«Forbes» (აშშ): ფეხბურთელი, რომელსაც თბილისის მერად არჩევა სურს
«Независимая газета» (რუსეთი): სუამ-ის ქვეყნები რუსეთს უფრთხიან // თბილისში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მთავარი მტერი დასახელდა
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ // აღმოსავლეთ ევროპელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ევროკავშირს კი გაფართოება აღარ უნდა // საქართველოში რეფორმების გატარების ტემპი შენელდა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კუმურდოს ტაძარი: სომხური ეკლესიის ტაქტიკური უკან დახევა
——————–
«Forbes» (აშშ), 09 ოქტომბერი, 2017 წელი
ფეხბურთელი, რომელსაც თბილისის მერად არჩევა სურს
„კახა კალაძეს ბევრჯერ გაუმარჯვნია ისეთ საფეხბურთო ლეგენდებთან ერთად, როგორებიცაა პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, ანდრეი შევჩენკო, რივალდო და სხვები. მისი კაბინეტი სავსეა ტურნირებში მოპოვებული მედლებით“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ენდრიუ ქეივი).
პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი კახა კალაძის მიღწევებს სპორტულ კარიერაში, განსაკუთრებით იტალიის საფეხბურთო გუნდ „მილანში“ თამაშის დროს. „გასულ თვეში მან თავისი დიდი სპორტული ავტორიტეტი ბორჯომის ხეობაში მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდაც გამოიყენა და ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი ფეხბურთელები თბილისში საქველმოქმედო მატჩის ჩასატარებლად მიიწვია“, – აღნიშნულია მასალაში, – ახლა კი კახა კალაძე თავის საბრძოლო განწყობას პოლიტიკაშიც იყენებს: იგი თბილისის მერობისათვის დაწყებულ რბოლაში ჩაერთო, მმართველი პარტია „ქართული ოცნებისაგან“. მანამდე კი კახა კალაძე ქვეყნის ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. თბილისის მერის არჩევნები 21 ოქტომბერსაა დანიშნული. კახა კალაძის წინააღმდეგ 8 კანდიდატი გამოდის, მაგრამ იგი ყველაზე მეტად პოპულარულია, რასაც ქალაქის ქუჩებში ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს.
სტატიაში გადმოცემულია კახა კალაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტები – სამტრედიაში გატარებული ბავშვობა, სპორტით გატაცება, თამაშები თბილისისა და კიევის „დინამოში“, იტალიის „მილანში“, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნება და პოლიტიკურ ცხხოვრებაში ჩაბმა.
„ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს იოლი არ ყოფილა“, – მითხრა კახა კალაძემ ამას წინათ, როცა მისგან ინტერვიუ ავიღე. „ყველა ჩემი წარმატება ფეხბურთს უკავშირდება. მართალია, საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, მაგრამ ჩემს სამშობლოსთან, მეგობრებ-ახლობლებთან კავშირს არ ვწყვეტდი, ყველაფერი მაინტერესებდა საქართველოს შესახებ. ყოველთვის მინდოდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და ჩემი ხალხისთვის დახმარების გაწევა. ჩემი გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მე ხომ, ფაქტიურად, ყველაფერი მქონდა, რადგან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ვიყავი. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება სპონტანური არ იყო, ამაზე დიდხანს ვიფიქრე“, – ეს კახა კალაძის სიტყვებია, ინტერვიუში თქმული.
პუბლიკაციის დიდი ნაწილი ეხება კახა კალაძის ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილთან – „საქართველოს უმდიდრეს ადამიანთან“, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა და საქართველოს 13 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა: „იმ დროს საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. გადავწყვიტე იმ ადამიანების გვერდით ვმდგარიყავი, ვისიც მჯეროდა და რომლებსაც ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება სურდათ“, – ამბობს კახა კალაძე. „ძალიან რთული იყო საქართველოს ძველ რეჟიმთან ბრძოლა. ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად ნეგატიური იყო, იდევნებოდა განსხვავებული აზრი… მაგრამ ჩვენ შევძელით ამ სამწუხარო რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა. დღეს საქართველოში ყოველ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა“, – აცხადებს კახა კალაძე.
