globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 9th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): რისთვის სჯის საქართველო სომხეთს?

«Die Presse» (ავსტრია): ქართული რეფორმისტული შტორმი კიევში

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესის ოლქის „დაფერთხვა“ დაიწყო

«Hurriyet Daily News» (თურქეთი): მიხეილ სააკაშვილი თურქული ავიაკომპანიის მფარველობაში დაადანაშაულეს

————————

«Lragir» (სომხეთი), 9 ივლისი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/43174

რისთვის სჯის საქართველო სომხეთს?

აკოფ ბადალიანი, მიმომხილველი

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსთან, სომხური სატვირთო ავტომანქანების (ავტოფურების) დიდი რიგი წარმოიქმნა. განსაკუთრებით ცუდი სიტუაციაა იმ ავტომანქანებისთვის, რომლებთაც რეფრიჟერატორები (მაცივრები) არ აქვთ. როგორც ამბობენ, საკონტროლო-გამშვები პუნქტი მხოლოდ დღის საათებში მუშაობს, ავტოფურების რაოდენობა კი იმდენია, რომ რიგი არ მცირდება. ქართული მხარის ცნობით, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის შეზღუდული მუშაობის მიზეზი მეწყერების შესაძლო ჩამოწოლაა.

მართლაც მეწყერების ჩამოწოლის შესაძლებლობაა იმის მიზეზი, რომ ზემო ლარსის პუნქტი საღამოსა და ღამის საათებში არ მუშაობს? თუ აქ რუსეთ-საქართველოსა და სომხეთ საქართველოს ურთიერთობების პრობლემები უნდა ვეძებოთ? მაგალითად, შეასრულა თუ არა ამაში როლი იმ ფაქტმა, რომ სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა, საქართველომ კი ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას? ალბათ, არა, რადგან ამაზე მხარეები არაფერს ლაპარაკობენ. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ტრანზიტის საკითხში არსებული პრობლემის შესახებ რაიმე სიგნალი არ ყოფილა.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ რატომ გადაწყვიტა თბილისმა ერევნის დასჯა? ერევნის დასჯა – ამას იმიტომ ვამბობთ, რომ რუსეთს  ძალიან მცირე ზარალი მიადგება, სომხეთს კი ძალიან დიდი – საზღვარზე ხომ სომხური ფურები დგანან სწრაფფუჭებადი ტვირთებით?

თუმცა, შეიძლება აქ ევროკავშირია დამნაშავე, რომელიც საქართველოს იყენებს სიტუაციის ასარევად და ხელს უშლის ევრაზიულ „სამოთხეში“ სომხეთის დამკვიდრებას? ალბათ, იმ მიზნით, რომ ერევანმა კარგად გააცნობიეროს თავისი უიღბლო ბედი და „ექსანკლავური“ სტატუსი ევრაზიულ კავშირში.

ასეა თუ ისე, ამჟამინდელ სიტუაციაში მოსკოვი, ალბათ, შეეცდება, რომ სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის მეშვეობით დაუკავშირდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღის პრობლემის გამო, არანაირი პროგრესი არ იქნება.

ისე, ჩვენში დარჩეს და რუსეთი სომხეთთან კომუნიკაციებით მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის. მოსკოვი შეიძლება მხოლოდ მაშინ გააქტიურდეს, თუ სომხეთი გაბედავს და მოითხოვს, რომ რუსეთმა მასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის მუშაობა უზრუნველყოს, თორემ სომხეთი იძულებული გახდება სხვა ვექტორები ეძებოს (ჩათვალე: ევროპული).

მაგრამ საეჭვოა, რომ ერევანმა რუსეთის წინაშე მსგავსი მოთხოვნა დააყენოს. რაც უფრო უბადრუკი ხდება ევრაზიული პერსპექტივა სომხეთისათვის, მით უფრო ნათლად იკვეთება ფუტურისტული სურათი იმ სინამდვილისა, რომლის დახატვასაც ევრაზიულობის აპოლოგეტები ცდილობენ.

«Die Presse» (ავსტრია), 9 ივლისი, 2015 წელი

http://diepresse.com/home/politik/aussenpolitik/4772029

ქართული რეფორმისტული შტორმი კიევში

ავსტრიის გაზეთ „დი პრესე“-ში დაბეჭდილ სტატიაში (ავტორი – იუტა ზომერბაუერი) საუბარია უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურებში დასაქმებულ ქართველ ჩინოვნიკებზე.

„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებს უკრაინის მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები აქვთ დაკავებული. შეძლებენ თუ არა ისინი მოსახლეობის განწყობის შეცვლას და სიახლეების დანერგვას?

უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის „ალფას“ ჯგუფის წევრებმა გასულ კვირას გენერალური პროკურატურის ორი მაღალჩინოსანი დააკავეს, ქრთამის აღების მომენტში. მოგვიანებით გენპროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ თავის „ფეისბუქში“ ასე ჩაწერა: „ხელშეუხებელი არავინაა. გენპროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობა პასუხისმგებლობისაგან არავის ათავისუფლებს“. უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ დანიშნვნამდე 34 წლის დავით საყვარელიძე საქართველოს ანალოგიურ სტრუქტურაში, ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა. წარმატებული საქმიანობის გამო იგი ბევრჯერ შეუქიათ.

დავით საყვარელიძე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქართველს შორის, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლების სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები უკავიათ. საქართველო – ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა, რეფორმების განხორციელების საქმეში, უკრაინისათვის სანიმუშო ქვეყნად ითვლება. კიევი ქართველ ემიგრანტებზე დიდ იმედებს ამყარებს.

ყველაზე ცნობილ ქართველად, რა თქმა უნდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტი  ითვლება, რომელიც ოდესის ოლქის გუბერნატორადაა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილს პრეტენზიები აქვს  ადგილობრივი პროკურატურის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, ბანდიტიზმითაა დაკავებული. „მიშა“, როგორც მას ადგილობრივები ეძახიან, ხშირად მგზავრობს სამარშრუტო ტაქსით ოდესელებთან ერთად, დადის ველოსიპედით, საუბრობს მოსახლეობასთან და მოქალაქეებს კორუფციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის აღმოფხვრას პირდება.

ეკა ზღულაძე კიდევ ერთი ქართველია, რომელიც უკრაინის მთავრობაში მუშაობს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. მას იგივე თანამდებობა ჰქონდა საქართველოშიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. ეკა ზღულაძის მთავარი ამოცანაა უკრაინაში მილიციის რეფორმის განხორციელება და საპატრულო სამსახურის ჩამოყალიბება. რამდენიმე დღის წინათ მოსახლეობამ ეკა ზღულაძის შრომის ნაყოფი იხილა – კიევის ქუჩებში ახალი პატრული გამოჩნდა: ორი ათასი ახალგაზრდა, ქართული პოლიციის მსგავსად, ელეგანტურ ფორმაში და მაღალი ხელფასით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის კორუმპირებულ ავტოინსპექციაში რეფორმები დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. „ახალი პოლიციის მიზანი ხალხისადმი სამსახურია“, – ამბობს ეკა ზღულაძე ინტერვიუში.

საქართველოში პოლიციის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა, რის საფუძველზეც წვრილი კორუფცია სრულიად აღმოიფხვრა. კიევის მთავარ ქუჩას – კრეშჩატიკს უკვე დაეტყო პატრულის მუშაობის კვალი: აღარ ჩანს უწესრიგოდ დაყენებული ავტომანქანები, ხალხი წესრიგს იწონებს. წლის ბოლომდე საპატრულო სამსახური უკრაინის სხვა ქალაქებშიც დაიწყებს საქმიანობას.

მიაღწევენ უცხოელი სპეციალისტები წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს. ნათელია, რომ კიევის მთავრობისათვის რეფორმების წარმატება ჰაერივით აუცილებელია. „უცხოელი სპეციალისტების უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ისინი კარგად გრძნობენ მოსახლეობის განწყობას. მათთვის შრომის ანაზღაურება კია არაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ სახელი და რეპუტაცია, რეფორმების წარმატება“, – ამბობს ვლადიმირ გორბაჩი, კიევის ევროატლანტიკური თანამშრომლობის ცენტრის პოლიტანალიტიკოსი.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 9 ივლისი, 2015 წელი

http://www.ft.com/intl/cms/s/0/3cd4fe44-2496-11e5-bd83-71cb60e8f08c.html

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესას „დაფერთხვა“ დაიწყო

„ოდესიდან ბოლგრადამდე, პეტრო პოროშენკოს მშობლიურ ქალაქამდე, ექვსსათიანი გზა არის გასავლელი. გზას ვამბობ, თორემ რა გზაა – ისეა გადათხრილი ორმოებით, რომ საეჭვოა ასეთი რამ სადმე ნახოთ, თვით დონბასშიც კი, სადაც ბომბები ფეთქდება. ახლა გასაგები ხდება, თუ რატომ დანიშნა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად“, – წერს რომან ოლეარჩიკი, პუბლიკაციის ავტორი.

