globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 10th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Postimees» (ესტონეთი): მიხეილ სააკაშვილი ოდესისაგან საქართველოს შექმნის

«Новое время – New Times» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორად? მაგრამ რატომ ოდესაში?

«Наша версия» (რუსეთი): „სამხრეთის პალმირა“ გაქცეულ „გენაცვალეთა“ ხელში // მიხეილ სააკაშვილის ქართველი „ყონაღები“ ოდესაში გაბატონებას აპირებენ

«Eurasianet» (აშშ): საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ წამსვლელთა ნაკადის შემცირებას ცდილობს

———————-

«Postimees» (ესტონეთი), 10 ივნისი, 2015 წელი

http://rus.postimees.ee/3218521/saakashvili-sdelaet-iz-odessy-gruziju

მიხეილ სააკაშვილი ოდესისაგან საქართველოს შექმნის

„ოდესის ოლქის გუბერნატორს, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გარემოებათა იდეალური დამთხვევის პირობებში, შეუძლია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელიც გახდეს. თუ მართლაც ასე მოხდება, მაშინ ეს იქნება თავისებური პრეცედენტი ევროპულ პოლიტიკაში“, – აღნიშნულია ესტონეთის გაზეთ „პოსტიმეეს“-ის რუსულენოვან ვერსიაში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – იანუს პიირსალუ).

„ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში საქმიანობის გამოცდილებას გამოიყენებს. არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, რომ მან შეიძლება წარმატებას მიაღწიოს. პირველი – ოდესა და ოდესის ოლქი ისეთივე შავიზღვისპირა ტურისტული რეგიონია, როგორიც აჭარა და ბათუმი. მიხეილ სააკაშვილი შეეცადა აჭარა და ბათუმი საქართველოს სავიზიტო ბარათად გადაექცია; მეორე – ოდესელი ბიზნესმენები თავიანთი მენტალიტეტით ახლოს დგანან ქართველ ბიზნესმენებთან; მესამე – კორუფციის დამარცხება ერთ ცალკე აღებულ რეგიონში უფრო იოლია, ვიდრე მთლიანად სახელმწიფოში“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში აგრეთვე საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და იმ დანაშაულობებზე, რომელიც მას აქვს ჩადენილი („ძნელია წარმოიდგინო, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირს, საქართველოში ბრალი აქვს წაყენებული, მაგრამ ფაქტი ჯიუტია“), ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ უკრაინას მისი ექსტრადირების თაობაზეც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. სტატიაში ჩამოთვლილია აგრეთვე ის ქართველი ჩინოვნიკები, რომლებიც უკრაინის მთავრობაში არიან დასაქმებულნი.

«Новое время – New Times» (რუსეთი), 10 ივნისი, 2015 წელი

http://www.newtimes.ru/articles/detail/98933/

მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორად? მაგრამ რატომ ოდესაში?

რუსულ ჟურნალ „ნოვოე ვრემია – ნიუ თაიმ“-ში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში გადმოცემულია ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის მიზეზები (ავტორი – სონია კოშკინა), რომელშიც გაანალიზებულია კიევის ხელისუფლებაში ბოლო თვეების განმავლობაში შექმნილი სიტუაცია (დაპირისპირება პეტრო პოროშენკოსა და იგორ კოლომოისკის შორის) და ნათქვამია, რომ ოდესის ოლქში, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია, ქვეყნის პრეზიდენტი მისი მოწინააღმდეგე ოლიგარქის ბატონობას დიდხანს ვერ მოითმენდა. ჰოდა, ძველი გუბერნატორი იგორ პალიცა, რომელიც „კოლომოისკის კაცად“ მოიაზრებოდა და სინამდვილეშიც ასე იყო, გაათავისუფლა და მის ნაცვლად „თავისი კაცი“ – მიხეილ სააკაშვილი დანიშნა.