პუბლიკაციაში საუბარია კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ძირითად მომენტებზე, რომელიც თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, თუმცა, როგორც მერობის კანდიდატი აცხადებს, ყველაზე მთავარი მაინც პოლიტიკური სტაბილურობაა: თუ დედაქალაქში პოლიტიკური სიტუაცია მშვიდი იქნება, პარალელურად, ეკონომიკური ზრდის მიღწევაც იოლი გახდება. „თბილისს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად გადაიქცეს… ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ უნარი, რომ ქალაქის ყოველდღიური პრობლემების მოგვარება წარმატებით შეგვიძლია. ბევრი პრობლემაა თბილისის ტრანსპორტის სფეროში, ძველი ქალაქის რესტავრაციის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ ქალაქის პრობლემებთან ბრძოლაშიც“.
პუბლიკაციის ავტორი, ეხება რა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, პრობლემებისა და წარმატებების შესახებაც წერს: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, თავდაპირველი მატების შემდეგ, მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად შენელდა (ნაჩვენებია წარმოების ტემპების სტატისტიკური მაჩვენებლები – ს.კ.), მაგრამ ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდამ, კაზინოების სიმრავლემ და მგზავრთა ნაკადის მატებამ შემოსავლების ზრდაც გამოიწვია. შესაბამისად, მოიკლო უმუშევრობის დონემაც, რომელიც დღეს 11%-ია, ანუ ყველაზე ნაკლები 13 წლის განმავლობაში. სტატიაში ნაჩვენებია აგრეთვე თბილისის როლი ქვეყნის ეკონომიკაში: მთლიანი შიდა პროდუქტის 50%, რომლის 88% მომსახურების სფეროზე მოდის.
საქართველოს მდგომარეობაზე საუბრისას, ავტორი აღნიშნავს ქვეყნის მთავრობის წარმატებებს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სფეროში. მნიშვნელოვანი ინოვაციებია დანერგილი და დიდი პოზიტივია მიღწეული სახელმწიფო მომსახურებაშიც – პასპორტების, პირადობის მოწმობებისა და სხვა დოკუმენტების სწრაფად გაცემა-გაფორმების საქმეში.
„ამასთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველო მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება: რუსეთს მისი ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქვს ოკუპირებული, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით ეფექტს ახდენს. შესაბამისად, პერსპექტივაში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი.
კახა კალაძე თბილისის პრობლემების მოგვარებაზე საუბრისას პარალელს სპორტსა და პოლიტიკას შორის ავლებს: გუნდური თამაშის პრინციპი უკიდურესად აუცილებელია. ერთი კაცი წარმატებას ვერ მიაღწევს, მას კარგი გუნდი ჭირდება. თუმცა არსებობს განსხვავებაც: სპორტში შეიძლება წააგო, მაგრამ როცა ქალაქის მერი ხარ, წაგება არ გეპატიება. აუცილებელია პოლიტიკაში ყოველდღიურად გაიმარჯვო. ეს იქნება გამარჯვება ყველასათვის“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.
«Независимая газета» (რუსეთი0, 10 ოქტომბერი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-10-10/7_7091_guam.html
სუამ-ის ქვეყნები რუსეთს უფრთხიან
თბილისში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მთავარი მტერი დასახელდა
„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სუამ-ის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაცია მიიღო. ისინი თბილისში ორგანიზაციის დაარსების 20 წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მინისტრების სამიტზე ხელი მოეწერა რიგი დოკუმენტებს, მათ შორის შეთანხმებას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა სუამ-ის ქვეყნების ჩარჩოებში, ასევე განცხადებას პოლიტიკური სიტუაციის შესახებ“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
„სუამ-ის წევრი ქვეყნების მინისტრთა სამიტი „თბილისობის“ დღესასწაულს დაემთხვა. ასე რომ, სტუმრებს მუშაობასთან ერთად, სასიამოვნო დასვენების შესაძლებლობაც ჰქონდათ. საერთოდ კი, სამიტის ჩატარებას თავისი მიზეზებიც ჰქონდა – გასარკვევი იყო, თუ „რამდენად შეიძლებოდა სიკვდილის პირას მყოფი პაციენტის გამოცოცხლება“, – წერს ავტორი და სუამ-ის პრობლემებზე მსჯელობს, რომელიც ამ ორგანიზაციას დაარსების პერიოდიდანვე მოჰყვება: უზბეკეთის ზიგზაგური დამოკიდებულება, მოლდოვაში მომხდარი ცვლილებები (მთავრობა ევროპისკენ, პრეზიდენტი – რუსეთისაკენ) და ა.შ. „როგორც ჩანს, სუამ-ის ქვეყნებს მხოლოდ რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აერთიანებთ“, – აღნიშნავს ავტორი.
