«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): არჩეულები პოლიტიკური ხარაკირისა და პოლიტიკური რეინკარნაციის პირობებში
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): საქართველო: ორი „ჩრდილოვანი“ მამაკაცის დუელი
«Комсомольская правда» (რუსეთი): არჩევნები საქართველოში: რუსეთთან კავშირზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ დაბრუნდება
«Российская газета» (რუსეთი): „მეოცნებეთა“ დრო // მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წააგო
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgian-elections-preliminary-results/3543095.html
არჩეულები პოლიტიკური ხარაკირისა და პოლიტიკური რეინკარნაციის პირობებში
ნინო დალაქიშვილი
არჩევნები 2016 დასრულდა. ზოგადი სურათი დაიდო, თუმცა წინ მეორე ტურის პერიოდი და რამდენიმე დასაზუსტებელი მონაცემია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 34 მაჟორიტარის საპარლამენტო სავარძლის საკითხი ხელახალი არჩევნებით გადაწყდება. მანამდე კი „ამერიკის ხმა“ შეეცდება ეგრეთ წოდებული ზუმი მაქსიმალურად დააშოროს და მიღებული შედეგები რაციონალური მიზეზების თანმიმდევრობის ჭრილში შემოგთავაზოთ.
2016 წლის 8 ოქტომბრისთვის პოლიტიკური ვითარება საქართველოში ისე გადანაწილდა, რომ ძალები, ვისაც მანამდე რეიტინგები წარმატებას უქადდა, საერთოდ პარლამენტს გარეთ აღმოჩნდნენ. ერთი შეხედვით, ეს სუბიექტურმა ფაქტორებმა განაპირობეს, ვგულისხმობთ პარტიის შიგნით არსებულ ვითარებას. ერთიან ფონზე, კი ამ ცვლილებამ პოლიტიკური თანაფარდობის მნიშვნელოვანი რყევა და პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიზაციის განვითარებისთვის არც თუ სახარბიელო შედეგი განაპირობა.
ამ დროისთვის პარლამენტის სავარაუდო კონფიგურაცია ასეთია: დეპუტატების მანდატებს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ [და, სავარაუდოდ, „პატრიოტთა ალიანსი“] იყოფს. (…)
ობიექტურობისთვის, უნდა ითქვას, რომ ამომრჩეველთა ხმების დაქსაქსულობის საქმეში ყველაზე დიდი წვლილი პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფომ ხალხისთვის“ შეიტანა, რომელიც პოლიტიკურ სარბიელზე ერთ ღამეში აღმოცენდა, განვითარების პიკს ელვის უსწრაფესად მიაღწია, როგორც კონკურენტუნარიანმა პოლიტიკურმა ძალამ და კიდევ უფრო მოულოდნელად, არჩევნების წინ, ამომრჩევლის თვალწინ ჰარაკირი ჩაიტარა.
პოლიტიკური განაცხადი პაატა ბურჭულაძემ არჩევნებამდე ხუთიოდე თვით ადრე მაისში გააკეთა. თუმცა მანამდე, მის მიერ ჩამოყალიბებული საქველმოქმედო ორგანიზაცია საზოგადოებისთვის უკვე ტოვებდა შთაბეჭდილებას და აჩენდა მოლოდინს პოლიტიკურ მოთამაშედ ქცევის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მსოფლიო ბანი ყოველთვის ამბობდა, „მე პოლიტიკაში არაფერი მესაქმებაო“. პაატა ბურჭულაძის ჯერ კიდევ არაპოლიტიკური ორგანიზაცია, 2016 წლის მაისამდე ჩატარებული კვლევებით, ძალიან ბევრ გამოცდილ პოლიტიკურ ორგანიზაცაზე უკეთეს რეიტინგს აჩვენებდა. როგორც საზოგადოების მახვილი თვალი წინასწარ ამჩნევდა, პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციამ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. არჩევნების წინ, ორგანიზაციამ ალიანსის სახე მიიღო. მასში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ფიგურები აღმოჩნდნენ ახალადშექმნილი და ძველი პარტიებით. მაგრამ „გირჩით“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველოთი“ და „ახალი მემარჯვენეებით“ გაძლიერებულმა „სახელმწიფომ ხალხისთვის“ არჩევნებამდეც ვერ შეძლო ამ ფორმით მიეღწია. მან ისევე სწრაფად დაიწყო დაშლა, როგორც გაერთიანება და ამ პროცესში საკუთარი წევრების განაწყენება და მათი განდგომაც მოასწრო. ამდენად, ორგანიზაციამ, რომელსაც არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, მნიშვნელოვანი რეიტინგი ჰქონდა, მოგვიანებით, არჩევნებამდე თვენახევრით ადრე კი მას მესამე ძალად მოიზრებდნენ პარლამენტში, უბრალოდ, თვითგანადგურების ღილაკს ხელი დააჭირა და თავი აიფეთქა. შესაბამისად, დაიქსაქსა პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციის მიმართ სიმპათიებით განწყობილი ამომრჩევლების ხმები და ამ ყველაფერმა პოლიტიკური ვითარება გაღუნული სარკის პრინციპით სპონტანურად შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ შედეგი, რაც დღეს საპარლამენტო არჩევნებიდან გვაქვს, განაპირობა პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფომ ხალხისთვის“ – ჯერ შექმნის მოლოდინმა, შემდეგ შექმნამ, ბოლოს კი განადგურებამ.
