globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 9 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 9th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): უვიზო რეჟიმმა „შეჩერება“ გაიარა: ბრიუსელმა მიგრანტების მოზღვავებისაგან თავი დაიზღვია. რას ფიქრობენ კიევი და თბილისი?

«Ведомосты» (რუსეთი): ახალი ევროპელები. რას ნიშნავს ევროკავშირში უვიზოდ შესვლა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის“

«Lragir» (სომხეთი): პანიკის გარეშე: საქართველო სომხეთს შანსს აძლევს!

«Эхо» (აზერბაიჯანი): „სუამ“-ს მარტო აზერბაიჯანი ვერ გაქაჩავს, საქართველო და უკრაინა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ“

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 09 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3165116

უვიზო რეჟიმმა „შეჩერება“ გაიარა: ბრიუსელმა მიგრანტების მოზღვავებისაგან თავი დაიზღვია. რას ფიქრობენ კიევი და თბილისი?

იანინა სოკოლოვსკაია, კიევი

გიორგი დვალი, თბილისი

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მიღებით საქართველოსა და უკრაინასთან ვიზების გაუქმების გზაზე ბოლო სერიოზული დაბრკოლება გადალახა, რის შედეგადაც, ალბათ, ევროპელი კრიტიკოსებიც დაწყნარდებიან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც დაცული იქნებიან მიგრანტების მოზღვავებისაგან. სწორედ შეჩერების მექანიზმის არარსებობა იყო ბოლო პრობლემა საქართველოსთან და უკრაინასთან ვიზების გაუქმების საკითხში. ახლა თითქოს ეს დანაბრკჯოლებელი ფაქტორი მოგვარდა, თუმცა მაინც უცნობია, მოასწრებს თუ არა ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ახალ წლამდე (აუცილებელია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს ფორმალური დადგენილება).

როგორც კომერსანტის“ მიერ გამოკითხული უკრაინელი ექსპერტები აცხადებენ, უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

რას ითვალისწინებს ყბადაღებული „შეჩერების მექანიზმი“?

ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისე ევროკომისია ყურადღებით დააკვირდებიან იმ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, რომლებიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ, თუ როგორ ასრულებენ ისინი აღებულ ვალდებულებებს. თუ ევროკომისია საჭიროდ ჩათვლის უკვე შემოღებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს მოხდება ან მისი მოხსენების, ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართვის საფუძველზე. ამის შემდეგ კონკრეტული ქვეყნის მიმართ კვლავ ვიზის რეჟიმი დაბრუნდება – ჯერ ცხრა თვით, შემდეგ კი, თუ საჭირო გახდა, შესაძლო გაგრძელებით. აი, ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის ქვეყნებმა „შეჩერების მექანიზმის“ კანონპროექტზე, 7 დეკემბერს, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს და კანონად მიიღოს. „ამ კანონპროექტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს ვიზალიბერალიზების საკითხის მოგვარებას საქართველოსა და უკრაინისათვის’, – განაცხადა გუშინ ესპანელმა ევროდეპუტატმა აგუსტინ დიასდემერამ. თავის მხრივ, ევროკავშირის მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხთა კომისარმა დიმიტრის აბრამოპულოსმა ევროკომისიას მოუწოდა, რომ აღარ გააჭიანურონ ამ ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის გადაჭრა.

ევროპარლამენტში „შეჩერების მექანიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა და შემდგომი კენჭისყრა შეიძლება მომავალ კვირაში გაიმართოს. ამის შემდეგ კანონი ევროკავშირის ყველა წევრის ქვეყნის მთავრობებმა უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესი თავის ფინიშს მიუახლოვდება. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, „ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ საკითხის გადაწყვეტა წლის ბოლომდე შეუძლიათო“.

თუმცა, ობიექტურეობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები „უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის“ მიღებასა და მის ფონზე წარმოთქმულ დამაიმედებელ განცხადებებს ცოტა ურწმუნოდ შეხვდნენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კიდევ რაღაც ბარიერი და დაბრკოლება შეიძლება გაჩნდეს: „აბა, ახლა ვნახოთ, რას იზამს ევროპა – უკრაინის მხარეზე ბრიუსელი მხოლოდ სიტყვითაა თუ საქმით?“, – თქვა „კომერსანტთან“ საუბარში ერთ-ერთმა წყარომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსტროდან.

„ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღებისაკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა მის წინააღმდეგ ზეწოლა გაძლიერდა, – ამბობს კიევში არსებული გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი ვადიმ კარასევი, – ბრიუსელიდან მიღებული კარგი შეტყობინება დროებით მაინც გააუმჯობესებს იმ განწყობას და აპათიას საზოგადოებაში, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ძლიერდება“.

თბილისში კი ბრიუსელის გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ: „ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპული ინსტიტუტები საქართველოს კვლავ მხარს უჭერენ. რთული პერიოდის მიუხედავად, მათ კონსენსუსის მიღწევა მაინც შეძლეს’, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი „ტვიტერში“ ჩაწერა, რომ „ქართველი ხალხი საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და ბედნიერია იმით, რომ ევროკავშირი თავის ვალდებულებას ასრულებსო“.

«Ведомости» (რუსეთი), 09 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.vedomosti.ru/opinion/articles/2016/12/09/668927-evropeitsi

ახალი ევროპელები. რას ნიშნავს ევროკავშირში უვიზოდ შესვლა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის“

სარედაქციო სტატიაში გადმოცემულია ვიზალიბერალიზების არსი, მისი ისტორია და კომენტარები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვიზალიბერალიზებაზე მოლაპარაკების პროცესი ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო პროექტს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ჩარჩოებში. როგორც ცნობილია, მასში მონაწილეობენ მოლდოვა, საქართველო-უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი. მათგან მოლდოვამ უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მიიღო, ახლა რიგში საქართველო და უკრაინა დგანან. დანარჩენი ქვეყნებიდან ყველაზე ახლოსაა სომხეთი, შემდეგ ბელარუსი და ბოლოს, აზერბაიჯანი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ბაქოს გუშინდელი განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანი ევროკავშირთან ახალ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შეთანხმებას ამზადებს, რომელშიც უვიზო რეჟიმის შემოღებაც იქნება მოგვარებულიო.

მოსკოვის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დოცენტის, პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვის აზრით, ვიზალიბერალიზების პროცესში ავტომატიზმის პრინციპი არ არსებობს. მოლდოვასათვის უვიზო რეჟიმის მიცემა არ ნიშნავდა იმას, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ პროცესები დაჩქარდებოდა. საბოლოოდ, კიევი და თბილისი ფინიშს მხოლოდ წლების შემდეგ მიუახლოვდნენ. რაც შეეხება სომხეთს, დიახ, სომხეთი რიგში დგას, მაგრამ რაც დრო გავა, სულ უფრო მეტი დაბრკოლება შეიძლება გაჩნდეს.

ბერლინის მიგრაციული პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტოლოგის ოლღა გულინას ტქმით, ევროპული მიგრაციულმა კრიზისმა საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მიღების საკითხზე დამაყოვნებელი გავლენა მოახდინა, თუმცაღა, ევროკავშირმა მაინც შეძლო პრობლემების გადალახვა. ეამ გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა ევროკავშირის რუსეთისადმი დამოკიდებულებამ: ბრიუსელმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია საქართველოსა და უკრაინის „რუსეთის ჩრდილიდან“ გამოყვანაო. და მაინც, არასასიამოვნოა ის, რომ რაც უფრო პოლიტიკურად მოტივირებულია ასეთი გადაწყვეტილება, მით უფრო მეტი გამაფრთხილებელი ზომები იქნება მიღებული. სამომავლოდ  ევროკავშირის [შენგენის ზონის] თითოეულ ქვეყანას ექნება უვიზო რეჟიმის „შეჩერების“ უფლება და არაა გამორიცხული, რომ ეს „შეჩერება“ დიდხანს გაგრძელდეს.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ქართველებს და უკრაინელებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მხოლოდ ტურისტული მიზნით ეძლევათ – ყოველ ნახევარ წელიწადში 90 დღით. სამაგიეროდ, ისინი, ადრინდელთან შედარებით, ევროპელები უფრო მეტად გახდებიან.

