«Независимая газета» (რუსეთი): ფედერიკა მოგერინი თბილისს „რუსთავი-2“-ის ამბებს მოჰკითხავს: ტელეკომპანიასთან დაკავშირებული სკანდალი საერთაშორისო ხდება
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ საქართველო არასწორ გზას კიდევ ერთხელ ადგება
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რა პრინციპით აბრუნებს სახელმწიფო უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას?
«Wirtschafts Blatt» (ავსტრია): ბათუმი: ქალაქი იდენტურობის ძიებაში
———————-
«Независимая газета» (რუსეთი), 10 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-11-10/6_tbilisi.html
ფედერიკა მოგერინი თბილისს „რუსთავი-2“-ის ამბებს მოჰკითხავს: ტელეკომპანიასთან დაკავშირებული სკანდალი საერთაშორისო ხდება
სტატიაში გადმოცემულია საქართველოში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერანის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები: აღნიშნულია, რომ ორშაბათს თბილისში ჩამოსული ევროპელ მაღალჩინოსანს საკმაოდ დატვირთული ოფიციალური დღის წესრიგი აქვს – შეხვედრები ქვეყნის ხელმძღვანელებთან, ევროინტეგრაციის საკითხების განხილვა, კერძოდ – სავიზო რეჟიმის გამარტივება და ა.შ. არაოფიციალური ცნობებით, ფედერიკა მოგერანს ასევე აინტერესებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები – საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ბედი და სხვა (ავტორი – იური როქსი).
„დღეს თბილისში დაძაბულობის ორი ცენტრია. ერთი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს უკავშირდება, რომლის ხელმძღვანელები, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობრივ უფლებამოსილებას ვეღარ შეასრულებენ, მეორე კი საქართველოს მთავრობის ოფისთან, სადაც შუალედურ არჩევნებში წაგებული პარტიის „პატრიოტთა კავშირის“ ლიდერებმა (ირმა ინაშვუილმა, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა) შიმშილობა დაიწყეს.
„პატრიოტების“ მოთხოვნა მარტივია და იმავდრიულად ხისტი: არჩევენების სედეგბის გადასინჯვა. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სეტანა და რამდენიმე მინისტრის თანამდებიობიდან გათვისუფკლება, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყეს, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა, რომლის თანამოგვარემ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიადშელმა თავის კონკურენტს – „პატრიოტთა კავშირის“ გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს ორასიოდე ხმით აჯობა. „პატრიოტები“ მიიჩნევენ, რომ მთავარი აფიორა სამხედრო ნაწილში მოხდა, რომელიც ქალაქ საგარეჯოს გარეუბანშია დისლოცირებული.
ნეიტრალური დამკვირვებლები არც არაფერს ამტკიცებენ და არც არაფერს უარყოფენ, თუმცა თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირმა ინაშვილმა ზოგადად თავისი საარჩევნო კამპანია აქტიურად ჩაატარა, მან მაინც ვერ შეძლო თავის მხარდასაჭერად საგარეჯოელების მობილიზება. ერთი-ერთი [ინტერნეტ]-გამოცემა „პოლიტფორუმის“ მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა საგარეჯოს რაიონის ელექტორატის მხოლოდ ნახევარმა მიიღო, ასეთი პასიურობა კი ხელისუფლებას სრულიად აწყობდა და მისმა კანდიდატმაც, შესაბამისად, გაიმარჯვა. „პოლიტფორუმი“ მიუთითებს აგრეთვე ირმა ინაშვილის საარჩევნო კამპანიის სეცდომებზე: იმის ნაცვლად, რომ მკვეთრად გამიჯვნოდა საქართველოს პროდასავლურ კურსს და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ზღაპრებს (რაც კახელებს უკვე ყელში აქვთ ამოსული, მათ უფრო რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება სურთ), ირმა ინაშვილმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ იგი თვითონაც არანაკლებ პროდასავლელია და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერია. გარდა ამისა, „პატრიოტების“ შეცდომა იმაშიცაა, რომ მათი ტელეკომპანია „ობიექტივი“ მწვავედ აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. ყველაზე გავლენიანმა ქართველმა მილიარდერმა „პატრიოტებს“ კრიტიკა არ აპატია: შემთხვევითი არ იყო მისი განცხადება არჩევნების წინ – „ამ პარტიის საარჩევნო პროგრამას არ ვიცნობო“, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში „პატრიოტთა ალიანსის“ გამარჯვება არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, ირმა ინაშვილის წარმატების შანსი ძალიან შემცირდა.
