globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 9th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი მოსკოვს საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს // სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო არტერიების გამოცოცხლება საქართველოზეა დამოკიდებული

«Die Presse» (ავსტრია): სასამართლო პროცესი ვენაში: მკვლელობა, რომელიც სავარაუდო ტერორისტმა ჩაიდინა [ლოპოტას ხეობაში ბრძოლის დროს]

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბრაიტონიდან ლას ვეგასამდე – „საბჭოთა კრიმინალური დაჯგუფების“ [ქართული] ნაკვალევი

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 09 ივნისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-06-09/6_7006_georgia.html

თბილისი მოსკოვს საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის არტერიების გამოცოცხლება საქართველოზეა დამოკიდებული

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მკაცრადაა გაკრიტიკებული მოსკოვი „საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების იმპლიმენტაციისაგან თავის არიდების“ გამო. რუსულ მხრეს ჯერ-ჯერობით ქართველი კოლეგების გამოხტომაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აშკარაა, რომ წარმოქმნილი მორიგი წინააღმდეგობრიობა და პრეტენზიები, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამავალი კომუნიკაციების აღდგენის პროექტის რეალიზებას, რომელიც ისედაც „ჰაერშია გამოკიდებული“, არანაირად არ წაადგება“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელიც 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველო-რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების („საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ“) შესრულების პერსპექტივას ეხება (ავტორი – იური როქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

„თბილისის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა რომელიც ივნისის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მოხდა: ღონისძიებაში მონაწილე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალი მზადაა უზრუნველყოს ტვირთების ტრანზიტი რუსეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის [როკის გვირაბის მეშვეობით] მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტში სამხრეთ ოსეთი,  სხვებთან ერთად, თანაბარი უფლებებით იქნება წარმოდგენილიო. რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გაუკეთა ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, მიესალმა მის პათოსს („კონსტრუქციული და საპასუხისმგებლო პოზიცია“) და აღნიშნა, რომ ეს პროექტი სარგებლობას მოუტანს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანასო. ამასთან იქვე მიუთითა, რომ „კარგი იქნება, თუ საქართველოცც ასეთივე კონსტრუქციულ განწყობას გამოავლენს“.

თბილისის პასუხმაც არ დააყოვნა…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზემოთაღნიშნული „შეთანხმების ობიექტსა და მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის მონიტორინგი. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნის – შვეიცარიის კონფედერაციის ხელშეწყობით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ დოკუმენტის პრაქტიკული ამოქმედებისაკენ. კერძოდ, არჩეულ იქნა ნეიტრალური კომპანია, რომელმაც უნდა გაწიოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგი. საქართველოს კონსტრუქციულობით მოხერხდა კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტის ტექსტის შეთანხმება, განისაზღვრა რამდენიმე იურიდიული დოკუმენტი პროცესის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად. საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან განისაზღვრა შესაძლო ტერმინალების მდებარეობა. შესაბამისად, ამ მოქმედებით საქართველომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა ყველა წინასწარი პროცედურა ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისა და შეთანხმების აღსრულებისთვის. რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების კომენტარს მიზანმიმართულად ჩიხში შეჰყავს პროცესი. კერძოდ, რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას. საქართველოს მხარე, მხარს უჭერს რა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს საერთაშორისო ვაჭრობის ღიაობის თაობაზე, მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს  პრინციპული შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ნაბიჯს  და არ დაუშვან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიზირება“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ უკვე წერდა მხარეთა გარკვეული აქტიურობის თაობაზე 2017 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალი კომუნიკაციების აღდგენის საკითხი იყო განხილული (სოხუმში სერგეი ლავროვის ვიზიტის ფონზე). მათგან განსაკუთრებით საყურადღებო რკინიგზაზე მოძრაობის დაწყებაა. სოხუმს და ცხინვალს პროექტში მონაწილეობა თანასწორი უფლებებით სურთ, რაც ქართულ მხარეს არ აწყობს – თბილისისთვის ამგვარი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია: საქართველო არ აღიარებს თანასწორ მხარედ არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს. ანუ აშკარაა, რომ თბილისი თავის პოზიციას არ შეიცვლის.

