«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ნატო და საქართველო: მხარდაჭერა და გაურკვევლობა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და ევროინტეგრაციის პერსპექტივა
«Независимая газета» (რუსეთი): ატლანტიური საბჭოს მოხსენების თანახმად, 2008 წელს რუსეთის ჯარები თბილისთან თურმე შავ ზღვაში შემოსულ ამერიკის გემებს შეუჩერებიათ
———————-
«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 09 სექტემბერი, 2016 წელი
http://www.bbc.com/russian/features-37313342
ნატო და საქართველო: მხარდაჭერა და გაურკვევლობა
სტატიაში მიმოხილულია ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური ალისნის საბჭოს წევრების ვიზიტი საქართველოში და მასთან დაკავშირებული მოვლენები: შეხვედრები, აზრთა ურთიერთგაზიარება, განცხადებები. და კომენტარები. „ნატოს უმაღლესი წარმომადგენლების ორდღიანი ვიზიტი საქართველოში მიიღება როგორც ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მაგრამ საკითხი, თუ როდის მიიღებენ საქართველოს ამ სამხედრო ბლოკში, ჯერ-ჯერობით ისევ ღიად რჩება“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ნინა ახმეტელი).
„საქართველოში ნატოს გენმდივანი და საბჭოს წევრები უკვე მეოთხედ იმყოფებიან. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ალიანსის ურთიერთობის ისტორიაში თავის პარტნიორებთან. ასევე უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს მეოთხე ადგილი უკავია ყველა სხვა ქვეყნებს შორის და პირველი ადგილი – იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. მართალია, საქართველოს ნატოს წევრობა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღუთქვეს, მაგრამ წლები გადის და „ურემი ისევ იქ დგას“. საქართველოს „მაპ“-საც (სამოქმედო გეგმას) კი არ აძლევენ, რომელიც ალიანსში გაწევრიანების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თბილისში ყოფნის დროს ბევრი ისაუბრა საქართველოსთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობაზე, ახსენა ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტი, რომლის დროსაც რიგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული „ნატო-საქართველოს“ კომისიის ჩარჩოებში: ძალისხმევა ქართული არმიის ძალის ასამაღლებლად, თანამშრომლობა რეფორმებში, სასწავლო ცენტრის გახსნა, მაგრამ რად გინდა – იენს სტოლტენბერგმა მაინც ვერ უპასუხა ძირითად კითხვას – როდის მიიღებენ საქართველოს ნატოში. მან მხოლოდ ის თქვა, რომ საქართველომ სრულად უნდა დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები და მოთხოვნებიო. ამასთან, ალიანსის გენმდივანმა შეკითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს რუსეთის პოზიცია საქართველოს მიღება-არმირებაზე, იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა თეზისი, რომ საქართველოს ნატოში მიღება მხოლოდ ნატოს საქმეა, რუსეთს არავინ არ ეკითხებაო. აბა, მაშ რაშია საქმე?
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შენელება მოსახლეობაში სკეპტიციზმს აძლიერებს. მართალია, ზოგიერთები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ნატოს მხარდამჭერთა რაოდენობა უკიდურესად არ დაიკლებს და მოსახლეობის მეტი ნაწილი მაინც ევროატლანტიკური სტრუქტურების ერთგულად დარჩება, მაგრამ აშკარაა, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ბოლო წლებში ნატოს მომხრეთა რაოდენობა მცირდება, რაც პრობლემად რჩება საქართველოსთვის. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის ექს-მოადგილე ნოდარ ხარშილაძე ამბობს, „იმედგაცრუება, რასაკვირველია, იქნება, რადგან მოსახლეობას უკვე თორმეტი წელია ესმის ნატო-ნატოო, მთავარ და კონკრეტულ შედეგს კი ვერ ხედავს. სამწუხაროდ, ეს ლოგიკური პროცესია. აუცილებელია შედეგის ჩვენება, რათა ხალხის ნდობაზე დამყარებული პროდასავლური კურსი არ დამარცხდეს“, ანუ მისი თქმით, თუნდაც რომ არ იყოს ნატოში საქართველოს გაწევრიანების სწრაფი შესაძლებლობა, მთავრობამ პროევროპული ვექტორის პოზიტიური შედეგების დემონსტრირება უნდა მოახდინოს. ეს ეხება ქვეყნის დემოკრატიზაციას, ძალოვანი სტრუქტურების გამჭვირვალობას და ა.შ. ამასთან, ნოდარ ხარშილაძეს მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში იმ პარტიების რეიტინგი, რომლებიც ნატოს წევრობის წინააღმდეგნი არიან, დაბალია და ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსზე გავლენას ვერ მოახდენენ.
მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ნატო ჯერ-ჯერობით უარზეა თავის რიგებში მიიღოს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა?
