globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 9th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Welt» (გერმანია): ქართველებს და უკრაინელებს ევროკავშირის ქვეყნებში მალე უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): რუსეთი და რადიკალიზაცია: შიდა პრობლემები // რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, სირიიდან დაბრუნების შემდეგ, ისლამისტ-რადიკალებმა ამბოხება არ მოახდინონ

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რა ელოდება თურქულ ბიზნესს ოკუპირებულ აფხაზეთში?

———————

«Die Welt» (გერმანია), 9 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.welt.de/politik/ausland/article149767908/Ukrainer-und-Georgier-koennen-bald-ohne-Visum-in-die-EU.html

ქართველებს და უკრაინელებს ევროკავშირის ქვეყნებში მალე უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

კრისტოფ შილცი, ბრიუსელიდან

მომავალი წლიდან ქართველებს და უკრაინელებს, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. როგორც ბრიუსელში მყოფმა „ველტის“ კორესპონდენტმა შეიტყო დიპლომატიური წყაროებიდან, უვიზო რეჟიმი ძალაში 2016 წლის შუახანებიდან უნდა შევიდეს. შესაბამისად, ევროკავშირის კომისიის მოხსენებაში, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივა დადებითად არის შეფასებული. ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებობს წინაპირობა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კომისიის დასკვნას დათანხმდებიან. თუმცა, კომისიის აზრით, 2016 წლის გაზაფხულამდე უკრაინას კიდევ მოუხდება რამდენიმე საკითხის მოგვარება, მათ შორის, კორფციასთან ბრძოლის სფეროში.

სხვათა შორის, კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებაზე ილაპარაკა გუშინ, უკრაინის პარლამენტში გამოსვლის დროს  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ სასამართლო რეფორმის განხორციელებაც უნდა დააჩქაროს.

უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების განმტკიცებად აღიქმება, ერთგვარ ჯილდოდ რეფორმისტული საქმიანობის გამო. ბრიუსელს სურს, რომ უკრაინა ევროკავშირთან მტკიცედ იყოს დაკავშირებული. ამ მიზანს ემსახურება აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც, რომელიც, რუსეთის პროტესტების მიუხედავად, ძალაში 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს.

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს, მათთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში შეუძლიათ წელიწადში ორჯერ გაემგზავრნონ, ანუ ყოველ ექვს თვეში, სამ-სამი თვის ყოფნის ხანგრძლივობით. ამასთან, მათ მუშაობის უფლება არ ექნებათ, ნებადართულია მხოლოდ მოგზაურობა და დასვენება.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 8 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.ft.com/intl/cms/s/0/77156ed2-9ab0-11e5-be4f-0abd1978acaa.html#axzz3th3x69BO

რუსეთი და რადიკალიზაცია: შიდა პრობლემები

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, სირიიდან დაბრუნების შემდეგ, ისლამისტ-რადიკალებმა ამბოხება არ მოახდინონ

კრემლი სერიოზულადაა შეშფოთებული ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური ამბოხების შესაძლებლობით და ამიტომაც ცდილობს მუსულმანების რადიკალიზაცია თავიდან აიცილოს. თუმცა დაღესტანსა და ჩეჩნეთში „ბოევიკების“ წინააღმდეგ განხორციელებული მკაცრი ზომები ადგილობრივ ახალგაზრდებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ერეკება, – წერს ავტორიტეტულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ში ქეთრინ ჰილი.

ისევე როგორც ევროპაში, რუსეთის ხელისუფლებაც ყველანაირად ცდილობს როგორმე შეჩეროს მუსულმანთა რადიკალიზება და ახალგაზრდა ისლამისტების გადაბირება „ისლამური სახელმწიფოს“ ემისრების მიერ. მაგრამ დღეს კრემლისთვის მთავარ ამოცანას ჩრდილოეთ კავკასიაში ამბოხების თავიდან აცილება წარმოადგენს: ათასობით ჩრდილოკავკასიელი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან, შეიძლება სულ მალე სამშობლოში დაბრუნდნენ, – წერს ჟურნალისტი ქეთრინ ჰილი ავტორიტეტულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ში.

„ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები სხვებისაგან იმით გამოირჩევიან, რომ მათ კარგი სამხედრო და საბრძოლო გამოცდილება აქვთ მიღებული ან ჩეჩნეთის ომებში, ანდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს მომხდარ ომში. დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვი თვალს ხუჭავდა იმ საფრთხეზე, რომელიც რუსეთის საზღვრებზე ისლამისტ-რადიკალების შეღწევით გამოიხატება. თავდაპირველად რუსული სპეცსამსახურები ხელსაც კი უწყობდნენ, რომ ბოევიკებს ჩრდილოეთი კავკასია დაეტოვებინათ და სირიაში საბრძოლველად წასულიყვნენ [ანუ „აქ ნუ იბრძოლებთ და თუ სირიაში წახვალთ, ხელს არ გახლებთო“].

