globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 10th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): როგორ დასაჯეს მიტროპოლიტი პეტრე

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთმა სამურზაყანო ჩაკეტა

«Lragir» (სომხეთი): რატომ არის სხვადასხვანაირი საქართველოს და აზერბაიჯანისთვის მილსადენებისაგან მიღებული შემოსავალი? // საქართველო როგორც „პანამის არხი“ აზერბაიჯანისათვის

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 10 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/rogor-dasajes-mitropoliti-petre/28360004.html

როგორ დასაჯეს მიტროპოლიტი პეტრე

ჯიმშერ რეხვიაშვილი

9 მარტს საპატრიარქოში გამართულმა სინოდის საგანგებო სხდომამ თანამდებობიდან გადააყენა საპატრიარქოს ტელევიზიის გენერალური დირექტორი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომლის თქმითაც, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მის მიერ საპატრიარქოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მიტროპოლიტი პეტრე აკრიტიკებდა პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს, და ღიად საუბრობდა საპატრიარქოს შიგნით არსებულ პრობლემებზე.

საპატრიარქოში გამართული სინოდის რიგგარეშე სხდომა არასრული სამი საათი გაგრძელდა. სხდომის დღის წესრიგის შესახებ ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, თუმცა სინოდის ცალკეული წევრები ადასტურებდნენ, რომ შეიკრიბნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმისა და მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ გადააყენეს საპატრიარქოს ტელევიზიის, „ერთსულოვნების“, გენერალური დირექტორის თანამდებობიდან:

​„ვფიქრობ, რომ მიკერძოებული სამართალი იყო და მიმაჩნია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მნიშვნელოვანი. მირჩევნია, რომ დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“.

წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ასევე გაირკვა, რომ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი არ განუხილავთ, თუმცა სხდომის დაწყების წინ მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას. კითხვას, სჯერა თუ არა პროკურატურის ვერსიის, მღვდელმთავარმა ასე უპასუხა: „აბა, ქვეყანაში ვის უნდა დავუჯერო, თუ პროკურატურას არა? არის სხვა ვარიანტი?“

რუსთველ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს კი მოუწია კომენტარის გაკეთება საპატრიარქოში არსებული კლანური დაპირისპირების შესახებ: “ყველას გვისწავლია სკოლაში ან ინსტიტუტში… არის მეგობრული წრეები. ორი-სამი ადამიანი – ცალკე, ხუთი – ცალკე, ეს კლანი ხომ არ არის? ეს არის პირადი ურთიერთობა. ვიღაც მეგობრობს, ვიღაც ნაკლებად მეგობრობს. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, მაგრამ დაპირისპირება – არა“.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გაირკვა, რომ სინოდის წევრებს სიღრმისეულად არ უსაუბრიათ საპატრიარქოში არსებული პრობლემების შესახებ. მიტროპოლიტ პეტრეს დასჯა კი თეოლოგსა და რელიგიურ უფლებათა დამცველ ბექა მინდიაშვილს აფიქრებინებს, რომ სინოდსა და საპატრიარქოს არანაირი რესურსი არ გააჩნია გაუმკლავდეს უმწვავეს კრიზისს:

​„ეს არის იდენტობის კრიზისი და მორალური კრიზისი, რომელიც დგას საპატრიარქოსა და მთელი ეკლესიის წინაშე, რის შესახებაც ავად თუ კარგად ცდილობდა ესაუბრა მიტროპოლიტ პეტრეს და ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მათ იპოვნეს, არის იმ ადამიანის დასჯა და დადუმება (დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ამის შემდეგ აღარ ისაუბრებს), რომელიც ცდილობდა ამ ჭაობის შეყანყალებას. ეს მოასწავებს იმას, რომ საპატრიარქო კარგა ხნით ისევ დაილუქება გარეშე თვალისთვის და ისევ წარმოუდგენლად საზარელი პრობლემები დაგროვდება, რის შესახებაც პეტრე საუბრობდა, იქნება ეს ბიზნესი, წილები, ურთიერთსიძულვილი, ათასნაირი დანაშაულის დაბრალება და სხვა და სხვა“.

ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ წმინდა სინოდს უნდა ემსჯელა არა კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე, ისეთებზე, როგორიც არის, მაგალითად, დეკანოზ მამალაძის საქმე ანდა მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები, არამედ საქართველოში ქრისტიანობის უმწვავეს კრიზისზე, თუმცა ამის ნაცვლად სინოდმა კონკრეტული მღვდელმთავრის გაჩუმება გადაწყვიტა.

„ტელევიზიისგან ჩამოშორება არის გაფრთხილება, რომ საერთოდ არ ჩამოაშორონ ეპარქიას, სამღვდელმთავრო საქმიანობას და უკვე მეორე გაფრთხილება შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ შეაჩერონ მისი მღვდელმოქმედება, როგორც თავის დროზე ბასილ კობახიძეს შეუჩერეს ანალოგიურად მღვდელმოქმედება იმის გამო, რომ ისიც ღიად, საჯაროდ საუბრობდა ეკლესიაში არსებული რეალობის შესახებ. საპატრიარქოს ყველაზე მეტად აშინებს საჯაროდ გამოტანილი სიმართლე მის შესახებ, რაც გამოჩნდა კიდეც – განხილვის მთავარი თემა იყო პეტრე ცაავა და ის პრობლემა, რასაც საპატრიარქო უწოდებს ეკლესიის წიაღში არსებული საკითხების საჯაროდ განხილვას. სინოდის წევრებს, საპატრიარქოს მიაჩნიათ, რომ ეს არის რაღაც დახურული კორპორაცია, სადაც მზის შუქი არ უნდა შედიოდეს და სადაც არც სახარების სინათლე უნდა აღწევდეს და არც მედიის შუქი უნდა აღწევდეს და არავინ არ უნდა მსჯელობდეს ამ დახურული ორგანიზაციის შესახებ, რომელშიც, შესაძლოა, უამრავი უკანონო საქმე იხარშება“, უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დღის ბოლოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა წმინდა სინოდის განჩინება, რომელიც საზოგადოებას სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო. მისი თქმით, სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ.

„მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-closes-two-gali-chekpoint-in-occupied-abkhazia/3756981.html

რუსეთმა სამურზაყანო ჩაკეტა

ზაზა წულაძე

მესამე დღეა რაც საოკუპაციო რეჟიმმა გალისა და ზუგდიდის რაიონების დამაკავშირებელი ორი გადასასვლელი: ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტია საბოლოოდ ჩაკეტა, რამაც კიდევ უფრო გაართულა მიმოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. უკვე სახეზეა ამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილების პირველი მძიმე შედეგები: შემცირდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა და სკოლის მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც განათლების მისაღებად მშობლებს ზუგდიდის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადმოჰყავდათ. მათი ნაწილი საერთოდ განათლების გარეშე დარჩა, ნაწილი კი იძულებული გახდა საცხოვრებლად ენგურს გადმოღმა წამოსულიყო.

გადასასვლელების ჩაკეტვამ ავტომატურად გააძვირა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები, განსაკუთრებით, ოკუპირებული გალის რაიონის ქვედა ზონაში. ეს სოფლები, ძირითადად, სწორედ ზუგდიდის რაიონიდან მარაგდებიან.

მესამე დღეა გალელებს დამატებითი კილომეტრების გავლა უწევთ, რომ ენგურის ხიდამდე მიაღწიონ, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ერთადერთ, „ოფიციალურ“ „საკონტროლო-გამშვებ პუნქტად“ სწორედ ენგური დარჩა. სოფელ ბარღების მკვიდრი ზური ბოხუა ამბობს: „ახლა რამოდენიმე კილომეტრით ზედმეტის გავლა გვიხდება, ფეხით იქნება ეს თუ ტრასპორტით რა მნიშვნელობა აქვს. აი, ასე გაგვიგრძელეს ეს გზა, რთულია რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.“

ნაბაკევი-ხურჩასა და ოტობაია-ორსანტიას გადასასვლელების ჩაკეტვა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა: „ეს ქმედება კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროს. მსგავსი ქმედებები იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ სირთულეებს და ხალხს უქრობს ნდობასა და თავდაჯერებულობას. ამასთანავე, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს – აღიარებულ მექანიზმს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მოლაპარაკების საწარმოებლად“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

შეერთებული შტატების მოწოდების საპასუხოდ, რომ კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ განაცხადა, რომ „ამ გადასასვლელების დაკეტვა სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და არ ექვემდებარება გადახედვას“.

