«RFE/RL – რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა» (აშშ): რას მიიღებს ან დაკარგავს საქართველო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას
«RFE/RL – რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა» (აშშ): დონალდ ტრამპი და საქართველო // მხოლოდ ბიზნესიდეები და არავითარი პოლიტიკა
«Bloomberg View» (აშშ): დონალდ ტრამპის გამარჯვება ადასტურებს, რომ ამერიკა გამონაკლისი არ არის // ნაციონალისტურ-პოპულისტური იდეების შეხამება ანტიკორუფციულ ბრძოლასთან: მიხეილ სააკაშვილის მაგალითი
«The Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო – მშვენიერი ადგილი დონალდ ტრამპის არჩევით უკმაყოფილო ამერიკელთა ემიგრაციისათვის
«Владивосток» (რუსეთი): თბილისი – ცნობილი და უცხო // რით აწყენინა მიხეილ ლერმონტოვმა ქართველებს და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ რუსებთან
———————-
«RFE/RL – რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა» (აშშ), 09 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/sakartvelo-da-archevnebis-shedegebi/28105947.html
რას მიიღებს ან დაკარგავს საქართველო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას
ლელა კუნჭულია
აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ საქართველოში კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა – ხომ არ შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მისი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. მართალია, დონალდ ტრამპი, მაგალითად, რუსეთსა და მის პრეზიდენტთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ხოლო ნატოს როლის მიმართ სკეპტიკურ განწყობებს ამჟღავნებს, მაგრამ საქართველოში მაინც იმედოვნებენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი რადიკალურად არ შეცვლის ვაშინგტონის ამჟამინდელ მიდგომებს საგარეო პოლიტიკურ სარბიელზე და ამ პროცესში არ დაზარალდება საქართველოს ინტერესები.
პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს. ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და არჩევნების შედეგები ვერანაირად ვერ იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე – ძირითადად სწორედ ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდა თბილისში 9 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მარათონში გამარჯვებულად რესპუბლიკელთა კანდიდატი დონალდ ტრამპი დასახელდა. თბილისი დარწმუნებულია, რომ ამერიკისა და საქართველოს 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის და პრეზიდენტის შეცვლას არ შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი ცვლილებები. საქართველოს მხარდამჭერებს შორის არიან როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები, – განაცხადა 9 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ახლო წარსულის მაგალითი მოიშველია:
„ჩვენ გვაქვს აშშ-ის ორივე პარტიის – ორპარტიული – მხარდაჭერა, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახან, სექტემბერში, როდესაც ამერიკის კონგრესმა ერთსულოვნად მიიღო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და, შესაბამისად, ამერიკის ხალხის ნებისმიერი არჩევანი, რა თქმა უნდა, იქნება ამ ურთიერთობების გაგრძელების მხარდამჭერი“.
მომავლის პერსპექტივებთან მიმართებით ოპტიმისტური ხედვაა გამოკვეთილი მისალოც წერილებში, რომლებიც შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილ ტექსტში ვკითხულობთ, რომ „ურთიერთნდობის წლებმა საფუძველი ჩაუყარა ძლიერ, ყოვლისმომცველ და ღრმა სტრატეგიულ პარტნიორობას სახელმწიფოთა შორის“ და საქართველო კვლავაც მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან „მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად ჩვენს ქვეყნებში, რეგიონში და მის მიღმა”.
გიორგი მარგველაშვილი კი თავის მისალოც წერილში დონალდ ტრამპს სწერს, რომ ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს აშშ-ის განსაკუთრებულ როლს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში“. საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს რწმენას, რომ „ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“.
ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა ანალიტიკოსთა იმ მცირე ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც დონალდ ტრამპს მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გულშემატკივრობდა. 9 ნოემბერს, არჩევნების შედეგებით კმაყოფილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კვლავ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა:
„დონალდ ტრამპის რიტორიკა ზოგჯერ ცოტა იზოლაციონისტურად ჟღერდა ბევრისთვის, მაგრამ, მე მგონია, ეს არის მხოლოდ რიტორიკა… მას ერთი აზრი ჰქონდა, რომ ამერიკა უნდა დადგეს ფეხზე, – ისედაც ფეხზე იდგა, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა რონალდ რეიგანმა, – რომ შემდეგ უკვე ძლიერის პოზიციიდან დაიცვას თავისი ქვეყნისა და თავისი მოკავშირეების ინტერესები… ასე რომ, მე მგონია, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში თუ შეიცვლება რაიმე, ყველაფერი ისევ უკეთესობისკენ და გაღრმავებისკენ შეიცვლება… ასე რომ, მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ“.