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ეროვნული სამსახურები თვალს ადევნებენ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტებად არიან შერაცხულნი და ცდილობენ თავიდან აიცილონ ისლამისტ-ტერორისტების სამშობლოში დაბრუნება, ყოველ შემთხვევაში, ხელს უშლიან მათ ამ მიზნის მიღწევაში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალ-სექტემბერში იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე იბრძვიან, მკვეთრად იმატა – 1700-დან 2400-მდე. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს ციფრები გადაჭარბებულია, მაგრამ ერთ ფაქტს ყველა ეთანხმება: პრობლემის ეპიცენტრს დაღესტანი და ჩეჩნეთი წარმოადგენენ. დაღესტნიდან სირიაში დაახლოებით 1000 ადამიანია წასული, ჩეჩნეთიდან კი 405. იმ

კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა ცენტრალურ აზიაშიც, საიდანაც ბევრი ადამიანი ახლო აღმოსავლეტში რუსეთის გავლით მიემგზავრება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეების ჯიჰადისტებად გადაბირება-დაქირავება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე საბრძოლველად ძალიან ხშირად (80-90%-ით) სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე ხდება იმ  მიზეზით, რომ ისინი ჩრდილოკავკასიელი რადიკალი ისლამისტების გავლენის ქვეშ მოხვდნენ. მათთვის ამ შემთხვევაში რელიგიური იდენტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული. როცა ისინი რუსეთში მიდიან, თავიანთ ეროვნულ გარემოცვას კარგავენ და მას მუსულმანური იდენტობით ანაცვლებენ“, – ასეთ კომენტარს უკეთებს შექმნილ სიტუაციას ანალიტიკოსი ნოა თაკერი, რომელიც ავტორია მოხსენებისა ცენტრალურაზიელების მონაწილეობის თაობაზე სირიისა და ერაყის კონფლიქტში.

უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეების „დავერბოვკება“ უმეტესად დასავლეთ ციმბირის ნავთობმომპოვებელი რეგიონების მსხვილ ქალაქებში ხდება, აგრეთვე ვოლგისპირა ფედერალური ოკრუგის სუბიექტებში (რესპუბლიკებში) – თათრეთსა და ბაშკირეთში. იმავდროულად აღნიშნულ რესპუბლიკებში ძლიერდება ისლამის სალაფიტური განშტოების გავრცელება, რომლებიც იქ ადრე არ შეინიშნებოდა. აღძრულია ასობით სისხლის სამართლის საქმე, რომელთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით 2014-ში გაორმაგდა.

დღეს რუსეთის წინაშე მნიშვნელოვანი საფრთხე დგას – არაა გამორიცხული, რომ  სირიაში ნაბრძოლი „ბოევიკები“ მალე სამშობლოში დაბრუნდებიან. შესაბამისად, 2014 წლის ზაფხულიდან რუსეთის მიგრაციულმა სამსახურმა გაამკაცრა კონტროლი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში მიემგზავრებიან. სწორედ ამ სახელმწიფოების ტერიტორიაზეა ის მთავარი გადამყვანი პუნქტები, რომელთა მეშვეობით ჯიჰადისტები სირიაში ჩადიან.

როცა რუსეთმა სირიაში ისლამისტ-რადიკალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ისე ჩანდა, რომ  ეს იყო ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და არა როგორც სწრაფვა ტერორიზმის თავიდან აცილებისათვის რუსეთის შიგნით. ახლა მოსკოვი  ცდილობს სოციალური ქსელებიც გააკონტროლოს, რომლის მეშვეობით ისლამისტების „დავერბოვკება“ ხდება. ამასთან, ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება ისლამისტ-რადიკალების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში უმეტესად უშიშროების სამსახურებს ეყრდნობა და უმკაცრეს ზომებს ახორციელებს მათ მიმართ, ვისაც ტერორისტებად მიიჩნევს. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, მაგალითად, იმით გამოიჩინა თავი, რომ ჩეჩენი ბოევიკების ნათესავთა სახლები გადაწვა. 2013 წელს იგივე მეთოდებით დაიწყეს მოქმედება რუსულმა სპეცსამსახურებმა დაღესტანშიც – იმის ნაცვლად, რომ „ბოევიკთა“ რეაბილიტაციის პროგრამა შეემუშავებინათ.

