«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ქართველი ჯიჰადისტის მამას შეტყობინება შვილის დაღუპვის შესახებ არ მიუღია
«Московский комсомолец» (რუსეთი): პენტაგონმა განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური გავანადგურეთო, მაგრამ „მწითური“ გენერლის ნათესავები მის სიკვდილს არ ადასტურებენ
«Независимая газета» (რუსეთი): „მიმინომ“ უკრაინელი მფრინავი ქალის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა
«Iran Daily» (ირანი): თბილისში ირანელი და ქართველი მხატვრების სურათების გამოფენა გაიმართა
—————–
«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 09 მარტი, 2016 წელი
http://www.bbc.com/russian/international/2016/03/160309_pentagon_shishani_strike
ქართველი ჯიჰადისტის მამას შეტყობინება შვილის დაღუპვის შესახებ არ მიუღია
საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში კვლავ ვრცელდება მასალები აბუ-ომარ ალ-შიშანის სავარაუდო დაღუპვის თაობაზე სირიაში, ამერიკელების მიერ ქალაქ ალ-შადადის ავიადაბომბვის დროს, თუმცა ძლიერდება ეჭვები, რომ ისევე როგორც ადრე, ცნობა თარხან ბათირაშვილის სიკვდილის თაობაზე არც ახლა არ დადასტურდება.
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა გაავრცელა თავისი თბილისელი კორესპონდენტის ნინა ახმეტელის მიერ მომზადებული მასალა, რომლის თანახმად, პანკისის ხეობაში მდებარე სოფელ ბირკიანის მცხოვრებმა აბუ-ომარ ალ-შიშანის მამამ თემურ ბათირაშვილმა არაფერი იცის შვილის შესახებ, რადგან მასთან კონტაქტი დიდი ხანია არ ჰქონია. თარხან ბათირაშვილის სიკვდილს არ ადასტურებენ არც სხვა პანკისელები და არც საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. პენტაგონის განცხადებით, ამერიკელები ჯერ კიდევ აგრძელებენ ინფორმაციის გადამოწმების პროცესს.
„ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფიის დეტალები: მისი საბრძოლო გზა ქართული არმიის სერჟანტიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარების სარდლამდე.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 10 მარტი, 2016 წელი
http://www.mk.ru/politics/2016/03/09/pentagon-zayavil-o-likvidacii-glavarya-igil-batirashvili.html
პენტაგონმა განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური გავანადგურეთო, მაგრამ „მწითური“ გენერლის ნათესავები მის სიკვდილს არ ადასტურებენ
სტატიაში მიმოხილულია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის აბუ-ომარ ალ-შიშანის (იგივე თარხან ბათირაშვილის – „მწითური გენერლის“) სავარაუდო დაღუპვის ირგვლივ გავრცელებული მასალები და გამოთქმულია აზრი, რომ შესაძლოა პენტაგონმა იჩქარა და სასურველი სინამდვილედ მიიჩნია (ავტორი – მარინა პერევოზკინა).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თარხან ბათირაშვილის დაღუპვის თაობაზე ცნობები ადრეც ხშირად ვრცელდებოდა ხოლმე, მაგალითად, სულ ბოლოს, გასული წლის შემოდგომაზე, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც განაცხადა, რომ „ჩემმა ხალხმა ეს უკვდავი კაშჩეი როგორც იქნა მოკლა, ისინი მისი გვამის წინ იდგნენ, სურათიც კი გამომიგზავნეს და ახლა გავიგე, თურმე ცოცხალი დარჩენილაო“.
პენტაგონის განცხადება აბუ-ომარ ალ-შიშანის განადგურების თაობაზე არ ადასტურებს მასმამისი თემურ ბათირაშვილი, რომელმაც ქართული ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ არაფერი იცის შვილის სიკვდილის შესახებ: „ალბათ, ეს მორიგი სიცრუეა“, – აღნიშნა მან.
თარხან ბათირაშვილის პიროვნება იდუმალებითაა მოცული. ვიცით, რომ იგი 1986 წელს დაიბადა საქართველოს პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში, რომელიც ჩეჩენ-ქისტებითაა დასახლებული. მამამისი ქართველია, დედა ქისტი ქალი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. საინტერესო დეტალია: „ისლამური სახელმწიფოს“ მომავალი ლიდერი ქართული არმიის მე-4 ბრიგადაში მსახურობდა და მას ამერიკელი ინსტრუქტორები წრთვნიდნენ. მან მონაწილეობა მიიღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მომხდარ სამხედრო ოპერაციებში, შემდეგ ავად გახდა და სამხედრო სამსახურის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თარხან ბათირაშვილმა პატიმრობაც იწვნია: იგი ქართულ ციხეში იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით გაამწესეს, საიდანაც 2012 წელს გათავისუფლდა.
იბადება კითხვა: ხომ არაა დაკავშირებული თარხან ბათირაშვილი ქართულ ან ამერიკულ სპეცსამსახურებთან? იგი დაზვერვის თვალსაწიერში შეიძლება ამერიკელების წრთვნის დროს მოხვდა, ან უფრო მოგვიანებით – ქართულ ციხეში. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, პანკისის ხეობის ვაჰაბიტური ჯამაათი მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ სპეცსამსახურებთან. ცნობილია შემთხვევა, როცა [პანკისში] ვაჰაბიტურ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი „ითავსებდა“. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ დაქირავება-გადაბირება შესაძლოა სულაც ქართული სპეცსამსახურების ნებითა და მათ კონტროლქვეშ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რაში მდგომარეობს „ისლამურ სახელმწიფოში“ თარხან ბათირაშვილის „მისიის“ ჭეშმარიტი აზრი? იქნებ მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობები იმის მცდელობაა, რომ თავისი როლის შემსრულებელი აგენტი „თამაშიდან გამოიყვანონ“?