თუმცა ანალიტიკოსებში განსხვავებული აზრებიც არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში არ ერიდებოდა სიმპათიების გამოხატვას ვლადიმირ პუტინისა და მისი პოლიტიკის მისამართით. ანალიტიკოსების შეშფოთებას იწვევს, ასევე, დონალდ ტრამპის სკეპტიკური მიდგომები ნატოს როლისა თუ ალიანსში ამერიკის როლის განსაზღვრასთან მიმართებით. „თქვენ გსურთ გააჟღეროთ პუტინის ხაზი, სურვილები შეუსრულოთ მას, დაშალოთ ნატო, გააკეთოთ ყველაფერი, რაც მას სურს“ – გავიხსენოთ, რომ ამ შინაარსის სიტყვებით ადანაშაულებდა კონკურენტს ჰილარი კლინტონი წინასაარჩევნო დებატების ფარგლებში.
იმაში, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთს ძალიან გაახარებდა, ეჭვი არ ეპარება პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს და, როგორც იგი ეუბნება „რადიო თავისუფლებას“, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის ახლებური ურთიერთობების ფონზე საქართველოს ინტერესებიც დაზარალდეს: „მე მგონია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იქნება რუსეთთან უფრო მეტად დაახლოება. კი ბატონო, საქართველოსთან შენარჩუნდება ურთიერთობები, მაგრამ შესაძლებელია, რომ რუსეთის გარკვეულ ქმედებებზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ თვალი დახუჭოს, მათ შორის, იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს პოსტსაბჭოთა სივრცეში – მათ შორის, საქართველოს მიმართ… და ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ნაკლებად აქტიური იყოს საქართველოსთან მიმართებაში“.
ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობების დათბობისა და ორი ქვეყნის დამეგობრების პერსპექტივები არცთუ ხანგრძლივ პერსპექტივად მიაჩნია ანალიტიკოს გიორგი რუხაძეს. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, წარსულის გამოცდილების მიხედვით, საკმაოდ მაღალია შეუთანხმებლობის ალბათობა ამერიკასა და რუსეთს შორის:
„ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი და მცდელობაც არაერთხელ ჰქონია, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაერეგულირებინა და მეგობრული მიმართულებით წაეყვანა… მაგრამ, რეალობას თუ გადავხედავთ, რაღაც მომენტში რუსეთი არ აძლევს საშუალებას, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს. ყოველთვის არსებობს მერე განხეთქილება ან აზრთა სხვადასხვაობა, ან შეუთანხმებლობა მსოფლიოს რომელიმე წერტილში მიმდინარე ოპერაციაზე თუ სხვა სადავო საკითხზე… რაღაცა ხნის განმავლობაში ურთიერთობები მიდის ხოლმე დათბობისკენ და შემდეგ უკვე, იგივე პროპორციით, – გაცივებისკენ… ამის მაგალითია „გადატვირთვის პოლიტიკაც“.