თბილისის საიუბილეო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეეცადნენ სუამ-ის არსებობა პოლიტიკური შიგთავსით გაემდიდრებინათ. ამ მიმართულებით წინა წლებშიც ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ რეალიზებას ხელს ბანალური ფაქტორები უშლიდა, ყველაზე მეტად კი ეკონომიკური განვითარების სხვადასხვანაირი დონე. სუამი თავის დროზე ამერიკელების ეგიდით ჩამოყალიბდა და განზრახული იყო ეს ორგანიზაცია აზერბაიჯანულ ნავთობზე მიებათ, ანუ დაგეგმილი იყო წევრი ქვეყნების კასპიის ენერგორესურსებით უზრუნველყოფა შეღავათიანი ტარიფებით, მაგრამ მოგვიანებით ბაქომ უარი განაცხადა და ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა. ინიციატორები მიხვდნენ, რომ გადააჭარბეს, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა. შესაბამისად, სუამ-მა ნელ-ნელა პასიურობა დაიწყო, შეხვედრები სულ უფრო იშვიათად იმართებოდა…
გამოაცოცხლებს სუამ-ს თბილისური შეხვედრის დროს მიღებული შეთანხმებები? როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, ამგვარი გეგმები არასერიოზულად აღიქმება: „ეს უფრო პოლიტიკურ დეკლარაციას ჰგავს, რომლის მსგავსი სუამ-ის შეხვედრებზე არაერთხელ მიღებულა. საქართველოზე თუ ვიტყვით, ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ორმხრივ დონეზე. თბილისში მიღებული დოკუმენტი განუხორციელებელი დარჩება“, – განუცხადა მან „ნეზავისიმაია გაზეტას“. მისი თქმით, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა პირდაპირი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებებით რეგულირდება, რომლებიც უფრო ეფექტურია, ვიდრე მრავალმხრივი ფორმატის მქონე დეკლარაციები“.
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 09 ოქტომბერი, 2017 წელი
ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობა“
აღმოსავლეთ ევროპელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ევროკავშირს კი გაფართოება აღარ უნდა // საქართველოში რეფორმების გატარების ტემპი შენელდა
„სად გადის ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი? ეს კითხვა ევროპის სახელმწიფოების ლიდერებს საუკუნეების განმავლობაში აწუხებდათ. დღესაც ევროკავშირისათვის რთული გადასაჭრელია, როგორ უნდა მოექცეს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში გაერთიანება სურთ“, – წერს ბრიტანული ჟურნალი The Economist.
პუბლიკაციაში საუბარია ევროკავშირის მიერ 2009 წლიდან განხორციელებულ „აღმოსავლეთის თანამშრომლობის“ პროგრამაზე, რომელსაც ხუთი ქვეყნისთვის (ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) ევროკავშირთან ინტეგრაციის იმედები უნდა მიეცა. პროგრამის იდეა მდგომარეობდა ევროპული ფასეულობების აგიტაცია-პროპაგანდაში, ეკონომიკურ ინტეგრირებასა და საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნებზე რუსეთის გავლენის შესუსტებაში, თუმცა ევროკავშირი არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოს თავის რიგებში მიღებას არ პირდებოდა. დღეს კი, რაც უფრო ახლოვდება „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილე ქვეყნების სამიტი (ნოემბერში), ამ პროგრამით უკმაყოფილება იზრდება. „გვირაბის ბოლოს სინათლის გარეშე ამ პროცესის დასრულება მძიმე შედეგების მომტანი იქნება“, – განაცხადა გასულ კვირას თამარ ხულორდავამ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ექვს ქვეყანას 2020 წლისათვის 20 ახალი „დავალება“ აქვთ შესასრულებელი, რომელთაგან ზოგიერთის რეალიზება საკმაოდ რთული იქნება, მათი არაპოპულარული ხასიათის გამო. ვთქვათ, სექსუალური თანასწორობის მიღწევა ევროპული სტანდარტების მიხედვით. ამასთან, ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს – უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები უკვე გააფორმეს, ბელარუსს, სომხეთს და აზერბაიჯანს კი ევროინტეგრაციის ამ დონემდე ჯერ ვერ მიუღწევიათ. არის სხვა სირთულეებიც: მოლდოვაში, მაგალითად, ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ „ევროპული პოლიტიკით კორუფციისა და პოლიტიკური დევნის შენიღბვას ცდილობთო“ და ამაში მართლაც არის ჭეშმარიტების მარცვალი.
