«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ჯეფრი მანკოფთან: „საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს”
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსული ოკუპაციის საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში გაიმართა
«Комсомольская правда» (რუსეთი): ომი სამხრეთ ოსეთში 2008 წელს: როგორ აიძულეს მშვიდობის დამყარებაზე მიხეილ სააკაშვილი // ინტერვიუ გენერალ ანატოლი ხრულევთან
«Российйская газета» (რუსეთი): „განვლილი ომის ექო: ცხრა წლის წინათ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისაგან იხსნა“
«RFE//RL//Радио Свобода» (აშშ): საქართველოს დანაწევრება
«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): რა მოუტანა საქართველოს 2008 წლის ომმა
«BBC – Русская Служба» (დიდი ბრიტანეთი): რა თანხით ეხმარება რუსეთი აფხაზეთს და რაში იხარჯება გამოყოფილი ფული
«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს პატრიოტები მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას ითხოვენ // ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ ქვეყნის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა
—————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 აგვისტო, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/august-war-jeffrey-mankoff-interview/3975080.html
ინტერვიუ ჯეფრი მანკოფთან: „საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს”
ანა კალანდაძე
„ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში, სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლებების ცენტრის ანალიტიკოსს, ევრაზიისა და რუსეთის პროგრამის დირექტორის მოადგილეს ჯეფრი მანკოფს ესაუბრა, რომელმაც, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომიდან მეცხრე წლისთავზე არსებული მდგომარეობა და ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი ვიზიტი მიმოიხილა აფხაზეთში:
- აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ცოტა ხნის წინ საქართველოში, ესტონეთსა და მონტენეგროში იმოგზაურა. თქვენი აზრით, რა იყო მისი უმთავრესი გზავნილი საქართველოში?
- ჩემი აზრით, ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივან მატისთან ერთად, უმთავრესი პირი ხდება, ვინც ევროპის აღმოსავლეთში მოკავშირეების დამშვიდებას ცდილობს. ხსენებული ვიზიტისას მისი მთავარი ამოცანა იყო, დაერწმუნებინა საქართველო, ესტონეთი და მონტენეგრო, რომ აშშ მათ მხარს უჭერს და მზადაა, ამ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევაში დაეხმაროს. ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა წონა აქვს მაიკ პენსის, ან სხვათა ხმას მაშინ, როცა აშშ-ს აღმოსავლეთი ევროპის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა არ გააჩნია. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს არც მე და ალბათ არც სხვებს. მიუხედვად იმისა, რომ ვიცე-პრეზიდენტის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები იმედისმოცემია, სანამ პრეზიდენტიც იმავეს არ იტყვის, ბუნებრივია, იარსებებს გარკვეული მღელვარება რეგიონის მიმართ ამერიკის მხარდაჭერის საკითხზე თავად ამ ქვეყნებში.
- როგორ იმოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები სამხრეთ კავკასიაზე?
- მიმაჩნია, რომ სანქციების ამოქმედებაზე რუსეთი ამერიკას ორმხრივ ფორმატში უპასუხებს, განსაკუთრებით კი იქიდან გამომდინარე, რომ კრემლში ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მოლოდინი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების, ყველაფერი სხვა, კი რაც ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ესკალაციას წააგავს-ამ ურთიერთობების დალაგებას გაართულებს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვი სადმე, მაგალითად სამხრეთ კავკასიაში, მოქმედებისაგან თავს შეიკავებს, თუმცა ამგვარი ქმედება მაინც და მაინც ვაშინგტონის გადაწყვეტილებებით განპირობებული არ იქნება.
- რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა? ზოგადად, როგორ აფასებთ რუსეთის ქმედებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?
- ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ბოლო წლების რუსული ქმედებების გაგრძელებაა. კრემლს აფხაზეთზე კონტროლის შენარჩუნება აინტერესებს. სამხრეთ ოსეთში ეს პროცესი უფრო შორს არის წასული, აფხაზეთში კრემლისთვის შედარებით რთულია წნეხის შენარჩუნება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნება ყირიმის მსგავსი პირდაპირი ანექსია – ის, რამაც მოსკოვს სანქციები მოუტანა, კრემლს გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთზე პირდაპირი გავლენის და დე-ფაქტო კონტროლის შენარჩუნება სურს.
- რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საზღვრების რეგულარული დემარკაცია არის თუ არა, თქვენი აზრით, მცოცავი ოკუპაცია?
- ნამდვილად. საზღვრების რეგულარული გადმოწევით რუსეთი ცდილობს, საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფოს და მიანიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს კვო საბოლოო არ არის და რომ გრძელვადიან შედეგს დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები განსაზღვრავს.
- 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომიდან ცხრა წელი სრულდება. თქვენი აზრით, რა უნდა ექნათ შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მაშინ, რათა რუსეთი უკრაინაში აღარ შეჭრილიყო? ან როგორ უნდა დაეხმაროს ის საქართველოს რუსული აგრესიის დასრულებაში?
- 2008 წლის აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოქმედებები მკაცრად დაგმო, მაგრამ აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს. ვფიქრობ, აშშ-ს დიდი არჩევანი არც ჰქონდა. რუსეთმა ომი ძალიან სწრაფად, ხუთ დღეში დაამთავრა. ბევრი კრიტიკა ისმოდა ბუშისა და ობამას ადმინისტრაციათა მიმართ, რომ ისინი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას შეეცადნენ ისე, რომ საქართველოში განვითარებული მდგომარეობა არ გაითვალისწინეს. მაგრამ მე მათ არ ვამტყუნებ, რადგან ბევრი არჩევანი არც ჰქონდათ. რუსეთმა კი, ნახა რა, რომ საქართველოსთან ომისთვის სანქციები არ დაუწესდა, უკრაინაში უფრო მასშტაბური ოპერაცია წამოიწყო. საბოლოოდ, სწორედ უკრაინის კონფლიქტმა შეცვალა აშშ-რუსეთისა და ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები ისე, როგორც ეს საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ვერ მოხდა.
- რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, რა არგუმენტები გაქვთ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების სასარგებლოდ, ან მის წინააღმდეგ?
- არაფერი ამის საწინააღმდეგო არ მაქვს, თუმცა მესმის რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველოსთვის იარაღის მიწოდება ზოგადი პოლიტიკისა და გათვლების ნაწილი უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის კონგრესმა განაახლა მსჯელობა უკრაინისთვის მომაკვდინებელი თავდაცვითი იარაღის მიწოდების თემაზე. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კონფლიქტის დაბალ ინტენსივობას, უკრაინის იარაღით აღჭურვა გადამწყვეტ შედეგს ვერ მოგვცემს. თუმცა კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში ეს ვარიანტი უნდა განვიხილოთ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში.
- როგორ აფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს?
- ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც ევროპაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს შეეფერება. ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ხელმოწერილია. საქართველოს მთავრობა ევროპასთან დასაახლოებლად რეფორმებს განაგრძობს. ამავე დროს, ბრიუსელში ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული ენთუზიაზმი განელებულია. ეს ის რეალობაა, რომლისთვის თვალის გასწორება საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებს კიდევ კარგა ხანს მოუწევთ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 აგვისტო, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/ny-protest-rally-against-rus-occupt/3977601.html
რუსული ოკუპაციის საპროტესტო აქცია ნიუ-იორკში გაიმართა
თეა თუაშვილი
ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ ამერიკაში მცხოვრები ქართველი იმიგრანტები შეიკრიბნენ და რუსული აგრესია გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი “თვისტომის” ასოციაციის დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე და ნიუ-იორკში მცხოვრები სხვა აქტივისტები იყვნენ. საპროტესტო აქციაზე, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი ნიკოლე მალიოტაკისი და ნიუ-იორკის საბჭოს კანდიდატი, პოლიციის კაპიტანი ჯოზეფ კონკანონიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ და საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდეს. თეა თუაშვილი მოგვითხრობს.
