globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 10th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ტაქტიკური გადადგომა // ტრამპლინი საქართველოს ენერგეტიკის ექს-მინისტრისათვის!?

«Region Plus» (აზერბაიჯანი): რეგიონის დეტონატორი? // ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან: „თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, კავკასია პლანეტის კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცევა“

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): თამარ ბერუჩაშვილის კომენტარი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე

—————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 08 ივლისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=63767#.WWL4Q4qQzs0

ტაქტიკური გადადგომა

ტრამპლინი საქართველოს ენერგეტიკის ექს-მინისტრისათვის?

სალეჰ ბაიათი

„სახალხო ფეხბურთელმა“, შეთავსებით კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ (რომელიც ვიცე-პრემიერიც არის და მმართველი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიც ერთდროულად), ახლახან თავისი ხუთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი თანამდებობებიდან გადადგა, რათა ბრძოლა დაიწყოს თბილისის მერის პოსტის დასაუფლებლად. მმართველი პარტიის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა გასულ კვირას მოხდა, თუმცა ამ უალტერნატივო გადაწყვეტილებაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ.

„ჩვენ ყოველთვის ვაღწევდით მიზნებს, რადგან ვიცოდით, თუ როგორ გაგვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელს ვკიდებდით. და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვართ, ვინც თვლის, რომ თბილისს საფუძვლიანი ცვლილებები ჭირდება“ – ეს სიტყვები ჩვენი მეზობელი ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ადამიანმა დედაქალაქის მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის ოფიციალური წარდგენის დროს განაცხადა. მასთან ერთად იყვნენ მმართველი პარტიის თითქმის ყველა ცნობილი წარმომადგენელი, გვერდით კი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ედგა. და ეს „საფუძვლიანი ცვლილება“ შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

ადრე ისე ხდებოდა, რომ პარტიის ყველა საკვანძო მოთამაშეს საქვეყნოდ მხარს უჭერდა და წარადგენდა ხოლმე თვით ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი… და „ბედნიერი ბავშვობისათვის“ ყველა მადლობას სწორედ მას უხდიდა. მაგრამ საოცრება მოხდა: ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის წარდგენაზე არ მივიდა. პრეზენტაციას ასევე არ დასწრებია მილიარდერის შვილიც – მუსიკოსი ბერა, რომელიც ადრე ხშირად ტრიალებდა ვიცე-პრემიერის კამპანიაში შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს. უფრო მეტიც – ქვეყნის ჩრდილოვანი ხელმძღვანელის ოჯახიდან კახა კალაძის მისამართით არანაირი მხარდამჭერი სიტყვა არ თქმულა სოციალურ ქსელებშიც კი. არადა, ოჯახი ქსელების აქტიურ მომხმარებელად ითვლება.

რა თქმა უნდა, შეიძლება ვილაპარაკოთ მმართველ გუნდში არსებულ რაღაც შიდა დაპირისპირებებზე, მაგრამ ეს ასე არ არის, მით უმეტეს, რომ კახა კალაძე, უეჭველია, „ქართული ოცნების ყველაზე ძლიერ და ქარიზმატულ კანდიდატად ითვლება. ექსპერტების აზრით, კახა კალაძეს, ამბიციური მიზნების მქონე პოლიტიკოსს, განზრახული აქვს თბილისის მერის პოსტი სამომავლო კარიერისათვის ტრამპლინად გამოიყენოს. იმ დროს, როცა აშკარად არაა გამოხატული ბიძინა ივანიშვილის მფარველობა მის მიმართ, ასეთი ნაბიჯი საკმაოდ მოხერხებულ ტაქტიკურ სვლას წარმოადგენს, ანუ თუ მოულოდნელად „ქართული ოცნების“ კანდიდატის წაგების საფრთხე დადგება, მას შეუძლია „თავი ბუჩქებს შეაფაროს“.

