globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 10th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „ყველა გადაწყვეტილებას სიის პირველი სამეული იღებდა“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ჯორჯ ბენიტესთან: „ნატოში წევრობა რეფორმებთან და შიდა ერთიანობასთანაა დაკავშირებული“

«Эхо» (აზერბაიჯანი): „ბაქო-თბილისი-ყარსი – ეს უფრო მეტია, ვიდრე რელსები და შპალები, რომლებზეც მატარებელი იმოძრავებს“

———————-

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 09 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.ekhokavkaza.com/a/27978091.html

ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „ყველა გადაწყვეტილებას სიის პირველი სამეული იღებდა“

ვადიმ დუბნოვი, პრაღა

(მცირე შემოკლებით)

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიათა საარჩევნო სიების მიღება დაასრულა. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს  ეს სიები თბილისელ პოლიტტექნოლოგ ზურაბ ბიგვავასთან ერთად გავაანალიზოთ.

ვადიმ დუბნოვი: ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი „საკმაოდ უცნაურად“ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ სიაში მხოლოდ პირველი-მეორე ადგილზეა საყოველთაოდ ცნობილი, აღიარებული ადამიანები, ხოლო ყველა დანარჩენი ახალი სახეები არიან. ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ საკადრო დეფიციტს, „საკადრო შიმშილს“ განიცდისო. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?

ზურაბ ბიგვავა: მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საკადრო დეფიციტითაა გამოწვეული. როგორც ნათქვამია, ეს გემოვნების საქმეა. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთს სია თურმე „უცნაურად მოეჩვენა“, მე მათ გავახსენებ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს თავის გამოსვლებში არაერთგზის უთქვამს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში იქნებიან ახალგაზრდა, პროფესიული კადრები, რომლებსაც უმაღლესი განათლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აქვთ მიღებული, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე ადაპტირებულნი არიან ქართულ სტრუქტურებში და პრობლემები მათთვის ცნობილია. მე ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი სიის წარდგენით ძალიან დიდი და დროული ნაბიჯი გადადგა: მასში ისეთ ადამიანებს ვხედავთ, რომლებსაც ქვეყნის „სწრაფი განვითარების“ პროგრამის განხორციელებაში დიდი და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. მათი სლოგანების თანახმად, ჩვენ უკვე მივაღწიეთ თავისუფლებას, ქვეყანაში უკვე თავისუფალი საზოგადოებაა ჩამოყალიბებული – მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ბიზნესიც გათავისუფლებულია ადმინისტრაციული გავლენისაგან… ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს კეთილდღეობას მოუტანს.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო ზურაბ, არ ვიცი, სწორად გავიგე თუ არა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სიის შედგენაში ყველაზე უშუალო და შეიძლება მონოპოლიური მონაწილეობა მიიღო?

ზურაბ ბიგვავა: რამდენადაც მე ვიცი ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან სიისათვის სამი კანდიდატურა დაასახელა და ამ სამიდანაც მხოლოდ ერთი იქნა მოწონებული. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყველა გადაწყვეტილებას ის სამეული იღებდა, რომელიც სიის დასაწყისშია წარმოდგენილი. საერთოდ კი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის „გადამწყვეტი“ იყო გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე რეალურ ლიდერს წარმოადგენს. [ძირითადად მან შეადგინა] ის სიაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო ზურაბ, იქნებ ამიხსნათ თქვენ, როგორც პოლიტტექნოლოგმა, რა უნდა გავაკეთო მე, დავუშვათ, [ქართველმა] ამომრჩეველმა, რა უნდა ვიგრძნო, როცა ამ სიას შევხედავ? პირველი ორი გვარი – თავიანთი ნაკლოვანებებითა და ღირსებით – ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. დანარჩენები მედიურ სახეებს არ წარმოადგენენ, თუ მეათე ადგილზე მყოფ ირინა ფრუიძეს არ ჩავთვლით. აქ არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც მე [ქართველი ამომრჩეველი] ბიზნეს-საქმეებით ან პოლიტიკური საქმიანობით ვიცნობ. რატომ უნდა მივცე ხმა ამ სიას? მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სხვა პარტიის სია უარესია? რა არგუმენტებია „ქართული ოცნების“ სიის სასარგებლოდ?

ზურაბ ბიგვავა: არგუმენტები წარმოდგენილი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ამ არგუმენტებზე ადრეც უკვე არაერთხელ თქმულა. დღეს სიის პირველი ათეული თუ უფრო მეტი ადამიანი მაჟორიტარულ სიაშიც შედიან, მათ სახეებს თითქმის ყველა ქართული ტელეარხი აჩვენებს. ასე რომ, მათ ექნებათ საკუთარი თავის წარდგენის შესაძლებლობა, მათ აქვთ თავიანთი ბეკგრაუნდი: სად მუშაობდნენ, რით იყვნენ დაკავებულნი, რა შედეგებს მიაღწიეს… და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ხალხმა კარგი განათლება მიიღო, მათ აქვთ თავიანთი განსაკუთრებული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა და საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრება.