სტატიაში აღწერილია პატარა ქალაქ ბოლგრადის პრობლემები, რომელიც, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ვიქტორის თქმით, „ყველასაგან მივიწყებულია, მოსახლეობა კი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. კიეველი ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ქალაქს აღარ სტუმრობენ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა“. თუმცა  ვიქტორი იქვე ოპტიმისტურად ამბობს: „აი, მიხეილ სააკაშვილი დღემდე მოგვწონს“.

შარშან იყო იმის საფრთხე, რომ სეპარატისტულ აღმოსავლეთ უკრაინაში (დონბასში) დაწყებული კონფლიქტი ოდესის ოლქში, ამ რუსულენოვან რეგიონშიც გავრცელდებოდა. მართალია, შეტაკება მოხდა უკრაინელებსა და რუსებს შორის, მსხვერპლიც იყო, მაგრამ მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება როგორღაც მოხერხდა. ზოგიერთებს მიხეილ სააკაშვილისა ეშინოდათ – „უცხოელია, ქართველია, ვაითუ, ომი ისევ დაიწყოსო“ და იხსენებდნენ 2008 წელს, როცა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, პროდასავლელმა პოლიტიკოსმა და რეფორმატორმა, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ანკლავს შეუტია, რუსეთის არმიის პირისპირ აღმოჩნდა და ამით კინაღამ გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია. კიევი იმედოვნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წარმატებას გაიმეორებდა, ეკონომიკურ ზრდას მიაღწევდა და ამით გაანეიტრალებდა ოდესის მოსახლეობის პრორუსულ პოზიციას.

მიხეილ სააკაშვილის ჩასვლამ ოდესაში მოსახლეობას იმედი ჩაუსახა: იგი კიევში სწავლობდა, კარგად ლაპარაკობს რუსულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე და, ალბათ, მთელ ენერგიას მოახმარს ოდესის ოლქის განვითარებას. ოდესასაც ხომ თითქმის იგივე პრობლემები აქვს, როგორიც საქართველოს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე, ათი წლის წინათ.

ოდესელებს სჯერათ, რომ გზების რეკონსტრუქცია დაჩქარდება. მიხეილ სააკაშვილმა კორუმპირებული რეგიონული ჩინოვნიკები სამსახურიდან გაათავისუფლა, მოსახლეობას ინვესტიციები და სამუშაო ადგილები აღუთქვა, რითაც ადგილობრივი მცხოვრებლების გული მოიგო.

გასულ კვირას ოდესის ოლქის გუბერნატორი ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია, პირადი მცველების გარეშე, ჩაჯდა მგზავრებით გატენილ და ოფლის სუნით გაჟღენთილ მიკროავტობუსში და როგორც ამას ხშირად აკეთებს ხოლმე, ოლქის რამდენიმე რაიონი მოინახულა, რათა საკუთარი თვალით ენახა, ვინ რითია დაკავებული და რომელი საქმე არ კეთდება. თავდაპირველად მისმა გამოჩენამ მგზავრები შოკში ჩააგდო, მას გაკვირვებულნი უყურებდნენ, შემდეგ კი თავიანთ პრობლემებზე გულღია საუბარი დაიწყეს. მიხეილ სააკაშვილმა მათ გზადაგზა უთხრა, რომ ოდესაში სწრაფად უნდა განვითარდეს ბიზნესი და ტურიზმი, რომ კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი ზომები უნდა იქნეს მიღებული. „ძველი სისტემა უნდა დაინგრეს“, – თქვა მან მიკროავტობუსის ჯაყ-ჯაყის ფონზე, – ჩვენი პასუხია რევოლუციური რეფორმები. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“.

„ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინი შეთქმულებას აწყობს და აქ სეპარატიზმის გაჩაღებას ცდილობს, – დაამატა მან, – ოდესის გარეშე კი უკრაინა დაკარგულია. აღარ იქნება შავ ზღვაზე გასასვლელი, სადანაც უკრაინული პროდუქციის ექსპორტი ხდება“.

როცა მიკროავტობუსი შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქ სერგიევკაში შევიდა, იქაურმა მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილის წინაშე ქალაქის მერი გააკრიტიკა (იგი სერგიევკას თითქმის 10 წელია მართავს და ამ ხნის მანძილზე არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია) და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მათ ოლქის გუბერნატორს მცირე ექსკურსია მოუწყეს, აჩვენეს ქალაქის მოშლილი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი ბობოლა ჩინოვნიკების მდიდრული სახლები.

„თქვენმა სტუმრობამ იმედი მოგვცა და შიში გაგვიფანტა“, – მიმართა ოდესის ოლქის გუბერნატორს 26 წლის სერგიევკელმა სერგეი ლუტენკომ, რომელიც ქალაქის მერის კონკურენტი იქნება არჩევნებში.