საქართველოში რეფორმების გატარების ტემპი შენელდა. ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მისი დაამარსებლის – მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება. ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის თქმით, ის ბიუროკრატული აპარატი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეამცირა, დღეს კვლავ უსაშველოდაა გაზრდილი. მთავრობა პოპულისტურ გადაწყვეტილებებს იღებს და კრძალავს უცხოელებზე მიწის გაყიდვას. ასევე იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინებაც, კონსტიტუციის დონეზე.
უკრაინამ, რომელმაც ევროპული არჩევანი 2014 წლის რევოლუციის შედეგად გააკეთა, ვერ მიაღწია წარმატებას წინა რეჟიმის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის დემონტაჟში. უკრაინის ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს ანტიკორუფციულ ორგანიზაციებზე, ვერ განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმირება.
რაც შეეხება სომხეთს, ბელარუსს და აზერბაიჯანს, ეს ქვეყნები სხვადასხვა დონის ავტოკრატულ სახელმწიფოებად რჩებიან. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსეთის უსაფრთხოების სტრუქტურებთან, რაც მათ მნიშვნელოვნად განასხვავებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისაგან. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი და აქედან გამომდინარე, თბილისს, კიშინიოვს და კიევს ევროკავშირისაგან უსაფრთხოების გარანტიები მიღება სურთ.
ყოველივე ეს ეჭვს ბადებს, თუ რამდენად შორს წავა „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით. 16 სექტემბერს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და ნოემბერში დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის „საგზაო რუკის“ მიცემა მოითხოვეს. თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, შეიძლება ყველაფერი ძველებურად (ისევე, როგორც 2015 წელს) დასრულდეს, რაც მხოლოდ ამ ქვეყნების „ევროპული სწრაფვის აღიარებაში“ გამოიხატება. თუმცა ნიდერლანდებს და გერმანიას, რომელთა ამომრჩეველი მტკივნეულად აღიქვამს ევროკავშირის გაფართოებას, 2015 წლის იმ განცხადების გამეორებაც აღარ სურთ. ერთადერთი, რაზედაც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილეებს შეიძლება იმედი ჰქონდეთ, ისაა, რომ რადგანაც ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება, შეიძლება ოდესმე, ერთ მშვენიერ დღეს, ისინი ევროკავშირში მიიღონ, – ნთქვამია სტატიაში.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 09 ოქტომბერი, 2017 წელი
კუმურდოს ტაძარი: სომხური ეკლესიის ტაქტიკური უკან დახევა
ზაზა წულაძე
სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განცხადებას, რომ მე-10 საუკუნის უმშვენიერესი ტაძარი – კუმურდო, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია და სომხეთის ეკლესიას მასზე პრეტენზია არ აქვს, საქართველოს სომხურ თემში, საკუთრივ სომხეთში და რუსეთში ჯავახეთის დიასპორაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამცხე-ჯავახეთში, ბოლო წლების ყველაზე საშიში ინციდენტის შემდეგ გადადგა.
30 სექტემბერს, კუმურდოს ტაძართან, სადაც 2016 წლიდან რესტავრატორები მუშაობენ, სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სახიფათო შეტაკება მოხდა. დაპირისპირების დროს ექვსი პოლიციელი და სოფელ კუმურდოს ექვსი მკვიდრი დაშავდა.
მწვავე კონფლიქტი კუმურდოს მცხოვრებთა ნაწილის მცდელობას მოჰყვა, რესტავრაციის დროს ნანახი ადამიანთა ძვლები, ისევ კუმურდოს ტაძრის ეზოში დაემარხათ და ზედ სომხური ხაჩქარი – ქვა ჯვარი აღემართათ. სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი ეს განზრახვა შსს-ის სპეციალურ რაზმთან დაპირისპირებით, ქვების სროლით, პოლიციისა და სასულიერო პირების ავტომობილების დალეწვით დასრულდა.
სომხური ისტორიოგრაფია ათწლეულების მანძილზე ამტკიცებდა, რომ კუმურდო ცალსახად სომხური ძეგლია. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდა „სომხური არქიტექტურის შესწავლის ფონდის“ ერევნის ფილიალის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი სამველ კარაპეტიანი.