ვადიმ დუბნოვი: ანუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ ადამიანების გაცნობა [გაპიარება] მოხდება…

ზურაბ ბიგვავა: დიახ, მოხდება ამ ადამიანებისა და პროგრამების გაცნობა-გაპიარება. რაც მთავარია, წარმოდგენილი იქნება მკაფიო გეგმა, რომელშიც არ იქნება რეკლამირებული რაღაც არარეალური მომენტები, ხალხი კი, რომელიც უკვე უფრო კვალიფიცირებული გახდა, გაეცნობა ამ პროგრამებს და თვითონ გაერკვევა იმაში, თუ ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს. ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ პირველად წარუდგინა მოსახლეობას პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად რეალისტურია და იმავდროულად, მაქსიმალურად არ არის „გაბერილი“ რაღაც არარეალური დაპირებებით.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო ზურაბ, მე მინდა თქვენი ოპონენტების შესახებაც გკითხოთ… ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია წარადგინა აგრეთვე პაატა ბურჭულაძემაც, რომელიც საკმაოდ გამომხატველია… როგორ ანალიზს გააკეთებდით?

ზურაბ ბიგვავა: როგორ გითხრათ… პაატა ბურჭულაძის ბლოკი უცნაურად მეჩვენება – სწორედ ასეთი სიტყვით შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. მათ ჯერ ფონდით დაიწყეს, რაღაც ღონისძიებებს ატარებდნენ, მოსახლეობას ეხმარებოდნენ… მერე ეს ბლოკი იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოშორდნენ, შემდეგ მათთან „ახალი მემარჯვენეებიც“ მივიდნენ და ბოლოს, „ნაციონალების“ კიდევ ერთი ნამსხვრევი… ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა: რა ორიენტაცია აქვს ამ პარტიას, რას გააკეთებენ და ხომ არ გადაიქცევიან ისინი ახალ „ნაციონალურ მოძრაობად“?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/benitez-on-nato-council-in-georgia/3501330.html

ინტერვიუ ჯორჯ ბენიტესთან: „ნატოში წევრობა რეფორმებთან და შიდა ერთიანობასთანაა დაკავშირებული

ანა კალანდაძე

ატლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანმა ანალიტიკოსმა ჯორჯ ბენიტესმა ვაშინგტონში „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროატლანტიკური საბჭოს წევრების საქართველოში ვიზიტისა და საქართველოს სამხრეთში ჩატარებულ საბრძოლო წვრთნების შესახებ ისაუბრა.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დემონსტრირება იყო, რომ ნატო საქართველოს სერიოზულად აღიქავამს და ის ერთგულია საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების. ნატოს მაღალი რანგის ვიზიტის დროს ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მოხდა. ამით დამტკიცდა, რომ ნატომ გააძლიერა ყურადღება ალიანსის აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და შეფასდა სამომავლო რეფორმებისა და ამოცანების განხორციელება საქართველოში“, – აცხადებს ჯორჯ ბენიტესი.

ანალიტიკოსის თქმით, „ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ. ნატო-საქართველოს შორის არსებული არსებითი პაკეტი, ასევე ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ძალიან ღირებული ნაბიჯებია ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა-ნატო საქართველოს ურთიერთობა, როგორც გამოჩნდა, ღრმავდება, ძლიერდება, როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის ისე ორმხრივი ურთიერთობების კუთხით. ახლა კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში ნატოს ბევრად მეტ აქტივობას აქვს ადგილი და მთლიანობაში, ამ რეგიონს უფრო მეტი ყურადღება ექცევა ნატოში. საბჭოს ვიზიტი საქართველოში ამის კიდევ ერთი დასტურია“.

შეკითხვაზე, „ნატოს სამოქმედო გეგმის არქონის პირობებში იქმნება თუ არა იმის განცდა, რომ ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელა და წევრობაც გვიანდება“, ჯორჯ ბენიტესი პასუხობს:

„წევრობა შიდა რეფორმებთან, მთავრობის ერთიან პოზიციასთან და რაც მთავარია, ალიანსის ყველა წევრის შემთხვევაში დიდ დროსთან და მოთმინებასთან არის დაკავშირებული. წევრობისკენ სვლა გრძელი პროცესია, თუმცა ტემპს ორივე მხარე აყალიბებს. ერთის მხრივ, ეს არის თბილისი და მეორეს მხრივ, ნატოს წევრი სახელმწიფოები. ის, თუ რამდენად მეტია სოლიდარობა, ერთიანობა საქართველოს მთავრობის შიგნით პოლიტიკური თუ სამხედრო რეფორმების გატარების მიმართულებით, ძალიან ბევრს განსაზღვრავს, რაც უფრო მალე და აქტიურად მოხდება ეს, გაწევრიანების ტემპიც უფრო სწრაფი იქნება“.