«Lragir» (სომხეთი), 09 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/52681

პანიკის გარეშე: საქართველო სომხეთს შანსს აძლევს!

აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი

თუ საქართველო გადაწყვეტს აზერბაიჯანულ „სოკარს“ გაზსადენი ასი პროცენტით მიჰყიდოს, მაშინ სომხეთს არგუმენტები ექნება საქართველოს წინააღმდეგ გამოვიდეს, – ასე განაცხადა პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა.

დეპუტატმა შირაკ ტოროსიანმა, რომელიც სათვისტომო „ჯავახკის“ თავმჯდომარეც არის, პრემიერ-მინისტრს იმ მოარული ხმების კომენტირება სთხოვა, რომელთა მიხედვით, თბილისს განზრახული აქვს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას იმ გაზსადენის 25% მიჰყიდოს, რომლის მეშვეობითაც სომხეთი რუსეთიდან ბუნებრივ გაზს იღებს. შეკითხვის პასუხად კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ იგი არ ელოდება ამ გარიგების სწრაფ დასრულებას და საერთოდ, გაზსადენის 25%-ით გაყიდვა სომხეთისათვის საფრთხეს არ შეიცავს. აი, თუ ქართველები უფრო მეტს გაჰყიდიან, მაშინ საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტები მოიძებნებაო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა კარტები არ გახსნა.

იმ მილსადენის გაყიდვის საკითხი, რომელიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს, აზერბაიჯანულ მხარეს ადრეც არაერთხელ წამოუჭრია. ბაქო დღეს მზადაა მილი მთლიანად იყიდოს. სომხეთში მიიჩნევენ, რომ თუ აზერბაიჯანი მილს იყიდის, ის რუსული გაზის სომხეთში მიწოდებას დაბლოკავს და შესაბამისად, ბაქოს ხელში ჩაუვარდება ერევანზე ზეწოლის განხორციელების ბერკეტი. სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით ეს შეშფოთება უსაფუძვლოა, რადგანაც მილსადენის „ხაზეინი“ (ბატონ-პატრონი) საქართველოა და ამ ქვეყნის მთავრობა ვალდებულია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი უზრუნველყოს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება, თუ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება…

ბაქო ცდილობს გავლენის შესაძლებლობა ჰქონდეს არა მხოლოდ სომხეთზე, არამედ საქართველოზეც, რუსეთზეც და მთლიანად რეგიონზეც. ეს სრულიად ბუნებრივი სურვილია. სომხეთმა კი საქართველო არაფრით არ უნდა აიძულოს. ეს ქართულ-სომხურ ინტერესებში არ შედის. არ არის საჭირო არანაირი პანიკა და საქართველო-სომხეთის ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. იმიტომ, რომ სომხეთს ალტერნატივა აქვს – ერევანს შეუძლია ბუნებრივი გაზი ირანიდან მიიღოს, მით უმეტეს, ირანი ამისათვის მზადყოფნას აცხადებს.

ამ თვალსაზრისით უცნაურია, რატომ არ ახსენა ეს არგუმენტი პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას. რატომ არ თქვა, რომ თუ, ვთქვათ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი საქართველო მილს მთლიანად მიჰყიდის ჩვენს აღმოსავლელ მეზობელ აზერბაიჯანს და ბაქო საწვავის მოწოდების გადაკეტვას შეეცდება, მაშინ სომხეთი სამხრეთ მეზობელს – ირანს მიმართავს გაზის მოწოდების მომატების თხოვნით.

საერთოდ კი, საქართველოს რუსული „გაზპრომი“ უნდა ელაპარაკოს, რომელიც სომხეთს გაზს აწვდის. უფრო მეტიც – ეს სიტუაცია ძალიან კარგია, რომ სომხეთ-ირანის კავშირების კიდევ  უფრო გასაღრმავებლად. საიდუმლო არაა, რომ ერევან-თეირანის ეკონომიკურ ურთიერთობებს სწორედ რუსული „გაზპრომი“ აზიანებს, რომელმაც თავს მოგვახვია თავისი ინტერესები 2013 წლის დეკემბერში დადებული შეთანხმებით.