სამველ კარაპეტიანი რამდენიმე ნაშრომის ავტორია, რომლებიც ქართველ მეცნიერთა აზრით, კრიტიკას ვერ უძლებს. ოფიციალურმა თბილისმა სომეხი ისტორიკოსის მოღვაწეობაში „რელიგიური და ეთნიკური შუღლის“ გაღვივების მცდელობაც დაინახა და 2015 წლიდან მას საქართველოში შემოსვლა აუკრძალა. ამის მიუხედავად, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ოფიციალურ ვებ-საიტზე, ბოლო დრომდე, კუმურდოს ტაძარი სომხურ ძეგლად, სწორედ სამველ კარაპეტიანის ნაშრომებზე დაყრდნობით იყო გამოცხადებული. 30 სექტემბრის ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, სომეხთა ეკლესიამ საკუთარი საიტიდან ეს ინფორმაცია მოხსნა (ინგლისურ და რუსულ ენებზე ინფორმაცია ინტერნეტში მაინც იძებნება – ზ.წ.).
ვაზგენ მირზაჰანიანმა, რომელიც უკვე 15 წელია სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარია, გუშინ სომხურ გამოცემა hetq-ს განუცხადა, რომ „ისტორიულად დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ კუმურდო ქართული ტაძარია და არავის შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის სომხურია“.
ვაზგენ მირზაჰანიანს არ განუმარტავს ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე, წლების მანძილზე, კუმურდო რატომ მოიხსენიებოდა სომეხი ქალკედონიტების ძეგლად, რომელთა სამეტყველო ენად მე-10-13 საუკუნეებში, ისტორიკოსი სამველ კარაპეტიანი ქართულ ენას მიიჩნევს და სწორედ ამით „ხსნის,“ კუმურდოს (ასევე ახტალას, ქობაირის, ჰუჯაბის, კირანცის, სედვის, ოსკიპარის, თეჟარუქის და შაჰნაზირის) ტაძარზე ქართული ლაპიდარული წარწერების არსებობას.
„ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსის“ ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი ნაშრომი 2012 წელს, სწორედ კარაპეტიანის ნაშრომების საპასუხოდ გამოსცა, ამბობს:
„ცნობილი ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი ალექსანდრე ჯავახიშვილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კუმურდოში ტაძარი გაცილებით ადრეც ყოფილა, ვიდრე 964 წელს. ქართველი ხუროთმოძღვარი საკოცარი ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ბრძანებით იქ საძირკველს დადებდა. მაგრამ ადრინდელი ტაძარი, როგორც ჩანს დაინგრა და კუმურდოს საეპისკოპოსო კათედრალს, მე-10 საუკუნის 50-60-იან წლებში ახალი საყდარი აუგეს. საინტერესოა, რომ კუმურდოს 964 წლის წარწერების ჯგუფში, იოანე ეპისკოპოსზე წარწერაც ერთიანდება, რომელსაც სამველ კარაპეტიანი რატომღაც სომხური მონოფიზიტური ეკლესიის ეპისკოპოსად მიიჩნევს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მოსაზრება კრიტიკას ვერ უძლებს, რამდენადაც დასავლეთ საქართველოში ლეონ მესამე აფხაზთა მეფის ზეობის დროს მაშინ, როცა კუმურდო საეპისკოპოსო საყდარს წარმოადგენს, შეუძლებელია კუმურდოელ ეპისკოპოსად მონოფიზიტი მჯდარიყო და მით უმეტეს, ამ ტაძრის ამშენებელი ყოფილიყო, ეს არის გამორიცხული.“
კუმურდოს – შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ძეგლის ჰარმონიულობას, მხატვრულ გააზრებას, პროპორციებს, ჩუქურთმებს, სიმბოლოებს, რელიეფურ ქანდაკებებსა და მოვარდისფრო ქვაზე ამოკვეთილ ეპიგრაფიკას მნახველი დღემდე აღტაცებაში მოჰყვას. ეს იმის მიუხედავად, რომ საუკუნეების მანძილზე მივიწყებული კათედრალი უმძიმეს მდგომარეობაშია, მთლიანად ჩამოქცეულია გუმბათი, სტოა, ძლიერ დაზიანებულია და უხეშად არის აღდგენილი დასავლეთის მკლავი. კუმურდოს ბოლო გადაუდებელი რესტავრაცია 1975 წელს დაიწყო და გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა.
