«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): 08.08.08 – რვა წლის შემდეგ
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ლარა ლინდერმანთან: „რუსეთმა ომი დასავლეთთან საქართველოს კავშირების დასაბლოკად გამოიყენა“
«КоммерсантЪ» (რუსეთი): რატომ ხდებიან ასე სწრაფად მტრები მეგობრებად: რუსეთი-თურქეთი-საქართველო
«The Washington Post» (აშშ): დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინის ზეწოლას ვერ გაუძლებს // თუ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, პუტინი მას საქართველოზე უარის თქმას მოსთხოვს
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 აგვისტო, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-8-anniversary-of-august-russo-georgian-war/3455362.html
08.08.08 – რვა წლის შემდეგ
ზაზა წულაძე
“რუსეთი ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მეზობელი ერის წინააღმდეგ“ – ასე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აგვისტოს ომის მერვე წლისთავის აღნიშვნის დროს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც რუსეთთან ომის დროს დაღუპული ქართველი მეომრები განისვენებენ.
2008 წლის აგვისტოს ომში რუსულმა ტყვიამ 224 სამოქალაქო პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს 170 მებრძოლი შეიწირა. მათ შორის 22 ოფიცერი, 133 კაპრალი და სერჟანტი, 10 რეზერვისტი, 3 მოხალისე და ერთი რიგითი. ყველაზე დიდი დანაკლისი შეიარაღებული ძალების IV ქვეითმა ბრიგადამ განიცადა.
ხუთდღიანი ომის დროს სულ 2232 საქართველოს მოქალაქე დაიჭრა, აქედან 1187 სამოქალაქო და 1045 სამხედრო პირი. ყველაზე მეტი დაჭრილი აქაც IV ქვეით ბრიგადას ჰყავდა (271), შემდეგ მოდიან – II ქვეითი ბრიგადა (251) და ეროვნული გვარდია (116).
ავიაციის უმცროსი სერჟანტი, ბორტ-მექანიკოსი, 20 წლის გიორგი ნანუაშვილი მარნეულის სამხედრო აეროდრომზე, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულ დაბობვას შეეწირა. დედამისი ჟუჟუნა ნანუაშვილი ამბობს: „მეტყოდა ხოლმე – დედა, მე მაგარი ვიქნები, იცოდე მაგარი კაცი გავხდები! სამშობლობლოსთვის იმდენს გავაკეთებ, რომ შენ ყოველთვის იამაყებ ჩემითო… ყოფილიყო გმირი, ოღონდაც ცოცხალი ყოფილიყო…(ტირის). ხომ შეიძლებოდა! ისე ვიამაყებდი… ყოველი 8 აგვისტო ჩემთვის მწარეა, ის იყო ჩემი გამორჩეული შვილი, რომელიც ძალიან მიყვარდა“.
აგვისტოს ომმა დევნილთა დიდ არმიას დამატებით 26 000 საქართველოს მოქალაქე შემატა და ჯამში, მათმა რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით – თითქმის 264 000 დევნილი შეადგინა.
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას კონტროლი დაკარგული აქვს ახალგორის, ყორნისის, ჯავის რაიონებზე და ქალაქ ცხინვალზე. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორია ჯამში 4 300 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ასევე, ოფიციალური თბილისის ხელისუფლება აღარ ვრცელდება გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებზე, კოდორის ხეობასა და ქალაქ სოხუმზე, ჯამში – 8 700 კვადრატულ კილომეტრზე. რუსეთის ფედერაციას სულ ოკუპირებული აქვს 13 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, სადაც 1015 სოფელი, დაბა და ქალაქი მდებარეობს. „მცოცავი ანექსიის“ ტაქტიკის შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიების საერთო ფართობი წლიდან წლამდე იზრდება.
საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ 2011 წლიდან აპირებდა ომისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი დაეთვალა (ბორჯომის ნაკრძალის გადაწვა; ფოთის აკვატორიაში სამხედრო გემების ჩაძირვა; ზღვის დაბინძურება; გორთან 700 ტონა ნავთობის დაღვრა და ძლიერი ხანძარი; ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა და ბაქო-სუფსას ნავთობსადენის გაჩერება; რკინიგზის, აეროდრომების, ხიდების, გზების, სამხედრო ბაზების აფეთქება; სამხედრო ტექნიკის დატაცება, საკურორტო სეზონის კატასტროფა, საბანკო სისტემის და ბიზნესის გაჩერება და ა.შ), თუმცა, ზუსტი ციფრი ამ დრომდე უცნობია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ 5-დღიან ომში უმძიმესი სამხედრო დამარცხების მიზეზები სამხედროებმა უკვე გამოიკვლიეს, დამნაშავეების დასჯა კი უკვე სხვა ორგანოების კომპეტენციაა: „ჩვენ ვნახეთ ის მინუსები, რაც ომში გვქონდა, არსებობდა გარკვეული პლიუსებიც, თუმცა მინუსები მეტი იყო. ეს გამოგვადგება ჩვენს შემდგომ განვითარებაში და ასევე გამოგვადგება იმაში, რომ იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაასრულა აგვისტოს ომში დამარცხების მიზეზების კვლევა. ამ ანგარიშში არის პასუხები კითხვებზე, თუ რამ გამოიწვია ქართული ჯარის ქაოსური მართვა, რატომ ვერ იმუშავა სამხედრო ავიაციამ და საჰაერო თავდაცვის სისტემამ, კავშირგაბმულობამ და რეზერვმა, რა გახდა ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის, სენაკისა და გორის ბაზების მოულოდნელი და სწრაფი დატოვების მიზეზი, რომლებიც შემდეგ მტერმა პირწმინდად დაძარცვა და მრავალმილიონიანი ქონება უპრობლემოდ ჩაიგდო ხელში, რატომ დავთმეთ უბრძოლველად კოდორის ხეობა…
მაგრამ ამ ანგარიშს დღემდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს და მას უკვე ორი წელია პროკურატურაში სწავლობენ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 აგვისტო, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/laura-linderman-interview-on-the-war/3455267.html
ინტერვიუ ლარა ლინდერმანთან: „რუსეთმა ომი დასავლეთთან საქართველოს კავშირების დასაბლოკად გამოიყენა“
ანა კალანდაძე
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის მერვე წლისთავზე „ამერიკის ხმამ“ შეფასებები თხოვა ვაშინგტონში, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს:
„ამერიკის ხმა“: რამ შეუწყო ხელი 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებას საქართველოში?
ლარა ლინდერმანი: 2008 წლის ომამდე ადრე, სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია უკვე „გაყინული კონფლიქტი“ იყო, რომელსაც ამოხეთქვის პოტენციალი გააჩნდა. გაეროს და ეუთოს სამშვიდობო მისიიას რეგიონში სტაბილობის ხელშეწყობა დაევალა.
სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციებმა კარგად ვერ მოახერხეს კოორდინაცია, და ვერც რესურსი გაიღეს იმისთვის, რათა სიტუაციის დარეგულირება მომხდარიყო. სავარაუდოდ, ყველაზე არასწორი იყო კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის მშვიდობისმყოფელთა შეშვება. რადგან რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია, სამშვიდობო ინიციატივები ხშირად ვარდებოდა ან ჩერდებოდა. საქართველოს მთავრობამ სამხრეთ ოსეთის საკითხის ფედერალური პრინციპით მოგვარება შესთავაზა, თუმცა ის რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა დაბლოკეს. საქართველოს მთავრობა ასევე შეეცადა რეგიონში სამშვიდობო ოპერაცია შეეცვალა, თუმცა უშედეგოდ. იმ წლებში, იყო შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთში სიტუაცია გამოსწორებულიყო და ყველა მხარეს აეღო პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობაზე, თუმცა ეს არ მოხდა. რუსეთი რეგიონში განუწყვეტლივ პროვოკაციებს აწყობდა, განსაკუთრებით 1990-2000 წლებში. საქართველო საომარი მოქმედებებისაგან მუდმივად თავს იკავებდა. 2008 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ შეატყობინა დასავლეთის მთავრობებს, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და რომ ამის სამხილი საქართველოს ჰქონდა. ამ გაფრთხილებებს არავინ მიაქცია ყურადღება.