ზოგიერთი ექსპერტი სკეპტიკურადაა განწყობილი ამგვარი ძალისხმევის მიმართ და აღნიშნავს, რომ გადაჭარბებული სიმკაცრე უკუშედეგს მოიტანს – უფრო მეტად უბიძგებს ახალგაზრდებს ისლამისტთა რიგებში გაერთიანებისაკენ. „თუ ჩვენ მათთან და მათ ოჯახებთან, ნათესავებთან არ ვიმუშავებთ, არ შევეცდებით მათ დარწმუნებას, მაშინ კიდევ უფრო მეტ რადიკალ-ისლამისტს მივიღებთ, მთელ თაობას დავკარგავთ“, – ამბობს დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცგანათლების ფაკულტეტის დეკანი ფატიმათ ომაროვა.

დაღესტნელი პედაგოგები, ფსიქოლოგები და მუფტიები (ისლამური ღვთისმეტყველები) ამბობენ, რომ მოკლული ან ციხეში ჩაყრილი ბოევიკები თავიანთი შვილების თვალში გმირები არიან და საბოლოო ჯამში ისინი სახელმწიფოს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს საკუთარ მტრად აღიქვამენ. ასეთ სიტუაციაში მუდმივად „ისლამური სახელმწიფოზე“ ლაპარაკი ამ ტერორისტულ ორგანიზაციას მათთვის უფრო მიმზიდველს ხდის. „იყო დრო, როცა ჩვენებური მამაკაცები ტყეში მიდიოდნენ, – ამბობს ერთ-ერთი იმამ-სალაფიტი, რომელსაც ბოევიკები ჰყავს მხედველობაში, – ახლა კი ისინი სირიაში მიდიან“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/tkvarcheli-turkey-abkhazia/3093251.html

რა ელის თურქულ ბიზნესს ოკუპირებულ აფხაზეთში?

ზაზა წულაძე

ტყვარჩელში, ჯერჯერობით ისევ მუშაობს თურქულ-აფხაზური კომპანია „ტყვარჩელნახშირი“, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 250 ათასს ტონა ქვანახშირს მოიპოვებს და შემდეგ, საზღვაო გზით, მთლიანად თურქეთში გააქვს. არ გაჩერებულა არც თურქულ-აფხაზური კომპანია „ხოჯალის ქვები“, რომელიც კოდორის ქედზე, მოპოვებულ ბაზალტს ასევე თურქეთში აგზავნის. ორივე ეს მსხვილი კომპანია, აფხაზთა პარლამენტის წევრის, თურქეთიდან რეპატრიანტი ბიზნესმენის ტაიფუნ არძინბას საკუთრებაა.

უკვე დაიწყო ქაფშიას სეზონი და ყველაზე მეტი თევზმჭერი გემი ოჩამჩირე-სოხუმის აკვატორიაში, კომპანია „ხამსას“ ჰყავს, რომელიც მთლიანად თურქული კომპანია Koptur Balikcilik-ის ინვესტიციებით არის დაფუძნებული. მოპოვებული ქაფშიას გადამუშავება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში ხდება და შემდეგ თევზის ფქვილისა და ქონის სახით, ასევე თურქეთში იგზავნება.

თურქეთი, რუსეთის შემდეგ, სოხუმის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ოფიციალური მონაცემებით, ტვირთბრუნვა ანკარასა და სოხუმს შორის, 300 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების ცნობით, აღურიცხავი ტვირთბრუნვის ჩათვლით, ეს ციფრი ორჯერ მეტია – ანუ 600 მილიონ დოლარამდე.

რუსეთისა და თურქეთის ბოლოდროინდელმა კონფლიქტმა აფხაზური საზოგადოება ორად გახლიჩა. ნაწილი, მათ შორის სახელისუფლებო ელიტა იძულებულია რუსეთის თამაშის წესებს დათანხმდეს და მზადაა, მოსკოვის მოთხოვნის შემთხვევაში, თურქეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯი აფხაზებს დიდ ფულს და ახლო მეგობარს დააკარგვინებს.

თურქეთის საქარიის პროვინციაში დაბადებული მუჰაჯირების შთამომავალი სონერ გოგუა, აფხაზთა პარლამენტის ყოფილი წევრი, დღეს კი თურქული ბიზნესის მთავარი ლობისტი, ამბობს: „ჩვენ, აფხაზეთის მოქალაქეები, დიასპორის წარმომადგენლები, მხარს ვუჭერთ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგებას. რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორია, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი აფხაზეთში და მთელ კავკასიაში. ჩვენი დიასპორა რუსეთშიც დიდია. ამავე დროს, თურქეთი ჩვენი ახლო მეზობელია, სწორედ იქ ცხოვრობს აფხაზების ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა. ის მეორე ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო პირდაპირი ინვესტიციებით აფხაზეთში, თურქეთის რესპუბლიკა პირველ ადგილს იკავებს“.

