«Мир-24» (რუსეთი//დსთ): ინტერვიუ სომხეთის პრეზიდენტთან: „დარწმუნებული ვარ – არასოდეს არ დადგება ის დრო, როცა ჩვენ საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა გვექნება“
«Nikkei» (იაპონია): ეკა ზღულაძე vs ნატალია პოლონსკაია: ვინ უფრო წარმატებულია კორუფციასთან ბრძოლაში
«Hürriyet Daily News» (თურქეთი): ემილ კონსტანტინესკუ: „აბრეშუმის დიდი გზის აღორძინების იდეა ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის“
———————-
«Мир-24» (რუსეთი//დსთ), 9 აპრილი, 2015 წელი
http://mir24.tv/news/politics/12394603
ინტერვიუ სომხეთის პრეზიდენტთან: „დარწმუნებული ვარ – არასოდეს არ დადგება ის დრო, როცა ჩვენ საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა გვექნება“
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოსკოვში ყოფნისას, 8 აპრილს, ინტერვიუ მისცა რუსეთის (დსთ-ის) ტელეკომპანია „მირ“-ის კორესპონდენტს ეკატერინე აბრამოვას, რომლის დროსაც ისაუბრა სომეხთა გენოციდის ასი წლისთავის შესახებ (აღინიშნება 24 აპრილს), შეეხო ევრაზიული ეკონომიკურ კავშირის მნიშვნელობას სომხეთისათვის, ისაუბრა რუსეთთან და დსთ-ის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე. ბუნებრივია, სერჟ სარგსიანმა ყურადღების მიღმა არ დატოვა აგრეთვე საქართველოს მნიშვნელობა სომხეთისათვის…
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
————-
ეკატერინე აბრამოვა: საქართველოს პოზიცია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ევრაზეკ) მიმართ სომხეთისთვის ხელის შემშლელი არ არის?
სერჟ სარქისიანი: მე ვფიქრობ, რომ არა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უკვე სამი თვეა ევრაზეკ-ის წევრი ვართ და [საქართველოს მხრიდან] არავითარი დაბრკოლება არ გვაქვს. რასაკვირველია, ჩვენ ყველა – სომხები, რუსები, ბელარუსები, ყაზახები, ჩვენი შესაბამისი ორგანოები – გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ეკონომიკური ბაზრის ჩამოყალიბების, ახლებური ურთიერთობის პირველ ეტაპს. ცვლილებები ძალიან დიდი იქნება, საჭიროა რაღაც პერიოდი, რათა ადაპტაცია მოხდეს. სომხეთი მაქსიმალური კეთილგანწყობით ეკიდება ამ პროცესს და ასეთივე განზრახვით მოუწოდებს ყველა ქვეყანას. ასეთი მიდგომით ჩვენ ხელს შევუწყობთ ევრაზიული ეკონომიკურ კავშირის განმტკიცებას.
ეკატერინე აბრამოვა: თქვენ [ინტერვიუს დასაწყისში] სამხედრო თანამშრომლობა ახსენეთ. ფაქტია, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრია, ხოლო მისი უახლოესი მეზობლის – საქართველოს მზერა და ლტოლვა სხვა სამხედრო ბლოკისაკენ – ნატოსკენაა მიმართული. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასეთი სიტუაციის მიმართ?
სერჟ სარქისიანი: ჩვენ საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, შესაბამისად, ვალდებულები ვართ პატივისცემით მოვეკიდოთ ჩვენი მეზობლის არჩევანს. ამასთან, ჩვენ ვთვლით: ყოველმა ქვეყანამ, რომელიმე ბლოკში გაწევრიანების ან თავისი ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინოს, რომ მისმა ნაბიჯმა რეგიონის საერთო სიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უსაფრთხოება განუყოფელი და ურთიერთშემავსებადია. დღეს, 21-ე საუკუნეში იმდენი გამოწვევებია, რომ სახელმწიფოები ცალ-ცალკე ამ გამოწვევებს თავს ვერ გაართმევენ, შესაბამისად, გაერთიანებებში ყოფნა აუცილებელია. ვიმეორებ, დღეს ყველაზე მთავარი ისაა, რომ სომხეთის ყოფნამ ერთ სამხედრო ბლოკში და საქართველოს ყოფნამ ან მისმა თანამშრომლობამ სხვა სამხედრო ბლოკში ჩვენი რეგიონის სიტუაციის გაუარესება არ გამოიწვიოს. ამიტომაც საქართველოს პოზიციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული – ჩვენს ქვეყნებში სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში. მე დარწმუნებული ვარ – არასოდეს არ დადგება ის დრო, როცა ჩვენ საქართველოსთან ამის გამო ცუდი ურთიერთობა გვექნება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებაც სიტუაციას სწორედ ასე აღიქვამს. ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია, არ დაგვინახავს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ისეთი ნაბიჯი, რომელიც ესკალაციის გამომწვევი იქნებოდა.