თუმცა იმის მტკიცება, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდაო, ჯერ-ჯერობით ნაადრევია: ირმა ინაშვილი ცნობილი ჟურნალისტია, იგი აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობდა, მის სახელს უკავშირდება საპყრობილეებში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაცმოძრაობის“ დამარცხება და „ქართული ოცნების“ გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა. ირმა ინაშვილი შეუპოვარი ადამიანია და, სავარაუდოდ, დასახული მიზნისაგან არ გადაუხვევს.
„რუსთავი-2“-თან დაკავშირებული დაძაბულობა უფრო რთულია: „ნეზავისიმაია გაზეტა“ ადრეც წერდა, რომ ტელეარხის ძველი მფლობელის ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა ქონების დაბრუნებაზე სენსაცია არ ყოფილა (ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საკუთრებაზე „ნებაყოფლობით უარი“ ხშირად ხდებოდა ხოლმე), მაგრამ ოპოზიციამ ეს ფაქტი ხელისუფლების ჩარევად და დამოუკიდებელ მასმედიაზე შეტევად მონათლა. აშკარაა, რომ ასეთი მოქმედება „ნაციონალთა“ რევანშისტულ გეგმებში შედის. ხელისუფლება ცდილობს, რომ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ სამეურნეო სუბიექტთა იურიდიულ დავად წარმოსახოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ არგუმენტები დასავლეთისათვის ნაკლებად დამარწმუნებელია.
დღეს „რუსთავი-2“-ის ხელმძღვანელობა მოსახლეობას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს, თუმცა ქართველები მაინცდამაინც არ აქტიურობენ (მიზეზები ცნობილია: ქართულ საზოგადოებას არ დავიწყნია „რუსთავი-2“-ის „საქმენი საგმირონი“ „ნაციონალთა“ მმართველობის წლებში, როცა ტელეარხის კოლექტივი ფაქტიურად მხარს უჭერდა ოპოზიციის მასობრივ დარბევებს…), „ნაციონალების“ დასავლელმა მეგობრებმა კი განგაშის ზარი იმავწუთს შემოჰკრეს …
როგორც კავკასიის საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძე აღნიშნავს, ამაში „ქართული ოცნების“ ძველი პრობლემა ჩანს – მმართველმა კოალიციამ ვერა და ვერ მიაღწია დასავლეთის კეთილგანწყობას. დასავლეთი საქართველოში თავის მოკავშირედ კვლავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალები, იმავე „ნაციონალების“ ჩაგონებით, შეიძლება ყველა პრორუსული არაა, მაგრამ ნდობას ნამდვილად არ იმსახურებენ. ამიტომაც ტელეკომპანიის შიდა საკითხი ყოფილმა მმართველმა პარტიამ გლობალურ მასშტაბებამდე გაბერა და იქვე დაივიწყა, თუ როგორ გაანადგურა თავის დროზე ტელეკოპმანია „იმედი“ და მისთვის მიუღებელი მასმედიის სხვა საშუალებები. საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის შესახებ დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ინსტიტუტებმა თავიანთი პოზიცია უკვე გამოხატეს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფედერიკა მოგერინი „რუსთავი-2“-ის მფლობელების შეცვლის საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებს.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/rustavi2-volker-yalowitz/3049056.html
დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ საქართველო არასწორ გზას კიდევ ერთხელ ადგება
ია მეურმიშვილი
ამერიკაში საქართველოს მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვი-რდებიან და დაპირისპირებულ მხარეებს ქვეყნის ზოგადი ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს დროებითი მმართველები საკონსიტუციო სასამართლოს მიერ პირვანდელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად გამოყენებული ერთ-ერთი საკანონმდებლო ნორმის შეჩერების შემდეგ დაუნიშნა. საქალაქო სასამართლოს მეორე განჩინებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანიამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად ობიექტური და სამართლიანი სარედაქციო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. განჩინების ამ ნაწილს განსაკუთრებით კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