საქართველოს ატლანტიური საბჭოს თავმჯდომარის ვასილ სიხარულიძის თქმით, „ამ ეტაპზე საქართველოს მიზანი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, მათი ეფექტურობის ამაღლება, დასავლეთი კი, მიღების ვადებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას უნდა ეცადოს“.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 8 სექტემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/nato-leaders-meet-with-ngos-media/3499207.html
საქართველოს კონფლიქტური რეგიონები და ევროინტეგრაციის პერსპექტივა
ნინო დალაქიშვილი
ნატოს ელჩებს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები იმ მიზნით შეხვდნენ, რომ გაეცვალათ ინფორმაცია და შეხედულებები წინასაარჩევნო გარემოს, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით ნატოსა და DCFTA–ს შესაძლებლობების და სხვა საკითხებზე. ნატოს ელჩები ძირითადად, ქართველი კოლეგების მოსაზრებებითა და ხედვებით ინტერესდებოდნენ, ასევე მათი შეხედულებებით ისეთ სენსიტიურ და პრობლემატურ საკითხზე, როგორიცაა მაგალითად ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა და შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით. ამერიკის ხმასთან კახა გოგოლაშვილმა GFSIS-ის უფროსმა მკვლევარმა ისაუბრა: „იყო საუბარი უსაფრთხოების შესახებ, როგორც გამყოფ ზოლზე, ასევე მთლიანობაში, რუსეთთან ურთიერთობაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში, მათ აინტერესებდათ ჩვენი შეხედულებები და ის, თუ როგორ ვხედავთ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას, ასევე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს DCFTA–მ ან უვიზო რეჟიმმა კონფლიქტზე. საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხზე არ გამოუთქვამთ.“
ნიდერლანდების ელჩი ნატოში მარიანა დგვასტნიტი ამბობს: „შეხვედრაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე საუბარს. ვიმსჯელეთ ასევე იმის თაობაზე, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ ისინი ვითარებაზე მთელს ქვეყანაში“.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის წარმომადგენელი ამბობს, რომ DCFTA, ისევე, როგორც ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო ეს შესაძლებლობები არაა, ან ნაკლებადაა ათვისებული. კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანების წინაშე არსებული რეალობა, კი უფრო მკაცრია და მათ მიერ პოტენციურად არსებული შესაძლებლობების გამოყენების ალბათობაც პრობლემებით დახუნძლული. „ნატო საკმაოდ დაინტერესებულია ვითარებით ოკუპირებულ რეგიონებში. მართალია, კონფლიქტები პირდაპირ არაა კავშირში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, იწვევს შეფერხებებს, შესაბამისად, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი: რა პერსპექტივები შეიძლება არსებობდეს ასეთ ვითარებაში. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ეტაპზე, ნატოში ინტეგრაცია არაა მოკლევადიანი პერსპექტივა. ნატოს ელჩებს ასევე აინტერესებდათ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ყირიმის სცენარი. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, გასაგებია, რომ რუსეთის ნება–სურვილზეა დამოკიდებული ყველაფერი, ანუ ის არ წარმოადგენს არანაირად დამოუკიდებელ ერთეულს, მაგრამ აფხაზეთთან მიმართებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მატ უფრო მეტად დამოუკიდებლობის სურვილი ამოძრავებდათ, ვიდრე რუსეთთან ინტეგრაციის. ჩვენ განვმარტეთ, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტა მხოლოდ და მხოლოდ ნომინალურ როლს თამაშობს და აფხაზურ საზოგადოებაზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. განსხვავებები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის, მხოლოდ და მხოლოდ კონტროლის ხარისხშია“, – ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეების ათვისების თვალსაზრისით კონფლიქტური რეგიონებისთვის რა პერსპეტივა არსებობს. ამის თაობაზე ნოდარ ხარშილაძე აცხადებს: „საუბარი იყო იმის შესახებ, თუ რა როლს ითამაშებს DCFTA და ვიზალიბერალიზაცია იმაში, რომ კონფლიქტური რეგიონებისთვის საქართველოში ინტეგრაცია უფრო მომხიბვლელი გახდეს. პრობლემა იმაშია, რომ თუ ვიზალიბერალიზაცია მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეულ დადებით როლს ითამაშებს, DCFTA უფრო საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. ჯერ დანარჩენ საქართველოში მცხოვრებმა ბიზნესმენებმა უნდა აითვისონ ეს პრაქტიკა და გამოიყენონ მისი შესაძლებლობები. აქ, კითხვა ისმის შემდეგნაირად: ინსტრუმენტი გვაქვს, მაგრამ რამდენად ვიცით და გვინდა ვისარგებლოთ მისით? DCFTA ჩვენ დიდი ხანია გვაქვს, მაგრამ ქართული ბიზნესი ნაკლებად სარგებლობს ამით. არის ცალკეული ეპოზოდები, მაგრამ მას მასობრივი გამოყენება არ აქვს. ცოტაა შემთხვევები, რომ ქართული ბიზნესი იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მივიღეთ ასეთი გრძელვადიანი პროცესის შემდეგ ევროკავშირთან.“
ნატოს ელჩებთან შეხვედრის შემდგომ კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს, რომ ნატოსა და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ზოგადი მსჯელობიდან გადანაცვლება გაცილებით კონკრეტულ და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულობის და მათგან ხელშესახები რეზულტატების მიღების მიმართულებით ესაჭიროება.