«Nikkei» (იაპონია), 9 აპრილი, 2015 წელი
http://inosmi.ru/politic/20150409/227408677.html
ეკა ზღულაძე vs ნატალია პოლონსკაია: ვინ უფრო წარმატებულია კორუფციასთან ბრძოლაში
მსოფლიოს საზოგადოების ყურადრება უკრაინისა და რუსეთის მიერ მიერთებული ყირიმისკენაა მიპყრობილი, სადაც ორი ჩინოვნიკი კორუფციას ებრძვის: ერთი კიევშია, მეორე – სიმფეროპოლში. მოახერხებენ ისინი ბრძოლის ველზე გამარჯვებას? რომელი მიაღწევს მათგან წარმატებას – მედასავლეთე თუ რუსეთუმე? ამ ორი ჩინოვნიკის წარმატებაზეა დამოკიდებული უკრაინის მომავალი, რომელიც რუსეთსა და ევროპას შორის მდებარეობს“, – ნათქვამია იაპონურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის შესავალში (ავტორი – ტაკაიუკი ტანაკა).
უკრაინა ევროპაში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის სახელითაა ცნობილი. აქ კორუფციასთან ბრძოლის წინა ხაზზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე იმყოფება, რომელიც 36 წლისაა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეა (მიხეილ სააკაშვილს რუსეთი თავის მტრად თვლის). ეკა ზღულაძეს ჯერ კიდევ არ შესრულებოდა 30 წელი, როცა იგი საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და კორუმპირებულ სამართალდამცველ ორგანოებში რეფორმა განახორციელა. მისმა მოქმედებამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
გასული წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძე სამუშაოდ უკრაინაში მიიწვია და ქვეყნის მოქალაქეობა მისცა. პრეზიდენტი, რომელიც ევროპული სტანდარტის „სუფთა სახელმწიფოს“ შექმნას ცდილობს, კორუფციასტან ბრძოლას უპირველესი მნიშვნელობის ამოცანად მიიჩნევს. სავარაუდოდ, ეკა ზღულაძის დანიშვნა მინისტრის მოადგილედ იმითაა ნაკარნახევი, რომ უცხოელისთვის უფრო იოლი იქნება რეფორმების გატარება. ეკა ზღულაძემ ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სწრაფად დაიწყო რეფორმა საგზაო პოლიციაში. აღსანიშნავია, რომ შს სამინისტროს ეს სტრუქტურა ძირითადად მხოლოდ ქრთამის აღებით იყო დაკავებული. ეკა ზღულაძემ გადაწყვიტა ჯერ ყველა თანამშრომელი გაეთავისუფლებინა სამსახურიდან, შემდეგ კი, გამჭვირვალე შერჩევით, ახლები მიეღო. მექრთამეობის აღმოფხვრის მიზნით, მათ მაღალი ხელფასები დაენიშნებოდათ.
ევროპელი დიპლომატების ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკა ზღულაძის საქმიანობა მაღალ დონეზე შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, კორუფციასთან ბრძოლას სერიოზულად ახორციელებს. მარტში უიკრაინამ ფონდისაგან 17,5 მიკლიარდი დოლარის კრედიტი მიიღო.
ამასთან, გაურკვეველია, საბოლოოდ წარმატებული იქნება თუ არა კორუფციასთან ბრძოლა უკრაინაში – იმ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაზე ათჯერ მეტია. ეკა ზღულაძე რეფორმების სწრაფ გატარებას ფიქრობს, ანუ მანამ, სანამ პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური ხელისუფლება ძლიერია. მან მასმედიის წარმომადგენლებტან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინიდან 2-3 წლის შემდეგ გაემგზავრება, როცა თავის მნიშვნელოვანს მუშაობას დაასრულებს.