პუბლიკაციაში აღწერილია მიხეილ სააკაშვილის პირველი ნაბიჯები გუბერნატორის პოსტზე: პირველი დანიშვნები, პირველი გათავისუფლებები, მისი განცხადებები… აღნიშნულია, რომ კონკრეტულად ქალაქ ოდესას ტურიზმის სფეროში მძლავრი პოტენციალი გააჩნია, განვითარებულია ინფრასტრუქტურა, მაგრამ ასე არ არის ოლქში, რომელიც ქვეყნის სპეციფიკურ და ეთნიკურად ჭრელ რეგიონს წარმოადგენს.

„რუსეთმა მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი უკიდურესად უარყოფითად მიიღო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ოდესის რეგიონი მოსკოვის მიერ არასტაბილურობის პოტენციურ კერად განიხილებოდა – დონეცკთან, ლუგანსკთან და ხარკოვთან ერთად, თუმცა ფაქტია, რომ ხარკოვსა და ოდესაში სეპარატიზმი მეტ-ნაკლებად განეიტრალებულ იქნა. ახლა კი, თუ მიხეილ სააკაშვილისადმი კრემლის დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ: მისი დანიშვნა კიევის მიერ მოსკოვის გამოწვევას ნიშნავს და ნურავინ ნუ დაეჭვდება იმაში, რომ ეს გამოწვევა ოდესის რეგიონის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

კიდევ ერთი ფაქტორი: მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს მოქმედება უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალის ფორმატში: პრეზიდენტის მიერ დანიშნული გუბერნატორი ანგარიშვალდებულია მინისტრთა კაბინეტის წინაშე. ისინი, არსებითად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ადგილებზე. მიხეილ სააკაშვილი კი დაჩვეულია, რომ თავისი გადაწყვეტილებების მიხედვით იმოქმედოს, მთავრობის დაუკითხავად. შესაბამისად, მას კომუნიკაციური პრობლემები ექნება.

შეძლებს კი საქართველოს ექს-პრეზიდენტი რისკების განეიტრალებას. მიხეილ სააკაშვილი ცნობილია როგორც პოლიტიკოსი-ტრიბუნი, გენიალური „პიარშჩიკი“, მაგრამ თუ იგი ოდესაში მხოლოდ „სავიტრინო მოქმედებით“ იქნება შემოფარგლული, ამით იგი კოლოსალურ შეცდომას დაუშვებს.

————-

უკრაინის მასმედიის ცნობით, გუშინ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს ოდესის ოლქის გარდაქმნის სამეტაპიანი გეგმა გააცნო: 50-დღიანი, 100-დღიანი და ნახევარწლიანი.

საბოლოო ჯამში, გეგმა ასე გამოიყურება: ყველა რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეცვლა; საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავთშვთა გაფორმების სარეგისტრაციო ელექტრონული სისტემის შემოღება; ოდესის საბაჟოს რეორგანიზაცია და მისი ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის გახსნა (ქართული „იუსტიციის სახლების“ მსგავსად), ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმიერება, ყველა სახელმწიფო ობიექტის პრივატიზება. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, მიმართული იქნება კორუფციასთან საბრძოლველად (http://uapress.info/ru/news/show/80356).

«Наша версия» (რუსეთი), 10 ივნისი, 2015 წელი

https://versia.ru/gruzinskie-kunaki-saakashvili-zaxvatyvayut-odessu

„სამხრეთის პალმირა“ გაქცეული „გენაცვალეების“ ხელში

მიხეილ სააკაშვილის ქართველი „ყონაღები“ ოდესაში გაბატონებას აპირებენ

ალექსანდრე არტიშენკო

(შემოკლებით)

„როცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე დანიშნეს, დიპლომატიურ უწყებაში ხუმრობდნენ, რომ სამინისტროს იერარქიამ ასეთი სახე მიიღო (ქვემოდან ზემოთ): მესამე „კაცო“, მეორე „ბატონო“ და პირველი „გენაცვალე“. აქ მინიშნება აშკარაა: ედუარდ შევარდნაძესთან ერთად საუწყებო სავარძლები მისმა „ზემლიაკებმაც“ დაიკავეს. იგივე პროცესი მიმდინარეობს დღეს ოდესის ოლქშიც: მიხეილ სააკაშვილი ჯერ თავის სავარძელს კარგად არ შეჩვევია, რომ მის ირგვლივ ქართველი გასტროლიორები გაჩნდნენ. სამშობლოში ისინი ძებნილებად არიან გამოცხადებულნი.