«Независимая газета» (რუსეთი), 10 მარტი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-03-10/6_mimino.html
„მიმინომ“ უკრაინელი მფრინავი ქალის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა
სტატიაში მიმოხილულია დასავლური ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიერ ინიცირებული აქციების მიმდინარეობა, რომლებიც ერევანსა და თბილისში ჩატარდა და რომელიც უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას მიეძღვნა. აქციებში, სხვადასხვა ცნობით, ასობით თუ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა (ავტორი – იური როქსი).
ერევანში საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოს წინ გაიმართა, თუმცა მასზე რეაგირება არავის მოუხდენია. აქციის მონაწილეებს პასიურად თვალს ადევნებდა რამდენიმე ათეული პოლიციელი… ეგ იყო და ეგ. რაც შეეხება თბილისში გამართულ ღონისძიებას, ქართველები უფრო ემოციურები აღმოჩნდნენ. ალბათ, ეს საქართველოსა და უკრაინის მსგავსმა სიტუაციამ განაპირობა, მათმა საერთო ინტერესებმა, საგარეოპოლიტიკურმა პრიორიტეტებმა და მოსკოვთან ნეგატიურმა დამოკიდებულებამ. მთავარი კი ის იყო, რომ თბილისრი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და „სულისჩამდგმელი“ ყოფილი მმართველი, ახლა კი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გახლდათ. „ნაციონალებს“ მხარს უჭერდნენ მათ მიერ კონტროლირებული ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად გამოვიდა მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეც კი, რომელმაც გაიხსენა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მან საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, რომ ტყვედ ჩავარდნილი რუსი მფრინავები გაეთავისუფლებინა და სამშობლოში დაებრუნებინა. – წერს ავტორი, რომელიც სტატიაში „ნაციონალების“ ერთ-ერთ ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებას ციტირებას ახდენს: „საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა უკანონოდ დაკავებული ნადეჟდა სავჩენკო გათავისუფლდეს“.
თბილისელი ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის ირაკლი კორძაიას აზრით, სოციალურ ქსელებში გამოხატული აქტიურობის მიხედვით, აქციის მონაწილე უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგანაც ჩვენი მოკავშირე უკრაინის გულშემატკივრად „ნაციონალები“ გამოვიდნენ, ხალხმა მათ მიერ მოწყობილ აქციაში მონაწილეობა მასიურად არ მიიღო – თავისუფლების მოედანზე მხოლოდ პარტიული აქტივისტები და მათთან დაახლოებული ჯგუფები შეიკრიბნენ“, – აღნიშნა ირაკლი კორძაიამ „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში. „ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ნადეჟდა სავჩენკოსადმი არა იმდენად პოლიტიკა განსაზღვრავს, არამედ ის, რომ იგი ქალია და მას თანაგრძნობას უცხადებენ“, – ამბობს ანალიტიკოსი და იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ ერთინაირი დამოკიდებულება არ არის: „ზოგმა მას მხარი დაუჭირა, უმეტესობამ შეფასებებისაგან თავი შეიკავა“. როგორც ჩანს, ასეთი სიტუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მკაფიო პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ არსებობს.
«Iran Daily» (ირანი), 10 მარტი, 2016 წელი
http://www.iran-daily.com/News/138039.html
თბილისში ირანელი და ქართველი მხატვრების სურათების გამოფენა გაიმართა
საქართველოს მხატვართა ეროვნული აოციაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე, თბილისში გამოფენა ჩატარდა, რომელზეც ირანელი და ქართველი მხატვრების 40-ზე მეტი სურათი იყო წარმოდგენილი.
ირანის კულტურისა და ისლამური კავშირების ორგანიზაციის ცნობით, გამოფენა თბილისი ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და ხელოვნების ქართველ და ირანელ მოყვარულებს უმასპინძლა. გამოფენას გახსნას საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრო.
ირანის საელჩოს კულტურის ატაშის მოჯად კამრენფერმა კმაყოფილება გამოხატა გამოფენაში ქართული ელიტისა და ხელოვნების მოყვარულთა დასწრების გამო და განაცხადა, რომ ირან-საქართველოს მხატვართა ერთობლივი ღონისძიება ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას როგორც კულტურის, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებშიც.
როგორც ცნობილია, ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმაც იგივე აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან 8 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რომ ირანისა და საქართველოს ხალხებმა ყველა სფეროში უნდა გააფართოონ თანამშრომლობა.
„ირანისა და საქართველოს ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა ორი ხალხის ინტერესების მიხედვით უნდა გაღრმავდეს“, განაცხადა ჰასან რუჰანიმ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისსა და თეირანს თანამშრომლობის გაფართოების დიდი პოტენციალი აქვთ, რასაც ხელს შეუწყობს სავიზო რეჟიმის გაუქმება ორ სახელმწიფოს შორის.