საქართველოში ევროკავშირის ელჩებმა, ამერიკის ელჩთან ერთად, შეშფოთება ერთობლივ საჯარო განცხადებაში გამოხატეს, სადაც ნათქვამია, რომ „მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია.“
შეშფოთება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მედიის თავისუფლების წარმომადგენელმაც გამოხატა და თქვა, რომ „სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება რედაქციაში უნდა ხდებოდეს და არა სასამართლოს დარბაზში. სასამართლოს მცდელობა უკანონო გავლენა მოახდინოს მედია-საშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობის და საზოგადოების დემოკრატიული ფუნდამენტების ბოროტად გამოყენება.“
დასავლეთის მხდირან „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ განცხადებებს საზოგადოების ნაწილი საქართველოში შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აფასებს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა საკონსტიტუციო ფარგლებს არ სცება, როგორც ამას მთავრობის მაღალჩინოსნები ამბობენ, მაგრამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის მძიმე პოლიტიკური შედეგის მოტანა შეუძლია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. შიდა იურიდიული პროცესის შედეგად დამდგარი საგარეო პოლიტიკური რისკების შეფასება მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოსთვის პრიორიტეტული თემად იქცა.
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მომავალში ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე დასავლეთში ბევრი ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს. საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც სურთ ახლო მომავალში ქვეყანა ევროატლანტიკური ოჯახის წევრად მიიღონ. მაგრამ ის ამბობს, რომ მოვლენებმა, რომლებიც „რუსთავი 2“-ის ქონებრივ დავასთან დაკავშირებით ვითარდება, შესაძლოა ეს პროცესი შეანელოს. მისი თქმით, სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა ქმინს შთაბეჭდილებას, რომ „საქართველოში სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური მიზნებით ხდება. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულვებელყო. მხოლოდ ეს ფაქტია შემაშფოთებელი იმ მხრივ, რომ გაურკვეველია რომელი ინსტანციის სასამართლოს ენიჭება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა დემოკრატიულ სახელმწიფოში. არავინ ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული პრინციპები არ ირღვეოდა და ყველაფერი გამჭვირვალედ და სუფთად ხდებოდა. რა თქმა უნდა არა! მაგრამ არც დღევანდელი მოვლენებია იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში.“
სასამართლო პროცესის საგარეო იმიჯზე გავლენაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც ისაუბრა და დაპირისპირებულ მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა: „მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად, აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია.“
პრეზიდენტის განცხადებას ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი გამოეხმაურა. მისი თქმით, დასავლეთი პოლიტიკურ კონტექსტს დიდ ყურადღებას აქცევს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ეს სასამართლო დავა პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილოს.