ასე რომ, არა პოლიტიკოსმა, არამედ მომღერალმა, პოლიტიკური გამოცდილების არქონის მიუხედავად, მაინც შეძლო და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.
ახლა არც ბურჭულაძის ორგანიზაციიდან იქნება პარლამენტში ვინმე, არც „გირჩიდან“, არც ვაშაძის „ახალი საქართველოდან“, არც „ახალი მემარჯვენეებიდან“. სამაგიეროდ, მკვეთრად მემარცხენე და პრორუსულ ძალას – [‘პატრიოტთა ალიანსს“], რომელსაც დიდი ხნის წინ მივიწყებული და ახლა რეაბილიტირებული კომუნისტური ძალები უჭერენ მხარს, სავარაუდოდ, პარლამენტში ვიხილავთ, ხოლო თუ მათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა პარლამენტში აქტიურად დაიწყეს, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე „ქართული ოცნების“ პროდასავლურობის ასე ტანჯვა–წამებით ნაგები იმიჯიც შეიძლება გაიფანტოს, რაც ქვეყანას არც თუ სახარბიელო პოზიციაში ჩააყენებს. თუმცა ამგვარ პესიმისტურ ვერსიაზე საუბარი, შესაძლოა ნაადრევიც იყოს, რადგან ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში მოხვედრას ჯერ კიდევ აშორებს ხმათა ერთი მეასედი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსის“ გარეშე პარლამენტი ორპარტიული იქნება, სადაც, დიდი ალბათობით, შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობაც მიიღოს.
თუმცა არსებობს ერთი, შედარებით ოპტიმისტური სცენარიც: შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ხმების 100 პროცენტი იქნება დათვლილი, ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დაძლიონ 0,41 პროცენტიანი წინაღობა და პარლამენტში ეს ღიად პროდასავლური ოპოზიციური ძალაც ვიხილოთ, რომელიც ძალიან ახლოსაა ბარიერის გადალახვასთან. ასეთ შემთხვევაში პარლამენტში ღიად მემარცხენე ძალასთან ერთად, კიდევ ერთი ოპოზიციური, პროდასავლური პარტიაც იქნება, რაც პოლიტიკური პლურალიზმის საკითხს მეტ–ნაკლებად გააჯანსაღებდა.
პარლამენტს მიღმა აღმოჩნდა რესპუბლიკური პარტიაც, რომლის წევრებიც კოალიციის პირობებში მინისტრების პოსტებს და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდნენ. როგორ ისინი დღეს ხუმრობდნენ, „განთავისუფლდნენ“. ეს სიტყვა მათ საარჩევნო მესიჯში ფიგურირებდა. სოციალურ ქსელებში მრავლადაა გამოთქმული სინანული იმის შესახებ, რომ მათი მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება ამჯერად აუთვისებელ რესურსად რჩება ქვეყნისთვის.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ამომრჩეველმა მომავალი არჩევნებისთვის უნდა განივითაროს, ალბათ უფრო მეტად კრიტიკული დამოკიდებულების უნარებია. ასეთის არსებობის შემთხვევაში პოლიტიკური ძალები თუ ალიანსები საპნის ბუშტების მსგავსი სატყუარებით საზოგადოების მანიპულირებას ვეღარ შეძლებენ.