„ამერიკის ხმა“: რა იყო რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი, როცა საქართველოში შემოიჭრა? შეიძლებოდა, თუ არა, რომ დასავლეთი და აშშ უდრო ერთსულოვანნი ყოფილიყვნენ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის უგულვებელყოფის დასაგმობად?
ლარა ლინდერმანი: რუსეთმა ეს ომი დასავლეთთან საქართველოს კავშირების დასაბლოკად გამოიყენა. ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის დაბლოკვა ერთ-ერთი მიზანი იყო. რუსეთი ყველანაირად ცდილობს საქართველო საკუთარი გავლენის ქვეშ დატოვოს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთისთვის თბილისთან ვაჭრობის საკითხებია, რათა მის შიდა პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. მოსკოვი ამ რეგიონებზე კონტროლს აძლიერებს და სეპარატისტულ რეგიონებში საზღვრის გავლებას აგრძელებს. საქართველოსთვის სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენა სულ უფრო რთულად გამოიყურება.
2008 წლის ომი რეგიონის სხვა „გაყინულ კონფლიქტებთანაა“ გადახლართული, მაგალითად დნესტრისპირეთთან. რუსეთის საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია გაყინული კონფლიქტების შენარჩუნება, რათა ტერიტორიებზე, იმ სახელმწიფოებზე, რომლებსაც მოსკოვი გავლენის სფეროებად მიიჩნევს, მაკონტროლებელი ბერკეტები შეინარჩუნოს. სეპარატისტული რეგიონები მთელი სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ახდენს. რუსეთს სწორედ სეპარატისტული ტერიტორიების კიონტროლით შეუძლია ურჩ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენა. მას აღნიშნული ტერიტორიების ანექსია სულაც არ სჭირდება, რადგან ანექსია დასავლური სანქციების რისკთანაა დაკავშირებული. ამ თემაზე ატლანტიკურ საბჭოს ანგარიში აქვს გამოქვეყნებული (იხილეთ: http://www.atlanticcouncil.org/
publications/reports/frozen-conflicts-a-tool-kit-for-us-policymakers
„ამერიკის ხმა“: 2008 წელს საქართველოს მოვლენებზე დასავლეთის პასუხმა ხომ არ გაათამამა რუსეთი, რომ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის ანექსია მოეხდინა?
ლარა ლინდერმანი: დიახ. აშშ და ევროკავშირი მკაცრი განცხადებებით შემოიფარგლნენ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთისათვის რაიმე სერიოზული სანქცია დაეკისრებინათ. შესაფერისი საპასუხო რეაქციის არარსებობამ მართლაც გაათამამა რუსეთი, რათა ის მოქცეულიყო ისე, როგორც უკრაინაში მოიქცა.
„ამერიკის ხმა“: რა გაკვეთილები უნდა ისწავლოს საქართველომ და დასავლეთმა? როგორია ამ მოვლენის შედეგი რეგიონსა და მსოფლიოს გეოპოლიტიკაში?
ლარა ლინდერმანი: რუსეთის ლიდერები განუწყვეტლივ საუბრობენ გავლენის სფეროებზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ომმა ნათელყო, თუ რა უმთავრესი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. პატარა სახელმწიფოსათვის ეროვნული უსაფრთხოება ფიზიკურ გადარჩენასთანაა დაკავშირებული. ომმა საქართველოს დასავლური ორიენტაცია განამტკიცა, მაგრამ ამავე დროს ცხადყო, რომ დასავლეთის ნდობა ძნელია. თუ შევხედავთ დასავლეთის რეაქციას რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში – ისე ჩანს, რომ დასავლეთმა არჩია, თვალი დახუჭოს ყირიმის ანექსიაზე – დავინახავთ, რომ დასავლეთი ბევრს არაფერს იღონებს, რათა თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაეხმაროს. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკას, მაგრამ საქართველო ამაზე მეტ დახმარებას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.