„საქართველოში ელჩობის შემდეგ არავის მხარე არ დამიჭერია. ყოველთვის საღი აზრის და დემოკრატიის მხარეს ვარ. ის რასაც პრეზიდენტი აკეთებს არის ის, რაც პრეზიდენტმა უნდა აკეთოს – დადგეს პარტიულ დაპირისპირებებზე მაღლა და ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ზოგადი ინტერესების დასაცავად. სასამართლო საქმიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროცესი იყო ნაჩქარევი და არ იყო ბოლომდე გამჭვირვალე. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ეჭვს იწვევს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური კონტექსტიც. მომავალ წელს საქართველოში არჩევნებია დანიშნული. დღეს მმართველ ძალას და ნაციონანლურ მოძრაობას საზოგადოებაში თითქმის ერთნაირი მხარდაჭერა აქვს და მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. მე სწორედ ის მაშფოთებს, რომ ამ კონტექსტის გათვალისწინებით სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურს უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივს.“
კურტ ვოლკერის თქმით, როგორც ყოფილი ხელისუფლების, ასევე ახლანდელი მთავრობის დროს დასავლეთი, და მათ შორის ამერიკა, მკაფიოდ გამოხატავდა საკუთარ შეხედულებებს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ სამართლიანობაზე და კანონის უზენაესობაზე. ვოკლერს მიაჩნია, რომ დასავლეთი ამ გზავნილებს „რბილად“ ავრცელებდა, რის გამოც ისინი შესაძლოა ნაკლებად სერიოზულად აღიქმებოდეს.
„არავის უნდა საქართველოს მიმართ ზედმეტად კრიტიკული იყოს. ჩვენ გვსურს საქართველო ჩვენი თანამეგობრობის ნაწილი გახდეს. დასავლეთის რბილი მიდგომის გამო შეიძლება მთავრობის მიერ გზავნილების მიღება ისე ხდება, თითქოს ისინი არასერიოზულია. მეორეს მხრივ, ოპოზიციის ნაწილი შესაძლოა მოელოდა, რომ დასავლეთი უფრო კრიტიკული იქნებოდა და მთავრობას საქართველოს დემოკრატიის დანგრევაში დაადანაშაულებდა. ასეთი მოქმედება ჩვენი მხრიდან ზედმეტი იქნება და ამით მდგომარეობა გაუარესდება, რადგან მთავრობას სურვილი აღარ ექნება იმ გამოწვევებს გაართვას თავი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ, ამავდროულად, არ მგონია დასავლეთის გზავნილებში რაიმე გაურკვეველი იყოს. ჩვენ საქართველოს იმედით ვუყურებთ და გვაწუხებს ის, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა კიდეც ერთხელ არასწორ გზას ადგება.“
თუ საქართველო საჯაროდ განცხადებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პოლიტიკური ორიენტაციის ერთგულია, მთავრობამ მოკავშირეების მიერ გამოხატული შეშფოთება და რჩევები სერიოზულად უნდა აღიქვას. დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება მნიშვნელოვნად გაუჭირდება. ამ მიმართულებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს დიდი მიღწევები აქვს. იალოვიცი ამბობს, რომ ეს პროცესები შეფერხების გარეშე უნდა გაგრძელდეს. ის რასაც საქართველოს დასავლეთში ქვეყნის მეგობრები ურჩევენ, მთავრობამ არა კრიტიკულად, არამედ კონსტრუქციულად უნდა მიიღოს და რჩევები გაითვალისწინოს:
„ამერიკა არ ცდილობს საქართველოს უკარნახოს, ან უბიძგოს გარკვეული მომავლისკენ. ჩვენ უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ საქართველო იმ ღირებულებებს გაიზიარებს, რომლებითაც დასავლური საზოგადოება ცხოვრობს. საქართველომ უნდა იცოდეს საკუთარი მეგობრების წუხილის შესახებ და ეცადოს გაითვალისწინოს მათი რჩევები. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და იმას ვაკეთებთ რასაც კარგი მეგობრები აკეთებენ. როცა ხედავ, რომ შენი მეგობარი შესაძლოა არასწორ გზას ადგება, მას ამის შესახებ უნდა დაელაპარაკო და რჩევა მისცე. ჩვენ არ ვაწარმოებთ თქვენი ქვეყნის სამხედრო ოკუპაციას, არ ვაფინანსებთ ანტი-დასავლურ პროპაგანდას ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების წინააღმდეგ. ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ, რომლებსაც თქვენთან ღირებულებების გაზიარების სურვილი მომავალშიც აქვთ.“
იალოვიცი და ვოლკერი თანხმდებიან, რომ დღემდე მიღწეული პროგრესის საფუძველზე საქართველო ევროპული ოჯახის წევრობას უდავოდ იმსახურებს. დემოკრატიული პრინციპებისადმი თავდადება, კანონის უზენაესობის ყველა დონეზე დაცვა და პოლიტიკური და მედია პლუირალიზმის შენარჩუნება და განმტკიცება ამ მიზნის საბოლოო მიღწევისთვის ერთადერთი გზაა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 ნოემბერი, 2015 წელი
რა პრინციპით აბრუნებს სახელმწიფო უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას?