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია), 10 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.sueddeutsche.de/politik/georgien-duell-der-schattenmaenner-1.3196802
საქართველო: ორი „ჩრდილოვანი“ მამაკაცის დუელი
სტატიაში გადმოცემულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, არჩევნებში მონაწილე პარტიების რეაგირება ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებზე (განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან), საერთაშორისო დამკვირვებელთა ზოგადი შთაბეჭდელება არჩევნების მიმართ და მათი შეფასებები (ავტორი – ჯულიან ჰანსი).
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (48,6%), თუმცა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ (27,14%) არჩევნების შედეგებს ეჭვქეშ აყენებს. სავარაუდოდ, პარლამენტში კიდევ ერთი პარტია – „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება, რომელიც, როგორც ჩანს, 5%-იან ბარიერს გადალახავს. მიუხედავად აშკარა უპირატესობისა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში მტკიცე უმრავლესობას, ალკბათ, რამდენიმე კვირის შემდეგ მოიპოვებს, როცა მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება“, – აღნიშნულია სტატიაში.
საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების პროცესს, ცალკეული ექსცესებისა და ინციდენტების მიუხედავად, მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიიჩნევენ: ასეთი თვალსაზრისი აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, რომელთა პოზიციის მიხედვით, არჩევნების ყველა სუბიექტს ჰქონდა უზრუნველყოფილი მასმედიით სარგებლობა საკუთარი პროგრამის წარმოჩენის შესაძლებლობა.
მართალია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ თავშეკავებულად მოქმედებდნენ, სინამდვილეში ისინი ერთმანეთთან შეურიგებელ ბანაკებს წარმოადგენენ. არადა, ორივე პარტიას პროდასავლური ირიენტაცია აქვთ, ორივეს სურს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. გასულ წელს მთავრობამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ბრიუსელი თბილისს პირდება, რომ წლის ბოლომდე საქართველო უვიზო რეჟიმს მიიღებს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ამ შეთხვევაში ყველაზე დიდ პრობლემად რუსეთის პოზიცია ითვლება, რომელიც საქართველოს ალიანსთან ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილები – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ორივე „რესპუბლიკაში“ პრორუსული ხელმძღვანელობაა და მოსახლეობის უმეტესობა რუსულ პასპორტებს ფლობს. ცნობილია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში ისეთ ქვეყნებს არ ღებულობს, რომლებსაც მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემები აქვთ.
„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაძაბულ ურთიერთობას პირადული ფაქტორებიც განსაზღვრავს: შაბათს ჩატარებული არჩევნების უკან ორი მამაკაცი იდგა, რომლებიც თავიანთ პარტიებს აკონტროლებდნენ: ერთი – საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა და ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია და მეორე – მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, 2012 წელს პარტია „ქართული ოცნება“ შექმნა და მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება დაამხო. იგი მცირე ხანს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი გადადგა, თუმცა, როგორც ამბობენ, მთავრობის საქმიანობას მაინც აკონტროლებს. „ქართული ოცნება“ პროდასავლურ კურსს აგრძელებს, მაგრამ მოსკოვის მიმართ აგრესიულ განცხადებებს თავს არიდებს. მართალია, რუსეთმა საქართველოს ღვინოსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ადრე გამოცხადებული ემბარგო მოუხსნა, მაგრამ ქვეყანა მაინც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას: სსრ კავშირის დაშლის შემდეგ შავიზღვისპირა რესპუბლიკამ თითქმის მთელი თავისი მრეწველობა დაკარგა. ქვეყნის ოთხმილიონიანი მოსახლეობიდან ყოველი მეორე მცხოვრები უმუშევარია“, – წერს ავტორი.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობის გამო. პატიმრობა რომ თავიდან აეცილებინა, იგი საქართველოდან უცხოეთში წავიდა და უკრაინული „მაიდნის“ შემდეგ თავისი ახალი პოლიტიკური კარიერა ამ ქვეყნააში დაიწყო. ორივე – მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც საკუტარ პარტიებს დამარწმუნებელ გამარჯვებებს უწინასწარმეტყველებდა. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცდა. არადა, მას სამშობლოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ახლა მისი მიზანი განუხორციელებელი რჩება, – ასეთი „სევდიანი“ დასასრული აქვს გერმანულ გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებულ სტატიას.
————
ამავე თემაზე გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ სათაურით „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა“ (ავტორი – ჯეკ ფარჩი). მასში ვრცლადაა გადმოცემული არჩევნების პერიპეტიები, ინციდენტები, კომენტარები, განაცხადებები.