საერთოდ, ეს კომუნიკაციები და მიმართულებები (რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი, „ტრანსკამი“ – ტრანსკავკასიური მაგისტრალი) საქართველოსთვის მაინცდამაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. დღეს გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეთია, რომ რუსეთთან კომუნიკაციის საკითხში საქართველო თავის ამოცანებს მათ გარეშეც მშვენივრად წყევეტს (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გვერდავლით), ზემო ლარსის გზით და აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით.  შეიძლება ცოტა ძვირი უჯდება, მაგრამ სამაგიეროდ პოლიტიკური „წყალქვეშა რიფების“ გარეშე. თანაც თბილისი დროდადრო კომუნიკაციების საკითხს სათავისოდ იყენებს – როგორც კი ლაპარაკი დაიწყება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე, ქართველები იმავწუთს გიუმრის სამხედრო ბაზიდან მომდინარე რეგიონულ საფრთხეს ახსენებენ.

უკიდურეს შემთხვევაში საქართველოს ალტერნატიული გზა აქვს „შენახული“ – ე.წ. „ავარეთ-კახეთის გზა“, რომელიც რუსეთის (დაღესტნის) ტერიტორიაზე პრაქტიკულად უკვე მზად არის. დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ სურს გზის თავისი მონაკვეთის მშენებლობა და აცხადებს, რომ ამ გზის ამოქმედება, უსიამოვნების გარდა, სხვას არანაირ სარგებელს არ მოგვიტანსო. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა საკითხისაგან თავის არიდებას უფრო ჰგავს: თუ უსიამოვნებაზეა ლაპარაკი, მაშინ უფრო დიდი უსიამოვნების მოტანა თბილისიდან 40 კმ-ში, სამხრეთ ოსეთში მდგარ რუსულ ტანკებს უფრო შეუძლიათ, ვიდრე ზემოაღნიშნული გზის ამოქმედებას. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ: როგორც კი საქართველო „ავარეთ-კახეთის გზას“ ეკონომიკურად მიზანშეწონილად ჩათვლის, თბილისი თავის ტერიტორიაზე მის მშენებლობას ულაპარაკოდ დაიწყებს.

ამრიგად, დასკვნა: აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით კომუნიკაციების აღდგენა უფრო მეტად თვით სოხუმს და ცხინვალს სურთ. ისინი იმედოვნებენ – იქნებ როგორმე ხაზინაში რაღაც დამატებითი ფული შემოვიდესო. აშკარაა, ასევე უნდა რუსეთსაც – სამხრეთ კავკასიაში თავის ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთთან კავშირებისთვის (იქ ხომ რუსეთის ყველაზე დიდი რეგიონული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული). კომუნიკაციის აღდგენა ასევე ჭირდება თვით სომხეთსაც, რომელიც ნახევრადბლოკადურ მდგომარეობაში რჩება. თუმცა, როგორც ჩანს, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უკვე დიდი ხანია გააცნობიერა, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე მათი გეგმები და სურვილები შეუსრულებელია.

«Die Presse» (ავსტრია), 08 ივნისი, 2017 წელი

http://diepresse.com/home/panorama/oesterreich/5230689/Mordprozess-gegen-mutmasslichen-Terroristen-startet-in-Wien?from=suche.intern.portal

სასამართლო პროცესი ვენაში: მკვლელობა, რომელიც სავარაუდო ტერორისტმა ჩაიდინა ლოპოტას ხეობაში ბრძოლის დროს

(შემოკლებით)

ორი დღის წინ ვენაში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც რადიკალურ-ისლამისტური ჩეჩნური ტერორისტული ორგანიზაციის „კავკასიის იმარატის“ სავარაუდო წევრ მუჰამედ ი-ს საქმეს იხილავენ. ბრალდების თანახმად, 2012 წლის ზაფხულში, 17-კაციანი ტერორისტული ჯგუფის მეთაურად ყოფნისას, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზონაში მან რამდენიმე ქართველი ოფიცერი მოკლა. 38 წლის ჩეჩენს, რომელიც ავსტრიაში 2005 წელს ჩამოვიდა, 2009-ში კი ლტოლვილის სტატუსი მიიღო,  „კავკასიის იმარატში“ თითქოსდა მაღალი თანამდებობა ჰქონდა დაკავებული. ეს ორგანიზაცია მიზნად  ისახავს ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებელ ისლამური სახელმწიფოს შექმნას.

