globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 9th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): ინტერვიუ როვნაგ აბდულაევთან: „საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტით მიღებული ყველა საკომისიო მოსაკრებელი ჩვენთან შემოდის“

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი): რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანს, სომხეთთან შედარებით?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი: „სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ლინკოლნ მიტჩელი: „არა მგონია ვინმეს სჯეროდეს, რომ სასამართლო მიუკერძოებელია“

———————-

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 9 ნოემბერი, 2015 წელი

http://haqqin.az/news/56666

ინტერვიუ როვნაგ აბდულაევთან: „საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტით მიღებული ყველა საკომისიო მოსაკრებელი ჩვენთან შემოდის“

თბილისში ილჰამ ალიევის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარ“-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ინტერვიუ მისცა გამოცემა „ჰაქინ.აზ“-ის კორესპონდენტს მირშახინ აღაევს, რომელშიც იგი კასპიის ენერგორესურსების ტრანზიტზე, ირანულ-რუსულ გაზზე და საქართველოს-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს:

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. როცა ჩვენ აზერბაიჯანის განვითარების პროექტების რეალიზებას ვახდენთ, პრეზიდენტი ილჰამ ალიევვი  ყურადღებას აქცევს აგრეთვე საქართველოს განვითარების პროექტებსაც, რადგან საქართველო  ჩვენთვის ევროპაში ჭიშკარს წარმოადგენს. დღეს საქართველოსთვის გაზის ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში და ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულებაა“. (…)

„საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტით მიღებული ყველა საკომისიო მოსაკრებელი ჩვენთან შემოდის, როგორც ეს კონტრაქტითაა განსაზღვრული. უფრო მეტიც – ჩვენთან შემოდის რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებული მოსაკრებელიც“. (…)

„ჩვენ საქართველოში დაახლოებით ასამდე ბენზინით ავტოგასამართი სადგური გვაქვს, ხოლო გაზით – ოცზე მეტი და ეს სოციალური კი არა, კომერციული პროექტებია. ანუ ჩვენ შეგვიძლია გაზი როგორი ფასითაც გვინდა, იმ ფასით გავყიდოთ – ამის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს. შესაბამისად, ისინიც თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში: უნდათ რუსული გაზი? დაე, იყიდონ. მაგრამ იქნება თუ არა კონკურენტუნარიანი რუსული გაზის საქართველოში – ეს უკვე სხვა საკითხია. რაც შეეხება იმას, რომ სომხეთი დამატებით რუსულ გაზს მიიღებს ან კიდევ ირანულს, ეს ზღაპრებია. სომხეთს საქართველოსთან ერთი მილსადენი აკავშირებს, რომლის გაზგამტარუნარიანობა წელიწადში მხოლოდ 300 მილიონი კუბმეტრს შეადგენს“.

შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს მომავალში ხელი შეუშალოს აზერბაიჯანის ენერგოპროექტების განხორციელებას, როვნაგ აბდულაევი პასუხობს: „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა ილჰამ ალიევმა ოსტატურად და დიპლომატიურად მიუთითა საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ „სოკარი“ გადასახადების გადამხდელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა და ასეთი პარტნიორის დაკარგვა ქართველებისათვის წამგებიანი იქნება. ჩვენი ქვეყნის მეთაურმა სწორად შენიშნა, რომ ბოლო ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში „სოკარ“-მა საქართველოს ბევრი სიკეთე მოუტანა. ჩვენს სახელმწიფოებს ბევრი ხელშეკრულება და კონტრაქტი აკავშირებს და არავის არ აქვს უფლება [ჩვენს გარეშე] ამ ხელშეკრულებების რევიზია მოახდინოს“.

როვნაგ აბდულაევმა ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს რელიგიური ორგანიზაციების აზერბაიჯანული გაზით უფასოდ უზრუნველყოფის შესახებაც: „ბატონ ილჰამ ალიევს სურს, რომ საქართველოშიც ისეთივე ტოლერანტობა იყოს, როგორიც აზერბაიჯანშია, ამიტომაც ჩვენ ბუნებრივი გაზით უფასოდ ვამარაგებთ საქართველოს რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის სომხურ ეკლესიასაც. ჩვენ სომხურ ეკლესიას არ ვემტერებით, ჩვენ პრობლემა მხოლოდ სომხეთის ხელმძღვანელობასთან გვაქვს, სომეხი ხალხი დამნაშავე არა არის. ამ განკარგულებით ჩვენმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ტოლერანტულია აზერბაიჯანელი ხალხი“.

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი), 8 ნოემბერი, 2015 წელი

http://ru.1in.am/1122030.html

რატომ ანიჭებს უპირატესობას საქართველო აზერბაიჯანს, სომხეთთან შედარებით?