„არჩევნების შედეგები იმას მოწმობს, რომ საქართველო პროდასავლური პოლიტიკის კურსს გააგრძელებს. არაა გამორიცხული, რომ მნიშვნელოვნად განმტკიცდება „ქართული ოცნების“ კონტროლი ქვეყნისადმი – პარტიამ შეიძლება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. დასავლელი დიპლომატები და ბევრი ქართველი იმედოვნებს, რომ ამ არჩევნების შემდეგ როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ ჩაერევიან და მათ შორის 2012 წელს დაწყებული პირადი მტრობა დასრულდება.
კარნეგის ფონდის ექსპერტი თომას დე ვაალი ამბობს, რომ არცევნების სემდეგ მანდატი გაუგრძელდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც გაწონასწორებული და კომპეტენტური ხელმძღვანელია. „რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი მისი „ნათლიაა“ და შესაძლოა იგი რაღაც საკითხებმა დააინტერესოს, მაგრამ ახლა უკვე ქვეყნის პოლიტიკას ძირითადად გიორგი კვირიკაშვილი წარმართავს“ (წყარო: https://www.ft.com/content/2d9c58d2-8e26-11e6-a72e-b428cb934b78).
«Комсомольская правда» (რუსეთი), 10 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.kp.ru/daily/26592.5/3607814/
რჩევნები საქართველოში: რუსეთთან კავშირზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ დაბრუნდება
ვლადიმირ ვორსობინი, თბილისიდან
(შემოკლებით)
[საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხზე] მოკლედ ვერ იტყვი, ეს გრძელი საუბრის თემაა, – გაიცინა საქართველოს ნამდვილმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და, როგორც მომეჩვენა, რბილი, მაგრამ საყვედურიანი მზერით შემომხედა, რაც ნიშნავდა – მეგობარო, რატომ ასე პირდაპირ? სამწუხაროდ, ჩემი ჩვეულებრივი კითხვა საბედისწერო აღმოჩნდა: ბლიც-ინტერვიუ ჩაიშალა. ქვეყნის მეთაური, ალბათ, კითხვას მიხეილ სააკაშვილზე ელოდებოდა, რომელსაც საქართველოში დაბრუნება სურს. ალბათ, ივანიშვილი მიპასუხებდა, რომ მიშას მიზნები განუხორციელებელია, რომ ბრძენი ქართველი ხალხი გონებით აირჩევს და არა ემოციებით…
ბიძინა გრიგორის-ძე მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად საწინააღმდეგო პიროვნებაა. საარჩევნო უბანზე, სადაც ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილნი, იგი თავდაპირველად ვერც შევამჩნიე და უეცრად, ვხედავ, ჩემს გვერდით დგას. ბიძინა ივანიშვილი ოჯახით მოქალაქეთა შორის იდგა და ბიულეტენების მისაღებად თავის რიგს ელოდებოდა. მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო, იგი მთელ შოუს მოაწყობდა – იყვირებდა, ამოიფრქვეოდა და შემდეგ ჟურნალისტ-აგენტების მთელი არმია მის ცეცხლოვან განცხადებებს გააპიარებდა.
მაგრამ მიშიკო მე არ მაინტერესებს. იმ დილით უკვე ყველამ იცოდა, რომ მისი დაპირება შავი ზღვის გადმოცურვისა და სანატრელ სამშობლოში დაბრუნების შესახებ წმინდა წყლის ბლეფი აღმოჩნდა. მისი პარტია, უბრალოდ, არჩევნებს წააგებდა. და ასეც მოხდა.
მანამდე კი ბიზინა ივანიშვილს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე კითხვა დავუსვი – „უბრალო ადამიანები ფიქრობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ეკონომიკასაც ააღორძინებს და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაშიც დაგვეხმარებაო“, – დავიწყე მე, მაგრამ მან მოკლედ მიპასუხა, „ჯერ ადრეაო“ და გამცილდა. მაინც მივაძახე: „მაგრამ რუსეთთან კავშირზე აქ მართლაც ბევრი ფიქრობს-მეთქი“.