«Независимая газета» (რუსეთი), 09 სექტემბერი, 2016 წელი
http://nvo.ng.ru/gpolit/2016-09-09/1_poland.html
ატლანტიური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 2008 წელს რუსეთის ჯარები თბილისთან თურმე შავ ზღვაში შემოსულ ამერიკის გემებს შეუჩერებიათ
როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ აღნიშნავს, აშშ-ის არასამთავრობო ანალიტიკურმა ცენტრმა „ატლანტიურმა საბჭომ“ ამას წინათ გამოაქვეყნა მოხსენება სათაურით „შეიარაღება რუსეთის მილიტარიზების შეკავებისათვის“, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ერთობლივად ნატომ და პოლონეთმა რუსეთის მილიტარისტული გეგმების წინააღმდეგ. მოხსენების ავტორები არიან ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი ( ევროპაში ნატოს ჯარების სარდლის მოადგილე) და მაცეი ოლექს-შიტოვსკი – პოლონური წარმოშობის ბრიტანელი ეკონომისტი.
ნაშრომში, რომელიც „ატლანტიური საბჭოს“ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალის განხილვისას, საქართველოც არის მოხსენიებული, ყურადღება აქვს დათმობილი საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ სამხედრო კონფლიქტს. „მოხსენების ავტორები ამტკიცებენ, რომ კრემლი დასავლეთის წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობს, რითაც დიდ რისკზე მიდის. საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად მოსკოვი აგრესიულობას იჩენს, მისი ძალისხმევა მიმართულია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაზედაც დასავლეთს პასუხის გაცემა გაუჭირდება. სწორედ ამ ფაქტორით ხელმძღვანელობდა კრემლი, როცა უკრაინას ყირიმი წაართვა…
ამავე დროს, ავტორები აღნიშნავენ, რომ „ძალის დემონსტრირების შემდეგ, კრემლი უკან იხევს, რათა თავიდან აიცილოს უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეტაკება. ამის დამადასტურებელია თუნდაც ის, თუ რაოდენ სწრაფი და რადიკალური რეაგირება მოახდინა დასავლეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის შეჭრაზე საქართველოში, 2008 წლის აგვისტოში“. მოხსენებაში ავტორები ამტკიცებენ, რომ „რუსეთის ჯარებმა თავისი წინსვლა თბილისისაკენ მხოლოდ იმიტომ შეაჩრეს, რომ შავ ზღვაში ათობით ამერიკის სამხედრო ხომალდი შევიდნენ, რითაც ქართულმა არმიამ დასავლეთისაგან ლოჯისტიკურ მხარდაჭერის გარანტიები მიიღოო“, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.
„ატლანტიური საბჭოს“ ეგიდით გამოქვეყნებული მოხსენების აბსურდულობას ბავშვიც კი შეამჩნევს, – აღნიშნავს „ნეზავისიმაია გაზეტა“ და არგუმენტები მოჰყავს: „ჯერ ერთი, რომ შავ ზღვაში შესულმა ე.წ „ათობით ამერიკულმა ხომალდმა“ ხელი ვერ შეუშალა რუსეთის ფლოტს მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარებაში, რომლის შედეგად საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების 11 ხომალდი და კატერი განადგურდა, ხოლო დამატებით კიდევ 15 გემი ფოთის პორტში რუსეთმა ტროფეის სახით ხელში ჩაიგდო; მეორე – ნატოსა და ამერიკის ხომალდებს ერთი ჭურვიც რომ გაესროლათ, ეს მსოფლიო ომის მაუწყებელი იქნებოდა. ამდენი ბატონ გენერალ რიჩარდ შირეფს უნდა ესმოდეს“.
მოხსენებაში ისიცაა ნათქვამი, რომ უკრაინასა და საქართველოში განხორციელებულ მეთოდებს მოსკოვი სირიაშიც იმეორებსო. „ატლანტიური საბჭოს“ ავტორებს თუ დავუჯერებთ, რუსეთის ჩართვა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და სირიის მთავრობისადმი გაწეული დახმარება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არისო. რბილად რომ ვთქვათ, არასწორი შეხედულებაა“.
———–
ნაშრომის ლინკი ატლანტიური საბჭოს ვებ-გვერდზე:
http://www.atlanticcouncil.org/images/publications/Arming_for_Deterrence_web_0719.pdf