საერთოდ, კავკასიაში არასდროს არ ყოფილან ისეთი ლიდერები, რომლებიც პარტიას და ერთნაირი მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების გაერთიანებებს მოერგებოდნენ ხოლმე. პირიქით – უფრო მეტად პარტიები და გაერთიანებები ცდილობდნენ გაერთიანებულიყვნენ ძლიერი პიროვნების გარშემო. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, კახაბერ კალოვიჩი მიხეილ სააკაშვილი არ არის, მაგრამ იგი პრაგმატული პიროვნებაა, პოპულარულია, ამიტომ ამ არჩევნებში რეალური წარმატების მისაღწევად ოპოზიციას რთული ბრძოლა მოუწევს. მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვება კი უპირატესად იმაზე არის დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა საარჩევნო კამპანიაში (ფორმალურად მაინც) ბიძინა ივანიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში არაა გამორიცხული ისე მოხდეს, რომ იმ ხმების დიდი ნაწილი, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ყულაბაში ჩაიყარა, ახლა შეიძლება დამოუკიდებელმა კანდიდატმა წაიღოს.

პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ თვითონ კახა კალაძე ადრეც ცდილობდა „ქართული ოცნების“ შიგნით დამოუკიდებელი ყოფილიყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, მაინც ყოველთვის მილიარდერთან ასოცირდებოდა. ასე რომ, ახლაც ასე იქნება: როგორც არ უნდა დამოუკიდებლად მოაჩვენოს თავი ამომრჩეველს კახა კალაძემ, იგი მაინც პარტიული კანდიდატია და აქედან გამომდინარე, მასვე მიეწერება როგორც პარტიის წარმატებები, ასევე შეცდომებიც. შესაბამისად, კანდიდატის რეიტინგი პარტიის რეიტინგზე იქნება მიბმული.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში ოქტომბრის თვეში გაიმართება, ზუსტი თარიღი კი სპეციალური აქტით იქნება განსაზღვრული, რომელსაც პრეზიდენტი აგვისტოში გამოსცემს. კახა კალაძის ძირითად კონკურენტად ოპოზიციური პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ითვლება და რამდენადაც „ნაციონალებს“, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმა დაახლოებით 500 ათასმა ამომრჩეველმა მისცა, მიმომხილველები მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. ქალაქის თავის პოსტისათვის ბრძოლას იწყებს აგრეთვე ელენე ხოშტარიაც, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი და სხვებიც, თუმცა ეს მხოლოდ ისე, არჩევნების „გასაცხელებლად“, მისთვის მრავალფეროვნებისა და კონკურენტული სახის მიცემისათვის…

დღეს თბილისის მერის პოსტი მმართველი პარტიის წარმომადგენელს დავით ნარმანიას უკავია. ქართველი ექსპერტების მტკიცებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს, რომ დედაქალაქის მოსახლება დავით ნარმანიას საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.

«Region Plus» (აზერბაიჯანი), №342, 08 ივლისი, 2017 წელი

http://regionplus.az/ru/articles/view/6273

რეგიონის დეტონატორი?

ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიასთან: „თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, კავკასია პლანეტის კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცევა“

აქვს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და თუ ეს მოხდება, როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ამის შესახებ  ჟურნალის კორესპონდენტი ჯეიჰუნ ნაჯაფოვი ესაუბრება საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, სამხედრო ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას.

ინტერვიუში ყურადღება ეთმობა თბილისში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას და მის მნიშვნელობას საქართველოსთვის: „მაისის თვეში თბილისში გამართულ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიიღეს დეკლარაცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვის მხარდაჭერის თაობაზე. მასში დაფიქსირებულია, რომ საქართველომ უნდა გაიაროს „მაპ“-ის პროცესი, თუმცა ვადები მითითებული არაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს უთხრეს, რომ ნატოს წევრები, პრინციპში, თანახმა არიან მიღებაზე „მაპ“-ის მიხედვით, მაგრამ იმავდროულად, დოკუმენტში, ისევე როგორც ნატოს ბრიუსელის სამიტის (25-26 მაისი) გადაწყვეტილებებში, არაფერია ნათქვამი ნატოს გაფართოებაზე, რომლის გარეშეც ალიანსში საქართველოს და უკრაინის მიღება წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი ღონისძიების შედეგებმა წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილებები დატოვა ევროატლანტიკური თანამშრომლობის შემდგომის პერსპექტივის კონტექსტში“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