ზაზა წულაძე
მძაფრი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე, რომელიც სასამართლოს მიერ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას მოჰყვა, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სახელმწიფო აგრძელებს, წინა ხელისუფლების დროს, უკანონოდ ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნების ურთულეს პროცესს.
„ამერიკის ხმას“ მთავარ პროკურატურაში აცნობეს, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაასრულა კიდევ სამი საქმე. 10 „ტოიოტას“ მარკის პიკაპი უბრუნდება კომპანია „მათე მოტორსის“ მეპატრონე გელა ბარკალაიას. მან ეს ავტომობილები, საერთო ღირებულებით, 270 000 დოლარი, 2010 წელს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფოს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს იძულებით „აჩუქა“.
გელა ბარკალია ზეწოლაში შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, გენერალ შალვა ჯანაშვილს ადანაშაულებდა. გამოძიების დროს ასევე გამოიკვეთა, კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსნების დანაშაულის ნიშნები. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ რთულ საქმეებს ეტაპობრივად მოაგვარებენ: „წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს კიდევ 12 ავტომანქანას ვუბრუნებთ სამ კერძო პირს. 2010 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს ავტომანქანები. ასე, რომ ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ, ამ მეტად რთულ საქმეს, ეტაპობრივად, ვაგვარებთ.“
კიდევ ერთ ჩამორთმეულ ავტო-მანქანას – „ნისან მურანო“ დაუბრუნებენ ფოთში რეგისტრირებული კომპანია XG-ის მენეჯერს გივი ღუჭაშვილს, მან ეს ავტომობილი, სამხედრო პოლიციის ზეწოლით, 2010 წელს, თავდაცვის მინისტრის მაშინდელ მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილს გადასცა.
2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, პროკურატურამ დაზარალებულებს სულ რამდენიმე ათეული ავტომობილი და უძრავი ქონება დაუბრუნა. მაშინ როცა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ცნობით, როგორც მათ კომიტეტში, ისე პროკურატურაში, 20 ათასზე მეტი განცხადებაა შესული, რომელიც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ეხება.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ როცა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ბენეფიციარი სახელმწიფოა, აქ შედარებით მარტივად არის საქმე. თუ ქონება პრივატიზებული არ არის, მაშინ დაზარალებულს უბრუნდება ან მომავალში დაუბრუნდება. და,თუ უკვე გაყიდულია, მაშინ ყოფილ მფლობელებს: კონპენსაციის სახით ობლიგაციები შესთავაზებენ.
ბოლო წლებში, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ფაქტებიდან აღსანიშნავია: ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისთვის, თბილისში, ვაკეში, კომპანია „ალბატროსის“ უძრავ-მოძრავი ქონების დაბრუნება. ასევე, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის „სონგო კომპანის“ დაბრუნება, რომელსაც სიღნაღში, 35 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობები ეკუთვნის.