„არა ოკუპაციას - ნიუ-იორკიდან“
პატარა ქვეყნის გადაუჭრელი პრობლემის გამო მსოფლიო მეგაპოლისში, გაეროს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიასთან, ქართველი იმიგრანტები 2008 წლის შემდეგ ყოველ 8 აგვისტოს იკრიბებიან. „შეწყვიტეთ საქართველოს ოკუპაცია“, „ჩვენ უნდა ჩავშალოთ პუტინის გეგმა რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი”, “საქართველოს ტეროტორიის 25% ისევ ოკუპირებულია» – მსგავსი შინაარსის ბანერებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ყოველგვარი შეძახილების და ხმაურის გარეშე, მდუმარედ დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა. აქციისთვის სამზადისი რამდენიმე კვირით ადრე სოციალურ ქსელში დაიწყო. ორგანიზატორები მონაწილეებს სთხოვდნენ საქართველოს დროშის ფერის ტანისამოსი ცმოდათ და აქციაზე პოლიტიკური შეხედულებების აფიშირებისგან თავი შეეკავებინათ. ეს უნდა ყოფილიყო შეკრება, სადაც ყველა საერთო სატკივარის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ასოციაცია “თვისტომის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ ჩხეიძე ამბობს: „იდეა ამ ღონისძიების არის შეხსენება ყველასათვის, მათ შორის ჩვენი საზოგადოებისთვისაც, ჩვენი ხელისუფლებისთვის და სხვა ქვეყნების ოფიციალური წრეებისთვის, სხვა ქვეყნის საზოგადოებებისთვის, რომ ეს თემა- საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 2008-ში, უფრო სწორედ, დაიწყო 200 წლის წინ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ არ შეჩერებულა და ამ პორცესს შეაჩერებს მხოლოდ ერთობა და ერთად დგომა, არ აქვს მნიშვნელობა არც საგარეო, არც შიდა მრწამსს, აქ არის ლაპარაკი ქვეყნის ინტერესებზე, ამიტომ დღეს, როგორც ხედავთ დღეს, ყველა ერთად ვდგევართ და რუსულ აგრესიას ყველა ერთად ვაპროტესტებთ“.
რუსული აგრესია წლევანდელ აქციაზე ქართველებთან ერთად შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს. აქციაზე განაცხადეს, რომ შეიქმნა ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი, რომლის მიზანი ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან უფრო აქტიური თანამშრომლობა იქნება. შეკრებაზე მისულ იმიგრანტებს რესპუბლიკური პარტიის ნიუ-იორკის მერობის კანდიდატმა ქალბატონმა ნიკოლე მალიოტაკისმა მიმართა: “მე აქ იმისთვის ვარ, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს და ქართველ ხალხს ოკუპაციის წინააღმდეგ. მსურს, რომ მალე ვიხილო გაერთიანებული და სუვერენული საქართველო.”
ნიუ-იორკის პოლიციის კაპიტანი, ქალაქის საბჭოს კანდიდატი ჯოზეფ კონკანონი, რომელიც გასულ წელს საქართველოშიც იმყოფებოდა, რუსეთის მიმართ უფრო რადიკალური განცხადებით გამოვიდა: “მათ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ჩვენ გვჯერა რომ ის, რაც ხდება ამჟამად, ეს არის პუტინის და მისი ადმინისტრაციის ბოროტული განზრახვის განხორციელება. ის საერთაშორისო თანამეგობრობას და შეთანხმებებს არაფრად აგდებს, იპყრობს საქართველოს და უკრაინას. მას, პუტინს უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა დაარღვიოს მსოფლიო წესრიგი, რადგან როცა არღვევს უფრო აბრაზებს დანარჩენ მსოფლიოს და უფრო მეტი მიზეზი ჩნდება, რომ აქ ვიყოთ და მხარი დაგიჭიროთ“.
საპროტესტო აქციაზე მწერალი დათო ტურაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც იმიგრანტებს მიმარათა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის, საქართველოს ოკუპაციის თაობაზე ყველა ხმა, ყველა განცხადება მნიშვნელოვანია.