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმი ნაბაკევსა და ოტობაიაში გადასასვლელების გაუქმების გამო, საპროტესტო გამოსვლებს ელოდა, რის გამოც გალის რაიონში მილიციის დამატებითი ძალები იქნა გადასროლილი.

„საკონტროლო-გამშვები პუნქტების“ დახურვას ადგილზე დაესწრო სოხუმის დე-ფაქტო „შინაგან საქმეთა მინისტრი“ ასლან კობახია, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხარდაჭერით ხდება და მტერ სახელმწიფოსთან საზღვრის გახსნა დაუშვებელია.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დღეს ჩვენთანაა და ამით უნდა ვისარგებლოთ, იმიტომ, რომ მუდმივად ასე არ იქნება. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. საზღვრის გაძლიერება არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება. თუკი ვინმე თვლის, რომ აფხაზური სახელმწიფოს გაძლიერება მტერთან გამშვები პუნქტის გახსნით არის შესაძლებელი, ის ღრმად შეცდა. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მომავალშიც ამის გაკეთება არ შეიძლება“.

ექსპერტების აზრით, ასლან კობახიამ, რომელიც აფხაზთა მოქმედი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას ერთგული მოკავშირეა, ამ განცხადებით ყოფილ „პრეზიდენტზე“ ალექსანდრე ანქვაბზე მიიტანა იერიში. დამატებითი გადასასვლელები მდინარე ენგურზე, 2013 წელს, სწორედ ალექსანდრე ანქვაბმა გახსნა, რომელსაც გალში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

ალექსანდრე ანქვაბი 2014 წლის მაისში გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან, თუმცა 2017 წლის თებერვალში, იგი მოსკოვიდან მოულოდენლად ისევ სოხუმში დაბრუნდა და 12 მარტს დანიშნულ „საპარლამენტო არჩევნებში“ კენჭს გუდაუთაში იყრის. მოქმედი რეჟიმი კი ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს, რომ ალექსანდრე ანქვაბის მომხრეთა რევანში არ დაუშვას.

დღევანდელი მდგომარეობით, საოკუპაციო ხაზზე, ენგურის ხიდის გარდა, კიდევ რჩება ერთი მოქმედი – წყოუშის გადასასვლელი, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანსა და გალის რაიონის სოფელ საბერიოს აკავშირებს, თუმცა მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ ეს გზაც მალე ჩაიკეტება.

«Lragir» (სომხეთი), 10 მარტი, 2017 წელი

http://lragir.am/index/rus/0/comments/view/54235

რატომ არის სხვადასხვანაირი საქართველოს და აზერბაიჯანისთვის მილსადენებისაგან მიღებული შემოსავალი?

საქართველო როგორც „პანამის არხი“ აზერბაიჯანისათვის

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

აზერბაიჯანი და საქართველო ტრადიციულად განიხილებიან არა როგორც მხოლოდ ერთმანეთთან მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოები, არამედ როგორრც პარეტნიორები და მოკავშირეები, რომლებთაც სერიოზული ხელშეკრულებები აერთიანებთ პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში.

ზოგადად, საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან რგოლებად ითვლებიან აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიაში – როგორც კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის მოპოვება-ტრანსპორტირებაში, ასევე სამხედრო ტრანზიტის საკითხშიც. შესაბამისად, ორივე ქვეყანას, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, დასავლური თანამეგობრობა, განსაკუთრებით კი აშშ, საკმაოდ ძლიერად აკონტროლებს. იმიტომ, რომ ისინი დასავლეთისათვის, შეიძლება ითქვას, ერთგვარ გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პოლიგონებს წარმოადგენენ: საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივათა სხვადასხვა სქემების ადაპტირება მიმდინარეობს, თუმცა ეს პროცესი წინააღმდეგობრივად ვითარდება: ერთი მხრივ, ლონდონი და ვაშინგტონი ცდილობენ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიზებას და მის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის (ირანსა და რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად), მეორე მხრივ კი, ამ ამოცანების რეალიზება ხელს უშლის ამერიკულ-ბრიტანული ტანდემის მთავარი მიზნის განხორციელებას – ნავთობისა და გაზის მოპოვება-ტრანსპორტირებას.