გიორგი რუხაძეს სჯერა, რომ, ისევე როგორც რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში, ნატოს როლთან მიმართებით თუ შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული გეგმების ხორცშესხმის საქმეში, შეერთებული შტატები, ცხადია, მხოლოდ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების მიხედვით არ იმოქმედებს და, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პროცესში დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის ძლიერი პოლიტიკური სისტემა და დამაბალანსებელი ფაქტორები და, შესაბამისად, პრეზიდენტს არ მიეცემა „რადიკალური ცვლილების საშუალება“.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ინტერესებს, იმის გამო, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ზოგადად, უფრო პასიურ საგარეო პოლიტიკას მოელის, გიორგი რუხაძე, სხვა ბევრი ანალიტიკოსის მსგავსად, ფიქრობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობათა შედეგიანად რეალიზების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატურ აქტიურობას. ამ ჭრილში სახელდება სამი აუცილებელი მიმართულება: 1. თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და სამხედრო თანამშრომლობა 2. მოლაპარაკებების დაწყება და დღის წესრიგის გაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და 3. აშშ-ის მხარდაჭერის გააქტიურება ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
«RFE/RL – რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა» (აშშ), 09 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/trampi-da-sakartvelo/28105958.html
დონალდ ტრამპი და საქართველო
მხოლოდ ბიზნესიდეები და არავითარი პოლიტიკა
ეკა ქევანიშვილი
რა უთქვამს საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად არჩეულ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა? არქივში მოძიებული მასალა საქართველოსთან დაკავშირებული ერთი ამბის შესახებ მოგვითხრობს – 2010 წელს ჯერ როგორ დაიგეგმა ბათუმში 47- სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობა, 2011-ში როგორ მოეწერა ხელი შეთანხმებას Silk Road Group-სა და Trump Organization-ს შორის და, ბოლოს, 2012 წელს როგორ ჩამოვიდა თავად დონალდ ტრამპი ამავე პროექტის პრეზენტაციაზე, მაშინ – უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატის რანგში.
საქართველოში ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის შესაძლო ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მედიით სულ პირველად 2010 წელს გავრცელდა – მაშინ ითქვა, რომ თბილისსა და ბათუმში „ტრამპ ტაუერი“ აშენდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ უძრავი ქონების ცნობილი ამერიკელი მაგნატის სახელობის 47-სართულიანი შენობის აგება მხოლოდ ბათუმში იგეგმებოდა. პროექტის ავტორად და მფლობელად Silk Road Group-ი (SRG) დასახელდა – ქართული კონგლომერატი ბიზნესინტერესებით ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში, რომელიც „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს იყენებდა 2011 წლის მარტში, ნიუ-იორკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანია Trump Organization-თან მიღწეული სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. ამ შეთანხმების თანახმად, „ტრამპ თაუერის“ და, ასევე, ნავსადგომის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო.
შეთანხმებას ხელი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, დონალდ ტრამპის ოფისში მოეწერა, იქაურ „ტრამპ ტაუერში“. ამ შეხვედრას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ წელიწადში, 2012 წლის აპრილში, დონალდ ტრამპი საქართველოში უკვე პროექტის პრეზენტაციაზე ჩამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა ტრამპი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენითაც დააჯილდოვა. სწორედ ამ დღეს შეაქო დონალდ ტრამპმა მიხეილ სააკაშვილი და გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა: „სწორედ მაშინ დავიწყე საქართველოს შესახებ კითხვა, თუ რა ხდებოდა აქ და ვნახე, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა იყო, სწრაფად ვითარდებოდა, თქვენ ძალიან კარგად ართმევდით თავს საქმეებს, ჩამოფრენის დროს ვნახეთ არაერთი დიდი მშენებლობა, რომელიც ახლაც გრძელდება და რაც უკვე დასრულებულია, ეს ძალიან ამაღელვებელია“, – თქვა მაშინ დონალდ ტრამპმა.
22 აპრილს კი, უკვე ბათუმში გამართულ „ტრამპ ტაუერის“ პრეზენტაციაზე, დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ კიდევ ბევრჯერ ჩამოვიდოდა ამ ქვეყანაში: „საქართველოში მცხოვრები ხალხი, თქვენ, შესაძლოა, ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მთელ მსოფლიოში, ყველა საქართველოზე და საქართველოში მომხდარ სასწაულებზე ლაპარაკობს… და ეს გაკეთებულია პრეზიდენტის მიერ… მინდა მოგილოცოთ – თქვენ გასაოცარ საქმეს აკეთებთ… “
დონალდ ტრამპმა მაშინ ისიც თქვა, რომ ეს პროექტი განსაკუთრებული იქნებოდა არქიტექტურული თვალსაზრისითაც. მედიასთან საუბარში კი ამერიკელი მილიარდერი ამბობდა, რომ „ტრამპ ტაუერი“ შესანიშნავი შენობა იქნებოდა და ტოლს არ დაუდებდა მსოფლიოს სხვა ასეთივე შენობებს. ამ შეთანხმებითა და სამომავლო გეგმებით კმაყოფილი ჩანდა „სილქ როუდ ჯგუფიც“, რომლის ხელმძღვანელობა – კერძოდ, გიორგი რამიშვილი – აცხადებდა, რომ მათთვის ამ ინვესტიციაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დონალდ ტრამპის სახელის გამოყენებას.