მარიამ გრიგორიანი

სომხური მასმედია კომენტარს უკეთებს საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ამასწინანდელი ვიზიტისაგან განსხვავებით, მხოლოდ სურბ გევორქის ტაძრის  კურთხევაში მონაწილეობით გამოიხატა, ილჰამ ალიევმა და გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმემნტს – დეკლარაციას ურთიერთობის განვითარების შესახებ, მათ შორის უსაფრთხოების, პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ქართველი და აზერბაიჯანელი პრეზიდენტების ყურადღების ფოკუსში იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც. როგორც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად, თბილისი თავის სატრანზიტო ვალდებულებების ერთგული რჩება.

საქართველოში მცხოვრები სომეხი პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი მოღვაწეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავება სომხეთის წინააღმდეგ არ იქნება მიმარული და ერევნის ინტერესებს ზიანი არ მიადგება.

საქართველოს პარლამენტის სომხური წარმოშობის მქონე წევრმა სამველ პეტროსიანმა სატელეფონო ინტერვიუში ხაზი გაუსვა: „საქართველოსთვის სომხეთიც და აზერბაიჯანიც მნიშვნელოვანი მეზობლების არიან, თუმცა სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანთან საქართველო  ეკონომიკურად უფრო ღრმადაა დაკავშირებული“.

სამოქალაქო ინიციატივა „მრავალეროვნული საქართველოს“ ხელმძღვანელმა არნოლდ სტეპანიანმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთმანეთთან შეხვედრას ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია: „როგორც წესი, ამ შეხვედრების დროს ეკონომიკური საკითხები განიხილება ხოლმე, ხელს აწერენ გარკვეულ დოკუმენტებსაც. საქართველოსთვის აზერბაიჯანი მართლაც მნიშვნელოვან ქვეყნად ითვლება, თუმცა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის აშენების შემდეგ აზერბაიჯანისათვის საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება“.

რაც შეეხება სერჟ სარგსიანის თბილისურ ვიზიტს, არნოლდ სტეპანიანის აზრით, ამ ვიზიტსაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა: „მართალია, საქართველოსთვის ეკონომიკურად აზერბაიჯანი უფრო საინტერესოა, მაგრამ სომხეთსაც შეუძლია იგივე როლის შესრულება – გახდეს სატრანზიტო ქვეყანა მარშრუტით „ირანი-სომხეთი-საქართველო-შავი ზღვა-ევროპა“. ამასთან, არნოლდ სტეპანიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მხრივ უფრო მეტი მუშაობა მართებს სომხეთის საელჩოს საქართველოში.

სხვათა შორის, ერევნელი პოლიტოლოგი გევორქ მელიქიანიც ამბობს, რომ სომხეთის საელჩომ მართლაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს. ამასთან, მისი თქმით, ერევან-თბილისი და თბილის-ბაქოს ურთიერთობები ერთ სიბრტყეში არ უნდა იქნეს განხილული: „ჯერ-ჯერობით საქართველო აზერბაიჯანისათვის საყვარელ ქვეყნად ითვლება. ისე გამოვიდა, რომ სამხრეთკავკასიურ სამკუთხედში სომხეთი შევიწროებულია, რადგან აზერბაიჯანმა თავისი ფულისა და გავლენების წყალობით საქართველო თავის მხარეზე გადაიბირა“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/freedom-house-on-rustavi-2/3049057.html

ფრიდომ ჰაუსის ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი: სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას

ნანა საჯაია

“საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიაში ჩარევა“ – ასეთი მოწოდებით გამოეხმაურა ადამიანის უფლებების დამცველი ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ „რუსთავი-2“-ის საქმეს, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიის ორ დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა და დროებით მმართველებად არხის ყოფილი მფლობელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, ასევე ნაციონალური მაუწყებლის – ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დაინიშნენ.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი რობერტ ჰერმანი აცხადებს, რომ “რუსთავი 2″-ის საკითხი უფრო დიდი პრობლემის ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, უგულებელყოფს სამართლებრივ პროცესებს და უარყოფს კანონის უზენაესობას. ჰერმანი ამ ყოველივეს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების ცენზურის მცდელობად აღიქვამს.

“ყველამ უნდა გაიგოს, რომ მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება. ისინი უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია. ყველასთვის ცნობილია, რომ “რუსთავის 2″ ოცნების მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არხია. სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ “რუსთავი 2″-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი,” ამბობს ჰერმანი. მისი თქმით, სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას, რაც ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც რეგიონში პროგრესის მაგალითი იყო, უკან გადადგმული ნაბიჯია.

“საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა. “ფრიდომ ჰაუსის” და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა. ამჟამად სწორედ ეს არის ბევრის წუხილი, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების და ამერიკის მთავრობის.”

რობერტ ჰერმანი ამბობს, რომ “რუსთავის 2″-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს მეგობრებს იმედებს უცრუებს და არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული დემოკრატიული სტანდარტების ამაღლებას.