რაც შეეხება ყირიმს, რომელიც რუსეთმა ცალმხრივად, უკრაინის ნებართვის გარეშე მიიერთა, კორუფციასთან ბრძოლას 35 წლის ნატალია პოლონსკაია ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, ამ პიროვნებას გასულ წელს აქტიურად განიხილავდნენ იაპონურ სოციალურ ქსელებში – იგი თავისი ლამაზი, მიმზიდველი გარეგნობით პროკურორებს შორის ძალიან გამოირჩევა. კიევში ხელისუფლების შეცვლას იგი „სახელმწიფო გადატრიალებად“ მიიჩნევს. ყირიმის პროკურორად დანიშვნის შემდეგ ნატალიამ კორუფციასთან ბრძოლა თავისი საქმიანობის პრიორიტეტად დაისახა. მარტში მან ქალაქ იალტის პროკურორი დააპატიმრა ქრთამის არების ბრალდებით. ექსპერტების ვარაუდით, მკაცრი ადმინისტრაციული კონტროლის წყალობით (რაც საკმაოდ დადებითად გამოირჩევა უკრაინის ხელისუფლების დროს აქ არსებული მიდგომებისაგან) ყირიმის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობაში ნდობა განიმტკიცოს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატალია პოლონსკაიას დანიშვნიდან ერთი წელი გავიდა, რუსული მასმედია წერს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ შეიმჩნევა. ცხადია, რომ რუსეთში კორუფციასთან ბრძოლა იოლი არ არის, ამ მავნე მოვლენაში სახელმწიფო სტრუქტურებია ჩართული, პოლიტიკური ელიტა შემოსავალს ღებულობს. ამის მიუხედავად, ნატალია ყირიმის იმიჯის გაუმჯობესებას და პოპულარიზებას ცდილობს: მან თავისი სილამაზით იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰატოიამა მოხიბლა, როცა იგი ყირიმს ეწვია (ტოკიოს უკმაყოფილების მიუხედავად). მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ შეიქმნება იაპონია-ყირიმის „მეგობრობის სახლი“, რომლის ხელმძღვანელი რუსეთის მხრიდან ნატალია პოლონსკაია იქნება.
«Hürriyet Daily News» (თურქეთი), 10 აპრილი, 2015 წელი
ემილ კონსტანტინესკუ: „აბრეშუმის დიდი გზის აღორძინების იდეა ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის“
„აბრეშუმის დიდი გზის აღორძინების იდეა, რომელიც 1990-იანი წლების შუახანებში შესაძლოა ბევრს უტოპიად მიაჩნდა, დღეს რეალურ კონტურებს იძენს, – ამბობს რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ «Hürriyet Daily News»-სთან ინტერვიუში, რომელიც სტამბოლში იმყოფება და Marmara Group-ის მიერ ორგანიზებულ მე-18 ევრაზიულ ეკონომიკურ სამიტში მონაწილეობს (ესაუბრება დენიზ სინანი).
გთავაზობთ ამონარიდს:
როგორც ემილ კონსტანტინესკუმ განაცხადა, აბრეშუმის დიდი გზის – ევროპისა და აზიის, განსაკუთრებით კი ჩინეთთან დამაკავშირებელი ისტორიული სავაჭრო მარშრუტის აღორძინების იდეა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წამოაყენა: 1990-იანი წლების შუახანებში ქართველმა პოლიტიკოსმა ერთად შეკრიბა ხუთი სახელმწიფოს ლიდერი: თურქეთის – სულეიმან დემირელი, აზერბაიჯანის – ჰეიდარ ალიევი, ყახაზეთის – ნურსულთან ნაზარბაევი და რუმინეთის – ემილ კონსტანტინესკუ, რათა „აბრეშუმის დიდი გზა“ აეღორძინებინა. როგორც რუმინეთის ექს-პრეზიდენტი ამბობს, ამ იდეის რეალიზების მიზნით მათ, ცალკეული ქვეყნების ლიდერებს, გლობალურად უნდა ეფიქრათ და იმავდროულად ადგილობრივი, რეგიონული მასშტაბით უნდა ემოქმედათ.
„რატომ? იმიტომ, რომ თუ ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ვიწყებთ და არ ვითვალისწინებთ რეგიონის სპეციფიკას, მაშინ წარმატებას ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა ემილ კონსტანტინესკუმ და დაამატა, რომ იმ დროს რუმინეთი და თურქეთი მაშინაც და ახლაც ცენტრალური სახელმწიფოები არიან როგორც რეგიონული მასშტაბით, ასევე გლობალურ კონსტექსტში.