საქართველოში ვიზიტის დასრულებიდან მალევე, 2012 წლის მაისში, Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა საქართველოზე, ბათუმზე და იქ განსახორციელებელ ბიზნესგეგმებზე. მან თქვა: „მე ვსტუმრობდი საქართველოს გასულ შაბათ-კვირას. უნდა ნახოთ, როგორ დაუჯერებლად ვითარდება ეს ადგილი. ეს ქვეყანა ადრე რუსეთის სატელიტი იყო, საბჭოთა კავშირის ნაწილი, შემდეგ გამოეყო და უნდა ნახოთ, ახლა რა ხდება. ყველაფერი ვითარდება, მაგრამ განსაკუთრებით ტურიზმი ყვავის. ისინი აშენებენ ქალაქ ბათუმს, რომელიც 4-5 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ადგილად იქცევა. მეც დიდი გეგმები მაქვს ამ ადგილას, იქაურობის განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს საოცარია“.
„ტრამპ ტაუერთან“ და ზოგადად, ბათუმთან დაკავშირებული ბიზნესიდეების გარდა, „რადიო თავისუფლებამ“ ვერ მოიძია ტრამპის პოლიტიკური შინაარსის განცხადებები საქართველოს შესახებ. ასეთ განცხადებებს ვერც ქართველი პოლიტოლოგები იხსენებენ. რაც შეეხება „ტრამპ ტაუერს“, მისი მშენებლობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა.
«Bloomberg View» (აშშ), 10 ნოემბერი, 2016 წელი
https://www.bloomberg.com/view/articles/2016-11-09/trump-s-victory-proves-the-u-s-is-unexceptional
დონალდ ტრამპის გამარჯვება ადასტურებს, რომ ამერიკა გამონაკლისი არ არის
ნაციონალისტურ-პოპულისტური იდეების შეხამება ანტიკორუფციულ ბრძოლასთან: მიხეილ სააკაშვილის მაგალითი
სტატიაში გაანალიზებულია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების მიზეზები, მისი წინასაარჩევნო კამპანიის ფორმები და მეთოდები, სტილი და აღნიშნულია, რომ იგივე მეთოდები საკმაოდ კარგად იყო აპრობირებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში (ავტორი – ლეონიდ ბერშიდსკი).
გთავაზობთ ფრაგმენტს პუბლიკაციიდან:
„დონალდ ტრამპმა იმიტომ მოიგო, რომ მან ჩვენი საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპაში აპრობირებული კომბინაციით ისარგებლა: ნაციონალიზმის შეხამებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან. იგი თავისი საარჩევნო კამპანიის დასასრულს არამხოლოდ პოპულისტ-ნაციონალისტის როლში მოევლინა ამერიკელებს (საერთოდ, ნაციონალისტური იდეები ბოლო დროს ევროპაშიც სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს), არამედ იგი კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ერთგვარი რაინდის როლშიც გამოვიდა.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ანტიკორუფციული პარტიების ყველაზე მეტი წარმატება 2000-იანი წლების დასაწყისში შეინიშნებოდა (პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიაში, სლოვაკეთში, ბულგარეთში). მართალია, ყველამ ვეღარ გაიმარჯვა მეორე და მესამე არჩევნებში, მაგრამ პოლონურმა პარტიამ „სამართალი და სამართლიანობა“ (ლიდერები – ლეხ და იაროსლავ კაჩინსკები) თავის პროგრამაში ოსტატურად შეუთავსა ერთმანეთს კორუფციასთან ბრძოლა და ნაციონალისტური პოპულიზმი.
