიხეილ სააკაშვილის მეგობარია… აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ჩვენი მთავრობის მაფიოზურობას დამალავს და ეგ იქნება.
- როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეგ „მაფიოზურობა“?
- აღმოიფხვრება, თუ ვლად ფილატი და [მისი ამფსონი] ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი საპყრობილეში ჩაჯდებიან. მათი გასამართლება კი შეიძლება მხოლოდ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ.
ძნელი სათქმელია, თუ რა ეფექტს ელოდება მოლდოვას ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიწვევით. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ექს-პრეზიდენტი მოლდოვასაგან კიდევ ერთ პატარა საქართველოს შექმნის… ძალიან სარისკო იდეაა, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა შედარებით დიდი საქართველო თავისი მმართველობით უფრო დააპატარავა….