ამ პერიოდში კუმურდოს უკვე „სადავო ტაძრის“ სტატუსი „ჰქონდა“. ეს ერთის მხრივ, სამცხე-ჯავახეთში სომხური თემის გაძლიერებამ (1828 წლიდან, ოსმალეთის იმპერიიდან სომეხთა მასობრივმა გადმოსახლებამ – ზ.წ), საბჭოთა სომხეთის ისტორიოგრაფიის „ჯავახკის მიმართულებამ“ და მეორეს მხრივ, ქართველი კომუნისტების დაუდევრობამ და ახალქალაქის რაიონის ჩაკეტილობამ გამოიწვია. თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში, საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებული სასაზღვრო რეჟიმი მოქმედებდა და იქ შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო შესაძლებელი.
1980-იანი წლების ბოლოდან, სომხურ ისტორიოგრაფიაზე აღზრდილი არაერთი თაობა, როგორც ჯავახეთში, ისე კონკრეტულად კუმურდოში, ქართველი მეცნიერების, არქეოლოგების, სტუდენტების და სასულიერო პირების ყველა მცდელობას შეესწავლათ ან მოელოცათ კუმურდო ხაზგასმული აგრესიით ხვდებოდა. 2001 წელს, კუმურდოს მონახულება ვერც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო, რომელსაც ფოკაში ქვები დაუშინეს.
2015 წლიდან ვითარება შედარებით დათბა, კუმურდოს ტაძრის გადარჩენაზე შეთანხმება მოხერხდა. 2016 წლიდან ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. 2017 წლის აპრილში, სოფელ კუმურდოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ახალი ტაძარი „სუბრ ხაჩიც“ კი ეკუთხრა, თუმცა 30 სექტემბერს, მე-10 საუკუნის კუმურდოში ქვის სროლის მორიგი, საშიში ეპიზოდი ისევ განმეორდა.
დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აცხადებს, რომ კუმურდო ქართული ძეგლია და მასზე პრეტენზია არ აქვს. “ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია – დაუშვებელი” – ვკითხულობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკვე გააკრიტიკეს „საქართველოს სომეხთა სათვისტომომ,” ჯავახეთის სომხურმა დიასპორამ რუსეთში.
რაც შეეხება სამველ კარაპეტიანს, მან, კერძოდ თქვა: „განსაკუთრებით გაურკვეველია საქართველოს სომხური თემის ქცევა, რომელიც ფაქტობრივად უარს ამბობს სომხურ სოფელში მდებარე ეკლესიაზე, რომელიც როგორც სომხური სამოციქულო ეკლესია, იმ სოფლის მრევლს საუკუნეები ემსახურებოდა და თავისთავად სომხური ეკლესიის ისტორიის ნაწილია“.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია არ მალავს, რომ კუმურდოს ტაძრის კუთვნილების საკითხში უკან დახევა ვითარების განმუხტვასთან ერთად, ტაქტიკური ნაბიჯია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან სხვა სადავო ეკლესიებზე შეთანხმების მიზნით.
სომეხთა ეკლესია საქართველოს ტერიტორიაზე 442 ეკლესიისა და ნაეკლესიარის დაბრუნებას ითხოვს. მათ შორის არის თბილისში მდებარე – „სურბ ნორაშენ ასტვაწაწინი,“ „სურბ ნშანი,“ „მუღნეცოც სურბ გევორგი,“ „ერევანცოც სურბ მინასი,“ „შამხორეცოც კარმირ ავეტარანი“ და ახალციხის „სურბ ნშანი.“ აქედან უმძიმეს მდგომარეობაშია, შამქორიდან 19-ე საუკუნეში გადმოსახლებული სომხების მიერ ავლაბარში აშენებული „შამქორეცის ეკლესია,“ რომელიც ჩვენს თვალწინ სამარცხვინოდ ნადგურდება.
თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებზე აქვს პრეტენზია, რომელთა შორის გამორჩეულია – ახტალის მონასტერი, ქობაირი, ძელი ჭეშმარიტისა (ჰნევანქი) და ჰუჯაბი.
საეკლესიო დავების დარეგულირება, წესით, ორი ქვეყნის დიპლომატებმა უნდა უზრუნველყონ, თუმცა მეხუთე თვეა ამ მიმართულებითაც პრობლემებია. საქართველო სომხეთის ახლად დანიშნულ ელჩს სერგეი მინასიანს აგრემანს და აკრედიტაციას არ აძლევს. ეს საკითხიც ჯავახეთთან არის კავშირში, ვინაიდან მინასიანს ჯავახური წარმოშობა აქვს და ერევნის საექსპერტო კლუბ „კავკასიის ინსტიტუტში“ მოღვაწობისას, ჯავახეთისთვის ფართო ავტონომიის მოთხოვნით გამოდიოდა.