სხვათა შორის, ასეთი შეხამება-შეთავსება ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერისათვის აღმოჩნდა მიმზიდველი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეს მეთოდი საკუთარ სამშობლოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კარგად დახვეწა, მოგვიანებით კი, როცა თავის ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ მისი ხელისუფლება დაემხო, იგივე მეთოდით უკრაინაშიც ისარგებლა. ამ კვირაში მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა, ბრიფინგი გამართა და სიტყვით დონალდ ტრამპის სტილში გამოვიდა – სხვისადმი გულღვარძლიანად და საკუთარი თავისადმი სიბრალულით: მან გაამართლა თავისი უუნარობა დაპირებების შეუსრულებლობაში, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი ადმინისტრაცია კორუფციისადმი მფარველობაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი „ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს“ თავისი ახალი პოლიტიკური პარტიის მეშვეობით. „მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც წინ ისე მიდის, როგორც შეუძლია და რამდენადაც ეს შესაძლებელია სრული გამარჯვებისათვის, რომ უკრაინა ამ ბილწი და მურტალი ადამიანებისაგან, ამ ჭუჭყიანი კორუფციონერებისაგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
როცა მის გამოსვლას ვუსმენდი, ველოდებოდი, რომ აუდიტორია დაიწყებდა ლოზუნგის სკანდირებას – „დავაშროთ ეს საზიზღარი ჭაობი“, როგორც ამას დონალდ ტრამპის გამოსვლისას იძახდნენ ხოლმე. ალბათ, უკრაინელებს ჯერ კიდევ ბევრი ლოზუნგის სწავლა და სკანდირება მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის კამპანიის დროს.
დონალდ ტრამპმა არჩევნები აღმოსავლეთევროპული რეცეპტით მოიგო. მან აჩვენა, რომ მაინცდამაინც დიდი განსხვავება არაა ამერიკელებსა და პოლონელებს შორის, ან ამერიკელებსა და ქართველებს შორის. ამერიკაშიც იოლია ამომრჩევლებზე ეროვნული სიამაყის გრძნობებით თამაში, მით უმეტეს თუ ეს ამომრჩეველი ეკონომიკურ დისკომფორტს განიცდის. კორუფციის ევროპული და ამერიკული გაგებაც ერთმანეთის მსგავსია“.
«The Telegraph» (დიდი ბრიტანეთი), 09 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველო – მშვენიერი ადგილი დონალდ ტრამპის არჩევით უკმაყოფილო ამერიკელების ემიგრაციისათვის
სალი პეკი
ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ გადაწყვიტა რჩევა მიეცა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც უკმაყოფილოა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპით და მათ ემიგრაციისათვის 15 სხვადასხვა ადგილი შესთავაზა. „გნებავთ, რომ თქვენსა და დონალდ ტრამპს შორის ოკენე იყოს? მაშინ ეს მიმზიდველი ადგილები მოსინჯეთ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – სალი პეკი).
„ტელეგრაფი“ ამერიკელებს და განსაკუთრებით კალიფორნიის შტატის ერთ-ერთი ოკრუგის – სონომას მცხოვრებლებს (სონომა განთქმულია მევენახეობა მეღვინეობის დარგით და აქედან გამომდინარე, ღვინის ტურიზმით) ახალ საცხოვრებელ ადგილად საქართველოს რეგიონს, კერძოდ კი კახეთს ურჩევს:
„კალიფორნიელებს ჩევევად აქვთ საკუთარი პროდუქციით იამაყონ, თუმცა მათი დიდება სავაჭრო ცენტრების დახლებზე მაინცდამაინც არ ჩანს. ჰოდა, მიწის ბეჯითად დამუშავების თქვენი ტრადიციებით ადექით და აღმოსავლეთით გაემგზავრეთ, „ჯორჯიაში“, მაგრამ არა თქვენივე შტატში (იქ დაგტრამპავენ – [ჯორჯიელებმა ხმა უმეტესად დონალდ ტრამპს მისცეს]), არამედ საქართველოში, ქვეყანაში. კონკრეტულად კი, კახეთში – გემრიელი აღმოსავლური კერძებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მხარეში. განა თქვენ იცოდით, რომ საქართველოში უკვე ღვინოს 8 000 წელია, რაც ამზადებენ? კახეთი თქვენთვის ახალი კალიფორნია იქნება, სადაც ცხოვრება შეგიძლიათ“.