სასამართლო პროცესი უსაფრთხოების წესების გაძლიერებული დაცვით მიმდინარეობს და ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. 9 ივნისს პროცესზე ავსტრიის კონტრდაზვერვის უწყების წარმომადგენელი უნდა გამოვიდეს, 13 ივლისს კი სასამართლოზე საქართველოდან მიწვეული მოწმეებიც გამოვლენ. თვით მუჰამედ ი-მ თავისი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ახლა აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა და მოქმედებდა არა ტერორისტის, არამედ აგენტის სახით.

ავსტრიის ხელისუფლება მუჰამედ ი-ს ბრალს სდებს საქართველოს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის კაპიტნის მკვლელობაში. მანვე გამოასალმა სიცოცხლეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის მაიორი და სამხედრო ექიმი. ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მუჰამედ ი. (კოდური სახელით „აბუ ჰამზა“), ვენიდან საქართველოში ჩავიდა, სადაც, აჰმედ ჩატაევის (იგივე დავიდ მაიერის) დავალებით, „კავკასიის იმარატის“ 17 ბოევიკისგან შემდგარი ტერორისტული ჯგუფის მეთაურობა მიიღო. ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევი მიჩნეულია სტამბოლის აეროპორტში 2016 წლის ივნისში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად.

ჯგუფის ცალკეული წევრები ჩეჩენი ლტოლვილები იყვნენ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობდნენ. მაგალითად, მათ შორის იყო 20 წლის ჩეჩენი, რომელსაც უკვე მიღებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი და საქართველოში ჩასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში.

ბრალდების თანახმად, კავკასიაში ასბუ ჰამზის წასვლამდე მოხდა მისი კონსპირაციული შეხვედრა დავიდ მაიერთან ვენაში, რომლის დროსაც მაჰომედ ი-მ მისგან, როგორც თვალსაჩინო ტოპ-ტერორისტისაგან დეტალური დავალებები და ინსტრუქციები მიიღო. გეგმებში შედიოდა ბოევიკების შეღწევა რუსეთში (დაღესტანში) და ტერაქტების განხორციელება. საქართველოში ჩასვლისას დავიდ მაიერი კვლავ შეხვდა მუჰამედ ი-ს და მის ხალხს იარაღი გადასცა. ბოევიკები ფეხით უნდა გადასულიყვნენ დაღესტანში, საზღვრისპირა ზონაში მდებარე ლოპოტას ხეობის გავლით. ბოევიკებმა გზაზე ხუთი ადგილობრივი მცხოვრები შეიპყრეს, რომლებსაც მძიმე ტვირთის ზიდვა აიძულეს.

მაგრამ რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩეჩენი ტერორისტების მიერ დაგეგმილი საზღვარზე გადასვლის განზრახვა შეიტყვეს. საზღვრის დაცვა გაძლიერდა. რუსულმა მხარემ ტერორისტთა გეგმები საქართველოს ხელისუფლებასაც აცნობა. ქართული მხარე ძალიან იყო შეშფოთებული რუსეთის მოსალოდნელი რეაქციით იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტთა რაზმი საზღვარზე გადავიდოდა. გამორიცხული არ იყო, რომ რუსეთს შეიძლებოდა ლოპოტის ხეობა დაებომბა და შემდეგ „თბილისისკენაც წამოსულიყო“, – ნათქვამია ბრალდებაში. ქართულმა მხარემ ჩეჩნების რაზმთან კონტაქტი დაამყარა და მათ „გადარწმუნებას“ შეეცადა, მაგრამ მოლაპარაკება, რომლის დროს დავიდ მეიერმა თავისი ჭეშმარიტი განზრახვა დამალა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამავლობა შესთავაზა, ჩაიშალა. მუჰამედ ი. შიშობდა – ტყვედ რომ ჩავბარდეთ, ვაითუ რუსეთს გადაგვცენო. საბოლოო ჯამში, 2012 წლის 29 აგვისტოს ქართველმა ძალოვნებმა ჩეჩნების რაზმს ცეცხლი გაუხსნეს.