ვცდილობ, ბიძინა ივანიშვილის პასუხი ავხსნა: როგორც ჩანს, „რუსული საკითხი“ ქართველი პოლიტიკოსებისათვის მაცდუნებელია. ერთი მხრივ, საქართველოში სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი ჩამოდის, ირგვლივ სულ უფრო ხშირად ისმის რუსული საუბარი (თუმცა რეგიონებში ახლაგაზრდობას რუსული ენა საერთოდ აღარ ესმის), სულ უფრო მეტი ბიზნეს-კონტაქტებია ჩრდილოელ ქვეყანასთან და ორივე ხვდება, რომ ომს მეგობრობა სჯობია.
მეორე მხრივ – საქართველო სულ უფრო იმედგაცრუებული რჩება ნატოსაგან, რომელიც თბილისის მიღებას თავის რიგებში არ ჩქარობს… მაგრამ აი, ასე, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა პატარა საქართველოსთვის ისტორიულად უჩვეულოა, უფრო მეტი – მარტოდ დარჩენა მისთვის საფრთხის მომტანიცაა. საბოლოო ჯამში, თუ ადრე სიტყვები „პრორუსული პარტია“ სიცილს იწვევდა, ახლა პარლამენტში რამდენიმე პრორუსული პარტია აპირებს შესვლას… სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს პირდებოდა, რომ რუსეთთან ურთიერეთობებს მოაგვარებდა. ტელეეთერში რუსეთის პრობლემატიკაზე საუბრისას კორიანტელი იდგა, თუ რა კომპრომისებზე შეიძლება საქართველო წავიდეს მოსკოვის მიმართ…
მოკლედ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი პრორუსული პარტია პარლამენტში ნამდვილად იქნება – „პატრიოტთა ალიანსი“. ამ პარტიის ბიჭები უკიდურესად მემარჯვენეები არიან (დღეს ევროპაში ასეთი ტრადიციაა: „რაც უფრო მემრჯვენე ხარ, მით უფრო ახლოს დგახარ კრემლთან!) და მოსკოვს თანაუგრძნობენ. ამას ყველა ადგილობრივი პოლიტოლოგი აღნიშნავს და პატრიოტებს რუსეთთან მეგობრულად განწყობილ ადამიანებად თვლიან. ჰოდა, როგორც კი ეგზიტპოლების მონაცემები გამოქვეყნდა, პატრიოტებთან წავედი მისალოცად და ვფიქრობდი, პრორუსულ ბიჭებს ჩავეხვევი-მეთქი.
აი, აქ კი მე ბიძინა ივანიშვილს გავუგე… არა, პატრიოტები ჩემგან არ გაქცეულან, მაგრამ რბილად შენიშნეს, რომ „პოლიტოლოგები პრორუსულობის იარლიყს შეცდომით გვაწებებენო“, არანაირი „პრორუსები“, „პროსომხები“ და „პროამერიკელები“ არ ვართ, ჩვენ უპირველესად პროქართულები ვართ, ქართველების ინტერესში კი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებააო. „ჩვენ ნატოზე უარს არ ვამბობთ“, – შენიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბის უფროსმა გოჩა თევდორაძემ, – საერთოდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ატლანტიკურ ვექტორს, მაგრამ გაურკვეველია, როდის დაგვიძახებენ, რამდენი წელი ველოდოთ – ათი, ოცი… ასეთ სიტუაციაში საჭიროა რუსეთთან პრაგმატული და მეგობრული პოლიტიკის აწყობა.
მოსახლეობის 40% დასავლეთან შედარებით უფრო აღმოსავლეთს [ანუ რუსეთს] აძლევს უპირატესობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტერიტორიების დაბრუნებისთვის ჩვენ სუვერენიტეტის შეზღუდვაზე დავთანხმდებით. ამ დროს ზომა-წონა უნდა დავიცვათ. ზოგიერთი პარტია ხალხს თქვენი [რუსული] სამხედრო ბაზების დაბრუნებას პირდებოდა (ამ სიტყვებზე გოჩას სახე შეეჭმუხნა), ერთ-ერთმა კი, ნინო ბურჯანაძის პარტიამ საქართველოს უბლოკო სტატუსის წინადადება წამოაყენა (არჩევნებში 3% მიიღო და პარლამენტში ვერ გავიდა – ავტ.), ჩვენ კი ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ პროექტებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ამით აფხაზები და ოსები დაგვიახლოვდებიან…“, – ამბობს გოჩა თევდორაძე.