«Владивосток» (რუსეთი), 09 ნოემბერი, 2016 წელი
http://vladnews.ru/4033/glavnoe/tbilisi-znakomyj-i-chuzhoj.html
თბილისი – ცნობილი და უცხო
რით აწყენინა მიხეილ ლერმონტოვმა ქართველებს და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ რუსებთან
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვლადივოსტოკისას ჰგავს: შედარებით პატარა, წყნარი, თითქმის შინაურული. საქართველო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შემოდგომის გრილი დღით შეგვხვდა, ნაცრისფერი ცით და წვიმის დაწყების შეგრძნებით, თუმცა შემდგომმა მზიანმა დღეებმა თბილისი მთელი სილამაზით გვაჩვენა. აეროპორტთან ახლოს საინტერესო სკულპტურაა – ადამიანს ხელში მზე უჭირავს და მაღლა სწევს. ოცმეტრიანი ქანდაკება თბილიის ზურაბ წერეთელმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აჩუქა. ჟურნალისტებმა სკულპტურაში თავიდანვე შენიშნეს რაღაც უცნაურობა. მასში გამოსახული ადამიანი პირით ჩრდილოეთისაკენ დგას, სინამდვილეში კი აღმოსავლეთით უნდა იდგეს, რადგან მზე აღმოსავლეთიდან ამოდის. მაგრამ საქართველოს კომპარტიის ცეკას მაშინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს გონებამახვილურად და პოლიტიკურად სწორად უპასუხა: „ჩვენთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო“, ანუ იმ მხრიდან, სადაც მოსკოვი და „ცკ კპსს“-ია.
პირველი რაც თვალშისაცემია თბილისში, ესაა პოსტაბჭოთა პროამერიკული კოლორიტი. მძღოლმა აეროპორტიდან ქალაქში ჯორჯ ბუშის გამზირით წამოგვიყვანა. საგზაო მაჩვენებელი მიგვანიშნებდა, რომ წინ გველოდებოდა ევროპის მოედანი, თავისუფლების მოედანი, დამოუკიდებლობის მოედანი, გმირთა მოედანი და ვარდების რევოლუციის მოედანი. ამასთან, თვითონ ტაქსისტი საუბარში ხშირად აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს ექს-პრეზიდენტს, რომელიც შემდეგ უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო და ორი დღის წინ გადადგა“ – ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელიც რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში მცხოვრების, ვლადივოსტოკელი ტურისტის შთაბეჭდილებებია გადმოცემული (ავტორი – სერგეი პეტრაჩკოვი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა საუბარი თბილისის ღირსშესანიშნაობებზე, ძველ უბნებზე, არქიტექტურაზე: „თბილისის ცენტრი სასიამოვნო ევროპულ ქალაქს გვაგონებს – ვიწრო მოკირწყლული ქუჩებით, წითელსახურავიანი და ლამაზაივნიანი სახლებით, ბევრი პატარა კაფე-რესტორნით… ქალაქის მცირესართულიანი პასტორალის ფონზე მხოლოდ ერთი ცათამბჯენი – საჩვენებლი თითის მსგავსი მაღალი შენობა მოჩანს. საქართველოს დედაქალაქი ძირითადად მთებზეა გაშენებული, რომელთა ფერდობები უკვე დიდი ხანია სახლებითაა დაფარული. ამაშიც არის რაღაც მსგავსება ვლადივოსტოკთან. რიყის პარკიდან საბაგირო გზას ძველ ციხე-სიმაგრესტან და იქვე აღმართულ ქართლის დედის ძეგლთან მივყავართ, რომელსაც ერთ ხელში ღვინის ფიალა უჭირავს (სტუმრისათვის), მეორეში კი მახვილი (მტრისათვის). აქედან თბილისის ლამაზი პანორამა იშლება, თუმცა დედაქალაქის პანორამა მთაწმინდიდანაც კარგად მოჩანს. რიყის პარკი მდინარე მტკვრის ნაპირზეა გაშენებული. აქვეა ფრანგი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული „მშვიდობის ხიდი“, რომელიც მინის კონსტრუქციითაა გადახურული. ღამით ხიდი საქართველოს დროშის ფერებით ნათდება. სხვათა შორის, ფრანგმა არქიტექტორმა თბილისში დააპროექტა აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისავე შენობა და ასეთივე გამჭვირვალე იუსტიციის სახლი. ავტორის ჩანაფიქრით, მინის შენობები პოლიციისა და საერთოდ, ადმინისტრაციული ორგანოების გამჭვირვალე საქმიანობის სიმბოლოა“.