მოდით, თითები მოვიშველიოთ:

პირველი – ოდესის ოლქის პროკურორად გუბერნატორმა მიშიკომ ზურაბ ადეიშვილი დანიშნა. მას საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს მაღალ თანამდებობებზე მუშაობისა: იყო გენპროკურორი, იუსტიციის მინისტრი… შემდეგ კი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების კვალობაზე, იგი იმავ წუთს საქართველოდან გაქრა. მის მიმართ სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა ქონების მითვისებისა და წამების ორგანიზება-ხელშეწყობის ბრალდებით. ინტერპოლი ეძებდა, მაგრამ მოგვიანებით ძებნა შეწყვიტა: ზურაბ ადეიშვილი ჯერ კიევში „იპოვეს“, შემდეგ ოდესაში.

მეორე – ოდესის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსად დაინიშნა გია ლორთქიფანიძე, საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, იგი 2008 წელს ცხინვალზე განხორციელებული შეტევის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ანუ ოდესელებს შეიძლება მივულოცოთ: იქაურ მილიციას სამხედრო დამნაშავე ხელმძღვანელობს;

მესამე – ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში არის ადგილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილისთვისაც, რომელსაც თანამდებობიდან, აშკარაა, სულ მალე გაუშვებენ. მაგრამ რადგანაც იგი ამერიკის „ნომენკლატურაა“ და მისი ასე „უბრალოდ“ გაშვება არ შეიძლება, კვიტაშვილს ოდესაში გადაიყვანენ. ადგილი უკვე დარეზერვებულია: „ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი“.

გავაგრძელოთ? გავაგრძელოთ. ვინ იქნება ოდესის საოლქო ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსი? ჯაბა ებანოიძე, საქართველოს საბაჟო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. მას არც წამებაში არ მიუღია მონაწილეობა და არც ცხინვალზე შეტევაში, უბრალოდ, ყალთაბანდობისა და თაღლითობა-აფერისტობისათვის იძებნება. განა რა დიდი დანაშაულია? არაფერიც არაა. და ბოლოს, როგორც ამბობენ, ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორის „პირად გვარდიას“, ანუ ე.წ. „დაცვის ასეულს“ ერთ-ერთი ქართველი გენერალი უხელმძღვანელებს, რომელმაც სახელი „ხუთდღიანი ომის“ დროს მოიხვეჭა.

«Eurasianet» (აშშ), 10 ივნისი, 2015 წელი

http://russian.eurasianet.org/node/62176

საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ წამსვლელთა ნაკადის შემცირებას ცდილობს

„საქართველოს პარლამენტის დეპუტატები განიხილავენ იმ კანონპროექტებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების სირიაში, იქაურ ბოევიკებთან წასვლის დასაბრკოლებლად, თუმცა, ხელისუფლების მიერ ბოლო ხანებში მიღებული ზომებისა და ზალისხმევის მიუხწედავად, კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავრობას მეტის გაკეთება შეუძლია“, – ნათქვამია აშშ-ის გამოცემა „ევრაზიანეთ“-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – პოლ რიმპლი).

საქართველოს მცხოვრებლები, რომლებთაც „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ („ელის“) მეომრებთან ერთად ბრძოლა სურთ,  სირიაში, ჩვეულებრივად, თურქეთის გავლით მიდიან. ზუსტად არავინ იცის, საქართველოს რამდენი მოქალაქე მონაწილეობს სირიასა და ერაყში მიმდინარე სამოქალაქო ომში, მაგრამ რადგანაც საქართველოს ამ შემოდგომაზე ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით საზღვრების უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

(სტატიაში ჩამოთვლილია ბრძოლებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობისა და მათი დაღუპვის ფაქტები. აღნიშნულია, რომ ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაციები ქალების სირიაში წასვლის თაობაზეც – „ბოევიკებზე“ გათხოვებისა თუ „ელის“-ის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების მიზნით).