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული კაპიტალი ასევე წარმოდგენილია მშენებლობის სექტორში, იქ მუშაობს ორი თურქული სამშენებლო ფირმა „ევრა“ და „ჯამტუ ინშათი“. ასევე, თურქული ფული ტრიალებს სასტუმროების, ხე-ტყისა და ჯართის ბიზნესში. აფხაზეთის ტერიტორიაზე გახსნილია რამდენიმე ათეული თურქული რესტორანი, კაფე და მაღაზია. თურქეთიდან აფხაზეთში კი საზღვაო გზით, ძირითადად შედის სურსათი, სოფლის მეურნეობის ტექნიკა და სამშენებლო მასალები.

ამ დრომდე თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის, მუჰაჯირების შთამომავლები, ვისაც ე.წ აფხაზური პასპორტი აქვთ, უვიზოდ ჩადიოდნენ, თურქეთიდან რუსეთის ქალაქ სოჭში და შემდეგ, უპრობლემოდ კვეთდნენ, მდინარე ფსოუზე არსებულ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.

თურქეთის მიერ, რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდების საპასუხოდ, მოსკოვის მიერ შემოღებული სანქციების შემდეგ, თურქეთის მოქალაქეების გადაადგილება უკიდურესად გაძნელებულია. როგორც, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, ისე კრასნოდარის მხარეში და ქალაქ სოჭში ხდება თურქეთის მოქალაქეების მასობრივი დაკავება, შემდგომი დეპორტაციის მიზნით. 2016 წლის 1 იანვრიდან კი რუსეთი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აბრუნებს და ასევე კრძალავს თურქეთიდან მთელი რიგი პროდუქტების შემოტანას.

რუსული პოლიტიკური წრეების წაქეზებით, აფხაზეთში, ანტითურქული განწყობების გაღვივებაც ხდება. ასე მაგალითად, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში მდებარე აფხაზურ-თურქული კომპანია „ედელის“ ოფისიდან, აფხაზეთის სახალხო პარტიამ თურქეთის დროშის ჩამოხსნა მოითხოვა.

თურქეთის მოქალაქე ჰაირი კუტარბა, რომელიც სოხუმში მცხოვრები რეპატრიანტია,  ამბობს, რომ სიტუციის კიდევ უფრო გართულების, განსაკუთრებით კი საზღვრის ჩაკეტვის ეშინია: „ჩემი შვილი ჟურნალისტია, სტამბულში ცხოვრობს, აქ ხშირად ჩამოდის, რეპორტაჟებს ამზადებს და იქ, ტელევიზიაში გზავნის. ახლა უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ეშინია, რომ საზღვრებს დაკეტავენ და ვეღარ წავა. მუჰაჯიდრების შთამომავლებს ახლა ყველას გვეშინია, რომ ჩვენს გზას სამშობლოსკენ დაკეტავენ“.

აფხაზური ელიტა, თურქეთის მოქალაქე მუჰაჯირების შთამომავლებისგან და პროთურქულად განწყობილი საზოგადოების ნაწილისგან განსხვავებით, რუსეთს ერთგულებას ღიად უდასტურებს. თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, ცალსახად მოსკოვის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აფხაზთა პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ და საგარეო მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. ეს უკანასკნელი, 4 დეკემბერს, ქალაქ ბანია ლუკაში, ბოსნია ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ, სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა. ამ ვიზიტის დროს ითქვა, რომ „რუსული ავიაგამანადგურებელის ჩამოგდებით თურქეთი ღიად დადგა ისლამისტი ტერორისტების გვერდით.“

საინტერესოა, რომ თურქეთში მცხოვრები, ჩერქეზებისა და სხვა ჩრდილო კავკასიელი ხალხების შთამომავლების ორგანიზაცია „კავკასიური ასოციაციების ფედერაციისგან – Kaffed” განსხვავებით, ამ დრომდე, თურქეთ-რუსეთის კონფლიქტს და სოხუმის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხმაურებია თურქეთში, „აფხაზთა კულტურული ცენტრების ფედერაცია – Abhazfederasyonu“, რომელიც იქ მცხოვრები, აფხაზი მუჰაჯირების მილიონამდე შთამომავალს აერთიანებს; ეს ორგანიზაცია ბოლო დრომდე აქტიურად ეხმარებოდა სოხუმს, ოფიციალურ ანკარასთან არაოფიციალური კონტაქტების დამყარებაში.

რაც შეეხება რუსეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორას, მათ ღიად მოუწოდეს სოხუმს მხარში დაუდგეს „მოძმე რუსეთს და დაუჭიროს პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას მხარი.“

Comments are closed