კითხვაზე, როგორია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია ნატოში გაწევრიანების საკითხთან მიმართებით და განსხვავდება თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პოზიციისაგან, ანალიტიკოსი პასუხობს: „პრინციპში, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია არ განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული მთავრობის საგარეოპოლიტიკური კურსისაგან დასავლური ორიენტაციისა და ნატოსთან (ევროკავშირთან) ინტეგრაციის საკითხში. დასავლური კურსისადმი ერთგულება ჯერ კიდევ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს დადასტურდა. ამასთან, საქართველოს დასავლური კურსი იწვევს რუსეთთან კონფრონტაციას, რაც ძალზე რეალურ გარემოებად ითვლება“.

- რაში გამოიხატება ყველაზე ძირითადი პრობლემა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზაზე? ყოფილმა გენმდივანმა ანდრეს ფონ რასმუსენმა განაცხადა, რომ ორივე სახელმწიფომ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა მიაღწიოს, რისთვისაც დიდი დროა საჭირო. რა კრიტერიუმებზეა ლაპარაკი?

- ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის გზაზე ბევრი ფაქტორი არსებობს – როგორც გეოპოლიტიკური ხასიათის, ასევე ინსტიტუციური განვითარების მხრივ. მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის დამოკიდებულება: ნატოში არიან „სკეპტიკოსი ქვეყნები“, რომლებთაც რუსეთის გაღიზიანება არ სურთ და ამიტომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება უნდა გადაიდოსო. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის კონტექსტში და მათი შესაძლო მიერთება რუსეთისადმი, ყირიმის მსგავსად. ამას ემატება არაფორმალური მოთხოვნა გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისადმი, რომლის მიხედვით, მას მეზობელ ქვეყნებთან ყველა პოლიტიკური კონფლიქტი და სადაო ტერიტორიული პრობლემა მოგვარებული უნდა ჰქონდეს.

არსებობენ სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიან ნატოში გაწევრიანებას: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება, პოლიტიკურ ინსტიტუტთა არასრულყოფილი ხასიათი, პოლიტიკური კრიზისები, თავდაცვის სფეროში გატრებული რეფორმების უკმარისობა და ა.შ. ამ პრობლემების მოუგვარებლობა ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს სრულ ინტეგრაციაზე ნატოში. ბოლო დროს გაჩნდა კიდევ რამდენიმე დამატებითი კრიტერიუმი საქართველოსთვის, როგორც კანდიდატი ქვეყნისათვის: რესურსების მართვა და ბიუჯეტის 2%-ის გამოყოფა თავდაცვის სფეროსათვის, სპეცსამსახურების რეფორმირება ნატოს სტანდარტებით, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა…

- როგორ შეიცვლება სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს, ვთქვათ და ნატოში მიიღებენ? როგორი ურთიერთობა ექნება ნატოს წევრ საქართველოს ირანთან და მეზობელ სომხეთთან, რომელიც, თავის მხრივ, „ოდკბ“-ის, ანუ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრია?