ანა ნაცვლიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რა პრინციპით აბრუნებს სახელმწიფო უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას. მისი აზრით, სახელმწიფო მექანიზმები უკიდურესად არაეფექტურია და მთელი ეს პროცესი უამრავ კითხვას ბადებს: „ის ინსტრუმენტები, ის მექანიზმები და ის დეპარტამენტიც პროკურატურაში, რომელიც სახელმწიფომ შექმნა ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ღიად უნდა ვთქვათ, რომ უკიდურესად არაეფექტურია. უკიდურესად გაუმჭირვალეა, თუ როგორ მუშაობს ეს დეპარტამენტი. და ეს გაუმჭირვალობა ქმნის ძალიან სერიოზულ რისკს, არა მხოლოდ პოტენციური დამნაშავეების მიმართ შერჩევითი სამართლის, არამედ დაზარალებულების მიმართ შერჩევითი სამართლის, იმიტომ, რომ არავინ დღემდე არ იცის, რა კრიტერიუმებით ანიჭებს ესა თუ ის დეპარტამენტი რომელიმე საქმეს უპირატესობას: სიმძიმის მიხედვით, დროის მიხედვით თუ ვინ პირველი მიმართავს?“
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” მონიტორინგის მიხედვით, 2004-2012 წლებში, მოქალაქეებმა სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, 5634 უძრავ-მოძრავი ქონება დათმეს. კერძოდ, სახელმწიფოს ჩუქების ფორმით გადაეცა – 369 ერთეული ქონება, მიტოვების გზით და სხვა სამართლებრივი ფორმით კი – 1941. მათ შორის, სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეებმა წილები და აქციები დათმეს – 150-ჯერ, ავტომობილები კი – 864 ჯერ. არაოფიციალურად, ქონების დათმობის შემთხვევები 9000-ს აღემატება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მონაცემებით კი სახელმწიფოსთვის უკანონოდ დათმობილი უძრავ-მოძრავი ქონებისა და წილების საბაზრო ღირებულება – 100 მილიონ ლარსა და ათეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა, დღეს, ეს თანხა შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს.
«Wirtschafts Blatt» (ავსტრია), 9 ნოემბერი, 2015 წელი
http://wirtschaftsblatt.at/home/meinung/kommentare/4862209/Batumi_Eine-Stadt-sucht-ihre-Identitaet
ბათუმი: ქალაქი იდენტურობის ძიებაში
„საქართველოს შავი ზღვისპირა კურორტი ბათუმი იდენტურობის ძიებაშია. უცხოელი ინვესტორებმა ქალაქი თითქოსდა „აღმოსავლურ ლას-ვეგასად“ უნდა გადააქციონ, მაგრამ სინბამდვილეში ისინი ბათუმს ანგრევენ“, – ასე იწყება ავსტრიულ ეკონომიკურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ბათუმის შესახებ (ავტორი – ტერეზა-ანტონი შპარი).
ჟურნალისტი, რომელიც ბათუმს ტურისტად ეწვია, თავის შთაბეჭდილებებს საკმაოდ ვრცლად გადმოგვცემს: „აეროპორტიდან ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე მანდარინის ხეები ჩამწკრივებულა, მოჩანს სუპერთანამდროვე იმპოზანტური მინის ცათამბჯენები… გზის ნაპირას დადგმული სარეკლმო ბანერები მხოლოდ ერთ თემას ემსახურება: კაზინო, კაზინო, კაზინო… იქ, სადაც ადრე იოსებ სტალინის ძეგლი იდგა, დღეს სასტუმრო „რედისონი“ წამოჭიმულა და სტუმრებს „რულეტკაში“ ბედის ცდისა და სათამაშო ავტომატებისაკენ იწვევს“, – აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია აგრეთვე ავსტრიული კაზინოების როლიც, რომლებიც ბათუმში უკვე რამდენიმე. კაზინოების კლიენტები ძირითადად თურქული და არაბული ქვეყნების პუბლიკაა, სადაც აზარტული თამაშები, ისლამური რელიგიის გამო, აკრძალულია და ამიტომ ისინი ბათუმში ჩამოდიან. „აქ შეხვდებით აგრერთვე პოლონელებს, უკრაინელებს, რუსებს და ისრაელიდან ჩამოსულებს“.