„ბევრი ფიქრობს, რომ „ელის“-ის მხარეზე საბრძოლველად მხოლოდ პანკისის ხეობელები მიდიან (პანკისელია „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარების ერთ-ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ-ომარ ალ-შიშანი), თუმცა არის ცნობები, რომ სირიაში საქართველოს სხვა მუსულმანური თემიდან წასულებიც იბრძვიან – აჭარიდან და ქვემო ქართლიდან, რომლებიც გეოგრაფიულად თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებს წარმოადგენენ.

სირიაში წასვლის მსურველთა ნაკადის შესამცირებლად 29 მაისს საქართველოს პარლამენტმა გამკაცრებული კანონი მიიღო (ისჯება 9-წლიანი პატიმრობით), მაგრამ ოფიციალური წრეების აღიარებით, მხოლოდ სადამსჯელო ზომებით სიტუაცია არ გამოსწორდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღიარა, რომ პანკისის ხეობაში მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდების გადაბირებას ეწევიან და მათ სირიაში აგზავნიან. „ეს გლობალური პრობლემაა, რასაც განვითარებული ქვეყნებიც კი აწყდებიან. ქართველ ახალგაზრდებზეც ისეთივე გავლენას ახდენენ, როგორც ევროპის ახალგაზრდებზე“.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც 1990-იან წლებში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობის დროს პანკისის ხეობაში ხსირად იმყოფებოდა ხოლმე, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კომპლექსური ღონისძიებები უნდა გაატაროს „ისლამურ სახელმწიფოში“ საბრძოლველად წამსვლელი ახალგაზრდების რაოდენობის შესამცირებლად. „პირველ რიგში სოციალური პრობლემებია გადასაწყვეტი. ახალგაზრდები ხაფანგში არიან მოქცეულნი, მათ განვითარებისთვის პირობები არ აქვთ. ადგილობრივმა და ცენტრალურმა ორგანოებმა აქტიურობა უნდა გამოიჩინონ, თუმცა მე ამას ვერ ვხედავ“.

შოთა უტიაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას შსს-ის ანალიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ახლა კი პოლიტიკური ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ირაკლი ალასანიას პოზიციას ეთანხმება: „ხელისუფლება თვალს ხუჭავს მოხალისეთა გადაბირების ფაქტებზე. მთავრობა ფიქრობს, რომ ეს მათი საქმე არ არის“.

საქართვწელოს საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ორი პანკისელი ახალგაზრდის – 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რამზან ბაგაკაშვილის სრიაში წასვლის ფაქტმა. პანკისის ხეობის მოსახლეობა ამ ფაქტმა აღაშფოთა და მათ მთავრობას საჩივრით მიმართეს. როგორც ამ სტატიის ავტორთან შს მინისტრის მოადგილემ თალაკვაძემ განაცხადა, იმ პოლიციელებმა, რომელთა მუშაობის დროსაც ახალგაზრდებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს, „მკაცრი საყვედური დაიმსახურეს“.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დიდი თანხები დახარჯეს საქართველოს სასაზღვრო კონტროლის გასაუმჯობესებლად. მართლაც, ამ სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება დადებითია. ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობები სირიაში წამსვლელთა მიერ საზღვრის გადაკვეთის აღსაკვეთად, მაგრამ არ ხდება სხვადასხვა უწყებების ძალისხმევის კოორდინაცია, რომლებიც მართლწესრიგის დაცვითა და ტერორიზმთან ბრძოლით არიან დაკავებულნი. „ამასთან, აუცილებელია თურქეთის სპეცსამსახურებთან უფრო აქტიური თანამშრომლობაც“, – დაამატა ირაკლი ალასანიამ.

Comments are closed