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით გამართული სამხედრო წვრთნები რეგიონში უნიკალური თანამშრომლობის პრეცედენტია და მათი ეფექტურად განხორციელებით, ალიანსმა რუსეთს, რეგიონში მისი გაზრდილი მზადყოფნა და აქტიური მიდგომა აჩვენა:

„ამერიკის ჯარის, ისევე როგორც ალიანსის წევრების წვრთნებში ჩართულობა ეფექტურად ხდება. ამერიკელი საზღვაო ქვეითები კავკასიაში პირველად მონაწილეობენ ერთობლივ სამხედრო სიმულაციებში. ეს პირდაპირი ნიშანია რუსეთისთვის, რომ რეგიონში ნატო ძლიერდება. ეს ასევე პასუხია რუსეთის სამხედროების მზარდ კონცენტრაციაზე რეგიონში, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ევროპაში ამერიკის არმიის სარდალმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა ცოტა ხნის წინ ამერიკის ხმას უთხრა, რომ მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა და რომ საქართველო სინამდვილეში ევროატლანტიკური თანამეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამბობს „ა,მერიკის ხმასთან“ ინტერევიუში ჯორჯ ბენიტესი..

«Эхо» (აზერბაიჯანი), 10 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=105392

„ბაქო-თბილისი-ყარსი – ეს უფრო მეტია, ვიდრე რელსები და შპალები, რომლებზეც მატარებელი იმოძრავებს“

სტატიაში აზერბაიჯანელი ექსპერტები საუბრობენ როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე, მხარეთა ინტერესებზე და ა.შ. (ავტორები – ბ.საფაროვი, ნ.ალიევი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„საეჭვოა, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის აფხაზურ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგეს. ეს რომ მოხდეს, ამისათვის აუცილებელია ქართულ-აფხაზური და ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება, საქართველო ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოსვლა, რომელიც ამაზე დათანხმდება. რაც შეეხება დაფინასების საკითხს, ეს სეიძლება ყოველთვის გადაწყდეს. პირველ რიგში პრობლემის პოლიტიკურ დონეზე მოგვარებაა აუცილებელი. ამისთვის კი მინიმუმ ათი წელია საჭირო“, – ამბობს მდგრადი განვითარების კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნარიმან აღაევი გაზეთ „ეხო“-სთან საუბარში.

როგორც ექსპერტი თვლის, საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღსაგნეად სერიოზული ინვესტიციების ჩადება იქნება საჭირო. „ამ რკინიგზის დიდი ნაწილი თითქმის [ოცი წელია] არ მუშაობს, დაზიანებული და თითქმის განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სიგნალიზაცია. შესაცვლელია შპალები. საჭიროა ათობით მილიონი დოლარი. რკინიგზა მომგებიანი სატრანსპორტო არტერიაა, მაგრამ დიდ ხარჯებსაც მოითხოვს. საეჭვოა, რომ რუსეთი იყოს მის აღდგენაში დაინტერესებული. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რკინიგზის აფხაზურ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა აინტერესებს, სომხეთია, თუმცა ეკონომიკური ვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რკინიგზა სომხეთისთვის შემოსავლების მიღების პოტენციური წყარო გახდეს“, – ამბობს ნარიმან აღაევი.

თავის მხრივ, პოლიტოლოგი პარვინ დარაბადი აღნიშნავს, რომ რკინიგზის აფხაზეთის უბანზე მოძრაობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლების საქმეა – მხოლოდ თბილისმა უნდა გადაწყვიტოს. ეს მომგებიანია სომხეთისთვისაც, რომელიც ბლოკადიდან გამოსვლის გზებს ეძებს: „მაგრამ ყველა სომეხი ექსპერტი, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე ოცნებობს,  ღრუბლებში დაფრინავს. მთავარი და რეალური პროექტია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა ამუშავდეს. თუ სომხები რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენას შეძლებენ, დაე აღადგინონ. ჩვენ ამით არც შეგვცივდება და არც დაგვცხება. შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოში ზოგიერთები უფრო მეტ მნიშვნელობას  ეკონომიკურ ინტერესებს ანიჭებენ, ვიდრე პოლიტიკურს…“, – ამბობს პარვინ დარაბადი.

——-

სტატიაში გამოყენებულია ქართველი ექსპერტის თენგიზ აბლოთიას პუბლიკაცია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის უპირატესობის თაობაზე რკინიგზის აგხაზურ მონაკვეთთან შედარებით, რომელიც გამოცემა „გრუზია ონლაინ“-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

Comments are closed