ასოციაცია „თვისტომი“ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და მცოცავი ანექსიის შეჩერების მიზნით აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავს და შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები იმიგრანტების გააქტიურებას აპირებს.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 08 აგვისტო, 2017 წელი
https://www.kp.ru/daily/26714/3740225/#print
ომი სამხრეთ ოსეთში 2008 წელს: როგორ აიძულეს მშვიდობის დამყარებაზე მიხეილ სააკაშვილი
ინტერვიუში რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ექს-სარდალი, ამჟამად კი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის I მოადგილე, გენერალ-მაიორი ანატოლი ხრულევი იხსენებს საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მიზეზებს, მიმდინარეობას და შედეგებს (ესაუბრება სამხედრო კორესპონდენტი ვიქტორ ბარანეცი).
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- საქართველო ომის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ რუსეთმა მშვიდობის დამყარებაზე აიძულა, მაგრამ რატომ გაჩერდა 58-ე არმია თბილისის მისადგომებთან, რატომ არ დაიკავა საქართველოს დედაქალაქი?
- იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და არმიას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია.
- და იყო თბილისის დაკავების შესაძლებლობა?
- დიახ, არსებობდა. რვა-ცხრა აგვისტოს 58-ე არმიაში შევქმენით დამრტყმელი დაჯგუფება, ათში გადავედით შეტევაზე… მაგრამ გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა შეტევა შეაჩერა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ნიკოალი მაკაროვს ნებისყოფამ უმტყუნა და პოლიტიკური შედეგების შიში ჰქონდა… და კიდევ, ჩემი აზრით, მას პიროვნული გამბედაობა აკლდა.
- საქართველოში შესვლის შემდეგ რამდენ კილომეტრში გაჩერდა ჩვენი არმია თბილისიდან?
- 22 თუ 28 კილომეტრში, ახლა ზუსტად არ მახსოვს… შეტევის წინა ხაზზე იდგა პოლკოვნიკ შტონდენკოს ქვედანაყოფი. იგი პირველი უნდა შესულიყო თბილისში, მაგრამ გააჩერეს.
- იყო თუ არა 2008 წლის აგვისტოში სტრატეგიული ბომბდამშენ „ტუ-22“-ის გამოყენების აუცილებლობა?
- ეს ძალიან რთული საკითხია, საჰაერო-კოსმოსური ძალების სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ. მე მაშინ მხოლოდ საარმიო ავიაცია მჭირდებოდა და მქონდა კიდეც, რომელიც თავის მოვალეობას არასრულად, მაგრამ მაინც ასრულებდა…
- რა უფრო დაგამახსოვრდათ იმ დღეებში?
- ცხრა აგვისტოს საღამოს მძიმედ დავიჭერი, ღამით კი ევაკუაცია დამჭირდა. რვა-ცხარა აგვისტოს ქართველები გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ.იმ ბრძოლებში მათი ტანკიც ვიგდეთ ხელთ და თავიანთივე ტანკიდან გავუხსენით ცეცხლი.
- ომის დასრულების შემდეგ განაცხადეთ, რომ არმიიდან საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრებს ათავისუფლებენ და ეს დანაშაულიაო. მაშინ თქვენ ამ ყველაფრის ინიციატორად გენერლები ვლადიმერ ბოლდირევი და სერგეი მაკაროვი დაასახელეთ….
- რას ვიზამთ… ომის შემდეგ იოსებ სტალინმა გიორგი ჟუკოვის შესახებ თქვა, რომ ასეთი ადამიანები სამშობლოსათვის რთულ პერიოდში ძალიან საჭირონი არიანო… მშვიდობიან დროს კი ისინი ვიღაცეებს ხელს უშლიან…
- თქვენ რატომ წახვედით?
- ასაკისა და „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო…
- ვატყობ, რომ ნაწყენი ხართ…
- მე სამშობლოზე ნაწყენი არ ვარ. მე სამშობლომ ყველაფერი მომცა: განათლება, ცოდნა, მდგომარეობა… მხოლოდ ის მწყინს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან და თავიანთი მოქმედებით სახელმწიფოს ზიანს აყენებენ, მაგალითად, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი სერდიუკოვი და გენშტაბის უფროსი მაკაროვი… პრემიები გამოუწერეს საუკეთესო ოფიცრებს, მაგრამ იმ პრემიებს ადრესატამდე არ მიუღწევია… სადაა მათი ზნეობა და პატრიოტიზმი?