თავისი ამჟამინდელი ჩვენების მიუხედავად, მაჰომედ ი-მ ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში აღიარა ავსტრიის ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური უწყების წინაშე, რომ იგი იმ ბრძოლაში ნებაყოფლობით მონაწილეობდა, თანაც, დაკითხვის ოქმის თანახმად, სამ ქართველ სამხედრო მოსამსახურის გარდა, უფრო მეტი იყო მოკლული“.

მუჰამედ ი. 2016 წლის აპრილში დააპატიმრეს. 2017 წლის იანვარში მან დაიწყო იმის მტკიცება, რომ იგი 2005 წლიდან რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია. უფრო მეტიც, მუჰამედ ი-მ განაცხადა, რომ მისი უშუალო უფროსები თითქოსდა პირადად ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი და მისი ძმა ისლამი არიან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/criminal-syndicate-include-russian-and-georgian-criminals/3893335.html

ბრაიტონიდან ლას ვეგასამდე – „საბჭოთა კრიმინალური დაჯგუფების [ქართული] ნაკვალევი

ეკა მაღალდაძე

„მესმის, რაშიც მდებენ ბრალს, მაგრამ არ მესმის, რატომ“, – უთხრა სასამართლოს 40 წლის რაჟდენ შულაიამ, რომელიც ოთხშაბათს 8 ივნისს, გათენებისას ლას ვეგასში დააკავეს. უკვე შუადღისას ის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა, ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ედება. ამერიკული მედია „საბჭოთა სინდიკატად“ მოიხსენიებს იმ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა და რომლის წევრებიც ეროვნებით ქართველი პირებიც არიან.

სასამართლომ რაჟდენ შულაიას ნიუ-იორკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უშუალო გამოძიება სწორედ იქ მიმდინარეობს და დაჯგუფების ძირითადი ბირთვიც იქ იყო კონცენტრირებული. თუმცა კრიმინალური სინდიკატის საქმეები ნიუ-იორკის ერთ უბანს „ბრაიტონ-ბიჩს“ ბევრად სცილდება და როგორც ირკვევა, ის ნიუ-ჯერსის, პენსილვანიის, ფლორიდისა და ნევადის შტატებშიც მოქმედებდა. დანაშაულს “ეროვნული მასშტაბის მქონედ” მიიჩნევენ გამომძიებლებიც.

რუსულ-ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას გამომძიებლები „Shulaya Enerprise” -ს უწოდებენ, რაჟდენ შულაიას კი „რუსული ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელისა და მაფიის მაღალი რანგის“ წევრად, „საბჭოთა კრიმინალების ელიტური წოდების მატარებლად“, ე.წ. „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ მას „უკიდურესად ძალადობრივი“ წარსული აქვს. საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენეთა თქმით, მისი მოსალოდნელი დაკავების შესახებ რუსული მხარე ინფორმირებული იყო, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ექსტრადიციის თაობაზე მოლაპარაკება არ ყოფილა.

რაჟდენ შულაიას გვარი აქამდე კიდევ ერთ საერთაშორისო გამოძიებაში ფიგურირებდა. 2013 წლის ივნისში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 13 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს. სპეცოპერაციაში იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ლიტვის სამართალდამცავი სტრუქტურები მონაწილეობდნენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მაშინ დაჯგუფების ლიდერ მერაბ ჯანგველაძესთან ერთად დააკავეს „ქურდად ახლადკურთხეული“ რაჟდენ შულაიაც. უცნობია, როგორ დასრულდა სამართლებრივი პროცესი და როგორ მოხვდა ამის შემდეგ შულაია შტატებში.