2008 წლის შემდეგ რუსეთმა წარმატებული სადეზინფორმაციო კამპანია გააჩაღა. ამ კამპანიამ გერმანიის საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინა. თავდაპირველი წარმატების გამო ომის შემდგომ პერიოდში რუსეთმა სადეზინფორმაციო კამპანიის მასშტაბები გააფართოვა.
ომი იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ის გახლდათ პირველი დოკუმენტირებული შემთხვევა, როდესაც ერთმა ქვეყანამ მეორეს კოორდინირებულად შეუტია ჩვეულებრივ ფრონტზე, ხმელეთსა და ზღვაზე და უჩვეულო ფრონტზე, კიბერსივრცეში. რუსმა კიბერკრიმინალებმა საქართველოს მთავრობისა და მედიასაშუალებათა ვებგვერდებზე მიიტანეს იერიში, შემდეგ კი ბანკებს, ბიზნესებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, აგრეთვე დასავლურ მედიასაც შეუტიეს. ეს ყველაფერი ხდებოდა ხმელეთსა და ცაში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად.
„ამერიკის ხმა“: რა სავარაუდო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჰააგის სასამართლოს ვერდიქტს ამ საქმეზე?
ლარა ლინდერმანი: ვფიქრობ, სასამართლო დაადგენს, რომ ყველა მხარემ ჩაიდინა დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე. სასამართლოს საქართველოზე იურისდიქცია აქვს, რადგან საქართველო სასამართლოს წევრი სახელმწიფოა. რუსეთი წევრი არაა, ამგვარად სასამართლო სწავლობს მხოლოდ იმ დანაშაულებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა. ჰააგის პროკურორის ოფისის წინასწარ მოხსენებაში წერია, რომ “არსებობს გონივრული ეჭვი, ვიფიქროთ, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს მასშტაბური და სისტემატური ხასიათის თავდასხმები ეთნიკურად ქართველი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთში, რაც უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ძალადობრივი განდევნის გამო.”
ჰააგის სასამართლო იძიებს საქმეს, რადგან “რუსეთისა და საქართველოს პროკურატურების გამოძიება მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა” და “აღნიშნულ საქმეთა გამოძიებაში პროგრესი, როგორც ჩანს, შეზღუდულია. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან ექვს წელზე მეტი ხნის გასვლის მიუხედავად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენნი პასუხისგებაში მიცემულნი არ არიან”.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 09 აგვისტო, 2016 წელი
http://www.kommersant.ru/doc/3058476
რატომ ხდებიან ასე სწრაფად მტრები მეგობრებად: რუსეთი-თურქეთი-საქართველო
დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანკტ-პეტერბურგში თავის თურქ კოლეგას – რეჯეპ ერდოღანს ხვდება. სამიტის წინ რეჯეპ ერდოღანმა ვლადიმირ პუტინი თავის მეგობრად მოიხსენია და ეს იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ორივე სახელმწიფო ურთიერთობის სრული გაწყვეტის პირას იდგა.
გუშინ შესრულდა რვა წელი მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ „ოპერაცია მშვიდობის იძულების მიზნით“ განახორციელა. ფაქტიურად, ეს იყო რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი. ამასთან, დღეს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა აღდგენა-განვითარების პროცესშია, განსაკუთრებით ეს ითქმის ვაჭრობის სფეროსა და ტურიზმზე.
„კომერსანტი“ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, პოლიტოლოგებს და საერთოდ, თავის მკითხველებს შეეკითხა, თუ რა არის ამგვარი ცვლილებების მიზეზები.