სტატიაში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი საქართველოს საპატრულო პოლიციის მუშაობას („თბილისში ავტომობილი უკანასკნელად 2006 წელს გაიტაცეს!“), პოლიციელთა ფორმას, შრომის ანაზღაურებას, საპატრულო ავტომობილებს, ქუჩაში მოძრაობას („აქ თქვენ თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ“), თბილისის ტრანსპორტს (პოზიტიურადაა აღწერილი მეტროპოლიტენი, თუმცა შენიშვნებიც არის გამოთქმული).
საქართველოში რუსეთის გავლენა ძლიერ იგრძნობა და ეს არამარტო საბჭოთა პერიოდის სტანდარტულ საცხოვრებელ რაიონში, რომლებიც ძალიან ჰგავს სხვა დიდ საბჭოთა ქალაქებს (ფილმ „ბედის იორინიის“ მსგავსად), არამედ სხვა ადგილებშიც, რომლებიც კულტურის თვალსაზრისით, ქართველებსა და რუსებს ერთმანეთთან აახლოებენ. მაგალითად, გოგირდის აბანოები, რომელთა შესახებაც ალექსანდრე პუშკინი აღტაცებით წერდა. სხვათა შორის, თბილისის ცენტრში პუშკინის სახელობის სკვერი დღესაც არსებობს პოეტის ბიუსტით.
თბილისში დიდად აფასებენ ალექსანდრე გრიბოედოვსაც, რომელიც აქაა დაკრძალული. სწორედ თბილისში დაიწერა მან ჯვარი ქართველი თავადის ასულ ნინო ჭავჭავაძესთან (…). თბილისი ახლოს ისტორიული ქალაქი მცხეთა მდებარეობს. აქ, ჯვრის მონასტერთან დაიბადა მიხეილ ლერმონტოვის პოემა „მწირი“: „იქ, სადაც ერთვიან და ხმაურია, ჩაჰკვრიან ერთურთს ისე, ვით დები, მტკვრის წყალს და ტალღებს არაგვის წყლები, ნახავთ მონასტერს…“.
ჩვენ გვიყვარს ლერმონტოვი, მაგრამ მან ქართველებს ზალიან გვაწყენინა“, – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები. საქმე ეხება ლერმონტოვის პოემას „დემონი“, რომელშიც დედოფალი თამარი „დემონად, ბოროტ არსებად“ არის გამოყვანილი. ქართველებისთვის თამარ მეფე, ვახტანგ გორგასალთან და დავით აღმაშენებელთან ერთად, ყველაზე პატივსაცემი მმართველია, იგი ზნეობრიობის, სიკეთისა და სიბრძნის განსახსიერებაა (ჩვენი ეკატერინე მეორის მსგავსად). მართალია, მიხეილ ლერმონტოვმა „დემონში“ სულ სხვა თამარ დედოფალი იგულისხმა, მაგრამ ქართველებს ეს ნაწარმოები მაინც არ მოსწონთ („ვა, ხომ შეიძლებოდა სხვა სახელი ეწოდებინა დედოფლისათვის?“).
საქართველოში რუსებს კეთილად ეპყრობიან, სტუმართმოყვარეობას ამჟღავნებენ. ქართველებს, ალბათ, მხოლოდ თურქები არ უყვართ – ამბობენ, რომ ისინი აქ ქედმაღლურად იქცევიან და ზემოდან გვიყურებენო. რაც შეეხება რუსულ ენას, მას მოსახლეობა თანდათანობით ივიწყებს. უფროსმა თაობამ კიდევ იცის, მაგრამ ახალგაზრდები გაგებაში არ არიან, მათთვის უფრო მოსახერხებელი ინგლისურად საუბარია’.
პუბლიკაციაში ავტორი აღწერს აგრეთვე თავის მოგზაურობას ხევში (სტეფანწმიდაში), გერგეტის მონასტერში, იგი მოხიბლულია ამ მთიანი მხარის საოცარი სილამაზით: „თოვლიანი მწვერვალები, ცაში არწივი, გულის სწრაფი ძგერა, ფრენა გინდა… თავს სასწაულებრივად გრძნობ… პოეტიც რომ ვიყო, ამ გრძნობას ვერ გადმოვცემ“), კახეთში… აღწერილია ქართული სუფრა და სადღეგრძელოები.