მე ასეთი პოზიცია გვიანდელ ვიქტორ იანუკოვიჩს მახსენებს, რომელიც ამომრჩეველს აღმოსავლეთთან მეგობრობას პირდებოდა და უკრაინას მაინც დასავლეთისაკენ ექაჩებოდა. ალბათ, ამგვარ ცბიერობაშია პატრიოტთა წარმატებისა და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის ტრიუმფის მიზეზი, რომელიც ქართველის წინააღმდეგობრივ გრძნობებს კარგად იცნობს: ერთი მხრივ, ნამდვილად ჭეშმარიტი სახალხო სიყვარული რუსეთისადმი და მეორე მხრივ – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთა დაკარგვისადმი შეგუება ქართველებს არ ძალუძთ. ამიტომაც რუსეთთან კავშირებზე საუბარს საქართველოში დუმილს ამჯობინებენ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს: როგორც უკვე ვთქვი, მიშას დაპირება – ჩამოვალ საქართველოშიო, ბლეფი აღმოჩნდა. ცხადია, მას სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ დიდი და ხანგრძლივი ლოდინი მოუწევს, მაგრამ… ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა ხმა „ნაციონალებს“ მისცა, მათ შორის თანამედროვე გაევროპელებულმა ახლაგაზრდებმაც, რომლებიც მიშიკოსადმი სიმპათიებს გამოხატავენ. ასე რომ, მისი პოლიტიკურის სიკვდილის გამოცხადება ჯერ ადრეა. უფრო მეტსაც ვიტყვი: „მეოცნებეებს“ მიხეილ სააკაშვილი… ძალიან ჭირდებათ. უიმისოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შედარებით უფრო სუსტი იქნებოდა.
პარადოქსულია, მაგრამ „ნაციონალები“ დღეს რუს კომუნისტებს ჰგავნან. ისინი საუბარში ყოველ წუთს იმეორებენ, რომ „მიხეილ სააკაშვილის დროს (ჩათვალე: იოსებ სტალინის პერიოდში!), ქვეყანაში გზები და კურორტები აშენდა, კორუფცია და მექრთამეობას ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული… ახლა კი ქვეყანა გაჭიანურებულ კრიზისშია, მიშას დაწყებული ყველა მეგაპროექტი გაჩერებულია, საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება…“. მაგრამ როგორც კი მიშას მომხრეები პარლამენტში პირს აღებენ სალაპარაკოდ, მათ პასუხობენ: თქვენ ჯალათებო, თქვე სისხლისმსმელებო, აბა, გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი დაიჭირეთ, რამდენი აწამეთ, რამდენი მოკალით… (იგივე ხდება რუსი კომუნისტების მიმართაც!).
მართლაცდა, რატომ უნდა მოუსმინონ ქართველებმა ასეთ „ნაციონალებს“? აი, ეს სქემა, ხელისუფლების სასიამოვნოდ, კარგად მუშაობს. „ჩვენ მივდივართ ორპარტიულ სისტემამდე, რაც „მეოცნებეებს“ აწყობთ, – ამბობს გოჩა თევდორაძე, – ეს აწყობთ აგრეთვე „ნაციონალებსაც“. არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ხმებს იყოფდნენ – ეს შენ, ეს მე…
რას ვიზამთ, ეს საკმაოდ ორიგინალური განმარტებაა… და თან კარგი პოსტსაბჭოური შოუც.
«Российская газета» (რუსეთი), 10 ოქტომბერი, 2016 წელი
https://rg.ru/2016/10/10/partiia-saakashvili-proigrala-na-vyborah-v-parlament-gruzii.html
„მეოცნებეთა“ დრო
მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წააგო
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელიც მილიარდერისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფუძნებული. ამ პარტიამ ხმების თითქმის 50% მოაგროვა. მეოთხედზე ცოტა მეტი რაოდენობის ხმები მიიღო მიხეილ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამავე დროს, პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილნი ისეთი პოლიტიკური მძიმეწონოსნები, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – მაქსიმ მაკარიჩევი).