აშშ და დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის მონაწილეობით, ცდილობენ, რომ ერთობლივი ინტერესების საფუძველზე, რეგიონის პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა რაღაც საერთო მნიშვნელამდე მიიყვანონ. ამ პოლიტიკის ღერძად საქართველო და აზერბაიჯანი მოიაზრებიან.

უნდა ვაღიაროთ, რომ თავდაპირველად ასეთმა პოლიტიკამ მართლაც სასიკეთო გავლენა მოახდინა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობაზე, მაგრამ 2005-2006 წლებში ორი მეზობლის ინტერესებში თავი იჩინა გარკვეულმა წინააღმდეგობებმა, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველთვის იყო, მაგრამ ხშირად ლატენტურ მდგომარეობაში  იმყოფებოდნენ და გარკვეულ პირობებში აქტიურდებოდნენ.

2005-2006 წლებში გამოკვეთილი წინააღმდეგობების მთავარი მიზეზი გახდა ორი უმნიშვნელოვანესი ენერგოკომუნიკაციის – ნავთობ-გაზსადენების „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ მშენებლობის დასრულება, პლუს მოდერნიზებული „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენის ამოქმედება. საბოლოო ჯამში, ამ სამი პროექტის რეალიზებით შეიქმნა ის სამხრეთკავკასიური ენერგეტიკული კომუნიკაციების სისტემა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა თავის დროზე, საკუთარი ინტერესების საზიანოდ, ზემოთ ხსენებული ენერგოკომუნიკაციებისაგან მიღებული შემოსავლების ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დათმო, ამ მილსადენებისაგან მიღებული [ეკონომიკური] ეფექტი ორივე ქვეყნისათვის მაინც სხვადასხვა აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის შემოსავლებმა, რომლებიც ბევრად არის დამოკიდებული საქართველოს ტერიტორიაზე აგებული მილსადენების ექსპლოატაციაზე, საქართველოს შემოსავლებს ათობით მილიარდი დოლარით გადააჭარბა. არსებითად, საქართველო აზერბაიჯანისათვის ერთგვარ „პანამის არხად“ იქცა, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, სამხრეთ კავკასიის ერთიან ენერგეტიკულ კომპლექსში. თუ აღნიშნული მილსადენების პროექტირების პროცესში საქართველოსთვის დაგეგმილი შემოსავლები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, დღეს ქვეყნის ბიუჯეტისთვის ნავთობ- და გაზსადენებისაგან მიღებული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. 2002 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 370 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2007 წელს კი უკვე 1,7 მილიარდს მიაღწია და მასში კასპიის ენერგოშემცველების ტრანსპორტირებისაგან მიღებული შემოსავლები (ნავთობის რკინიგზით გადატანის ჩათვლით) მხოლოდ 100 მლნ. დოლარი იყო, თანაც სიმძლავრეების სრული გამოყენების პირობებში. და ეს მაშინ, როცა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტოი ფონდის მონაცემებით, აზერბაიჯანმა 175 მლრდ. დოლარი მიიღო, ანუ ყოველწლიურად 8,7 მილიარდი დოლარი, თანაც ნავთობზე არც თუ ისე მაღალი ფასების დროს.

რა თქმა უნდა, მიღებულ შემოსავლებში არსებული მკვეთრი განსხვავება საქართველოს აღიზიანებდა – თბილისი ხომ ამ ენერგოპროექტების რეალიზებით დიდ რისკზე წავიდა: გამწვავდა რუსეთთან კონფრონტაცია, რომელმაც საქართველოს უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მოუტანა და რომელსაც ვერანაირად ვერ შევადარებთ აზერბაიჯანის მიერ გაზითა და ნავთობის ტრანსპორტირებით მიღებულ შემოსავლებს.