“საქართველომ მოახერხა და გამოირჩეოდა ძალიან რთულ რეგიონში. ვფიქრობ, ესეც არის ასეთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი. საქართველო გამოირჩეოდა მეზობლებისგან, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისგან. ქართველების მისწრაფება არ უნდა იყოს რუსეთზე ან აზერბაიჯანზე წინ ყოფნა, ისინი უნდა ედრებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიებს, ან უფრო მოწიფულ დემოკრატიებს. ეს უნდა იყოს მათი სწრაფვის სტანდარტი. „ქართული ოცნების“ მთავრობამ თქვა, რომ ის ამ სტანდარტებს აამაღლებდა, სწორედ ამიტომ არის ასეთი იმედგაცრუება”.

ექსპერტს უჩნდება კითხვა, ხომ არ არის „რუსთავი-2“-ის საქმე ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მომასწავლებელი: „როცა სამართლებრივი პროცესების გვერდის ავლა ხდება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ეს კანონის უზენაესობის მოშლის და საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლის მომასწავლებელი შეიძლება იყოს“.

რობერტ ჰერმანის თქმით, მსგავსი საქმეები საქართველოს მიერ რამდნეიმე წლის განმავლობაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს არ შეესაბამაება. ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოხმაურებების შედეგად მიხვდება, რომ ქვეყანაში მედიის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/interview-with-lincoln-mitchell/3049549.html

ლინკოლნ მიტჩელი: არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ სასამართლო მიუკერძოებელია

თეა თუაშვილი

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან, კერძოდ კი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმამ“ კომენტარი თხოვა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს თემატიკაზე მომუშავე ანალიტიკოსსა და წარსულში “ქართული ოცნების” მრჩეველს ლინკოლნ მიტჩელს.

მისი განცხადებით, “საქართველში მედიის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ ქმედება ნამდვილად შემაშფოთებელია. არა ყოველთვის პროდუქტიული და აკურატული, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვანი ხმის – „რუსთავი-2“-ის დადუმება მიუღებელია. მედია გამჭვირვალობა სწორედაც რომ არის არამხოლოდ დემოკრატიული პროცესების მთავარი საზომი, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვისაც მნიშვნელოვანია, ის ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე საქართველო ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება და ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის.  ეს ერთი საკითხი.

მეორე – ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მუდმივად დგას კანონის უზენაესობის პრობლემა და სასამართლო გადაწყვე-ტილებების შესახებ კითხვები ჩნდება, ბუნებრივია, ამ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებაზეც გაჩნ-დება კითხვები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იცით, ეს სასამართლოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა არა მგონია ვინმეს ამის ბოლომდე სჯეროდეს. იმის გათვალისწინებით ან მას მერე, რაც ხელისუფლებას უთქვამს მედიასთან დაკაშირებით, ისევე როგორც კონკრეტულად „რუსთავი-2“-ის შესახებ, რთულია რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო და რომ არ იყო რაიმე ტიპის ზეწოლა პრემიერისგან ან ყოფილი პრემიერისგან. ეს ძალიან პრობლემატური იქნება საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დიქტატურას ამყარებს, ან ნაციონალების მსგავსები არიან და მათსავით ცუდად იქცევიან. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ პირობით, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამიტომ ეს ძალა უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ეს საქმე.

რომ წარმოიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის ან „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერის ადგილას თავი, როცა „რუსთავი-2“-ს მუდმივად მოაქვს იერიში თქვენზე, გაღიზიანებთ და თქვენ ამას ხსნით იმით, რომ ეს ტელეკომპანია არის ნაციონალური მოძრაობის რუპორი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს (თუმცა ამ არხს დიდი ძალაუფლება არ გააჩნია), ამ სიტუაციაში „რუსთავი-2“-ის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ხელისუფლების მიმართ უფრო ზრდის მხარდამჭერთა რაოდენობას. ეს ჩემთვის ამოუცნობი კროსვორდია. ამით უარესი ვითარება იქმნება თავად “ქართული ოცნებისთვის.”  ნაცვლად ამისა, მგონია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის გაცილებით უპრიანი იქნებოდა [ასეთი] პოზიცია – „გვაკრიტიკებენ, არ მივაქცევთ ყურადღებას. იმათ რაც უნდათ ის ილაპარაკონ და ჩვენ რასაც გვინდა იმას ვილაპარაკებთ“.

არაფერი ცუდი არ არის იმაში, როდესაც მედია ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია. არავის არ აინტერესებს ისეთი ინფორმაციის მოსმენა, რომ აი, „ქართული ოცნება“ კარგად მუშაობს. ვის უნდა ეს მაშინ, როდესაც მედია ხელისუფლებას აღიზიანებს, მედია მას აკრიტიკებს? პრეზიდენტობის დროს აბრაამ ლინკოლნს ხალხი უამრავ წერილს წერდა, ზოგი იდიოტს უწოდებდა, ზოგი მაიმუნს ეძახდა… წერდნენ, რომ მან ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. ” შეიძლება თქვენ არ ცდებით“, – ასე პასუხობდა ამ წერილების ავტორებს აბრაამ ლინკოლნი.

„თუ კრიტიკას ვერ უძლებ პოლიტიკაში არ უნდა იყო”, – აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა.

Comments are closed