მასალში მიმოხილულია არჩევნების პროცესი, მხარეთა პოზიციები, მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც საქართველოში დაბრუნების თაობაზე… „ექს-პრეზიდენტი ტრიუმფალურად დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ არჩევნების წინ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ უკრაინაში ვრჩებიო. როგორც „როსიისკაია გაზეტას“ წყაროებმა აცნობეს, პეტრო პოროშენკოს იმდენად ამოუვიდა ყელში ოდესის ოლქის გუბერნატორის განცხადებები, რომ ულტიმატუმი წაუყენებია – ან მართლა დაბრუნდი, ან შეწყვიტე ასეთი განცხადებები, რომლებიც ქართულ-უკრაინული ურთიერთობას აუარესებსო. ჰოდა, მიშამაც დაამუხრუჭა. თუმცა ქმარს ცოლი არ ჩამორჩება: სანდრა რულოვსმა ფაქტიურად მოსახლეობას „ბარიკადების აღმართვისა“ და „რევოლუციის დაცვისაკენ“ მოუწოდა. რასაკვირველია, მოსახლეობა სანდრას მოწოდებას არ აჰყვა, ქართველებს არ სურთ „სააკაშვილის პერიოდში“’ დაბრუნება და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ცივილიზებული განვიტარების გზა აირჩია.
მალხაზ გულაშვილის კომენტარი:
საპარლამენტო არჩევნების მთავარი შედეგი ისაა, რომ ხმის მიცემა ელექტორატის აშკარა პოლიტიკური დაღლილობისა და აპათიის ფონზე გაიმართა – ურნებთან ამომრჩეველთა თითქმის ნახევარი არ მივიდა. ქვეყანაში ახალი სახეების, ახალი პოლიტიკოსების დეფიციტია. ბევრ პარტიას, მათ შორის პატარებს და უფრო მრავალრიცხოვნებსაც, არც რესურსი აქვთ არც შესაძლებლობა, რომ პარლამენტში იქნენ არჩეულნი. „ქართულმა ოცნებამ“ უფრო იმიტომ გაიმარჯვა, რომ თავის რიგებში პრაგმატული, საღად მოაზროვნე და ხალხში მხარდაჭერის მქონე პოლიტიკოსები მიიზიდა. სხვათა შორის, ასეთი მაღალი შედეგი ჩემთვის მოულოდნენლი აღმოჩნდა, რადგან არჩევნების წინ ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ 45%-ს მიიღებსო. ამჯერად კი მმართველ პარტიას, თუ მისი კანდიდატები ერთმანდატიან ოლქებშიც გაიმარჯვებენ, პარლამენტში, ალბათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ქვეყანა გააგრძელებს სწორი მიმართულებით სვლას და გზადაგზა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ნეგატიურ შედეგებს გამოასწორებს. მისმა მმართველობამ საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა და ქვეყნის განვითარება დაამუხრუჭა. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან წინააღმდეგობა არ ექნება და გაგრძელდება კეთილმეზობლური ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის.
ჩემთვის უცნაურია, რომ „ნაციონალები“, რომლებიც საკუთარ ქვეყანაზე ძალადობდნენ, მოსახლეობას აუპატიურებდნენ, როგორ მიიღო ელექტორატის მეოთხედი ნაწილის მხარდაჭერა. მაგრამ მათ თავიანთი მომხრეების მობილიზება შეძლეს, ძლიერი პროპაგანდის მეშვეობით. მათ ხელშია ერთ-ერთი პოპულარული ტელეარხი „რუსთავი-2“. მოსახლეობა ელემენტალურად მოისყიდეს: გამოაცხადეს, რომ ვინც მათ მიტინგზე მივიდოდა, 20-30 ლარს მიიღებდა, რაც საქართველოს პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვან თანხად ითვლება. „ნაციონალებმა“ შეძლეს თავიანთი ამომრჩევლების მობილიზება… დარწმუნებული ვარ, რომ იმ ამომრჩევლებში, რომლებიც ურნებთან არ მივიდნენ, არცერთი მიხეილ სააკაშვილის მომხრე არ იქნებოდა. მე მიკვირს, როგორ დაივიწყა ამდენმა მოქალაქემ „ნაციონალების“მმართველობის საშინელებები?
დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? დღევანდელ სიტუაციაში მისი დაბრუნება გამორიცხულია. მას აეროპორტშივე დააპატიმრებენ და არავინ არ აპატიებს იმას, რაც ჩაიდინა“.
————
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე „ნეზავისიმაია გაზეტაში“ სათაურით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, მიხეილ სააკაშვილმა რევანში ვერ მოახერხა“ (წყარო: http://www.ng.ru/cis/2016-10-10/1_gruzia.html). გაზეთ „კომერსანტში“ – „საქართველო ოცნებებს არ შორდება – მმართველმა პარტიამ პოზიციები განიმტკიცა“ (წყარო: http://www.kommersant.ru/doc/3112030).