საქართველო კავკასიის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ევროპასთან სხვებზე უფრო მეტადაა დახლოებული: 2014 წელს თბილისმა ევროკავშირთან ხელი სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა (სხვათა შორის, იმავე დოკუმენტმა უკრაინას უბედურება მოუტანა). ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით ვითარდება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა წლის დასაწყისში საქართველოს განვითარება ჯერ 4,2%-ით იწინასწარმეტყველეს, მოგვიანებით კი მათი პროგნოზები 2,3%-მდე შემცირდა. ქვეყანაში უმუშევრობის კოეფიციენტი 15%-ს აღწევს. საქართველოში გარკვეული რეფორმები იქნა განხორციელებული მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ბიროკრატიის დემონტაჟში და კორუფციასტან დადებით ბრძოლაში გამოიხატა. ეკონომიკური განვითარების ტემპები მატულობდა, იზრდებოდა მთლიანი შიდა პროდუქტიც (2000 წელს ერთ სულზე 700 დოლარიდან 3700 დოლარამდე გასულ წელს). სამწუხაროდ, ქართული ეკონომიკა გარეშე ფაქტორებზე ძალიან არის დამოკიდებული: რუსული რუბლის ინფლაციამ ქართული ლარიც თან გაიყოლა.
ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ნავსადგურია, აქედან აზერბაიჯანული ნავთობის გადატანა უცხოეთში ტანკერების მეშვეობით ხდება. ენერგონედლეულთან ერთად, ქალაქიდან საზღვარგარეთ გადის სოფლის მეურნეობის პროდუქცია – ჩაი, ციტრუსები, ხილი…
ბათუმისათვის, აჭარის ავტონომიის დედაქალაქისათვის, დღეს მთავარი მიზანი უცხოური ინვესტიციების მიზიდვაა, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის კეთილდღეობისა და ეკონომიკის ზრდისათვის. მათთვის, ვისაც ფული აქვს, მისი დაბანდებისთვის პირობები არსებობს: აქ უამრავი რესტორანი, კაზინო და სასტუმრო მუშაობს. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ყაზახური, თურქული და აზერბაიჯანული ფირმები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაღალ და ლამაზ ცათამბჯენს ააშენებს (სტატიაში მოხსენიებულია აგრეთვე ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის მაღლივი შენობა, რომელიც ამჟამად ჯერ-ჯერობით გამოუყენებელია).
პუბლიკაციაში, დადებით მომენტებთან ერთად, ნეგატიურიცაა ასახული: ბევრია მიტოვებული მშენებლობები, ქალაქის ლამაზი ფასადის მიღმა მოჩანს ძველი, გაურემონტებელი შენობაა, მინგრეულ-მონგრეული ქუჩები, რომლებსაც დასავლეთევროპელი ტურისტის თვალი ვერ ხედავს. „ბათუმი თავისი ისტორიით და წარსულით, თავისი კულტურით ამაყობს: ის ჯერ ბერძნული, შემდეგ კი რომაული კოლონია იყო, მოგვიანებით ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდა, მას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიც ვხედავთ… 1918-20 წლებში ბათუმი და აჭარა ინგლისური ანკლავის სახით არსებობდა და საქართველოს გასაბჭოების დროს, 1921 წლისათვის შეუერთდა და საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა. ამჟამად ბათუმში რუსული ენა და დამწერლობა ნელ-ნელა ქრება – აბრები ძირითადად მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენაზეა, ახალგაზრდობაც, რუსულის ნაცვლად, ინგლისურს სწავლობს. ძველი თაობის ბათუმელები გერმანულადაც ლაპარაკობენ – საბჭოურ ეპოქაში ადგილობრივები გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და მუშაობდნენ.
ბათუმი 1920-იან წლებში რევოლუციონერებისა და ათასი ჯურის ავანტიურისტთა თავშესაფარს წარმოადგენდა, იმ დროს მას „აღმოსავლურ კასაბლანკას“ უწოდებდნენ. ახალი ათასწლეულის დადგომის შემდეგ კი ბათუმი თავისი იმპოზანტური შენობებით, კაზინოებით და პალმებიანი ბულვარით „შავი ზღვის ბარსელონაც“ არის, „აღმოსავლური დუბაიც“ და „ამერიკული ლას-ვეგასიც“.