რამდენიმე საათის შემდეგ, ოდესაში რომ დაბრუნდა, მიხეილ სააკაშვილმა შეკრიბა ანტიკორუფციული სტრუქტურების ხელმძღვანელები და თათბირის პირდაპირი ეთერით გადაცემა მოითხოვა. გუბერნატორმა ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან მათ წლის დასაწყისიდან არცერთი ჩინოვნიკი არ დაუპატიმრებიათ კორუფციის გამო: „თქვენ ხომ თვითონ ნახეთ, რა დღეშია გზები? სად წავიდა მშენებლობისათვის გამოყოფილი ფული? ყველას გათავისუფლებთ თანამდებობიდან, რადგან არაფერის გამკეთებლები არ ხართ“. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ მკაცრი ზომების მიღების შემდეგ რეგიონული ჩინოვნიკები პანიკამ მოიცვა, ბევრმა საკუთარი ხარჯებით დაიწყო გზების ხელახალი გაყვანა.

გუბერნატორის გეგმებშია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ჩინოვნიკების რაოდენობის შემცირება (8 ათასიდან 5 ათასამდე), მოსაგვარებელია ნავსადგურებში საბაჟო მოსაკრებლების გადახდის საკითხიც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძველ ბიუროკრატებს დასავლურ განათლებამიღებული და უფრო მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტებით შეცვლის. მისი მუშაობის ეპატაჟური სტილი იუმორით განთქმულ ოდესელებში ზოგჯერ ღიმილსაც კი იწვევს, თუმცა, როგორც ბოლგრადელი ვიქტორი ამბობს, „მიხეილ სააკაშვილმა უკვე იმდენი რამ გააკეთა ერთ თვეში, რამდენიც სხვებს წლების განმავლობაში არ გაუკეთებიათ“. მოკლედ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ოდესის ოქლის შეჯანჯღარება-დაფერთხვა დაიწყო…

«Hurriyet Daily News» (თურქეთი), 9 ივლისი, 2015 წელი

http://www.hurriyetdailynews.com/saakashvili-accused-of-defending-turkish-commercial-interests-in-ukraine.aspx?pageID=238&nID=85167&NewsCatID=353

მიხეილ სააკაშვილი თურქული კომპანიის მფარველობასა და მისი ინტერესების დაცვაში დაადანაშაულეს

დენიზ ბერქთეი, კიევიდან

სამსახურიდან გათავისუფლებულმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქული ავიაკომპანიის ინტერესების მფარველობაში დაადანაშაულა. საქმე იმაშია, რომ ამ რამდენიმე დღის წინათ მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის ოდესის ოლქის ახალმა გუბერნატორმა, საჯაროდ მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო ავიასამსახურის ხელმძღვანელი დენის ანტონიუკი და იგი კორუფციაში ამხილა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი მეგობრის – მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირა და დენის ანტონიუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც, თავის მხრივ, საჩივრის წერილი გაუგზავნა გენპროკურორს და მიხეილ სააკაშვილი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა.

როგორც დენის ანტონიუკის წერილიდან ირკვევა, საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება სახელმწიფო ავიასამსახურის სხდომაზე შეჭრილიყო და მასში მონაწილეობა მიეღო. გარდა ამისა, დენის ანტიონიუკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი მოქმედებით თურქული ავიაკომპანიის ინტერესები დაიცვა. წერილში ავიაკომპანიის სახელწოდება დაზუსტებული არ არის. ზოგადად, კი ოდესის ოლქში, უფრო მეტად კი სამშენებლო სექტორში, თურქულ კომპანიებს მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვთ, დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ოდენობით.

უცნაური დამთხვევაა: მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის უკანასკნელ შეხვედრაზეც, 2008 წლის 22 თებერვალს, სწორედ ავიაციის საკითხები განიხილეს. იმ პერიოდში ორივე თითქმის ერთნაირ პოზიციებზე იდგნენ, მაგრამ სულ მალე ქართველებსა და ოსებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გამწვავდა, მოგვიანებით კი კონფლიქტში რუსეთის არმია ჩაერია. საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დამარცხდა და რადგანაც მას უფლება აღარ ჰქნოდა მესამე ვადით არჩეულიყო პრეზიდენტად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა. იგი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა მასამ, სანამ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სეთავაზება არ მიიღო ჯერ მის მრჩევლად, ხოლო შემდეგ შავიზღვისპირა ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნაზე.

———-

შენიშვნა

უკრაინის მედიის ცნობით, ის ავიაკომპანია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ლობირებს და რომლის ინტერესებსაც იგი იცავს, არის თურქული ავიაკომპანია „ატლაჯეტი“. „ატლასჯეტმა“ საქართველოში ფრენა 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო.

Comments are closed