- რამდენიმე წლის წინ მე საკუთარ ყურებს არ დავუჯერე, როცა გავიგე, რომ თქვენ თურმე ბინის გარეშე დაგტოვეს არმიაში სამსახურის შემდეგ… როგორი მდგომარეობა გაქვთ ამჟამად?
- იგივე სიტუაციაა. რუსეთში მე ბინა არ მაქვს.
- როგორ მიგიღეს სოხუმში გენშტაბის უფროსის როლში?
- მშვენივრად. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია პატივცემული და ავტორიტეტული პიროვნებაა. ერთად კარგად ვმუშაობთ.
- როგორ შეაფასებთ აფხაზეთის არმიის დღევანდელ მდგომარეობას?
- ჯერ-ჯერობით დამაკმაყოფილებლად.
- ბევრი გაქვთ სამუშაო?
- მთავარია, რომ არის. ცუდია, როცა არ იქნება. ბოლო წელიწადნახევარში ბევრი რამ გაკეთდა… შეიქმნა ერთობლივი აფხაზურ-რუსული დაჯგუფება… მიმდინარეობს დაგეგმვა, ერთობლივი სწავლება. ოფიცრები სამსახურისთვის მზად არიან.
- რა ხდება აფხაზეთის საზღვრის იქითა მხარეს? სამხედრო მანევრებიო, ამერიკელებიო, იქაური ტექნიკა…
- ჩვეულებრივი ამბავია, ბიძია სემის პოლიტიკის გაგრძელება. თავიანთი საზღვრებიდან შორს, მაგრამ ახლოს დაუძინებელ მეგობრებთან – მათ შორის რუსეთთანაც. სპეციალურად ამწვავებენ სიტუაციას. ქართველები ხვდებია, რომ თუ აფხაზეთზე შეტევას განახორციელებენ, იქ მათ გაერთიანებული დაჯგუფება, რუსეთის ჯარები დახვდებიან და ისეთ ნაზ პასუხს აღარ მიიღებენ, როგორც 2008 წლის აგვისტოში…
——–
საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით შესახებ მასალები გამოქვეყნდა აგრეთვე რუსეთის სხვა გაზეთებშიც: მაგალითად, «Российйская газета»-ში დაბეჭდა სტატია სათაურით „განვლილი ომის ექო: ცხრა წლის წინათ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისაგან იხსნა“ (ავტორები – ვლადიმერ ლადნი, მაქსიმ მაკარიჩევი). წყარო: https://rg.ru/2017/08/08/rossiia-spasla-narod-iuzhnoj-osetii-ot-unichtozheniia-9-let-nazad.html.
რასაკვირველია, ეს მოვლენა გაშუქდა დასავლურ მედიაშიც: ამერიკულ «Radio Free Europe//Radio Liberty»-ის რუსული სამსახურის «Радио Свобода»-ს ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ისაუბრეს მწერალმა ალექსანდრე ებანოიძემ და ჟურნალისტმა აკაკი მიქაძემ (წამყვანი – ვლადიმერ ყარა-მურზა). საუბრის ტექსტი გამოქვეყნდა „საქართველოს დანაწევრება“ (წყარო: https://www.svoboda.org/a/28665926.html).
8 აგვისტოს ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია «BBC»-მა ტელეეთერში გადასცა ვიდეო სიუჟეტი სათაურით „რა მოუტანა საქართველოს 2008 წლის ომმა“ (ავტორი – ნინა ახმეტელი), რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთ-საქართველოს ომის ნეგატიური შედეგები (ზარალი) როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით (წყარო: http://www.bbc.com/russian/media-40866232).
«BBC – Русская Служба» (დიდი ბრიტანეთი), 08 აგვისტო, 2017 წელი
http://www.bbc.com/russian/features-40862115
რა თანხით ეხმარება რუსეთი აფხაზეთს და რაში იხარჯება გამოყოფილი ფული
„2008 წლიდან მოყოლებული რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთს თითქმის 37 მილიარდი რუბლი (616 მილიონი დოლარი) გამოუყო. ეს ბევრად მეტია „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტზე, რომელმაც 2016 წელს მხოლოდ 28,6 მილიარდი რუბლი შეადგინა. ცხრა წლის განმავლობაში რუსული ფული კანონდარღვევებით იხარჯებოდა, თუმცა არცერთი ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. აუდიტორებს თანხების დატაცება არ გამოუვლენიათ, ხოლო ფინანსების არაეფექტური გამოყენებისათვის აფხაზური კანონებით პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – სერგეი კოზლოვსკი).
ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია იმ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომლითაც რუსეთი აფხაზეთს და საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონს – სამხრეთ ოსეთს ეხმარება. მასალაში გაანალიზებულია გამოყოფილი თანხების ხარჯვის კანონიერება, დამოწმებულია ფაქტები, რომლებიც მეტყველებენ, რომ ამ მცირე რეგიონების ბიუჯეტში მოსკოვის მიერ ჩარიცხული უზარმაზარი თანხები სრულიად უკანონოდ იხარჯებოდა, ძალიან ხშირ შემთხვევებში კი ადგილობრივი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა, თუმცა რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელები ამგვარ დარღვევებზე დუმდნენ: „ხაზინის ქურდები ჯერ-ჯერობით არ არსებობენო“, – ამბობდა 2010 წელს რუსეთის კონტროლის პალატის მაშინდელი ხელმძღვანელი სერგეი სტეპაშინი.
სტატიაში საუბარია რუსული თანხების მითვისების საკმაოდ ბევრ ფაქტზე: მაგალითად, 2012 წელს აფხაზური კომპანია „აბხაზვოდოკანალსერვისის“ საქმიანობის შემოწმების დროს გამოვლენილ უკანონობაზე, თუმცა არავინ დასჯილა. 2015 წელს დარღვევებზე საუბრობდა აფხაზეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი სერიკოვიც, მაგრამ მას გაგრძელება არ მოჰყოლია.
„აფხაზური კანონმდებლობის ნაკოლოვანებები სახალხო დემოკრატიის ნორმებით კომპენსირდება“, – ამბობს ევრაზიული ეკონომიკური ორგანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ლეპეხინი: „წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ აფხაზი თანამდებობის პირი თავის ნათესავს ანდობს რაიმე საქმის გაკეთებას. ერთი მხრივ, ამაში საეჭვო არაფერია, ასე აფხაზეთში ტრადიციულად ხდება და ყველამ ყველაფერი იცის. მეორე მხრივ – რადგანაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ხედავენ, საქმის ჩაფლავება მათ რეპუტაციაზე მოქმედებს“. ამგვარი დარღვევები ძალიან ხშირი იყო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის მმართველობის პერიოდში, როცა აფხაზეთში სახელმწიფო შეკვეთების განაწილებასა და მათ ფინანსური უზრუნველყოფის დროს კლანურობა და ნათლიმამობა ყვაოდა“. მაგალითად, რესპუბლიკური სტადიონის მშენებლობის დროს უამრავი ფული დაიხარჯა, დოკუმენტები კი არ არსებობს. ძალიან ბევრ შეტხვევებში პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარს აცხადებს.
პოლიტოლოგების აზრით, აფხაზეთში დღესაც იგივე პრინციპია შენარჩუნებული და, ალბათ, უახლოეს წლებში არაფერი შეიცვლება.
რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის ფულის გამოყოფას აგრძელებს. 2017 წლის მონაცემებით, ფინანსური დახმარება 4,7 მილიარდ რუბლს (78 მილიონ დოლარს) აღწევს, ხოლო 2020 წლამდე კიდევ 11 მილიარდი რუბლის გამოყოფა იგეგმება. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ცხინვალი 16 მილიარდ რუბლს მიიღებს.
ექსპერტების თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთის გავლენა აფხაზეთზე მნიშვნელოვნად მატულობს. მართალია, სოხუმს, ცხინვალისაგან განსხვავებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს, მაგრამ მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდის კვალობაზე, აფხაზეთის რეალური სუვერენიტეტი სულ უფრო მცირდება.
——–
რუსულმა და დასავლურმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა საკმაოდ ფართოდ გააშუქეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნის ფაქტი.
რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის – „პირველი არხის“ («Первый канал») პროგრამა „ვრემიის“ ეთერში 8 აგვისტოს გადაიცა ვრცელი რეპორტაჟი (ავტორი – პავლე კრასნოვი), რომელშიც რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრებია ასახული, ყურადღება ეთმობა „საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ“ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს, რომლის შედეგად ქართული არმია დამარცხდა, მოსკოვმა კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რეპორტაჟში საუბარია რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ა.შ. რეპორტაჟში ხაზგასმულია ვლადიმერ პუტინის განცხადებები სასაზღვრო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების გაიოლებაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას (წყარო: http://www.1tv.ru/news/2017-08-08/330351-rossiya_garant_bezopasnosti_i_nezavisi-mosti_abhazii_ zayavil_ vladimir_putin)
ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ყოფნაზეა საუბარი ამერიკული სააგენტო «Associated Press»-ის მიერ გავრცელებულ მასალში სათაურით „ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში თბილისის აღშფოთება გამოიწვია“, რომელშიც გადმოცემულია როგორც ვიზიტის ფაქტი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც დაგმობილია რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი (წყარო: http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_georgia_russia?site=ap§ion=home &tem-plate =default)
«Независимая газета» (რუსეთი), 09 აგვისტო, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-08-09/5_7047_georgia.html
საქართველოს პატრიოტები მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას ითხოვენ
ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ ქვეყნის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა
სტატია ეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გავრცელებულ მიმართვას ხელისუფლებისადმი, რომლის მიხედვით, პარტია ითხოვს „ოკუპაციის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, „საქართველო-რუსეთ-ნატოს“ მოლაპარაკების ფორმატის ორგანიზებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას „შავი პიარის“ გამო (ავტორი – იური როქსი).
მასალში აღნიშნულია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ის პარტიაა, რომლის წევრები ამ რამდენიმე ხნის წინათ მოსკოვში იმყოფებოდნენ და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებს შეხვდნენ.
„ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ „პატრიოტთა ალიანსისაგან“ დისტანცირება არჩია. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს ამ საკითხზე საშემოდგომო სესიის დროს, ხოლო საქართველოს ცალკეული პარტიების კონტაქტები რუსულ პარტიებთან და ორგანიზაციებთან, ქვეყნის ხელისუფლების ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლებრივად დასჯადი უნდა იყოს. ასევე ნეგატიურია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ნიკა რურუას რეაქციაც, რომელმაც ეჭვი გამოხატა, რომ ეს ყველაფერი „პატრიოტთა ალიანსისა“ და ხელისუფლებას შორის ფარული გარიგების შედეგიაო. სხვა პოლიტიკოსები კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რიტორიკა რუსეთის ხელისუფლების რიტორიკას ჰგავს, რომელიც დაბეჯითებით ითხოვს „ოკუპაციის შესახებ“ კანონის გაუქმებას. გარდა ამისა, მათ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს აგრეთვე იმ ვიდეოკლიპის მიმართ, რომელშიც „პატრიოტების“ რუსეთში ვიზიტის შედეგებია ასახული.
თვითონ „პატრიოტთა ალიანსი“ კი, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, თვლის, რომ პარტია არაფერს ზედმეტს არ ითხოვს, პირიქით – რადგანაც ცხრა წლის განმავლობაში პოლიტიკურ სფეროში პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა („აბაშიძე-კარასინის“ ფორმატის გამოკლებით), დღევანდელი მიდგომები ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს და თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, არაა გამორიცხული, რომ „ალიანსელებმა“ შიმშილობა დაიწყონ.
„ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, ნეგატიურად შეაფასა „ალიანსის“ მოთხოვნა (მაგრამ ოპოზიციისაგან განსხვავებით, შედარებით რბილად) და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავენ „ოკუპაციის კანონის“ ზოგიერთი პუნქტის გადახედვას მათი გამარტივების მიზნით, თუმცა არ დაუზუსტებიათ – კონკრეტულად რომელი მუხლის შეცვლას აპირებენ. დამკვირვებლების აზრით, საკითხი შეიძლება ეხებოდეს კანონის მე-4 მუხლს, რომელიც კრძალავს აფხაზეთსა და სა