გუშინ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დააკავეს რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრები და მასთან დაკავშირებული პირები. ბრალდებებს შორისაა: რეკეტი, ფულის გამოძალვა ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, ძარცვა, შეკვეთილი მკვლელობა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები, ჰაკერული თავდასხმები კაზინოების სათამაშო აპარატებზე, ნარკოტიკებით ვაჭრობა, კონტრაბანდა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა.

ბრალი 33 ადამიანს წარედგინა. მათგან 15-ს ქართული გვარი აქვს. ესენი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია. ბრალდებულთაგან ქართული გვარის მქონე სამ პირს ჯერ კიდევ ეძებენ. ესენი არიან: ერეკლე კერესელიძე, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა.

პრაქტიკულად ყველა მათგანი უმძიმეს დანაშაულებშია ეჭვმიტანილი. მათ უმეტესობას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სულ მცირე 20-წლიანი პატიმრობა ექმურება.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მათგანია ამჟამად საქართველოს მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე თანამშრომლობენ თუ არა შესაბამისი სამსახურები ამერიკულ მხარესთან, იცოდნენ თუ არა წინასწარ საქართველოს მოქალაქეების დაკავების გადაწყვეტილების შესახებ და ჰქონდათ თუ არა ამ პირებს კრიმინალური წარსული საქართველოში.

დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ორი ქართველი სპორტსმენიც: შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, UFC -ის წევრი, ლევან მაყაშვილი და WBO- ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე. ინფორმაცია დაჯგუფებასთან მათი უშუალო კავშირების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. ოჯახის წევრები და ახლობლები მათ დაკავებას „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას “სამწუხარო გაუგებრობას” უწოდებენ და ამბობენ, რომ იმედი აქვთ, მალე ყველაფერი გაირკვევა.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ცნობით, დაკავებულთაგან ერთი – ნაზო გაფრინდაშვილი პოლიციამ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. მისი თქმით შეკითხვები შულაიასთან ნაცნობობას შეეხებოდა.

პროკურორმა რაჟდენ შულაიას საბრალდებო დასკვნის წაკითხვისას განაცხადა, რომ დაჯგუფების „კრიმინალური სქემების სია თავბრუდამხვევია“.

ბრალდებათა შორის ფიგურირებს ნიუ-იორკის ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვაც. ამის საშუალებით კრიმინალები ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკების გაყიდვას ახერხებდნენ. ნიუ-იორკშივე, ბრუკლინში მათ ჰქონდათ პოკერის არალეგალური ბიზნესი. რაჟდენ შულაია, გამოძიების ინფორმაციით, თავის კრიმინალურ ავტორიტეტსა და გავლენას იყენებდა იმისთვის, რომ არალეგალური ოპერაციები რამდენიმე შტატში ეწარმოებინა.

რაც შეეხება ლას-ვეგასს, იქ ჩადენილ დანაშაულებზე ჯერ ცოტა რამ გასაჯაროვდა, მაგრამ ცნობილია, რომ ეს დანაშაულები საკრედიტო ბარათებისა და პიროვნების საიდენტიფიკაციო ბარათების გაყალბებას ეხება.

ბრალდებულთა ნაწილს ასევე ედება ბრალი პენსილვანიისა და ნიუ-ჯერსის შტატების კაზინოებიდან ფულის მოპარვის მცდელობაში. ფედერალურ გამომძიებლებს მოპოვებული აქვთ სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც შულაიასა და მის ერთ-ერთ მოკავშირეს, ასევე ბრალდებულს შორის წელს შედგა. ჩანაწერში ისინი განიხილავენ სამორინეებში სათამაშო აპარატების გატეხვის – სასურველი კომბინაციების მიღების შესაძლებლობებს. მათ ბრალი ედებათ ამ მიზნით სპეციალური ელექტრონული საშუალებებით კომპიუტერულ სისტემებში უკანონოდ შეღწევაში. მოპოვებული ჩანაწერებით ასევე ირკვევა, რომ ეჭვმიტანილები გამომძიებლებისთვის კვალის ასარევად იყენებდნენ კოდურ სახელწოდებებსა და დაშიფრული კომუნიკაციის სხვა საშუალებებს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შულაია და სხვები ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილს მაფიის სხვა წევრებს უგზავნიდნენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში.