მაქსიმ შევჩენკო, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი: „დიდ პოლიტიკაში მტრები და მეგობრები არ არსებობს, არის მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები. დღეს რუსეთისათვის არც თურქეთი და მით უმეტეს, არც საქართველო მტრად არ ითვლება. იყვნენ ძალები თურქეთისა და საქართველოს შემთხვევაშიც, რომლებთაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოების პროცესის ჩაშლისათვის“.
ევგენი გერასიმოვი, მოსკოვის სათათბიროს კულტურისა და მასობრივი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: „საერთოდ, დიპლომატიაში, როცა საქმე სხვა ქვეყნის ხელმძღვანელს ეხება, მეტი თავშეკავების გამოჩენაა საჭირო. არსებობს ასეთი გამოთქმა: „დღეს იგი მტერია, მაგრამ ხვალ შეიძლება მეგობარი გახდეს“. ეს დიპლომატიის ხელოვნებაა, როცა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისათვის რომელიმე სახელმწიფოს არასასიამოვნო ლიდერთან შეიძლება მოლაპარაკება გაიმართოს. ალბათ, სწორედ ამიტომ ხვდებიან ერთმანეთს რუსეთისდა და თურქეთის პრეზიდენტები. რაც შეეხება ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ისინი განწყობას სწრაფად იცვლიამ. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის მოსახლეობის განწყობის დადებითად შეცვლაზე გავლენა მოახდინა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ, მეტი ყურადღება დაეთმო მეგობრული ისტორიული ტრადიციების გახსენებას მეზობელი რუსი და ქართველი ხალხების ურთიერთობაში. რასაკვირველია, ორივე შემთხვევაში (როგორც თბილისთან, ასევე ანკარასთან) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ოფიციალურმა პროპაგანდამ“.
იური კობალაძე, მოსკოვის საერთ.ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორი, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თადარიგის გენერალ-მაიორი: „ყველაფერი პოლიტიკის ბრალია. ცხადია, ამ საქმეში პროპაგანდამაც თავისი როლი შეასრულა, თუმცა ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა მხოლოდ აგიტაციით არ განისაზღვრება. პროპაგანდას ყველაფერი შეიძლება მიუსადაგო, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას, რამდენიმე დღეში, საითაც გსურს იქით მიმართავ. სხვათა შორის, საქართველო რუსეთის მეგობარი ჯერ არ გამხდარა. იქ საზოგადოება ქვემოდან აძლევს ნიძგს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. [თბილისთან] ნელ-ნელა ავიარეისები კი აღდგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველებს ჩვენთან მოსასვლელად მაინც ვიზები ჭირდებათ. არსებითად, ქართველების ახალი თაობა, ჩვენივე გამოისობით, რუსეთს ჩამოვაცილეთ… რაც შეეხება თურქეთან ურთიერთობას, მას აშკარა კონიუნქტურის სუნი დაჰკრავს“.
ვიაჩესლავ ნიკონოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი: „მეზობლებთან უმჯობესია მეგობრულად იცხოვრო. რუსეთი სწორედ ამას აკეთებს, მაგრამ ბევრი რამ მეორე მხარეზეცაა დამოკიდებული. თუ ვინმე ხელს გამოგვიწვდის პარტნიორობისათვის, ჩვენ უარს არ ვიტყვით. რეჯეპ ერდოღანმა გამოგვიწოდა? ჩვენ მივიღეთ, უკან არ დაგვიხევია. აი, რაც შეეხება საქართველოს… თბილისი ამას არ აკეთებს და ვერ ვამჩნევ, რომ ქართველებს მსგავსი რამ სურთ. პროპაგანდასთან დაკავშირებით: პროპაგანდას მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს, რადგან ის პოლიტიკის ნაყოფია. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული თვით ლიდერებზე, მათ სურვილზე და ინტერესებზე, პლუს საერთო საფრთხეების გაცნობიერებაზე. არსებობს აგრეთვე მეგობრობა ვიღაცის წინააღმდეგ და საკუთარი თავის სასარგებლოდ. თურქეთთან ორივე მომენტი გვაქვს“.