სხვათა შორის, დეპუტატ შირაკ ტოროსიანს სწორედ ეს შეთანხმება უნდა აღელვებდეს და არა საქართველოს გეგმები. ამ შეთანხმებით ხომ მნიშვნელოვნად შეიზღუდა სომხეთის სუვერენიტეტი და შესაძლებლობები. თანაც ეს დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იქნა რატიფიცირებული.

საქართველოს სავარაუდო განზრახვის განხორციელება სომხეთს რუსულ „გაზპრომ“-თან დადებული შეთანხმების ბორკილების დამსხვრევაში დაეხმარება.  ანუ, როგორ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენოს, საქართველო სომხეთს აძლევს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სუვერენულ არგუმენტს, რათა ერევანმა ალტერნატიული გზით გადაწყვიტოს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები.

სომხეთი ორმაგ ბლოკადაში იმყოფება – არამარტო თურქეთ-აზერბაიჯანის მხრიდან, არამედ რუსეთის მხრიდანაც და ეს უნდა გაირღვეს. უფრო მეტიც: თურქულ-აზერბაიჯანული ბლოკადა სწორედ რომ რუსეთის მეშვეობით ხორციელდება, რადგან მოსკოვი საშუალებას არ აძლევს ერევანს მსოფლიოსთან თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდეს. ცხადია, ამით თურქეთიც და აზერბაიჯანიც კარგად სარგებლობენ.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 09 დეკემბერი, 2016 წელი

http://ru.echo.az/?p=52965

„სუამ“-ს მარტო აზერბაიჯანი ვერ გაქაჩავს, საქართველო და უკრაინა კი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ“

ჯამილია ალეკპეროვა

(შემოკლებით)

მიმდინარე წლის ბოლოს აზერბაიჯანი „სუამ“-ის თავმჯდომარეობას ამთავრებს და, როგორც ჩანს, ამ ფუნქციას საქართველო გადაიბარებს. უკვე მიმდინარეობს მზადება ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ბაქოში ჩასატარებლად. ღონისძიება 14-15 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.

„2017 წელს „სუამ’-ის საქმიანობის გააქტიურება არ მოხდება. ამ ორგანიზაციას დიდი ხანია „ღრმად სძინავს“. აზერბაიჯანი ცდილობდა მის გაღვიძებასა და ამოძრავებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი სახელმწიფოს მცდელობა ამისათვის საკმარისი არაა“, – განაცხადა პოლიტიკური ინოვაციების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ აჰმედოღლუმ გაზეთ „ეხოს“ კორესპონდენტის კითხვაზე. მისი თქმით, „სუამ“-ი რომ ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, ამაში ბრალი საქართველოსა და უკრაინას მიუძღვით.

„როგორც წესი, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები „სუამ“-ის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე მხოლოდ თავისი ქვეყნების ინტერესებით მოქმედებენ და სხვაზე არ ფიქრობენ. აზერბაიჯანი კი ცდილობს მუდამ მათზეც იფიქროს. ასე აკეთებს აზერბაიჯანი მაშინაც, როცა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე ლაპარაკობს და მუდამ მხარს უჭერს საქართველოსა და აზერბაიჯანს. სამწუხაროდ, ისინი ასე არ მოქმედებენ და თავი იმით მოაქვთ, რომ დასავლეთთან დაახლოებული ქვეყნები ვართო. საქართველო და უკრაინა  „სუამ“-ის სახელით საუბარს ერიდებიან – ეშინიათ, ვაითუ დასავლეთი გაგვიბრაზდესო“, – აღნიშნა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

ამასთან, როგორც „სუამ“-ის ეროვნული კოორდინატორების საბჭო იტყობინება, ორაგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას იმ მიზნით, რომ გაეროს გენასამბლეის სხდომაზე განხილულ იქნეს რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – „სუამ“-ის სივრცეში არსებული გაჭიანურებული კონფლიქტები და მათი შედეგები საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის“.

Comments are closed