- თუ ის დღე დადგება და ქართველი ხალხის ნანატრი ოცნება ახდება, რასაკვირველია, სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი და გეოპოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეიცვლება. კავკასია პლანეტის კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცევა. საქმე იმაშია, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან მოსკოვის მიერ პირდაპირ მუქარად და საფრთხედ აღიქმება, რაც რუსეთის მიერ 2015 წელს მიღებულ სამხედრო დოქტრინაშიც არის ჩაწერილი. თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც  აღიარებს რუსეთს თავის მოწინააღმდეგედ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად. გარდა ამისა, ირანი და სომხეთი, რომლებიც რუსეთის მოკავშირეები არიან, ნეგატიურ როლს შეასრულებენ ნატოსა და „ოდკბ“-ის სამხედრო ბლოკების დაპირისპირებაში. და ყველაფერი ეს მოხდება ახალი „ცივი ომის“ ფონზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ კავკასიურ კონფლიქტებს – აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში, მათ სიტუაციის დეტონირება შეუძლიათ მთელ რეგიონში. მაგრამ მეორე მხრივ, როცა კავკასიაში, თურქეთთან ერთად, კიდევ ერთი ნატოს წევრი ქვეყანა გაჩნდება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რეგიონი ალიანსის განსაკუთრებული ინტერესების ზონაში მოექცევა. ამით შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია გაუმჯობესდეს და რეგიონის ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნები გაღრმავდეს…. თუმცა დღეს კავკასიაში სულ სხვა გეოპოლიტიკურ სიტუაციას ვხედავთ.

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 08 ივლისი, 2017 წელი

http://www.economist.com/node/21724407/comments

თამარ ბერუჩაშვილის კომენტარი საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე

როგორც ცნობილია, 29 ივნისს, ბრიტანულ ჟურნალ «The Economist»-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „საქართველო, რეფორმების მოდელი, ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას  კულისებიდან მართავს“, რომელშიც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა გაანალიზებული და გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართაც (პუბლიკაციის ტექსტი იხილეთ http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay).

გთავაზობთ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის კომენტარს სტატიასთან დაკავშირებით:

———–

„მიზეზი, რის გამოც ამ სტატიისადმი კომენტარის გაკეთება გადავწყვიტე, ჩემს ქვეყანაში მომხდარი იმ მოვლენებისა და შექმნილი სიტუაციის შეფასება არ არის, რომლებიც მასშია გადმოცემული. ეს ავტორის პრეროგატივაა და მას პატივს ვცემ. მე უფრო მინდა ხაზი გავუსვა იმ საკმაოდ ბევრ მცდარ ინფორმაციას, რომლებსაც მკითხველი აწყდება სტატიაში.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  საქართველო უკვე არაერთხელ წარმოჩენილა დასავლელი პარტნიორების მიერ მიბაძვის მაგალითად რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისათვის ჭეშმარიტად ლიბერალური დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში, მათ შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერაც. მათი შეფასება არგუმენტირებულია და მტკიცე საფუძველი აქვს.

მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და რუსეთის პერმანენტული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო შეუქცევადად მიჰყვება თავის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. სამწუხაროდ, საქართველოს უპრეცედენტო ერთგულება დასავლური ფასეულობებისადმი პუბლიკაციის ავტორის მიერ სრულიად იგნორირებულია.

მითხარით, განა ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანას აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან და იმავდროულად ევროკავშირთანაც? ასევე შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან? ასეთი ქვეყანა, რომელმაც ამ წარმატებებს მიაღწია და „ეკონომისტისთვის“ მაინც შეუმჩნეველი დარჩა, საქართველოა. სხვათა შორის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თქვენი სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაფორმდა. აქედან გამომდინარე, თქვენს მიერ ასახული სიტუაცია კონტრ-ინტუიტურად, არალოგიკურად მიმაჩნია.

„ეკონომისტი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეებთან და დიპლომატებთან, პოლიტიკურ კლასთან და მათ კომპანიონად ითვლება, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდიდან. ამიტომაც მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს მიმართ რაღაც გაუგებრობა მოხდა. ვიმედოვნებ, ჩემს მიერ გამოთქმულ შენიშვნებს სათანადო ყურადღებით განიხილავთ და მათ გაგებით მოეკიდებით.

თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ელჩი

Comments are closed