«The Washington Post» (აშშ), 8 აგვისტო, 2016 წელი
დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინის ზეწოლას ვერ გაუძლებს
თუ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, პუტინი მას საქართველოზე უარის თქმას მოსთხოვს
„დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინის აგენტი არ არის. არავინ იცის ზუსტად, მართლაც სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა და თუ იგი ამას ცდილობს, რამდენად აქტიურად აკეთებს“, – წერს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი ჯექსონ დილი. მისი აზრით, „ჭეშმარიტი პრობლემა იმაშია, რომ ორივეს – ვლადიმირ პუტინსაც და დონალდ ტრამპსაც საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ერთნაირი ნიჰილისტური მიდგომა აქვთ. მათ ერთად მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ, თანაც ისე, რომ ბევრს არ მოეწონება“.
„ვლადიმირ პუტინმა ბიძგი მისცა საერთაშორისო თანამეგობრობაში უგულო, ცინიკურ და აბსოლუტურად უპრინციპო ოპორტუნიზმს. ვლადიმირ პუტინი ოსტატურად ახერხებს საერთაშორისო მოვლენების თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებას და ამ მიზნით ერთ სიბრტყეზე დებს როგორც ყალბ, ასევე დოკუმენტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტურ მასალებს. ამგვარად, იგი ალტერნატიულ რეალობას ქმნის“.
„შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ძალადობაში ვერ აჯობოს, მაგრამ მას არ ესმის პუტინის სიყალბე, ცინიზმი და ვიწრო ინტერესებისადმი ამორალური ერთგულება. აი, ესაა პუტინიზმის გამოვლენა და ეს ყველაფერი შეიძლება ამერიკულ ნიადაგზეც ვნახოთ“, – აღნიშნავს ავტორი და მიუთითებს, რომ თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, მას მოკავშირეები კი არა, კლიენტები ეყოლება – ისევე როგორც რუსეთს: „ვაშინგტონი ესტონეთს დაახლოებით ისე ეტყვის, როგორც მოსკოვი ეუბნება ბელორუსიას: გინდა ზესახელმწიფოსაგან დახმარება? მაშინ ჩვენი მხარდაჭერისათვის უნდა გადაიხადო. გააკეთებ იმას, რასაც შენგან მოვითხოვ, თუ არადა, გადაგაგდებ“.
დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, გლობალური რელობის თავისებური აღქმის სურათს ქმნის. მის წარმოდგენებში მექსიკელები საზღვარზე ნიაღვარივით მოდიან აშშ-ში. „სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინის ოცნებას აღასრულებს: ნებას მისცემს რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტთან თანასწორ სიტუაციაში იყოს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გაიყონ. შესაძლოა, ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს თხოვს, რომ მან უარი თქვას უკრაინაზე, საქართველოზე, ეგვიპტესა და იორდანიაზე. არაა გამორიცხული, რომ [ბიზნესმენმა] დონალდ ტრამპმა ჩათვალოს – ამ ქვეყნებიდან მე მოგებას ვერ ვნახავო“.
„რუსეთის ხელისუფლებაში 15-წლიანი ყოფნის დროს ვლადიმირ პუტინი ძალიან დაოსტატდა ტყუილში, ღალატში, საბოტაჟისა და ტაქტიკურ აგრესიაში. ვლადიმირ პუტინის ფონზე დონალდ ტრამპი დილეტანტად მოჩანს. შესაბამისად, თუ მსოფლიოს ორი დიდი ქვეყნის ხელისუფლებაში ტრამპი და პუტინი აღმოჩნდებიან, პუტინის გავლენა გადასძალავს და ეს აშშ-ის ინტერესებისთვის საზიანო შედეგებს მოიტანს“, – ასეთ პროგნოზს აკეთებს ჯექსონ დილი.