გარდა ამისა, არანკლებ მნიშვნელოვანი ის ფაქტორიც, რომ საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში უწევს აღნიშნული ენერგოკომუნიკაციების დაცვის ფუნქციის შესრულება, რომელიც თავისთავად გულისხმობს დამატებით ფინანსურ ხარჯებს და პოლიტიკურ  რისკებს, იმავე რუსეთთან ურთიერთობის გამო.

საქართველოში ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა, ანუ საქართველოს მონაწილეობამ კასპიის ენერგოპროექტებში, ქვეყანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვამდე მიიყვანა.

2006 წელი აშშ-ის ახალი დოქტრინით აღინიშნა – ვაშინგტონმა ცენტრალური აზიის სანედლეულო რესურსებიდან ორიენტაცია სამხრეთ აზიისაკენ მიმართა, რითაც „ევრაზიული დერეფნის“ ლოკალიზება მოხდა. ამან ხელი შეუშალა საქართველოს მეტი შემოსავლები მიეღო ტვირთების ტრანზიტით. ამრიგად, მოცემული რეგიონთაშორისო გეოეკონომიკური პროექტი, რომელსაც სატრანზიტო ფუნქციები გააჩნია, არსებითად, უკვე დასრულებულია და უკეთესი პერსპექტივა აღარ აქვს.

ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანი საქართველოზეა დამოკიდებული ნავთობ-და გაზსადენების მუშაობის თვალსაზრისით, საქართველო კი აზერბაიჯანზე – კასპიის ენერგორესურსების ტრანზიტის გამო. სინამდვილეში კი ეს ორი ქვეყანა ერთმანეთზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავიანთ დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ნავთობის საბადოებისა და შესაბამისი სატრასპორტო საშუალებებების მთავარ მფლობელებად ითვლებიან.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველო და აზერბაიჯანი კასპიის ენერგოკომპლექსთან მიმართებით, მხოლოდ „ობიქტები“ აღმოჩნდნენ. ეს გარემოება თითქოსდა კერძო ხასიათისაა, მაგრამ მასში მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური და უნივერსალური ინტრიგაა ჩადებული [აზერბაიჯანის უპირატესობა] და, ბუნებრივია, ადრე თუ გვიან ეს მომენტი ორი მეზობლის ურთიერთობაზე აისახებოდა. ეს გარემოება გახდა „საბაზისო“ მიზეზი პრობლემურ-[პრეტენზიული] საკითხების წარმოშობისა, მაგალითად, აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მდგომარეობა, ვაჭრობისა და კულტურულ-ისტორიული საკითხები.

აზერბაიჯანი და თურქეთი საკმაოდ ეგოისტურად მიუდგნენ საქართველოს პრობლემებს გაზით უზრუნველყოფის სფეროში (ფასებთან დაკავშირებით), როცა მოსკოვმა თბილისს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. საქმე იმაშია, რომ „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო ძალზე წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდა: ეს პროექტი, მისი  მასშტაბურობის მიუხედავად, გაზით მომარაგების სფეროში ქვეყნის მოთხოვნებს მიახლოებითაც კი ვერ უზრუნველყოფს.

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში უკვე განიხილება საკითხი გაზისა და ნავთობის ტრანზიტის ტარიფების გადასინჯვის აუცილებლობაზე, რადგან მილსადენების მშენებლობის დროს ნავთობზე ფასები ორჯერ ნაკლები იყო დღევანდელთან შედარებით, ხოლო გაზზე – 4-5-ჯერ ნაკლები. რა თქმა უნდა, ტარიფების გადასასინჯად, ზოგადად, ეს საკმარისი არგუმენტი არ არის, მაგრამ ქართული ინტელექტუალური მენტალობისთვის სრულიად საკმარისია, რომ მოთხოვნილ იქნეს ენერგორესურსების ტრანზიტის ტარიფების მომატება. რასაკვირველია, ასეთ მოქმედება ბაქოსა და თბილისს შორის დაპირისპირების ესკალაციას გამოწვევს, რომელშიც დასავლური მთავრობები და კომპანიები იქნებიან ჩათრეულნი.

Comments are closed