„რაჟდენ შულაიას დაჯგუფების თითოეულ საქმეზე კონკრეტული პირები მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ ჯგუფები ნიუ-იორკში მოქმედებდნენ, კრიმინალური საქმიანობა ლას-ვეგასამდე იყო გადაჭიმული და ქვეყნის საზღვრებსაც სცილდება. დაჯგუფების წევრების უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშია დაბადებული და მათ მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ, საქართველოსთან, რუსეთთან და უკრაინასთან. ხშირად მოგზაურობდნენ ამ ქვეყნებში, ჰქონდათ კავშირი სხვა კრიმინალებთან და რიცხავდნენ კრიმინალური საქმიანობით მოპოვებულ ფულს ამ ქვეყნებში”, – ვკითხულობთ იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

მანჰეტენის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ კიმი ამბობს, რომ ეს არის „ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ფედერალურმა სასამართლომ რეკეტიორობის ბრალდება რუს „ქურდს“ წაუყენა“. რაჟდენ შულაიასთან ერთად დაჯგუფების ლიდერად მოხსენიებულია ზურაბ ჯანაშვილიც.

ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულში სდებენ ბრალს 26 წლის ნიკოლოზ ჯიქიას – მას შეკვეთილ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობაში ედება ბრალი. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

დაჯგუფების „ანგარიშზე“ არაერთი უჩვეულო დანაშაულია: ისინი დაჯგუფების წევრ ქალებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ამ უკანასკნელთ ეცდუნებინათ მამაკაცები, რომლებსაც მოგვიანებით ქლოროფორმით წამლავდნენ და ძარცვავდნენ. გარდა ამისა, მათ გემიდან მოიპარეს 4.5 ტონა შოკოლადის ტვირთი.

გამოძიების ინფორმაციით, “შულაიას ენტერპრაიზი” ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი იყო, რომელიც უშუალოდ რაჟდენ შუალაიას ხელმძღვანელობითა და პატრონაჟით ფუნქციონირებდა. შულაია, რომელსაც “კანონიერ ქურდად” მოიხსენიებს გამოძიება, ხსნის, როგორ იყენებდა ის თავის გავლენას “რანგით უფრო დაბალი კრიმინალების” კონფლიქტების გადასაწყვეტად, როგორ სთავაზობდა მხარდაჭერას და დახმარებას დაჯგუფების სხვა წევრებს და ა.შ.

შულაია, ჯანაშვილი, უგლავა, ჩაგანავა, ტორაძე, ბუზიაშვილი, ლომიშვილი და კანადაშვილი – მათ მოპარული საქონლის ტრანსპორტირება-გაყიდვაში ედებათ ბრალი, ასევე სიგარეტის კონტრაბანდის სქემის შემუშავება-განხორციელებაში და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფინანსური დოკუმენტების დამზადებასაც.

შულაია, ჯანაშვილი და კერესელიძე სხვა ტიპის ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაში არიან ბრალდებულნი. ლომიშვილი კი ჰეროინითა და კოკაინით ვაჭრობაში.

შულაია, უბილავა, უგლავა, გაბისონია და მაყაშვილი კი ფინანსურ თაღლითობაში და კაზინოების გაძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი. მათი სქემით, კრიმინალებს ატლანტიკ სითისა და ფილადელფიაში ელექტრონული მოწყობილობებისა და პროგრამების გამოყენებით, სათამაშო აპარატების მოსალოდნელი კომბინაციები უნდა გამოეცნოთ და წაგების ალბათობა მინიმუმამდე შეემცირებინათ.

მაყაშვილის მსგავსად, რამდენიმე საბრალდებო აქტში ფიგურირებს მეორე მოკრივის, ავთანდილ ხურციძის გვარიც. ბრალი მასაც რეკეტსა და სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ფინანსური თაღლითობის დაგეგმვაში ედება. თითოეულ მათგანს შესაძლოა ციხეში 20 წლის გატარება მოუწიოს.

Comments are closed